ზურაბ მელიქიშვილი: „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ძალიან მალე დაკარგავს!“

ზურაბ მელიქიშვილი ძალიან დიდი ხანია, პოლიტიკაშია და შესაბამისად, პოლიტიკის ანა-ბანა კარგად იცის. ზუსტად ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალია. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და ამასთან, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი „ქრონიკა+“-ს იმის შესახებაც ესაუბრება, რომ მმართველ გუნდში დაწყებული შიდა დაპირისპირებით „ოცნება“ მართულ ოპოზიციას ვერ შექმნის. მელიქიშვილის აზრით, ამ ომით „ოცნების“ კლანები იმ ამომრჩევლის გადანაწილებას ცდილობენ, რომელიც ჯერ კიდევ მმართველი გუნდის მხარდამჭერია.

ვრცელ ინტერვიუში, რომელსაც ჩვენი გამოცემა დღეს გთავაზობთ, ზურაბ მელიქიშვილი პოლიტიკურ პროცესებს მიმოიხილავს და იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ აგონიაშია, სწორედ ამიტომ დგამს ისეთ ნაბიჯებს, როგორიც არის, მაგალითად, დავით კირკიტაძის დაპატიმრება და ზვიად კუპრავასთვის პატიმრობის შეფარდება.

_ ბატონო ზურაბ, საუბარი ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებით დავიწყოთ: ნიკა მელიას აზრით, „ქართულმა ოცნებამ“ არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა, არამედ მალე ხელისუფლებასაც დაკარგავს. საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, ანუ ორი წლის შემდეგაა და მანამდე „ოცნებამ“ ხელისუფლება როგორ უნდა დაკარგოს?
_ პროცესები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, ბუნებრივია, იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ძალიან მალე დაკარგავს!
_ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ალბათ, „თიბისი ბანკის“ ბოლოდროინდელ სკანდალსაც გულისხმობთ, არა?
_ დიახ. „ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ არათუ ქვეყნის მართვა არ შეუძლია, არამედ, მთელ რიგ შემთხვევებში, დანაშაულებრივ ნაბიჯებს დგამს. ეს ეხება ბიზნესს და, ზოგადად, ყველა სფეროს. ამას თავისი შედეგი აქვს და, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკაზე ყველაფერი უარყოფითად ისახება _ შეკუმშულია ეკონომიკა, შემცირებულია სამუშაო ადგილები, გაზრდილია ფასები საწვავსა და პურზე, ასევე ყველა იმ სერვისზე, რომლითაც საქართველოს თითოეული მოქალაქე სარგებლობს.
აქედან გამომდინარე, ყველაფერ ამის ერთობლიობა იმის საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას ძალიან მალე დაკარგავს.
_ ბატონო ზურაბ, ხელისუფლება ფართო ცნებაა. ამიტომ დააკონკრეტეთ _ „ხელისუფლების დაკარგვაში“ მთელი მმართველობის სადავეების დაკარგვას გულისხმობთ თუ საკანონმდებლო ორგანოს სტაფიდან „ოცნების“ განდევნას? სხვათა შორის, კულუარებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპიკერატი შეიცვლება, ანუ ირაკლი კობახიძე შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ გაამწესონ.
_ ყველაფერი საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული! კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: დღეს „ქართული ოცნებიდან“ წნეხი მოდის და ამ წნეხში მარტო ბიზნესზე ზეწოლას კი არა, იმას ვგულისხმობ, რომ „ოცნების“ გაუაზრებელი და დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო ეკონომიკა გაუსაძლისი გახდა, რასაც მოსახლეობა ყოველ წუთს გრძნობს. ამ სიტუაციაში ბევრი რამე, რასაკვირველია, მოსახლეობაზეა დამოკიდებული!
_ კი ბატონო, ხალხს დიდი ძალა აქვს და ხალხის გარეშე პოლიტიკური ძალა არაფერს წარმოადგენს, მაგრამ მეჩვენება, რომ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებთ.
_ რომელ კითხვაზე?
