„დავერბოვკებული“ ექსპერტები, რუსული „ატკატები“ და ქილერების სკოლა

აგენტურული ქსელი დამოუკიდებელი საქართველოს მოუშუშებელი ტკივილია _ ჯერ კიდევ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, ცხონებული ზვიად გამსახურდია, ყველას, ვინც მის გვერდით არ იდგა, კრემლის აგენტს ეძახდა. ის მოსაზრებაც არსებობს, რომ ეროვნული ხელისუფლება ზუსტად აგენტურამ დაღუპა.

აგენტების თემა 21-ე საუკუნის საქართველოშიც აქტუალურია, მით უმეტეს, რომ დღეს პრობლემა მხოლოდ უცხო ქვეყანასთან, ამ შემთხვევაში, რუსეთთან კავშირზე მყოფი პირები არ არიან. პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ზოგი ადამიანი, რომელსაც, მეტ-ნაკლებად, უმწიკვლო რეპუტაცია აქვს, ხელისუფლებაზე მუშაობს და მმართველი გუნდის ოპოზიციის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავს, ანუ ჩვენი სახელმწიფო ე. წ. საგარეო და საშინაო აგენტების ტყვეობაშია. შეიძლება, ზოგმა იფიქროს, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებზე მომუშავე საქართველოს მოქალაქეები უფრო საშიშები არიან, მაგრამ ამ საქმის სპეციალისტები განმარტავენ, რომ ის აგენტი არანაკლებ საშიშია, რომელიც ხელისუფლებასთან ძალით თუ ნებით თანამშრომლობს, რადგან ის, თავისი მოქმედებებით, საზოგადოების დემორალიზაციას უწყობს ხელს და ქვეყნისთვის სასარგებლო საკითხებზე მოსახლეობის კონსოლიდირება ვერ ხდება.
ადამიანი, რომელიც სპეცსამსახურში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა და ინტერვიუზე კონფიდენციალობის დაცვით დაგვთანხმდა, ჩვენს გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ სპეცსამსახურებთან ისეთი პიროვნებებიც თანამშრომლობენ, რომელთა აზრსაც საზოგადოება ითვალისწინებს. ამ კონტექსტში „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი ექსპერტებზე აკეთებს აქცენტს და მიანიშნებს, რომ ექსპერტები ამა თუ იმ თემაზე ხშირად უშიშროების სამსახურების დავალებით პედალირებენ.
ამას გარდა, „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი, რომელიც საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვინაობას არ ამხელს, იმასაც ეჭვობს, რომ დასავლური სპეცსამსახურები საქართველოზე გავლენას თანდათან კარგავენ და ქვეყანა რუსულ ორბიტაზე ინაცვლებს. კითხვაზე, თუ რა აძლევს ასეთი ეჭვის საფუძველს, უშიშროების გამოცდილი კადრი გვპასუხობს, რომ მმართველობის უმაღლეს ეშელონებში არაერთი ისეთი ადამიანია, რომელმაც არათუ რუსული სპეცსამსახურის სკოლა დაამთავრა, არამედ, წლების განმავლობაში, კრემლის ფარული მოკავშირეც იყო და ახლაც, უნდა თუ არა, იძულებულია, თავისი ყოფილი პატრონის მითითებები და დავალება შეასრულოს.

_ ზოგს ჰგონია, რომ სპეცსამსახურები ერთმანეთს სპეცრაზმებით ებრძვის, მაგრამ ასე არ არის. ამ ბრძოლაში ნებისმიერი სპეცსამსახური თავის ოპერატიულ წყაროებსა და გავლენის აგენტურას აქტიურად იყენებს. „ფსიქოლოგიური ომისთვის“ გავლენის აგენტურა წინასწარ მზადდება, რათა შემდეგ, მისი მეშვეობით, მოსახლეობა დაამუშაონ.
_ ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადი უბნები რომელია?
_ მედია, ეკლესია და ე. წ. საექსპერტო წრეები. ზოგადად, „ფსიქოლოგიურ ომში“ სპეცსამსახური ყველა იმ, ასე ვთქვათ, იარაღს იყენებს, რაც ხალხის განწყობასა და ამა თუ იმ პროცესის შემზადებაზე ზეგავლენას ახდენს.
