მუსა პანკისელი: „ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება… ყველა უწყებას სუსი აკონტროლებს!“

2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის დასრულების შემდეგ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სპეცოპერაციის დროს 19 წლის პანკისელი ახალგაზრდა მძიმედ დაიჭრა. 19 წლის ბიჭის ოჯახის წევრებმა მედიას უთხრეს, რომ დაჭრილი ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა.

„დაახლოებით, ღამის სამ საათზე სპეცრაზმი შემოგვივარდა. დაბლა ჩამათრიეს. ამ ცივ ამინდში იატაკზე დაგვაწვინეს. გასროლის ხმა მომესმა. იძახდნენ, ერთი დაჭრილი გვყავსო. ზუსტად ვერ მივხვდი, მამაჩემი იყო თუ ძმა. დაბლა რომ ჩამიყვანეს, მამა იქ დამხვდა, ძმა კი თვალით არ მინახავს. 3-დან 6 საათამდე გვატყუებდნენ, რომ ძმას გვანახებდნენ, _ ნუ ნერვიულობთ, კარგად არისო. 10 საათი რომ დაიწყო, წავიდნენ….
როცა ოთახში შევედით, სისხლი დაგვხვდა. ჩემი ძმა, თემირლან მაჩალიკაშვილია დაჭრილი. ოთახში ვყავდით ჩაკეტილები მე, დედა და ბებიაჩემი, მამა ცალკე იყო. ძმა თვალით არ გვინახავს, როგორ წაიყვანეს. რა გახდა სროლის მიზეზი, უცნობია, რადგან ჩემს ძმას იარაღი არ ჰქონია და მძინარეს დაადგნენ… გვითხრეს, რომ ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. გვეკითხებოდნენ, ვინ გყავდათ ამ ბოლო დროს სტუმრადო. ვის გულისხმობდნენ, არ ვიცი.
მარტო მე კი არა, აქ, სამეზობლოში, სხვასაც დაადგნენ იარაღით. პატარა ბავშვები გვყავს და შეშინებულები ახლაც ხმას ვერ იღებენ. პანიკაში არიან. გვითხრეს, ყველაფერს გაიგებთო, თქვენც დაგკითხავენო“, _ უთხრა სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა მედიას.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. ექიმმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა, რომ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სხვათა შორის, ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, რაზედაც ოფიციალური უარი ბიჭის გარდაცვალების წინა დღეს მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბერლინის კლინიკა პაციენტის მიღებაზე თანახმა იყო, თუმცა ბოლო წუთს რაღაც შეიცვალა.
„ოთხი დღე მალოდინეს, როცა ჩემი შვილისთვის ერთი წუთის დაკარგვაც არ შეიძლება. ვითომ გერმანიამ უარი თქვა, ავსტრია დასთანხმდა და მერე ვითომ ავსტრიამაც უარი თქვა.
აღმოჩნდა, რომ გერმანიას უარი არ უთქვამს. ჩვენი ხალხი გერმანიაში პირდაპირ კლინიკის ადმინისტრაციაში მივიდა და გაირკვა, რომ პაციენტს ახლაც ელოდებიან ბერლინში. ჯანდაცვის სამინისტროს დადანაშაულებაც არ შეიძლება _ ალბათ, უსაფრთხოების სამსახურის ზეწოლის ქვეშ არიან. მათ ჩემი შვილის გამოჯანმრთელება არ სურთ. სადღაც თურქეთში ნახეს დაბალი დონის კლინიკა, უნდათ, რომ იქ გადაგზავნონ. ვითხოვ, რომ ჩემი შვილი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანონ. დღეს დამირეკეს, მეუბნებიან, რომ ერთი წუთის დაკარგვაც არ შეიძლება და სასწრაფოდ გადმოიყვანეთ თქვენი შვილიო“, _ უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს თემირლანის გარდაცვალებამდე.
ამ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ პანკისში ჩატარებული ეს სპეცოპერაცია 2017 წლის ნოემბერში თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი ანტიტერორისტული ოპერაციის გაგრძელება იყო, რა დროსაც მსოფლიო ტერორისტების სიაში შეყვანილი აჰმედ ჩატაევი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა კი მისი ხუთი თანამოაზრე დააკავეს.
