სალომე სამადაშვილი: „ივანიშვილის მმართველობა სახელმწიფოს ძალიან ძვირი უჯდება“

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების პარალელურად მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებთან შეხვედრებს განაგრძობს. თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება. დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის კი „ნაციონალური მოძრაობა“ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს.

რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“? რა ბერკეტების გამოყენებას აპირებს საპარლამენტო არჩევნებისთვის ელექტორატის გასაზრდელად და როგორია მთავარი ოპოზიციური ძალის ხედვა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით?

აღნიშნულ თემებზე „ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს ესაუბრა:

_ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თქვენ პირველმა განაცხადეთ, რომ არ აპირებდით იმ აქციაზე მისვლას, სადაც ვაშაძეს, როგორც პრეზიდენტს, ისე მიესალმებოდნენ, ასევე ეწინააღმდეგებოდით სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებას. საინტერესოა, რა დამოკიდებულება გაქვთ მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ გეგმებზე და რამდენად რეალური გგონიათ ემიგრანტებთან ერთად რადიკალური ცვლილებების დაწყება?
_ რასაც ემიგრანტებთან შეხვედრას ვადევნებ თვალყურს, ეს პროცესი არ მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რევოლუციისთვის განკუთვნილი შეხვედრებია. მგონია, ეს არის პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი სააკაშვილის პოლიტიკური აქტივობა. მას არ აქვს საშუალება, საკუთარ ქვეყანაში შეხვდეს თავის ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს. ის ემიგრანტებს ხვდება და ეს ჯგუფები, ვფიქრობ, ქვეყნის ბედის განსაზღვრაში მნიშვნელოვანია. მათ ქვეყნის განვითარებაში უდიდესი ეკონომიკური წვლილი შეაქვთ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნიდან დიდი რაოდენობით მოქალაქეა გაქცეული. მათი მხარდაჭერის მოპოვება და მობილიზაცია მნიშვნელოვანია საბოლოო პოლიტიკური მიზნის განსახორციელებლად, რაც ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას გულისხმობს. ხელისუფლების შეცვლა კი აუცილებელია ქვეყანაში პროგრესისთვის.
_ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები რომ განვიხილოთ, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ვის უკავშირებთ და ვის სჭირდებოდა ამ მეთოდით ბრძოლა?
_ ვინ რისთვის გამოიყენა, ამის თქმა გამიჭირდება. ერთი რამ ფაქტია: დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პირველად არ ხდება, რომ ეს ჩანაწერები ქვეყნდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ამ კადრების შექმნის, შენახვის გამოძიება და შემდგომში ის, რომ ეს არ გავრცელებულიყო და განადგურებულიყო. ფაქტია, ეს მოხდა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში და შესაბამისად, მათ პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი ეკისრებათ. ივანიშვილის ინტერესებში შედის მმართველი პოლიტიკური ძალის მონოლითურობის შენარჩუნება. ჩვენ ვნახეთ, რომ 2012 წელს „ქართული ოცნება“ კოალიციის სახით მოვიდა, ზოგიერთი გამოეთიშა, რის შემდეგაც ივანიშვილმა პოლიტიკური მმართველობის ბერკეტები განამტკიცა. შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ პრობლემა არ არის, ვინც მისი მოკავშირე იყო, წავიდეს. ჰგონია, მათ მარტივად სხვა ხალხით ჩაანაცვლებს, შესაძლოა, სულაც არ უფრთხილდება გუნდის მონოლითურობას, მაგრამ ვფიქრობ, „ოცნებაში“ სხვადასხვა დაჯგუფებას შორის შიდა გავლენისთვის დაპირისპირება მიდის. ამას პროცესებზე თავისი ზეგავლენა აქვს. „ქართულ ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილი სასურველ გადაწყვეტილებებს იღებს. არ არის გამორიცხული, რაც დღეს მმართველ გუნდში ხდება, ასეც აწყობდეს. ყოველ შეთხვევაში, ბრძოლა იმაზე მიდის, თუ ვის უფრო მოუსმენენ ბიძინა ივანიშვილის კარზე. მე ამას უფრო ვხედავ, ვიდრე ღირებულებრივ დაპირისპირებას.
_ დამოუკიდებელ სასამართლოზე საუბრისას ყოველთვის „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებენ, რომ ეს მანკიერი სისტემა სწორედ „ნაციონალების“ შექმნილია. მაშინ რატომ იმეორებს შეცდომებს „ოცნება“ და თუ არ შეცვლის მიდგომას, რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის იგი?