_ გაგიმეორებთ: „ოცნება“ მთელი ქვეყნის მმართველობას ჩამოშორდება თუ მხოლოდ პარლამენტის სპიკერატს დაემშვიდობება?
_ შიდა დაპირისპირება და სხვადასხვა თემის სათავისოდ გამოყენება (თითქოს აქამდე არც ეს თემები არსებობდა და არც ეს სახელები და გვარები იყვნენ სასამართლოსა თუ სხვა სტრუქტურებში), იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა ცდილობს, „ქართულ ოცნებას“ თავი დააღწიოს და იმის საფუძველი მოიმზადოს, რომ შემდეგში ვიღაცას რაღაცაში დასჭირდეს.
_ ბატონო ზურაბ, ეს, მგონი, თქვენი ოპტიმისტური შეფასებაა, ანუ გინდათ დაიჯეროთ, რომ „ოცნებიდან“ ხალხი გარბის და მმართველი გუნდი იშლება. არადა, პოლიტიკაც გარკვეულ ლოგიკას ემორჩილება და ამ კონტექსტში ივანიშვილის სიტყვებს გაგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ რომ მიანიშნა: „ოცნების“ ოპოზიცია „ოცნებაშივე“ შეიქმნებაო.
მოკლედ, რატომ გამორიცხავთ, რომ „ოცნება“ კი არ დაიშალოს, ანუ გაიშალოს და ახალი ოპოზიცია დღევანდელი მმართველი გუნდის წიაღშივე შექმნას, რადგან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციას ხმები წაართვას?
_ შეიძლება, ოპოზიცია ხელოვნურად შექმნან, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყვება.
_ შედეგი რატომ არ მოჰყვება?
_ იმიტომ არ მოჰყვება, რომ „ოცნების“ შიდა ჯგუფები ერთსა და იმავე ხმებზე ნადირობენ. ასე რომ, „ოცნების“ შიგნით ოპოზიციის შექმნა, არ მგონია, დიდი გათვლა იყოს!
_ კეთილი, მაგრამ თქვენი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა. თქვენც?
_ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, ჯერ კიდევ, საპრეზიდენტო არჩევნებზე გავაჟღერეთ. ზოგადად, ჩვენ მარტო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს კი არა, მთელი საარჩევნო სისტემის შეცვლას ვითხოვდით და ვითხოვთ.
_ საარჩევნო სისტემის შეცვლაში მაჟორიტარულის გაუქმება და არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარება იგულისხმება, არა?
_ დიახ. „ოცნებამ“, როგორც ყველა სხვა დანაპირებს, ამ დაპირებასაც უღალატა.
ჩვენ კი ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურ კამპანიას წამოვიწყებთ! უფრო სწორად, ეს კამპანია უკვე დაწყებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, საარჩევნო სისტემის შეცვლას მასობრივი მხარდაჭერა ექნება.
_ ისე, გულწრფელები თუ ვიქნებით, საარჩევნო სისტემის შეცვლას „ნაციონალური მოძრაობის“ დროს „ოცნების“ ის ფრთა, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, დაჟინებით ითხოვდა, თუმცა „ნაციონალები“ ამაზე არ წახვედით, ანუ უტრირებულად რომ ვთქვათ, ისტორია თითქოს მეორდება. არ მეთანხმებით?
_ კი ბატონო, ამ კითხვას არ გავურბივარ. ამ თემაზე საუბარი ჩვენს დროსაც იყო, მაგრამ ის, რაც მაშინ არ მოგწონდა, ხომ არ შეიძლება, ახლა გამამართლებელი იყოს? ჩვენ ხომ განვითარება, პროგრესი და უკეთესი ქვეყანა გვინდა. არსებული საარჩევნო სისტემა იმ განწყობას არ გამოხატავს, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს! თუ საკანონმდებლო ორგანო იმ განწყობას არ გამოხატავს, რომელიც ქვეყანაში არის, პრობლემები მუდმივად იქნება!
ამიტომ მათ გასაგონად, ვისაც ჰგონია, რომ მუდმივად ხელისუფლებაში იქნება, ვაცხადებ: ხელისუფლებაში მუდმივად ვერ იქნება და აქედან გამომდინარე, ხალხის განწყობა უნდა გაითვალისწინოს!
