ია სუხიტაშვილი ტელევიზიების წინააღმდეგ

ამ ინტერვიუდან გაიგებთ, ვისკენაა ია სუხიტაშვილი, რა უშლის მას ნერვებს და რა უკლავს გულს, რაში ადანაშაულებს ქართულ ტელევიზიებს და რას სთხოვს საზოგადოებას?

_ ია, ხშირად იხსენებთ ხოლმე, როგორ სწავლობდით გარეუბნის სკოლაში, როგორ ეჯიბრებოდით ერთმანეთს სწავლაში და არა ჩაცმაში, როგორ თამაშობდით და როგორ ინარჩუნებდით ბავშვობას სკოლის დამთავრებამდე… დღეს უკვე, როდესაც თავად ზრდით შვილებს და ადარებთ მათ ბავშვობას თქვენსას, რა მსგავსებას ან განსხვავებას პოულობთ?
_ დღევანდელ ბავშვებს რომ ვუყურებ, ამ ახალმა თაობამ არ იცის, თამაში რა არის. მახსოვს, რა ორომტრიალი იყო ჩვენს ბავშვობაში ეზოებში: რეზინობანა, წრეში ბურთი, დახუჭობანა, შტაბობანა, კლასობანა, დაჭერობანა _ რას აღარ ვთამაშობდით. დღევანდელი ბავშვები ამ თამაშებით კი არა, ტელეფონში გადმოწერილი კომპიუტერული თამაშებით ერთობიან, მერე ამ თამაშებს ერთმანეთს აჩვენებენ, უზიარებენ, არიან ერთ ამბავში. გარეთ ხმა აღარ ისმის ბავშვების. შარშან აგარაკზე ვიყავით ჩასული, ჩვენს მეზობლად ნათესავები ცხოვრობენ, ბევრი ბავშვი ჰყავთ, ჩემი ლუკას თანატოლები. რომ გადავედი, ბავშვების ხმა არ ისმოდა, ვიკითხე, _ სად არიან, სად წავიდნენ-მეთქი და თურმე იქ იყვნენ, ხუთივეს ტელეფონში ჰქონდა თავი ჩაყოფილი და თამაშობდა. ლუკა როგორც კი მეცადინეობას რჩება, ეგრევე გარეთ ვაგდებ, რომ ჩავიდეს და ეზოში ითამაშოს, მაგრამ იქაც იგივე სიტუაცია ხვდება _ ეზოშიც ტელეფონით თამაშობენ. ამას წინათ ლუკა ეზოში სათამაშოდ ჩავუშვი. მალევე მეც მომიწია ჩასვლა, რეპეტიციაზე მივდიოდი. ეზოში ჩამიჩუმი არ ისმოდა, ბავშვების ჭაჭანებაც არ იყო, ბოლოს ზემოთ ავიხედე და რას ვხედავ _ ცხრა ბიჭი ხეზე ჩუმად ზის. ჩუმად იმიტომ, რომ იქაც ტელეფონში არიან ჩამძვრალები და თამაშობენ. წარმოგიდგენია? ხეზე სხედან პატარა ბიჭები, რამეს კი არ ჭამენ ან თუნდაც შტაბობანას კი არ თამაშობენ, ტელეფონები უჭირავთ… კატასტროფული სიტუაციაა. ლუკამ რაც კი ისურვა _ ველოსიპედი, სკეიტბორდი, ყველაფერი ვუყიდეთ, ოღონდაც კი გაინძრეს, მარტო ტელეფონით არ ითამაშოს. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა არ არის, ყველასია, ვისაც კი ამ ასაკის შვილები ჰყავს. ბავშვების ხმა აღარ ისმის ეზოდან!
_ ეს იმის გამოც ხომ ხდება, რომ ზოგ მშობელს ურჩევნია, ბავშვი სახლში ეჯდეს _ ტელეფონით, ტაბლეტით თუ ლეპტოპით გაერთოს. ასე უფრო მშვიდად არიან, არც წაიქცევიან, არც გაიოფლებიან, არც გაცივდებიან, არც ჩხუბი მოუვათ ვინმესთან… არც ყურის გდება მოუწევთ ბავშვისთვის, არც მისი ხმაურის ატანა, თვითონ კი მშვიდად უყურებენ სერიალებს.
