მურმან დუმბაძე: „არ გამოვრიცხავ, ივანიშვილმა შეხვედრა დათქვას გრიგოლ ვაშაძესთან“

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მურმან დუმბაძე, საკუთარ პოლიტიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილი გრიგოლ ვაშაძეს შეხვდეს. ამასთან, პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილი კუთხეშია მიყენებული და, შესაბამისად, პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მან ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ამას გარდა, მურმან დუმბაძე „ქრონიკა+“-თან საუბრის დროს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდსაც იხსენებს და ირიბად მიანიშნებს, რომ მურუსიძეების გაფეტიშებაში ბესელია-ფოფხაძესაც მიუძღვის წვლილი, რადგან მათ, თავის დროზე, მურუსიძეების გვერდით ყოფნა არ გაუპროტესტებიათ.
ჩვენმა გამოცემამ მურმან დუმბაძესთან საუბარი „ხელების გახმობის“ თემით დაიწყო:

_ ბატონო მურმან, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ თუ ხმას „ქართულ ოცნებას“ არ მივცემდით, ხელების გახმობით დაგვემუქრეთ. მაშინ ხალხს ამ პოლიტიკური წყევლის შეეშინდა და „ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა, თუმცა დღეს ხმობა „ოცნებამ“ დაიწყო, ანუ ფარულად მმართველი გუნდიც ხომ არ დაწყევლეთ?
_ საერთოდ, მაშინ ხელისუფლების გახმობაზე ვსაუბრობდი და დადასტურდა, რომ ხელისუფლება ცვლადია.
_ ამით რისი თქმა გინდათ?
_ იმის თქმა მინდა, რომ არსებული ხელისუფლებაც ცვლადია და ეს სიმპტომები საკმაოდ დიდი ხნის წინ, კერძოდ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოჩნდა, როცა საქართველოს პარლამენტი მურუსიძეებით გამოტენეს. სხვათა შორის, ქალბატონი ეკა ბესელიაც მურუსიძეების სიაში იყო ჩაწერილი.
_ უკაცრავად, ეგებ, განგვიმარტოთ, რას გულისხმობთ ფრაზაში: „ბესელია მურუსიძეების სიაში იყო ჩაწერილი“? ამით იმაზე ხომ არ მიანიშნებთ, რომ მურუსიძე ბესელიას სინონიმიცაა?
_ არა, ბესელია მურუსიძე არ იყო, მაგრამ მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ სახელით მეორედ მოხვედრას აპირებდა, ეს საარჩევნო სია მურუსიძეებით იყო გამოტენილი. ეს ხომ მართალია? ეს მურუსიძეები „დაბრაკული“ „ნაციონალები“ არიან, რომლებმაც, თავის დროზე, სააკაშვილთან კარგად იხეირეს, მერე კი ივანიშვილის ნავში აღმოჩნდნენ.
სწორედ ამის გამო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქეებისგან 50%-ზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღო. სიმართლე გითხრათ, ამ შემთხვევაში გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი, ხალხის მობილიზება და სხვა რაღაცები, ნაკლებად მაინტერესებს. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ 2016 წელს, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% აიღო, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ, ჯერ კიდევ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნებას“ ხალხის ნდობა არ ჰქონდა.
ერთი სიტყვით, „ქართული ოცნების“ გახმობის პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია!
_ ძნელია, არ დაგეთანხმოთ, მაგრამ ის თემა გავშალოთ, თუ როგორ მოხვდნენ მურუსიძე-ჩინჩალაძე-ზარდიაშვილები „ოცნებაში“. ეს ადამიანები ივანიშვილთან საკუთარი ინიციატივით მივიდნენ თუ შუამავლის დახმარებით?
_ ამ მურუსიძეების შუამავლები ქალბატონი ეკატერინე ბესელია და ასევე ბორჯომის მაჟორიტარი გედი ფოფხაძე იყვნენ!
