„ბიძინა ივანიშვილმა გაძარცვა და გაატყავა ქართველი ხალხი“

დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირება მძღოლების დიდი ნაწილისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება. ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემის შემოღებით პარკირების გადასახადი თბილისის ცენტრში, დაახლოებით, 20-30-ჯერ გაიზრდება. ერთი შეხედვით, მერია ამით საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისებასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ცდილობს, მაგრამ, რეალურად, ამ საფასურის გადახდა მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან მოუწევს.
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი, „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ თბილისში ზონალური პარკირების ფასი უბნების მიხედვით განისაზღვრება და პარკირების გადასახადი, მინიმუმ, გაორმაგდება.

„ქრონიკა+“-ს თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება:
_ თბილისის მერი, კახი კალაძე პარკირების პრობლემის მოგვარებას ახალი საპარკინგე ადგილების მოწყობით კი არ ცდილობს, არამედ მისი გაძვირებით უნდა პრობლემის გადაჭრა, _ მინიმუმ ორჯერ მეტი გადასახადის გამო ავტომობილებს სახლში გააჩერებენო, _ ესაა ლოგიკა?! რას ერჩოდნენ „სითი-პარკს“? საჯარიმოზე მერიასაც გადაჰყავს ავტომობილები, ახალ საპარკინგე ადგილებს არც მერია ქმნის და რატომ გააგდეს მაშინ ის კომპანია? იგივე რაოდენობის საპარკინგე ადგილებში მოსახლეობამ ორჯერ მეტი რომ გადაიხადოს, ამიტომ?! მერი იმას ფიქრობს, როგორ გაუმწაროს თბილისელებს ცხოვრება, ნაცვლად რეალური საქმის კეთებისა. ადამიანებს „სითი პარკის“ სახელთან კი არ ჰქონდათ პრობლემა, არამედ მათ მენეჯმენტთან. შემიძლია გითხრათ ის, რაც აქამდე არსად თქმულა, რომ წელს კალაძემ თბილისის ბიუჯეტი დაგეგმა და მასში შემოსავლების სახით ჯარიმებიდან 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ დედაქალაქის მცხოვრებლების ჯირიმებიდან დამატებით 40 მილიონ ლარს ამოიღებენ. თუ უფრო დავწვრილმანდებით და ვიკითხავთ, რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს ამ მიმართულებით, გეტყვით, რომ ბიუჯეტი ივსებოდა 18-20 მილიონი ლარით, ანუ კახი კალაძე თბილისელების ჯიბიდან ორჯერ მეტს ამოიღებს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დედაქალაქის მთავრობა იღებდა. თურმე, ადმინისტრირება გაუმჯობესდა და ადრე თუ ცოტა რთულად ჩაგიყოფდნენ ჯიბეში ხელს, ახლა უფრო ადვილად ჩაასრიალებენ ხელს და ისე ამოიღებენ ამ 40 მილიონ ლარს.
პრობლემებია მეტროსთან დაკავშირებითაც. ქალაქში არაერთხელ ვნახეთ გაჩერებული მეტრო, შემდეგ კი კალაძე კვირაში ერთხელ მთავრობის სხდომაზე განცხადებებს აკეთებდა, ახალი ვაგონები გვემატებაო. რით ვეღარ შემოგვემატა?! მეტროს შემადგენლობებს შორის შუალედები გაზრდილია. ვინც მეტროში ჩადის, ყველამ კარგად იცის, რომ თუ შუალედი 2 წუთი იყო, ახლა გაზრდილია, დაახლოებით, 3 წუთ-ნახევრიდან 4 წუთამდე და ეს გამოწვეულია ვაგონების პრობლემებით. ასეთ დროს ადამიანებს მოუწოდო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრონ, უსამართლობაა.
რაც შეეხება კალაძის მიერ ინიცირებულ სხვა მიმდინარე მოვლენებს დედაქალაქში, საგულისხმოა ხეების ჭრა: მთავრობის სხდომაზე კალაძემ თქვა, რომ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით თბილისში ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება. ასევე დაამატა, რომ ხეების ძირითადი ნაწილი ბიზნესტერიტორიებზეა. როცა მერი ასეთ განცხადებას აკეთებს, ლეგიტიმურად ეს კვლევა საზოგადოებას უნდა აჩვენოს, სტატისტიკა გააცნოს… მაგრამ დეპუტატებსაც და ოპოზიციასაც არ გვაქვს წვდომა კვლევასთან. კომისიისა და საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი რამდენჯერმე დავაყენე, მაგრამ ამ დრომდე კვლევა არ მიგვიღია.
