გია აბაშიძე: „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ქასთინგს ატარებს“

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში მთავარ თემად მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირება იქცა. პროცესები გამწვავდა, _ „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა დეპუტატმა უმრავლესობა დატოვა, მათ შორის, ეკა ბესელიამაც. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი.

რა გამოწვევების წინაშე დგას „ქართული ოცნება“ და მიიღებს თუ არა იგი ადეკვატურ გადაწყვეტილებას მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით? რა შანსები აქვს ეკა ბესელიას, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურას და რა მოცემულობაშია ოპოზიციური სპექტრი?

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ ექსპერტ გია აბაშიძეს ესაუბრა:

_ გია, მმართველ გუნდში არსებულ კრიზისს რასთან აქვს ლოგიკური ბმა, _ ეს ბიძინა ივანიშვილის სცენარია თუ „ქართული ოცნება“ მართლაც დგას სერიოზული გამოწვევის წინაშე?
_ ამას პირობითად მესამე ტურს ვარქმევ. 28 ნოემბრის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ მესამე ტური დაიწყო. ამ მოსაზრებას ის საჯარო განცხადებები მიმყარებს, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა და პარტიის ლიდერებმა გააკეთეს, _ პარტიის ვერტიკალი დასალაგებელია და მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ფაქტობრივად, პარტია არ არსებობს. სწორედ ამისთვის ივანიშვილმა ერთი წელი ითხოვა. ზუსტად ეს პროცესი დაიწყო მან. საზოგადოება ამას შეთქმულების თეორიას დაარქმევს, კონსპიროლოგიას თუ ბიძინა ივანიშვილის სცენარს, ერთი რამ ფაქტია, რომ ამ კაცმა რაც თქვა, იმას ახორციელებს. დეკემბრის ბოლო რიცხვებიდან პროცესი საკმაოდ დაჩქარებული ტემპით დაიწყო. საბაბი მოსამართლეთა სია იყო, მაგრამ შემდგომშიც კიდევ გამოჩნდება ბევრი საბაბი, რაც ამ პარტიის არსებულ შემადგენლობას შეათხელებს. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ კარგი ლაკმუსის ქაღალდი იყო ის რეზოლუციები, რომლის ირგვლივაც „ქართული ოცნება“ ხმების მიცემის თვალსაზრისით საინტერესოდ გაიყო. თუნდაც „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის მიღებაზე და თუნდაც ქალბატონი ბესელიას კანონპროექტის კენჭისყრაზე. ჩვენ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ იმ წევრთა არგუმენტები, რომლებმაც ბესელიას პროექტის წინააღმდეგ მისცეს ხმა. მათი აზრით, პროექტი იურიდიულად არ იყო გამართული და დახვეწა სჭირდებოდა… თუმცაღა ამ ადამიანების გვარებს რომ გადავხედოთ, პატარა მინიშნებას დავინახავთ, _ ხომ არ აპირებს „ქართული ოცნება“ 2020 წელს ასპარესზე პირობითად ასეთი შემადგენლობით გამოვიდეს: 2016-იანები და 2012-იანები, ანუ „ძველი“ და „ახალი“ გვარდია. ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში დიდი რყევები შეიმჩნევა, ნათელია და ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაბრუნდა ბატონი ივანიშვილი ოფიციალურად პარტიის ლიდერის თანამდებობაზე გასული წლის მაისში. ეს კრიზისი და რყევები 2018 წლის მაისში არ დაწყებულა, ამის ნიშნები მანამდეც იყო. ამიტომ წმინდა პოლიტიკურ-ტაქტიკურად შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს, რომ პარლამენტში მასთან უფრო ახლოს მყოფი პარტიები შეიყვანოს. მით უმეტეს, 2020 წელს 3%-იანი ბარიერი იქნება და „ქართული ოცნება“ შეეცდება, ჩააჩოჩოს ამჟამინდელი უმცირესობა, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. ეს ნიშნები უკვე ჩანს და ჩემი პირადი ეჭვები 21 თებერვალს რეზოლუციასა და კანონპროექტზე ხმების გაყოფამ გაამყარა.