_ ნამდვილად არ იყო ასე, რომ სასამართლოს კუთხით, თუნდაც პროგრესის თვალსაზრისით, არაფერი გაკეთებულა. უკვე გვავიწყდება, რა სისტემა იყო „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, რა რეფორმები გატარდა და რა გაუმჯობესდა. არ არის მარტივი, რომ ყველაზე კორუმპირებულ სისტემაში კორუფცია ერთბაშად აღმოიფხვრას. რაღაც გაუმჯობესდა, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რაღაცები არ გაკეთდა. 2012 წელს საზოგადოების დაკვეთა ძალიან ნათელი იყო, მათ შორის, სასამართლო სისტემის ძირეულ რეფორმებსაც ითხოვდნენ. 2012 წელს, როდესაც „ოცნებამ“ სასამართლო რეფორმები დაიწყო, პირველი ტალღა არ იყო ცუდი და კარგადაც შეფასდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ აწყობდა, რადგან იგი მისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა, მათ შორის, „რუსთავი 2-ის“, პოლიტიკური ოპონენტების საქმეებსა და ა. შ. როდესაც ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების რეჟიმშია, ის სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლს ხელიდან არ გაუშვებს. საერთაშორისო შეფასებებიც აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური დიქტატის ქვეშ არის, რადგან სასამართლო სისტემა დღევანდელი ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების ბერკეტია. არ ვაპირებ იმის თქმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში სასამართლო ხელისუფლება კარგი იყო. არა, არ იყო კარგი.
_ სასამართლოების თემაზე საუბრისას ყველაზე ხშირად მურუსიძე-ჩინჩალაძე გვესმის. ამ ადამიანებს უკავშირდება გახმაურებული საქმეები. ყველაზე მეტი პრეტენზია მათი მისამართით ისმის, ირაკლი კობახიძემ კი მარტივად „აგვიხსნა“, რომ ეს ადამიანები ადრე ცუდ საქმეებს სჩადიოდნენ, ახლა კარგ საქმეებს სჩადიანო, რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ ეს არგუმენტად?
_ უტრირებაა, თითქოს, მხოლოდ მურუსიძე და ჩინჩალაძეა პრობლემა. რეალურად, შესაძლოა, გახმაურებული საქმეები ამ ხალხის სახელებს უკავშირდება და საზოგადოებისთვის ამიტომ არის ცნობილი მათი გვარები, მაგრამ მთავარია კრიტერიუმები, თუ როგორ შეირჩევა მოსამართლეები, როგორ იქნება დაცული მათი დამოუკიდებლობა და ამ თვალსაზრისით სისტემური ცვლილებაა საჭირო. მურუსიძე-ჩინჩალაძის, ორი მოსამართლის არდანიშვნით პრობლემა ვერ გადაწყდება. საფუძვლიანი რეფორმებია საჭირო, რომლის განსახორციელებლადაც „ოცნებას“ 6 წელი ჰქონდა, მაგრამ არაფერი გააკეთა. ჩამოგვიყალიბდა სისტემა, სადაც სასამართლოში კლანური მმართველობაა. მოსამართლეთა კლანი სისტემას აკონტროლებს და ახალი ხალხის სისტემაში შესვლა შეუძლებელია. საქართველოში იყო დრო, როცა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება სირცხვილად ითვლებოდა, რადგან იურისტები ქრთამის გამნაწილებლებად მიიჩნეოდნენ. დღეს ეს აღარ არის სირცხვილი. 25 წელია, დამოუკიდებლები ვართ და ამ ხნის მანძილზე უამრავი ღირსეული, განათლებული, საზღვარგარეთ განათლება მიღებული, წესიერი, ახალგაზრდა იურისტი ჩამოყალიბდა. რამდენი მოსამართლე სჭირდება ამ ქვეყანას?! განა, 300 წესიერ ადამიანს ვერ მოვძებნით, რომ სასამართლო სისტემა პროფესიონალებით დავაკომპლექტოთ! თუმცა ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს, რადგან სისტემაზე მაფიოზური კონტროლია. სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევა იმიტომ არის საჭირო, რომ იგი განთავისუფლდეს, იყოს მერიტოკრატიული _ მოსამართლეების შერჩევის ობიექტური კრიტერიუმებით და როდესაც ადამიანმა ერთხელ უკვე დაკარგა მორალური სახე, იმას მეორეჯერ შანსი არ უნდა მისცე. წარმოუდგენელ სისულელეს ამბობს კობახიძე, _ ახლა კარგ საქმეებს აკეთებენო. ხვალ რომ ცუდი ხალხი მოვიდეს, კობახიძე ცუდი საქმეების კეთებას გააგრძელებს?! არასამთავრობოებს რეფორმების პაკეტი აქვთ, როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს ფორმირება. ძირეული ცვლილებაა საჭირო.
