„რომაული არდადეგები“ ქოცურად

მიხეილ სააკაშვილმა რომში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გამართა, რაც სინქრონში იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა თავის „ქოცებს“ ხელად „რომაული არდადეგები“ მოუწყო. რომში ჩაასკდა შალვა რამიშვილიც და ბევრი სხვაც, ვინც ლიეჟში იყო მივლინებული შეხვედრის ჩასაშლელად. ლიეჟი აღარ გამოუვიდათ. იტალიის პოლიციამ იყოჩაღა, აიღო და ეს „კალას“ დიდი ამბით ნაგროვები ხალხი ქუჩის იქით მოისროლა _ პიცის მძაღე ნაჭერივით. სააკაშვილმა კი ქუჩის გამოღმიდან ქუჩის გაღმა შეუთვალა, _ დადექით და ახლა რამდენიც გინდათ, იმდენი იყვირეთ: „სისხლიანი იტალიის პოლიცია“, „სალვინის სისხლიანი ერთი წელი“…

მოკლედ, ლიეჟში თუ მაინც რაღაც ქნეს და იფაფხურეს, რომში აღარაფერი გამოუვიდათ. ბატონმა ბიძინამ და ბატონმა „კალამ“ სულ ტყუილად ჰყარეს ფული ქოცთათვის „რომაული არდადეგების“ მოწყობაში. რა გრეგორი პეკიც შალვა რამიშვილია, ის „რომაული არდადეგებიც“ გამოუვიდათ.
„დედის დღეს „გილოცავ“, მიშა… გახსოვდეს ირინა ენუქიძე“, _ აი, ამ წარწერით „დამშვენებული“ ტრანსფარანტებით დაძუნძულებდნენ რომის ქუჩებში „სახელოვანი“ ქართველი „ქოცები“. ირინა ენუქიძის ხსოვნისკენ მოუწოდებენ სხვას და თვითონ თუ ახსოვთ ირინა ენუქიძე? მათ რომ ირინა ენუქიძე ახსოვდეთ, დღეს რომში კი არ ირბენდნენ არენიდან გამოვარდნილი გლადიატორებივით, სარალიძის გვერდით იდგებოდნენ! თუ ირინა ენუქიძის ტკივილი გტკიოდა მაშინ, დღეს სარალიძის ტკივილი უნდა გტკიოდეს! და თუ დღეს არ გტკივა სარალიძის ტკივილი, არც ირინა ენუქიძის ტკივილი გტკიებია მაშინ! დიახ, არც არაფერი გტკიოდა! შენი დანგრეული „გარაჟი“ გტკიოდა, სალარო აპარატი გტკიოდა, არ ვიცი, შეიძლება, კუჭიც გტკიოდა, ნაღველაც გძმარავდა, თირკმელიც გტკიოდა, ყველაფერი გტკიოდა, მაგრამ არა _ სანდრო გირგვლიანი და ირინა ენუქიძე! უბრალოდ, შენს „ტკივილებს“ „აპრავებდი“ და ფუთავდი ჰუმანიზმით! დღეს? დღეს დაძრწიხარ _ ხან ლიეჟში, ხან რომში და თან კივი, _ სადაც მიშა წავა, ყველგან მივალ და ასე ვიკივლებო. ერთი, ბიძინა ივანიშვილმა ეგ წანწალი არ დაგიფინანსოს და გნახავ შენც ზვიად კვაჭანტირაძესავით აჭყვიტინებულს. აგერ, კაცი უსირცხვილოდ გამოვიდა და გაიძახის, _ რაც „ოცნებიდან“ წამოვედი, მეზობლები სხვანაირად მესალმებიან და ისეთი ბედნიერი ვარო…
ახლა ეს გამოვიდა რეჟიმის მსხვერპლი! სააკაშვილის დროს გენერალური კონსული იყო სტამბოლში 2009 წლამდე, ვიდრე საელჩოს კუთვნილი მანქანა არ მილეწა, ფაქტი არ დამალა და არ გაუხმაურდა, მერე კი რეჟიმის მსხვერპლად გაასაღა თავი. ბიძინას მოსვლის დღიდან პარლამენტში გაფუვდა ცომივით, ხოლო ახლა კივის, რომ თურმე მთელი ეს 7 წელი უბედური იყო და ახლა ეღირსა ბედნიერებას! ბედნიერებისგან 30 კილო დავიკელიო! „იმ დღეს, როცა ეს განცხადება დავწერე და „ქართული ოცნებიდან“ წამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი წონა მაქვს, მეგონა, 30 კილო დავიკელი“.
ისღა დაგვრჩენია, manifest.ge-ზე პეტიცია შევაგდოთ და ყველამ ერთად ნინო ანანიაშვილს კატეგორიულად მოვთხოვოთ ამჩატებული ზვიად კვაჭანტირაძის საბალეტო დასში მიღება! მაგრამ ეგ ბესელიას ბალეტში აპირებს ცეკვას გედისთან ერთად _ „გედების ტბაში“. ნახავთ, როგორ გადაუშხუილებენ ბატონ ბიძინას.