_ მთელი ბავშვობა სულ გადაყვლეფილი მქონდა მუხლები და იდაყვები და ამით რა დამიშავდა? სწორედ მაგ თამაშს, მოძრაობას აქვს ხიბლიც და ეგაა ჯანმთელობაც, ურთიერთობაც. ეგაა შემდეგ ტკბილად მოსაგონარი და გასახსენებელიც. მთელი ბავშვობა თამაშში გავატარე, დღეს კი ეზოები დუმს.
_ ია, „ფესიბუკზე“ საკმაოდ ემოციური პოსტით გამოეხმაურე იმ დისკუსიას, რომელიც იაკობ გოგებაშვილის „დედა ენას“ ეხებოდა. ვიღაცებს დღეს გოგებაშვილი ეგოიმებათ, არადა, ჩვენ ყველა სწორედ „დედა ენაზე“ გავიზარდეთ, ცხადია, ვალერიან რამიშვილის მიერ გადამუშავებულ „დედა ენაზე“, სადაც ანბანის მოწოდების გოგებაშვილისეული პრინციპი, სახელმძღვანელოს სტრუქტურა უცვლელი იყო. ეს მხოლოდ ბოლო წლებში შემოვიდა სხვა ავტორების ნაცოდვილარი, მე ვიტყოდი, სამარცხვინო სახელმძღვანელოები.
_ მართლა არ მესმის , რატომ ატყდა ამხელა დისკუსია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენაზე“? ჩვენ ყველა სწორედ ადაპტირებულ, გადამუშავებულ „დედა ენაზე“ გავიზარდეთ და რა დაგვაკლდა ამით?! მე, ია სუხიტაშვილი, „დედა ენაზე“ გავიზარდე და ვინმემ მითხრას, რას ვერ დავეწიე ისეთს, რასაც ეგენი დაეწივნენ? პირველ კლასში, იმ პირველ თვეებში რას სწავლობს ბავშვი? _ ასოების ცნობას და წერას. გოგებაშვილთან იწყება აი ია-თი, ყველაზე ხშირად გამოყენებული ხმოვნებით და ნელ-ნელა ემატება სხვა ხმოვნები და თანხმოვნები. მაინც, რა ნებავთ, ვერ გავიგე, „ჯ“, „წ“ თუ თუ „ჰ“-თი უნდა დავიწყოთ, რომ ულტრათანამედროვე იყოს? თუ ანანასით და ბანანით? აი ია ტეხავს? ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, ვიღაც ქალბატონმა რომ ბრძანა, დღეს თვითონ იაკობ გოგებაშვილიც კი იტყოდა, რა გოიმობა დამიწერიაო. გოიმობა გოგებაშვილი კი არა, ის ბრიყვული ლექსები და მოთხრობებია, რომელსაც ჩემი შვილის სახელმძღვანელოში ვკითხულობ. გული მისკდება! ალბათ გოგებაშვილი და ყველა, ვისაც კი ოდესმე ბავშვებისთვის რამე ღირებული დაუწერია, საფლავში ტრიალებს! მართლაც შესანიშნავი მწერლების, პოეტების შემოქმედება ამოიღეს! ცოტა ხანში, ალბათ, ვაჟას ამოღებას მოითხოვენ, კუთხურიაო! ილიასა და აკაკის ამოღებასაც მოითხოვენ! მარტო საზღვრების გადმოწევა კი არაა კატასტროფა, რეალურად, ეროვნულ ფასეულობებს ვკარგავთ და ესაა ყველაზე დიდი საფრთხე! ყოველგვარ ეროვნულ ემოციას შეურაცხყოფენ და კლავენ ჩვენში და ეს ომი არანაკლებ მტკივნეულია… თუ შენს ეროვნულ გრძნობებს ვერ იცავ, საზღვარს რანაირად დაიცავ? ან რაღას იცავ? არ ვიცი უკვე, ვისი ვირწმუნო და რა ვირწმუნო. კარგად გამიგეთ, მე რუსეთუმე არ ვარ, რუსეთუმე კი არა, მეგობარიც არ მინდა რუსი იმის გამო, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, სწორედ ოკუპაციას ვგულისხმობ. მაგრამ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მეტს ყვირიან, გამოაქვთ და საჯაროდ წვავენ რუსულ ლიტერატურას: დოსტოევსკის, ტოლსტოის, პუშკინს და ამ დროს სახლში რუსი ძიძა ჰყავთ, რომ შვილმა რუსული ენა იცოდეს. თან რუსულ წიგნებს წვავს, თან რუსულის ცოდნა „ესვეცკება“! მის შვილს რომ ესალმები, ისეთი რუსული ინტონაციით გპასუხობს „პრივეეეტ“, ყბა გივარდება და დედა, წეღან რუსულ წიგნს რომ წვავდა, ამართლებს, _ ძიძა ჰყავს რუსიო. რუსს აზრდევინებ შვილს? რუსული ლიტერატურა არ გინდა და შვილს რუსულს ასწავლი? წიგნმა რაღა უნდა გავნოს, როდესაც რუსს აზრდევინებ შვილს? თუ რაღაც არ გინდა, ბოლომდე არ უნდა გინდოდეს. სადღაც გინდა და სადღაც არ გინდა, ეგრე არ თავსდება ერთმანეთთან. იქნებ, დავკვალიანდეთ, ჩამოვყალიბდეთ, რა გვინდა?
