ახალი ეპიდემია საქართველოში: ასობით პედოფილი, ათასობით განადგურებული ბავშვი

პედოფილიას საზოგადოება განსაკუთრებით გმობს. ქალის გაუპატიურება ან მკვლელობა არ იწვევს ისეთ განრისხებას, რამდენადაც ბავშვების მიმართ სექსუალური ლტოლვა. ის ფაქტიც, რომ პედოფილია ფსიქიკური დარღვევაა, რომლის დროსაც ადამიანები გაუკუღმართებულ, ავადმყოფურ სიყვარულს განიცდიან არასრულწლოვანთა მიმართ, არ სპობს სიძულვილს ამგვარი სექსუალური პათოლოგიის მქონე ადამიანის მიმართ.

პედოფილია, როგორც ზოგადსაკაცობრიო პრობლემა, ბოლო პერიოდში საქართველოშიც განსაკუთრებული სიმწვავით დადგა. თვე არ გავა, ბავშვის ან მოზარდის გაუპატიურებისა თუ მის მიმართ გარყვნილი ქმედების შესახებ არ გავიგოთ. ბევრი ექსპერტის აზრით, საქართველოში ყოველი მე-10 პოტენციური სექსუალური მოძალადეა, ხოლო ყოველი მე-5 _ პედოფილი.
მარტო თებერვალში, საქართველოს მასშტაბით, არასრუწლოვნებზე სექსუალური ძალადობის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. 15 თებერვალს 8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე ბათუმში უკრაინის 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ბავშვის დედის განცხადებით, შემთხვევა 2 თებერვალს ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც ის მუშაობდა. მას შემდეგ, რაც სასტუმროს მეპატრონე გარყვნილი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, ეჭვი საკუთარ შვილთან ჩადენილ იგივე ქმედებაზეც მიიტანა. 8 წლის გოგონას გამოკითხვის შემდეგ კი დარწმუნდა და დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
14 თებერვალს რუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მეშვიდეკლასელ გოგონას მამაკაცი სამარშრუტო ტაქსიში მაშინ აედევნა, როდესაც ის სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. არასრულწლოვანმა 112-ში თავად დარეკა. შსს-მ საქმე აღძრა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ასევე რამდენიმე დღის წინ კასპში 63 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანი ბიჭის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა. 11 წლის მოზარდს მამაკაცი იცნობდა და არც მისი ნდობის მოპოვება გასჭირვებია. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
ძალადობა საკუთარ შვილზე _ ერთი კვირის წინ სამართალდამცველებმა გორში შვილის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. დაკავებულმა მამაკაცმა შვილის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტი აღიარა.
ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 300 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის დანაშაულის 116 ფაქტია. მათგან ოთხი პირი მხილებული იყო გაუპატიურებაში, ორი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში, 24 _ გარყვნილი ქმედების ჩადენაში, ხოლო 86 ადამიანი 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირში.
შსს-ში აღიარებენ, რომ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკა საგანგაშოა და როგორც იქნა, გადაწყვიტეს არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვან მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. უწყება საშინელი გამოწვევის საპასუხოდ კანონს ამკაცრებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობას უკვე გადასცა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, რაც რიგი უფლებების ჩამორთმევას გულისხმობს. შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ პირებს აეკრძალებათ სასწავლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა, ასეთ დაწესებულებებში ყოფნა და ა. შ. აგრეთვე შეიქმნება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 138-ე, 139-ე და 141-ე მუხლებით მსჯავრდებულ პირთა ბაზაც, რაც მიზნად ისახავს მსჯავრდებულთა მონიტორინგის გზით დანაშაულის პრევენციას. პოლიცია მონიტორინგს დააწესებს პედოფილებზე მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი. კოორდინატორები პრიორიტეტულად იმუშავებენ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვნებსა და მათ მშობლებთან, გაუწევენ მათ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, შესთავაზებენ საჭირო სერვისებს და უზრუნველყოფენ მათ მხარდაჭერას გამოძიების მიმდინარეობისას.
მიუხედავად იმასა, რომ არსებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში პედოფილების რიცხვი შემაშფოთებლად მაღალია, სტატისტიკა ნახევრადაც არ ასახავს ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის რეალურ მდგომარეობას. საქართველოში ასეთი ტიპის დანაშაული ხშირად რჩება საზოგადოების ყურადღების მიღმა, რადგან ბავშვებს ვინმესთვის ამის შესახებ თქმის ეშინიათ ან ოჯახები თავად აგვარებენ პრობლემას. სხვადასხვა მიზეზის გამო ისინი არ მიმართავენ სამართალდამცველ ორგანოებს ან სამედიცინო დაწესებულებებს, ან ფსიქოლოგებს, სამწუხაროდ, ზოგჯერ მშობლები არ არიან მზად, რომ მიიღონ უბედურება, რომელიც მათ შვილს დაემართა. ისინი უარყოფენ ან რაც უფრო უარესია, მსხვერპლს ადანაშაულებენ, რაც, საბოლოო ჯამში, სერიოზულ ფსიქოლოგიურ დაღს ასვამს ბავშვის ემოციურ და მენტალურ მდგომარეობას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ დამნაშავე დაუსჯელი რჩება და კვლავ აგრძელებს თავის ბინძურ და ამორალურ თამაშებს.
არავინ იცის, რამდენად საკმარისი იქნება ამგვარად გამკაცრებული კანონი პედოფილიის პრობლემის გადასაჭრელად და თუ საჭირო გახდება, სხვა ხერხების მოძებნა ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდა ან ამგვარი სექსუალური პათოლოგიის მქონე ადამიანის განკურნების მცდელობა სპეციალური ფსიქოთერაპიებით და მედიკამენტებით, როგორც ეს ხდება ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში (ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი).

ალვინა ალექსანიანი