_ თუ პრობლემა სისტემაშია, მურუსიძე-ჩინჩალაძის ნაცვლად ვინც არ უნდა მოვიყვანოთ, პოლიტიკური ჩარევა მაინც იქნება. ასეთ ვითარებაში რა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ განათლებული, ღირსეული მოსამართლეები მურუსიძის გზას არ აირჩევენ?
_ სასამართლო ხელისუფლებაში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა ხდებოდეს. ამისთვის აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლება ადეკვატური კადრებით დაკომპლექტდეს. ჩემი პროფესიული საქმიანობა არ უკავშირდება სასამართლო სისტემას და გვერდიდან დაკვირვების საფუძველზე ჩემი შეხედულებები მაქვს. ყველა თაობის ადამიანს პატივს ვცემ და ნურავის ეწყინება, ეს არ არის ცუდად ნათქვამი, უბრალოდ, რეალობაა ასეთი, რომ საბჭოთა კავშირში ფორმირებული იურისტები თანამედროვე საქართველოს საჭიროებებს ნაკლებად აკმაყოფილებენ, რადგან მაშინ სხვა ღირებულებრივი სისტემა იყო და ა. შ. მე თუ მკითხავთ, თუკი სადმე იყო თაობების სრული შეცვლა საჭირო, ეს სწორედ სასამართლო სისტემა გახლდათ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სასამართლო სისტემას პროკურატურა აკონტროლებდა. ამას ის ხალხი დაგიდასტურებთ, ვინც იმ პროკურატურის სისტემაში მუშაობდა. ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კორუფცია აღმოიფხვრა, მაგრამ ვერ აღმოიფხვრა დამოუკიდებლობის პრობლემა. ახალი მიდგომა გვჭირდება, რომ დამოუკიდებელი ადამიანები მოვძებნოთ, რომლებიც პოლიტიკური დიქტატისგან დამოუკიდებლად და ქრთამის აღების გარეშე შეძლებენ მოსამართლედ საქმიანობას. არსებობს მოსაზრება, რომ უცხოელი ექსპერტები დავიხმაროთ, რომლებიც ადამიანებს შეგვარჩევინებენ. რაც მთავარია, დისციპლინური პასუხისმგებლობა ადეკვატურად უნდა განხორციელდეს იმ მოსამართლებიის მიმართ, რომლებიც წესებს არღვევენ. დამოუკიდებელი სასამართლოს საფუძველი სწორედ ის არის, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ხვალ რომელი პარტია მართავს ქვეყანას. მართლმაჯულება აღსრულდება დამოუკიდებლად კანონთან შესაბამისად. არსებობს მოსაზრება, რომ უზენაესი სასამართლო უცხოელი მოსამართლეებით დაკომპლექტდეს. ეს იდეა არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩემი თანაპარტიელი ამ მოთხოვნას იზიარებს. მიმაჩნია, რომ ეს არის პროვინციული აზროვნების გამოხატულება, რომ თითქოს უცხოელი შეძლებს ამის გაკეთებას.
_ თქვენი თქმით, რეალური ცვლილებებისთვის ხელისუფლების შეცვლაა საჭირო. რა აძლევს იმის გარანტიას საზოგადოებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში არ მოუნდება, სასამართლო ხელისუფლება აკონტროლოს? მით უმეტეს, ამის გამოცდილება აქვს.
