ირმა ნადირაშვილი: „ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ მიზანი ხელისუფლებიდან ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორებაა“

„ევროპულმა საქართველომ“ მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე ინიციატივათა პაკეტი წარადგინა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
„ქრონიკა+“ აღნიშნულ საკითხთან და მიმდინარე პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ ირმა ნადირაშვილს ესაუბრა:

_ირმა, მოსამართლეების თემა მეტყველებს თუ არა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ კრიზისზე, თუ ეს არის, უბრალოდ, ბრძოლა შიდა გავლენების გასაძლიერებლად?
_ ჩემი გადმოსახედიდან ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, ძალაუფლების ვერგაყოფა. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, ვინ მოიპოვებს საბოლოო კონტროლს სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს ბესელიამ და მისმა ჯგუფმა ვერ მოახერხეს, თუმცა მოახერხეს კობახიძემ და მისმა თანამოაზრეებმა. შესაბამისად, ვფიქრობ, შესაძლოა, ადრეც იყო კონფლიქტის სხვადასხვა მიზეზი. არ ვიცი, თავის დროზე რატომ სთავაზობდნენ ქალბატონ ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვიცე-სპიკერად გადასვლას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს არის გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლა. რის გამო დაუპირისპირდნენ ბესელია და მისი თანამოაზრეები ერთმანეთს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ამ ჯგუფმა გაბედა და ხმა ამოიღო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ, თორემ, ცხადია, უვადოდ დანიშვნა დემოკრატიული და სწორი პროცესია, უბრალოდ, ჩინჩალაძეები და მურუსიძეები არ უნდა ინიშნებოდნენ. მნიშვნელოვანია ზოგადად საკონსტიტუციო უმრავლესობის რღვევა იმიტომ, რომ როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა გაქვს, „ცა ქუდად არ მიგაჩნია და დედამიწა ქალამნად“, შესაბამისად, საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევ. აქედან გამომდინარე, ალბათ, ამ მონოლითური ერთობისთვის აგურების გამოცლა მაინც ჯანსაღი პროცესია.
_ მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიციის გამო რაღაც ნაწილმა იფიქრა, რომ „ოცნება“ უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრედ იქცა. თქვენ ხედავთ თუ არა ამ კუთხით მიმდინარე პროცესს?
_ ანრი ოხანაშვილი ვერაფრით იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ სამართალმემკვიდრე. მათთვის დამახასიათებელი ნიშნებია ის, რომ „ოცნების“ მმართველობის დროს უფრო მეტი ადამიანი გაღარიბდა და ვერ ყიდულობს საკვებსა და წამალს. ასევე რა შეცდომებიც არსებობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური შეცდომა ეს იყო _ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მხრიდან სრული კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე. ეს ადამიანები, უბრალოდ, თავისთან გადაიყვანეს და ახლა თვითონ აკონტროლებენ სისტემას. იმის ნაცვლად, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება, _ სამართლიანი სასამართლოს უფლება, _ შეესრულებინათ, მათ კომფორტულად განაგრძეს ჩინჩალაძესთან თანამშრომლობა. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ალბათ, ეს გვარი ადამიანებს არც გაუგიათ, ახლა კი „ქართული ოცნების“ პირველ რიგებშია ბატონი ჩინჩალაძე და ისე იბრძვის. ძალიან ცუდია, რომ ის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არსებობდა, „ოცნებამ“ გამოიყენა და მთლიანად გადაიბარა. მათ არ ესმით, რომ საერთოდ არც ერთი ხელისუფლებისთვის არ არის სასარგებლო მონურ მორჩილებაში მყოფი მოსამართლეები იმიტომ, რომ სასამართლო ის ინსტიტუტია, რომელიც შეიძლება, ყველა ოჯახს შეეხოს და ყველა ოჯახმა საკუთარ თავზე გამოსცადოს მონა-მოსამართლეების გადაწყვეტილებები. ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ კი ეს გამოსცადა.
_ რეალურად, მურუსიძე-ჩინჩალაძეში არ არის პრობლემა, _ არ იქნება მურუსიძე-ჩინჩალაძე, იქნება სხვა სახელი და გვარი, რომელიც ანალოგიური პრინციპით იმოქმედებს, ამიტომ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ სასამართლო ხელისუფლება მსგავსი გამოწვევის წინაშე არ აღმოჩნდეს?