_ კიდევ რა არის, რაც აღიზიანებს და ნერვებს უშლის ია სუხიტაშვილს?
_ გული მიკვდება, როცა ვხედავ, როგორ გაედინება ხალხი ქვეყნიდან… ნერვებს მიშლის და მაღიზიანებს კი არა, გულს მიკლავს და მაშფოთებს, რაც ხდება. ისეთი ტემპებით ტოვებს ხალხი ქვეყანას, 2 წელიწადში, ალბათ, მილიონიც არ დავრჩებით საქართველოში. პრაქტიკულად, ოჯახი აღარაა, ერთი წევრიც რომ არ იყოს ემიგრაციაში. უამრავ ბავშვს დედა ჰყავს ემიგრაციაში და შვილებიც იქით მიდიან. ჩემი ქალაქი, ჩემი ქვეყანა ნელ-ნელა მართლა უცხო ხდება. ამ პირობებში უკან არც არავინ დაბრუნდება, თუ აქ რადიკალურად არ შეიცვალა სიტუაცია. მესმის, რომ მთავრობა გარკვეულ ღონისძიებებს ატარებს, მაგრამ მეტია გასაკეთებელი, ხალხს უჭირს და გარბის. ამ პროცესის შეჩერება ხელისუფლებას შეუძლია და ყველაფერი უნდა გააკეთოს. ყველა ხელისუფალს უნდა ესმოდეს, რომ როგორც ჩვენ, ხალხი ვართ ქვეყნის სამსახურში, ისე ისინი არიან ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.
გულს მტკენს მსახიობების ლანძღვა, რასაც ხშირად ვაწყდებით სოციალურ ქსელში. ხალხს მინდა ვთხოვო, ნუ იქნებით ასეთი დაუნდობლები და ნუ ჩადებთ მსახიობს მიწაში იმის გამო, რომ ვიღაცის სარეკლამო რგოლში გამოჩნდა. უცებ მიაკრავენ იარლიყს, ეს იმისტია, ეს ამისტია, მიდის მათი და მათთან ერთად, საერთოდ, მსახიობების ლანძღვა-გინება. ნამდვილად არ გვაქვს მსახიობებს სახარბიელო მდგომარეობა, ძალიან დაუფასებელი გახდა ეს პროფესია, ნუ აგერევათ იმ საბჭოთა პერიოდში, როდესაც მსახიობებს ჩუქნიდნენ ბინებს, აგარაკებს, მანქანებს, მიწებს, დაიწყებდნენ სახლების მშენებლობას და არაფერი უჯდებოდათ _ რაც დასჭირდებოდათ, ქარხნებიდან ჩუქნიდნენ… დღეს მსგავსი აღარაფერია, ცხოვრება საშინლად გაძვირებულია, ანაზღაურება _ არაადეკვატური და ეკრანებზე მოწესრიგებულად და ლამაზად რომ ვჩნდებით, ნუ გგონიათ, რომ გვილხინს, უბრალოდ, მაყურებელსა და საკუთარ თავს ვცემთ პატივს, გვყოფნის ნამუსი, რომ ნიფხავგამოხეული არ გამოვვარდეთ ეკრანზე. ჩემთვის სრულიად მიუღებელია პოლიტიკური ნიშნით ვინმეს დაბლოკვა, მომღერალი იქნება, მსახიობი, კომპოზიტორი თუ მხატვარი. ეს არის დიდი ასოებით გო-ი-მო-ბა! მე არ ვერევი არანაირ პოლიტიკურ ბატალიებში, ჩემი სიმართლე მაქვს, ჩემი შეხედულებები. პატრიოტობად მიმაჩნია, რომ არ გავრბივარ ასეთ მდგომარეობაში მყოფი საქართველოდან საზღვარგარეთ, ბოლომდე ვრჩები აქ და ბოლომდე ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ჩემს პროფესიას, ჩემს მაყურებელს. შეიძლება, ვიღაცას ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ არ მახსოვს, სცენაზე ჩემი ენერგია დამეზოგოს, ბოლომდე ვიხარჯები და ალალად ვემსახურები მაყურებელს.
