ვინ და რა მიზნით აფინანსებს კრიმინალურ პრორუსულ ორგანიზაციებს საქართველოში

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება თბილისის სომეხთა კავშირის პრეზიდენტი, მიხეილ თათევოსოვი:

_ ბატონო მიხეილ, თქვენ ავტორი ხართ საკმაოდ კრიტიკული სტატიების, რომელიც უცხოურ პრესაში იბეჭდება საქართველოში მოღვაწე პრორუსულ ორგანიზაციებზე, ვინ არიან ისინი?
_ მათზე უამრავი ინფორმაცია მაქვს. ყველაზე მთავარი: საინტერესოა, ვინ და რატომ აფინანსებს ასეთ ორგანიზაციებს საქართველოში?! საქართველოში რეგისტრირებულია ოცამდე პრორუსული ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ტიპის დაკვეთას ასრულებს. ამ ორგანიზაციათა უმეტესობის ხელმძღვანელები რუსეთის მოქალაქეები არიან. 2016 წლამდე ასეთი ტიპის 32 ორგანიზაცია იყო და როცა საქართველოში არსებულ „რუსულ კლუბში“ ახალი ხელმძღვანელი მოვიდა, იმ დროიდან დაიწყო მათი წმენდა. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი, მოგვიანებით გავიგე.
_ და რა იყო წმენდის მიზეზი, რა გაიგეთ?
_ სავარაუდოდ, თანამშრომლობაზე არ მოაწერეს ხელი. მეც შემომთავაზეს და ამ ფაქტიდან 6 თვის მერე, როცა მაისში ვალერი სვარჩუკმა დამიძახა, მითხრა: ბატონო მიშა, გავიგეთ, რა ბანდიტიზმიც ხდებაო. თანხები არასწორად ნაწილდებოდა. 300 000 დოლარი მოდიოდა წელიწადში და მე რუსულ პრესაში კრიტიკულ მასალებს ვწერდი იმ ბანდიტიზმე, რაც ჩვენთან ხდებოდა _ ყველაფერი გაშიფრული მქონდა. იმ დროს ძალიან დიდი ბრძოლა მომიწია თავად სვარჩუკთანაც, რადგან წელიწადში 250 ადგილი მოდიოდა მოსკოვისა და პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებში უფასოდ სწავლაზე. თუმცა ყველა ადგილი იყიდებოდა და ვაჭრობდნენ, ახლა შემცირებულია ადგილები და მხოლოდ 120 სტუდენტს შეუძლია სწავლა რუსეთში საუკეთესო სასწავლებელში. მახინჯი პრაქტიკა დღესაც გრძელდება და ძალიან დიდ ფინანსებს ყლაპავენ.
_ კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ტიპის თანამშრომლობაზე იყო თქვენთან საუბარი?
_ როდესაც საქართველოს რუს თანამემამულეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევდნენ, შემომთავაზეს, მხარი დამეჭირა ნიკოლაი სვენტიცკისთვის და მათთან მეთანამშრომლა. 2016 წლის ივნისში, როდესაც რუს თანამემულეთა კონფერენცია ჩატარდა, სვენტიცკი თავმჯდომარედ აირჩიეს. კონფერენციის თავჯდომარე იყო სექციის ხელმძღვანელი ვადიმ გორელოვი, რითაც დაირღვა საკოორდინაციო საბჭოს დებულება. საქართველოსა და რუსეთის კანონები საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესახებ კატეგორიულად კრძალავს სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლების ჩართვას მათ საქმიანობაში. ნიკოლაი სვენტიცკი ასევე არის გრიბოედოვის თეატრის დირექტორი და „რუსული კლუბი“ გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრის შენობაში ფუნქციონირებს.
საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციების დაფინანსებაზე პირველად მე გავახმოვანე და კრიტიკული სტატიები უცხოურ პრესაში დავწერე. სვენტიცკი ყველამ იცის, ვინც არის, ის რუს თანამემამულეთა საკოორდინაციო საბჭოს უშუალო კურატორია რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის სახელით.
