ქართული ღვინის კომპანიები და სახელისუფლებო კავშირები

ვაგრძელებთ საუბარს წარმატებული ქართული ღვინის კომპანიების, მათი მფლობელებისა და მფლობელთა ბიზნესკავშირების შესახებ.

2017 წელს ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანია „შილდამ“ ჩინურ მხარესთან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჩინური ღვინის იმპორტიორი კომპანია „შანხაი სციფან თრეიდინგი“ „შილდასგან“ 5 მილიონ ბოთლ ღვინოს შეიძენს.
კომპანია „შილდას“ ეს გარიგება მასშტაბურია და თითქმის 2016 წელს საქართველოდან ჩინეთის ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მთლიან მოცულობას უტოლდება.
„შილდასა“ და „შანხაი სციფან თრეიდინგს“ შორის ხელშეკრულებას ჩინეთში 11 იანვარს მოეწერა ხელი. გარიგების გაფორმებას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის წარმომადგენელი. საყურადღებოა, რომ კომპანიის დამფუძნებლების, მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილების მამა, ივანე ჩხარტიშვილი, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ-კულტურული განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია.
ამას გარდა, ის შპს „ქართული ვაზისა და ღვინის კომპანიის“ 20%-იანი წილის მფლობელი იყო 2017 წლის მონაცემებით. ამავე მონაცემებით, დირექტორი იყო მერაბ მიქაშავიძე, შპს „გრუზვინპრომის“ დირექტორი 2010-2012 წლებში.
ასევე ფლობს შპს „ქართული ღვინის ოჯახის“ 20%-ს.
შპს „ქართული ვაზისა და ღვინის კომპანიის“ 80%-ს ფლობდა ლევან სკამკოჩაიშვილი (შპს „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“ („ჯი ემ ეიჩ“), შპს „ჯეო კაპიტალ ინვესთმენთ“, შპს „სომგოს კომპანია“, შპს „ბლექ სი ტრეიდინგი“, შპს „კაზ ფროფერთი მენეჯმენტ ისთ“, შპს „ვარკეთილის ქარხანა“, საქართველოს გზების სამშენებლო კომპანია, შპს „კომპანია აგრეგატი“, შპს „პლანეტა XXIII“).
2018 წლიდან კომპანიის მფლობელია შპს „სმარტ კაპიტალ შილდა“ (მფლობელი შპს „სმარტ კაპიტალ სფირითს“, დირექტორი ნათია ჩხარტიშვილი);
2017 წლიდან ნათია ჩხარტიშვილის სახელი კიდევ რამდენიმე კომპანიაში ფიგურირებს:
შპს „ქართული წითელი ღვინის კომპანია“:
დირექტორი და 66%-იანი წილის მფლობელი კაირატ კაბილოვი (ყაზახეთი);
შპს „შილდა-ჯი ვი“:
მფლობელი _ შპს „ქართული ვაზისა და ღვინის კომპანია“ 51%;
გიორგი შოშიტაიშვილი, ბელგია 49%
ნათია ჩხარტიშვილი _ დირექტორი.
შპს „შილდა ვაინ ბარ“:
დირექტორი _ ბექა ხმალაძე (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო);
ნათია ჩხარტიშვილი _ 100%.
2017 წელს შექმნილ შპს „ლიმონათში“ 2018 წლიდან მისი ბიზნესპატრინიორია ნინო გვენეტაძე _ ვახტანგ ლაღიძისა და კონსტანტინე ჯორბენაძის შპს „წყლის“ დირექტორი.
ვახტანგ ლაღიძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 50 000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს.
ჩხარტიშვილის კიდევ ერთი კომპანიაა შპს „ფროჯექთ ართბით“.
2018 წელს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „თბილისსა და რეგიონებში გამოფენების ხელშეწყობაზე“. წარმოდგენილი 14 პროექტიდან კომისიამ რეკომენდაცია გაუწია 11 პროექტს. „მოძრავი იმიჯების“ განმახორციელებელი იყო შპს „ფროჯექთ ართბითი“.
კომპანიის დირექტორი და 66,7%-იანი წილის მფლობელია ნათია ბუკია, ხოლო 33,3%-ის _ ნათია ჩხარტიშვილი.