_ საბჭოთა პერიოდის აპოლოგეტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ იმ დროს ვინც კარგი მსახიობი, ნამდვილი პროფესიონალი გახლდათ, ის იყო პოპულარულიც, გინდა კინოში და გინდა თეატრში. იქნებოდა ეს სალომე ყანჩელი, ზინა კვერენჩხილაძე, მედეა ჩახავა, იზა გიგოშვილი თუ ლია ელიევა, ლიანა ასათიანი თუ ლეილა აბაშიძე. დღეს მონასტერი არეულია, პოპულარულია ის, ვინც რეალურად არაფერს წარმოადგენს და ვინც მართლაც პროფესიონალია, ასეთებს ხშირად მხოლოდ ვიწრო წრეები იცნობენ და არა _ ფართო საზოგადოება. უცნაური რეალობაა, ერთი ქმნის, მუშაობს და ჩანს მეორე, რომელიც რეალურად არაფერს აკეთებს. რისი ბრალია?
_ ეს ერთმნიშვნელოვნად ტელევიზიების ბრალია. იშვიათად დავდივარ ცნობილ შოუებში და როცა მივდივარ, ვერც მიბედავენ, დაწვრილებით მკითხონ რაღაცები პირად ცხოვრებაზე. ჩემი პირადი არის ჩემი პირადი. პირადი იმიტომ ჰქვია, რომ პირადია. მათ რომ უსმინო, ამ შოუებში უნდა იარო და პირადზე ილაპარაკო, რადგან, თურმე, ეს ხალხს აინტერესებს. ხალხს რომ მარტო პირადი ამბები აინტერესებს და სხვა არაფერი, სწორედ მათი, ტელევიზიების ბრალია. როდესაც ამბობენ, მასას ეგ აინტერესებსო, მე ერთი პასუხი მაქვს: ის, რაც მასას აინტერესებს ჩემთან დაკავშირებით, მე მაგ თემებზე საუბარი საერთოდ არ მაინტერესებს. რატომ მიწვევენ? ჩემზე ლამაზი გოგო არ დადის ქუჩაში? იმიტომ მიწვევენ, რომ ჩემს პროფესიაში, თეატრსა თუ კინოში რაღაც გავაკეთე ისეთი, რის გამოც გამომარჩიეს, ხომ? შემოქმედების გამო მიწვევენ და მელაპარაკებიან არა ამ შემოქმედებაზე, არამედ ჩემს პირადზე! რატომ? იმიტომ, რომ ოდესღაც რომელიღაც ტელევიზიის შეფმა გადაწყვიტა, საზოგადოების ყურადღება მხოლოდ პირადი ცხოვრებისკენ, მართლა საცვლების ამბებისკენ მიემართა! სოფიკო ჭიაურელი არასოდეს ლაპარაკობდა დეტალურად თავის პირად ცხოვრებაზე და რა, ვერ იყო ცნობადი და პოპულარული? ამ ტელევიზიებმა ყველაფერი თავდაყირა დააყენეს, განწყობები, ინტერესები, დამოკიდებულებები შეუცვალეს საზოგადოებას. ჩემი აზრით,
ადრე მსახიობს ფილმში იღებდნენ და პოპულარული ხდებოდა. დღეს რა ხდება? ყიდულობენ უცხოურ ტელესერიალებს, უამრავ ფულს ყრიან, ამას ემატება ამ სერიალების თარგმნის, გახმოვანების ხარჯები და ქართულ ფილმებს არ ყიდულობენ! ასეთი რა გაუჭირდათ, წელიწადში 2 ქართულ ფილმსაც რომ არ ყიდულობენ? უამრავ ფილმში ვარ გადაღებული, მაგრამ რად გინდა? მარტო 2018 წლის მიწურულს, 2 თვეში, სამი კინოპრემიერა მქონდა. ცოტაა ეს? მაგრამ არც ყიდულობენ, არც აჩვენებენ, მეტიც _ არც აშუქებენ! უნდა ეხვეწო, ევედრო, რომ გააშუქონ! იგივეს გეუბნებიან, _ ხალხს არ აინტერესებს. ხალხის ინტერესები ამ ტელევიზიებმა ძალიან ცუდად მომართეს და დღეს ამ ინტერესებით მანიპულირებენ, ჟონგლიორობენ. მხოლოდ პირადი ცხოვრების გაშუქებას, ჩემი აზრით, ნამდვილად სჯობდა, საუბარი ყოფილიყო შემოქმედებაზეც, პროფესიულ ამბებზე, პრობლემებზე. პოპულარული ხდება ის, ვინც თავის საცვალს ფენს! ნუ ეწყინება ნურავის! თითქმის ამ დონეზე დავიდა ყველა შოუ.
