1920 წლის იანვარი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2-5.

1920 წლის იანვარი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესამე დამოუკიდებელი წელიწადის დასაწყისი. ახალ წელთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ პირველი იანვრის ნომერში დიდ წერილს აქვეყნებს. ეს წერილი ერთგვარად გასული წლის შეჯამებას და ახალ წელიწადში ქვეყნის პერსპექტივების ანალიზს ეთმობა. ვინაიდან გაზეთი „საქართველო“ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ბეჭდვითი ორგანო იყო, ამ წერილში მმართველი _ სოციალ-დემოკრატიული პარტიის უხვი კრიტიკაც გვხვდება. თუმცა თუ პარტიულ ბრალდებებს ჩამოვაშორებთ და მხოლოდ ნეიტრალურ ინფორმაციას დავტოვებთ, ამ წერილის საშუალებით იმდროინდელი საქართველოს რეალურ სურათს დავინახავთ: „წელს ახალი წელი საქართველოში, შედარებით შარშანდელთან, მშვიდობიანობის ნიშნის ქვეშ მიდის. შარშან ახალ წელს საქართველოს მხედრობა სანაინისა და სადახლოს ბრძოლის ველზე შეხვდა და მთელი საქართველო ძარღვებ დაჭიმული ამ ომზე ფიქრობდა. ქართულმა მხედრობამ ღირსეულათ მოიხადა თავისი ვალი, ერთხელ ზედმეტათ ძლევით შეიმოსა მისი იარაღი და რომ ჩვენ მართველებს შეძლებოდათ მოგებულ ბრძოლის გამოყენება, ეს ომი ეპოქა იქნებოდა საქართველოს ისტორიაში.
ამ ომის გარდა სხვა ომი არც ყოფილა. დენიკინის იარაღის ჟღარუნი ჯერ-ჯერობით სისხლის დაუღვრელათ გათავდა და ბოლშევიკების გამოსვლები გურიაში და სხვა პროვინციებში შეუძლებელია შეედაროს იმ გამოსვლებს, წინათ რომ ჰქონდათ ადგილი დუშეთსა და სამეგრელოში. ამ წლის განმავლობაში ხალხი უფრო შეეჩვია მშვიდ სამოქალაქო ცხოვრებას; ძველ დემაგოგიის ცხელება და სოციალისტური ილუზიები თანდათან ჰქრებიან….
თუ ეროვნულ სახელმწიფოს შექმნის ნებისყოფა ქართველ ხალხში გაიზარდა ისეთი პროპორციით, როგორც ამდენხანს, მაშინ არავითარი ეჭვი არ არის იმაში, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მკვიდრ ნიადაგს დადგება და რაც უნდა პარტიული შემადგენლობის არ იყოს მთავრობა, ამას ანგარიშს გაუწევს და ჭკუაში ჩახვდება.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხის ბუნებრივი ნიჭი სახელმწიფოს აშენებისა, ამ წელს უფრო გარკვევით გამოჩნდება. შინაგან ცხოვრების მოწესრიგება თანდათან განამტკიცებს საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობას და ასწევს პრესტიჟს, რაც გამოიწვევს ჩვენ დამოუკიდებლობის ცნობას. ეს კი შეჰქმნის ქართველ ხალხში დიდ სტიმულს ახალი სახელმწიფოებრივი მუშაობისთვის.
წელს მართალია მშვიდობიანი წელი აპირებს დადგომას, მაგრამ სისხლის ღვრის საფრთხეზე უფრო საშიშარია სიმშილის საფრთხე. წლევანდელი მოუსავლიანობა ბადებს ამ შიშს და ათასჯერ მეტი გაფრთხილებით, ვინემ წინათ უნდა იყოს გამოყენებული ყოველივე საშუალება, რაც თავიდან აგვაცილებს ამ საფრთხეს და მოგვარიდებს კატასტროფას. ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმ შეგნებაზე, რომელსაც გამოიჩენს ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა“.