_ რა თქმა უნდა, სრულიად გულუბრყვილოა იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მურუსიძეს და ჩინჩალაძეს ვებრძვით. აუცილებელია მთლიანად სისტემის შეცვლა. ჩვენ ინიციატივა გვაქვს და მათ შორის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გაძლიერება. შესაბამისად, ვფიქრობ, მართლაც სისტემური ცვლილებაა აუცილებელი. უფრო კონკრეტულად კი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომლითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მათ მიერ გამჭვირვალე პროცედურებისა და შესაბამისი კრიტერიუმების დადგენის გარეშე წარმოდგენილი სიის უკან გაწვევის თაობაზე; ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევისთვის დამატებით კრიტერიუმებად უნდა განისაზღვროს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა, რომელშიც იკვეთება კანდიდატის როლი, ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და გადაწყვეტილებები; ჩვენი ინიციატივის მიხედვით, იურიდიულ კომიტეტთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი; ინიციატივა ასევე გულისხმობს პარლამენტის რეგლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის დეტალურად გაწერას; რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, მათ განსჯადობასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეცია 2021 წლიდან უნდა გაუქმდეს და სისტემა სრულად ამოქმედდეს; ინიციატივის თანახმად, უნდა გამოქვეყნდეს ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები; პირის პერსონალური ინფორმაცია დაიფაროს მხოლოდ მხარის მოთხოვნითა და მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
_ რა პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება“, თუ ლოგიკურ სვლებს არ გააკეთებს და მოსამართლეების, დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბებაში ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს?
_ მხოლოდ იმის გამო არა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არ შეუძლიათ ნაბიჯების გადადგმა, ძალიან ბევრი ისეთი სფეროა, სადაც დიდ შეცდომებს უშვებენ, თუნდაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და განსაკუთრებით მეორე ტური, რა მეთოდებითაც მათ ამ პოსტზე სალომე ზურაბიშვილის დანიშვნა მოახერხეს და არა არჩევა, რადგან სიტყვა არჩევა ამ პროცესების შეფასებისას ზედმეტია. გარდა ამისა, ბევრი სისულელე შემიძლია ჩამოვთვალო, რომელსაც ისინი აკეთებენ, თუნდაც დაგროვებითი პენსია, როდესაც მათ მიერ გაღარიბებულ ადამიანებს აიძულებენ, რომ ხელფასიდან 2% მოიკლონ; ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ ხაზარაძის მაგალითი, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება და მისი შურისძიებაა, არ ვიცი რის გამო; თუნდაც იგივე სასამართლო სისტემა. ძალიან ბევრი მიზეზი დაგროვდა, რომლის გამოც ხელისუფლება მალე არათუ საკონსტიტუციო უმრავლესობას, უბრალოდ, ხელისუფლებასაც დაკარგავს _ ეს გარდაუვალი პროცესია. როდესაც გარკვეული მომენტი დადგება, ბიძინა ივანიშვილის ფული ნამდვილად ვეღარ დაეხმარებათ, ამის ნიშანი უკვე იყო, როცა წინა არჩევნების დროს ოპოზიციამ 800 000 ხმა აიღო. ამიტომ ვფიქრობ, ეს დასასრული ძალიან ახლოს არის და ოპოზიციის კოორდინაციული მოქმედება, საერთო მიზნების დასახვაა აუცილებელი.
_ ოპოზიციის კოორდინაციული მოქმედება ახსენეთ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ევროპულმა საქართველომ“ მხარი დაუჭირა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. არჩევნების შემდეგ ჩატარებული „ენდიაის“ კვლევების მიხედვით კითხვაზე: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, მხოლოდ 3%-მა უპასუხა, „ევროპულ საქართველოს“. როგორ ფიქრობთ, მსგავს რეიტინგზე გავლენა ხომ არ იქონია იმ ფაქტმა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირეთ მხარი?
_ ვერ დაგეთანხმებით. წინა არჩევნების შემდეგაც ჩატარდა კვლევა და მაშინაც ძალიან არასასრურველი შედეგი ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“. როგორც წესი, პოსტარჩევნების პერიოდში ჩატარებულ კვლევაში ვინც გაიმარჯვა და მთავარი ფიგურა ვინც იყო, მათი მონაცემები გაცილებით უკეთესად ჩანს და ეს ნორმალურია, წინა კვლევების დროსაც ასე იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვწონს ის შედეგი, რომელიც გვაქვს. შესაძლოა, პარტიას იდენტობის პრობლემაც ჰქონდეს. შეიძლება, უფრო სხვა ხერხებით იყოს მუშაობა აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანებს კარგად გავაგებინოთ, რა გვინდა და როგორია ჩვენი ხედვები. პრობლემები არსებობს, მაგრამ ამას არ ავხსნიდი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერით. შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდაჭერამ, ანუ იმან, რომ ჩვენი კანდიდატი არ იყო მეორე ტურში, რა თქმა უნდა, ჩვენზე იმოქმედა. არ მიმაჩნია, რომ რადგან გრიგოლ ვაშაძეს დავუჭირეთ მხარი, ამის გამო დადგა ეს შედეგი. უბრალოდ, მეტი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი გზავნილები ადამიანებამდე უკეთესად მივიტანოთ.
