დავით მოსიაშვილი: „იცოდა, რომ მე უკეთეს შვილებს გავზრდიდი“

ჩვენს საზოგადოებაში მარტოხელა მშობლების პრობლემა უმწვავესია. ასეთ დროს საჯარო დისკუსიებში, რატომღაც, მხოლოდ ქალბატონები გვახსენდება.
34 წლის დავით მოსიაშვილი ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში 5 წლის დემეტრესთან და 9 წლის მარიამთან ერთად ცხოვრობს. მარტოხელა მამა პროფესიით ეკონომისტ-მენეჯერია და ამჟამად კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობს. პარალელურად წერს ბლოგებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების ადვოკატირებისთვის და ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის აქტივობაში აქტიურად არის ჩართული.

ახალგაზრდა მამამ შვილებთან ერთად პატარა საწარმო შექმნა, სადაც სხვადასხვა სახის გულსაბნევებს (ბროშები) მაგნიტური სამაგრით აწარმოებს და ახლო მომავალში გაფართოებას აპირებს _ სახელოსნოში შშმ პირების დასაქმებაც სურს. საწარმოს სახელი 5 წლის დემეტრესა და 9 წლის მარიამის სახელების პირველი მარცვლებით ააწყო _ ასე გახდა „დემა“ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი ახმეტის რაიონში.
„ქრონიკა+“ მარტოხელა მამის ისტორიით დაინტერესდა, რომელიც ბოლო დროს ქართული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა და მასთან საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა:

_ დავით, შეიძლება ითქვას, საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული „მარტოხელა მამა“ ხართ და სწორედ ეს მოცემულობა გახდა იმ დიდი ინტერესის მიზეზი, რაც თქვენ ირგვლივ არსებობს. მოგვიყევით, რა სირთულეებს უკავშირდება ამ სტატუსით ცხოვრება?
_ ძალიან მაღიზიანებს ტერმინები მარტოხელა მამა და მარტოხელა დედა. ყოველთვის ვცდილობ და ყველაგან ვაფიქსირებ ჩემს აზრს, რომ სწორი ფორმაა _ მარტოხელა მშობელი. ჩვენს საზოგადოებაში ბევრი მარტოხელა დედაა, მარტოხელა მამამები კი _ ნაკლებად… ამიტომ მარტოხელა დედების პრობლემებზე უფრო აპელირებენ საჯარო დისკუსიებში, ვიდრე _ მამებზე. ხშირად ვაწყდები სხვადასხვა სივრცეში რეკლამას, სადაც ადვოკატები ამბობენ: „მოგვმართეთ, მარტოხელა დედებო და ჩვენ დაგეხმარებით, როგორ გადაიხადონ მამებმა ალიმენტი“, _ ეს ჩემთვის გამაღიზიანებელია, რადგან კანონში წერია: ალიმენტს იხდის მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს. კანონი არ ითვალისწინებს, რომ ალიმენტი კონკრეტულად მამამ გადაიხადოს! ჩვენს საზოგადოებაში გარკვეული სტერეოტიპი არსებობს და ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ წყვილის განქორწინების შემდეგ ბავშვი აუცილებლად დედასთან უნდა იზრდებოდეს. რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, რომ განქორწინების შემდეგ ბავშვი რომელიმე მშობელთან უნდა დარჩეს და ეს შეიძლება იყო დედა და იგივე უფლება ასევე მამასაც აქვს.
_ თქვენს ცხოვრებაში უხერხულობები, კურიოზები მრავლად არის და ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხშირად წერთ…
_ ერთი მაგალითი შემიძლია გავიხსენო: კურიოზები ხშირია, როდესაც დაბადების დღის ან რომელიმე სხვა საბავშვო გასართობ ცენტრებში ანიმატორები და წამყვანები ამბობენ: „აბა, დედიკოებო, ჩავერთოთ ბავშვებთან ერთად თამაშში!“ _ ასეთ დროს დარბაზში არის ოცი დედა და ერთი მე _ მამიკო! უკვე გვცნობენ იმ გასართობ ცენტრებში, სადაც ხშირად დავდივართ და როდესაც გვხედავენ, ამბობენ: „აბა, დედიკოებო და მამიკოებო, ჩავერთოთ ბავშვებთან ერთად თამაშში“.