ახალ წელთან დაკავშირებით 3 იანვრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ კიდევ ერთ ცნობას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს მთავრობისთვის ახალი წლის მისალოცად ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქ იმყოფებოდა ანტანტის უმაღლესი კომისარი ამიერკავკასიაში პოლკოვნიკი ჰასკელი და მისი თანაშემწე პოლკოვნიკი დელი. დიდი ბრიტანეთის მისიიდან მილიგან გრეიდი და მაიორი დეილი, საფრანგეთის სამხედრო მისიის თავმჯდომარე გენერალი დენონაკური ოფიცრებით. იტალიის მისიის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი გაბა, სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ევანგულოვი, საბერძნეთის _ სტავრიდაკისი, პოლონეთის _ ოსტროვსკი და ა. შ. სამინისტროს შესასვლელში სახალხო გვარდიის საპატიო ყარაული იდგა, დიდ დარბაზში კი სტუმრებისათვის საუზმე იყო გაშლილი. სუფრას თბილისის თავი ბენია ჩხიკვიშვილი უძღვებოდა. წარმოითქვა მრავალი სადღეგრძელო. როგორც გაზეთი წერს, მეტად ნასიამოვნები სტუმრები ნაშუადღევის 3 საათზე დაიშალნენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო აღიარება

1920 წლის 12 იანვარი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღად შევიდა. ამ დღეს ანტანტის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა დე-ფაქტო აღიარა. ეს აღიარება დიდწილად რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე განვითარებულმა მოვლენებმა განსაზღვრა.
1920 წლის ზამთარში ბოლშევიკებმა სამოქალაქო ომში მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს. წითლებმა ზედიზედ დაამარცხეს კოლჩაკისა და იუდენიჩის არმიები, მნიშვნელოვნად შეავიწროვეს დენიკინის მოხალისეთა ძალები და 1920 წლის დასაწყისში კავკასიის რეგიონს მოადგნენ. კავკასიის თემამ, რომელსაც ანტანტა აქამდე მეორეხარისხოვან მნიშვენლობას ანიჭებდა, კვლავ სიცოცხლე შეიძინა და სწორედ ამის შემდეგ აღიარეს მოკავშირეებმა ქართული სახელმწიფოს დე-ფაქტო დამოუკიდებლობა. ანტანტაში შემავალი ქვეყნებისთვის კავკასიას ბოლშევიკურ რუსეთთან ერთგვარი ბუფერული სივრცის როლი ეკისრებოდა. რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდაჭერით, მოკავშირეები ამ მიმართულებაზე ბოლშევიკების შეკავება-გამიჯვნას ცდილობდნენ.
ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე-ფაქტო აღიარების შესახებ პირველი ცნობა ქართულ პრესაში 13 იანვარს გამოჩნდა. გაზეთმა „საქართველომ“ გამოაქვეყნა მასალა, რომელსაც სათაურად დიდი შრიფტით ეწერა: „საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს!“ შემდეგ სტატია იუწყებოდა, რომ ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ამიერკავკასიაში, მისტერ ოლივერ უორდროპმა საქართველოს ხელისუფლებას განუცხადა, რომ მან თავისი მთავრობისგან ოფიციალური შეტყობინება მიიღო. ამ შეტყობინების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორდმა კერზონმა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს წინადადებით მიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ფაქტობრივი ცნობის თაობაზე და ეს წინადადება ანტანტის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო.
ამის შემდეგ გაზეთი მკითხველს ემოციურ სტატიას სთავაზობს, სადაც დე-ფაქტო ცნობის სიხარულია გადმოცემული: „ასი წლის მონობის შემდგომ აღდგენილი ჩვენი თავისუფალი არსებობა ამიერიდან ევროპის და ამერიკის დასტურს ღებულობს და ჩვენი რესპუბლიკაც სწორუფლებიანი წევრი ხდება კულტურულ კაცობრიობის ოჯახში.
გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ინგლისს და მის მოკავშირეთ!
მოეღო ბოლო საქართველოს სახელმწიფოებრივობის გამოურკვევლობას. მოეღო ბოლო ქართველი ხალხის ნერვიულ მოლოდინს და შიშს. საქართველოს საკითხის გარშემო გაისკვნა მძიმე კვანძი, რომლის გახსნას ევროპა დიდის სიფრთხილით აპირებდა. დღეს ეს მძიმე კვანძი უკვე გაიხსნა და მთელი მსოფლიოს წინაშე საქართველოს დამოუკიდებლობა ფაქტად იქცა. მიებარა წარსულს ასი წლის მონობა, ევროპასთან დამოკიდებულების პირველი სიძნელენი და მწარე გაუგებრობანი, ევროპის ქვეყნების რყევა ჩვენი დამოუკიდებლობის საქმეში და რესპუბლიკის მცხოვრებთა შიში, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არ იქნება ცნობილი. ყოველივე ეს წარსულია. ჩვენი მატიანეს ერთი ფურცელი. საქართველოს თავისუფალმა სახელმწიფოებრივობამ მტკიცედ შემოდგა ფეხი ჩვენს ცხოვრებაში და ქართველი ხალხი მოწიწებით ეგებება ამ უდიდეს დღესასწაულს.