ახლა რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან საკითხს: როცა მერი თავად ამბობს, რომ ხეები, ძირითადად, ბიზნესდაწესებულების ტერიტორიაზეა და ჩვენ მოვჭრით, რადგან ფულს არ დავახარჯინებთო, ნახეთ, რა ხდება? _ იმას აღარავინ იკვლევს, ბიზნესტერიტორიაზე რატომ აღმოჩნდა უფრო მეტი გამხმარი ხე?! იმიტომ ხომ არა, რომ სპეციალურად გაახმეს, რათა ხვალ-ზეგ ბიზნესდაწესებულება ან კორპუსები ააშენონ?! სამ წელიწადში კალაძემ კიდევ უფრო გამოავლინა საკუთარი თავი და მისწრაფებები ბიუჯეტთან დაკავშირებით. უამრავ დოკუმენტს გაჩვენებთ, თუ რამდენი თანამშრომელი ჰყავს მას ხელშეკრულებით აყვანილი, ეს მასშტაბური ციფრებია. მერიის აპარატში იმაზე ბევრად მეტი ადამიანი მუშაობს ხელშეკრულებით, ვიდრე შტატით. ხელშეკრულებით აყვანილებს აპარატის უფროსზე მეტი ანაზღაურება აქვთ.
_ ხელშეკრულებით რატომ აჰყავთ ასობით თანამშრომელი?
_ რეგულაციები არ უშლის ხელს. მაგალითად, ხელშეკრულებით შეუძლია, რომ 5 ათასი ან 8 ათასი ლარი მისცეს ხელფასი, თუმცა აპარატის უფროსისთვის კანონით კონკრეტული თანხაა განსაზღვრული, რომლის ზემოთაც მეტს ვერ მისცემ.
_ და ვინ არიან ეს ადამიანები?
_ ეს ადამიანები კალაძეს, ძირითადად, პიარში ეხმარებიან, ალბათ, გარკვეული გამონათქვამების მოფიქრებაში: ტექსტს უწერენ. დედაქალაქის მერი ასე ურთიერთობს მედიასთან, ეს „სტანდარტად“ დაამკვიდრა: ტექსტს უწერენ, კითხულობს, მერე ჟურნალისტები გადიან და მთავრობის სხდომას აგრძელებს. როცა კამერა და ოპოზიცია ერთად არის, კალაძეს არ უნდა ოპოზიციასთან ურთიერთობა, რადგან დაწერილის იქით ეშინია კომუნიკაციის. წლიდან წლამდე რომ დავთვალოთ ის თანხა, რასაც კალაძე ამ ხალხს უხდის, 3 მილიონი ლარი გამოვა. ეს ყველაფერი მის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით მტკიცდება. როდესაც ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე ვსაუბრობთ, ასევე მნიშვნელოვანია ღამის განვითარების ეკონომიკა. დღის ეკონომიკა ხომ ააყვავეს და ღამის ეკონომიკა რას ნიშნავს, ვერ გავიგეთ.
_ როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ღამის ეკონომიკა?
_ ღამის ეკონომიკა, თურმე, იმას ნიშნავს, რომ გლდანიდან რაღაც ავტობუსი დანიშნეს ცენტრალური ქუჩის მიმართულებით. ერთი ავტობუსის რახრახზეა თურმე მთელი ღამის ეკონომიკა ჩამოკიდებული, პირობითად, რუსთაველის გამზირიდან გლდანში რომ გაგიყვანს. ამ სამსახურის უფროსად დანიშნულ ადამიანს არაფერს ვერჩი, არც ვიცნობ, მაგრამ 10 ათას ლარს ვუხდით. რისთვის ვუხდით ამხელა ფულს, _ ღამის ეკონომიკის მინისტრობაში?! რატომ აქვს მერზე სამჯერ მეტი ანაზღაურება?! რას აკეთებს?! ამას პლუს, ღამის ეკონომიკის სამსახურში დამატებით ვუხდით ხელფასებს ხელშეკრულებით დასაქმებულებს, არავინ იცის, ისინიც რას აკეთებენ. მათი ერთადერთი ფუნქციაა სატელევიზიოდ სხვადასხვა ღონისძიება მოაწყონ, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებზე ისაუბრებენ და, პირდაპირი მნიშვნელობით, გააშტერებენ ხალხს. კორუფცია მარტო ამ ხელშეკრულებებით არ მთავრდება. მნიშვნელოვანი ქეისები შეიქმნა კალაძესთან დაკავშირებით და აუცილებლად მოვა დრო, როცა მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ „დირსთან“ დაკავშირებით მაქსიმალურად ბოლომდე ვიბრძოლეთ და ეს საქმე პროკურატურაში თავისი დოკუმენტაციით დევს.