სპეცსამსახური საზოგადოების განწყობას წინასწარ სწავლობს, თუ რამ შეიძლება მასზე მაქსიმალური ზეგავლენა მოახდინოს. შემდეგი ეტაპი მოსახლეობის დეზორიენტირებაა.
_ დეზორიენტირება რას ემსახურება?
_ დეზორიენტირებული ხალხისთვის სათანადო და სასურველი მიმართულების მიცემა ძალიან ადვილია. ამ პროცესში სპეცსამსახურები საუკუნეებია, მხოლოდ მედიას კი არა, ეკლესიასაც იყენებენ და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
ამ კუთხით პოლიტიკური პარტიებიც მოწყვლადია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიები აბსოლუტურად დისკრედიტებული არიან, ანუ თუ ხალხს მათ მიმართ ნდობა აღარ აქვს, მაშინ სპეცსამსახური საქმეში არასამთავრობო სეგმენტს რთავს.
ექსპერტთა საზოგადოება კი სწორედ არასამთავრობო სეგმენტის შემადგენელი ნაწილია. ექსპერტების გამოყენებით და სათანადო შეფუთვით სპეცსამსახურებს მოსახლეობაში თავიანთი მესიჯების დანერგვა არ უჭირთ! ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ამ ექსპერტებს რა დონის გავლენები აქვთ.
გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები.
_ ეს რა შუაშია?
_ ივანიშვილმაც შესანიშნავად იცოდა და იცის, რომ საზოგადოებაზე საექსპერტო ჯგუფებს მაქსიმალური ზეგავლენა აქვს. ექსპერტი რომ ხარ, გარკვეული ბეგრაუნდი უნდა გქონდეს თუნდაც იმ პროფესიაში, რომლის ექსპერტობასაც იბრალებ თუ ირქმევ.
_ ისე, ჩვენთან ყოველი მეორე ექსპერტია.
_ დიახ, მაგრამ ბეგრაუნდი და თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება ყველას არ გააჩნია.
_ მოკლედ, ამტკიცებთ, რომ გარკვეული ექსპერტების უკან სპეცსამსახურები დგანან?
_ რა თქმა უნდა, ასეა და ეს თითოეული ექსპერტის შემოსავლებიდან ჩანს!
_ ე. ი., სპეცსამსახურები ამა თუ იმ აზრის პედალირებაში ექსპერტებს ფულს უხდიან?
_ ცხადია, უხდიან! რომ იცოდეთ, სპეცსამსახურები ყოფილ პროფესიონალებს არასოდეს ან ნაკლებად იყენებენ, რადგან იციან, რომ მათი მამოძრავებელი ძალა ქვეყნის ერთგულება და სამსახურია! შესაბამისად, დარწმუნებული არ არიან, რომ პროფესიონალები სპეცსამსახურთა მესიჯებს ისე შეფუთავენ, როგორც საჭიროა.
ამიტომაა „ატკატკები“, რუსეთში მიწვევები და ა. შ. ასეთ ტრენინგებზე სპეციალური პროგრამები მუშავდება და ამ ექსპერტების არაპირდაპირი დაფინანსების გზაც სწორედ ეს არის, ანუ პირდაპირ ფულს კი არ აძლევენ, არამედ შეფუთულ პროექტს უფინანსებენ.
ადამიანი, პირველ ეტაპზე შეიძლება, ვერც მიხვდეს, რა ხდება, მაგრამ როცა მიხვდება, უკვე გვიანია, რადგან ამ დროს უკვე იმ მარწუხებშია, რასაც დაინტერესების საფუძველზე გადაბირება ჰქვია.
ზოგადად, გადაბირების სამი საფუძველი არსებობს: კომპრომატები, ფულადი დაინტერესება და ინიციატივა, ანუ „ინიციატივნიკები“, რომლებიც სპეცსამსახურთან თანამშრომლობას საკუთარი სურვილით გამოთქვამენ.
_ სპეცსამსახურთან კავშირზე მყოფი ექსპერტის მედიით „დარასკრუტკებას“ თავად სპეცსამსახური უზრუნველყოფს?
_ დიახ… ეს პოლიტიკური ელემენტია, რომლითაც ისეთი საინფორმაციო ველი იბლოკება, რომლის ფართო მასებში გაშვებაც სპეცსამსახურებს მიზანშეუწონლად მიაჩნიათ. დღეს კი მასებზე ზემოქმედების ყველაზე კარგი საშუალება სწორედ ტელევიზიაა.
