„შენივე დასახიჩრებული სისტემა შენვე დაგიპირისპირდება“

სამართლიანი სასამართლოს დეფიციტი, პოლიტისგან განთავისუფლებით მოგვრილი სიმშვიდე, სქესობრივი განათლება სკოლებში _ გარდატეხის ასაკი, ნაადრევი ქორწინება, სირცხვილის გრძნობა, საზოგადოების სტრესული მდგომარეობიდან გამოსვლის გზები _ ეს ის თემებია, რომელზედაც „ქრონიკა+
ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელს ნათია ფანჯიკიძეს ესაუბრა.

_ „მინდა ვენდო სასამართლოს“, _ სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის ვიდეო გავრცელდა, სადაც თქვენ საკუთარი პოზიცია დააფიქსირეთ. როგორია თქვენი თვალით დანახული დღევანდელი სასამართლო სისტემა?
_ ჩვენს ქვეყანაში ბევრი სფეროა დაუხვეწავი, თუმცა ზოგიერთი რამ განსაკუთრებით. ხარვეზი შეიძლება ყველგან იყოს, მაგრამ სამართალი სამართლიანობის დაცულობის შეგრძნებაა, რომელიც ადამიანებს სიმშვიდეს გვრის და იქ არსებული ხარვეზები უფრო მტკივნეულად აღიქმება . შესაბამისად, სასამართლოში რომ ყველაფერი წესრიგში არ იყოს, გასაკვირი არაა, რადგან ყველა დარგში ხდება მსგავსი რამ. ვიღაც კარგი სპეციალისტია, ვიღაც ძალიან კარგი და ვიღაც ძალიან ცუდი, მაგრამ პირადი გამოცდილებით აღვნიშნავ ე. წ. კაბელების საქმეს. მახსოვს, ამ საქმეს თქვენც აშუქებდით. ხუთ უდანაშაულო ადამიანს სიმართლის დამტკიცების შანსი არ ჰქონდა, რადგან ნება იყო ასეთი, _ მათთვის აბსურდი უნდა დაებრალებიათ. გაუხარჯავ ფულზე ეუბნებოდნენ, რომ გაიფლანგაო. აღსანიშნავია, რომ ხუთი დაკავებული ადამიანიდან ერთ-ერთი კურიერი იყო, რომელმაც არც კი იცოდა, რა შინაარსის დოკუმენტები გადაჰქონდა ერთი დეპარტამენტიდან მეორეში. საკუთარი გამოცდილებით ვიწვნიე, თუ რა საშინელება ტრიალებდა.
როგორ შეიძლება, ვინც ადამიანის ბედს წყვეტს, ის არ იყოს პიროვნება, რომელიც თავის პროფესიულ იდენტობას იმდენად დიდ პატივს სცემს, რომ შენ მე ვერც უნდა გამიბედო, რამე შემიკვეთო, მით უმეტეს, უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ. მეორე საკითხია, მაგალითად, ნაციონალების დროს, ვთქვი, რომ არ მომწონს „ნაციონალების“ რეჟიმი. იმას კი არ ვუწუნებდი, რაც კარგი გააკეთეს, იმიტომ რომ ყველა ცოცხალი ადამიანი რაღაც კარგს აკეთებს და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ თავიდან ძალიან ახალგაზრდული ენერგიით დაიწყო, რაღაცას ფორმა მისცა, სურვილი ჩანდა, რომ საქმე უკეთ გაკეთებულიყო. ამ მხრივ მათ არავინ არაფერს ედავებოდა. მაგრამ რის გამოც უკვე აუტანელი გახდა რეჟიმის გაძლება და ზღვარს გადავიდნენ, ერთ-ერთი იყო უსამართლობის შეგრძნება. როდესაც ძალაუფლებას მოიპოვებ, ბუნებით სასტიკი ხდები და შეგიძლია, ადამიანები გაანადგურო. აბსოლუტურად პიროვნულად პატივს არ სცემდნენ არავის. ეს ერის განადგურებაა იმიტომ, რომ ადამიანი იწყება თვითშეფასებიდან, სიამაყიდან. ძალიან ცუდია, რომ „ნაციონალებმა“ კარგად ვერ გაიაზრეს, თუ რა დააშავეს. ოქრო კოშკში რომ ჩასვათ, მე თუ თქვენ ყოველდღიურად შეურაცხყოფას მოგაყენებთ, თუ თქვენს პრივატულ სივრცეს არ დავიცავ და უპატივცემულოდ მოგექცევით, დამიჯერეთ, თქვენივე ხელით დაანგრევთ იმ სასახლეს. იგივე გადმოიტანა ამ ხელისუფლებამაც.
