უკრაინის ეკლესიის საკითხი და საქართველოს ეკლესიის ვალდებულება ერის წინაშე

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი სცდება კონკრეტული რელიგიური კონფესიის ჩარჩოებს და არსებული ვითარების გათვალისწინებით უდიდეს პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. არ ვაპირებ დეტალებში შესვლას და იმის განხილვას, რა ისტორიული პერიპეტიები უძღოდა წინ იმ რეალობას, რომლის საფუძველზეც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საკუთარი გავლენა დაამყარა კიევსა და უკრაინაზე. ეს პროცესი იმ პერიოდშიც კი წმინდა პოლიტიკურ საკითხს მიბმულ რელიგიურ ფორმალიზმს წარმოადგენდა. შესაბამისად, დღეს იმაზე მსჯელობა, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაში არის თუ არა რაიმე სახის კანონიკური ცდომილებები, პოლიტიკური ნარატივია და საეკლესიო ფორმალიზმის ჩარჩოებს სცდება.

ამიტომაც, როდესაც ვმსჯელობთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე, ვერანაირად ვერ ავუვლით გვერდს პოლიტიკას. მეტიც: ამ საკითხში სწორედ რომ პოლიტიკაა გადამწყვეტი ფაქტორი.
როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკაზე ეკლესიის პრიზმაში, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რა საეკლესიო პოლიტიკას ახორციელებდა რუსეთი საქართველოში 1811 წლიდან, როგორ მიიტაცა რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და როგორ ეწინააღმდეგებოდა 1917 წელს ავტოკეფალიის აღდგენას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული პარალელების გათვალისწინებით.
დღეს ხშირად გვესმის, რომ რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 1943 წელს აღიარა, ხოლო კონსტანტინოპოლმა _ 1990 წელს. ამ ფონზე საერთოდ ნიველირებულია ისტორიული რეალობა. პირველ რიგში ის, რომ 1943 წელს _ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას _ ამ ნაბიჯის გადადგმა საბჭოთა ხელისუფლებას საერთაშორისო ასპექტებისთვის სჭირდებოდა. ეს იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის თვალში ნაცრის შეყრა, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად სარგებლიანი ნაბიჯი. ისევე როგორც, მოგვიანებით, გაეროში საბჭოთა კავშირის გარდა ბელარუსისა და უკრაინის წევრობა. რეალურად, ეს გახლდათ დამატებითი _ ფორმალური ხმის უფლება. რაც შეეხება კონსტანტინოპოლს _ აქაც საკითხი საკმაოდ მარტივია: მისი ისტორიულ-პოლიტიკური პრინციპიც თვალნათელია, ერთი სახელმწიფო _ ერთი ავტოკეფალია. გაგახსენებთ, რომ იმ პერიოდისთვის საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში გახლდათ და „თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური“ სულაც არ იყო თავისუფალი. ამავდროულად, არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომ სწორედ რუსეთი იყო შემაფერხებელი ფაქტორი, რათა მსოფლიო საპატრიარქოს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება არ მოეხდინა.
1990 წელი, იმ პერიოდის ისტორიული და პოლიტიკური პერიპეტიების გათვალისწინებით, რაც განვითარდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, რეალურად ოპტიმალური პერიოდი იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის, რასაც შედეგად არ და ვერ მოჰყვებოდა ჩვენი ეკლესიის დაზიანება.
ნებისმიერი, საეკლესიო და პოლიტიკურ საკითხებში თუნდაც ზედაპირულად ჩახედული ადამიანისთვის მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ თვალნათელი ხდება, რომ დღეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება ნიშნავს არა მხოლოდ მესამე რომის იდეის მსხვრევას, არამედ რუსეთის ნეოიმპერიალისტური იდეისთვის იდეოლოგიური საფუძვლის გამოცლას, რაშიც რუსეთის ხელისუფლებას უამრავი ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური, საკადრო რესურსი აქვს დახარჯული.
