ზაქარია ქინქლაძე დააკავეს, მის ადგილზე კი იური ნოზაძის ნათესავი გიორგი ნოზაძე დანიშნეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსი ზაქარია ქინქლაძე დააკავა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ზაქარია ქინქლაძეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სამსახურიდან წასვლას საუთარი განცხადებით სთხოვდნენ, მაგრამ მან უარი თქვა.

ქრთამის მიცემის ბრალდებით მასთან ერთად დაკავებულები არიან შპს „გრემის“ დამფუძნებლები გოჩა ფშავლიშვილი და გიორგი არჩუაშვილი, შპს „ქისტაურის“ დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ლეფსვერიძე და მოქალაქე ვაჟა ფშავლიშვილი.
„ქრონიკა+“-ს საკუთარი წყარო უყვება, რომ ეს დაკავება, უბრალოდ, ადამიანის გაფუჭება და დანაშაულის იმიტაცია იყო. ყველა დაკავებული ადასტურებს, რომ სერიალის მთავარი გმირი, ბესო შუბითიძე (გზდ-ს კახეთის სამმართველოს უფროსი), სანამ ჩანაწერებს გააკეთებდა, სამჯერ მაინც შეხვდა თითოეულს საკუთარი მეგობრის (პოლიციის ყოფილი თანამშრომლის) ძმის მეშვეობით, რომელსაც ხე-ტყის ჭრასთან არანაირი კავშირი არ აქვს, მაგრამ დანარჩენთან დასაკონტაქტებლად გამოიყენა და როგორც თანამონაწილე, ისიც დააჭერინა.
შეხვედრებზე იგი თავს აცოდებდა და ყველას არწმუნებდა, რომ ეკონომიურად უჭირს, ხვალ-ზეგ შეიძლება, სამსახურიდან გაუშვან და მშიერი დარჩება, ამიტომ სანამ ამ პოსტზეა, მზად იყო, მათთვის ყოველთვიური გასამრჯელოს სანაცვლოდ, შესაბამისი დახმარება გაეწია. სწორედ წინასამზადისის შემდეგ, ამ სპექტაკლის სცენარის ავტორ ირაკლი მუკნიაშვილის (გზდ-ს დეპარტამენტის უფროსი) რეჟისორობით და მისი მხრიდან ანტიკორუფციული სააგენტოს ჩართვით დაიწყო ჩანაწერების „გაოფიციალურება“ ისე, რომ ანტიკორუფციულში არც უკითხავთ, ჰქონდა თუ არა ამ ჩანაწერებამდე ბესო შუბითიძეს „დამნაშავე“ პირებთან შეხვედრა. დადებით შემთხვევაში, ეგებ, აქეთ ჩაუწერეს შუბითიძეს შეხვედრები?! სიმართლეს სასამართლო დაადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის მართლმსაჯულების შემდეგ ასეთ სპექტაკლს თუ ვინმე კიდევ დადგამდა, არავის ეგონა.