პროექტი USAID-მა დააფინანსა. მათ სასამართლოზე აზრი მკითხეს. იურისტი არ ვარ და აქედან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის რა პრაქტიკები არსებობს მსოფლიოში და რომელი მოდელი გამოგვადგება, არ ვიცი. სასურველია, იმ ქვეყნების გამოცდილება მივიღოთ, სადაც პიროვნული, პროფესიული ღირსება წლების მანძილზე გამყარებულია. ალტერნატივაც შეიძლება იყოს, სანამ ეს ქვეყნები ასე კარგად გასწორდებოდნენ სისტემურად წელში, რა მეთოდი ჰქონდათ მოსამართლეთა არჩევის. ამიტომ მე მხოლოდ იმ კუთხით ვილაპარაკე ვიდეოში, რომ მთავარია, თუნდაც, ჩვენს თერაპიაში, როცა ადამიანი მოდის და მას სული სტკივა, შენი უმთავრესი მოვალეობაა, შეგეძლოს თავი იგრძნო მის ადგილზე. ასევეა სასამართლო, _ როდესაც ადამიანი შენ წინაშე განსასჯელის სკამზე ზის, უნდა შეძლო მის ტყავში შეძრომა, მის ადგილას თავის გრძნობა.
_ნათია, როგორ ფიქრობთ, ახერხებენ დღევანდელი მოსამართლები ამ ყოველივეს?
_ ერთადერთი მოსამართლე იყო დავით ჯუღელი (ე. წ. კაბელების საქმეზე), რომელმაც თქვა, რომ ვერ ვხედავ აქ დანაშაულსო. ასე რომ, პიროვნებები ყველგან არსებობენ. ღმერთმა არ ქნას რომ ასე დავიღუპოთ. პიროვნებები არიან ჟურნალისტიკაშიც, სამედიცინო სფეროშიც და აბსოლუტურად ყველგან, აბა, ეს ქვეყანა როგორ დგას ფეხზე! თვით ხელისუფლებებისთვისაც უკან დამხევია დაუხვეწავი სისტემები, მაგალითად, წარმოუდგენელია, ცუდმა სამედიცინო სისტემამ, თუ ეს შენ შეგნებულად შექმენი, ერთხელ შენც არ დაგაზარალოს. ადამიანი, რომელიც ვერ გაუძალიანდება უკანონო შეკვეთას, ის მუდმივად მოექცევა ვიღაცის გავლენის ქვეშ. ასე რომ ქართველებს ცოტა შორსმჭვრეტელობა რომ ჰქონდეთ, თვითონ მთავრობები მიხვდებოდნენ, რომ შენივე დასახიჩრებული სისტემა შენვე დაგიპირისპირდება როდესმე. შენვე იქნები განწირული, იმიტომ რომ სისტემის სიჯანსაღე ყველასთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
_ ძალიან მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო. უნდა ისწავლებოდეს თუ არა საგანი სქესობრივი განათლების შესახებ სკოლებში?