_ ასეა თუ ისე, პირადად მე არ მგონია, რომ ხელისუფლება ხალხისა და ოპოზიციის განწყობას გაითვალისწინებს. ამას გარდა, „ოცნება“ დათმობაზე რომც წამოვიდეს, საარჩევნო სისტემის შეცვლას დრო დასჭირდება. ამასობაში კი 2020 წელი და, შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებიც კარგს მოგვადგება. ამიტომ ვადამდელის მოთხოვნას რა აზრი აქვს?
_ ხელისუფლებას _ „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა რომ არ აქვთ, ეს საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაადასტურა. ყველამ _ გაერთიანებული ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც იციან, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა და იგი გრიგოლ ვაშაძემ მოიგო! ამას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ბუნებრივია, ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ იმის განცდა, რომ დამარცხდნენ, ნამდვილად აქვთ!
მათ ყველაზე კარგად იციან, გაყალბებისთვის რა მეთოდები გამოიყენეს.
ასევე ისიც იციან, რაზე წავიდნენ და ამის ვიდეომტკიცებულებებიც არსებობს.
_ რას გულისხმობთ?
_ ბევრ მათგანს ნათქვამი აქვს, ყველაფერზე უნდა წავიდეთო.
_ ამ ჩანაწერების ნაწილი გასაჯაროვდა კიდეც, თუმცა ყველაფერ ამის მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება, არალეგიტიმურად არ უცვნია. მეტიც, ქალბატონი ზურაბიშვილი ამ დღეებში ევროპული ქვეყნების ლიდერებმაც მიიღეს.
_ მესმის, მაგრამ მე ქვეყანაში არსებულ განწყობაზე ვსაუბრობ, ანუ რომ არა გაყალბების ყველა მეთოდი, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს დამარცხებული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, იმის თქმა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა აქვს და ახალ არჩევნებში წარმატებას მიაღწევს, არ შეიძლება.
_ ამ ფონზე მმართველი გუნდი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, მით უმეტეს, არ დანიშნავს!
_ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. აღვნიშნე, რომ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად აქტიურ კამპანიას ვიწყებთ.
_ არ მიწყინოთ და, ამ კამპანიის დაწყების შესახებ დიდი ხანია, საუბრობთ, მაგრამ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ. თარიღს დამიკონკრეტებთ, როცა აქტიური კამპანია სტარტს აიღებს?
_ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა იქნება წარმოდგენილი.
_ ისევ ზოგადად მპასუხობთ. მე კი კონკრეტიკა მინდა: ამ გეგმას როდის წარმოადგენთ?
_ ძალიან მალე!
_ მაინც, როდის?
_ საუბარია დღეებზე. ამასთან დაკავშირებით, ცხადია, ვმუშაობთ და გულხელდაკრეფილები არ ვსხედვართ.
_ კარგია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გულხელდაკრეფილი არ ზის, მაგრამ, ჩემდაუნებურად, მიხეილ სააკაშვილის დანაპირები გამახსენდა, ანუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდებოდა და მერეც, ამბობდა, რომ საქართველოში მალე დაბრუნდებოდა. ახლახან კი ლიეჟის შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამშობლოში მისი დაბრუნება ჯერ არ მომწიფებულა. ე. ი., ოპოზიციას იმედი არ აქვს, რომ ქუჩაში გასვლის შემთხვევაში ხალხი გაჰყვება?
_ ფაქტებით ვისაუბროთ.
_ კარგი, ვისაუბროთ.
_ ფაქტი ისაა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ეშინია!
_ ამას რის საფუძველზე ამბობთ?
_ გავიხსენოთ, როცა უკრაინიდან მიხეილ სააკაშვილის დეპორტი ხდებოდა, უკრაინის მხრიდან საუბარი, პირველ რიგში, იმაზე იყო, რომ ის საქართველოში უნდა დაებრუნებინა, მაგრამ ქართულმა მხარემ ამაზე უარი უთხრა. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოგონილი სისხლის სამართლის საქმეები „ოცნებას“ მხოლოდ პიარისთვის სჭირდება.