ევროპის ქვეყნებს არ შეიძლებოდა არ ეცნოთ დამოუკიდებელი არსებობა იმ ქვეყნის, რომელსაც მრავალ საუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორია ჰქონდა და ამ მსოფლიო ომითა და რევოლიუციებით გამოწვეულს საშინელ პირობებშიაც თავისუფალი ცხოვრების შენების წარმოებას ახერხებდა…
რესპუბლიკის მცხოვრებთა შემოქმედებითი მუშაობა სახელმწიფოებრივი სიმკვიდრის შესაქმნელად ახალი ძალებით შეიმოსება. მტკიცე იმედი სასურველი მომავლისა იქნება წინამძღვარი ყოველივე ჩვენი მუშაობისა. ამიერიდან საქართველო, როგორც მთლიანი ერთეული და ყოველივე მისი ნაწილი საქართველოს კეთილდღეობისთვის იმუშავებს, მის საბედნიერო მომავლის გასაჭედათ იშრომებს.
გაუმარჯოს აღდგენილ თავისუფლებას! გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას! გაუმარჯოს ინგლისს და მის მოკავშირეთ!“
ამ ემოციური სტატიის შემდეგ გაზეთი „საქართველო“ დეტალურად აღწერს, თუ როგორ შეიტყო საქართველოს მთავრობამ ამ სასიხარულო ამბის შესახებ და რა ხდებოდა ქალაქში. ეს ამბავი ქალაქს ელვის სისწრაფით მოედო და სპონტანური ზეიმი დაიწყო. სამთავრობო უწყებებმა, ბანკებმა და სხვა დაწესებულებებმა მუშაობა შეაჩერეს. საცხოვრებელი სახლები და სახელმწიფო დაწესებულებები ეროვნული დროშებით მოირთო. არსენალის მთიდან ისროდნენ ქვემეხები. ქართველმა სამღვდელოებამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს მეთაურობით, ამ სასიხარულო ამბავთან დაკავშირებით, სამხედრო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს.
შუადღის პირველ საათზე მეფისნაცვლის ყოფილ სასახლესთან ეროვნული დროშებით მივიდნენ საქართველოს რესპუბლიკის მასწავლებელთა ყრილობის წევრები. შემდეგ მათ შეუერთდნენ თბილისის მცხოვრებლები და სასახლის წინ უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი.
შეკრებილებს აივნიდან სიტყვით მიმართა მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ. როგორც გაზეთი წერს, ჟორდანიამ გაბრწყინებული სახითა და თვალცრემლიანმა მიულოცა ხალხს ეს დაუვიწყარი ამბავი. მოქალაქეებს მიმართა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა ვალიკო ჯუღელმა, ევროპაში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა აკაკი ჩხეიძემ.
სასახლესთან გამართული სახელდახელო მიტინგის შემდეგ ხალხი მადლობის გადასახდელად ანტანტის უმაღლესი წარმომადგენელის, პოლკოვნიკ ჰასკელის რეზიდენციისკენ გაემართა. საღამოთი ქალაქი გაჩირაღდნებული იყო. მამა დავითის მთიდან ისროდნენ შუშხუნებსა და ფერად ფოიერვერკებს.
14 იანვრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ მკითხველს უკვე საქართველოს დე-ფაქტო აღიარების მნიშვნელობაზე მოუთხრობს: „ძნელია გათვალისწინება ყველა იმ მოსალოდნელ შედეგებისა, რომელიც უნდა მოჰყვეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ევროპის მიერ. საერთაშორისო შედეგები უფრო გარკვეულია. დღეიდან საქართველო წევრია საერთაშორისო ოჯახისა და ევროპის სახელმწიფოებს მასთან ყოველგვარი დამოკიდებულობის დაჭერა შეუძლია. სახელმწიფოებრივ თავდაცვისათვის, თუ რესპუბლიკაში წარმოების სხვა და სხვა დარგის განვითარების მიზნით, საქართველოს შეუძლიან ხელშეკრულებანი დასდოს ევროპის ქვეყნებთან. აქამომდე ევროპის ქვეყნები დიდათ ერიდებოდენ ჩვენთან სერიოზული დამოკიდებულობის დაჭერას, ამის ერთი მთავარი მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყო ცნობილი, როგორც სახელმწიფო.