_ მშობელი ვერ ასწავლის, რადგან მას არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია, სწორი ენით და დოზით რომელ ასაკში რა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. პირველი შეკითხვა, რაც ბავშვებს ებადებათ არის, თუ საიდან გავჩნდი. ზოგადად ტყუილი ურთიერთობაში ცუდია, მით უმეტეს, ტყუილი ბავშვთან, მისი გაშაყირება. ბავშვს არ სჭირდება სქესობრივი აქტის აღწერა მცირე ასაკში, მას სჭირდება თუნდაც ელემენტარულად იმის ახსნა, რომ შენ ჩემს მუცელში იჯექი. მერე ის სვამს შეკითხვას, _ რანაირად მოვხვდი შენს მუცელში? ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა, რომ პატივი ვცეთ პიროვნებას, აუცილებლად სერიოზულად უნდა ვუპასუხოთ. პატარა ბავშვი თავისი აღქმის შესაფერ კითხვას სვამს. პასუხი უნდა იყოს აბსოლუტური ცოდნით განაწილებული. საკვირველია, მომხრე ვარ, რომ ვისწავლოთ ყველაფერი, ვიდრე არ ვისწავლოთ. მით უმეტეს, ბავშვმა ელემენტარულად უნდა იცოდეს, _ დედაჩემი როგორ მიცავდა. მაგალითად, დედა მეუბნებოდა, რომ უცნობმა ბიძიამ თუ დაგიძახა და გითხრა, კანფეტი უნდა მოგცე და მომიახლოვდიო, არასდროს მიუახლოვდე. ცოტა მეტი ახსნა-განმარტება რომ დაეყოლებინა, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნებოდა, რადგან მოძალადემ არაა აუცილებელი, მხოლოდ კანფეტი შემოგთავაზოს, მე ხომ მხოლოდ კანფეტზე ვიყავი გაფრთხილებული. ე. ი. რაღაც გარკვეული ცოდნა, გაფრთხილება იმისთვის, რომ საფრთხის შეგრძნება ჩართოს თავის თავში, სულაც არ არის ურიგო. რომელ ასაკში რა საჭიროებისთვის უნდა იყოს ასეთი განათლება, ეს, რა თქმა უნდა, სპონტანურად და მოუფიქრებლად არ უნდა გაკეთდეს, არამედ პროგრამა უნდა დამუშავდეს სერიოზულად და დაკვირვებით.
ძალიან რთულია გარდატეხის ასაკი, როდესაც ადამიანის სხეული იცვლება. ბავშვი უცებ ჩაიხედავს სარკეში და მას ახალი სხეული აქვს. ჩვენს გარეგნულ იდენტობასთან ადაპტაცია-შეგუება რამდენჯერმე გვჭირდება ცხოვრებაში და ეს ყოველთვის სტრესს უკავშირდება. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ, ხანდახან როგორი ძნელია ახალი ტანსაცმლის მორგება, ახლა წარმოიდგინეთ, როგორია ახალი სხეულის მორგება გარდატეხის ასაკში. შემდეგ კიდევ გვემუქრება ნაოჭებთან და სხეულის შეცვლილ ფორმებთან შეგუება, მაგრამ პირველი შეგუება ყველაზე სტრესულია. მაგალითად, პატარა გოგონების უმეტესობა წელში იხრება, როდესაც მკერდის ნიშნები შეეტყობა ხოლმე. წელში იხრებიან იმიტომ, რომ რცხვენიათ.
_ რატომ აღიქმება ეს სირცხვილის გრძნობად?
_ ეუცხოებათ და სწორედ ეს არის პირველადი სქესობრივი სიმორცხვე. პატარა ბავშვს ხომ სიმორცხვე არ გააჩნია. საცვლის გარეშე შეუძლია გატანტალდეს პლაჟზე, ჩვენ წინაშე, რადგან პატარამ არ იცის, თუ რატომ უნდა დამალოს ეს ყველაფერი, თუმცა გარკვეულ ასაკში ბავშვი უკვე სირცხვილს განიცდის. ბიჭებს ეამაყებათ ხოლმე ულვაშის სწრაფად გაპარსვა, ზრდასრულობის ნიშნად მიაჩნიათ, მაგრამ შესაძლოა, სხეულზე გაჩენილმა სხვა თმამ და შეცვლილმა ფორმამ, შეცვლილმა ხმამ უცებ არ მოჰგვაროს ასეთივე სიამაყე. აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ სტრესი მოვუხსნათ ბავშვებს, ეს სულაც არ იქნება ცუდი, მაგრამ ისევ და ისევ გავიმეორებ: ყველაფერი ეს უნდა იყოს მეცნიერულად, ძალიან სწორი ენით, სწორი დოზით და კომპეტენციით ახსნილი და მიწოდებული. ასეთ გადაწყვეტილებას მარტივად ვერავინ იღებს, რადგან საჭიროა ტრენინგკურსი, განათლების სამინისტროს დიდი მუშაობა.