_ თქვენი ინფორმაციით, ჩვეულებრივი აგენტურის მომზადებაზე უფრო ბევრი ფული იხარჯება თუ ექსპერტების?
_ ბუნებრივია, ექსპერტების, რადგან ჩვეულებრივი აგენტურის გამოყენება, როგორც წესი, ერთჯერადად ხდება ხოლმე.
_ „ერთჯერადი გამოყენება“ რას ნიშნავს?
_ კონკრეტული ოპერაციის ჩატარებას.
გავიხსენოთ, თუ როგორია ექსპერტის ქრესტომათიული განმარტება: ექსპერტი მცოდნე ადამიანია, რომელიც კონკრეტულ სფეროში საჭირო ინფორმაციას ფლობს. ასევე მისი პროფესიული ცოდნა და სამსახურებრივი კონტაქტები ან ჰობი განსახილველ საკითხში უმაღლესი ხარისხის ორიენტაციას უზრუნველყოფს.
ექსპერტი საშუალებას იძლევა, არსებულ პრობლემას ახლებურად შეხედო, საბაზო მასალები მოგცეს და შენთვის უცნობი ინფორმაციის წყაროებზე გაგიყვანოს. ექსპერტის შეფასება საიმედოობის მაღალი ხარისხით უნდა ხასიათდებოდეს.
ზოგადად, ექსპერტულ საზოგადოებაშიც არსებობს გრადაცია, ანუ ზოგი პირდაპირ თუ ირიბად სხვა ქვეყნებსა და იქიდან წამოსულ ფინანსებზეა დამოკიდებული; ზოგს კი დაფინანსება საერთოდ არ გააჩნია და ეს ყველაფერი, უბრალოდ, ჰობია.
ის ექსპერტები, რომელთაც ბეგრაუნდი არ აქვთ, არც წყაროები ჰყავთ და, შესაბამისად, მთლიანად იმ მასალაზე არიან დამოკიდებულნი, რომელსაც უცხოეთიდან იღებენ, შემდეგ მას ფუთავენ და ისე ასაღებენ, როგორც საკუთარი შემოქმედების პროდუქტს.
ეს ძალიან რთული და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი თემაა.
_ კი ბატონო, მაგრამ სახელმწიფო ვინმეს ექსპერტობას ხომ ვერ აუკრძალავს?
_ ვერ აუკრძალავს, მაგრამ თუკი კონკრეტული ექსპერტი, ტრადიციულად, ტენდენციურ ინფორმაციებს ავრცელებს, რითაც სხვა ქვეყნის ინტერესებზე ასხამს წყალს, სახელმწიფოს მასზე ოპერატიული მეთვალყურეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
_ ვთქვათ, სპეცსამსახურმა გაარკვია, რომ ამა თუ იმ ექსპერტის შეფასება ჩვენი ქვეყნისთვის ძირგამომთხრელია. ასეთ დროს რა უნდა გააკეთოს?
_ რა უნდა გააკეთოს და ყველაფერ ამას რამე უნდა დაუპირისპიროს.
_ კონკრეტულად?
_ გავიხსენოთ, როგორ იყო ეს საბჭოთა პერიოდში და როგორაა აშშ-ში.
_ როგორაა?
_ აშშ-ში ყველა ექსპერტი ისეთ ანალიტიკურ ორგანიზაციაშია გაერთიანებული, როგორიც, მაგალითად, ჩრდილოეთ-ატლანტიკური საბჭოა. აშშ-ში ასევე რუსეთის კვლევითი ინსტიტუტი არსებობს, რუსეთში კი _ აშშ-სა და კანადის ინსტიტუტი.
_ ჩვენთან, მაგალითად, ევრაზიის ინსტიტუტი არსებობს.
_ დიახ, მაგრამ საკითხავია, ვინ აფინანსებს?
როცა საზოგადოება ინფორმაციულ შიმშილშია, ამ დროს ქვეყანაში, შეიძლება, ანარქიული პროცესები დაიწყოს. ამიტომ ის თემა, რომელზეც ვლაპარაკობ, პირველ რიგში, ჩვენი სპეცსამსახურების დაინტერესების საგანი უნდა იყოს.