_ ბატონო მურმან, ალბათ, ხვდებით, რომ ახლა სკანდალური განცხადება გააკეთეთ და ბესელია ასევე მურუსიძეების მფარველობაში დაადანაშაულეთ, ანუ თქვენ ამბობთ, რომ „დაბრაკული“ „ნაციონალები“ „ოცნებაში“ ბესელია-ფოფხაძემ მიიყვანეს?
_ თუ არ მიიყვანეს, მაშინ წიხლი უნდა ეკრათ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გაეყარათ! ზოგადად, საარჩევნო სია პოლიტიკური საბჭოს განხილვით, მოსახლეობის გამოკითხვითა და სხვა კრიტერიუმებით დგება ხოლმე. 2012 წლის „ოცნების“ საპარლამენტო სიაში მეც ვიყავი და აბა, დამისახელეთ, იმ სიაში მურუსიძე რომელი იყო? ბუნებრივია, მაშინაც იქნებოდა მცდელობა, რომ „ოცნების“ სიაში მურუსიძეები ყოფილიყვნენ, მაგრამ ვთქვით, ისეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, როგორიც გვინდა, ანუ ხელისუფლება ოპოზიციამ უნდა მოიპოვოს და არა _ ნახელისუფლარებმა, რომლებიც ახალ ხელისუფლებაში გადმოხტებიან.
დღეს მურუსიძე ძალიან მოდურია და ეკა ბესელიაც აჟიტირებულია _ უნდა, ამით რაღაც ახალი პოლიტიკური ველი გააჩინოს, მაგრამ ეს არ გამოვა. სჯობდა, მას 2016 წელს ამოეღო ხმა. არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც პარლამენტს გარეთ არიან, მათ პოლიტიკური პრინციპებისთვის არ უღალატიათ და ახლაც იმისთვის იბრძვიან, რომ ხელისუფლება უკეთესი ხელისუფლებით შეიცვალოს!
_ ერთი სიტყვით, 2016-ში, ბესელია თავს კომფორტულად გრძნობდა და ამიტომაც „ოცნების“ სიაში მურუსიძეების ჩაწერაზე თვალი დახუჭა, ახლა კი სამთავრობო გუნდში თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობს და მთელი ეს პოლიტიკური ბაკქანალია ამიტომ დაიწყო თუ ბესელიასგან „წამებული“ და, შესაბამისად, „ოცნების“ ოპოზიცია თავად ივანიშვილისგან იქმნება?
_ ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ეს ივანიშვილმა ჩაიფიქრა და ამ ალგორითმს ის აწარმოებს, მაგრამ მას საპარლამენტო ხელისუფლება ნაწილობრივ გაექცა. ამიტომ მაქსიმალურად შეეცდება, არსებული ვითარება სათავისოდ გამოიყენოს. შესაბამისად, შეეცდება, ამ ვითარებაზე სხვადასხვა დეპუტატის მიკერებით რაღაც პოლიტიკურ ძალასავით შექმნას.
ავიღოთ, მაგალითად, ზვიად კვაჭანტირაძე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ კვაჭანტირაძეს ბიძინა ივანიშვილის სახელისა და გვარის გაგონებაზე აჟრჟოლებს, ანუ კვაჭანტირაძე ოპოზიციონერი ვერასოდეს იქნება, მაგრამ რადგან უმრავლესობა დატოვა და ოპოზიციაში მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისკენ ნაწილობრივ თავად უმრავლესობამაც უბიძგა, ანუ უმრავლესობის ინტერესშიც შედის, რომ ზვიად კვაჭანტირაძე და მისნაირი ადამიანები ოპოზიციაში იყვნენ!
_ ამბობთ უმრავლესობას და გულისხმობთ ივანიშვილს?
_ დიახ. ბიძინა ივანიშვილის ინტერესშია, რომ ეს ადამიანები ოპოზიციაში იყვნენ!
_ თქვენი ლოგიკა იქითკენ მიდის, რომ ივანიშვილი ხელოვნური ოპოზიციის შექმნით კობახიძე-კალაძის კლანის ჩაძირვას ცდილობს?