_ ბესელიას ღია დაპირისპირებას იმას ხომ არ უკავშირებთ, რომ „ქართული ოცნების“ შიგნით ივანიშვილს ავტორიტეტი ეკარგება?
_ არა, უბრალოდ, იმას ვუკავშირებ, რომ გუნდში 2016 წლიდან არ იყო ერთიანობა იმ ფუძემდებლური პრინციპების მიმართ, რაზედაც პოლიტიკური გუნდი, პარტია ერთიანდება. ეს იქნება საგარეო საკითხები, ეკონომიკა, სასამართლო სისტემა, სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულება, ასევე უმცირესობის ჯგუფები თუ სხვ. მათ შორის ჰარმონია არ არის. როგორც წესი, თუ გუნდის თამაშის წესებს არ ეთანხმები, ტოვებ მას. პარალელურად, საერთაშორისო ექსპერტი ვარ და ყოველთვის ვადევნებ თვალყურს საერთაშორისო მოვლენებს, მსგავსი პროცესები, მაგალითად, დიდ ბრიტანეთშიც ხდება, სადაც „ლეიბორისტული პარტია“ 8 დეპუტატმა დატოვა, მმართველი პარტია კი _ 3-მა დეპუტატმა. ქალბატონი ბესელიას შემთხვევაში 22 თებერვალს გაკეთებული განცხადებით არ ვიცით მისი შემდგომი პოლიტიკური მომავალი. ის ფიქრობს, რომ პოლიტიკურ პლატფორმას გააკეთებს და ეს ლოგიკურიც არის, მას ახლა გარკვეული მხარდაჭერა აქვს „ძველი გვარდიელებისგან“ და სხვებსაც დაელოდება, რამდენი მიჰყვება. შესაძლოა, მათ ფრაქცია ან ფრაქციები შექმნან. ჩემი ვარაუდით, 2020-ში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სია, თუნდაც, მაჟორიტარული კანდიდატები, არ იქნება იგივე, რაც ახლა გვაქვს. ლოგიკური პოლიტიკური კონიუნქტურით მათ საფუძვლიანად უნდა გადაახალისონ საკუთარი ადამიანური რესურსები. არა მხოლოდ პარტიულს ვგულისხმობ, არამედ ძალიან ბევრი შეკითხვა და პრობლემაა ადგილობრივ თვითმმართველობებში.
_ ბესელიას, მისი პოლიტიკური ცხოვრებიდან და პერსონიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ჰქონდეს შანსი, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მიიღოს? ერთ მხარეს დგას ბესელია თავისი სკანდალებით, მათ შორის, პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, მეორე მხარეს კი ბესელია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის „იბრძვის“, არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზნით აკეთებს ამას, ვიღაცას განცდას უტოვებს, რომ ის მართლა იბრძვის დამოუკიდებელი სასამართლოსთვის. ეს ფაქტორი რამდენად გადაწონის მის პერსონას და იმას, რაც ვიცით მის შესახებ?