_ ბევრი მსახიობი გაურბის მაგ თემებზე საუბარს, ამით სარგებლობენ სხვა, უნიჭო მსახიობები, რომლებიც პოპულარობის მოსახვეჭად საცვლებზე ლაპარაკობენ და რომანებზეც. ზოგს არც აქვს და იგონებს კიდეც საგანგებოდ შოუებისთვის…
_ რად უნდათ ეგ ხანმოკლე პოპულარობა?
_ როდესაც ტელეეკრანზე გაპიარებულ უნიჭო მსახიობებს უყურებ, რა გემართება?
_ ვიბრიდები, მართლა მაყრის… ვგიჟდები, როგორ იკვეხნიან და როგორ ლაპარაკობენ „მიღწევებზე“… არ ვიცი, რა გითხრათ, მე ცოტა სხვა კონტექსტში მოვიაზრებ მიღწევებს და ჯერაც მგონია, კიდევ რამდენიმე წელი მჭირდება იმისთვის, რომ ვთქვა, რაღაცას მივაღწიე ჩემს პროფესიაში. ესენი კი ერთს გაიფხაკუნებენ და აღარ ამთავრებენ ტრაბახს… შენზე სხვამ უნდა ილაპარაკოს.
_ სამი კინოპრემიერა ახსენე, რა ფილმებში გადაგიღეს და ინტერნერტით თუ მაინც შეუძლია მაყურებელს მათი ნახვა?
_ არ დევს ხოლმე ინტერნეტში და მსახიობებიც ხშირად ვამბობთ, _ ინტერნეტში მაინც ატვირთონ, რომ ხალხმა ასე მოახერხოს ფილმის ყურება. კარგად მესმის, ბევრს არ აქვს იმის საშუალება, რომ კინოთეატრში წავიდეს, 20-ლარიანი ბილეთი იყიდოს, თან წაიყვანოს მეგობარი, იქ კიდევ პოპკორნი იყიდოს და ერთ სეანსში 50 ლარი დატოვოს. კინო პრემიერებს რაც შეეხება, უკვე კინოთეატრებშიც გამოვიდა რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, კინოფესტივალზე აჩვენეს და წელს კინოთეატრებშიც გამოვა გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“. წელს გამოვა გიორგი ქასრაშვილის „რეინკარნაცია“, ქართულ-ამერიკული პროექტია, ახლახან გვქონდა გადაღებები ქუთაისში.
_ ქართულ თეატრში იმთავითვე ხმაურიანი როლებით მოხვედით. დღემდე ყველას ახსოვს თქვენ მიერ, ჯერ კიდევ, თეატრალურ ინსტიტუტში განსახიერებული ჯულიეტა. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე რუსთაველის თეატრში მოხვდით, თან როგორც ოფელია… ასეთი როლები ერთგვარ უხერხულობას არ გიქმნიდათ, _ ამგვარი როლების შემდეგ სხვა როლები როგორღა უნდა გეთამაშათ?
_ ნამდვილად არასოდეს მიფიქრია ასე. მესმის, ძალიან ხმაურიანი როლებია ჯულიეტაც, ოფელიაც, მაგრამ რამდენს უთამაშია ეს როლები ისე, რომ დღეს თვითონაც არ ახსოვს? მნიშვნელოვანი ის კი არაა, რამდენად ხმაურიანია ესა თუ ის როლი მსოფლიო დრამატურგიაში, არამედ ის, შენ როგორ განასახიერებ როლს. ძალიან ბევრი საინტერესო როლია, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, თავს დავაკლავდი, რომ კარგი გამოსულიყო.
ერთ კითხვას აქეთ დაგისვამ, ანა რომ ვითამაშე (მაქს ფრიშის „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი“), რომელიმეზე ნაკლები იყო, _ გინდა ჯულიეტაზე თუ გინდა ოფელიაზე?
_ ნამდვილად არა.
