გიორგი გიუაშვილი: „მივმართავ გახარიას, დაინტერესდეს გიორგი აბრამაშვილის ნამოქმედარით“

სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოზიციაზე 16 თებერვალს გიორგი აბრამაშვილი დაინიშნა. იგი ბოლო წლების განმავლობაში კერძო სექტორში მუშაობდა, მანამდე კი ბორჯომ-ბაკურიანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო. სწორედ ამ პერიოდში აბრამაშვილთან მიმართებით არაერთი ხმაურიანი ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, ერთ-ერთი,2013 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის იმჟამინდელი გამგებლის მოადგილის, გიორგი გიუაშვილის თანამდებობიდან განთავისუფლება იყო. გიუაშვილი ამ ფაქტს მის წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას უკავშირებდა.

„ქრონიკა+“ აღნიშნულ თემაზე და გიორგი აბრამაშვილის ირგვლივ არაერთ ხმაურიან ფაქტზე ლეიბორისტული პარტიის წევრ გიორგი გიუაშვილს ესაუბრა:

_ უშუალოდ როდის დაიწყო თქვენსა და აბრამაშვილს შორის კონფლიქტი?
_ გიორგი აბრამაშვილი 2013-2015 წლებში ბორჯომში სუს-ის უფროსად მუშაობდა. 2013 წლის მარტიდან გამგებლის მოადგილე ვიყავი. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო აბრამაშვილმაც მუშაობა. ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ კონფლიქტურ ვითარებაში წარიმართა. მე გამგებლის მოადგილე ვიყავი სოფლის მეურნეობის დარგში. ვხედავდი, რომ აბრამაშვილი ყველა საკითხში უხეშად ერეოიდა. გაოგნებული ვიყავი, როცა გამგებელთან კაბინეტში შემოდიოდა და პირდაპირ მითითებებს აძლევდა მას, ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობის დარბაზში არაერთხელ უტარებდა თათბირებს და სხვადასხვა მითითებას აძლევდა სოფლების რწმუნებულებს. ის აბსოლუტურად ყველაფერში ერეოდა.
მისი მამა ბორჯომში შევარდნაძის დროინდელი საგადასახადოს ჩინოვნიკი იყო, 7 ჰექტარ მიწას იჯარით ფლობდა ტაბაწყური-ნარიანში. მას ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, თუმცა მაინც დაპატრონებული იყო. ის ადგილობრივ მოსახლეს შეუკავშირდა და ამ მიწის რეალიზებას ახდენდა, _ მიწას ამუშავებდა და შემდეგ თივას ყიდდა. წლების მანძილზე მას გარანტირებული შემოსავალი ჰქონდა. მაშინ, როცა გამგებლის მოადგილედ დამნიშნეს სოფლის მეურნეობის დარგში, ჩემთან უამრავი მოქალაქე სხვადასხვა პრობლემით მოდიოდა და საჩივრებით მომმართავდა, მათ შორის, გიორგი აბრამაშვილის მამაზე, ზურა აბრამაშვილზე. გლეხები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ზურა აბრამაშვილი მიწას იყენებდა. ინფორმაცია გადავამოწმე და დადასტურდა. რა თქმა უნდა, კატეგორიულ უარზე ვიყავი, რომ ამ პიროვნებას, რომელსაც არც ერთი სული საქონელი არ ჰყავს და კორპუსის მცხოვრებია, ეს მიწა სარგებლობაში არ დარჩენოდა. სწორედ ამაზე დაიბოღმნენ, რასაც დაემატა, რომ გიორგი აბრამაშვილის კარის მეზობელთან და დედის დაქალთან, ბინასთან დაკავშირებით, ჩვენს ოჯახს 2011 წლიდან კერძო დავა გვქონდა. კონკრეტულად კი თანხას არ გვიბრუნებდნენ და ჩემი ძმისცოლის ვალი ჰქონდათ. 2000 წლიდან ბორჯომში მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ვიყავი, მიწისა და იურიდიულ საკითხებში საკმაოდ კარგად ვერკვეოდი. სწორედ ამ ორ ფაქტორს ესეც ემატება, _ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, აბრამაშვილს ბევრ რამეში ვუშლიდი ხელს. ვიცოდი, რომ გიორგი აბრამაშვილი მტრად მომევლინა, ის ყველაფერს აკეთებდა ჩემ მოსაშორებლად.