_ თუ ჩვენ ადრეულ ასაკში მივიღებთ სექსუალურ განათლებას, ბევრისთვის ეს გარყვნილებად ითვლება. რატომ ჰგონიათ ასე, საიდან მოდის ეს შიშები?
_ გარყვნილებას არასწორი და დაფარული ინფორმაცია იწვევს. სწორედ ის არის მერე სექსუალური პერვესიების წარმოშობის მიზეზი. ექიმისთვის პაციენტი და მისი სიშიშვლე ხომ არ აღიქმება, როგორც ეროტიკული ობიექტი. ე. ი. მეცნიერება უბიწოა. სიშიშვლე მაშინ ხდება უმანკო, როდესაც აბოსლუტურად გააზრებული გვაქვს, რომ არ არსებობს წმინდა და უწმინდური ორგანოები. ეს, უბრალოდ, ჩვენი ანატომიაა, ჩვენი სხეულია და როგორც კი დავუშვებთ, რომ რაღაც ჩვენში უწმინდურია, სწორედ მაშინ ხდება ათასნაირი ერთგვარი გადახვევა ამ ბუნებრივი აღქმიდან. სულ სხვაა, როდესაც სამედიცინო გზით სწავლობ საკუთარ სხეულს, ანატომიას და როგორ შეიძლება, მეცნიერება ისწავლო ორგანო გამოტოვებით. როგორ შეიძლება, მეცნიერებაში დაანაწევრო ადამიანის სხეული. აქ ამაზეა ლაპარაკი, თორემ სქსესობრივ განათლებაში „კამასუტრის“ სწავლება ხომ არ იგულისხმება.
_ იგივეს თქმა შეგვიძლია ნაადრევ ქორწინებაზე. ოჯახების უმეტესობა, ძირითადად, ამის გამო ინგრევა. ამ ჭრილშიც რომ განვავრცოთ ეს თემა, საინტერესო იქნება.
_ ნაადრევი ქორწინებებიც გაუცნობიერებელია. შეყვარებულ წყვილს ჰორმონების აფეთქება აქვს, კარგად ვერც კი ხვდება, რა ემართება, ოღონდ ერთმანეთი იზიდავთ და ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს. ნაადრევად დაწყებული სქესობრივი ცხოვრება მხოლოდ ქორწინების გარეშე კი არ არის ცუდი, არამედ, ზოგადად, ცუდია. აქედან გამომდინარე, განათლება აქაც აუცილებელია, მით უმეტეს, ნაადრევ, მოზარდულ ასაკში მშობიარობა არცთუ სასურველია. ბავშვურ ასაკში ოჯახი გაუაზრებლად იქმნება და ვერ აცნობიერებ იმ პასუხისმგებლობას, რაც წინ გელოდება.
_ ვთანხმდებით იმაზე, რომ საგანი სექსუალური განათლების შესახებ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს?
_ მოსწავლეებისთვის სამეცნიერო სივრცე სკოლაა, დანარჩენი არის არაფორმალური და, როგორც წესი, დასახიჩრებული. ინტერნეტით სწავლება შეიძლება მხოლოდ მაშინ იყოს მისაღები და დასაშვები, თუ ის კომპეტენტური ადამიანის ჩაწერილია.