_ არა, არ ვიტყოდი, რომ ივანიშვილი კობახიძე-კალაძის კლანს ძირავს. მას კობახიძე-კალაძეც აწყობს, მაგრამ რადგან სიტუაცია ხელიდან გაექცა, ბუნებრივია, უკმაყოფილოთა რაოდენობა გარეთაც გაიზარდა და, შესაბამისად, ყველაფერი ეს პარლამენტზეც აისახება. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკის ანა-ბანა და განვითარების დინამიკა ასეთია. ივანიშვილი მაქსიმალურად შეეცდება, ამ განდგომილი ხალხისგან რაღაც ძალა შექმნას და ის ადგილი შეავსოს, რომელიც, წესით, ნამდვილმა ოპოზიციამ უნდა შეავსოს!
_ ნამდვილ ოპოზიციად ვის მიიჩნევთ, ბატონო მურმან?
_ გაერთიანებულ ოპოზიციას. ამ გაერთიანებამ 2018 წლის 28 ოქტომბერს მნიშვნელოვანი შედეგი დადო.
_ ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, შესაძლოა, მართლაც არის პოლიტიკის განვითარების დინამიკა, მაგრამ, მოგეხსენებათ, მედალს მეორე მხარეც აქვს. შესაბამისად, რატომ გამორიცხავთ, რომ ივანიშვილი ხელისუფლების გადაბარებაზე მუშაობს და „ოცნების“ დაშლას ამიტომ უწყობს ხელს? სხვათა შორის, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ მან საერთაშორისო თანამეგობრობას თითქოს ხელშეუხებლობის გარანტიები მოსთხოვა და იმ შემთხვევაში, თუ ამ გარანტიებს მიიღებს, მარტო ხელისუფლებას კი არ დათმობს, არამედ საერთოდ წავა პოლიტიკიდან.
_ თუ ასეა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და იმ ოპოზიციურ ლიდერს დაელაპარაკოს, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო!
_ გრიგოლ ვაშაძეს გულისხმობთ?
_ დიახ, გრიგოლ ვაშაძეს უნდა დაუჯდეს და დაელაპარაკოს, თუ რა გარანტიებს ითხოვს.
ამას გარდა, არსებობს მეორე ნამდვილი და წესიერი პოლიტიკური ხერხიც.
_ კერძოდ?
_ მოლაპარაკება და დალაპარაკება კი არა, ივანიშვილი იმაზე წამოვიდეს, რასაც ოპოზიცია ითხოვს. სხვათა შორის, ოპოზიცია მარტო ახლა კი არა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ითხოვს, რომ ხელისუფლების დაკომპლექტების წესი შეიცვალოს. ეს ფუნდამენტური პრინციპია, რომელიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს. თუ საქართველოს პარლამენტს ისე არ დავაკომპლექტებთ, რომ განსხვავებული მოქალაქეების პოლიტიკური ინტერესები იყოს გათვალისწინებული, ანუ მათ თავიანთი წარმომადგენლები საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც ჰყავდეთ, ასევე აღმასრულებელშიც, ადგილობრივ და რეგიონულშიც. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. სანამ დღევანდელი სისტემა იარსებებს, გარანტირებულად გვექნება გამოცხობილი ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა! ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს და ამ დასრულების ერთადერთი საშუალება არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა! სხვა გზა წამყვან ევროპულ ქვეყნებსაც არ მოუგონიათ.
თუ ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარება უნდა, მაშინ პროპორციულ სისტემაზე უნდა დათანხმდეს. სხვათა შორის, ჩვენ უკვე ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. სულ 200 ათასი ხელმოწერაა საჭირო და ამ ხელმოწერების შეგროვება გაერთიანებული ოპოზიციისთვის ძალიან მარტივია, მით უმეტეს, რომ ჩვენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც შემოგვიერთდნენ და უკვე დიდი ერთიანობა მივიღეთ, ანუ საქართველოში მოქმედი, პრაქტიკულად, ყველა დიდი პოლიტიკური პარტია _ დასავლური ფლანგისაა, ჩრდილოეთის თუ სამხრეთული, თანხმდება, რომ ხელისუფლების დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს!