დავუბრუნდეთ რომაულ არდადეგებს.
ბიძინას ჯიბეში ჩასმული ტელეარხები, ისევე როგორც ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი, სააკაშვილზე საუბრისას წამდაუწუმ გაიძახიან „ოდესის გუბერნატორს“ და ამით თითქოს ანიორწყლებენ მიხეილ სააკაშვილის იმ ტიტულს, რომელსაც გვერდს ვერ უვლიან _ საქართველოს მესამე პრეზიდენტი
ეს ძვირფასი არხები და ამ არხებზე მომუშავე ჟურნალისტები, როცა ამგვარ მატრაკვეცობას არ თაკილობენ, საინტერესოა, არ რცხვენიათ? ან ამგვარ ჟურნალისტიკაში აღებული ფულით რომ ლანჩაობენ ძვირადღირებულ რესტორნებში, ლუკმა ყელში არ ეჩხირებათ? მეტყვით, _ ეს რა შუაშიაო? ფაქტს ამბობენ, ხომ არ იგონებენო. დიახსთ, ფაქტს ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იყო ოდესის გუბერნატორი 2015 წლის 30 მაისიდან 2016 წლის 7 ნოემბრამდე. ზუსტად 17 თვე და 7 დღე!
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სამსახურში იდგა სრული 30 წელიწადი _ 1974 წლიდან 2004 წლამდე და იგივე ჟურნალისტები რატომ არ იმეორებენ ამ ფაქტს წამიერად, როცა კი სალომე ზურაბიშვილს იხსენიებენ საქართველოს პრეზიდენტად? დიახ, მაგალითად, რატომ არ აცხადებენ ამდაგვარად: საქართველოს პრეზიდენტი და ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს ყოფილი მეორე მრჩეველი? ჩადი რა შუაშია, ხომ? ხოდა, უკაცრავად, თუ ეგ ჟურნალისტები არჩილ თალაკვაძის ალუჩას ძენი და ასულნი არ არიან, როდესაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრას მართავს რომში, ოდესა და ირკუტსკი რა შუაშია?
რა შუაშია, თუ ბიძინას ლაქია არ ხარ? და როდესაც მოთქმით გაჰკივი, იტალიაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს სააკაშვილთან არ უშვებენო, იქნებ, დაასახელოთ, შალვა რამიშვილი როდის აქეთ გახდა ემიგრანტი?
ემიგრანტობის რა მოგახსენოთ და, ამ მიხეილ სააკაშვილის ვითომ დევნაში ამ თქვენმა „ემიგრანტმა“ შალვა რამიშვილმა კი მოიარა ევროპა სულხან-საბასაებრ…
მაინც, რა წუწურაქი და რა უხეირო გიდია ეს ბიძინა ივანიშვილი! დაატარებს ამ ქოცებს ევროპაში ექსკურსიებზე ხან ლიეჟში, ხან რომში, ამხელა ევროპაში სხვა ღირსშესანიშნაობას ვერაფერს პოულობს და მიშა სააკაშვილს ათვალიერებინებს ამ უდღეურებს. ლიეჟში კიდევ ხო, მაგრამ აი, რომში, სამყაროს ჭიპში, სხვა ღირსშესანიშნაობას რომ ვერ იპოვი მიშას გარდა, რა უნდა გელაპარაკო? აი, იქ, ყველა გზა რომ რომში მიდის და შენი გზა რომ მაინც მიშამდე მიდის და სხვა ვერაფრამდე, ხომ გაჟრიალებს კარგად?
ისე, კარგად რომ არ აჟრიალებდეს, სოფელ-სოფელ ივლიდა ხეების ჩასახუტებლად? მაგრამ აგერ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი არც ისეთი გიჟია არ იცოდეს, რომ ხალხს ამცირებსო. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ივანიშვილმა გადასარევად იცის, რომ ხეების გლეჯით და აქეთ-იქით პროწიალით ხალხს ამცირებს. იცის და შეგნებულად აკეთებს ამას: „ის გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ არავინ. თქვენ ხართ მხოლოდ ერთადერთი რამე. თქვენ შეიძლება იყოთ ჩვენი მონები. ეს არის ცალკე ფსიქოლოგია და ცალკე მართვის ტექნოლოგია, _ ხალხი მონობისთვის უნდა იყოს“ (მიხეილ სააკაშვილი).