_ სიახლეებს ჩვენს ქვეყანაში ცოტა უცნაურად და რთულად უყურებენ. როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ საზოგადოებას შიშის საფუძველი აქვს. განათლების სისტემა იქნება ეს თუ სხვა ნებისმიერი სამსახური, სტანდარტს ვეღარ აკმაყოფილებს. საბჭოთა სტანდარტი ისედაც და ასედაც მოძველებული იყო და არის. გარდა ამისა, ფინანსური რესურსიდან დაწყებული, ადამიანური რესურსით დამთავრებული, ძალისხმევა და დრო სჭირდება. ერთ წამში ნამცხვარსაც ვერ გამოაცხობთ. ამიტომ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ეშინია, როდესაც იცის, რომ ხშირ შემთხვევაში საკმარის ხარისხს ვერ მიიღებს. ძალიან წინააღმდეგი ვარ, როდესაც ადამიანებს ირონიულად ეკიდებიან ან ქედმაღლურად ეუბნებიან, რომ მე მესმის ეს საკითხი და შენ ვერ გაიგე. სწორედ ეს არის საბჭოთა დამოკიდებულება, რომ მათრახით იძულება გავაკეთო შენზე. მხოლოდ სწორი ახსნა-განმარტებით და დიალოგით უნდა მოხდეს ყველაფერი, რომ ადამიანმა გაიგოს, რაზეა ლაპარაკი. ისიც უნდა ავუხსნათ, რომ საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა პროფესიები, ანატომიის სახელმძღვანელოც და არაფერი ფანტასტიკური ჩვენ თავს არ ხდება. სწავლება არის სწავლება და მეცნიერება არის მეცნიერება. მეცნიერებას ძალიან მშრალი და უმანკო ენა აქვს. სწორედ ამიტომ მეცნიერული ტერმინები აბსოლუტურად არ განაწყობს არც ერთ ადამიანს ზედმეტი რომანტიკისკენ.
_ ნათია,საზოგადოებაში ძალიან სტრესული ფონია. ხშირად გვსმენია ან წაგვიკითხავს, როდესაც ამბობენ, რომ რა გვჭირს, რა ხდება ჩვენ თავსო. რასთან აიგივებთ ამ გადამეტებულ აგრესიას? დამძიმებულია დღევანდელი ფონი თუ მეჩვენება?
_ პირველი მიზეზი ის არის, რომ ჩვენ მართლაც ბევრი ჭრილობა მივიღეთ მოყოლებული დამოუკიდებლობის დღიდან. მალევე დაგვემართა ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტა და ეს უზარმაზარი ტრავმა იყო. დიდ ერს ფიგურალური განცდა აქვს იმისა, რომ ეს ჩემი სამშობლოა, ეს ჩემი თანამოძმე და ჯიშის ადამიანია, მაგრამ საქართველოში ყველაფერი პირდაპირი გაგებითაა. წარმოუდგენელია, დანა გაუყარო ან ესროლო ვინმეს და ის არ აღმოჩნდეს შენთან კავშირში _ ან შენი მეზობელი არ იყოს, ან ბიძაშვილის მეგობარი, ან ნათესავი. თუკი ადამიანები ერთმანეთს კარგად ჩავუღრმავდებით და გავისაუბრებთ, იმდენ რამეს აღმოვაჩენთ საერთოს.
ძმათა მკვლელი ომი ვახსენე, _ ეს არის პირდაპირი გაგებით ძმათა მკვლელი ომი და არა ფიგურალური ან სიმბოლური გაგებით. ჭრილობები მივიღეთ, რომლის მოშუშება არ აღმოჩნდა იოლი;
შემდეგი პრობლემაა ის, რომ არაზრდასრული პროვნებები ბრალის შეგრძნებას არ განიცდიან, ისინი ცუდად განვითარებული პიროვნებები არიან. შეიძლება წიგნიც წაიკითხოს, დაიზეპიროს და პროფესიონალიც გახდეს, მაგრამ არ ჰქონდეს პიროვნული ზრდასრულობა, ეს კიდევ ცალკე ასაკია, რომელიც არ უკავშირდება კრისტალიზებულ დასწავლულ ინტელექტს. როდესაც ადამიანი საკუთარ თავში არასდროს ეძებს პრობლემას, როდესაც ის არასდროს ნანობს, არ დარდობს და ყოველთვის უნდა, რომ დანაშაული აისხლიტოს და თქვას, რომ მე დავაგვიანე იმიტომ კი არა, რომ დრო ვერ მოვზომე და დამნაშავე ვარ, ბოდიშს ვიხდი, არამედ დავაგვიანე იმიტომ, რომ ლიფტში გავიჭედე, ეს ჩიხია. ეს ხომ ბავშვური ხრიკია, რაც საბოლოო ჯამში ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს და სპობს ყველანაირ გულწრფელობას, რადგან თვალებში ნაცარს არ უნდა ვაყრიდეთ ერთმანეთს. თუ შეგვეშალა, უნდა ვთქვათ, რომ შეგვეშალა! როგორ შეიძლება, უშეცდომოები ვიყოთ. როდესაც ვამბობთ, რომ აგრესიული ფონია, საკუთარ თავებსაც უნდა დავაკვირდეთ. როგორ საზოგადოებაშიც გვინდა რომ ვიცხოვროთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული.