და მაინც, რატომ უნდა იჩქაროს და გნებავთ, სხვებზე უფრო ადრე რატომ უნდა აღიაროს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია? ამ გადაწყვეტილებას დიახაც, რომ პოლიტიკური ასპექტები უფრო მეტი ახლავს, ვიდრე კანონიკური. თუმცა არ ვახდენ კანონიკური საფუძვლების ნიველირებას, სადაც ყველაფერი ცხადზე უცხადესია, თუ მხოლოდ რუსულ წყაროებს არ დავეყრდნობით. შევეცდები ავხსნა: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული სახელმწიფოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული იდენტობის განმსაზღვრელი და ცალკეულ შემთხვევაში ამ სიმბოლიზმის მატარებელი ერთადერთი ინსტიტუცია. ვგულისხმობ პერიოდს, როდესაც ქვეყანას სხვადასხვა ისტორიული გარემოების გამო მოშლილი ჰქონდა სახელმწიფოებრიობა. მეტიც: როდესაც ვსაუბრობთ ცალკეულ ავტოკეფალიურ ეკლესიებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებული ავტოკეფალიური ეკლესიებიდან თითქმის არც ერთი ეკლესია ისე არ არის გათანაბრებული, მით უფრო, საკონსტიტუციო შეთანხმებით სახელმწიფოსთან, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ისინი, უმეტეს შემთხვევაში, არ წარმოადგენენ ზოგადეროვნულ რელიგიურ-სახელმწიფოებრივ ინსტიტუციებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე იყო სახელმწიფოს პარტნიორი მის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტაში და კონკორდატის სულისკვეთება ამჟამადაც, მას ამ ამოცანას უსახავს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ _ მისმა მესვეურებმა _ სწორად უნდა გაიაზრონ ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული უმთავრესი ამოცანები: ა) რუსეთის პოლიტიკური და იდეოლოგიური (რაც მოიცავს სულიერსაც) გავლენისგან თავის დაღწევა; ბ) სრულფასოვანი პოლიტიკური და სულიერ-იდეოლოგიური ინტეგრირება დასავლურ სამყაროში, რომელი გზაც, ჯერ კიდევ, მე-8 საუკუნეში განისაზღვრა გრიგოლ ხანძთელის მიერ და დასტურდება გიორგი მერჩულის მეშვეობით; გ) დეოკუპაცია.
ეს ამოცანები იმთავითვე ნიშნავს იმას, რომ როგორც პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ პრიზმაში რუსეთის ფედერაცია აღიარებულ უნდა იქნას ოკუპანტ სახელმწიფოდ და მასთან პოლიტიკური კეკლუცი, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების, ასევე ამ ინსტიტუტებს გატოლებული რელიგიური ინსტიტუციის მხრიდან, ყოვლად დაუშვებელია, რადგან რეალურად აზიანებს ქართულ სახელმწიფოს.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში უნდა ახსოვდეთ, რომ იგივე ამოცანები აქვს უკრაინასაც და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე, პირველ რიგში, უნდა ამოდიოდეს ეროვნული და სახელმწიფოებრივი, ასევე გეოპოლიტიკური ინტერესებიდან. იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს _ ხელისუფლებას, ამ მიმართულებით ლავირების მინიმალური რესურსი აქვს, სწორედ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც თავს უნდა იაზრებდეს სახელმწიფოს პარტნიორ და თანამოქმედ ინსტიტუციად, თავად უნდა იკისროს ისეთი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რაც სახელმწიფოს მის წინაშე არსებული ამოცანების გადაწყვეტაში შეუწყობს ხელს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: დიპტიქში წინ მყოფი ეკლესიები, რაზედაც აპელირებს ცალკეული ღვთისმსახური და საერო პირი ამ მიმართებით გადაწყვეტილების მიღების ვადებზე საუბრისას, მეტწილად არ წარმოადგენენ ეროვნულ სახელმწიფოებრივ ეკლესიებს და მათ წინაშე არ დგას იგივე პოლიტიკური და სულიერი ამოცანები, რაც ქართული სახელმწიფოს წინაშე.
საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, ვიტყოდი _ უმრავლესობის მოლოდინი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან დაკავშირებით არის უკრაინის სახელმწიფოსთან არა მხოლოდ სულიერი ან ზნეობრივ-მორალური კავშირით გამყარებული, არამედ ლეგიტიმური მოთხოვნა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფოსგან _ საქართველოს მოსახლეობისგან (კონფესიური და ეროვნული კუთვნილების მიუხედავად) იღებს მატერიალურ და არამატერიალურ სიკეთეებს, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ მოლოდინების ასახსნელად, რაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში არსებობს, რომლის უმეტესობის განწყობა აღნიშნულ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია. საკითხი დიახაც, არის, გნებავთ, ცალკე განყენებულად პოლიტიკური შემადგენლის მატარებელი და ამავდროულად, ის არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული მისიის, საეკლესიო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ასპექტის მატარებელი.