ჩვენი საერთაშორისო სახის გამორკვევის შემდგომ ჩვენ გვიადვილდება ევროპის სახელმწიფოებთან ეკონომიკური დაახლოება. საზრიანი ეკონომიკური პოლიტიკით ჩვენ შეგვეძლება დავიხმაროთ ევროპის კაპიტალი, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების აშენების საქმეში…
საქართველოს მიწა წყლის დაცვის საქმეში ეს აქტი უდიდესი მოვლენაა. რესპუბლიკის ჯარს და გვარდიას ახალს თავგანწირვებას და მხნეობას ანიჭებს დამოუკიდებელ საქართველოს ყველასგან ცნობა. დამოუკიდებლობის ამბავი, ჯადოსნური ძალა, სავსებით გააღვიძებს ჩვენს ერში მის ამაყობას და სიქველეს მამულის დაცვაში. ასი წლის მონობის ფერფლით დაფარულს მამულიშვილურს თავგანწირულებას სრულიად განფანტავს ეს ახალი სასწაულ-მომქმედი ძალა. ჩვენ ყველას უნდა გვწამდეს ჩვენი ისტორიის ამ უდიდესი აქტის ეს ძლევა მოსილება. მან უნდა მოახდინოს გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში და ერი უნდა გააერთიანოს თავის არსებობის დაცვის და განმტკიცების უძლიერესი ინსტიქტით“.
ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს დე-ფაქტოდ ცნობის აღნიშვნა საქართველოში რამდენიმე დღე გაგრძელდა. ამ ზეიმში განსაკუთრებული ადგილი დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარ ოლივერ უორდროპს ეკავა, რომელიც საქართველოს მეგობარი და მხურვალე გულშემატკივარი გახლდათ და რომლის ყოველდღიური შრომის შედეგი იყო ეს აღიარება.
14 იანვრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ ქართულ კლუბში ხელისუფლების მიერ მოწყობილი ბანკეტის შესახებ მოგვითხრობს, სადაც საყოველთაო ყურადღების ობიექტი სწორედ ოლივერ უორდროპი გახდა: „სრულ 11 საათზე მქუხარე ტაშისა და ვაშას ძახილით შემობრძანდა კლუბის დარბაზში ჩვენი ძვირფასი გუშაგი, დამოუკიდებლობის ცნობის პირველი მახარობელი მისტერ ოლივერ უორდროპი ინგლისის სამხედრო რწმუნებულ მაიორ დეილისთან ერთად. ორკესტრმა შეასრულა ინგლისის ჰიმნი… ოლივერ უორდროპს მხარს უმშვენებდნენ ერთის მხრივ ქალაქის მოურავი ბენია ჩხიკვიშვილი და მეორეს მხრივ ბ. ლომთათიძე. თამადად არჩეულ იქმნა ბ. ჩხიკვიშვილი, რომელმაც პირველი სადღეგრძელო მიირთო საქართველოსი, რომელიც უმაღლეს კავშირმა უკვე იცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოთ. ორკესტრმა შეასრულა ჰიმნი; შემდეგ წარმოითქო სადღეგრძელო ჩვენი ძვირფასი მისტერ ოლივერ უორდროპისა როგორც გულწრფელ და ძვირფას ქომაგისა ჩვენი დამოუკიდებლობისა…“
როგორც გაზეთ „საქართველოს“ 16 იანვრის ნომერში ვკითხულობთ, ქართულ კლუბში მოწყობილი საზეიმო მიღების შემდეგ, მეორე დღეს, ბრიტანეთის მისიაში მიღება მისტერ ოლივერ უორდროპმაც გამართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის სრული შემადგენლობა და თბილისში მყოფი ყველა დიპლომატი ესწრებოდა.