დუისის სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ჩატაევის დაჯგუფებასთან ჰქონდა კავშირი, თუმცა რატომ გახდა საჭირო 19 წლის ბიჭის მოკვლა, ამის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცის.
ამას გარდა, როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახის უფლებების დამცველები ამბობენ, საქმეში ტერორიზმი საერთოდ არ ფიგურირებს, ანუ გამოდის, რომ 19 წლის თემირლანს სახელმწიფო უმიზეზოდ დაესხა თავს და სასიკვდილოდ გაწირა.
2018 წლის შემოდგომიდან თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ხორავას ქუჩაზე მოკლულ დათუნა სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან ერთად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს და შვილის მკვლელობაში მონაწილეების, ასევე მკვლელობის შემკვეთის დასჯას ითხოვს, თუმცა ხელისუფლება შვილმკვდარი მამების მოთხოვნას, სლენგით რომ ვთქვათ, აიგნორებს.
ზოგადად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პანკისის ხეობა ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა არაერთხელ გამხდარა. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე გასახსენებელია გასული საუკუნის მიწურული, როცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ხეობა, პრაქტიკულად, კრიმინალურ ანკლავად გამოაცხადა. ყოველ შემთხვევაში, 90-იან წლებში, დანაშაული მოხდებოდა თუ არა, ჩნდებოდა ვერსია, რომ კრიმინალის კვალი პანკისში მიდიოდა, ანუ თითქმის ყველა ქურდობას, ყაჩაღობასა თუ ადამიანის გატაცებას პანკისის თემას უკავშირებდნენ.
მეტიც: მაშინ საზოგადოებაში იმ აზრის პედალირებასაც ახდენდნენ, რომ ხეობაში უცხოს გამოჩენა საშიში იყო და ამიტომ, კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს მოსახლეობა და ტურისტები პანკისში გადაადგილებისგან თავს შეიკავებდნენ.
ამის პარალელურად, ყველა, ვინც პოლიტიკურ თამაშებში, მეტ-ნაკლებად, კარგად ერკვევა, ამბობდა, რომ პანკისისგან მტრის ხატს ხელისუფალნი მიზანმიმართულად ქმნიდნენ. ასევე დადიოდა ხმები იმის შესახებაც, რომ ამ თემის წამოწევით გარკვეული ჯგუფები ფინანსურ მოგებას ნახულობდნენ.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აღნიშნული სურათი რადიკალურად შეიცვალა. უფრო კონკრეტულად, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლამდე, დაახლოებით, ორი წლით ადრე, უშიშროების მაშინდელი მინისტრის მოადგილის, ირაკლი ალასანიას უშუალო ხელშეწყობით, ხეობაზე კონტროლი სახელმწიფო სტრუქტურებმა აიღეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ალასანიას ამერიკელებიც უმაგრებდნენ ზურგს.
ასე იყო თუ ისე, საბოლოო ჯამში, პანკისში სიმშვიდემ დაისადგურა. „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს ხეობისგან მტრის ხატის შექმნა აღარავის უცდია. ამ მხრივ ერთადერთი გამონაკლისი, შეიძლება, 2012 წლის აგვისტო ჩაითვალოს, როცა ლაფანყურის სპეცოპერაცია ჩატარდა და საქმეში ჩეჩნები ამოტივტივდნენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხეობიდან ახალგაზრდები სირიაში მიდიოდნენ. იყო თუ არა ეს მართული პროცესი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში სირიაში არაერთი პანკისელი გარდაიცვალა.

ვინ და რა მიზნით ქმნიდა პანკისისგან მტრის ხატს, რა პრობლემები აქვს ადგილობრივ მოსახლეობას და რატომ მოკლა სახელმწიფომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“ სალაფიტური თემის წარმომადგენელს, მუსა პანკისელს ესაუბრა.
სხვათა შორის, ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის თებერვალში, მუსამ, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს ზედმიწევნით კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში დაწერა:
„დღეს საქართველო იმ ბეწვის ხიდზე გადის, რომელზედაც 2008 წელს გაიარა! სიტუაცია ძალზე სერიოზულია. ოკუპანტები თავისას არ იშლიან და საუკუნეების მანძილზე მათთვის ჩვეულ საქმიანობას განაგრძობენ.