2016 წლის დეკემბერში სათავეში ჩავუდექი ჩემ მიერ მომზადებულ ქართველი სკოლის მოსწავლეების გუნდს რუსული ენის მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მოსკოვში ტარდებოდა. ფინალში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა 53 ქვეყნიდან. ჩვენმა ბავშვებმა სამი პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო დანილა ნიკულენკო ფოთიდან აბსოლუტური გამარჯვებული გახდა და მას სწავლის უფლება მიენიჭა რუსეთის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში, მისი არჩევანით. როდესაც საქართველოში დავბრუნდით, სვენტიცკის დაპირებული კომპენსაციისთვის, გზის ხარჯების ასანაზღაურებლად მივმართე. პასუხი იყო მოკლე და კატეგორიული: „გამონახეთ საერთო ენა მაიორსკისთან და კომპენსაცია გექნებათ“. მოგვიანებით, სვენტიცკის შეთავაზება ალექსანდრე ბეჟენცევმა გამიმეორა: „შეუერთდით „ინსაიდერების“ ჯგუფს და ყველაფერს მიიღებთ“. რა თქმა უნდა, „კომენდანტ“ მაიორსკისთან საერთო ენის გამონახვისა და მისი უწყების „ინსაიდერად“ გახდომის არანაირი სურვილი არ მქონდა, მით უმეტეს რომ, ჯერ კიდევ არ წაშლილა მეხსიერებიდან „ენვერი“.
_ ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ სტიპენდიას იღებდით ფონდ „ქართუსგან“, დღეს ეს სტიპენდია რატომ აღარ გერიცხებათ?
_ იმ წერილს გამოგიგზავნით, რაც ბატონ ბიძინას გავუგზავნე და კარგი იქნება, თუ დაბეჭდავთ:
„პატივცემულო ბატონო ბიძინა! 2018 წლის 29 ივნისს მოგმართეთ პარტიის ცენტრალური კანცელარიის მეშვეობით ვრცელი წერილით (#417) თხოვნით, დაგევალებინათ საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გენერალური დირექტორისთვის, ბატონ ნიკოლოზ ჩხეტიანისთვის, პასუხი გაეცა ჩემს კითხვაზე: „2016 წლის ივნისში ვისი დავალებით და რა დამსახურებით დამენიშნა სტიპენდია და ვისი მითითებით გამიუქმეს ის?“ ამ კითხვით მივმართე ბატონ ნიკას ჩემს ექვს განცხადებაში მის სახელზე, აგრეთვე მასთან სამსაათიანი პირადი შეხვედრის დროს 2017 წლის ოქტომბერში და პასუხი მაშინაც ვერ მივიღე. პასუხს გაერიდნენ ფონდის იურისტი ნინო კიკნაძე და აპარატის ხელმძღვანელი თამარ ჯიჯეიშვილი მათთან შეხვედრისას, რომელიც მათივე თხოვნით შედგა. შეხვედრების ყველა დეტალი მოყვანილია ჩემს პირველ განცხადებაში თქვენს სახელზე. თქვენდამი ჩემს მიმართვაში მოვიყვანე ყველა გარემოება, რომელიც წინ უძღოდა გადაწყვეტილებას ჩემთვის სტიპენდიის სასწრაფოდ დანიშვნის შესახებ _ ფონდის გამგეობის მიერ ყოველგვარი განხილვის გარეშე და დაგისახელეთ გადაწყვეტილების მიღების ინიციატორები: საქართველოს რუს თანამემამულეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსკი კლუბის“ თავმჯდომარე ნიკოლაი სვენტიცკი და საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლები. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ამ პერსონების მონაწილეობა ჩემთვის სტიპენდიის დანიშვნასთან და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების გარემოებასთან დაკავშირებულ ბუნდოვან ისტორიაში არის იმის მიზეზი, რომ არ არსებობს ლეგალური წერილობითი პასუხი ჩემს კონკრეტულ შეკითხვებზე. ამასთან ერთად, ბატონ ჩხეტიანთან, ფონდის იურისტ ნინო კიკნაძესთან და ბანკ „ქართუს“ პრესმდივან დეა შაფათავასთან ჩემი პირადი შეხვედრების დროს ჩემი ვერსია ჩემთვის სტიპენდიის დანიშვნისა