უკრავდა საგანგებოდ მოწვეული მუსიკოსთა გუნდი. სახელმწიფო თეატრის მომღერლებმა სარაჯიშვილმა და ინაშვილმა რომანსები შეასრულეს. საზეიმო ნადიმზე პირველი სადღეგრძელო უორდროპმა წარმოთქვა და საქართველოსთან ერთად, დიდი ბრიტანეთის მონარქი გეორგ მეხუთე ადღეგრძელა. საპასუხო სიტყვაში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ საქართველოს აღიარების საქმეში სერ ოლივერის უდიდესი დამსახურება აღნიშნა და მას ჯანმრთელობა უსურვა. საზეიმო ნადიმი ღამის 12 საათამდე გაგრძელდა.

ბოლშევიკების წინადადება

1920 წლის იანვარი რუსეთის სამოქალაქო ომში გარდამტეხი აღმოჩნდა. თავისთავად ცხადია, რომ რუსეთში მიმდინარე ომი პირდაპირ გავლენას ახდენდა ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოზე და ამიტომ პერიოდული გამოცემები ამ თემას ყოველდღიურ რეჟიმში ინტენსიურად აშუქებდნენ.
იანვრის დასაწყისში ქართულ პრესაში იმატა ინფორმაციამ წითელი არმიის წარმატებული წინსვლის შესახებ. აქვე მოცემული იყო დენიკინის შტაბის განცხადებები, საიდანაც ჩანდა, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, თეთრგვარდიელთა მეთაურები დემორალიზებული არმიის შეკავებას ვეღარ ახერხებდნენ და დენიკინის განადგურება მხოლოდ დროის ამბავი იყო. 3 იანვარს გაზეთმა „საქართველომ“ გამოაქვეყნა ბოლშევიკთა მოკლე ცნობა, საიდანაც ირკვევა, რომ წითელი არმია დენიკინის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს _ ქალაქ როსტოვს უახლოვდებოდა. მოყვანილია ბოლშევიკთა მიერ გავრცელებული ინფორმაცია: „მიუხედავად დენიკინის სარდლობის მიერ მიღებულ საგანგებო ღონისძიებათა, ჩვენი ჯარი შეურყევლად განაგრძობს წინსვლას და თანდათანობით უახლოვდება სამხრეთის კონტრევოლიუციონურ ბუდეს: როსტოვსა და ნოვოჩერკასკს. სადგურ ლისკადან როსტოვის მიმართულებით მიმავალი ჩვენი ჯარი ქ. ნოვოჩერკასკიდან დაახლოვებით ასი ვერსის სიშორეზე იმყოფება. დენიკინის ჯარი უზრუნველყოფილი არ არის ჩვენი ჯარის თავდასხმისაგან, აგრეთვე ლუგანსკისა და ბახმუტის მხრიდანაც. სტრატეგიული ბრძოლა ჩვენს სამხრეთის ფრონტზე უკვე კრიზისს უახლოვდება და ყოველივე ეჭვის გარეშე კრიზისის შემდეგ დაიწყება კატასტროფიული რღვევა დენიკინის არმიისა“.
მომდევნო დღეებში გაჩნდა ინფორმაცია ცალკეულ უბნებზე თეთრი ფრონტის დაშლისა და ჯარისკაცთა მასობრივი დეზერტირობის თაობაზე. 6 იანვარს გაზეთი „საქართველო“ უკვე წითლების მიერ ცარიცინის (დღევანდელი ვოლგოგრადი, ყოფილი სტალინგრადი) აღების თაობაზე იტყობინება. თეთრი მოძრაობის ხელმძღვანელთა განცხადებით, მართალია, მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ მათ მიერ მიღებული ინფორმაციით, წითლების წარმატება მხოლოდ დროებით მოვლენას წარმოადგენდა და ყველაფერი უახლოეს დროში გამოსწორდებოდა. თუმცა ეს განცხადება უფრო საკუთარი მომხრეების გამხნევებაზე იყო გათვლილი და მას რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა.
2 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ გიორგი ჩიჩერინისგან ოფიციალური მიმართვა მიიღო, რომელშიც ბოლშევიკები საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობას დენიკინის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას სთავაზობდნენ. ნაწყვეტი მიმართვიდან: „დენიკინი მტერია არა მარტო რუსეთის მუშათა და გლეხთა, არამედ საქართველოს და აზერბაიჯანის მუშათა და გლეხებისაც. ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის გლეხობა და მუშები დენიკინს დაუძინებელ მტრად რაცხავენ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი მოუთმენლად ელიან იმ დღეს, როდესაც მოისპობა საბჭოთა რუსეთსა და მათ შორის ჩაჩხირული თეთრგვარდიელთა ბრბო და აღსდგება კავშირი და მიმოსვლა ძველ სახელმწიფო საზღვრებზე მცხოვრებ ერთა შორის. უნდა დავაჩქართ ეს მომენტი. საჭიროა, რომ რუსეთის მუშათა და გლეხთა მახვილს საქართველოს და აზერბაიჯანის მახვილიც შეუერთდეს. ჩვენ მოვუწოდებთ, ვიდრე კიდევ დროა საქართველოსა და მის ერს იწყონ ბრძოლა დენიკინის წინააღმდეგ“.