_ ანუ ჩვენმა სპეცსამსახურებმა თავიანთი მართული საექსპერტო წრეები უნდა შექმნან?
_ არა.
_ აბა, რას ამბობთ?
_ ქვეყანაში შესაბამისი ანალიტიკური ცენტრები უნდა არსებობდეს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. ასეთ ცენტრში ყველა ის ადამიანი უნდა იყოს თავმოყრილი, რომელიც უცხო ქვეყნის ინტერესებს თეორიულ ცოდნას დაუპირისპირებს!
საერთოდ, სპეცსამსახური მეცნიერებაა, რომელსაც ანალიტიკური აზროვნება სჭირდება. სპეცსამსახურის აკადემიაში ანალიტიკური აზროვნება კი არა ის ისწავლება, თუ როგორ უნდა „დაავერბოვკონ“ ადამიანი.
მოკლედ, გეოპოლიტიკურ საფრთხეებსა და რისკებს სწორედ ასეთი ცენტრები უნდა განსაზღვრავდნენ, თორემ ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. სახელმწიფომ, პირველ რიგში, ეს უნდა გააცნობიეროს…
_ დღეს პრორუსული განწყობების ექსპერტების აქტიურობა უფრო საშიშია თუ _ პროდასავლურის?
_ ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ვისთვისაც მთავარი ინტერესი ქვეყანაა, ორივე განწყობის ექსპერტი საშიშია!
მეტიც: ზოგიერთი ე. წ. პროდასავლური ორიენტაციის ექსპერტი თავისი გამონათქვამებით პროდასავლურ ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს, ანუ ისინი ერთი პოლიტიკური ძალისკენ იხრებიან და არა _ დასავლეთისკენ. ისინი იმას ახორციელებენ, რაც პრორუსულ იდეოლოგიურ ცენტრებში იგეგმება და ეს პირდაპირ დასავლურ ინტერესებს ურტყამს.
მოკლედ, საქართველოში დასავლური ფასეულობების პედალირება არასწორად ხდება, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს! ეს კი ძირგამომთხრელი საქმიანობის შემადგენელი ნაწილია.
_ სპეცსამსახური „ექსპერტად“ ისეთ ადამიანს არჩევს, რომლის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის?
_ დიახ და შემდეგ მას მედიით „არასკრუტკებს“. გადავხედოთ, ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში რამდენი ახალი სახე გაჩნდა, რომელიც 24 საათი ეკრანზე ზის…
_ ამბობენ, რომ ცალკეულ ექსპერტებს გარკვეულ თანხას პარტიებიც უხდიან, რამეთუ მათ კონკრეტული თემის პედალირება მოახდინონ…
_ არც უამისობაა.
_ პარტიის მიერ ექსპერტის დაქირავება ძვირი ჯდება?
_ ზუსტი თანხა არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკურ პარტიას ექსპერტის დაქირავება იმაზე არანაკლებ ძვირი უჯდება, ვიდრე საარჩევნო კამპანია და პიარია.
_ ექსპერტი, რომელიც სახელმწიფო უწყებაშია დასაქმებული, ამა თუ იმ მოვლენის დამოუკიდებელ შემფასებლად გამოდგება?
_ ცხადია, არ გამოდგება.
რამდენიმე წლის წინ, თუ გახსოვთ, საქართველოში ე. წ. ექსპერტთა საბჭო შეიქმნა, სადაც კლასიკური არქივული აგენტი იჯდა.
_ ვის გულისხმობთ?
_ ახლა მის სახელსა და გვარს ნუ დამასახელებინებთ, თუმცა დამერწმუნეთ, მისი პირადი საქმე მინახავს და ვიცი, რასაც გეუბნებით.
სანამ ხელისუფლება ამ ადამიანს ექსპერტთა საბჭოში შეიყვანდა, მასზე, წესით, ჯერ მაკომპრომეტირებელი მასალები უნდა მოეთხოვა და მერე შეეყვანა ექსპერტთა საბჭოში.
თუ ეს გააკეთეს, ანუ მასალები მოიძიეს და ის ადამიანი ექსპერტთა საბჭოში მაინც დანიშნეს, მაშინ საქართველოს ხელისუფლებიდან ვიღაც რუსეთს ხელს უწყობდა, რომ პირველი კლასის ინფორმაცია პირველწყაროდან ჰქონოდა!