_ „ოცნებას“ სააკაშვილის რატომ ეშინია?
_ დღევანდელ ხელისუფლებას სააკაშვილის, როგორც პიროვნების კი არა, იმ იდეებისა და ღირებულებების ეშინია, რომლის გარშემოც ოპოზიცია გაერთიანდა!
სხვათა შორის, საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ ღირებულებებს საქართველოში 800 ათასზე მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს და ეს მაშინ, როცა უამრავი ხმა გააყალბეს, უამრავი ადამიანი დააშინეს და ა. შ.
წეღანაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: ყველამ კარგად იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება გრიგოლ ვაშაძეს ეკუთვნოდა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ეს გამარჯვება მოსახლეობას ყველაფერზე წასვლით გამოსძალა. არადა, გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობა საქართველოსთვის დამატებითი შანსი იყო.
_ რისი დამატებითი შანსი?
_ არ გაინტერსებთ, „ოცნება“, მაგალითად, ახალ პროექტებზე ან ინვესტიციებზე რატომ არ საუბრობს?
_ რატომ?
_ ყველაფერი შემცირებულია და უკან მიდის. დააკვირდით, „ოცნების“ წარმომადგენლები რა ინიციატივებით გამოდიან _ მათი ყველა ინიციატივა ხაზს უსვამს ვალდებულებას.
_ ანუ?
_ გავიხსენოთ, მაგალითად, საპენსიო რეფორმა, რომელიც ადამიანებს გადასახადის გადახდას ავალდებულებს.
იგივე შეიძლება ითქვას ტექდათვალიერებაზე. მარტო სავალდებულო დაზღვევით ჩვენი ჯიბიდან ყოველთვიურად ას მილიონ ლარს ამოიღებენ.
ასევე ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს რეგულაციებიც.
_ ნებისმიერ რეგულაციას, როგორც პროფესიონალი ეკონომისტები ამბობენ, ქვეყნის ეკონომიკა წინ კი არა, უკან მიჰყავს, მაგრამ ისევ მეჩვენება, რომ კითხვაზე, რომელიც დაგისვით, პასუხის გაცემისგან თავს იკავებთ.
_ რომელ კითხვაზე?
_ ხალხი გაერთიანებულ ოპოზიციას ქუჩაში გაჰყვება და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ამ გზით გააპროტესტებს?
_ დავაანონსოთ, რომ, მაგალითად, ხვალ ქუჩაში გავდივართ, ეს ასე ხელოვნურად არ მოხდება. ზოგადად, ყველაფერს თავისი წინაპირობა აქვს.
_ საქართველოში მასობრივი პროტესტისთვის წინაპირობა არ არსებობს?
_ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ მოქმედებას უშუალოდ იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს!
დიახ, ჩვენ თითოეულ მოქალაქესთან მივალთ და დავარწმუნებთ, რასთან არის დაკავშირებული მისი გაჭირვება, რომ მისი ოჯახის წევრები არ მუშაობენ.
სხვათა შორის, საქართველოს მოსახლეობის ნახევარმა ქვეყანა დატოვა ან დატოვებას აპირებს. ყველაფერ ამის მიუხედავად, ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ დაგვღლის, მაგრამ ჩვენ არ დავიღლებით და ხელისუფლებას ამ საარჩევნო სისტემას აუცილებლად შევაცვლევინებთ!
_ ასეა თუ ისე, მაინც ვერ გავიგე, როგორ აიძულებთ ხელისუფლებას, რომ საარჩევნო სისტემა შეცვალოს?
_ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ამ თემას მოსახლეობამდე როგორ მივიტანთ და შემდეგ თავად მოსახლეობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს!
_ ბატონო ზურაბ, საუბრის თემას ოდნავ შევცვლი: გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი ხერხემალი, დასამალი არავისთვისაა, რომ პროდასავლური კურსია, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ „ძალა ერთობაშიასთან“ ინტეგრაციის სურვილი ნინო ბურჯანაძეს აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ბურჯანაძე ამ გაერთიანებაში გამოჩნდება, ეს ხომ პროდასავლურ ამომრჩეველს დაგაკარგვინებთ?
