როგორ აგიხსნათ? როგორ ავუხსნა სააკაშვილს? როგორ ავუხსნა ივანიშვილს?

როგორ ავხსნა ბევრი რამ, რომელიც სულაც არ უკავშირდება 2012 წლის პირველ ოქტომბერს, მაგრამ უკავშირდება 2012 წელს _ კვანტურ ცვლილებებს? განა, ბევრია აქ, ამ ქვეყანაში ის, ვისაც ამაზე უფიქრია? როგორ ავხსნა, რომ წყალბადმა ცვლილებები განიცადა და ახლა მისი სტრუქტურა საერთოდ სხვაგვარია?. ხოლო H2O სულაც არ არის მდგრადი ფორმულა. რაზე დავიწყო მოყოლა, _ შავ ხვრელზე, რომელიც თურმე უკვე აღარ არის, არადა, 2012 წელს უნდა გადავეყლაპეთ, თუ ორი გალაქტიკის მიერ ერთმანეთისთვის ჩამორთმეულ ხელზე?
დამიჯერებთ ვინმე, რომ ადამიანის ორგანიზმის სტრუქტურაც კი შეიცვალა იმ პირობებში, როდესაც ყოველდღე იცქირებით სარკეში და ვერაფერს ატყობთ…

2012 წლის კვანტური ცვლილებების შემდეგ სამყარო შეიცვალა და ვადევნებთ ამას თვალყურს თუ არა, ვიაზრებთ თუ არა, ვათვითცნობიერებთ თუ არა, ეს ცვლილებები ყოველდღიურად მიმდინარეობს. იქნებ, მეცნიერული კვლევებისთვის მიგვეგდო ყური და ისე, ყოფით დონეზე მაინც გაგვეაზრებინა, რა ხდება სამყაროში? ისედაც ხომ სასაცილოა, რომ წარმოვიდგინოთ, ინფორმაციის ეპოქაში მცხოვრები ადამიანები ცვლილებებისადმი იმაზე უფრო ინერტულები და ინდიფერენტულები ვართ, ვიდრე ათწლეულების წინ წისქვილში მოჭორავე გლეხები პროგრესისა და ცვლილებების მიმართ.

***
როგორ ავუხსნა მარტივად ქართულ საზოგადოებას: პოლიტიკოსებს, სასულიერო პირებს, ეკონომისტებს, ბანკირებს, იურისტებს, ხელოვანებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს, გლეხებს, მუშებსა და ა. შ. მოკლედ, ამ ქვეყნის მოსახლეობას, რომ იმის მიუხედავად, მოსწონს თუ არა, რა იყო 2012 წლამდე, ეს არის წარსული და ეს წარსული აწმყოს გასაზომად ვერ გამოდგება?
როგორ ავხსნა, რომ ისინი, რომლებიც აქებენ ან აძაგებენ 2012 წლამდელ მოვლენებს, ახლის შექმნის კი არა, რეალობის გააზრების საშუალებას უკლავენ საკუთარ თავს, სახელმწიფოს პერსპექტივაზე არ ვსაუბრობ?!
როგორ გავაგებინო ამდენ ჭკვიან ადამიანს, რომ იმ წარსულის ქებასა თუ ძაგებაში 6 წელზე მეტია, რეალობას მოვწყდით?
თუნდაც ქართველ მწერლებს როგორ ავუხსნა, რომ არ არსებობს ესსეს, რომანის, ნარკვევის, რეპორტაჟის წერის დოგმატური და საყოველთაოდ დადგენილი ჩარჩოები და წარსულის ჰეროიკა. მხოლოდ ინდივიდია საინტერესო მომავლისთვის და არა „სოფელი“, რომელიც თუნდაც ხვალ დაბადებული ბავშვისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, გამოცდილება იქნება, რომელიც თავად ვერ მიხვდება, საიდან იცის?