ეს წინადადება ერთგვარი ხაფანგი იყო. კომუნისტებთან თანამშრომლობა მათი გავლენის ქვეშ მოქცევასა და ანტანტის ქვეყნებთან ურთიერთობის გაუარესებას მოასწავებდა, უარი კი საბჭოთა რუსეთთან გარდაუვალ დაპირისპირებას ნიშნავდა. ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი ევროპის სასარგებლოდ გააკეთა და რუსეთის ბოლშევიკურ ხელისუფლებას დენიკინის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ დიპლომატიური უარი განუცხადა. ამის შესახებ ლენინის მთავრობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა სპეციალური დეპეშით აცნობა. ამონარიდი დეპეშიდან, რომელიც სრულად გაზეთ „საქართველოს“ 13 იანვრის ნომერში გამოქვეყნდა: „ქართველი ერი, რუსეთის სამოქალაქო ომის დასაწყისიდანვე მტკიცეთ და ურყევათ წინააღმდეგი იყო რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევისა. მტკიცე გარდაწყვეტილება, დაცული იყოს სრული ნეიტრალიტეტი ამ ბრძოლაში, ნათლად არის ასახული საქართველოს ხალხის მიერ თავისუფალ გამოთქმულ ნებაში, რადგან მას არ სურს დაცრიცოს თავისი მცირე ძალები და არ სურს, რომ თავისი სისხლი რესპუბლიკის საზღვრების გარეშე დაღვაროს.
იმავე დროს ქართველი ხალხის მონაწილეობა რუსეთის სამოქალაქო ომში დაფასებულ იქნება, როგორც ჩარევა რუსეთის შინაურ საქმეებში უცხო არა რუსს ძალებისა, რაც მხოლოდ შოვინისტურ ელემენტებს შეუწყობდა ხელს და ჩაშლიდა მეგობრობას და კეთილმეზობლობას ამ ხალხთა შორის.
რუსეთის სამოქალაქო ომში ჩარევა ქართველ ხალხს ჩააყენებდა დიდ სამხედრო გაჭირვებაში, რესპუბლიკის შინაურ ცხოვრებას არევდა და მიიყვანდა ანარქიამდი, რაც ბოლოს ძირს გაუთხრიდა ხალხის კეთილდღეობას. გამოდის რა აქედან, საქართველოს მთავრობა რუსეთის სამოქალაქო ომში შეიარაღებულ ძალებით ვერ მიიღებს მონაწილეობას…“

მსახიობის დღე

1920 წლის 2 იანვარს საქართველოში სახალხო ზეიმი გაიმართა, რომელსაც მსახიობის დღე ერქვა. როგორც გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, ეს ღონისძიება ორგანიზატორებმა ქართული თეატრის დაბადების დღეს დაამთხვიეს და ის საქართველოში პირველად ტარდებოდა.
ამ ღონისძიების მოსაწყობად საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ათასი მანეთი გაიღო. იგივე თანხა შეიტანა საერთო ყულაბაში ოფიცერთა საზოგადოებამ. სახალხო გვარდიის შტაბმა კი 2 იანვრის ზეიმისთვის მსახიობებს ერთი ავტომობილი და ოთხი ცხენი დაუთმო.
დილით დედაქალაქის ქუჩებში მსახიობთა კარნავალი მოეწყო. საგანგებოდ მორთულ ავტომობილში ისხდნენ ცნობილი მსახიობები: ვასო აბაშიძე, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ელისაბედ ჩერქეზიშვილი. იყიდებოდა სპეციალურად ამ დღისთვის გამოცემული გაზეთი „მსახიობის დღე“. საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც.