თუმცა კიდევ ერთხელ კარგად ჩავაანალიზოთ, რას ამბობს მიშა ბიძინაზე: „ივანიშვილი არც ისეთი გიჟი არაა“, _ ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ, გარკვეულწილად, მაინც გიჟად მიიჩნევს…
მიხეილ სააკაშვილს ამ შეხვედრაზე არც ის დავიწყნია, მას რომ მიიჩნევდნენ გიჟად და მეგალომანიაკად, როცა ლაზიკის აშენების იდეა გამოაცხადა. დიახ, მაშინ ყველა პროტოქოცი, ყველა შუაშისტი დასცინოდა ლაზიკასაც. ზოგი ხარხარებდა და მიშას ღიად ეძახდა გიჟს, ზოგი გულიანად იცინოდა, ზოგი თავშეკავებულად, ზოგს ცინიკურად ეღიმებოდა, ზოგს ირონიულად და თქვენ წარმოიდგინეთ, თვითონ ბევრ „ნაციონალს“ და მათ მხარდამჭერსაც ეღიმებოდა მორცხვად, ტუჩის კუთხეებში. და, აი, ეს ხალხი დღეს ყველა ერთად იგლეჯს თმებს, იხოკავს სახეს და გაჰკივის, მამუკა ვარ, ხაზარაძე! მამუკა ვარ, ხაზარაძე და იქვე ამატებს, მეხი მამუკასაც დაეცა და მის მილიონებსაც, მაგრამ ანაკლია არ მემეტებაო, ანაკლიაო და ურცხვად, უსინდისოდ მიტრიალდება მე, ლაზიკის იდეით იმთავითვე მოხიბლულს და ლექციას მიკითხავს ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე.
ასეთ ფაფარაყრილებს მინდა ხოლმე ვუთხრა, _ დაოკდი, დამამშვიდებელი დალიე და შეირგე, რა პროცენტშიც მოგცა სესხი ხაზარაძემ და მე ნუ მიკითხავ ლექციას ანაკლიის მნიშვნელობაზე. ეგ უთქვენოდაც ვიცი და ისიც ვიცი, რომ ივანიშვილს რაც უნდა და რასაც აკეთებს, გადასარევად ჩანს. 45 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გადაიფორმა!
აბასთუმანში ჭლექიანებსაც აღარ აყენებს, საქართველოსთვის მართლა ჭლექად მოვლენილი ივანიშვილი _ მიადგა ფიჭვნარში მდებარე კლინიკას, რომელშიც საუკუნეზე მეტია, ტუბერკულოზით დაავადებულ პირებს მკურნალობენ. მიადგა ამ კლინიკას და ფიჭვნარიდან აძევებს! კლინიკას კი სოფლის განაპირას კლდეზე აშენებენ. იმ ფიჭვნარში კი თავის რეზიდენციას იშენებს!
სწორედ წიწვნარია ტუბერკულოზით დაავადებულებისთვის სასარგებლო და არა კლდე და ღრე!
მანდ, მაგ ფიჭვნარში მკურნალობდა დიდი ქართველი პოეტი ლადო ასათიანი, ის ლადო ასათიანი, რომელიც სწორედ ტუბერკულოზმა იმსხვერპლა!
ლექსიც აქვს მაგ სენზე, რომლის სახელის ქართულად მოხსენიებაც არ უნდოდა. სწორედ იმ ლექსში წერდა სტრიქონს: „შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა“… ჭლექს ვაჟას ფილტვების დაღრღნა შერჩა, ბიძინას კი _ აბასთუმნის ფიჭვნარის დათრევა!
ერთ-ერთი მესიჯი, რაც სააკაშვილმა რომში გააჟღერა, იყო ისიც, რომ თუ ბიძინა 2020-ში დარჩა, ჩვენ მივიღებთ ორმილიონიან პენსიონერებით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანასო. მოდი და ნუ დაეთანხმები, როდესაც ხალხი თვალსა და ხელს შუა გვეცლება. ზუსტად ისე, როგორც საცერს გასდის წყალი, ისე გასდის ამ ქვეყანას ხალხი. ბავშვებს პენსიონერ მშობლებს უტოვებენ და ლუკმა-პურისთვის მიდიან. ის ბავშვები დაიზრდებიან და წავლენ და ბავშვებიც აღარ იქნება აქ დასატოვებელი. თუ ასე გაგრძელდა, საქართველო მიყრუებულ სოფელს დაემსგავსება, სადაც მხოლოდ მოხუცებიღა ცხოვრობენ და სადაც მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან _ შვილები და შვილიშვილები…
შემდეგ სერიაში კი არც ეს პენსიონრები იქნებიან… ნაწილს შვილები წაიყვანენ საზღვარგარეთ და გამოკეტავენ სახლს. დანარჩენი ნაწილიც ნელ-ნელა ბუნებრივად წავა ამ ქვეყნიდან და საქართველო იქცევა ერთ პროვინციულ აგარაკად… სადაც ყველა ერთად სტუმრებად ვივლით _ უცხოელებიც და დღევანდელი, ჯერაც მასპინძლებიც… ესეც იმ შემთხვევაში, თუ ერთ მშვენიერ დღეს საჯარო რეესტრის ამონაწერში ბიძინა ივანიშვილის სახელზე არ ამოვიდა 69 700 კვადრატული კილომეტრი მიწა _ ანუ მთელი ქვეყანა…

რეზო შატაკიშვილი