სასულიერო პირების სიკვდილის ქრონიკა

2019 წლის 23 თებერვალს 100 წელი შესრულდა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (ოქროპირიძე) ინტრონიზაციიდან. 1917 წლის 12 (25) მარტს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სწორედ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი) ლეონიდემ წაიკითხა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს ცხოვრებისა და 100 წლის წინანდელი მისი ინტრონიზაციის შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრი _ ლაშა დეისაძე-შარვაშიძე:

_ უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ერისკაცობაში ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1861 წლის 15 თებერვალს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. მისი ბიძა გახლდათ ეპისკოპოსი ალექსანდრე (ოქროპირიძე), XIX-XX საუკუნეების საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მღვდელმთავარი და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დაატყო ლონგინოზ ოქროპირიძის აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებას. ლონგინოზი თბილისის სასულიერო სასწავლებელის დასრულების შემდეგ, 1867 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, საიდანაც გადავიდა სტავროპოლის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1884 წლის 2 ივნისს დაამთავრა. იმავე წელს მან კიევის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა, სადაც სწავლის პერიოდში, მეოთხე კურსზე გადასვლისას, პირადი თხოვნით, 1887 წლის 19 ივნისს ბერად აღიკვეცა კიევის სასულიერო აკადემიის რექტორმა, ეპისკოპოსმა სილვესტერმა (მალევანსკი) და სახელად უწოდა ლეონიდე. სწავლის დასრულების შემდეგ, მღვდელმონაზონი ლეონიდე მალევე დაბრუნდა სამშობლოში და 1888 წლის 20 ოქტობრიდან, საქართველოს ეგზარქოსის, მიტროპოლიტ პალადის (რაევი) ლოცვა-კურთხევით დაინიშნა საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო პოზიციაზე _ საინგილოში, ფშავ-ხევსურეთში, მთიულეთსა და ოსეთში ქრისტიანობის აღმდგენელი კომიტეტის ინსპექტორად. დანიშვნისას მამა ლეონიდემ ჩაიბარა ოცდახუთი სასწავლებელი და მოკლე დროში მათი რაოდენობა გააორმაგა. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი მოღვაწეობის შესახებ, მოგვიანებით, გაზეთი „ივერია“ წერდა: „ამ თხუთმეტიოდე წლის წინ ჩრდილო ოსეთში სულ ათი-თხუთმეტი სკოლა მოიპოვებოდა და ისიც კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების ხარჯით აშენებული. მაშინდელი ოსები დიდი ხალისით კი არ გზავნიდნენ თავიანთ შვილებს სკოლაში, არამედ თითქმის საყვედურით, მაგრამ ჩრდილოეთის მხარის ოსებმა სწავლის მნიშვნელობა მალე შეიგნეს, მომეტებულად მას დღეს აქეთ, რაც მათი სკოლების ინსპექტორად დაინიშნა დიდად პატივცემული ეხლანდელი იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე, მაშინ ისევ მღვდელმონაზონი. მათი მეუფება მობრძანდებოდა თუ არა აქაურ სკოლებში, მაშინვე სოფლის ყრილობას ახდენდა და მცხოვრებთ ტკბილის მოძღვრებით ესაუბრებოდა, თუ სწავლა-განათლებას რა მნიშვნელობა აქვს. კეთილმა თესლმა კეთილი ნაყოფი გამოიღო და ეს რჩევა-დარიგება უნაყოფოდ არ დარჩა“.
აღსანიშნავია, რომ აქტიური რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში, მამა ლეონიდე დიდ ყურადღებას აქცევდა სასულიერო სასწავლებლებში ქართული ენისა და გალობის შესწავლის საქმეს.
1917 წლის თებერვალში, რუსეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, დაემხო იმპერატორის ხელისუფლება. ქართველმა მოწინავე სამღვდელოებამ კი განიზრახა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, რომელიც რუსეთის იმპერიამ სრულიად ანტიკანონიკურად გააუქმა 1811 წელს აღმოსავლეთ საქართველოს (მცხეთა) და 1814 წელს _ დასავლეთ საქართველოს (ბიჭვინთა-გელათი) საკათოლიკოსოში.