_ ძალიან ნაადრევია ახლა მის პოლიტიკურ მომავალზე საუბარი. მინიშნებით კი ვხვდებით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბესელიას თანამოაზრეები იყვნენ, შესაძლოა, მმართველი გუნდიდან გამოვიდნენ. შექმნიან თუ არა ისინი ახალ პარტიას, ეს მოვლენათა განვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა უნდა ბესელიას. სურს კი ქალბატონ ბესელიას, 2020 წლის შემდეგაც იყოს პარლამენტში? რაც შეეხება პოლიტიკურ წონას, რა თქმა უნდა, მას გარკვეული პოლიტიკური წონა აქვს, რადგან ის სტაჟიანი იურისტი და პოლიტიკოსია. წლებია, ამ სფეროშია. თუ მან მოინდომა, პოლიტიკაში ექნება თავისი გარკვეული ადგილი, მათ შორის, პარლამენტში. ეს კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვის გვერდით და ვისთან იქნება ალიანსში. ახლანდელი გადმოსახედიდან კონკრეტული პროგნოზის თქმა გამიჭირდება, თუმცა ფაქტია, რომ პოლიტიკური მოძრაობები დაწყებულია. მათ შორის ქართულ ოპოზიციურ სპექტრში გაერთიანებულია 21 პარტია, რომელიც ხელმოწერებს აგროვებს 2020 წელს მაჟორიტარული სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით. საინტერესოა, ხელმოწერების მოგროვების შემდეგ, მაჟორიტარულ სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, ხმების მიცემის დროს ისევ ხომ არ გაიყოფა „ქართული ოცნება“? ეს ახალი გამოწვევა იქნება მმართველი გუნდისთვის, ანუ მე ვხედავ ამას, როგორც ჯანსაღ, ცოცხალ პოლიტიკურ პროცესს. ქართულ ოპოზიციურ სპექტრს ვუსურვებ, მეტი კონსოლიდირება და ერთიანობა ჰქონდეს, შიდა პიროვნულ კინკლაობებს თავი დაანებოს, ერთიანი ფრონტით კონკრეტული კონსტრუქციული საკითხების ოპონირებით შეუტიოს მმართველ გუნდს, როგორც ეს ხდება ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყანაში.
_ ლიეჟში ემიგრანტებთან შეხვედრასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: პოლიტიკურად რამდენად გამართლებულია, რომ მმართველმა გუნდმა თავისი მომხრეების მობილიზება მოახდინა?
_ ამ შეხვედრისთვის რომ დაერქმიათ „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა თავის ემიგრანტ მხარდამჭერებთან, ამ შემთხვევაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების გამოჩენა სრულიად მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ მას ემიგრანტებთან შეხვედრა ერქვა. ემიგრანტთა რაღაც ჯგუფს (ვერ გეტყვით, ნამდვილად მართული იყო თუ არა „ქართული ოცნებისგან“) შეხვედრის სურვილი გაუჩნდა. ზოგს მშვიდობიანი, ზოგს აგრესიული ფორმით უნდოდა შესვლა. გამოხატვის თავისუფლება ევროპაში ყველას აქვს. ძალიან გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ იქ ადამიანები მობილიზებული იყვნენ სპეცსამსახურების ან პარტიული რესურსების მიერ საქართველოდან. ერთადერთი, რაც მახსენდება და ვიხილე, ეს იყო ერთ-ერთი ქალბატონის ინტერვიუ, რომელიც ამბობდა, ემიგრანტი ვარო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფოთის საკრებულოდან „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. ასევე ვიხილე ქართული მედიიდან ჟურნალისტთა დიდი ჯგუფი მათ შორის, ზოგისთვის მისაღები და ზოგისთვის მიუღებელი სახეები.