_ პროპორციულ სისტემას მეც მხარს ვუჭერ, მაგრამ, ბატონო მურმან, შიგადაშიგ კითხვასაც დაგისვამთ, თორემ ეს ინტერვიუ კი არა, მონოლოგი გამოვა. გასაგებია, რომ პროპორციულ სისტემას ნინო ბურჯანაძეც ითხოვს, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით მისი გამოჩენა ამ პროდასავლურ ერთობას, ჩემი სუბიექტური აზრით, დააზარალებს.
_ გიდასტურებთ, რომ ეს თქვენი სუბიექტური აზრია, რადგან ბურჯანაძის გამოჩენა არაფერს და არავის დააზიანებს.
_ ასეთი დარწმუნებული რატომ ხართ?
_ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, ის საქართველოს სჭირდება და სჭირდება ისეთი, როგორიც არის, მას ვერ შევცვლით.
პოლიტიკოსები და, სერთოდ, ადამიანები, ისეთები უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან. ორიენტაციის გამო ადამიანების დასჯისა და იარლიყების მიკერების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ! აბა, მომაგონეთ, ორიენტაციის გამო ვინმესთვის რამე იარლიყი თუ მიმიკერებია? ადამიანს იარლიყი წესიერებისა და უწესობის გამო უნდა მიაწებო!
_ არ გეწყინოთ და „პაკლონნაია გორაზე“ ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის გვერდით დგომა პოლიტიკურ წესიერებად ნამდვილად არ მიმაჩნია და ჩემნაირად ძალიან ბევრი ფიქრობს!
_ მაგალითად, მე ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს არ შევხვდები!
_ აგაშენათ ღმერთმა!
_ პოლიტიკოსებს უფლება აქვთ, ისე მოიქცნენ, როგორც იქცევიან! გიმეორებთ: პოლიტიკური ქვეყნის ლიდერს პირადად, მე, არ შევხვდები, მაგრამ ამის გამო სხვას ვერ გავლანძღავ! ეს მათი არჩევანია! ის პოლიტიკოსი, რომელიც ბევრი არჩევანიდან ასეთ არჩევანს აკეთებს, საქართველოს ამომრჩეველზე უნდა იყოს დამოკიდებული, ანუ მისი პოლიტიკური ბედი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ!
_ წესიერ და განვითარებულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, რასაკვირველია, პოლიტიკოსების პოლიტიკურ ბედს ხალხი განსაზღვრავდა!
_ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ჩრდილოეთია, დასავლეთი თუ სამხრეთი, ანუ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა პოლიტიკური ძალა თანხმდება ერთ მთავარ, მნიშვნელოვან პრინციპზე და ეს პრინციპი არჩევნების პროპორციული სისტემაა!
სხვათა შორის, ასეთი შეთანხმება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს ისტორიას არ ახსოვს! არსებობდა სხვადახვა გაერთიანების ფორმატი: „პოლიტიკური რვიანი“, „ექვსიანი“ თუ „ოთხიანი“, მაგრამ ახლა 20 პოლიტიკური პარტიის მოთხოვნას სამოქალაქო პოლიტიკური მოძრაობებიც უერთდებიან და ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიას _ ერთი მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის!
