დათო გამცემლიძე: „თუ ეს ტენდენცია გაძლიერდა, ვერანაირი „ელიტური კონსენსუსი“ საქართველოს სახელმწიფოს ვერ გადაარჩენს!“

ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებისა და ყოველდღიური პოლიტშოუების მიღმა რჩება უამრავი საკითხი, რომლის შესახებ თვით პოლიტიკოსებიც კი არ მსჯელობენ, ხოლო ქართულ საზოგადოებას ეს პროცესები უმნიშვნელოდ მიაჩნია. ხილული თუ უხილავი პოლიტიკური პროცესების ემოციური შეფასებები კი ის მოჯადოებული წრეა, რომელზედაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დავდივართ.

სწორედ ასეთი საკითხების დიდ მნიშვნელობაზე „ქრონიკა+“ ისტორიკოსსა და ჟურნალისტ დავით გამცემლიძეს ესაუბრა:

_ ყოველდღიურობაში ჩაფლულ ქართულ საზოგადოებას ხშირად ისეთი თემები რჩება ყურადღების მიღმა, რომ გულწრფელ განცვიფრებას იწვევს. საუბარი აფხაზეთის საკითხით და რკინიგზის თემით დავიწყოთ, რა ხდება ყურადღების მიღმა დარჩენილი უმნიშვნელოვანესი თემების ირგვლივ? მით უფრო, რომ ყველა მხარის პოზიცია საინტერესოა.
_ „რკინიგზის თემის“ ირგვლივ ძალიან რთული თამაში მიმდინარეობს. დავაზუსტებდი, რომ ეს იმდენად „რკინიგზის გახსნის“ საკითხი არ არის, რამდენადაც სახმელეთო ტრანზიტისა „ერევანი-თბილისი-სოჭის“ და „ერევანი-თბილისი-ვლადიკავკაზის“ მიმართულებით.
სამწუხაროდ, სოციალური ფსიქოლოგიის თავისებურებათა გათვალისწინებით ვერც საზოგადოება და ვერც მედია ვერ ამჩნევს, რომ „აფხაზეთის რკინიგზა“ მხოლოდ ევფემიზმია, რეალურად კი, ორივე შემთხვევაში, საუბარია საავტომობილო გადაზიდვებზე. აფხაზეთის მიმართულებით უფრო მეტადაც კი, ვიდრე ცხინვალის.
დაინტერესებული მხარეები: რუსეთი, საქართველო, სომხეთი, აფხაზური და ოსური სეპარატისტული რეჟიმები _ ცდილობენ, მომავალი შესაძლო შეთანხმებიდან მაქსიმუმი „გამოწურონ“ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ან, მინიმუმ, ეს ინტერესები არ დააზიანონ მაინც.
პირველ რიგში საქართველო: ქართული დიპლომატია აქ ცდილობს, არავითარ შემთხვევაში არ მისცეს რუსეთს იმის თქმის საბაბი, რომ სწორედ თბილისი გახდა „საბაჟო მონიტორინგის“ შესახებ 2011 წლის შეთანხმების ჩაშლის მიზეზი.
თავის მხრივ, რუსეთი ისწრაფის, სტაბილური სახმელეთო კომუნიკაცია მოიპოვოს სომხეთისა და ირანისკენ.
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმები კი ლამობენ, ამ ხელშეკრულების „კონვერტაციას“ მათი „დამოუკიდებლობის“ პირდაპირ ან ირიბ აღიარებაში.
უნდა ვაღიაროთ, რომ ისეთი უმაღლესი კლასის ჭკვიანი და გამოცდილი დიპლომატის წყალობით, როგორიც ზურაბ აბაშიძეა, ქართული მხარე, ჯერჯერობით, ერთადერთია, რომელიც დასახულ მიზანს აღწევს, თანაც მოსკოვს ტოტალური ემბარგოს განახლების პოლიტიკურ საბაბს არ უქმნის.
_ ერთმნიშვნელოვნად რისი თქმა შეიძლება, ვის აქვს ყველაზე მეტი ინტერესი ამ პროცესში და რამდენად რეალურია მისი რეალიზება?