_ ჩვენ ვიხილეთ შალვა რამიშვილი, რომელიც პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება, შესაბამისად, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის „ოცნების“ გაგზავნილი იყო…
_ თუნდაც შალვა რამიშვილის კოლეგის, რობერტო მავანის შეხვედრაზე გამოჩენა იმაზე მიუთითებდა, რომ იქ გარკვეულ სენსაციურ, კურიოზულ, თუ ლაფსუსურ მომენტებს ეძებდნენ. რაც შეეხება შალვა რამიშვილს, ის კვირაში ერთხელ სააკაშვილს თავის ვიდეობლოგებს უძღვნის და მას სააკაშვილთან საჯარო სივრცეში შეხვედრა სურდა. სააკაშვილს უნდოდა თუ არა მასთან შეხვედრა, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. ამ შეხვედრაზე უარესებიც მინახავს ევროპაში, თავად ევროპული პარტიების შეკრებებზე, მათ შორის, ულტრამემარჯვენეებისა და ულტრამემარცხენეების. ნუ ჩავვარდებით თვითგვემაში, რომ ევროპაში ჩვენი ქვეყანა შევარცხვინეთ. ელემენტარულად, საჭიროა ხოლმე, ადამიანებმა დაგუგლონ, რა ხდება სხვაგან. ულტრამემარჯვენეების ლიდერები რომ იკრიბებიან, მათი ოპონენტები ხან ფქვილს შეაყრიან, ხან პომიდორს ესვრიან… გამოხატვის თავისუფლება იქამდე ვრცელდება, სანამ ადამიანს ფიზიკურად ან სიტყვიერად შეეხებიან. ამიტომ ვერ ვხედავ, რომ ქართველებმა ევროპაში „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ მხრიდან თავი შეირცხვინეს. მაშინ რაღა უნდა ვთქვათ ყვითელჟილეტიანებზე, რომლებმაც რამდენიმეთვიანი აქციების დროს დააქციეს პარიზის ცენტრი.
_ ცხადია, ემიგრაციით და ემიგრანტებით სააკაშვილი რევოლუციას ვერ მოახდენს, თავად გუნდის შიგნითვე აქვთ დამოკიდებულება, რომ სააკაშვილი რეალობას მოწყვეტილია. ეს დამოკიდებულება, ჯერ კიდევ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგრძნობოდა, როცა სააკაშვილის განცხადებებს თავისივე თანაგუნდელები ემიჯნებოდნენ. ერთი მხრივ, ექს-პრეზიდენტის აქტიურობა ხელს უწყობს მისი „მრევლის“ მობილიზებას, თუმცა, მეორე მხრივ, უშლის თუ არა ხელს „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატის გაზრდას? აქვე გკითხავთ: თუ ოპოზიციურ სპექტრში კონსოლიდაცია იქნება, სააკაშვილის ფაქტორი უარყოფითად იმოქმედებს მათზე?
_ სააკაშვილი საკმაოდ დესტრუქციულ როლს ასრულებს ქართული ოპოზიციის კონსოლიდირებაში. ის კარგი გაგებით „პოლიტიკური ცხოველია“. მან უბადლოდ იცის როგორც პოლიტიკური აქტივობა, ასევე პიარი. უმჯობესია, მან ამ თემაზე ლექციები წაიკითხოს, თაობები აღზარდოს და საგანმანათლებლო წიგნები დაწეროს. სააკაშვილმა უკვე საკუთარ თავში ვეღარ გააცნობიერა, რომ ის წარსული პოლიტიკური ფიგურანტია. სააკაშვილს ამ ყველაფრის სათავისოდ მობრუნება შეეძლო, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ჩვეულებრივ პოლიტიკურ ბრძოლებებში ხდება. როდესაც პოლიტიკურ სპექტრს რამდენიმე წელიწადი მთლიანად განერიდები, არ აკეთებ არანაირ კომენტარს და ამით თითქოს აგროვებ ქულებს, ეს სინამდვილეში გრიყავს. როგორც ჩემი უცხოელი კოლეგები სააკაშვილზე მეუბნებიან, მისი ყველა კომენტარი, მის მიერვე კარიკატურების ტირაჟირება, საკმარისზე ბევრია. მას ისე უნდა ყურადღების ცენტრში დარჩენა, რომ მისთვის უკვე სულერთია პოლიტიკური პლატფორმის თუ აზროვნების ცვლილებები. ის ხან ულტრამემარჯვენეა, ხან ულტრამემარცხენეა, ხან ცენტრისტია. ვეღარ გაიგებ, რა უნდა, რომელ ელექტორატზე მუშაობს. არის ასეთი აღქმა, რომ მისი პოლიტიკური ზეობის დღეები წასულია, მათ შორის, უკრაინაში დიდი ხანია, უკვე დამთავრდა. მაგიტომაც აღარ აქტიურობს. ერთადერთი მისი სკაიპჩართვა იყო იულია ტიმოშენკოს კანდიდატურის წარდგენისას. ის უკრაინაში პროცესებს გამოეთიშა და ყველანაირად ცდილობს გააქტიურებას, მაგრამ „ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირად“, დაახლოებით ასეთი ვითარებაა.