და შემდგომ მისი გაუქმების შესახებ კონსოლიდირებული გადაწყვეტილების მიღებაში ბატონი სვენტიცკისა და საქართველოში რუსული მისიის თანამშრომლების მონაწილეობის თაობაზე უარყოფილი არ იყო. მეტიც, ფონდის იურისტთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრის დროს და ტელეფონით საუბრისას ჩემთვის სტიპენდიის აღდგენის პირობად დასახელდა ფონდის ხელმძღვანელობისა და „რუსკი კლუბის“ მიმართ ყველა პრეტენზიაზე უარის თქმა. ამჟამად ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ჩემს სამ განცხადებაზე, რომელიც ეხება ჩემს ბინაზე ცეცხლის წაკიდების მცდელობის, ძარცვისა და აგრეთვე ჩვენი ორგანიზაციის ელექტრონული ფოსტის გატეხვის ფაქტებს. კრიმინალური ქმედებების ინიციატორებად დავასახელე საქართველოს რუს თანამემამულეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელები ნ. სვენტიცკი და ა. ბეჟენცევი; ხოლო მათ შურისძიების საფუძვლად დასახელდა მასმედიაში ჩემი მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია აღნიშნული პერსონების როლის შესახებ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე (პუბლიკაციების ჩამონათვალი შესულია თქვენდამი ჩემს მიმართვაში). ივლის-აგვისტოში გამოვაქვეყნე მორიგი სტატიები ამავე თემაზე სათაურებით: „ვირთხები და ვირთხაჭამიები“ და „თბილისი. ვირთხებზე ნადირობის დაწყება“. ჩვენი უპრეცედენტო ზეწოლისა და არაერთი მიმართვის შედეგად მიღებულია გადაწყვეტილება თბილისში სავიზო ცენტრის გახსნის შესახებ რუსეთში შესვლაზე ვიზების გაფორმებისთვის, რამაც ბოლო უნდა მოუღოს ჩვენი მოქალაქეების ძარცვას რუსული მისიის თანამშრომლებისა და მათთან დაკავშირებული საქართველოს რუს თანამემამულეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს კრიმინალური ელემენტების მხრიდან. 11 აგვისტოს პარტიის ცენტრალური ოფისის შენობაში შევხვდი პარტიის რეგიონულ მდივან დიმიტრი სამხარაძეს, სადაც ვიდეოჩანაწერით განვიხილეთ მიმდინარე წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი ორგანიზაციის მონაწილეობის საკითხები, აგრეთვე თქვენდამი მიმართვაში ჩემ მიერ აღწერილი სიტუაცია. ბატონმა სამხარაძემ განმარტა, რომ პასუხები ფონდ „ქართუს“ მიმართ კითხვებზე არ შედის მის კომპეტენციაში და მირჩია, უშუალოდ მივმართო პარტიის გენერალურ მდივან ბატონ ირაკლი კობახიძეს ან ქ. თბილისის მერ კახა კალაძეს, რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ აღნიშნული ადრესატები შეძლებენ პასუხის გაცემას ჩემს კითხვებზე. კიდევ ერთხელ დაბეჯითებით გთხოვთ, ბატონო ბიძინა, დაავალოთ თქვენი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელს, გააქარწყლოს ჩემი ეჭვები იმ ვერსიის მიმართ, რომ პრორუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საქართველოში რუსეთის ინტერესების სექციიდან მათი კურატორები უშუალოდ მონაწილეობენ ფონდ „ქართუს“ სახსრების გამოყენებაში ჩვენი ქვეყნისთვის შეუთავსებელი მიზნებისთვის, მათ შორის, თანამშრომლობის ანაზღაურებისთვის. ჩემი განცხადებებისა და მიმართვის რეაგირების გარეშე დატოვების შემთხვევაში გაგრძელდება კრიმინალური ზეწოლა პირადად ჩემზე, რაც ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის არასასურველ შედეგებს გამოიწვევს“, _ წერს მიხეილ თათევოსოვი ბიძინა ივანიშვილთან გაგზავნილ მიმართვაში.

ლევან ქემოკლიძე