***
შევეცადოთ, ეს ყველაფერი თუნდაც პოლიტიკურ პრიზმაში გავიაზროთ: 2012 წლამდე და ახლაც ქართული და არა მხოლოდ ქართული პოლიტიკა ეფუძნებოდა ფორმულას „ვინც ძლიერია, ის იგებს“. ეს ფორმულა მოქმედებდა ათასწლეულების განმავლობაში. სიძლიერე გამოიხატებოდა მრავალ ასპექტში, პირველ რიგში, ფიზიკურ, რაოდენობრივ, იერარქიულ სიძლიერეში _ ვითარებისა და გარემოებების გათვალისწინებით.
ამჟამად რეალობა შცვლილია და არა იმის გამო, რომ ქართველი ხალხი დაიღალა ან დაიღალა მასები სადმე (მაგალითად, რა ეტყობათ დაღლის „ყვითელ ჟილეტებს“). ჩვენ ვცდილობთ, საკითხი გავაანალიზოთ, პრობლემა დავინახოთ ძველი ფორმულით: „ვინც ძლიერია, ის იგებს“. ეს ფორმულა, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას სჯერა, ჯერაც კარგად მუშაობს, ტრანსფორმაციას განიცდის და თუნდაც ვინმემ მისი დახმარებით მოიპოვოს ლოკალური გამარჯვება, ის ვერ იქნება მდგრადი. რადგან ახალი ფორმულის შინაარსი და არსი საერთოდ სხვა გახლავთ _ გონიერება. ახლა არ არის სიძლიერის ან ძალის აკუმულირების და შემდგომში მისი გამოყენების ფიქრის დრო. ახალი ფორმულა სხვა რამეს გულისხმობს _ იფიქრე ფიქრამდე და იმოქმედე _ აქ და ახლა.
როგორ ავუხსნა მესამე პრეზიდენტს და მის მომხრეებს, რომ ბევრი ადამიანით ძალის დემონსტრირება წარსულია. როგორ ავხსნა, რომ ეს ბევრი ადამიანი მისი მოკავშირე ან სახელმწიფოს გადამრჩენი კი არ არის _ საკუთარი მიზნებისთვის იბრძვის. როგორ არ გავახსენო, რომ სწორედ იგი _ ბევრი ადამიანისგან მხარდაჭერილი, გააგდო ქვეყნიდან ბევრმა ადამიანმა. შესაბამისად, იგივე გზა სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის, რომელიც ადრე _ შევარდნაძის და ახლა _ ივანიშვილის „რეჟიმების“ დემონიზებას ეყრდნობა, შესაძლოა, მხოლოდ ლოკალურ პერიოდში აღმოჩნდეს წარმატებული. მაგრამ სახელმწიფოსა და მისთვისაც ფატალური შედეგი ექნება ისტორიულ პერსპექტივაში, რადგანაც გონიერებაზე _ ანუ ერის გონიერ არჩევანზე არ იქნება დაფუძნებული. ხოლო ძალის ვექტორის შეცვლა გონიერების გარეშეც არის შესაძლებელი, რაოდენ ბევრი ფიქრის შედეგადაც არ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილება.
როგორ ავუხნა ბატონ ივანიშვილს, რომ სააკაშვილისა და მისი „რეჟიმის“ დემონიზება და მუდმივად 9 წელზე აპელირება, რომელიც ასევე ბევრის მიერ იყო მხარდაჭერილი, მისი მმართველობის წარუმატებლობის მიზეზი გახდა. და დღეს, თუ ვიღაცას არ მოსწონს ხელისუფლება და არც სააკაშვილი უნდა, ეს სრულიად პრაგმატული, გნებავთ, გონიერი, იქნებ ბოლომდე გაუაზრებელი, მაგრამ მაინც, ნაფიქრი გადაწყვეტილებაა. შესაბამისად, თუ ვიღაცები ფიქრის შედეგად წავლენ სხვასთან და დამარცხდებიან, ისინი მაინც თვითკმარნი იქნებიან, ხოლო თუ გაიმარჯვებენ, ვაი, იმ ლიდერისა თუ ლიდერების ბედს, რომლებიც ამ გონიერების ძალაში კონვერტაციას შეეცდებიან. წავიდა დრო, როდესაც რევოლუცია თავის შვილებს შეჭამს. ახალ მოცემულობაში შეჭმულიც და მჭამელიც ერთად იღუპება. როგორ დავარწმუნო ბატონი ივანიშვილი, რომ ახლა საათობით სჯა-ბაასის დრო კი არ არის, არამედ ფიქრამდე ფიქრის და მყისიერი მოქმედების. როგორ ავუხსნა მას, ადამიანს, რომელიც არ არის ტიპური პასიონერი ქართველი, ტექნოკრატიული მმართველობა დათქმული ლოკალური პერიოდის მიღმა საქართველოში მცდარი და შეუძლებელი იდეაა? როგორ დავარწმუნო არა მხოლოდ ბატონი ივანიშვილი, არამედ ნებისმიერი მმართველი, რომელიც ამ ქვეყანას ეყოლება უახლოესი 20-30 წლის განმავლობაში, რომ ირაციონალური ფაქტორის გარეშე საქართველოს მართვა შეუძლებელია? და ისიც როგორ გავაგებინო მათ, რომ ირაციონალურს ტექნოკრატები ვერ შესთავაზებენ ერს, ქვეყანას, სახელმწიფოს, ამას იდეალისტები რომ სჭირდება _ გონიერი ადამიანები, რომლებიც ახალ რეალობაში ფიქრამდე ფიქრობენ?
როგორ ავუხსნა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, რომ მათი ენერგია სულს ღაფავს და რებრენდინგი ვერ უშველის? მით უფრო, ის როგორ გავაგებინო, რომ ისინი ვერ შეძლებენ საკუთარი ზრახვების ინსტრუმენტად აქციონ გონიერი ადამიანები, რაოდენ მძიმე სოციალური პირობებიც არ უნდა შეუქმნან მათ დასამორჩილებლად? ისიც ხომ უნდა ახსოვდეთ, რომ მშიერი ადამიანი უკეთ ფიქრობს და თავგანწირვით მოქმედებს? როგორ ავუხსნა ქართველ პოლიტიკოსებს, რომ მხოლოდ ის შეიძლება გადარჩეს, რასაც და ვისაც აქვს სასიცოცხლო ენერგია და რაც არ და ვეღარ ადაპტირდება რეალობასთან _ იმის გადარჩენა შუძლებელია? როგორ მივახვედრო ეს, ვითომ სახელმწიფოსა და ქვეყანაზე მორუდუნე პერსონები და მათი მხარდამჭერები, რომ დაპირისპირებაში ჩართულ არც ერთ სუბიექტს არ აქვთ იმისთვის საჭირო ენერგეტიკული რესურსი, რომ ერთმანეთზე გაიმარჯვონ ან ის ძალაუფლება და გავლენა შეინარჩუნონ, რომელსაც ფლობენ? თან იმ პირობებში, როდესაც არც ერთ მხარეს არ უნდა საკუთარი გავლენის შესუსტება, რეალობის გაზიარება და საკუთარი, ისედაც ზღვარზე მყოფი ენერგეტიკული რესურსით სპობენ არა მხოლოდ სხვას, არამედ _ საკუთარ თავსაც…