_ როგორები არიან 21-ე საუკუნეში ქართველი მამები და რამდენად აქტიურად ერთვებიან შვილის აღზრდის პროცესში? რატომღაც, სტერეოტიპი არსებობს, რომ მამებს ოჯახში მხოლოდ ფულის შემომტანის ფუნქცია აქვთ და, ძირითადად, აღზრდის მთელი პასუხისმგებლობა დედას ეკისრება.
_ დღეს მამები შედარებით მეტად ერთვებიან შვილის აღზრდის პროცესში და მხოლოდ ფულის შემომტანის ფუნქციას კარგავენ. მამამ შვილს იმაზე მეტი უნდა მისცეს, ვიდრე ეს მხოლოდ ფინანსური უზრუნველყოფაა. ბავშვებთან მიმართებით არ არსებობს დედა და მამა, არამედ მშობელი, მათ თანაბრად უნდა ჰქონდეთ გადანაწილებული ფუნქცია-მოვალეობები.
_ დავით, თქვენმა ყოფილმა მეუღლემ რატომ არ ისურვა, შვილები მასთან დარჩენილიყვნენ?
_ ამ კითხვაზე იუმორით ვპასუხობ და ჩემი მეგობრებიც ასე ამბობენ, _ ალბათ იცოდა, რომ უკეთეს შვილებს გაზრდიდი და ამიტომ დატოვა შენთანო.
განქორწინების შემდეგ ადამიანებს უჭირთ პასუხისმგებლობის აღება ან შეიძლება სხვა ინტერესი ჰქონდეთ, რა დროსაც შვილები ამ ინტერესის მიღმა რჩებიან. ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, რადგან ეს ნიშნავს, რომ სხვა ადამიანის ნაცვლად გიპასუხოთ…
_ დედას დღეს შვილებთან ურთიერთობა თუ აქვს?
_ საწყის ეტაპზე, სანამ საქართველოში იმყოფებოდა და სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა, ყოველ შაბათ-კვირას მიჰყავდა თავისთან. რამდენიმე თვის შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა და გარკვეულ მომენტამდე კონტაქტზე არ გამოსულა. ბოლო დროს სკაიპით ურთიერთობა დაიწყო.
_ დემეტრეს დიაგნოზის შესახებ მოგვიყევით _ როდის აღმოაჩინეთ?
_ დემეტრეს დიაგნოზი არის ცერებრული დამბლის ერთ-ერთი ფორმა _ დიპლეგია, რომელიც გულისხმობს ქვედა კიდურების, მუხლების ქვემო კუნთების დაჭიმულობას. ეს პრობლემა იმ დროს აღმოვაჩინე, როდესაც ჩვეულებრივი, ჯანმრთელობის პრობლემების არმქონე ბავშვი უნდა ჯდებოდეს და დემეტრე ვერ ჯდებოდა. შემდეგ გვეუბნებოდნენ, საშიში არაფერია, ზოგი ადრე ან გვიან ჯდებაო. ამ ყველაფერმა ცოტა დრო დაგვაკარგვინა და სულ ვამბობ ხოლმე: როგორც კი პრობლემას შეამჩნევენ, მშობლებმა მაშინვე მიმართონ ექიმს, რადგან ნებისმიერი მოსაზრების მოსმენა ნათესავებისგან, მეზობლებისგან და მეგობრებისგან მხოლოდ აფერხებს ექიმთან ვიზიტს.
დემეტრე წლის და შვიდი თვის იყო, როდესაც დიაგნოზი დაუსვეს. თავიდან ვერ ვიჯერებდი, რამდენიმე ექიმთან გადავამოწმე და როდესაც დამაჯერეს, დეპრესია დამეწყო. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, _ ეს რატომ დამემართა, სად დავუშვი შეცდომა და ა. შ.
საბედნიეროდ, მალევე მივხვდი, რომ დეპრესია კარგ შედეგს ვერ მომიტანდა და ინტერნეტში ამ დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე; მთელი საქართველოს მასშტაბით იგივე პრობლემის მქონე ბავშვების მშობლებს ვხვდებოდი გამოცდილებისა და ინფორმაციის გასაზიარებლად. სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო ჩვენი ბრძოლა და დღემდე ვიბრძვით შედეგის მისაღწევად.