საკმაოდ ნიჭიერი ადამიანები გვყავს პოლიტიკურ სპექტრში, არა მხოლოდ ახალგაზრდები, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, გარკვეული პრობლემური საკითხების ირგვლივ ადამიანთა დიდი ჯგუფები გაერიანდება, რომელიც მთავრობასთან ოპონირებას შეძლებს.
_ სანამ ამ ჯგუფების კონსოლიდირება მოხდება, მანამ მთავარ ოპოზიციურ ძალად „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება და მის ირგვლივ იკრიბება სხვა პარტიებიც. ამ პროცესში სააკაშვილის როლი როგორია?
_ ოპოზიცია საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაშია _ დიდ ყურადღებას არ აქცევენ, როგორც მმართველ პარტიას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან მმართველ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკური რყევები გაცილებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ოპოზიციურ სპექტრშიც იქნება რყევები და ეს გამოჩნდება მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებს მივუახლოვდებით. სააკაშვილის ფაქტორიდან გამომდინარე „ევროპულმა სქართველომ“, რეიტინგული თვალსაზრისით, საკმაოდ იზარალა, რადგან ღიად დაუდგნენ გვერდით სააკაშვილს. მათ შორის ფინეთში სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრამაც გარკვეული როლი ითამაშა ზარალის მხრივ. ახლა თავადვე უნდა გადაწყვიტონ, როგორ გამოვიდნენ ამ სიტუაციიდან და აწიონ საკუთარი რეიტინგი. საზოგადოებას და მეც მაინტერესებს, მაისში მთაწმინდაზე დაგეგმილ ვადამდელ მაჟორიტარულ არჩევნებში თუ წამოაყენებენ მეინსტრიმ პოლიტიკური პარტიიდან კანდიდატურას? თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის პოლიტიკური მაჯისცემა მაინტერესებს. ჯერჯერობით, ჩვენ მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატებს ვხედავთ. ძალიან საინტერესო კონსტრუქციაა: მემარცხენეა კანდიდატი გრიგოლ გეგელია, ცენტრისტია სოფიო ხორგუანი, კონსერვატორია კობა დავითაშვილი. ვფიქრობ, მმართველ პარტიას არ უნდა სჭირდებოდეს დროისა და რესურსის დაკარგვა ამ გამარჯვების მოსაპოვებლად. დეპუტატები ისედაც აკლდებათ და ეს ერთი არაფერს შესძენს გარდა ადამიანური, ფინანსური და დროის რესურსების ხარჯვისა. რაც შეეხება ოპოზიციას, პოლიტიკური რებრენდინგი მას ნამდვილად სჭირდება, რასაც სააკაშვილის გარეშე ვისურვებდი. უფრო კონსტრუქციულ-თემატურ საკითხებზე უნდა იყოს ორიენტირებული. სააკაშვილმა საკმაოდ კარგი ინიციატივა წამოაყენა, თუმცა აბსოლუტურად მიუღებელი მექანიზმით, ვგულისხმობ ალტერნატიულ მთავრობას, ჩრდილოვან კაბინეტს. სააკაშვილის ეს იდეა დესტრუქციულია, თუმცა საკუთრივ ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა საკმაოდ საინტერესოა. სააკაშვილისთვის ჩრდილოვანი კაბინეტი მთავრობის დელეგიტიმაციის მთავარი მოთხოვნაა, მაგრამ ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც არსებობს თუნდაც უკრაინაში, ლიეტუვაში, ბრიტანეთში, კანადასა და ა. შ., ოპოზიციას, მთავარ პარტიასა და სხვა კოალიციებს კონსოლიდირებას უწევს და ისინი აღიარებენ ლეგიტიმურად ხელისუფლებას, კონკრეტული თემების ირგვლივ ოპონირებენ, ანუ არის იუსტიციის მინისტრი, ასევე იქნება ჩრდილოვანი კაბინეტის იუსტიციის მინისტრი. პირველი და უწინარესი ჩრდილოვანი კაბინეტის პრინციპია, რომ აღიარებს არსებული ხელისუფლების ლეგიტიმურობას. ხელისუფლებას ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ბალანსი სჭირდება, ამისთვის აუცილებელია ოპონირება. ბუნებრივია, ხელისუფლება ყოველთვის მართალი არ იქნება, ამიტომ აუცილებელია, მას ყოველთვის შეუსწორონ. შესაძლოა, ბევრ შემთხვევაში ოპოზიციაც არ იყოს მართალი. ეს პაექრობაა, არჩევანს საზოგადოება აკეთებს. ამიტომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა საკმაოდ კარგად მესახება. თუ იურიდიულად გაასწორებენ და ჩვენს უცხოელ კოლეგებს შესთავაზებენ, რომ მათაც გვირჩიონ რამე, კარგი იქნება.
_ თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეული პოლიტიკური მოძრაობები დაიწყო, თქვით ისიც, რომ მესამე ძალის დროა. ყველა ამაზე საუბრობს. როგორც წესი, იქმნებიან კიდეც პარტიები, მაგრამ მესამე ძალის შექმნის მცდელობა ყველა პარტიის მხრიდან კრახით სრულდება და პოლიტიკური გარემო ისევ პოლარიზებული რჩება. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს იქნება ის მესამე, რომელიც რეალური მესამე გახდება?
_ ჩვენ ამის საფუძველს არაერთი ფაქტორი და წინაპირობა გვაძლევს. საქართველოში გამოჩნდა ინტერესთა ჯგუფები (კარგი გაგებით), რომელიც არ უკავშირდება ბიზნესს. ეს ინტერესთა ჯგუფებია: დედაქალაქის ურბანულ განვითარებაზე მომუშავე, შრომის უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვაზე, გარემოს დაცვასა და ა. შ. ამ სამოქალაქო ატივისტების გაძლიერება უკვე ჩანასახშივე მაძლევს იმის საფუძველს, რომ, გარკვეულწილად, ეს ინტერესთა ჯგუფები დარჩებიან ინტერესთა ჯგუფებად, გარკვეული ჯგუფები კი პოლიტიკურ პარტიებს შექმნიან ან გაამსხვილებენ, ან სხვაგვარად ითამაშებენ, მაგრამ მთავარი აქ ყოველთვის, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სწორედ ფინანსებია. ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებისგან არაერთი რეკომენდაცია მიგვიღია, რაც უსწრაფესად გასათვალისწინებელია. ამ კონსტრუქციული ჯგუფებისთვის ფინანსებისთვის თავისუფალი ნიშა უნდა შეიქმნას, რათა პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. ფინანსების გარეშე, ბუნებრივია, ბევრი ინიციატივა ინიციატივადვე დარჩება, მაგრამ საზოგადოების საკმაო გამოცოცხლება იმის იმედს მაძლევს, რომ მათი კოორდინებული მოქმედება თუნდაც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან, პარტნიორებთან მიგვაღწევინებს იმას, რომ ხელისუფლებამ გამოასწოროს ხარვეზები და რეკომენდაციები გაითვალისწინოს.
_ „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირება დიდი ხნის წინათ რომ დაიწყო, ამაზე ვთანხმდებით. შარშან გაზაფხულზე ზედაპირზე ამოტივტივდა ეს დაპირისპირება, როცა „ოცნების“ იმჟამინდელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ღიად დაუპირისპირდა ირაკლი კობახიძეს, რასაც შემდეგ ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვა მოყვა, ახლა უკვე ბესელიას შემთხვევა იყო. თუ ამ პროცესებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ახლებზე“ დებს ფსონს. რამდენად გამართლებულია მისი ეს სვლა და რას უნდა ველოდოთ „ქართული ოცნების“ მესამე ტურის ბოლოს?