_ პოლიტიკურ ძალაზე პასუხისმგებლობის საკითხს ამომრჩეველი აყენებს. ამომრჩეველმა უნდა მოსთხოვს პასუხი, რაც მან გააკეთა კიდეც, თავის დროზე, 2012 წელს და „ნაციონალურ მოძრაობას“ აზღვევინა შეცდომებზე. ახლა კი პასუხი უნდა მოსთხოვოს „ქართულ ოცნებას“. დამიჯერეთ, შემდეგი ხელისუფლება, ვისგანაც არ უნდა იყოს ის ფორმირებული, ამ გაკვეთილებს ისწავლის, შესაბამისად, ეცოდინება, _ წინამორბედების შეცდომების განმეორება რა პოლიტიკური ფასი დაუჯდება. სამწუხაროდ, ჩვენს განვითარებაში კარდინალური პრობლემა 2016 წელს შეიქმნა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. ეს იყო პირდაპირ საპირისპირო იმ პოლიტიკური შედეგისა, რომელიც უნდა დამდგარიყო „ქართული ოცნების“ 2012-2016 წლების მმართველობის შემდეგ. საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის პარალელურად კი ხელისუფლების სითავხედე გაიზარდა. ჩვენს ამომრჩეველსაც უნდა ესმოდეს, რომ მათ წინაშე ხელისუფლება ანგარიშვალდებულია და ერთხელ რომ მოგატყუებენ, მეორეჯერ აღარ უნდა მისცე ხმა. „ნაციონალური მოძრაობა“ კი, როგორც იგივე პოლიტიკური ძალა, აღარ არსებობს. თუ ჩვენ საუბარი გვაქვს პოლიტიკურ გუნდზე, რომელიც ქვეყანას 2003 წლიდან 2012 წლამდე მართავდა, ეს გუნდი, როგორც ასეთი, დიდი ხანია, ბუნებაში აღარ არსებობს.
_ მესმის, რასაც ამბობთ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, ამ ადამიანების გარეშეც „ნაციონალურ მოძრაობად“ რჩება…
_ ვემხრობი იმ მიდგომას, რომ მომავალ არჩევნებამდე ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, წარმოადგინოს ჩრდილოვანი კაბინეტი და განაცხადოს, რომ თუ მე მოვალ ხელისუფლებაში, ჩემი კაბინეტი შედგება ამ ადამიანებისგან. დაასახელოს მინისტრთა კაბინეტი. ჩემთვის, როგორც ამომრჩევლისთვის, მნიშვნელოვანია, ვინ წარმართავს ჩემი ცხოვრებისთვის გარდამტეხ მიმართულებებს, ვინ იქნება პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, იუსტიციაზე, სასამართლოზე და ა. შ. ამიტომ მგონია, რომ შემდეგი არჩევნებისთვის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ აუცილებლად უნდა დაასახელოს ალტერნატიული კაბინეტი. ყველამ უნდა წარადგინოს საკუთარი ხედვა. ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს იქიდან გამომდინარე, თუ ვინ რას სთავაზობს, როგორც კონკრეტული პიროვნებების, ასევე ხედვების თვალსაზრისით. თუ ასეთი პრინციპით წარიმართება საარჩევნო სისტემა, ამომრჩეველი შეცდომისგან უფრო დაცული იქნება. დღეს რომ „ქარულ ოცნებას“ შევხედოთ, 2012 წელს ძალიან ბევრი ადამიანის არსებობა საერთოდ არავინ იცოდა.
_ ჩრდილოვანი კაბინეტის ჩამოყალიბება საინტერესო მიდგომაა, თუმცა ჩვენს მოცემულობაში რამდენად რეალურია, რომ პოლიტიკური პარტიები ამას დასთანხმდებიან?
_ თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ისეთ დღეშია, რომ ვერ ამბობს, ქვეყანა ვინ უნდა მართოს, ე. ი. არ უნდა იყოს ეს პარტია არჩეული და დარჩეს სახლში. მსგავსმა პარტიებმა ბარიერიც ვერ უნდა გადალახონ პარლამენტში მოსახვედრად. რამდენჯერ უნდა მოატყუონ ქართველი ხალხი?! ბიძინა ივანიშვილმა ხომ მოატყუა უკვე. მახსოვს, 2012 წელს ჩემგან პატივცემული, ჭკვიანი ხალხი ამბობდა, რომ ამ კაცს ბევრი ფული აქვს და ყველა პრობლემას მოგვიგვარებსო. აღმოჩნდა, რომ არათუ პრობლემები ვერ მოაგვარა, ქვეყანა ღრმა კრიზისში შევიდა. მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება იზრდება, ვითარდება. ახალი დემოკრატიაა და ნორმალურიც არის, რომ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლოთ და მგონი, საზოგადოებამ მარტივად უნდა დასვას შეკითხვა, _ მე რომ ვაძლევ ხმას პარტია „იქსს“, ეს რას ნიშნავს ჩემთვის? ანუ ეკონომიკის მინისტრი აღარ მეყოლება ვინმე ქობულია, რომელიც მუდმივად სისულელეებს ლაპარაკობს, მაგალითად ამბობს იმას, რომ „გაზპრომი“ ჩვენს ბაზარზე უნდა დავაბრუნოთ და ზოგადად ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების არანაირი ხედვა არ აქვს. თუ იქნება ვიღაც „იქსი“, რომელსაც ხედვა აქვს, მესმის და ვხედავ, რომ რეალობას შეცვლის. ის, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ადამიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ, ამ შეკითხვებსაც, გარკვეულწილად, პასუხი გაეცემა. როგორც ამომრჩეველი, საკუთარ თავს ყოველთვის ვუსვამ შეკითხვას, _ ამ ხალხს თუ მივცემ ხმას, ვინ იქნება მთავრობა?