XX საუკუნის გარიჟრაჟზე აღნიშნული მისიის აღსრულებისთვის იბრძოდნენ ქართველი მღვდელმთავრები: ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) და ეპისკოპოსი (ლეონიდე), ქართველი სამღვდელოების ინტელექტუალური ნაწილი; აგრეთვე ამ საქმეში დიდ როლს ასრულებდა ილია ჭავჭავაძე, თუმცა მას არ დააცალეს და 1907 წელს ტყვიით განგმირეს. ახლა კი დადგა შესაბამისი ჟამი ავტოკეფალიის აღდგენისთვის. ამ საქმეში მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა და განსაკუთრებით აქტიურობდა გორის ეპისკოპოსი (შემდგომში ქუთათელი მიტროპოლიტი) ანტონი (გიორგაძე), რომელმაც 1917 წლის მარტის დასაწყისში თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერში (დარეჯანის სასახლე) მოიწვია საიდუმლო კრება, რომელზეც გადაწყდა, რომ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გამოცხადებულიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.
1917 წლის 12 (25) მარტს სვეტიცხოველში აღესრულა საღმრთო ლიტურგია და დღის 11:30 საათზე, სვეტიცხოვლის ამბიონზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ წაიკითხა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტი, რომელიც საგანგებოდ დაწერა და შეადგინა ეპისკოპოსმა ანტონმა. ხსენებულ დოკუმენტში ვკითხულობთ: „ამიერითგან აღდგენილად ჩაითვალოს საქართველოსა შინა ავტოკეფალური საეკლესიო მმართველობა, ხოლო ვიდრე კანონიკურად აღირჩეოდეს კათალიკოსი საქართველოს ეკლესიისა, მოსაყდრედ მისა დაინიშნოს ყოვლადსამღვდელო ლეონიდე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი და მასთან, განსაგებელად ეკლესიისა, დაწესდეს დროებითი მმართველობა საქართველოს ეკლესიისაი, სასულიეროთა და საერო პირთაგან შემდგარი“.
„დღეიდან ინიშნება დროებითი მმართველობა განთავისუფლებულ ეკლესიის საქმეების მწარმოებლად და დაიდგინება ოქმი, რომ არჩეულ იქმნეს არა შორეულ მომავალში საქართველოს დამოუკიდებელი ეკლესიის კათალიკოზი… მირონის მადინებელო სვეტო ცხოველო! შენ სცხე მირონი ჩვენგან დაწყებულ საქმეს და მიეც გამარჯვება საქართველოს თავისუფალ ეკლესიას! ამინ!“ _ განაცხადა თავის სიტყვაში 1917 წლის 12 (25) მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ. მას ისტორიული პატივი ხვდა წილად _ გამოეცხადებინა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღდგენა, რომელიც მეხუთე საუკუნეში მიიღო საქართველოს ეკლესიამ და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უხეშად ხელჰყო რუსეთის იმპერიამ. მეორე დღეს ეპისკოპოსი ლეონიდე შეხვდა საქართველოს ეგზარქოს პლატონს, რომელსაც განუცხადა, რომ იგი გადაყენებულია. ეგზარქოსი რუსული ჯარით დაიმუქრა, თუმცა მას არსებითი წინააღმდეგობის გაწევა აღარ ძალუძდა…
საქართველოს აწ უკვე ავტოკეფალიააღდგენილ ეკლესიას განაგებდა დროებითი მმართველობა, რომლის თავმჯდომარე გახლდათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ლეონიდე. დროებითმა მმართველობამ თავისი პირველი სხდომა გამართა 1917 წლის 13 (26) მარტს, ხოლო უკანასკნელი _ ამავე წლის 14 (27) სექტემბერს. სულ გაიმართა ორმოცდაჩვიდმეტი სხდომა. 1917 წლის 12 აგვისტოს ეპისკოპოსი ლეონიდე აირჩიეს ტფილისის კათედრაზე, ხოლო მეორე დღეს მას მიენიჭა ტფილელი (თბილელი) მიტროპოლიტის წოდება. 