_ გაერთიანებულ ოპოზიციაში ნინო ბურჯანაძის ინტეგრაციის შესახებ არც ჩვენი და არც მისი მხრიდან კონსულტაციები არ ყოფილა.
_ იმასაც არ ადასტურებთ, რომ ასეთი შემოთავაზება თავად ბურჯანაძეს ჰქონდა?
_ არც შემოთავაზება ყოფილა და არც _ შეთავაზება!
_ შეიძლება, უშუალოდ ბურჯანაძე არ გამოსულა კონტაქტზე, მაგრამ მის თანაგუნდელებს, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს ან გიორგი ახვლედიანს, მსგავსი ინიციატივა არ გამოუჩენიათ?
_ არსებობს თემა, მაგალითად, საარჩევნო სისტემა, რომელზეც ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, ანუ მთავარია, ეს საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და მერე თავად მოსახლეობა გადაწყვეტს, უფრო მეტად პროდასავლურ პარტიებს დაუჭიროს მხარი თუ _ პრორუსულს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მთავარია, საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ყველაფერი გავაკეთოთ.
_ თქვენი პოზიცია გასაგებია.
სხვათა შორის, მთაწმინდის მაჟორიტარის შუალედური არჩევნები არსებული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს. თითქმის ნახევარი საათი იმაზე მესაუბრებით, რომ ამ სისტემის შეცვლისთვის „ძალა ერთობაშია“ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყებას აპირებს. შესაბამისად, საინტერესოა, შუალედურ არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს თუ არა?
_ შუალედური არჩევნები მარტო პარლამენტის მაჟორიტარების კი არა, მერების ასარჩევადაც უნდა ჩატარდეს. იმის შესახებ, სად მივიღებთ მონაწილეობას და კანდიდატები ვინ იქნებიან, გაერთიანებული ოპოზიცია განცხადებას მალე გააკეთებს.
_ ბატონო ზურაბ, ისევ „ოცნების“ არეულობას დავუბრუნდეთ: მმართველ გუნდში დაწყებულ შიდა ომს გაერთიანებული ოპოზიცია როგორ გამოიყენებს?
_ რასაც ახლა ვიტყვი, პირადად ჩემი სახელით გეტყვით: მთავარია, ნებისმიერი ცვლილება ქვეყანას როგორ გამოადგება და არა _ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. აქედან გამომდინარე, არათუ თვალყურს ვადევნებთ, არამედ ვიცით, რაც ხდება „ქართული ოცნების“ შიგნით. ყველაფერი ეს გამოწვეულია იმ წარუმატებლობებით, რომელიც „ოცნებას“ თან სდევს.
_ სიტყვამ მოიტანა და „ოცნების“ მთავარი წარუმატებლობა რა არის?
_ მაგალითად, კორუფცია, გაზრდილი კრიმინალი და უმუშევრობა, შემცირებული ეკონომიკა.
ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ქართული ოცნება“ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების პარტია არ არის. ეს ხალხი ერთი პიროვნების ირგვლივ იმ მიზნით არის გაერთიანებული, რომ ხელისუფლებაში ყოფნა თითოეულმა მათგანმა ისე გამოიყენოს, როგორც შეუძლია. აქედან გამომდინარე, თუ ვინმე უახლოეს მომავალში ხელისუფლების ცვლილებას გრძნობს, ესენი „ქართულ ოცნებაში“ მყოფი პოლიტიკოსები არიან.
_ სხვათა შორის, ის ხმებიც დადის, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების ერთ-ერთი ოპოზიციური ფრთისთვის გადაბარებას ცდილობს. ამ კონტექსტში სახელდება, მაგალითად, „ევროპული საქართველო“.
_ თავს უფლებას ნამდვილად არ მივცემ, რომ ასეთ წიაღსვლებში შევიდე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს: „ოცნება“ შიდა დაპირისპირებაზეა გადასული და ხანძრის ჩაქრობის პრინციპით მოქმედებს. არის თემები, რომელსაც „ოცნების“ სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იყენებს და ცდილობს, „ოცნების“ მხარდამჭერები გადაინაწილოს.