ზოგადად, ყოფილი აგენტების მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა არ შეიძლება, რადგან ოპერატიული მუშაკის ფსიქიკა სხვანაირია, აგენტის კი _ სხვანაირი. აგენტი მიჩვეულია, რომ ინფორმაცია უნდა მოიპოვოს და სხვას მიაწოდოს!
ისე, კარგი იქნება, თუ ჩვენი კონტრდაზვერვა პრეზიდენტის, დედაქალაქის საკრებულოსა და ძალოვანი უწყებების აპარატით დაინტერესდება. მოიკითხონ, მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს რა სასწავლებლები აქვთ დამთავრებული. ბოლოს და ბოლოს, დროა, ლუსტრაციის კანონი ამოქმედდეს და ამ ხალხს, მინიმუმ, თანამდებობების დაკავება აეკრძალოს, მაგრამ იმას, რასაც ვამბობ, ხელისუფლება „ორი ყურის“ პრინციპით უდგება და ზომებს არ იღებს. ჩვენი შეიარაღებული ძალები თითქმის 23 წელს ითვლის და ხომ შეიძლებოდა, ამ ხნის განმავლობაში ეროვნული კადრები გაზრდილიყვნენ და თანამდებობაზე ისინი დანიშნულიყვნენ და არა _ ყოფილი საბჭოთა ოფიცრები, თან რიგით კი არა, გავლენიან თანამდებობებზეა ლაპარაკი.
ბრალს არავის ვდებ, მაგრამ როცა ადამიანს განათლება რუსეთში აქვს მიღებული, გავლენიან თანამდებობაზე რატომ უნდა ინიშნებოდეს?!
ამ ხალხს ნასამართლეობაზე რატომ არ ამოწმებენ?! _ როცა ძალოვან უწყებაში მაღალ თანამდებობაზე ინიშნები, ნასამართლევი არ უნდა იყო, რადგან იურისპრუდენციაში დანაშაულის რეციდივის ცნება არსებობს. სხვათა შორის, როცა ადამიანს უმაღლეს თანამდებობაზე ნიშნავ, მის მორალურ პასუხისმგებლობასაც უნდა მიაქციო ყურადღება _ ვთქვათ, ავტოსაგზაო შემთხვევისგან დაცული არავინ არის, მაგრამ როცა საჭესთან ნასვამი ზიხარ და ამის გამო ადამიანი შემოგაკვდება, ეს მორალური პასუხისმგებლობაა.
კიდევ ერთ რამეს გეტყვით: თავის დროზე, სასაფლაოების ხელმძღვანელები ძალიან კომპრომეტირებული პიროვნებები იყვნენ და შესაძლოა, გაჩნდეს ეჭვი, რომ სასაფლაოების ხელმძღვანელები რაღაც შავ საქმეებს ფარავდნენ. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ყველაფერი გამოკვლეული უნდა იყოს…
რამდენიმე წლის წინათ კონტრდაზვერვას ის სამი ადამიანი კურირებდა, რომელთაგანაც ერთ-ერთი რუშაილოს მეგობარია _ 2003 წლამდე რუშაილო საქართველოში რომ ჩამოდიოდა, პირველად ამ ადამიანს კითხულობდა, _ ჩემი ძმა როგორ არისო.
ამ სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი გენერალი და, სხვათა შორის, 90-იან წლებში იგორ გიორგაძის მოადგილე იყო. მან, თავის დროზე, მოსკოვში ჩვენი წყარო, არტურ დავიდოვი, რომელიც „გერევეზედან“ (რუსეთის ამიერკავკასიის ჯარების სარდლობა) ინფორმაციას გვაწვდიდა, ჩაუშვა. მეკავშირე კი რობერტ მირზოევი გახლდათ, რომელიც თავდაცვის სამინისტროს მე-8 განყოფილების თანამშრომელი იყო. ის საკუთარ სახლში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა _ ნარწყევმა დაახრჩო. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მირზოევი მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც სასტიკად სცემეს და, როგორც თვითონ ამბობდა, თავდამსხმელებმა მიაძახეს, _ შენი მოკვლა არ უბრძანებიათო.
საერთოდ, კადრებიდან ყველაზე კარგად ჩანს, ვინ ვისი დავალების შემსრულებელია. თუ ჩინოვნიკის წარსული სუფთა არ არის, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, მით უმეტეს, თუ ეს ადამიანები კონტრდაზვერვაში მუშაობენ, რომელიც ქვეყნის ხერხემალია.