_ აი, ეგ არის მთავარი, რას როგორ განასახიერებ. ჩემთვის არანაკლებ საინტერესო იყო დელის როლი სპექტაკლში „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“, ასევე ია _ „ნადირობის სეზონში“. კარგად გამიგეთ, რამეს კი არ ვიკვეხნი, იმას ვამბობ, რომ ჩემთვის ყველა როლი საინტერესოა და არასოდეს ვარ ჩემი განსახიერებულით ისე კმაყოფილი, რომ ვიფიქრო, _ ამის მერე რაღა უნდა გავაკეთო-მეთქი. არასოდეს ვაფეტიშებ ჩემს რომელიმე წარმატებას, რაც ბევრ ჩემს კოლეგას სჭირს, თორემ ისე აეწყო ჩემი ცხოვრება სცენაზე, რომ ოცნება არც დამცალდა. არც მიოცნებია ჯულიეტას თამაში, ისე უცებ და სპონტანურად მოხდა ყველაფერი, ბატონმა გოგი მარგველაშვილმა შემოიტანა პიესა, გაანაწილა როლები და ჯულიეტას როლი მომცა. ვითამაშეთ, დავამთავრე ინსტიტუტი და ორ კვირაში რუსთაველის თეატრში მოვხვდი, თანაც ოფელიას როლზე…
_ ახლა უკვე გერტრუდას ასახიერებთ „ჰამლეტში“, რომელიც არათეატრალურ სივრცეში ხორციელდება, კლუბში „მტკვარზე“. ალბათ, საინტერესო იქნება მაყურებლისთვის „ჰამლეტის“ ხილვა არათეატრალურ სივრცეში.
_ ჩემთვისაც ექსპერიმენტულია არათეატრალურ სივრცეში მოქმედება… საინტერესო ჯგუფი შედგა, ძალიან მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა, გერტრუდას როლი ყოველთვის საყურადღებო იყო ჩემთვის და ძალიან გამიხარდა ეს შემოთავაზება…
_ ახლა რაც შეეხება მითს თქვენს აუტანელ ხასიათზე… საიდან წარმოიშვა ეს მითი და თქვენ რამდენად შეუწყვეთ ხელი მის შექმნას, თუნდაც თქვენი პირდაპირობით, პრინციპულობით, კატეგორიულობით თუ მომთხოვნელობით?
_ საინტერესოა, მაინც, რაში გამოიხატება ჩემი აუტანელი და რთული ხასიათი? მე არც ბოღმა ვარ და არც _ „სწერვა“, არც სკანდალებს ვაწყობ და არც _ დებოშებს, უბრალოდ, პირში მთქმელი ვარ და ისიც, მაშინვე თავდასხმაზე არ გადავდივარ, კარგა ხანს ვაცდი, მერეღა ვეუბნები რამდენიმე წინადადებას… ისე, დილით რომ ვიღვიძებ, სანამ კარგად არ გამოვფხიზლდები, მართლა ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ რაღაც არ მახსოვს, თეატრში როდესმე მანამ მივსულიყავი, სანამ კარგად არ გამოვფხიზლდები და რას ეძახიან ჩემს ცუდ ხასიათს? იმას, რომ რეპეტიციების დროს მომთხოვნი ვარ პარტნიორის მიმართ და ვერ ვიტან „ხალტურას“ და უპასუხისმგებლობას? დიახ, ჩემთვის სულ ერთი არაა, როგორ თამაშობს პარტნიორი. არ მესმის იმ მიდგომის: „მთავარია, მე ვიყო კარგი და პარტნიორი მკიდია“. მე არ მკიდია პარტნიორი და დიახ, მომთხოვნი ვარ მის მიმართ! გააჩნია, რას გულისხმობენ რთულ ხასიათში. არის ხალხი, რომელიც არანაირ კომპრომისზე არ მიდის და მართლაც შეუძლებელია მათთან თანამშრომლობა, რასაც ნამდვილად ვერ იტყვიან ჩემზე, თუ ნამუსზე ხელს არ აიღებენ. ვერ იტყვიან, რომ მე კომპრომისებზე წასვლა არ შემიძლია, ვერც იმას, რომ ჩემთან მუშაობა შეუძლებელია. უხასიათო კი არ ვარ, საერთოდ, როდესაც როლზე ვმუშაობ, ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი, მინდა, რომ რაღაც ახალი მოვიფიქრო, ახალი ვთქვა. ვისაც უნდა, ამიტანოს. რაღაც არ მახსოვს, ვინმეს ძალით შევვარდნოდე სპექტაკლში.

რეზო შატაკიშვილი