_ საზოგადოების ნაწილის აღქმაა, რომ ბიძინა ივანიშვილი, პირობითად, „ახლების“ მიმართ იხრება. ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აღქმაა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ახლა დამკვირვებლის როლს ასრულებს და უყურებს, რომელი პოლიტიკური მიმართულება, ფრთა თუ დაჯგუფება მოიპოვებს საზოგადოების მეტ მხარდაჭერას. შეიძლება ვთქვათ, რომ მიშვებული ჰყავს „ახლებიც“ და „ძველებიც“, ამას უხეშად პოლიტიკური ქასთინგი დავარქვათ. დიახ, ივანიშვილი პოლიტიკურ ქასთინგს ატარებს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი შუშის სასახლეშია გამოკეტილი და 2-2 ადამიანს უსმენს, ეს მითია. თანამედროვე კომუნიკაციების ეპოქაში ეს წარმოუდგენელია და მას ურთიერთობა აქვს საზოგადოების სხვადასხვა ფენასთან, მათ შორის, მის ოპონენტებთან. ვფიქრობ, ის, ჯერ კიდევ, დამკვირვებლის ამპლუაშია და ვინმე კონკრეტულზე იმედებს არ დაამყარებს. შესაძლოა, სრულიად სხვა ადამიანები გამოჩნდნენ. ამ ეტაპზე პოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს, რაც საკმაოდ შრომატევადია ადამიანური რესურსების, დროის თვალსაზრისით და ძალიან ბევრი ქვეპრობლემით, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს.
_ ის პროცესები, რაც სასამართლოების თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს და ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა, რაღაც ნაწილის აზრით, ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრის სტატუსი. რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს?
_ დაველოდოთ, რას იზამენ. ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა საკმაოდ საინტერესო ინიციატივა წარმოადგინა. ეს ინიციატივა არამოსამართლე წევრების გაწვევას ეხებოდა. ჩუგოშვილს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ უთხრა, რომ ამ ინიციატივას მეტი კონკრეტიკა სჭირდება. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, არამედ ჩვენც გვიჩნდება შეკითხვები, კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ინიციატივა. მეეჭვება, მმართველი გუნდი იმ დონის თვითდაზიანებამდე მივიდეს, რომ ოდიოზური მოსამართლეები გაიყვანოს და ისინი უვადო მოსამართლეებად დაამტკიცოს. საინტერესო იყო 21 თებერვლის შეხვედრა, როდესაც ქვეყანაში აკრედიტებული ელჩები და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ ბატონ კობახიძეს. ჩვენ ამერიკის საელჩოდან აშკარა მონაწილეობას ვხედავთ ამ პროცესში, როგორც მეგობრისა და მრჩევლის, ასევე ვხედავთ ევროკავშირის ელჩის აქტივობებსაც და მეც მაქვს ინფორმაციები, რომ წამყვანი ქვეყნების ელჩები ხშირად იკრიბებიან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავენ, თუმცა ეს მედიით არ ჩანს. ისინი ჩიხიდან გამოსავალს ეძებენ. ყოველთვის, როცა ჩიხური მდგომარეობაა, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ახალ დემოკრატიას უწევს ხოლმე საერთაშორისო მეგობრების ჩართვა. ასევე ძალიან მაინტერესებს ვენეციის კომისიის პასუხი, თავად მმართველი გუნდიდან იყო ინიციატივა, რომ ვენეციის კომისია ჩაერთოთ, მან კი დაუყოვნებლივი მზადყოფნა გამოთქვა. მე უფრო საერთაშირისო აქტორების ჩარევა მეიმედება. შესაძლოა, სწორედ ამან განმუხტოს და, გარკვეულწილად, დაალაგოს სიტუაცია.

ნენე ინჯგია