_ პოლიტიკური პროცესები რა გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, თუნდაც იმ არასტაბილურობისა და უიმედობის შეგრძნება, რაც დღეს თითოეულ ჩვენგანს აქვს?
_ როდესაც ჩემი ქმარი პოლიტიკიდან წავიდა, მას მერე ღრმად ჩავისუნთქე და ვთქვი, რომ ვაშა, კიდევ ერთი ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში და რა ბედნიერი ვარ-მეთქი! ახლა შემიძლია, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემს საქმეზე ვიფიქრო, რადგან რაც საქართველოში ჩამოვედი, ფრონტის ხაზზე მიწევდა საკუთარი საქმის კეთება . როგორც კი ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა, ძალიან ბედნიერი გავხდი და ვთქვი, რომ პოლიტიკა აღარ მეხება. ბედნიერი ვარ, რომ დღესაც ყველაფერი მეხება ისე, როგორც თქვენ გეხებათ და როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. მაგრამ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ, მაინც ბევრი რამ გეხება. მაგალითად, იურიდიულ პირებს გაზის გადასახადი გაუძვირეს _ ეს მეხება, რადგან პატარა ორგანიზაცია ვართ, სულს ძვლივს ვითქვამთ, საქველმოქმედო ხაზიც უფასო გვაქვს, ჯგუფური თერაპიებიც. ჩვენ არ ვართ საამქრო ან საწარმო, აქ ვერასდროს შემოვა იმხელა თანხა, რომ გამდიდრდე, ამიტომ ის გადასახადი ძალიან რომ გვაწვება და კანონები რომ მოუქნელია და არ არჩევენ, ნებისმიერი იურიდიული პირი ერთი და იგივე საქმიანობას არ ახორციელებს და არ შეიძლება, ერთნაირ პირობებში იყვნენ, ამიტომ მეხება. ე. ი. კანონთან მაქვს საქმე. გაითვალისწინეთ, რომ მე და ბანკებს ან სხვა უზარმაზარ კომპანიებს ერთნაირი გადასახადები არ უნდა გვქონდეს. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ, ყველაფერი მეხება. ასევე ეხება ნებისმიერ ადამიანს.
_ წეღან ახსენეთ, რომ ძალიან ბედნიერი ხართ, რადგან თქვენი მეუღლე პოლიტიკიდან წავიდა. საინტერესოა, რას აკეთებს და როგორ გრძნობს თავს დღეს ირაკლი ალასანია?
_ ჩემს ბედნიერებას დიდწილად კვებავს ის, რომ ირაკლის ძალიან მაღალი პოზიცია აქვს თავის სამსახურში. გამომდინარე იქიდან, რომ მისი საქმე ძალიან საპასუხისმგებლოა, მოკლევადიან კონტრაქტზე მას ვერ დააკავებდნენ. ამიტომ ჩემი ეს სიხარული დოკუმენტურად არის გამყარებული. გულით რომ უნდოდეს, ვერ წამოვა. რაც შეეხება პოლიტიკისადმი ნოსტალგიას, ნამდვილად არ აქვს.

გიორგი საკარული