_ კეთილი, მაგრამ თუნდაც ამ ერთიანი მოთხოვნის ფარგლებში ნინო ბურჯანაძისა და, მაგალითად, თაკო ჩარკვიანის ერთად ყოფნა როგორ წარმოგიდგენიათ, მით უმეტეს, რომ 10 მარტს თაკო ჩარკვიანის პარტიის _ „კანონი და სამართალი“ _ პრეზენტაცია უნდა გაიმართოს. ამასთან, ისიც გაითვალისწინეთ, რომ გრიგოლ ვაშაძის წარმატებაში თაკო ჩარკვიანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
_ დღეს თემა ასეთია: ჩვენი ქვეყანა, რომელიც დეკლარირებულად საპარლამენტო რესპუბლიკაა, ხელისუფლების ნაწილში როგორი წესით და რა პოლიტიკური ალგორითმით უნდა კომპლექტდებოდეს. პარლამენტში შესასვლელად ჩვენ ნინო ბურჯანაძესთან ერთიანი კოალიციის შექმნას არ ვაპირებთ. ჩვენ და ქალბატონი ნინო ბურჯანაძე პარტნიორები ამ თემის ირგვლივ ვართ. პროპორციული სისტემის უპირატესობა ის გახლავთ, რომ მოქალაქეებს ვეუბნებით: ვისაც მოგწონთ ნინო ბურჯანაძე, მას მიეცით ხმა, მაგრამ ვისაც მოგწონთ თაკო ჩარკვიანი, ხმა მიეცით თაკო ჩარკვიანს!
მოკლედ, ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა კონკურენტულ რეჟიმში გადავიყვანოთ და სამუდამოდ დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა!
_ ბატონო მურმან, ხანგრძლივი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ და, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნას გაიზიარებს და პროპორციულ სისტემაზე წამოვა?
_ ხელმოწერების რაოდენობა ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი იქნება.
სხვათა შორის, პარლამენტთან, უფრო სწორად, იმ ადამიანებთან, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ, ურთიერთობა არ გამიწყვეტია და მათი დამოკიდებულება ვიცი.
_ და ეს დამოკიდებულება როგორია?
_ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პროპორციულ სისტემაზე კონსტიტუციური ვადით, ანუ 2024 წელს კი არა, მანამდე უნდა გადავიდეთ.
_ ეს „მანამდე“ 2020 წელია, როცა საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს?
_ ან 2020 წელი, ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც არ გამოირიცხება _ ბიძინა ივანიშვილი ისეთ პოლიტიკურ კრიზისშია, ღრმად ვარ დარწმუნებული, თავად მოიფიქრებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
_ ვადამდელ არჩევნებს თავად პოლიტიკური ლოგიკაც გვკარნახობს, მით უმეტეს, რომ „ოცნებიდან“ წასულები ირაკლი კობახიძის იმპიჩმენტს არ გამორიცხავენ. კობახიძის გადაყენება, თავისთავად, სპიკერატის შეცვლას გამოიწვევს, რასაც, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობის დაკარგვაც მოყვება, ანუ ეს ხომ, პრაქტიკულად, საპარლამენტო რევოლუცია იქნება, რომელსაც, ლოგიკურად, ვადამდელი არჩევნები უნდა მოჰყვეს?
_ სრულიად გეთანხმებით!
ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ ახლოს და, მგონი, გაცილებით უკეთესადაც ვიცნობ, ვიდრე დღევანდელი უმრავლესობის ზოგიერთი წევრი.
_ ეს რა შუაშია?
_ იმ შუაშია, რომ ვადამდელი არჩევნები ბიძინა ივანიშვილის ტვინშიც იხარშება, მაგრამ იმის ვაჟკაცობა არ ეყოფა, რომ ეს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატაროს, ანუ შეეცდება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით დანიშნოს, რასაც ოპოზიცია, ბუნებრივია, არ უნდა წამოეგოს.
ოპოზიციის ნომერ პირველი ამოცანაა, ხელისუფლების დაკომპლექტების წესი შევცვალოთ. ეს ეპოქალური მნიშვნელობის ცვლილება იქნება.