1917 წლის 8-17 სექტემბერს, ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ, საქართველოს ეკლესიის პირველ კრებაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად კენჭს იყრიდა ორი მღვდელმთავარი: მიტროპოლიტი ლეონიდე და ეპისკოპოსი კირიონი. თერთმეტი ხმის უპირატესობით ეპისკოპოსი კირიონი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. ტფილელი მიტროპოლიტი ლეონიდე კი კვლავ აგრძელებდა თბილისის კათედრაზე მოღვაწეობას და წირვა-ლოცვას აღასრულებდა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე _ ანჩისხატის ტაძარში. სამწუხაროდ, ესეც გარკვეული დაძაბულობის შედეგი იყო, რაც ადამიანურ დონეზე წარმოშვა საპატრიარქო არჩევნების შედეგებმა…
1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოკლეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე. გარკვეული პირები მიტროპოლიტ ლეონიდეს ბრალად უყენებდნენ კათოლიკოს-პატრიარქის მკვლელობაში იდეურ თანამონაწილეობას… ამ ბრალდების მთავარი წამომყენებელი და გამხმოვანებელი ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონი (გიორგაძე) ასევე მოკლეს ამავე წლის 18 სექტემბერს, მოწამვლის შედეგად… მიტროპოლიტ ლეონიდეს მორალური მდგომარეობა საქართველოს ეკლესიაში მეტად გართულდა…
1918 წლის 28 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხდომა, რომელმაც კანონიერად მიიჩნია მიტროპოლიტ ლეონიდეს აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე, რასაც მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. საკათოლიკოსო საბჭოს უმრავლესობის მოსაზრებით, მიტროპოლიტმა ლეონიდემ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე ასარჩევად საკმარისი ხმები მოაგროვა, ჯერ კიდევ, 1917 წლის სექტემბერში გამართულ პირველ კრებაზე. ამ მოსაზრების მოწინააღმდეგეები მიიჩნევდნენ, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ასარჩევად უნდა ჩატარებულიყო ეკლესიის ადგილობრივი კრება, თუმცა საკათოლიკოსო საბჭოს ზემოთ ხსენებულ დადგენილებას საეპარქიო საბჭოთა უმრავლესობამ წერილობითი დასტურით უპასუხა.
1919 წლის 23 თებერვალს გაზეთი „საქართველო“ იტყობინებოდა: „დღეს საქართველოს ეკლესიაში უდიდესი აქტი შესრულდება, მცხეთის საისტორიო დღის _ 12 მარტის სულის ჩამდგმელი და ხელმძღვანელი, უშიშარი და დამსახურებული მებრძოლი ჩვენი ქვეყნის ეკლესიის განთავისუფლებისათვის, ერისათვის თავდადებული მღვდელმთავარი აღიყვანეს სამოციქულო ეკლესიის უძველეს აღმოსავლეთის ეკლესიის კათალიკოზ-პატრიარქად! მთელი მორწმუნე საქართველო უაღრესის აღტაცებით შეჰხვდება ამ სასიხარულო ამბავს… ვინ უნდა იყოს ივერიის ეკლესიის საჭეთმპყრობელი, თუ არა ის, ვინც მთელი ძალა და ენერგია, უხვი ნიჭი და გამოცდილება ამ ეკლესიის აყვავებასა და განმტკიცებას შეალია?! ვის უნდა ეკუთვნოდეს მცხეთის კათედრა, თუ არა იმას, ვისი წინასწარმეტყველური და გამამხნევებელი ხმა ორი წლის წინად გაბედულად გაისმოდა ხავს-მოკიდებულ ათორმეტთა ტაძარში?! საქართველოს თავისუფალ ეკლესიას უნდა ჰმეთაურობდეს და წინაუძღოდეს, თუ არა ის ადამიანი, რომელმაც სინოდის დარბაზში, ჯერ ისევ შავბნელ დროს რუსის არმიელებს დაუმტკიცა მათი უზურპატორული და ყოვლადუსამართლო მოპყრობა ტანჯულ და გაძარცვულ ეკლესიისადმი?!.