აი, რას უყვება „ქრონიკა+“-ს კახეთის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც კონფიდენციალობის დაცვა ითხოვა:
„ეს ყველაფერი რომ დადგმული სპექტაკლია და ჩვენი უშუალო ხელმძღვანელის, ზაქარია ქინქლაძის დასჯას ემსახურებოდა, ამის დასადასტურებლად ქრონოლოგიურად ფაქტებით მოგიყვებით. ამჟამად ჩვენი დეპარტამენტის მუშაობაში უძრაობის ხანაა, არაფერი სერიოზული აღარ კეთდება და ჯარიმებს მხოლოდ სიგარეტის ნამწვის გადაგდებაზე ვწერთ. თუ თანამშრომლებში მოიკითხავთ, ყველა დაგიდასტურებთ, რომ ირაკლი მუკნიაშვილიდან წამოსულია დირექტივა, რომ სწრაფი რეაგირების ჯგუფები გზიდან არ უნდა გადავიდეს და სამართალდამრღვევთა საძიებლად ტყეში არ უნდა შევიდეს, რადგან მოტივაცია ასეთია:
პირველი თებერვლიდან ტყის დაცვის მთლიანი ფუნქცია თავისი შტატებით უნდა გადასულიყო (და გადავიდა კიდეც) გზდ-ში (სატყეო სააგენტოს რჩებოდა მხოლოდ „მსუყე ლუკმა“ _ ტყის მოჭრისა და რეალიზაციის უფლება) და არაა საჭირო, ჩვენივე „ორგანიზმს“ დავუწყოთ ბრძოლაო, რაც ყველამ ვიცით, რა აბსურდიცაა. სინამდვილეში, სახეზეა სუფთა კორუფციული გარიგება, რომელსაც, რატომღაც, ვერავინ ხედავს. უკვე გადამუშავებული ხე-ტყის ე. წ. ფიცრის კონტროლი ისედაც შემოსავლების სამსახურის პრეროგატივაა და დარღვევები თუ ტყეში ვერ აღმოვაჩინეთ, სხვის ფუნქციებში ჩარევაც გამოგვდის და ჩვენი მონიტორინგის სამსახურსაც მეტი რა უნდა, _ სხვას ისედაც არაფერს აკეთებენ, მონიტორზე კაბინეტებიდან გვაკვირდებიან, რომელ მონაკვეთში გადავაჭარბებთ სიჩქარეს და ხომ არ ვეწევით სიგარეტს. სხვათა შორის, რაც ქინქლაძეს გადაეკიდნენ და წასვლაზე მიუთითეს, უარის შემდეგ პირველი საყვედური სწორედ მაგაზე „აარტყეს“, თუ რატომ მოწია სიგარეტი სვანეთის გზაზე, ხოკოს საგუშაგოზე დროებით განთავსებულ ჯიხურში, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, რომლითაც გვაკვირდებიან, რას ვლაპარაკობთ და ხომ არ ვეწევით სიგარეტს, თითქოს სხვა საქმე აღარ აქვთ და ყველაფერი დანარჩენი წესრიგშია, თითქოს სვანეთში აღარ არსებობს უკანონო ჭრები და აღარ ამუშავებენ უკანონო სახერხ დანადგარებს (ე. წ. ლენტურ ხერხებს), რომელიც თითქმის ყველა რეგიონში მრავლადაა (მათ შორის, შიგ ტყეში ჩადგმული).
ერთ-ერთი აკრძალვაც ტყეში ჩვენს შესვლაზე სწორედ ამან გამოიწვია, რადგანაც ყველამ იცის, რომ ზემოთ არის „გაიასნებული“ ყველაფერი. სწორედ ხოკოს პოსტზე მოისმენ ჩვენი ბიჭების გულის ტკივილით მონაყოლს (სადაც შერეული ჯგუფები გვაქვს სხვადასხვა რეგიონიდან) და ეგებ, მოიკითხოს ვინმემ, რა ხდება მაღალმთიან აჭარაში, სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით უკანონო სახერხ აგრეგატებს, თუმცა გამოვლენის საშუალებას არავინ გვაძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით კანონი გამკაცრდა და ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, მხოლოდ კანონის გამკაცრება, როდესაც ადგილებზე მონიტორინგი არ მიმდინარეობს და ყველაფერი მიშვებულია, დანაშაულის შემაკავებელ ფაქტორად ვერ იქცევა. ჩვენს მიტანილ ინფორმაციებზე (უკანონო სახერხების არსებობაზე) კი გვეუბნებიან: „ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია და თუ მისახედია, პოლიცია მიხედავს“. პოლიციისკენ იშვერენ ხელს, რომ ისინი ჩართულები არიან კორუფციაში და ცალკეულ პირებს „კრიშავენ“. ამ დროს ტყის კონტროლი უშუალოდ ჩვენ გვეკუთვნის. ყველაფერზე პასუხი კი ისევ ის იქნება, _ პრევენციაზე ვმუშაობთო.