და მაინც, რატომ აყენებენ ცალკეული პირები ეჭვქვეშ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს, მით უფრო საქართველოში, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან საკუთარი საეკლესიო უპირატესობის ხაზგასმას, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ რომ კრემლის პოლიტიკური ამბიციებით არის გამაგრებული?!
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პრეტენზია განსაკუთრებულ პრივილეგიებზე არის ამ სახელმწიფოს იმპერიალისტური სულისკვეთება და საქართველოც და უკრაინაც, მართლმადიდებელი სამყაროს ყველა ავტოკეფალიური ეკლესია, ვალდებულიც არის, წინ აღუდგეს ამ იმპერიალისტურ ზრახვებს არა მხოლოდ ჩვენთან ან უკრაინასთან მიმართებით, არამედ ნებისმიერი უსამართლო გამოვლინებისას.
როგორც სასულიერო, ასევე საერო პირებსაც, მეტიც, სახელმწიფოების ხელისუფლებებს უნდა ესმოდეთ, რომ ერს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი სახელმწოფო, მას აქვს საკუთარი რელიგიური დამოუკიდებლობის მოთხოვნის უფლება და აქ მსაჯული კი არ არის საჭირო, არამედ თანამდგომი და თანმებრძოლი.
უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მისია იყო და არის შთანთქმა და უკრაინის სახელმწიფოსთვის პოლიტიკური საფუძვლების მოშლა. ეს პროცესი ჯერაც მიმდინარეობს კრემლის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომით და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებით. ცხადია, რომ რუსეთის სახელმწიფო ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტითა და ინსტიტუტით ხელს უშლის უკრაინელი ერის საეკლესიო ემანსიპაციას და მის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობას.
კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს დავიმოწმებ: „ქრისტიანული სამყაროს ყველა ერს აქვს საეკლესიო ემანსიპაციის უფლება და ამიტომ თანასწორობის პრინციპს არანაირად არ ეწინააღმდეგება ერების ერთმანეთისგან განცალკევება (გამოყოფა), რაც ქრისტიანული ერების რელიგიური ხასიათის სხვადასხვაგვარობით არის განპირობებული“.
კარგად მესმის, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე უკრაინის ეკლესიის კონტექსტში უმთავრესი ამოცანა დგას _ ღირსეულად გაართვას თავი ამ საკითხს. თუმცა დროში უსასრულოდ გაწელვა და პოზიციის დაუფიქსირებლობა ნამდვილად არ იქნება სასარგებლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ეკლესიის მესვეურებს უკრაინის თემაზე საკითხი კანონიკურ პრიზმაში გადააქვთ, ცხადია, რომ რეალურად ერთ-ერთი ფაქტორი პოლიტიკური ხასიათისაა და თუ რუსეთის ეკლესიის დიდ გავლენას საქართველოს ეკლესიაზე, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს საპატრიარქოზე გვერდით გადავდებთ, ვერ გავექცევით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს.
აქაც ყველაფერი მარტივად არის. მაშინ, როდესაც გვაქვს ისტორიულ-პოლიტიკური პრეცედენტი კოსოვოსთან დაკავშირებით _ საქართველოს სახელმწიფომ არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა და იქ დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობა აღიარა. ყველასთვის თვალნათელია ის გარემოებაც და ამის ფაქტობრივი მტკიცებულებები არსებობს, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობით წახალისებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ფაქტობრივად, არ აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მეტიც: რუსეთის ეკლესიას აფხაზეთის კონტექსტში ეს საკითხი ფორმალიზებულიც კი აქვს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რეალურად, ჩამოართვა კიდეც ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის წოდება. რუსეთის ეკლესიას პოლიტიკური ხელისუფლების მხარდამხარ ოკუპირებული აქვს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებლური სივრცე. ასევე ცნობილია, რომ ამ ტერიტორებს საეკლესიო თვალსაზრისით მაიკოპის ეპოსკოპოსი მართავს.
შესაბამისად, საქართველოს ეკლესიის მესვეურების შეფარული განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში საქართველოს ეკლესია დაკარგავს აფხაზეთს და რუსეთი აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, ხოლო ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას რუსეთის ეკლესია პირდაპირ მიიერთებს, ეს არის მოსახლეობის, მრევლის დაშინება უკანა რიცხვით.