_ NDI-ის კვლევების მიხედვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ 12% უჭერს მხარს. ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, მით უმეტეს, საპრეზიდენტო არჩევნებზე დიდი მხარდაჭერა გქონდათ. მესმის, რომ გაერთიანებული ოპოზიცია იყო საპრეზიდენტოზე, თუმცა მთავარ ოპოზიციურ ძალას სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. ეს მაჩვენებელი რაზე მეტყველებს?
_ ყველაფერი შედარებითია. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი არ არის დაბალი სხვა ოპოზიციურ ძალებთან შედარებით, რადგან შემდგომ ოპოზიციურ პარტიაზე 4-ჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა, ე. ი. პროექციას იმისა, რომ ხელისუფლების შეცვლის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოთამაშე იქნება, ეს გამოკითხვაც აკეთებს. არ შეიძლება, კმაყოფილი იყო ამ გამოკითხვით. რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგები გვინდა. გამოკითხვები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია შენი პოლიტიკური აქტივობის გასაზომად.
_ თქვენ თქვით, რომ ყველაზე მეტი ამომრჩეველი ოპოზიციურ პარტიებიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს, თუმცა ეს თქვენი მუდმივი ამომრჩეველია და არსებობს მოსაზრება, რომ ელექტორატის გაზრდის შანსი ნაკლებად აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან ჯერ კიდევ მუშაობს „არა მიშას, არა ნაცებს“, რასაც „ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზეც გამოიყენებს. ამ პირობებში როგორ აპირებთ იმ ამომრჩეველზე მუშაობას, რომელიც ასეა განწყობილი?
_ ჩემს პირად მოსაზრებას მოგახსენებთ: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა განაცხადოს, ვინ არის მისი ჩრდილოვანი კაბინეტი და ვის სთავაზობს საზოგადოებას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დარწმუნება დავიწყოთ. ხელისუფლების სტრატეგია, რომ საფრთხობელად გამოიყენოს „ნაციონალური მოძრაობა“, რაც უფრო მეტი დრო გადის, აღარ არის რელევანტური. ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ამ ტაქტიკას მიმართა, თუმცა ეს იარაღი ბლაგვდება. ჩვენც, შესაბამისად, მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი დავარწმუნოთ, _ იმაზე უკეთეს ალტერნატივას ვთავაზობთ, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლებაა.
_ როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალას, რა ბერკეტები გაქვთ დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებაში და რას გეგმავთ ამ მიმართულებით?
_ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ვმუშაობთ და მათი მოსაზრებები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. მხარს დავუჭერთ მათ ინიციატივებს და მონაწილეობას მივიღებთ ყველანაირ შესაბამის აქტივობაში. პარლამენტში ხმები არ გვაქვს და ჩვენს ინიციატივებს ვერ მივიღებთ, თუმცა შესაბამის ხედვას პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება.
_ ამ პირობებში თუ ხედავთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობას?
_ ივანიშვილის მმართველობის ყოველი დღე ძალიან ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს ყველანაირი თვალსაზრისით. ამიტომ რაც უფრო სწრაფად შეიცვლება ხელისუფლება, _ მით უკეთესი. მთავარ პრობლემად საარჩევნო სისტემა რჩება, რადგან ვნახეთ, როგორი საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა ივანიშვილმა საარჩევნო სისტემის შეცვლის გარეშე. ივანიშვილს უნდა, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ხალხი ვერ შეცვლის რეალობას. ივანიშვილს ნიჰილიზმის გაჩენა და პოლიტიკის ხალხისგან გახლეჩა სურს.

ნენე ინჯგია