ამის პარალელურად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა მოვითხოვოთ. საერთოდ, ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაა, ქვეყანაში დღეს პოლიტიკური, ეკონომიკური და, ზოგადად, სახელმწიფოებრივი კრიზისია. ასეთ დროს პარლამენტი, როგორც წესი, მიდის, ვადამდელი არჩევნები ინიშნება და საზოგადოებას შანსი ეძლევა, ახალი პარლამენტი დააკომპლექტოს, რომელიც, თავის მხრივ, ახალ მთავრობას დააკომპლექტებს და ქვეყანა ახლებურად დაიწყებს ცხოვრებას!
ეს საპარლამენტო რესპუბლიკის წესია და ვფიქრობ, ივანიშვილი და უმრავლესობაც ამ წესზე უნდა წამოვიდეს!
_ ბატონო მურმან, წეღან თქვით, თუ ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარება უნდა, მაშინ გრიგოლ ვაშაძეს უნდა დაელაპარაკოსო, მაგრამ ეს ივანიშვილის მხრიდან ხომ ღია კაპიტულაცია და იმის აღიარება იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა?
_ ზოგადად, მაღალი პოლიტიკური კულტურა ერთმანეთის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების ერთად დაჯდომას არ გამორიცხავს. პირადად მე ვემხრობი, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური კულტურის ფარგლებში იმოქმედონ.
მოკლედ, უცხო არაფერი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი გრიგოლ ვაშაძეს დაელაპარაკება!
_ ანუ გაქვთ მოლოდინი, რომ ასეთი მოლაპარაკება გაიმართება?
_ დიახ, არაფერს გამოვრიცხავ! არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დათქვას შეხვედრა იმ ოპოზიციურ ლიდერთან, რომელმაც 2018 წლის 28 ოქტომბერს, პრაქტიკულად, ყველას მოუგო! დააკვირდით: 28 ოქტომბერს არჩევნებზე მილიონ 600 ათასი ადამიანი მოვიდა. აქედან ერთმა მილიონმა ხმა არ მისცა ივანიშვილის კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ამ მილიონი ხმიდან 600 ათასზე მეტი ხმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო, ანუ მან ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს აჯობა.
მე არც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოვრიცხავ, ასევე არც იმას, რომ თავად წამოვიდეს პროპორციულ სისტემაზე და საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის შემოსვლის თანამონაწილე ხელისუფლება თვითონ გახდეს.
_ კიდევ ერთი თემა, ბატონო მურმან: საპრეზიდენტო არჩევნები დამთავრდა თუ არა, „ოცნებამ“ უვადო მოსამართლეების თემა შემოაგდო, რომელმაც უმრავლესობა, პრინციპში, დაშალა. ეს გამიზნულად ხომ არ გაკეთდა, რათა მმართველ გუნდში არჩევნების დასრულებისთანავე აურზაური დაწყებულიყო?
_ ვერ გეტყვით, რომ ეს იმ ფაქტის გადაფარვას უკავშრდება, რაც 2018 წლის 28 ნოემბერს და მის წინა დღეებში მოხდა.
_ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს გულისხმობთ?
_ დიახ და, პრაქტიკულად, საარჩევნო ყუთმა ლეგიტიმაცია დაკარგა, ანუ შეიძლება, ძალიან დიდი ფული დახარჯო და საარჩევნო ყუთთან ისეთი ადამიანები მოიყვანო, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ. მოსამართლეების თემაზე ასეთი აჟიოტაჟი, შესაძლოა, ამის გადაფარვის მცდელობაც არის, მაგრამ ხომ იცით, ჭირი თავს არ მალავს. მურუსიძის თემა წელს არ გაჩენილა _ საუბრის დასაწყისში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები და „ოცნების“ მურუსიძეებით გამოტენილი საარჩევნო სია შემთხვევით არ ვახსენე! მაშინვე ნათელი იყო, რომ ასეთი საკადრო პოლიტიკა „ოცნებას“ ამ ჩიხამდე მიიყვანდა!
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოს პარლამენტის წევრები მურუსიძეზე უარესი ადამიანები გახდნენ! პარლამენტში ხალხის დამარბევლები და ის ადამიანები მოიყვანეს, რომლებიც ძველი ხელისუფლების დროს უხეშად იქცეოდნენ. ამან ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც გუნდის შიგნით არსებული უკმაყოფილებაც დაემატა და ეს შედეგი მივიღეთ!