საღამოს თბილისის ყველა კლუბსა და თეატრში საგანგებო წარმოდგენები გაიმართა. ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდიამ ამ დღეს მაყურებელს არაყიშვილის ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“ შესთავაზა. მუშათა ცენტრალურ კლუბში დადგეს გედევანიშვილის „გამცემი“, მუშტაიდის ბაღში მოქალაქეებმა ნახეს პიესები: „ჯერ დაიხოცნენ და მერე დაქორწინდნენ“ და „შარჟი“.
გაზეთი „საქართველო“ 1920 წლის 4 იანვარი: „დიდძალი მაყურებელი მიიზიდა სუმბათაშვილის „ღალატმა“ სახელმწიფო თეატრში. წარმოდგენაში მონაწილეობდენ ქართული თეატრის სიამაყენი: ნინო ჩხეიძე, ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, ვიქტორ გამყრელიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი.
განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩხეიძის ქალმა, ზეინაბის საუცხოვო შესრულებით. მესამე მოქმედებაში მაყურებელთა შორის ცრემლებიც კი გამოიწვია. უკანასკნელ მოქმედებაში ხომ ყველა აღტაცებაში მოიყვანა მსახიობ ქალის გასაკვირვმა თამაშმა. მესამე მოქმედების შემდეგ, აიხადა ფარდა და წარმოდგენის მთელ შემადგენლობას _ ყველა მსახიობებს სახელმწიფო თეატრის კომისარმა ილ. წუწუნავამ მიულოცა ქართველ მსახიობთ დღესასწაული“.

კრიმინალური ქრონიკა

1920 წლის 17 იანვარს გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ოპერის დირიჟორმა სტოლერმანმა ეჭვიანობის ნიადაგზე რევოლვერით მოკლა თავის მეუღლე. სტოლერმანს მკვლელობა არ დაუმალავს და საკუთარი ფეხით გამოცხადდა მილიციაში. თუმცა იგი პატიმრობაში არ აიყვანეს. შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, სანამ საქმის გამოძიება მიმდინარეობდა, დირიჟორი თავისუფლებაზე დატოვეს.
საინტერესო ცნობას გვაწვდის გაზეთ „საქართველოს“ 11 იანვრის ნომერი, საიდანაც ვიგებთ, რომ თბილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მაღლაკელიძეს და გუბერნიის ბატალიონის კვარტირმეისტერ შენგელიას ბრალად სახელმწიფო სახსრების მითვისება ედებოდათ. კერძოდ, საუბარი იყო 550 ათას მანეთზე.
სასამართლომ ყადაღა დაადო მაღლაკელიძის სახლსა და მამულს. აქვე გაზეთი იუწყებოდა, რომ ორივე ეჭვმიტანილი სასამართლო პროცესამდე, სატუსაღოდან თავდების სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მაღლაკელიძის საქმეს „უდიდეს საქმეთა“ გამომძიებელი მ. ჯომარჯიძე იძიებდა.
14 იანვრის გაზეთში მოთავსებულია რესპუბლიკის სახაზინო რკინიგზის მილიციის უფროსის ვრცელი მოხსენება, რომელიც ბათუმი-ნატანების მონაკვეთზე გახშირებულ კრიმინალურ შემთხვევებს ეხება. ამ მოხსენებაში განსაკუთრებით საინტერესო ის მონაკვეთია, რომელიც საბარგო ვაგონების ძარცვის მეთოდებს ეხებოდა: „ხშირად ბოროტ მომქმედნი ტვირთის სახით გაგზავნილ ცარიელ ყუთში ათავსებენ ცოცხალ ადამიანს _ თავიანთ ამხანაგს, რომელიც გზაში ყუთიდან ამოდის, საბარგო ვაგონს ქურდავს, შემდეგ თან წამოღებულ სპეციალურ ხელსაწყოებით ვაგონს სტეხენ და ნაქურდალ საქონელითურთ გზაში იპარება. არის შემთხვევები, როდესაც ტვირთის სახითვე გასაგზავნათ ჩაბარებულ ყუთში მოკლული კაცი აღმოჩენილა…
ყველა ამგვარ და სხვა ბოროტმოქმედებასთან ბრძოლა ბათუმ-ნატანების რკინის გზის ხაზზე ძნელდება და სახაზინო რკინის გზათა მილიციის უფროსს საჭიროდ მიაჩნია შესდგეს ბათუმ-ნატანების ლიანდაგის ცალკე სამილიციო შტატი…“