სხვას ვერაფერს დავარქმევ მოსამართლეთა თემის გარშემო დაწყებულ დავას. უკაცრავად, მაგრამ ეს მოსამართლეები 2015 თუ 2016 წელს სად იყვნენ?
_ ეს მოსამართლეები 2012 წლამდეც იქ იყვნენ, სადაც ახლა არიან, მაგრამ ირაკლი კობახიძემ გვითხრა, ადრე ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რაღაცებს აკეთებენო, ანუ ადრე ცუდები იყვნენ და ახლა გაკეთილშობილდნენო.
_ ვისაც კობახიძის სჯერა, დაიჯეროს.
_ კიდევ ერთი თემა, ბატონო ზურაბ: დავით კირკიტაძე ციხეშია, ზვიად კუპრავას პატიმრობა შეუფარდეს. ორივე გაერთიანებული ოპოზიციის სახეა, ანუ ხელისუფლება დიქტატურისკენ დგამს ნაბიჯებს?
_ ეს აგონიაში მყოფი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებია! „ქართული ოცნება“ პირველივე დღიდან ჯერ „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა კი ამხელა გაერთიანებულ ოპოზიციას ებრძვის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების ამოცანა ვერც ერთ ეტაპზე ვერ განახორციელა, რადგან მარტივი ჭეშმარიტება არ იცის: „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ერთი, ორი, სამი ან თუნდაც ათი ადამიანის სახელი და გვარი! „ნაციონალური მოძრაობა“ იდეა და ღირებულებებია. ამ იდეასა და ღირებულებებს მატერიალური წნეხით ვერავინ გაანადგურებს.
მეტიც, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, ამ იდეას და ღირებულებებს მით მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს! ასე რომ, ჩვენ დაღლას და გაჩერებას არ ვაპირებთ!
ზოგადად, ერთია დაიჭირო, ჩააგდო და მეორეა, შეძლო და დატოვო დილეგში… აქ უკვე სხვა გმირებიც ჩნდებიან ავანსცენაზე _ პროკურორები (ვისთვისაც სასამართლო პროცესი შესვენებაზე სადილად გასვლა უფროა) და მოსამართლე!
პროკურორებზე ახალს ვერაფერს გეტყვით, ისედაც იცით, მაგრამ აი, გურჯაანის მოსამართლე დავითი საერთოდ შედევრია.
_ რატომ?
_ „დავით კირკიტაძე უნდა დარჩეს პატიმრობაში იმიტომ, რომ შეიძლება ქვეყანა დატოვოს და აღარ ჩამოვიდეს!“ _ განაცხადა მან.
და ეს თქვა მოსამართლემ, რომელსაც შეეძლო, პასპორტიც ჩამოერთმია და პირადობაც, მაგრამ არა, მან ასე არ გადაწყვიტა.
მგონი, ამ მოსამართლეს „შინაგანი მრწამსი“ ეგონა იმ მომენტში თავისი ცხოვრების მოწყობის მოტივაცია!
სხვა რა შეიძლება ეწოდოს მის მოქმედებას?
ზეწოლა პროკურატურის მხრიდან პირობითიც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან აქ სასწორზე იდო ორი რამ: ერთ მხარეს პოლიტიკოსი დავითის ციხეში გამოკეტვა და მეორე მხარეს მოსამართლე დავითის ცხოვრების მოწყობა და გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო მოსამართლე დავითმა!
საქართველოში თემიდას, კარგა ხანია, თვალები ახვეული აქვს და მარტო სასწორი უჭირავს, მაგრამ წეღანაც გითხარით და ახლაც გავიმეორებ: მუდმივი არაფერია.
მოკლედ, პოლიტპატიმარი დავით კირკიტაძე აუცილებლად იქნება თავისუფალი!
_ ის მოსამართლე, რომელმაც დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა, რა გვარია?
_ გვარს იმიტომ არ ვახსენებ, რომ ასეთი მოსამართლეების კრებსითი გვარი „მურუსიძეა“!

გიორგი აბაშიძე