დღეს ბიძინა ივანიშვილი კუთხეშია მიყენებული _ ის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ამიტომ ერთადერთი ვარიანტია, პარლამენტის უმრავლესობა დაარწმუნოს, რომ შეცვალონ საარჩევნო გარემო და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წელსვე დანიშნოს!
აი, ეს იქნება ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი!
_ სანამ დაგემშვიდობებით, ერთ კითხვას კიდევ დაგისვამთ, ბატონო მურმან: მოსამართლეების სკანდალსა და „თიბისი ბანკს“ შორის განვითარებულ მოვლენებს შორის, თქვენი აზრით, კავშირი არსებობს?
_ ზოგადად, ერთპარტიულ სისტემას ასეთი შედეგი მოაქვს. ხაზარაძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის პარალელურად, შეგახსენებთ, რომ ის არ არის პირველი შემთხვევა და ამის მაგალითია ოქუაშვილი, თუმცა პირველი არც ის ყოფილა.
_ შეიძლება, მაგრამ ამ თემებზე ღიად საუბარი პირველად ოქუაშვილმა გაბედა.
_ გაბედვა ერთია, მაგრამ თვითონ ივანიშვილის დამოკიდებულებაა ასეთი იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ფულის შოვნა და შესაძლოა, პოლიტიკაში მისი დახარჯვაც შეუძლიათ.
მაგალითად, გაგახსენებთ კიდევ ერთ მილიარდერს, რომელიც რამდენიმე წელია, საქართველოში აღარ ცხოვრობს
_ ვის გულისხმობთ?
_ ლეონიდ ჩერნოვეცკის.
_ ჩერნოვეცკი თქვენი ბოლო წლების პოლიტიკური მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი ტკივილია, არა?
_ დიახ. ეს ადამიანი პოლიტიკური ცხოვრებით ცხოვრობდა _ რამდენიმე კანონპროექტი მაჩვენა, რომლის მიღებასაც აპირებდა, თუ საქართველოს პარლამენტში მოხვდებოდა. სად არის, რატომ არ კითხულობთ ჟურნალისტები?
_ ბატონო მურმან, ჩერნოვეცკის მოძებნაღა გვაკლდა _ ჩვენი მოქალაქეები ვერ მოგვიძებნია!
_ ჩერნოვეცკიც საქართველოს მოქალაქეა. ის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებდა, მაგრამ აქედან გააქციეს, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ბიზნესის დატერორება არც ოქუაშვილით დაწყებულა და არც _ ხაზარაძით. ივანიშვილს აინტერესებს მორჩილი და ღარიბი ადამიანები. მას არ აინტერესებს მტკიცე ნებისყოფის მდიდარი ხალხი! საქართველოში მდიდარი და მილიარდერი ერთადერთი კაცი უნდა იყოს და მისი სახელი და გვარია ბიძინა ივანიშვილი! ამას საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება, ეს გამორიცხულია! ამიტომ არის, რომ ათიდან 9 ადამიანი გვეკითხება, არსებული ხელისუფლება როდის უნდა ჩამოაგდოთო?
_ ე. ი. რევოლუციამდე მივდივართ, ანუ გაერთიანებული ოპოზიცია ქუჩაში კრიტიკული მასის გაყვანას შეძლებს?
_ ძალიან კარგი კითხვაა და პირდაპირ გიპასუხებთ: ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პოლიტიკური ნება და კენჭს უყრის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ თუ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების დაკომპლექტების ამ წესზე არ დათანხმდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეები მის ხელთ არსებულ ყველა სამართლიან უფლებას გამოიყენებენ. როცა ხელისუფლება საზოგადოებას არ ემორჩილება, ხალხს აჯანყების უფლებაც აქვს!

გიორგი აბაშიძე