ნათია ბუკია პარლამენტარ გოდერძი ბუკიას ქალიშვილია. 2016 წლის კვლევაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო“ აღნიშნავდა, რომ ნათია ბუკია შპს „დრიმლენდ ოაზისმა“, რომლის 8.3%-იან წილს ფლობს ნათია ბუკია (და 25%-ის მმართველია), პირდაპირი შესყიდვის გზით მიაწოდა ბულვარის განვითარების კონცეფცია სსიპ „ბათუმის ბულვარს“.
შეგახსენებთ, რომ გოდერძი ბუკია 1995 წლის მარტში დაინიშნა საქართველოს ელჩად რუსეთის ფედერაციაში, იმავე წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. იყო 2004 და 2008 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი. 2012 წელს ბუკიამ ხობის საარჩევნო ოლქში კენჭი იყარა, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თუმცა არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ მალევე დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გახდა ფრაქცია „უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ წევრი.
ნათია ბუკიას კომპანიებია ასევე შპს „ქარვა კოლხური“, შპს „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“.
ივანე ჩხარტიშვილის სახელი და კომპანია „შილდა“ ფიგურირებდა საინტერესო ვიზიტში, რომელიც ბოლო პერიოდის ერთ სკანდალთან არის დაკავშირებული.
ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China“-ის თავმჯდომარე იე ძიან მინს შეხვდა. ჩინეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 9-პროცენტიანი წილი უკავია, ამიტომ ეს ბიზნესპატრნიორობა მნიშვნელოვანი ჩანდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
შეხვედრაზე საუბარი იყო ჩინური კორპორაციის ინტერესებზე. შანხაის უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China“ საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას აპირებდა, რომლის მეშვეობითაც რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობას განახორციელებდა. „CEFC China“ დაინტერესებული იყო საბანკო სექტორში ენერგეტიკასა და ტურისტულ ბიზნესში ინვესტირებით.
შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზეც. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ.), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.
დიმიტრი ქუმსიშვილი მსხვილი ჩინური კორპორაციის „Er Shang Group“-ის პრეზიდენტ სუნ ჯისაც შეხვდა. შეხვედრა ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე საქართველო-ჩინეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ლევან დავითაშვილი. აგრეთვე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური და ვანო ჩხარტიშვილი, რომლის კომპანიამ „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაციასთან „Beijing Er Shang“ ბიზნესფორუმის მსვლელობისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ფოტოზე, რომელიც ამ შეხვედრის დროს არის გადაღებული, ასევე ჩანს დავით ბეჟუაშვილი. საინტერესოა, რომ 2012 წლის ნოემბერში ჩხარტიშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია (სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტი მდივანი) აცხადებდა, რომ ჩხარტიშვილი აპირებდა, პროკურატურისთვის მიემართა რამდენიმე პირის და მათ შორის დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუმცა მათი ბიზნესინტერესების ანალიზიც გვაჩვენებს, რომ, როგორც ჩანს, ძველმა ოპონენტებმა ჩინებულად გამონახეს საერთო ენა.
რაც შეეხება ჩინურ კომპანიას, 2017 წლის მონაცემებით, კომპანია CEFC Energy Company Limited-ი ჩინეთის მე-8 ყველაზე მსხვილ კომპანიად დასახელდა. მისი წლიური ბრუნვა 40 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა.
2018 წლის დასაწყისის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ კომპანიის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა, თუმცა 2018-ის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო და იე ძიან მინი დააკავეს.
უნდა ვივარაუდოთ თუ არა, რომ ჩხარტიშვილის კავშირები და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ-კულტურული განვითარების ცენტრი, გარკვეულწილად, ხელს უწყობს მისი ბიზნესის განვითარებას, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.
კიდევ ერთი საინტერესო კომპანიაა შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა“.
დავიწყოთ იმით, რომ კომპანიას 120 000-120 000 ლარი აქვს „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული 2016-2017 წლების არჩევნებზე. კომპანიის მფლობელმა ზურაბ ჩხაიძემ კი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის 60 000 ლარის შემოწირულობა გაიღო.