_ იდენტობის პრობლემა ახსენეთ, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ამომრჩეველი „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ აიგივებდეს?
_ ჩვენი პარტია ახალია და შესაბამისად, ბევრი პრობლემაა თუნდაც იდენტობასთან დაკავშირებით. 2 წელი არ არის ბევრი დრო იმისთვის, რომ ხალხამდე შენი გზავნილი ძალიან კარგად მიიტანო. ბევრი ვისაუბრეთ მთავარ განსხვავებებზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ძირითადი განსხვავება ჩვენ შორის სწორედ მომავლის ხედვაა, რადგან წარსული ერთი გვაქვს და, შესაბამისად, მიღწევებსა და შეცდომებზე ერთად ვართ პასუხისმგებლები. მთავარი ამოცანა „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავება კი არ არის, არამედ ის, რომ ჩვენს პარტიას თავისი მყარი ადგილი ჰქონდეს და გამოიკვეთა კიდეც, _ 11%-იანი მყარი ამომრჩეველი გვყავს. ეს აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებმა და როგორც წესი, პარტიის რეიტინგი სწორედ ის არის, რასაც არჩევნებში იღებს. რა თქმა უნდა, დიდი სამუშაოა გასატარებელი, მაგრამ მიზანი არ არის, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან განსხვავებებზე ვისაუბროთ. ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ყოველდღე ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას. მან მართლაც მიიტაცა ხელისუფლება თავისი ყველა სახელისუფლებო შტოთი, სწორედ ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორებაა ოპოზიციისა და „ევროპული საქართველოს“ მიზანი. მთელი ძალები ამ მიმართულებით უნდა წავიდეს.
_ „ევროპული საქართველო“ ხელისუფლების ცვლილებას ლეგიტიმური გზით ემხრობა. ამ პირობებში რა ბერკეტები გაქვთ ამ მიზნის მისაღწევად?
_ მთავარი ბერკეტი არჩევნებია! როდესაც გინდა, დემოკრატიული ქვეყანა გქონდეს, სხვა გზა ხელისუფლების შესაცვლელად არ არსებობს. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ განსაკუთრებულ ვითარებებს, მაგალითად ისეთს, როდესაც შეიძლება მოგებული არჩევნები წაგართვან. რა თქმა უნდა, როდესაც არჩევნებს მოიგებ და ხელისუფლება შეეცდება, იგი წაგართვას, როგორც ეს სცადა, თავის დროზე, 2003 წელს, ედუარდ შევარდნაძემ, ასეთ შემთხვევაში უკვე სხვა გზების პოვნა და სხვა მეთოდებით ბრძოლაა საჭირო იმიტომ, რომ ხალხის არჩევანი ყველაზე მთავარია. პარტიამ უნდა იბრძოლოს ხალხის გაკეთებული არჩევანის დასაცავად, მაგრამ სხვა ყველა შემთხვევაში არჩევნები ეს უალტერნატივო გზაა. სკეპტიციზმი, რომ არჩევნებით ვერ შევცვლით ივანიშვილს, მხოლოდ აზიანებს პოლიტიკურ პროცესს. ეს ნიჰილიზმს თესავს ადამიანებში და რაც მთავარია, არასწორია იმიტომ, რომ ჩვენ ვნახეთ, როგორ გაიზარდა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მეორე ტურში ოპოზიციის ხმები 500 000-დან 800 000-მდე, ანუ რესურსი არის. ბიძინა ივანიშვილმა, დაახლოებით, მილიონ ორასი ათასი ხმა მიიღო. ჩვენი ამოცანაა, ამ რაოდენობის ხმა ახლა უკვე ოპოზიციამ აიღოს. ამ შემთხვევაში საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილს უშველის ფული, სუსი _ ეს ყველაფერი სისულელეა, უკვე გავიარეთ. როდესაც ხალხს ხელისუფლებაში შენი ყოფნა აღარ უნდა, ამ ხელისუფლებას ვეღარ შეინარჩუნებ, გამორიცხულია, ზუსტად ასევე ვერ შეინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას.

ნენე ინჯგია