მირზა სუბელიანი წავიდა, დიმიტრი დარბაისელი დაბრუნდა?!

Capturesaa

„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სასჯელთაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი მირზა სუბელიანი თანამდებობიდან გადადგა. მისი განცხადება ამ დღეებში დაკმაყოფილდება. სუბელიანი პირველი მერცხალია, პენიტენციალურ სისტემაში დიდი წმენდა იწყება. სამაგიეროდ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა სასჯელთაღსრულების დეპარტამენტის სკანდალური შეფი დიმიტრი დარბაისელი. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, დარბაისელმა ანტიტერორისტული სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან კახიანი უკვე შეცვალა. რაც შეეხება კახიანს, მისთვის შს სამინისტროში ცალკე დეპრტამენტის შექმნას აპირებენ. ლევან კახიანი შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე დღეში დაინიშნა. იმის მიუხედავად, რომ შს მაშინდელ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტპატიმარმა ზურაბ ხუბულაშვილმა პირადად გადასცა 26 მაისის დარბევის შემდეგ კოჯრის ტყეში გადაღებული ფირი, სადაც ლევან კახიანი დარბევის მერე, ვანო მერაბიშვილის ჯილდოს იღებს და სკამზე ასული სვამს მერაბიშვილის სადღეგრძელოს. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილ სხვა საკადრო ცვლილებებზე ვრცლად „ქრონიკა+“-ის მომდევნო ნომერში.

„ქრონიკა+“ საკადრო ცვლილებებზე კომენტარებს შინაგან საქმეთა და სასჯელთაღსრულების სამინისტროებისგან ელოდება.