_ დავით, შშმ პირების მიმართ გარკვეული შიშები და სტერეოტიპები ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში. სანამ დემეტრეს დიაგნოზის შესახებ გაიგებდი, თავად რა დამოკიდებულება გქონდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ?
_ როდესაც ეტლით მოსარგებლე ადამიანს დავინახავდი, რაღაცნაირად ვცდილობდი, თვალი ამერიდებინა. ეს არ ნიშნავს, რომ ზემოდან ვუყურებდი, უფრო მეშინოდა, არ ვიცოდი, როგორ მეურთიერთა ასეთი პრობლემის მქონე ადამიანებთან. სამწუხაროდ, დღემდე არსებობს გარკვეული სტერეოტიპები და დღესაც არიან მშობლები, რომლებსაც ასეთი შვილების მიმართ მიმღებლობა არ აქვთ, სრულყოფილ ადამიანებად არ აღიარებენ და სახლიდან არ გაჰყავთ…
სადმე წავიდე და დემეტრე არ წამოვიდეს? _ გამორიცხულია!.. სადაც საჭიროა და სადაც არ არის საჭირო, ყველგან დამყავს, სულ ჩემთან ერთად არის… მინდა, ბევრმა ადამიანმა დაინახოს და მიხვდეს, რომ იგი ჩვეულებრივი ბავშვია და იმაზე მეტი სიყვარულის გაცემა შეუძლია, ვიდრე ჯანმრთელობის პრობლემის არმქონე ბავშვს.
_ სახელმწიფოს პოლიტიკა რამდენად ადეკვატურია იმ გამოწვევებისა და დაბრკოლებების წინაშე, რასაც შშმ პირები აწყდებიან ჩვენს ქვეყანაში? რას აკეთებს და რას ვერ აკეთებს ამ მიმართულებით?
_ წარმოიდგინეთ, ოჯახები არ აღიარებდნენ და ახლა სახელმწიფო რამდენად აღიარებდა მათ არსებობას?
წლების წინათ საქართველოში გარკვეული ტიპის ინსტიტუციები ფუნქციონირებდა, სადაც სხვადასხვა დიაგნოზის მქონე ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ საშინელ პირობებში; აზიანებდნენ ერთმანეთს და მათზე სათანადოდ არ ზრუნავდნენ. დღეს ამ მიმართულებით უამრავი პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, შედარებაც არ შეიძლება იმ ყველაფერთან, რაც ადრე იყო. დღეს უკვე საოჯახო ტიპის სახლები არსებობს, სადაც ეს ადამიანები ერთად ცხოვრობენ და თავიანთი ხელით აკეთებენ ყველაფერს. რაც შეეხება სახელმწიფოს დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერი წინ მიდის, მაგრამ თუ შედარებას გავაკეთებთ თბილისში მცხოვრებ შშმ პირებზე, ისინი ბევრად კარგ პირობებში არიან, ვიდრე რეგიონებში მცხოვრები შშმ პირები. ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო ცენტრები და აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი სახის სარეაბილიტაციო მომსახურება, თერაპია საკმაოდ ძვირი ღირს. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახების უმრავლესობას თბილისში ჩამოსვლისა და შშმ ბავშვებისთვის სამედიცინო მომსახურების შესაძლობლობა არ გააჩნიათ.
_ „დემას“ შესახებ მოგვიყევით, როგორ გაჩნდა საწარმოს შექმნის იდეა?
_ იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ვცხოვრობთ, ნაკლები საშუალებაა, ბავშვი რაიმე ტიპის აქტივობებში ჩართო და მის განვითარებას ხელი შეუწყო. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ხის სამკაულები შევქმენი, რომელსაც მაგნიტური სამაგრები აქვს. როდესაც ამ იდეის განხორციელება დავიწყეთ, იმ დროს საქართველოში ასეთი ტიპის სამკაულებზე მოთხოვნა არ არსებობდა. რამდენიმე ცალი დავამზადეთ და სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავტვირთეთ. აღმოჩნდა, რომ ბევრმა ადამიანმა აიტაცა და დიდი მოწონება დაიმსახურა. დღეს უკვე ჩვენი სახელოსნო გვაქვს, ბევრი გულშემატკივრი და მომხმარებელიც გვყავს… უკვე სხვა მიზნები გაგვიჩნდა, ძალიან გვინდა, ამ საქმიანობაში სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებიც დავასაქმოთ.