ჩვენი პირველი კონფლიქტი გამგებლის ოთახში მოხდა, როდესაც ის ტენდერებთან დაკავშირებით უხამსად ესაუბრებოდა გამგებელს, ოთახში გამგეობის სხვა მაღალჩინოსნებიც იყვნენ. მას არავისი ერიდებოდა, თავხედურად შეაღებდა გამგებლის კაბინეტს, ძველი ბიჭივით ქამარზე ჩამოკიდებული ჯაჭვის ტრიალით დადიოდა და ღიად საუბრობდა ყველაფერზე. მითითებებს აძლევდა იქ მყოფებს, რაზეც მე ვუთხარი, რომ არასწორად იქცეოდა და ამის შემდეგ ერთმანეთთან შევლაპარაკდით. ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარა, გაგვაშველეს. ამ ფაქტის შემდეგ მალევე გამათავისუფლეს.
_ მიწის თემასთან დაკავშირებით თუ იყო გიორგი აბრამაშვილის მხრიდან ზეწოლა?
_ როდესაც გიორგი აბრამაშვილის მამასთან საკითხებს ვარკვევდით, ამ პერიოდში გიორგი სუს-ის უფროსად არ მუშაობდა. მიწის თემის გარკვევა 2013 წლის ზაფხულის დასაწყისში ხდებოდა, ხოლო გიორგი აბრამაშვილი ბორჯომში აგვისტოს დასაწყისში გამოჩნდა. დაინიშნა თუ არა, პირველი დარტყმები ჩემზე განახორციელა.
_ კონკრეტულად რას გულისხმობთ?
_ გიორგი აბრამაშვილი გამგებელთან შედიოდა და მას ჩემ შესახებ უარყოფით ინფორმაციებს აწვდიდა. მიზანმიმართულად მივრცელებდა ცრუ ინფორმაციებს, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა.
_ თქვენი განთავისუფლების შესახებ მოგვიყევით…
_ გიორგი აბრამაშვილი გამგებლის ოთახში იჯდა, როდესაც აპარატის უფროსმა სამსახურიდან ჩემი განთავისუფლების ბრძანება შემომიტანა. ვერაფერი მომიძებნეს და შტატის გაუქმების ბრძანება შემომიტანეს (სასამართლო წესით ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ დავა მოვიგე, ჩემი უკანონოდ განთავისუფლების ბრძანების ბათლად ცნობის შესახებ, შესაბამისი სახელფასო კომპენსაციით, თუმცა ძველ თანამდებობაზე აღარ აღვდგენილვარ, რადგან უკვე მოსახლეობის მიერ არჩეული ბორჯომის საკრებულოს წევრი ვიყავი). სწორედ 2014 წლის ადგლობრივი თითმმართველობის არჩევნების პერიოდში აბრამაშვილის დავალებით ბორჯომის „ქართული ოცნების“ შტაბში პარტიაში ჩემი გაწვრიანების ბლანკი დამალეს, თუმცა ვერ გათვალეს, რომ მანდატი ხელზე მქონდა, რაც შემდგომ გამოვაქვეყნე კიდეც. ამისთვის მადლობელიც ვარ, რომ ოპოზიციაში გადავედი და ეს ჭაობი დავტოვე.
ამ ფაქტიდან ერთ თვეში ბაკურიანში ძალიან საეჭვო პირობებში, საკურორტო ადგილას, რომელსაც მიწის რეფორმა საერთოდ არ შეხებია, ანუ მოქალაქეებზე მიწები არ განაწილებულა, ერთ-ერთი მოქალაქე შირმად აიფარეს და მასზე 1 ჰექტარზე მეტი ფართობი გააფორმეს. შემდეგ ფართი დაიშალა: ეს ჰექტარი ვისზეც იყო გაფორმებული, იმ ადამიანს რაღაც ნაწილი დაუტოვეს, ხოლო 1500 კვ.მ. გიორგი აბრამაშვილის ცოლზე გააფორმეს. ეს ამბავი რამდენიმე თვის შემდეგ გავიგე, საჯარო რეესტრის ამონაწერი მოვიპოვე, სადაც ჩანდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გიორგი აბრამაშვილის ცოლზე იყო გაფორმებული. რა თქმა უნდა, პროკურატურაში მაშინვე დასაბუთებული სარჩელი შევიტანე. პროკურატურამ გენინსპექციას გადაუგზავნა, მოკვლევა დაიწყო და დაკითხვაზეც დამიბარეს. ჩვენება დეტალურად მივეცი. ამ პროცესებიდან ძალიან მალე აბრამაშვილი გაათავისუფლეს.
_ გიორგი აბრამაშვილის განთავისუფლებას თქვენს სარჩელს უკავშირებთ?