კათალიკოზ ლეონიდის ღვაწლის დაფასება მომავალს ეკუთვნის… მისი საეკლესიო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა წარსულშიაც დაფასებულა. ილია ჭავჭავაძემ იმთავითვე იგრძნო, როგორი სამაგალითო მოღვაწე ევლინება საქართველოს ეკლესიას და თავის მიმართვაში განსვენებულ ალექსანდრე ეპისკოპოზისადმი ხაზგასმით აღნიშნა, რომ უპირველესი ღვაწლი მისი იმაშიაც გამოიხატება, რომ აღზარდა „განძი, რომელსაც ჩვენ შევხარით სასოებითა და იმედით…“ ეს იმედი ჩვენმა კათოლიკოზმა სავსებით გაამართლა: დღევანდელი წინამძღოლი საქართველოს ეკლესიისა ეკუთვნის ქართველ მოღვაწეთა იმ სახელოვან პლეადას, რომელნიც მოქალაქეობრივ თვისებით იყვნენ შემკულნი… საკმარისია მოისმინოთ უნეტარესის საუცხოვო და მჭერმეტყველური ქადაგებანი, რომ დარწმუნდეთ მის მორალ-ინტელექტუალურ ძალაში…“
1919 წლის 23 თებერვალს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, 10:30 საათზე დაიწყო წირვა, რომელზეც შესრულდა მიტროპოლიტ ლეონიდეს აღსაყდრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. ინტრონიზაციას დაესწრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები: იუსტიციის მინისტრი შალვა ალექსი-მესხიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი საბახტარიშვილი, პარლამენტის წევრი ექვთიმე თაყაიშვილი. აგრეთვე უცხო სახელმწიფოების: ინგლისის, საფრანგეთის, მთიელთა რესპუბლიკის, პოლონეთის, ლიტვის წარმომადგენლები. წარმოითქვა არაერთი მისალოცი სიტყვა და ახლად აღსაყდრებულ კათოლიკოს-პატრიარქს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები, ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერმა _ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ასლი, საქართველოს რკინისგზის ტაძრებმა _ კვერთხი და სხვ. დღის სამ საათზე გაიმართა საზეიმო ტრაპეზი, სადაც თამადობდა რაფიელ ინგილო (ივანიცკი).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე შეუდგა თავისი მამამთავრული მისიის აღსრულებას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ათეისტური გახლდათ და მისი დამოკიდებულება ძალზე ფორმალური იყო ეკლესიისადმი. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე, ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, არასახარბიელო მომენტებსაც აწყდებოდა… 1921 წლის თებერვალში უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიას, _ საქართველოს თავს დაესხა წითელი არმია. 1921 წლის 23 თებერვალს უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის სამხედრო ტაძარში (მდებარეობდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე ამჟამად მდებარე პარლამენტის შენობის ადგილზე, დაანგრიეს 1930 წლის თებერვალში) ღმრთისადმი სავედრებლად და სამშობლოს დამცველთა გასამხნევებლად პარაკლისი აღავლინა და ამ სიტყვებით მიმართა ტაძარში შეკრებილ საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს:
„ძენო ქართლისანნო, სრულიად საქართველოს ვაჟკაცნო და ქალნო! მადლი და კურთხევა იესო ქრისტესი თქვენდა!
უკეთურნი ლამის მოუახლოვდნენ ჩვენს დედაქალაქს და დამშეულნი ელოდებიან თბილისში გემრიელი პურითა და ღვინით სტომაქის ავსებას, თბილისის განთქმულ აბანოებში გასუფთავებას, მაგრამ როგორც მტკვარი არასდროს უკუღმა არ იბრუნებს პირს, ისე ჩვენი ვერაგი მტერი ვერ მიაღწევს ბოროტ განზრახვას. ღმერთი არ აღირსებთ მათ საქართველოს დაპყრობას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ცეცხლად შეარგებს ჩვენი მამულის იმ პურსა და ღვინოს, რომელსაც ქართველნი სეფისკვერად და ზედაშედ ვხმარობთ.