წინა ხელისუფლებამ „დირსს“ 150 ათას კვ.მ.-ზე ხელშეკრულება დაუდო: როცა „დირსი“ სამშენებლო სამუშაოებს და კორპუსებს დაასრულებდა, იქ დენდროლოგიური პარკი უნდა გაეშენებინა. სწორედ ამ ვალდებულებით მისცა იმდროინდელმა მთავრობამ 1 ლარად ეს ტერიტორია „დირსს“. გარდა ამისა, უნდა აშენებულიყო სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის, სამედიცინო დაწესებულება და ა. შ., _ 3 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინათ, თუმცა კალაძემ ეს ვალდებულება აპატია, ხელშეკრულებიდან დენდროლოგიური პარკის გაშენება მთლიანად ამოიღო და 150 ათასი კვ.მ.-დან 75 ათასზე მისცა მშენებლობის ნებართვა, ამას გარდა, ამ 75 ათასზე მწვანე სივრცე მოითხოვა, სადაც შესაძლებელია, მოედანი და სკვერი გააშენოს, შესაბამისად, 20 ათასს დაიმატებს სამშენებლო მიმართულებით. მე და თქვენ 75 ათას მიწის ნაკვეთს და იქ მშენებლობის უფლებას ვინმე მოგვცემს 1 ლარად?!
_ თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ სააკაშვილი აუცილებლად დაბრუნდება. რა გაძლევთ ამის გარანტიას და, ზოგადად, როგორ შეაფასებდით სააკაშვილისა და ემიგრანტების შეხვედრას ლიეჟში, სადაც დიდი მოლოდინი იყო, თუმცა ხალხის რაოდენობა _ ცოტა.
_ ის, რომ ცოტა რაოდენობა იყო, ვერ დაგეთანხმებით, რადგან შეიძლება, მოლოდინი ვიღაცას უფრო მეტი ჰქონდა, მაგრამ როცა ლიეჟში ამდენი ემიგრანტი ჩადის, თუნდაც 700-800 ადამიანი, პირიქით, მგონია, რომ არანორმალურად ბევრია, თუმცა მოლოდინი უფრო მეტზე იყო. ეს შეხვედრები აბსოლუტურად სწორი და ნორმალურია, იქ ადამიანების დათვლა მგონია არანორმალური, ხოლო რაც შეეხება მიზანს, კარგია, რომ სააკაშვილი დღესაც ინტერესდება პრობლემებით, არა მარტო ემიგრაციით, არამედ საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით, ეს აინტერესებს და ამით ცხოვრობს. ვფიქრობ, ჩამოვა, რადგან ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, შევარდნაძეს ქართველმა ხალხმა იმის უფლება მისცა, რომ თავის რეზიდენციაში დაესრულებინა სიცოცხლე; შევარდნაძის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი პარლამენტის დეპუტატია და ამ დროს, მიხეილ სააკაშვილი თვისი ქვეყნიდან დევნილია, მისი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი კი ციხეშია. რაღაც, არანორმალურად მეჩვენება ეს ყველაფერი. ვერავინ დამაჯერებს, რომ შევარდნაძე უკეთესი პრეზიდენტი იყო, ვიდრე სააკაშვილი, ცა და დედამიწასავით არის განსხვავება 2003 და 2012 წლებს შორის. სააკაშვილის მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მგონია, რომ აუცილებლად ჩამოვა. იგი ამ ქვეყანას ხვალაც გამოადგება. ეს კაცი არ არის ოლიგარქი, ის არ არის ბიზნესმენი, მთელი ამ ხნის განმავლობაში მან გვაჩვენა, რომ ის პოლიტიკით შეპყრობილი ადამიანია, რომელსაც 24-საათიან რეჟიმში შეუძლია მუშაობა. როდესაც შედარებებს ვაკეთებ ხოლმე, უნდა შეგვეძლოს იმის აღიარება, რომ ამ ქვეყანაში უფრო მეტი კარგი გაკეთდა, ვიდრე პრობლემები იყო. ამ 7 წლის მანძილზე დავინახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მართა ქვეყანა. ბიძინა ივანიშვილმა გაძარცვა და გაატყავა ქართველი ხალხი.

გიორგი საკარული