ასეთი გარიგებები, სამწუხაროდ, მხოლოდ ხე-ტყეზე არაა, უკანონო თევზჭერაზეც ვრცელდება. არიან უკანონო „დაკრიშული“ მეთევზეები, რომლებსაც უფლება აქვთ, წლის ნებისმიერ პერიოდსა და მდინარეზე აკრძალული საშუალებებით, ელექტროშოკური აპარატითა და ნავის გამოყენებით, დაიჭირონ და რეალიზაცია გაუკეთონ ნებისმიერი რაოდენობის თევზს. მინდა გულდაწყვეტით გავიხსენო ერთი ასეთი ფაქტი: 2018 წლის შემოდგომაზე ინფორმაცია მივიღეთ, რომ მდინარე ალაზანზე ბრაკონიერ მეთევზეთა ჯგუფი სისტემატურად ახორციელებდა უკანონო თევზჭერას. ზაქრო ქინქლაძის თხოვნით, რამდენიმე ცვლის გადაბმა მოგვიწია, ვაწყობდით ჩასაფრებებს, ვამონტაჟებდით ფოტო-ხაფანგებს და ერთი-ერთი ჩასაფრების დროს ეს ჯგუფი დავაკავეთ (ამ პიროვნებებზე ახლა არ ვისაუბრებ. ჰკითხეთ ზაქროს მისი ადვოკატის მეშვეობით და ის თავად გეტყვით, რომელსაც, სხვათა შორის, ამ ფაქტის ამსახველი ყველა ვიდეომასალა და დოკუმენტაცია აქვს). ამოვიღეთ ნავი, თევზი, ელექტროშოკური აპარატი, მთელი ღამე ფარნების შუქზე ვიმუშავეთ, შესაბამისი დოკუმენტაცია გავაფორმეთ და გათენებას ველოდებით, რომ ირაკლი მუკნიაშვილს რეგიონის უფროსი შუბითიძე შეატყობინებს და მადლობას მაინც გვეტყვიან. და ამ დროს სრული შოკი!.. მუკნიაშვილისგან ვიღებთ ბრძანებას, გავუშვათ ეს ხალხი, დავუბრუნოთ ჩამორთმეული ინვენტარი, ოქმები კი გავანადგუროთ. დამიჯერეთ, ღონისძიებაში მონაწილე არც ერთ თანამშრომელს სამსახურში დარჩენა აღარ გვინდოდა, ხოლო როდესაც შუბითიძემ გვთხოვა, ბრაკონიერებს ნავის მათი მანქანის ჭერზე დადებაში მივხმარებოდით, ყველამ უარი განვუცხადეთ. ეს ერთგვარი პროტესტი იყო, სამწუხაროდ, მეტი ვერაფერი შევძელით, არადა, ყველანი დიდ დამცირებას ვგრძნობდით. დამცირებას არა მხოლოდ ჩვენ, არამედ შუბითიძის მიმართაც, რადგან სწორედ მას მოუწია ჩვენგან ჩამორთმეული ნავის, ელექტროშოკური მოწყობილობისა და ბადის თავისივე ხელით დატვირთვა ბრაკონიერების მანქანაზე. არ დაგვავიწყდება იმ მომენტში ზაქრო ქინქლაძის სახე, რომელიც გაფითრებული უყურებდა და ხმას ვერ იღებდა. იგი ჩვენკენ მობრუნდა, გვითხრა: „მე გიხდით ბოდიშს“… და წავიდა. აღნიშნული სცენა ერთ-ერთმა ჩვენგანმა ტელეფონით გადაიღო და შემდეგ დიდხანს ვფიქრობდით, გამოგვემზეურებინა თუ არა ეს ვაჟბატონები ჩვენივე ხელმძღვანელ შუბითიძის „დადედლებულ“ სახესთან ერთად, მაგრამ ზაქროს თხოვნით სამსახურის იმიჯს გავუფრთხილდით და ეს არ გავაკეთეთ. თუმცა ზაქრო მაინც ცდილობდა ხელმძღვანელებთან წინააღმდეგობის გაწევას და ამ პირთა მიმართ რეაგირებას ითხოვდა. ალბათ სწორედ ეს დღე იქცა მის მიმართ რადიკალური გადაწყვეტილების მისაღებად. ზაქრო ამ დღეს საბოლოოდ ჩაითვალა მიუღებელ პერსონად და მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო.