არც ამ ადამიანის ვინაობას დავასახელებ, მაგრამ, თავის დროზე, კონტრდაზვერვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ის იყო, ვისაც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში, „ვიშკა“ აქვს დამთავრებული. დავიჯერო, ევროპელებსა დ ამერიკელებს ეს შეკითხვები არ უჩნდებათ? შეიძლება, უჩნდებათ, მაგრამ სიტუაციას სრულად ვერ ფლობენ ან მმართველობა ხელიდან გაუშვეს.
სხვათა შორის, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ყველა სამსახურში ამერიკელი კურატორი იჯდა, მაგრამ ამერიკელებმა მართვა, როგორც ჩანს, დაკარგეს.
_ მინდა, კიდევ ერთ თემას შევეხოთ: ამ დღეებში პატიმარი დეკანოზი, გიორგი მამალაძე, ციხეში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში, როგორც ცნობილია, დაგვიანებით გადაიყვანეს. ეს „გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკად“ შეფასდა, მით უმეტეს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამდე დეკანოზმა საპყრობილიდან სკანდალური წერილი გამოგზავნა. ის, რომ ჩვენი ეკლესია რუსული ინტერესების გამტარებელთა ნაკლებობას არ უჩივის, ცნობილია. დეკანოზის თავიდან მოცილება, შესაძლოა, რუსულ სცენარში ჯდებოდეს?
_ იცით, რა ხდება? _ რუსული სპეცსამსახურები ასეთ რაღაცებს არ ერიდებიან, რადგან თავიანთი ხალხის ეთნოფსიქოლოგია კარგად იციან.
_ ეს რა შუაშია?
_ მკვლელობამ შეიძლება, ქართველები არ დაგვთრგუნოს და პირიქით, ბრძოლის სურვილი, ჟინი გაგვიღვივოს, მაგრამ რუსებს მკვლელობაზე ასეთი პასუხი არ აქვთ.
გახსოვთ, გიორგი სანაიას მკვლელობამ ხალხი როგორ გააერთიანა და ერთ მუშტად შეკრა? ასეთი ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება. მოკლედ, რუს ხალხში ძლიერი ხელის მოთხოვნა არსებობს. არ მინდა, ვინმემ ჰომოფობიასა და ქსენოფობიაში ჩამითვალოს, მაგრამ ამ ეთნოსში იმპერიული ზრახვები საუკუნეების განმავლობაშია გამჯდარი და, შესაბამისად, მისი დემოკრატიული ტრანსფორმაცია ერთბაშად შეუძლებელია. ამის შესახებ ამერიკელებმაც იციან და ევროპელებმაც.
_ მსმენია, რომ სპეცსამსახურებში ე. წ. მკვლელობების დეპარტამენტი არსებობს. ეს სიმართლეა?
_ ქართულში არა, მაგრამ რუსეთისა და, თქვენ წარმოიდგინეთ, საფრანგეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებში მსგავსი სამსახური, დიახ, არსებობს.
რუსებს „ქილერების სკოლა“ ჰქონდათ, რომელსაც „ბალაშიხას“ 101-ე სკოლას ეძახდნენ. იქ სწორედ ასეთი კატეგორიის ხალხს ამზადებდნენ.
_ ე. ი., ის, ვინც „ბალაშიხას“ სკოლას ამთავრებდა, მკვლელის „ატესტატს“ იღებდა?
_ შეიძლება, ასეც ითქვას.
_ ასეთ სკოლებში მკვლელობის დაგეგმვა ისწავლება თუ უშუალოდ მკვლელობის ტექნიკა?
_ ყველაფერი _ მკვლელობის დაგეგმვიდან დაწყებული, კვალის წაშლით დამთავრებული. ეს პროფესიონალი ქილერების სასწავლებელია!
_ „ბალაშიხას“ სკოლაში ქართველებიც სწავლობდნენ?
_ დიახ, სწავლობდნენ.
_ ის ქართველები, რომელთაც „ბალაშიხას“, ანუ ქილერების რუსული სკოლა აქვთ დამთავრებული, დღეს საზოგადოებრივ ასპარეზზე არიან?