***
კვანტური ცვლილებებისას _ განსაკუთრებით 2013 წლის გაზაფხულიდან, სამყარო, ფაქტობრივად, გაიყო, მათ შორის, ვისაც სჭირდება მატერიალური რევოლუცია _ ცხოვრება მატერიაში, ცხოვრება ძალადობაში, ნეგატივში და ამაზე დაყრდნობით შექმნილი თვალჭრელა და ნაირფერი წარმატების დემონსტრირება და მეორე გზის მომხრეებს შორის, რომელთათვისაც უმთავრესია გონიერებისკენ მიმავალი ევოლუციური პროცესები და გონიერებით ნაშენები სამყარო. ეს პროცესები ჩვენ ირგვლივ ვითარდება და პირველგზა არჩეულები _ ასეთების განსაკუთრებული სიმრავლეა საქართველოში _ ცდილობენ პროგრესის შეფერხებას. და ოდესმე მომხდარა ასეთი რამ? შეფერხება კი, მაგრამ ხელისშეშლა _ არასოდეს, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც ამას ფიზიკა გვთავაზობს. ახლა ფიზიკის ახსნას ნუ დამაწყებინებთ.
დიახ, პირველი გზის მომხრეები არ იფიქრებენ და არც ფიქრობენ ღრმად, ფიქრამდე, რადგან მათთვის მთავარია „მე“, რომელიც სიტუაციის, ადამიანების _ თუნდაც ერთის, თუნდაც საკუთარი შვილის ან ცოლის, ერის, ხალხის, სახელმწიფოს „დირექტორია“. ეს დირექტორობა ძალას ემყარება. მეორე გზის მომხრეები კი არ იდირექტორებენ, არამედ ისწავლიან თანაცხოვრებას იმათთან ერთად, ვინც ფიქრობს. პირობითად, ამ მეორე გზის მომხრეებს სულიერი ევოლუციის მომხრეები დავარქვათ. თავიდან ისინიც დაუშვებენ შეცდომებს, მაგრამ შეიძენენ ფიქრამდე ფიქრისა და მოქმედების გამოცდილებას.

***
თუ ვინმემ გაუძლო და აქამდე წაიკითხა ეს „ბოდვა“, უკვე კარგია. ესეც გამოცდილებაა და ცოდნაა იმის, რომ სამყარო ის არ არის, რაც 2012 წლამდე იყო. და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს. მერწმუნეთ, ამაზე მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებში მუშაობენ და „იქ“, „ისინი“ მზად შეხვდებიან გონების ნათებას. ჩვენ კი ამ სინათლის ჩვენში შემოშვების ნაცვლად იმაზე ვმსჯელობთ, _ ვინ იქნება ხელისუფლებაში 2020 წელს? თავპირს ვამტვრევთ ერთმანეთს იმის გარკვევაში, ივანიშვილი უკეთესია თუ სააკაშვილი? ორივე კარგია! ესეც ხომ ფაქტია _ ზოგისთვის ერთი, ზოგისთვის მეორე. ორივე ცუდია! ესეც ფაქტია _ ზოგისთვის ერთი და ზოგისთვის მეორე. უბრალოდ, ახლა ორივე ძალას ეყრდნობა და არა ფიქრს და მოფიქრალ-მოაზროვნეებს. თუმცა ცხოვრება წინ მიდის და როგორც და ვინჩის დასცინოდნენ ოდესღაც ან გალილეის წვავდნენ კოცონზე იმის გამო, რომ „ბრუნავს“, სწორედ ისე შეიძლება დავცინოთ დღეს ან დავწვათ (ასეთი ქმედებების ჩამდენებიც უხვად გვყავს) ისინი, რომლებიც მეცნიერულად ამტკიცებენ კვანტურ ცვლილებას _ იმას, რომ დღეს ადამიანი და სამყარო სხვაა, ვიდრე 2012 წელს.
დასაფიქრებელი ახლა ისაა, ჩვენ სად ვართ ან „იმ პოლიტიკოსის“ არ იყოს, ამ საყველპურო და უგემოვნო პოლიტიკურ მასკარადში „მე რა ვქნა, მე?..“

გოჩა მირცხულავა