_ რა თქმა უნდა, ჩემს საჩივარს დავუკავშირე, რადგან სერიოზულად გაყალბებული ფაქტი იყო. არანაირი ცნობა გენინსპექციიდან აღარ მოსულა, არც გამოძიების დამთავრების, პასუხისგებაში მიცემის თუ ამ ფაქტის დადასტურების ან არდადასტურების შესახებ; არც პროკურატურიდან მიმიღია რაიმე ცნობა ამ საქმის შესახებ. ფაქტია ,გამოძიება დაიწყო მაგრამ შედეგები უცნობია. გიორგი აბრამაშვილი ამ სიტუაციიდან ჩახსნეს, რასაც პარალელურად, სხვა რამესაც ვუკავშირებ: მისი მოღვაწეობის მიწურულს ბორჯომში ძალიან ცუდი ამბავი დატრიალდა, _ ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი პიროვნების, მეუფე სერაფიმეს წინააღმდეგ უბინძურესი პროვოკაცია დაგეგმეს და განახორციელეს კიდეც. ამ პროვოკაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და განმახორციელებელი სწორედ გიორგი აბრამაშვილი იყო. მეუფე სერაფიმეს არასრულწლოვანთან ფიზიკური კონტაქტი დასწამეს, რის შემდეგაც მას ჩამწერით ამ გოგოს მშობელი შეუგზავნეს, რომელმაც მეუფესთან ყვირილი და მისი დადანაშაულება დაიწყო. ჩანაწერს მოვუსმინე, როდესაც ეს ქალბატონი შეხვედრის შემდეგ გამოვიდა და თავის დას უთხრა: რა კარგად გამომივიდა, ფეხები მიკანკალებდა, არ მეგონა, თუ გამოვივიდოდაო. ე. ი. პროვოკაციისა და ჩანაწერის გაკეთების მიზნით შეაგზავნეს.
_ რით დასტურდება ის ფაქტი, რომ გიორგი აბრამაშვილი მეუფე სერაფიმეს წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის ორგანიზატორი იყო?
_ მას შემდეგ, რაც გიორგი აბრამაშვილი თანამდებობიდან მოხსენეს, ბორჯომში იგი ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს დაცვის უფროსი რამდენიმე თვის მანძილზე იყო. სწორედ ამ პერიოდში იმ ადამიანებთან მეგობრობდა, რომლებიც მეუფე სერაფიმეს წინააღმდეგ აგორებულ პროვოკაციას უკავშირდებოდნენ. ამ პოსტზე მუშაობის პერიოდშიც სამარცხვინო ამბები დაატრიალა, რის შემდეგაც დაცვის უფროსის პოსტი დაატოვებინეს. ამის შემდეგ ის ოფიციალურ თანამდებობაზე არ ყოფილა, „ქართული ოცნების“ აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა და მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიებში მონაწილეობდა.
მის სახელზე ბორჯომის საკურორტო სოფელ სადგერში კიდევ ერთი მიწა აღმოვაჩინე! ჯერ რეაგირება არ მიმიცია და აუცილებლად ვგეგმავ, რომ ამის შესახებაც მოვამზადო საჩივარი.
თავისი მოღვაწეობის პერიოდში აბრამაშვილი ბაკურიანში თბილისის სუს-ის მაღალჩინოსნების „პრარაბად“ მუშოაბდა, ტრაქტორს ედგა თავზე და მათთვის გაჰყავდა გზები. საკუთარ საქმეებსაც თალღითურად აკეთებდა და უფროსების მონაც იყო. მთელი ბაკურიანი გადანაწილებული ჰქონდათ. 44 ცნობა გააყალბა რწმუნებულმა ამ მიწებთან დაკავშირებით და უფლებამოსილებაც კი არ შეუწყვიტეს. მჯეროდა, რაღაც შეიცვლებოდა, მაგრამ ვხედავ, რომ ამდენი უბედურების დამტრიალებელი ისევ შემოაბრუნეს, ბორჯომიდან მოვიშორეთ, მაგრამ სამცხე-ჯავახეთში გაამწესეს. არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი აბრამაშვილს ორგანოებში დასაბრუნებლადაც ამზადებენ. ვიცი ამ პიროვნების მორალი, ზნეობა და ნამოქმედარი, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუშალო რაიმე სახით ორგანოებში თანამდებობაზე მის დაბრუნებას.
_ რას გეგმავთ?
_ მინდა მივმართო ხელისუფლებას და მინისტრ გიორგი გახარიას, რომ დაინტერსდნენ ამ პიროვნების ნამოქმედარით; გაეცნონ გენერელურ ინსპექციასა და პროკურატურაში აღძრულ საქმეებს; შესაბამისად, არ დაუშვან გიორგი აბრამაშვილის გაძლიერება და თუ საჭიროდ მიიჩნევენ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ თანამდებობიდან, რადგან ეს პიროვნება არ იმსახურებს ნდობას.

ნენე ინჯგია