_ დიახ, არიან და ეს ინფორმაცია, წესით, ქართულ კონტრდაზვერვას უნდა ჰქონდეს.
არ მინდა, ისე გაიგოთ, რომ „ბალაშიხას“ სკოლა პირდაპირ მკვლელების სამჭედლოა. ეს სპეცსამსახურის ჩვეულებრივი სკოლაა, სადაც ყველაფერს ასწავლიან, მათ შორის, მკვლელობასა და ტერორისტული აქტის მოწყობასაც.
_ მკვლელობა და ტერაქტი, ასე ვთქვათ, სპეცსამსახურული დავალებების კულმინაციაა?
_ რა თქმა უნდა… ვისაც ეს სკოლა აქვს დამთავრებული, პირდაპირ მკვლელს ვერ ვუწოდებ, მაგრამ საქართველოში არის ხალხის კატეგორია, რომელსაც „გრუსთან“ ღია კონტაქტი ჰქონდა. ისინი მხოლოდ სამოქალაქო სექტორში კი არა, ძალოვან სტრუქტურებშიც არიან!
_ ადამიანი ქილერად რომ ჩამოაყალიბონ, აუცილებლად კრიმინალური მიდრეკილება უნდა ჰქონდეს?
_ სპეცსამსახურები მკვლელებს ბავშვობის ასაკიდან არჩევენ.
_ რის მიხედვით?
_ ძირითადი აქცენტი რთულ ოჯახებზე კეთდება. ასევე სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში ის ბავშვებიც ხვდებიან, რომლებიც ძალადობრივ გარემოში იზრდებიან…
„გრუს“ სხვა მიმართულებაც ჰქონდა.
_ რომელი სხვა მიმართულება?
_ სათანამშრომლოდ ინტელექტუალებსაც არჩევდა.
_ ანუ მკვლელობებს ეს ინტელექტუალები გეგმავენ, არა?
_ ასე გამოდის.
_ არსებობს თუ არა ქრესტომათიული მეთოდი, რომლითაც მკვლელობების დაგეგმვისას ხელმძღვანელობენ?
_ მკვლელობას მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ დაგეგმავს. მკვლელობას, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სპეცსამსახური გეგმავს და ამ გეგმას შესაბამისადაც უზრუნველყოფს.
_ „შესაბამისი უზრუნველყოფა“ რას ნიშნავს?
_ მარტივად რომ გითხრათ, ასეთი აქტის საიდუმლოების დაცვას.
_ თუ მკვლელი ჩავარდება, ასეთ დროს სპეცსამსახური როგორ იქცევა?
_ ასეთ დროს სპეცსამსახურმა მკვლელი შეიძლება, თვითონვე მოიცილოს. საერთოდ, „გრუს“ ისეთი სისტემა აქვს, დავალების გამცემის ჩაწყვეტა ადვილად შეიძლება.
_ „ჩაწყვეტა“ რა არის?
_ დავალების მიმცემი თამაშიდან გამოიყვანონ.
_ ეს როგორ ხდება?
_ დავალების მიმცემის მოკვლით.
_ ქილერს მასთან, ვის ინტერესშიც მკვლელობა შედის, უშუალო შეხება აქვს?
_ არა. ქილერს კონტაქტი იმ ჯგუფის, ასე ვთქვათ, უფროსთან აქვს, რომლის დავალებასაც ასრულებს. რაღაც რომ იგეგმება, ე. წ. დამატებითი ვარიანტებიც ითვლება, თუმცა ამის შესახებ შემსრულებელმა არ იცის. დამატებითი ვარიანტები, როგორც წესი, კვალის გაქრობისთვის არის საჭირო.
_ სპეცსამსახურები იმ რისკზე მიდიან, რომ მკვლელობა შემთხვევით ადამიანს „შეუკვეთონ“?
_ იშვიათად. შემთხვევითი ადამიანი მკვლელი რომ გახდეს, საამისოდ მისი მუდმივი ოპერატიული დამუშავებაა საჭირო. ასეთ დროს კი რისკი დიდია. მაგალითად, შეიძლება, გაცემის ფაქტი დადგეს…
_ „ოპერატიული დამუშავების“ მთავარი კოზირი რა არის?
_ ფსიქოლოგიური მეთოდები, მამხილებელი მასალები, თუმცა ამ თემის ჩაღრმავება არ მინდა…

გიორგი აბაშიძე