რუსეთი ეცდება, სამხრეთ კავკასიაში ახალი სამხედრო ავანტიურა წამოიწყოს… ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ პუტინის რუსეთი თავის იმპერიალისტურ ზრახვებზე უარს იტყვის!“
„ქრონიკა+“-მა მუსა პანკისელს, ცხადია, იმის შესახებაც დაუსვა კითხვა, პანკისის პრობლემა რუსული სპეცსამსახურების პროვოცირებული იყო თუ არა.

_ მუსა, ბოლო წლებს თუ თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ თითქმის ყველა ხელისუფლება პანკისის ხეობას მანიპულირებისთვის იყენებდა და იყენებს. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
_ პანკისის ხეობას შევადარებდი გერს, რომელსაც ოჯახში მუდმივად სჯიან, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველაზე ნაკლებად აშავებს ან, საერთოდაც, არ აშავებს, თუმცა მაინც სჯიან!
დიახ, ყველა ხელისუფლებას თავისი ცოდვები აქვს პანკისის ხეობის მიმართ:
შევარდნაძის ხელისუფლებამ პანკისის ხეობის მოსახლეობა ისეთი ფაქტისა და პრობლემის წინაშე დააყენა, რომლის მოგვარებაც პანკისელების ძალებს აღემატებოდა.
_ რას გულისხმობთ?
_ პანკისისგან დანარჩენი მოსახლეობის დასაცავად ხეობის შესასვლელში ორი ბლოკპოსტი დადგეს და ხეობაში ყველა შემსვლელ-გამომსვლელი მკაცრ კონტროლს გადიოდა.
ამის გამო ხეობაში ისეთი მწვავე სიტუაცია შეიქმნა, რომ მოსახლეობა იძულებული გახდა, ხეობის შიგნით სახალხო ძალა ჩამოეყალიბებინა, რომელიც გაურკვეველი არაკონტროლირებადი ელემენტებისგან პანკისელების უსაფრთხოებას შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფდა. სხვათა შორის, ამ ელემენტების ნაწილთან იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შავბნელი საქმეები აერთიანებდა.
ხშირად თბილისში ჩადენილ დანაშაულსაც კი პანკისის ხეობას აწერდნენ. ასეთი იყო, მაგალითად, ესპანელი ბიზნესმენი, კალაძის ძმა, სანაია, მაგრამ ეს შემთხვევები შემდეგში არ დადასტურდა.
პანკისი განტევების ვაცად იყო ქცეული, რაც ხელისუფლების ინტერესებს ემსახურებოდა.
_ მაინც, რა ინტერესი ჰქონდა ხელისუფლებას?
_ პანკისი ყურადღების გადასატანად მშვენიერი ფაქტორი გახდა იმ ფონზე, როცა ჩამოშლილი იყო ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, არსებობდა ქურდობა, ყაჩაღობა, გატაცება, სიღარიბე. ამ ვითარებაში პანკისის ხეობა ხელისუფლების მიერ შექმნილი საფრთხობელა იყო დანარჩენი საქართველოსთვის!
არც მიშას დრო იყო გამონაკლისი და აქაც ბევრმა ფაქტორმა იმუშავა… პანკისის ხეობა მაშინაც ორი ქვეყნის ინტერესების ზღვარზე აღმოჩნდა.
მაშინაც იყო საუბარი რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაზე, რომელიც პანკისის ხეობაზე იმუშავებდა და ეს, თუ არ ვცდები, 2005 წელი გახლდათ.
მოკლედ, პანკისის ხეობა ხელისუფლებისთვის სულ სავაჭრო თემა და სარფიანი შემოსავლის მომტანიც კი იყო.
ეს თემები რომ გავშალოთ, დიდ დროს წაიღებს და ვცდილობ, მაქსიმალურად მოკლედ და შინაარსიანად აღვწერო ის სიტუაცია, რომელიც პანკისის ხეობის მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
ლოპოტამ და ძმებმა გუმაშვილებმა სერიოზული ტკივილი და კვალი დატოვეს ხეობის მოსახლეობაზე _ ეს ძალიან მძიმე გასახსენებელი და სამწუხარო ამბავია…
სხვათა შორის, ამ წლების განმავლობაში ჩვენს თავს ისე არაფერი ხდებოდა _ ყველა შემთხვევის უკან კონკრეტული ინტერესები დგას; ზოგჯერ ეს ინტერესები ცხადია, ზოგჯერ კი, წლების მერე აანალიზებ, თუ რას ემსახურებოდა ეს ყოველივე.