_ რა თქმა უნდა, სომხეთს! „რევოლუციურ პრემიერ“ ნიკოლ პაშინიანს აუცილებლად სჭირდება სოციალური ვითარების გაუმჯობესება თავის ქვეყანაში, რადგან მასობრივი მხარდაჭერა, რაც მან მიიღო, გაუთავებელი იზოლაციით გაწამებული მოსახლეობის უკმაყოფილებამ განაპირობა. ანუ ამ უკმაყოფილების „სუბლიმაცია“ იყო ის რევოლუციური მუხტი.
ოღონდ, აქვე კვლავ დაბეჯითებით გავიმეორებ, რომ არავითარ „რკინიგზაზე“ სინამდვილეში საუბარი არ არის. აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზა, ენგურის აფეთქებული სარკინიგზო ხიდიდან _ სოხუმამდე, ბოლო 25 წლის განმავლობაში პირწმინდად განადგურდა. მის აღდგენას იმდენი დრო და რესურსი დასჭირდება, ამაზე თვით საუბარიც „პოლიტტექნოლოგიაა“ და ამ ტექნოლოგიაში კარგად ცნობილი „საინფორმაციო საბაბის დეფორმაცია“. რეალურად კი ლაპარაკია აფხაზეთის გავლით საავტომობილო მოძრაობის აღდგენაზე, რაც ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით სრულიად შესაძლებელია თუნდაც ხვალიდან: ენგურზე საავტომობილი ხიდი არავის აუფეთქებია და ზუგდიდი-გალი-სოხუმი-ფსოუს საავტომობილო გზაც ნორმალურად ფუნქციონირებს.
_ ასევე მნიშვნელოვანია ე. წ. საბაჟოების თემა. რასაც ვაკვირდები, ოკუპირებული ტერიტორიების სეპარატისტულ რეჟიმებს საკუთარი ინტერესები აქვთ, რომელიც, ერთი შეხედვით, სულაც არ ჯდება რუსეთის ინტერესებში. იქნებ, ახსნა, რა თამაშია ეს აფხაზეთის შემთხვევაში და რა თამაში _ ცხინვალის შემთხვევაში? ცალკ-ცალკე იმიტომ ვამბობ, რომ მიმაჩნია, ინტერესებში სხვადასხვა შემადგენელია.
_ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის მიზანი დამოუკიდებლობაა და არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ხოლო ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმისა _ „ჩრდილო ოსეთთან“, მაშასადამე, რუსეთთან შეერთება და არა დამოუკიდებლობა. ოღონდაც, ორივეს, ამ განსხვავებულ მიზნამდე მისასვლელად, საქართველოს აღიარება ესაჭიროება.
რუსეთიც და საქართველოც ცდილობენ, 2011 წლის ხელშეკრულება ისე „წაიკითხონ“, ანუ იმგვარი „ინტერპერტაცია“ შესთავაზონ საერთაშორისო თანამეგობრობასაც და პარტნიორებსაც, როგორიც მათ ინტერესებს შეესაბამება.
მოგვწონს ჩვენ თუ არა, ვაღიარებთ თუ არა, მაგრამ 2011 წლის ხელშეკრულებაში _ თვით სათაურში _ ნამდვილად არის ნახსენები „საბაჟო“. თუმცა ეს არ ნიშნავს, საქართველოს „საბაჟო საზღვარს“ გორთან და ენგურთან. საპირისპირიოს მტკიცება სრული დემაგოგიაა, ისევე როგორც თეზისი, თითქოს თუ შვეიცარიელი დამკვირვებლები _ უფრო ზუსტად „აღმნუსხველები“ _ დადგებიან ენგურთან, ამით საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას ცნობს.
ამგვარი ინტერპრეტაციით მაშინ ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ კიდეც მუდმივად, რომ თუკი რუსეთი თანხმდება მდინარე ფსოუზე და არა ენგურზე აფხაზური მხრიდან განალაგოს იგივე „აღმნუსხველები“, ამით იგი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და „უკან მიაქვს“ 2008 წლის 26 აგვისტოს აქტი მათი დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.
რაც შეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეჟიმებს, მათ უკვე ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ არავითარი საავტომობილო ტრანზიტი არ განხორციელდება მანამ, სანამ საქართველო მათთან არ გააფორმებს ცალკე ხელშეკრულებებს, რაც ამ წარმონაქმნთა საერთაშორისო ლეგიტიმურობის აღიარება იქნებოდა თბილისის მხრიდან.