საყვარელნო! ფრონტის ზურგში მყოფნო! შევინარჩუნოთ სრული დარბაისლობა, სიმშვიდე და ხასიათის სიმტკიცე! ნუ მივეცემით იმ საშიშარ და ცრუ ხმებს, რომლებსაც ავრცელებენ ჩვენი მტრები ხალხში შიშის, სასოწარკვეთილებისა და არეულობის გამოსაწვევად!“
სამწუხაროდ, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ანექსია მოახდინა. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ემიგრაციაში გაემგზავრა და ამავე წლის 15 აპრილს საქართველოს რევკომმა #21 დეკრეტით მიიღო დადგენილება „სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის შესახებ“, რომელშიც ჩაიწერა: „არც ერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება, იქონიოს საკუთრება. მათ არ აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება, საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად“. აღნიშნული დეკრეტით, ფაქტობრივად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გამოცხადდა კანონგარეშედ და მთელი ქონება ჩამოერთვა. გაჩაღდა მწვავე ათეისტური პროპაგანდა და კამპანია. ამ ვითარებაში ურთულესი აღმოჩნდა საქართველოს ეკლესიისა და მისი მეთაურის მდგომარეობა… თბილისში შავი ჭირის ეპიდემია მძვინვარებდა, მტკვრის წყალი სასმელად უვარგისი იყო. მორჩილებმა კათოლიკოს-პატრიარქს შესთავაზეს, რომ მისთვის სასმელ წყალს ქალაქგარეთ მდებარე წყაროდან მოიტანდნენ, თუმცა უწმიდესმა და უნეტარესმა განაცხადა, მეც იმ წყლით ვისარგებლებ, რომლითაც ჩემი სულიერი შვილები სარგებლობენო. სამწუხაროდ, მას შავი ჭირი შეეყარა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი ლეონიდე 1921 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა, 17 ივნისს კი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის თავდადებულ მამამთავართა ჩამონათვალში ერთ-ერთ ღირსეულ ადგილს იკავებს. მისი სახელი და უდიდესი მოღვაწეობა მარად იღაღადებს ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მატიანეში.
ჩვენი საუბარი კი მსურს, დავასრულოთ, 1900 წლის მირქმა-მიგებების დღესასწაულზე, ჯერ კიდევ, ეპისკოპოს ლეონიდეს მიერ წარმოთქმული ქადაგებიდან ამონარიდით: „მაშასადამე ცხადი და უცილობელია, რომ როდესაც ჩვენ ვიკრიბებით ეკლესიაში სალოცავად, ყოველთვის ჩვენთან, ჩვენ შორის აუცილებლად იმყოფება იგი (იგულისხმება უფალი ჩვენი იესო ქრისტე), რომელსაც დღევანდელ დღეს ოდესმე მიეგებნენ სვიმეონი და ანნა. ცხადი და ყოველსავე ეჭვს გარეშეა აგრეთვე, რომ ამ წამშიაც, როდესაც ვიმყოფებით არა ორნი და სამნი, არამედ ორას-სამასნი, როდესაც მოვსულვართ ღვთის სახელის სახსენებლად არა მარტო ჰასაკის მქონებელნი, არამედ მცირეწლოვანი ყრმებიც, ქრისტე იმყოფება ჩვენს შორის, ხედავს იგი ლმობიერების თვითოეულ ცრემლს, ყურს უგდებს გულშემუსვრილობის კვნესას, ისმენს ჩვენს ლოცვა-ვედრებას და იცის ყველას ბედნიერებაც და უბედურებაც, მაცხოვარი ამ წამს იმყოფება ჩვენთან. იგი ხვალაც აქვე იქნება, თუ ჩვენ თვითონ არ დავითხოვეთ იგი, არასოდეს არ მოგვშორდება. თუ კი ჩვენ მოვისურვებთ ამას, თუ კი მასთან ყოფნას ძვირფასად მივიჩნევთ, თუ კი მასთან სიახლოვეს ბედნიერებად ჩავთვლით!..
გულმხურვალედ შევეხვეწნედ, ბეჯითად შევევედრნეთ და ვთხოვოთ ეხლა აქ, ჩვენ შორის მყოფ მაცხოვარს, რომ მოგვანიჭოს მან სრული შეგნება ჩვენი განსაკუთრებითი ბედნიერებისა, რათა ამის გამო მოგვეცეს საშუალება მოვსპოთ ჩვენ შორის „ყოველი სიმწარე და რისხვა და გულისწყრომა და ღაღადება და გმობა ყოვლითურთ უკეთურებით (ეფეს. 4,31)“.

ლევან ქემოკლიძე