_ მუსა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ე. წ. პანკისის პრობლემა იგივე 90-იან წლებში ქართული და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი გადაწყვეტილებით ხელოვნურად შეიქმნა?
_ არ ვიცი, რამდენად ღირს 2000-იანი წლების პატარა ეპიზოდის გახსენება, თუმცა ამ პერიოდსაც მოკლედ შევეხები.
_ კი ბატონო, გისმენთ.
_ 2000-იან წლებში პანკისის ხეობიდან აფხაზეთში 700-მდე მებრძოლი გადავიდა. ისინი სოხუმთან ახლოს, რამდენიმე კილომეტრში მივიდნენ. მათ შევარდნაძის ხელისუფლებასთან შეთანხმება ჰქონდათ, რომ ტერიტორიებს გაათავისუფლებდნენ და ამ განთავისუფლებულ ტერიტორიებს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გაამაგრებდა.
როგორც მაშინ ამბობდნენ, სინამდვილეში, შევარდნაძე რუსებს გაურიგდა და მებრძოლები მახეში მოაქციეს… რამდენიმე პანკისელი პიჭი დაიღუპა, ბევრი დაიჭრა, _ რუსებმა ზუსტი კოორდინატები იცოდნენ და გვბომბავდნენო, _ ყვებოდნენ გადარჩენილები, ანუ როგორც კი მიხვდნენ, რომ მახე იყო, უკან გამოვიდნენ. ამის მერე რუსებმა პანკისის ხეობაც დაბომბეს.
ზოგადად, პანკისის ხეობა ყოველთვის არის რუსეთის თვალთახედვის ქვეშ.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ აქ ეთნიკური ქისტები (ვაინახები) ცხოვრობენ, რომლებიც რუსეთს ყოველთვის მტრად და ოკუპანტად მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ!
პანკისელი ქისტები ყოველთვის იბრძოდნენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ _ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდითაც უამრავი ქისტი იბრძოდა და პანკისის ხეობა მისი ერთ-ერთი თავშესაფარი იყო.
_ მუსა, მაჩალიკაშვილის საქმისა და ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთ ჭრილში განხილვა შეიძლება, ანუ ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ როგორც მაშინ, ახლაც, ვიღაცას თემა უნდოდა, რომ ხეობა ნაღმად ექცია?
_ მაჩალიკაშვილის საქმე ყველაზე რთული და მძიმეა იმ კუთხით, რომ
19 წლის ბიჭი საკუთარ სახლში, საწოლში მძინარე მოკლეს, მაგრამ კითხვაზე, _ რატომ მოკლეს? _ პასუხი არავის აქვს.
პანკისელმა ქისტებმა ყველა დროის ყველა ხელისუფლების გამოწვევას გაუძლეს და ყოველ ამ მძიმე სიტუაციაში სახელმწიფო ინტერესებს ითვალისწინებდნენ _ პროვოკაციებს არ წამოეგნენ.
ამ ხეობაში უაღრესად დინჯი, გაწონასწორებული ხალხი ცხოვრობს, რომლის მოთმინებასა და კეთილგანწყობას ყველა ხელისუფლება ბოროტად იყენებს!
_ ერთ-ერთ ინტერვიუში მალხაზ მაჩალიკაშვილმა თქვა: შვილის მკვლელობა იმას ემსახურებოდა, რომ ხეობაში არეულობა დაწყებულიყო და ამ საბაბით რუსეთი საქართველოში შემოსულიყოო. თქვენ, როგორც პანკისის ხეობის მკვიდრი, ამ ვერსიას იზიარებთ?
_ რუსეთი სადღა უნდა შემოვიდეს, შემოსული არ არის?
_ კი, არის, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ კრემლს საქართველოში ახალი ომი დაეწყო…
_ ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება! ის, რაც ბოლო წლებში აქ ხდება, რაღაც ცუდ სიზმარს ჰგავს: ყაჩაღობა, ქურდობა, გაუპატიურება, პედოფილია, მკვლელობა და ა. შ. ყოველდღე ასეთ ნიუსებს ვისმენთ. ქვეყნიდან ხალხი გარბის.
_ მომეჩვენა, რომ კითხვაზე პასუხს თავი აარიდეთ, ამიტომ ჩაგეკითხებით: მაჩალიკაშვილის საქმე არის თუ არა „ოცნების“ მძიმე ჯვარი?