ჩემი მიზანი იყო, რომ ამ იდეაში დემეტრეს შესაძლებლობები გამომეყენებინა და გარკვეულმა არტთერაპიამ შედეგი გამოიღო. დემეტრეს არ შეეძლო პატარა ნივთების ხელში აღება, დღეს იჭერს, მას არ შეეძლო ფუნჯით ღებვა, დღეს კი ამ საქმიანობას თავისუფლად უმკლავდება.
_ სამუშაო პროცესი როგორია? ფუნქციები, სავარაუდოდ, გადანაწილებული გექნებათ…
_ სამუშაო პროცესი აუცილებლად მხიარულია, ისეთი, როგორიც შეიძლება ბავშვებზე მორგებული ნებისმიერი აქტივობა იყოს. რაც შეეხება ფუნქციებს, ძირითადად, მძიმე სამუშაოებს მე ვასრულებ, მარიამი დიზაინს აწყობს, დემეტრე კი ფერების შერჩევაში გვეხმარება. დემეტრე საქმის დასაწყისში ფერებს ვერ აღიქვამდა, დღეს უკვე არჩევს და შეუძლია, მოგვაწოდოს. ნებისმიერ ფერს გვეუბნება ქართულ და ინგლისურ ენაზე.
_ დავით, აქტიური ცხოვრებით ცხოვრობთ, მუშაობთ, ვინ გეხმარებათ, იმ დროს, როცა სამსახურში ხართ?
_ დედაჩემია ბავშვებთან, როდესაც სხვა საქმეს ვაკეთებ. ის არის ძირითადი ღერძი, რომელზედაც ყველა ჩვენი აქტივობა დგას. მინდა, მას საჯაროდ გადავუხადო მადლობა! მამაჩემზე ვამბობ ხოლმე, რომ ის ჩემი ძმაკაცია, რადგან როგორც მამას, ისე ვერასდროს აღვიქვამდი… ხშირად უწევდა ოჯახიდან შორს ყოფნა, რათა ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა. დედაჩემმა მამის გარეშე მასწავლა, როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი საუკეთესო მამა, თუ ეს ჩემზე შეიძლება ითქვას.
_ დაბოლოს, რას ეტყოდით მარტოხელა მშობლებს, რომლებსაც სირთულები აშინებთ?
_ მარტოხელა მამებს არაფერს ვეტყვი, მე ვეტყვი მარტოხელა მშობლებს, _ თუ თქვენში არსებობს შვილის განცდის გულწრფელი ინსტინქტი, თუ შენი შვილი გიყვარს, არ უნდა გიტყდებოდეს, მას მოუმზადო საჭმელი, გამოუცვალო პამპერსი, დაბანო და ა. შ.
არსად წერია, ეს ყველაფერი აუცილებლად დედამ უნდა გააკეთოს და მამამ შორიდან უყუროს…
ძირითადად, მარტოხელა დედები მწერენ და იყო შემთხვევა, როცა ერთმა ქალბატონმა მომწერა: ჩემმა მეუღლემ, როდესაც შვილის ჯანმრთელობის შესახებ გაიგო, ოჯახი მიატოვაო… ჩემი დამამშვიდებელი ფრაზა, მსგავს შემთხვევაში, ასეთია: ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაფერ შუაშია, ის მაინც ვერ იქნებოდა კარგი მშობელი… ბუნებრივია, ასეთ დროს ადამიანებს საწყის ეტაპზე დეპრესიული პერიოდის გავლა უწევთ _ მთავარია, ეს დეპრესია მალე გადააგდო და თუ შენი შვილი გიყვარს, უნდა შეძლო, ცარიელი ხელებით და მინიმალური დანახარჯებით, როგორც ეს ჩვენ შევძელით, ცხოვრება ბედნიერად გააგრძელო. ბედნიერება არ არის რთული მოსაპოვებელი, მთავარია, გულწრფელად გინდოდეს და ყველაფერი გამოგივათ. ნუ შეგეშინდებათ სირთულეების, მე ცოცხალი ვარ… საერთოდ ვერ აღვიქვამ, რომ რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ… ყველა მშობელი ასე უნდა იქცეოდეს…

ლევან ქემოკლიძე