95 წლის წინათ, 16 მარტს, წმინდა ამბროსი აღმსარებელმა (ხელაია) სასამართლო პროცესზე სიტყვა წარმოთქვა და ისტორიულ პრიზმაში გაასამართლა რეჟიმი, რომლის ნარჩენებსაც დღემდე ვებრძვით საქართველოსა და უკრაინაში. ვებრძვით ადამიანები, რომელთათვისაც საქართველო და უკრაინა, ამ სახელმწიფოების მოქალაქეები, თავისუფლების გარეშე არაფერს ღირებულს არ წარმოადგენენ. ვებრძვით მათ, ვინც ჯერაც ცხოვრობს Хозяин-ისთვის და Хозяин-ის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. ჩვენდა სავალალოდ ასეთი ადამიანები ყველგან გვყავს. სწორედ ეს გახლავთ რუსული პოლიტიკა, რომელიც მართლაც სცილდება ქრისტიანულ ღირებულებებს, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას _ სიმართლეს.
იმ სიტყვაში კათოლიკოსი ამბროსი ასეთ რამეს ამბობს: „მახსოვს პუციკოვიჩის გეოგრაფია, რომელშიც თითოეული კუთხის აღწერა დასურათებული იყო ადგილობრივ მკვიდრთა ტიპებით. ველიკორუსი გამოყვანილი იყო: დიდი, ახოვანი, კმაყოფილი სახით და ამაყი გამომეტყველებით და ქვეშ მიწერილი ჰქონდა: „ Хозяин земли русской“. სხვა ეროვნებათა წარმომადგენელი იყო მონის და დაჩაგრულის გამომეტყველებით. თვით სკოლა აწვდიდა ხალხს ამ დიდმპყრობელობით იდეას და რა გასაკვირია, რომ მის მისწრაფებათ იქცა ყველასათვის ეცქირათ, როგორც მონებისათვის, მათ ქვეშევრდომთათვის. ოცდაათიოდე წლის წინათ მოწმე გავხდი შემდეგი სანახაობისა: ქ. სოხუმის ბულვარი, ზღვის პირად მრავალი მოსეირნე. აქვე დგას ორი რუსი ძალზე შეზარხოშებული. ერთი მათგანი უჩვენებს თოვლიან მთებზე და ეუბნება მეორეს: „ Эти горы наши… Все народы там живушне наши подданные и все здесь гуляющие нам подчинены“. და დააბოლოვა იმნაირი სიტყვებით, რომლების მოყვანა აქ არ შეიძლება“. თუნდაც ეს მაგალითი მრავლისმეტყველია დღევანდელი გადასახედიდან და იმ შედეგის გასააზრებლად, რა რეალობაშიც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ვიმყოფებით.
უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით ჩვენ ვხდებით ისტორიული ფაქტის მომსწრენი, როდესაც იცვლება მსოფლიო საეკლესიო წესრიგი, რაც აუცილებლად ჰპოვებს გავლენას მსოფლიოს პოლიტიკურ წესრიგზე.
და ერთი მეტად მნიშვნელოვანი დაკვირვება წმინდა პოლიტიკური რაკურსიდან _ არავითარი რეალური „განხეთქილება“ აფხაზეთში საეკლესიო თემატიკაზე არ არსებობს.
ის, რასაც ჩვენ ხშირად აღვიქვამთ „განხეთქილებად“ მამა ბესარიონ აპლიას „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეპარქიასა“ და დბარ-სარსანიას „წმიდა მიტროპოლიას“ შორის, სინამდვილეში არის აფხაზური ელიტების მიერ უდიდესი ოსტატობით და პროფესიონალიზმით გათამაშებული _ დახვეწილი, რაფინირებული პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც მათ საშუალებას აძლევთ „ბალანსირებისა“ რუსეთსა და საქართველოს ეკლესიებს შორის, იმ საბოლოო მიზნით, რათა აპლიამ და დბარმა ერთობლივად მიაღწიონ სტრატეგიულ მიზანს: აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას, შემდეგ ამ ავტოკეფალიის „კონვერტაციას“ _ მის გამოყენებას „ინსტრუმენტად“ აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარებისა.
და აქ არის სწორედ კვანძის გახსნაც. აფხაზეთმა ამ ხნის განმავლობაში ვერ შეძლო დამოუკიდებლობის არეალის გაფართოება და იმ შემთხვევაში თუ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს რუსეთი, ის ისევ და ისევ დარჩება იმ პოლიტიკურ და რელიგიურ მოცემულობაში, რაშიც ამჟამად იმყოფება. თუ საეკლესიო წრეებიდან ქართულ საზოგადოებას აშინებენ, რომ იგივე ნაბიჯი შესაძლოა, კონკრეტულ ვითარებაში გადადგას მსოფილიო საპატრიარქომ, ეს ხომ სწორედ უფრო დამაზიანებელი იქნება საქართველოსთვის, თუნდაც, სეპარატისტების მიზნების რეალიზების _ დამოუკიდებლობის არეალის გაფართოების გათვალისწინებით.