_ არ მახსენდება ხელისუფლების მიერ ჩადენილი იმაზე მძიმე დანაშაული, რაც მან მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ ჩაიდინა!
გარდა ამისა, ხელისუფლებას ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და კითხვებზე პასუხების გაცემის ძალა არ აღმოაჩნდა!
_ მუსა, გაქვთ იმედი, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას ოდესმე ნათელი მოეფინება და დამნაშავეები დაისჯებიან?
_ სიმართლე გითხრათ, დიდი მოლოდინი არ მაქვს.
_ რატომ?
_ ჩვენს ქვეყანაში, როცა საქმე რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობას ეხება, ის ყოველთვის მეორეხარისხოვან საქმედ მიიჩნევა და ყოველი შემდეგი ხელისუფლება მსგავს საქმეებზე თვალს ხუჭავს ხოლმე!
ამის მაგალითებიც გვაქვს და ვერ გავიხსენებთ რომელიმე საქმეს, რომელიც ქისტი თემის მიმართ იყო ჩადენილი და შემდგომ ხელისუფლებას ან გამოეძიოს, ან ვინმე დაესაჯოს, თუმცა მჯერა, რომ ვახას ბრძოლა სამართლიანობისთვის, ადრე თუ გვიან, თავის შედეგს გამოიტანს, რადგან პანკისელისგან ასეთი მტკიცე სამართლებრივი თუ სამოქალაქო ფორმით ბრძოლა საკუთარი სიმართლისა და სამართლიანობისთვის არ მახსენდება!
_ ზოგადად, თქვენი ანალიზით, რა მოხდა მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით? ჰყავდა თუ არა სპეცსამსახურს ცრუ ინფორმატორი ხეობაში?
_ ინფორმატორები რომ ჰყავთ, ეს ფაქტია!
_ ზოგი ამბობს, რომ სპეცრაზმს სახლი შეეშალა და მაჩალიკაშვილების სახლში შეცდომით შევიდა…
_ იმას, რომ სახლი შეეშალათ და ა. შ., გამოვრიცხავ.
_ რატომ?
_ ზუსტად იცოდნენ, სად შედიოდნენ და ამის შედეგი კი ყველამ ვიცით, როგორც დასრულდა.
საკითხავი ის არის, რატომ მოკლეს, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული მკვლელობა, რომელზეც პასუხები არ გვაქვს და მხოლოდ ვერსიების დონეზე შეგვიძლია საუბარი.
ფაქტია, უდანაშაულო ბიჭი მოკლეს.
_ რით ხსნით იმ ფაქტს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა? ხალხს ეშინია?
_ საპრეზიდენტო არჩევნებში ხეობის ამომრჩეველთა, დაახლოებით, ნახევარმა მიიღო მონაწილეობა. აქედან, სადღაც, 35%-მა „ოცნებას“ მისცა ხმა.
ასევე ხეობიდან ძალიან ბევრი ხალხი გავიდა და კიდევ ბევრი წავა.
_ ხეობიდან ხალხი რატომ მიდის?
_ ადამიანები აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ, ყველგან გავიწროებენ და უცხოდ გაგრძნობინებენ თავს. ხალხში დიდია დაუცველობის განცდა, უიმედობა და შიში!
_ როგორც ვიცი, ხეობის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პანკისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია. რატომ ცდილობს ხელისუფლება, ხალხს საკუთარი აზრი მოახვიოს? ჰესების მშენებლობით ვინმე დიდ ფულს შოულობს თუ აქ კიდევ სხვა რამეა დამალული?
_ ჰესების თემა მთელ ქვეყანაშია აქტუალური. როგორც ჩანს, უცხოური ფულის სერიოზული შემოდინებაც ხდება და ამით ზედა ეშელონებში ხელს ითბობენ.
ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყანა იყიდება და მომავალში ეს შემოსული თანხები ვინ უნდა დააბრუნოს ან რა იქნება ამის საფასური, ღმერთმა იცის.