კომპანიას საკუთრებაში აქვს ველისციხის ღვინის ქარხანა, ველისციხის სპირტის ქარხანა, პატარძეულის ღვინის ქარხანა. ასევე, KTW GROUP-ში შემავალი შვილობილი კომპანიების ბალანსზე არსებული ხილის გადამამუშავებელი ქარხანა ჩოხატაურში და ღვინის ქარხანა ქედაში.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის #1851 განკარგულების თანახმად, კომპანიის ხელშეწყობის მიზნით, იგი განთავისუფლდა 2013 წლის 27 ნოემბერს დაკისრებული პირგასამტეხლოსგან. კომპანიის მფლობელი ზურაბ ჩხაიძე ფლობს კიდევ რამდენიმე კომპანიას:
შპს „ქართული ღვინო“ (გიორგი რამიშვილი, ზურაბ გოლეთიანი, ზურაბ მარგველაშვილი, ჟაკ მარი ფლერი, კონსტანტინე გაგუა, თინათინ კეზელი, ირაკლი ტალახაძე).
საქართველოს ენოლოგთა ეროვნული კავშირი (სეეკ) _ პარტნიორი სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
ასოციაცია საქართველო-კულტურათა დიალოგი _ XXI;
ქართული ხმები _ პარტნიორი თეიმურაზ ჭკუასელი, საქართველოს პარლამენტის წევრი;
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართული სული“;
ასოციაცია „მეოხი“;
შპს „დიდი ხურჯინი“;
შპს „კიდობანი 2“;
შპს „ასკანელი ძმები“;
შპს „გრანდ ცენტრი 2014“;
შპს „ზ.გ.გ.ლ კაპიტალი“.
შპს „ასკანელი ძმები“ 1998 წელს შეიქმნა და ერთ-ერთი წარმატებული კომპანიაა. მისი მფლობელები არიან:
ჯიმშერ ჩხაიძე 20%;
ზურაბ ჩხაიძე 25%;
გოჩა ჩხაიძე 35%;
GW Holdings Ltd, კვიპროსი, 20%.
სამეთვალყურეო საბჭო:
ჯიმშერ ჩხაიძე, ნატალია სტროგონოვა, (რუსეთის ფედერაცია), ბესიკ კევლიშვილი, გოჩა ჩხაიძე, რევაზ მარღანია.
დირექტორი _ დავით ბოჭორიშვილი.
კიდევ ერთი საინტერესო კომპანიაა „კახური ღვინის მარანი“.
ნუგზარ ქევხიშვილი _ დირექტორი,
გიორგი ქევხიშვილი _ 100%.
ნუგზარ ქევხიშვილის ბიზნესპარტნიორები კომპანიიდან, შპს „არქიტექტურა“ და სამშენებლო კორპორაცია „ასკო“ არიან: ბადრი ხატიძე, თეიმურაზ თუთარაშვილი, არმაზ შამანაური.
ბადრი ხატიძე არის საქართველოს მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2002-2008), პარლამენტარ გიორგი ხატიძის მამა.
მის სახელთან დაკავშირებული კომპანიებია:
შპს „კავგვირაბმშენი“;
შპს „ინგეოჯგუფი“;
შპს „აირი ბლექ სი“;
შპს „საინჟინრო-სამშენებლო ჯგუფი“.
ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანია „კახური ღვინის მარანსა“ და იტალიურ კომპანია Podre La Cappella-ს შორის შეთანხმების ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა საქართველო-იტალიის ერთობლივ პროექტს. „კახური ღვინის მარანი“ ახალი სერიის პროდუქციას აწარმოებს, რომლის ეტიკეტზე იტალიელ მხატვარ ანტონიო მანზის ფერწერა იქნება გამოსახული.
ეს პროექტი განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩის, სოსო დანელიას, ხელშეწყობით.
ღონისძიება გაიმართა როსინების ვილაში Podre La Cappella-ს, მეპატრონეების ბრუნო და ნატაშა როსინების თაოსნობით, სადაც მიწვეულები იყვნენ ტოსკანის რეგიონის ხელმძღვანელები, კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე ვატიკანიდან და ქართული მხარის წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, უახლოეს მომავალში იტალიის რეგიონებსა და ვატიკანში იქნება წარმოდგენილი „კახური ღვინის მარნისა“ და Podre La Cappella-ს ერთობლივი პროექტის პროდუქცია.

ქეთევან ენუქიძე