აფხაზები, ისევ და ისევ, დიდოსტატურად თამაშობენ ამ წინააღმდეგობათა მრავალმხრივ კომპლექსზე მთავარი მიზნის მისაღწევად: აფხაზეთის ავტოკეფალია და შემდეგ მისი „ინსტრუმენტალიზება“ ფართო ევროპული აღიარების მოსაპოვებლად. ამ ფონზე საქართველოს საპატრიარქოს არა მხოლოდ რელიგიურ, არამედ პოლიტიკურ ასპექტში უნდა ესმოდეს, რას შეუწყობს ხელს განზე განდგომით და უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების პროცესის გაჭიანურებით ან აუღიარებლობით.
„ციანიდი“ და „შავი ჯიპი“ მნიშვნელოვანი თემაა, რასაკვირველია, მაგრამ არაფერია იმ ისტორიულ გამოწვევასთან შედარებით, რასაც ჩვენი ეკლესია დღეს შეეჩეხა და რაც შესაძლოა, ძალიან ცუდად დასრულდეს ამ გაუთავებელი მარაზმატული შიდა დაპირისპირებებით, რომელსაც დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს როგორც მოსკოვში, ასევე კონსტანტინოპოლში, სოფიაში, ბუქარესტში, ბელგრადში, ათენსა და სხვა მართლმადიდებლურ ცენტრებში.
გავითვალისწინოთ, რომ მართლმადიდებელი სამყარო, რომლის გარშემო კონსოლიდირებული კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, არ არის „შემოკრებილი“ პაპის ირგვლივ _ აქ უმნიშვნელოვანესია უმრავლესობის პრინციპი.
ჩვენ უნდა ვცადოთ, ეს პრინციპი საქართველოს სასარგებლო იყოს, თორემ, შესაძლოა, ამგვარი უმრავლესობა ჩვენ საწინააღმდეგოდაც შედგეს და აქ ნამდვილად არ ვგულისხმობ მხოლოდ რელიგიურ ფაქტორებს, უპირველესად მხედველობაში მაქვს ამ ფაქტორებიდან გამომდინარე დამაზიანებელი ვითარება სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ პრიზმაში.
„ყველა ღვთისმსახურისთვის და მინიმალურად გონიერი ერისთვის ხომ ისედაც თვალნათელია, რომ „ქრისტიანულ ეკლესიაში“ ყველა ერი თანასწორია და ამიტომაც არც ერთი მათგანი არ უნდა აცხადებდეს პრეტენზიას განსაკუთრებულ პრივილეგიებზე“ (საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს კირიონ II).
ეს სიტყვები სცდება „ქრისტიანულ რელიგიას“ და მას, რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური დატვირთვა და შემადგენელი. ამიტომ როდესაც ვმსჯელობთ ისტორიულ სამართლიანობაზე უკრაინის წმინდა ეკლესიასთან და მის ავტოკეფალიასთან მიმართებით, გადაწყვეტილება, პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს ისტორიულ სამართლიანობას და გადაწყვეტილებას წინ უნდა უძღოდეს სწორედ ამ სიტყვების ფუნდამენტური _ პოლიტიკურ-რელიგიური გააზრება.
დიახ, რაც სამართლიანი იყო და არის ჩვენთვის, ასევე სამართლიანია უკრაინისთვისაც.
დაბოლოს, ამ ისტორიული გადაწყვეტლებისთვის ჩვენ ამ ეპოქის შვილები ვალდებულნიც კი ვართ, მადლობა გადავუხადოთ მსოფლიო პატრიარქს. ის, რაც მან შეძლო თავისი სიმამაცითა და გამბედაობით, ვერ შეძლო მსოფლიოს უამრავმა ზემძლავრმა სახელმწიფომ თუ გამორჩეულმა ლიდერმა.
ასევე წარმატება ვუსურვოთ უკრაინელ ხალხს და უკრაინის წმინდა ეკლესიას. და, რა თქმა უნდა, გონიერებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების იმედი დავიტოვოთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურების მხრიდან, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გადაწყვეტისას.

გოჩა მირცხულავა