ყველას მოეხსენება, როგორც ხდებიან პატარა სახელმწიფოები უცხოური კაპიტალის მძევლები. ვფიქრობ, ხეობაში კარგად აცნობიერებენ ამ და სხვა რისკებს და პროტესტიც ადეკვატურია. თუ რამდენად შევძლებთ, ამას წინ აღვუდგეთ, ეს ცალკე თემაა…
_ ადგილობრივ თითმმართველობაში ქისტები, პრაქტიკულად, არ არიან. ეს მიზანმიმართულად კეთდება?
_ რა თქმა უნდა, მიზანმიმართულად ხდება… ყველა უწყებას სუსი აკონტროლებს!
ხეობას ბევრი განათლებული და პროგრესული ახალგაზრდა ჰყავს, მაგრამ ვერსად დასაქმდა. ბევრმა მათგანმა ქვეყანაც კი დატოვა.
სახელმწიფომ ახალგაზრდებს თუ არ აგრძნობინა, რომ ისინიც ამ ქვეყნის შვილები არიან და ეს ქვეყანა მათაც ეკუთვნით, მათი ინტეგრაცია (ამ ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის ინტეგრაციასაც, სამწუხაროდ, სხვანაირად ხედავენ) ვერასდროს მოხდება.
ხშირად მეფიქრება, რომ სახელმწიფოს ამ ხალხის, მათი წარმატებისა და განვითარების ეშინია!
ამ ხალხთან მიმართებით სახელმწიფო ყოველთვის პანიკურია და ცდილობს, მის წინააღმდეგ მუდამ რეპრესიული პოლიტიკა აწარმოოს!
თუ სახელმწიფო ხეობის მიმართ სწორ და აზრიან პოლიტიკას გაატარებს, ის აუცილებლად გაამართლებს ჩვენი ქვეყნის იმედებს!
_ დღეს პანკისის მოსახლეობის მთავარი პრობლემა რა არის და, საერთოდ, როგორია ხეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა?
_ პირველ პრობლემად სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკა მიმაჩნია, რომელზედაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
ასევე პრობლემაა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ძირითადად, როგორც დანარჩენ საქართველოში, აქაც ემიგრაციიდან შემოსული სახსრებით ცხოვრობს ხალხი.
_ ისე, დასამალი არ არის, რომ ხეობიდან სირიაში მიდიან ხოლმე. გაჭირვებაა იმის მიზეზი, რომ ადგილობრივთა ნაწილი სირიაში საბრძოლველად წავიდეს თუ ეს ადამიანები მართლაც იდეას ემსახურებიან?
_ ასე არ ვიტყოდი… სირიაში მიდიოდნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, არავინ წასულა.
ყველა წასულის გადაწყვეტილება, ალბათ, ინდივიდუალური იყო და ყველას ერთ ჭრილში ვერ განვიხილავთ.
სირია ერთ დიდ ტკივილად აწევს პანკისის ხეობასა და მის ხალხს თავისი დაკარგული შვილებით.
_ ხეობის მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის ხიდი რატომ ჩატყდა, ანუ ხელისუფლება მხოლოდ უხუცესების საბჭოს რატომ ელაპარაკება?
აქვე, გკითხავთ: უხუცესთა საბჭო მთელი ხეობის განწყობასა და პოზიციას გამოხატავს?
_ პრობლემა ყოველთვის ის არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არასოდეს გადიან ხალხში, პირადად არასოდეს ეცნობიან ხალხის პრობლემებს. ყოველთვის ურჩევნიათ, მათთვის ლოიალურ ჯგუფებთან აწარმოონ შეხვედრები.
ამ ხელისუფლებას პროგრესის რომ ეშინია, ეს ახალი არ არის.
ასევე ეშინია იმედგაცრუებულ ხალხთან შეხვედრის, რომელთაც კრიტიკული კითხვები აქვთ მათ მიმართ.
ამიტომ ყოველთვის იბლოკება ის ხალხი, რომელსაც შეუძლია, კონკრეტული კითხვები დასვას და პასუხებიც მოითხოვოს.
როცა მოსახლეობას მისაღებ და მიუღებელ კატეგორიებად ყოფენ, ეს არის ხელისუფლების უდიდესი შეცდომა!
თუ ხალხისგან მანდატი არ გაქვს, შეუძლებელია, მისი სახელით ილაპარაკო.
ხელისუფლება ვისაც უნდა, იმას შეხვდეს, თუ ფიქრობს, რომ მოსახლეობის პროტესტსა და მოთხოვნებს ამით უშველის!

გიორგი აბაშიძე