მოსკოვი, ჯერჯერობით, ერიდება სოხუმსა და ცხინვალზე ძლიერ ზეწოლას, რაკი მათ საკმაოდ „შემძლე“ ლობი ჰყავთ რუსულ ისტებლიშმენტში. ფარულად ეს ზეწოლა მიმდინარეობს, მაგრამ პუტინი რადიკალური ზომების მიღებას არ ჩქარობს: მედიახმაური ამ თემაზე დააზიანებს „2008 წლის აგვისტოს ღირებულებებს“, როდესაც რუსეთმა პირველი სერიოზული გამარჯვება მოიპოვა საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ.
სამწუხაროდ, შექმნილი ვითარების ადეკვატურ აღქმაში ჩვენს საზოგადოებას ხელს უშლის აბსოლუტურად არარელევენტური „რწმენა“, თითქოს „სეპარატისტები მუდამ და ყოველთვის ყველაფერს მაშინვე ისე გააკეთებენ, როგორც მოსკოვი ეტყვის“.
სინამდვილეში ასე არ არის: დახურული კონსულტაციებისას ისინი მოსკოველ ჩინოსნებს ეუბნებიან: „ჩვენზე რატომ ახორციელებთ ზეწოლას? _ საქართველოს წინააღმდეგ გაქვთ ბერკეტები, მაგალითად, ჩაუკეტეთ ბაზარი ქართულ ღვინოსა და ბორჯომს, სანამ თბილისი ჩვენთან არ გააფორმებს ცალკე შეთანხმებას „ტრანზიტის“ შესახებო“.
მათ იციან, რომ პუტინს ძალიან გაუჭირდება, საკუთარ საზოგადოებას აუხსნას, რატომ ახორციელებს ზეწოლას „მოკავშირეებზე“ და არ ახორციელებს ზეწოლას „მტრულ საქართველოზე“.
_ და, რეალურად, რატომ იკავებს თავს მოსკოვი, პუტინი, სეპარატისტებისთვის სასარგებლო ნაბიჯის გადასადგმელად?
_ მოსკოვი ითვალისწინებს, რომ ამგვარი ნაბიჯი კონტრპროდუქტიული იქნება: ვერანაირი ემბარგო საქართველოს ვერც ერთ ხელისუფლებას ვერ აიძულებს, სეპარატისტულ რეჟიმებთან ხელშეკრულება გააფორმოს… ამასობაში კი რუსეთმა შესაძლოა, სომხეთთან კომუნიკაციის ის ინფრასტრუქტურაც დაკარგოს _ საქართველოს სამხედრო გზა, საჰაერო სივრცე _ რითაც ამჟამად სარგებლობს.
_ ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობის შენი კონცეფცია სამხრეთ კორეის გამოცდილებას ეყრდნობა და მას მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ: „ჩვენ ვაშენებთ კედელს“. რა არის ამ კონცეფციის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
_ „კედელი“ მეტაფორაა. ბევრ მონაკვეთზე ქვის ან რკინის კედელი შესაძლოა, არც დაგვჭირდეს. მაგალითად, მდინარე ენგური ერთგვარი „ბუნებრივი კედელია“, რომელიც საშუალებას გვაძლევს, საოკუპაციო ხაზზე სიტუაცია გავაკონტროლოთ. და სწორედ ამიტომ არის იქ ნაკლები პრობლემა, რასაც „სამხრეთ ოსეთის“ მონაკვეთზე ვერ ვიტყვით.
საქმე ისაა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების ლიდერებს, მათ შორის, ნატოს გენერალურ მდივანს, ბოლო დროს არაერთხელ უთქვამთ: ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ვერ შეუშლის ხელს საქართველოს დაახლოებას, ან თუნდაც წევრობას ევროატლანტიკურ ალიანსთან და მის დამფუძნებელ სახელმწიფოებთან.
როგორც ეს განცხადებები, ასევე გახშირებული მასშტაბური სამხედრო სწავლებები და ამერიკის სამხედრო ისტებლიშმენტის, ამერიკული გენერალიტეტის ყურადღება ჩვენი ქვეყნის მიმართ, მით უმეტეს თურქეთთან სულ უფრო მზარდი პრობლემების გათვალისწინებით, აშკარად მეტყველებს: საქართველოს ამჟამად მართლა აქვს შანსი, ისარგებლოს რეგიონში არსებული ვითარებით და მიიღოს არა ფორმალური წევრობა, არამედ უსაფრთხოების რეალური გარანტიები. პირველ რიგში, ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ვგულისხმობ თუნდაც იმ ტერიტორიის თავისუფალ და წარმატებულ განვითარებას, რაც „დაგვრჩა“ ბოლო 30 წლის ისტორიულ კატაკლიზმთა შედეგად.
ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას, მაგრამ ნამდვილად გულისხმობს, რომ „გადარჩენილი“ ტერიტორია, მისი მრავალმხრივი რესურსებითა და ზღვაზე გასასვლელით, ასევე ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობით, სრულიად საკმარისია ერის თავისუფალი და წარმატებული განვითარებისთვის.
ოღონდ ამგვარ გარანტიათა შექმნას ხელს უშლის ის სისტემური გარემოება, რომ საქართველო, ამჟამად, არა მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებულ დე-იურე საზღვარს ვერ აკონტროლებს, რაც გადის ფსოუზე და როკის გვირაბთან, არამედ _ რაც ბევრად უარესია _ ვერ აკონტროლებს ვერც საერთაშორისოდ აღიარებულ დე-ფაქტო საზღვარს საოკუპაციო ხაზზე, სადაც მტერს მუდმივად აქვს საშუალება, არჩილ ტატუნაშვილის მხეცური, წინასწარ დაგეგმილი და ზუსტად გათვლილი მკვლელობის მსგავსად, განახორციელოს ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიები და აჩვენოს ჩვენს პოტენციურ მოკავშირეებს, რომ საქართველოში რეალური „შემოსვლა“ ჰიბრიდული ომის ამოუვალ ჭაობში შემოტოპვას ნიშნავს.
კორეამ მხოლოდ მას შემდეგ და იმით მოახერხა მიეღო ამერიკის რეალური, თანაც მუდმივი(!) სამხედრო-პოლიტიკური გარანტიები, რაც არა მხოლოდ უარი თქვა ჩინურ-საბჭოთა კომუნისტური რეჟიმის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიათა ძალით დაბრუნებაზე, არამედ გამოასახლა თავისი მოქალაქეები „საოკუპაციო ხაზისპირა“ რაიონებიდან ქვეყნის სიღრმეში და უმკაცრესი კონტროლი დააწესა საოკუპაციო ხაზზე.
აი, ამას ვგულისხმობ „კედლის“ კონცეფციაში.
მესმის, რომ ვერც ერთი კატეგორიის პოლიტიკური ძალა დღევანდელ საქართველოში ამ კონცეფციის მხარდაჭერას ვერ გაბედავს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვიქცეთ იგივედ დასავლეთისა და ამერიკისთვის, რადაც იქცა სამხრეთ კორეა, ანუ მოვიპოვით თავისუფალი განვითარების გარანტია ევროატლანტიკურ სივრცეში, ადრე თუ გვიან, ამ ნაბიჯების გადადგმა მაინც მოგვიწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიტუაცია, რომელიც ამჟამად არსებობს დე-ფაქტო საზღვრებზე, აუცილებლად განაპირობებს პროცესებს, რაც, ადრე თუ გვიან, ამ ქვეყანას ისევ „ევრაზიულ სივრცეში“ დააბრუნებს.
_ ხომ ცხადია, ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა, მათ შორის, პროდასავლური ოპოზიცია, ამ კონცეფციას არ გაიზიარებს და არც იზიარებს, მინიმუმ ამაზე არც უსაუბრიათ, უფიქრიათ თუ არა ეს ცალკე საკითხია. ის ვერ ჯდება „საზოგადოების დაახლოების“, „სახალხო დიპლომატიისა“ და სხვა ათასი ჰუმანიტარული პროექტის კონტექსტში. შესაბამისად, რამდენად ცხოველმყოფელია ის და რა რეალური ალტერნატივა არსებობს ამ მიმართულებით?
_ „კედლის კონცეფციისადმი“ დაპირისპირებული „ჰუმანიტარული პროექტებისა“ და „ძმობა-მეგობრობის“ „საპნის ბუშტთა“ ცბიერება ზუსტადაც ისაა, რომ „კომფორტულია“ პოლიტიკური კლასისთვის!
ამ კლასის მენტალობა მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკურ ინტერესებზეა „აწყობილი“ _ რა რიტორიკაც არ უნდა ჰქონდეთ გრძელვადიანი „დასავლური ორიენტაციის“ თაობაზე.