აქვე გავიხსენებ შერჩევითი სამართლის კიდევ ერთ ფაქტს:
ახმეტის სატყეო სამმართველოს უფროსმა ილია დათუნაშვილმა, რომელიც თავისი დაბადების დღის გრანდიოზულად აღნიშვნას აპირებდა და საპატიო სტუმრების ჩამონათვალში პირველ ნომრად სატყეო სააგენტოს უფროსი, მისივე მეგობარი თორნიკე გვაზავა უნდა ჰყოლოდა, დაბადების დღემდე ორი დღით ადრე თავის დაქვემდებარებაში მყოფ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ეროვნებით ქისტ მეტყევე-მონადირეებს მოუხმო და სუფრის ნაირსახეობის გამდიდრების მიზნით, ტყეში სანადიროდ გაუშვა. მეტყევე მონადირეებმა შეფს არ გაუმტყუნეს და ერთი არჩვიც მოუკლეს, მაგრამ მათი ეს გეგმა შეუმჩნეველი არ დარჩენია თანასოფლელებთან დაპირისპირებაში მყოფ სამართალდამცველ ფიდო ცხადაძეს (რომლის ძმაც ყოფილი მეტყევეა), რომელმაც მათ წასვლამდე თბილისის გზდ-ს აცნობა (რატომღაც, ჩვენ არ გვენდო) და თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსულმა ჯგუფმა ბრაკონიერები ნადავლთან ერთად დააკავა. მიუხედავად მიცემული ჩვენებებისა (ილია დათუნაშვილის დავალებით ნადირობა), ილია დათუნაშვილს თანამდებობა თორნიკე გვაზავასთან მეგობრობამ შეუნარჩუნა.
საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ ირაკლი მუკნიაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის ჯგუფელი და მეგობარია. მისი დანიშვნა სწორედ ამ მეგობრობამ განაპირობა, თორემ მუკნიაშვილი წინა წლებში ერთხელ უკვე იყო ამ თანამდებობაზე და თავი არაფრით გამოუჩენია. ის კი არა, მაშინაც კორუფციისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებისა და სიმთვრალეში ჩადენილი, თანამდებობისთვის შეუფერებელი არაერთი საქციელის გამო, დაკავებასაც გადაურჩა. სამაგიეროდ, ახლა მოიძია და აღმოაჩინა, რომ „მოდულის“ შენობაში, სადაც იგი ადრეულ წლებში (სააკაშვილის რეჟიმის დროს) მუშაობდა, მისი პერიოდის ბევრი ნაცნობი დაბრუნდა და მათთან ურთიერთობებიც აღადგინა. სწორედ ამიტომ რეალურ სამსახურზე დიდ დროს „მოდულის“ შენობაში ატარებს. ირაკლი მუკნიაშვილს არასოდეს დაუმალავს და ხმამაღლაც აცხადებდა, რომ ზაქარია ქინქლაძის მოშორება სურდა, რისთვისაც ნებისმიერ თემას გამოიყენებდა. ასეც დაიწყო. ჯერ ერთი საყვედური (უაზრო) მისცეს სიგარეტის მოწევაზე, მეორეც (უაზრო) _ თანამშრომლის თბილისში გამოუცხადებლობაზე. ბოლოს, მესამეც მზად ჰქონდათ… _ დაკავების გეგმა!
ამ ფაქტამდე ორი კვირით ადრე ზაქრომ მისი სამსახურებრივი ავტომანქანის გვერდითი სარკე დააზიანა (მოხვევისას ბოძს გამოსდო) და პატრულიც თავად გამოიძახა, რადგან იცოდა, „გამადიდებელი შუშის“ ქვეშ დაკვირვებაში იმყოფებოდა და ეს არაფერი იქნებოდა იმასთან, თუკი ამ ფაქტს დამალავდა და სარკეს საკუთარი ხარჯებით აღადგენდა, თან ეს ინციდენტი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფხიზელ მდგომარეობაში შეემთხვა. ირაკლი მუკნიაშვილმა თავისივე დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურს დაავალა ფაქტის მოკვლევა: გამოეკვეთათ ზაქროს დანაშაული და მესამე საყვედურით სამსახურიდან გაეგდოთ. ასეც დაიწყო მისმა „სადამსჯელო რაზმმა“, თუმცა, მოულოდნელად, გეგმა შეიცვალა და სამსახურიდან გაშვების თემა მისი დაჭერის გეგმამ ჩაანაცვლა. მათ იცოდნენ, რომ ზაქრო მებრძოლი სულისაა, ვერ იტანს უკანონობას, გაასაჩივრებდა და შესაძლოა, თავიც აღედგინა. ამიტომ მუკნიაშვილმა თავის მსტოვრებს დავალება მისცა, მესამე საყვედურის გამოცხადება შეეჩერებინათ და „უკეთესი“ გეგმის შესამუშავებლად „მოდულის“ შენობაში გადაინაცვლა.
სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ მუკნიაშვილმა მისი მოსვლის დღიდან, ნაცვლად იმისა, რომ მობილიზება გაეკეთებინა ისეთი სპეციფიკური სპეციალობების გასაძლიერებლად და შტატებიც სწორედ ისეთი სამსახურებისკენ მიემართა, რომლის ნაკლებობასაც ჩვენი დეპარტამენტი უჩივის, სამინისტროსგან დეპარტამენტისთვის დამატებით გამოყოფილი შტატები მის დაქვემდებარებაში მყოფ მონიტორინგის სამსახურს დაამატა, სადაც თანამშრომლებად სულ თავისი მეგობრები და უმუშევრად დარჩენილი ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები დაასაქმა და ხელფასებიც ორჯერ იმაზე მაღალი დაუნიშნა, რასაც მანამდე აქ მომუშავე თანამშრომლები იღებდნენ. ყველა მათგანი კი სამსახურებრივი ავტომანქანით უზრუნველყო. ამ ადამიანებზე არავინ კითხულობს, ვინ როდის მიდის და როდის მოდის სამსახურში, არც მათ მიერ დახარჯულ საწვავსა და ბიუჯეტის სახსრებს აკონტროლებს ვინმე. სამაგიეროდ, მისთვის არასასურველ კადრებს შეზღუდვები და ლიმიტები დაუწესეს ყველგან და ყველაფერში. ზაქროც ასე იყო. სარკის დაზიანების ინციდენტის შემდეგ მას სამსახურებრივი ავტომობილიც ჩამოართვეს, მანამდე კი ხელფასი და საწვავის ლიმიტიც შეუმცირეს _ ნიშნად იმისა, იქნებ, თავისით წასულიყო სამსახურიდან.
დაბოლოს, იმედს ვიქონიებთ, რომ ყველაფერს პასუხი გაეცემა, სასამართლოც სამართლიან განაჩენს გამოიტანს, მაგრამ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციის შედეგად ამ ბიჭების გაუბედურებაც არავის უნდა შერჩეს, მით უმეტეს, ძნელად წარმოსადგენია, ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ თვეების განმავლობაში მისი შევიწროება და მიზანმიმართული დევნა მიდიოდა, როგორ მოჰკიდებდა ფულს ხელს“, _ ყვება „ქრონიკა+“-თან ზაქარია ქინქლაძის თანამშრომელი.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ზაქარია ქინქლაძე ირაკლი მუკნიაშვილის ხელით სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და უჩა მამაცაშვილის სიძემ _ იური ნოზაძემ მოიშორა, რადგან კახეთი მსუყე ლუკმა იყო კორუფციული სქემებისთვის, როგორც სხვა რეგიონები. ქინქლაძეს კი ეს დანაშაულებრივი სინდიკატი თავისიანად არ მიიჩნევდა. ზაქარია ქინქლაძის დაკავების შემდეგ იური ნოზაძემ ამ თანამდებობაზე საკუთარი ნათესავი და მოგვარე გიორგი ნოზაძე დანიშნა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კახეთის რეგიონიც იმ კორუფციული სინდიკატის შემადგენელი ნაწილი ხდება, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებს.

P. s. ფოტოზე, რომელიც „ქრონიკა+“-ს სანდო წყარომ მიაწოდა, ასახულია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი, რომელიც ყოველი ღრეობის მერე მსგავს თეატრალურ წარმოდგენებს მართავს.

ელისო კილაძე