ეს რიტორიკაც და მათი „პროექტებიც“ სწორედაც „საპნის ბუშტივით“ გასკდება ადრე ან გვიან, თუ პასუხისმგებელი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული.
სხვა შემთხვევაში, ვიცხოვრებთ „მოტაცებიდან-მოტაცებამდე“ და მუდამ ვიქნებით იძულებულნი, საოკუპაციო რეჟიმს ვეხვეწოთ ჩვენი მოქალაქეების განთავისუფლება… ამით კი იმავე დასავლეთს თავად ვუჩვენოთ, რამდენად დამოკიდებულნი ვართ კვლავ მოსკოვის კეთილ ნებაზე.
ანუ რა გამოდის? ჩვენ რა გვინდა ასეთ შემთხვევაში? რას ვითხოვთ დასავლეთისგან? რომ „შემოვიდნენ“ საქართველოში და შემდეგ, ასეთი ექსცესების შედეგად, თვითონაც გახდნენ ამგვარადვე დამოკიდებულნი მოსკოვის „კეთილ ნებაზე“, რაკი საქართველოს მისცეს უსაფრთხო განვითარების გარანტიები? და თავად უნდა იმტვრიონ თავი იმაზე, გადმოსცემს თუ არა ე. წ. სამხრეთ ოსეთი მორიგი, სასტიკად ნაწამები არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს? გამორიცხულია! ამას არც ერთი დასავლელი ლიდერი ხელს არ მოაწერს, რადგან მათ უკვე იწვნიეს, რომ ჰიბრიდულ ომში მოსკოვის დამარცხებას არათუ საქართველოს, არამედ საკუთარ ტერიტორიაზეც ვერ ახერხებენ, უმეტეს შემთხვევაში.
_ როგორ ფიქრობ, ეკონომიკური ეფექტი, ანუ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, სოციალური პრობლემების დაძლევა და სახელმწიფოს გადაქცევა წარმატებულ ეკონომიკად, შესაძლოა თუ არა იქცეს ოკუპირებული რეგიონების „დაბრუნების“ წინაპირობად, თუ კონკრეტული დათქმის გარეშე ჩვენ მათ ამ სიკეთეებით სარგებლობის უფლებას არ მივცემთ ან მივცემთ?
_ ეს არის მითი, იგივე „საპნის ბუშტი“, რითაც ხსენებული „პოლიტიკური კლასი“ ქმნის აქტივობის ილუზიას და თავიდან იცილებს პრობლემებს.
ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების არსი იდენტობათა ფუძემდებლურ ფენომენს უკავშირდება და არანაირი ეკონომიკურ-ჰუმანიტარული მეთოდებით არ იკურნება.
მაგალითად, ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა ინგლისი ყველა თვალსაზრისით, მაგრამ ამან ვერ „უმკურნალა“ ვერც ირლანდიურ სეპარატიზმს გასული საუკუნის 20-იან წლებში და ვერც ჩრდილო ირლანდიურ სეპარატიზმს დღეს.
აფხაზური და ოსური სეპარატიზმი, თავიანთი თვისებრიობით, ანუ იმანენტური, სისტემური არსით ანტიქართულია! და სწორედ ეს იმანენტური თვისებაა აქ პირველადი, ხოლო მოსკოვის წარმატებული ბოროტი მცდელობა, იგი მზაკვრულად გამოიყენოს თავისი დერჟავული, გეოპოლიტიკური, ანტიქართული მიზნების განსახორციელებლად, მაინც მეორადი!
თავის მხრივ, სეპარატისტთა მუდმივი მცდელობა, მოსკოვის იმპერიული ინტერესები ანტიქართული მიზნების განსახორციელებლად გამოიყენონ, მეორადია და არა პირველადი. პირველადი მათთვის ქართველოფობიაა.
ქართული პოლიტიკური კლასი დიდი ხანია ცდილობს ამ ინტერსთა მიმართების „გადანაცვლებას“, რაც პოლიტიკურად და რიტორიკულად შესაძლოა, მიზანშეწონილიც ჩანდეს, თუმცა, რეალურად, მიზეზ-შედეგობრივ კავშირთა ამგვარ აღრევას საზოგადოებრივი აზრი ჩიხში შეჰყავს.
მარტივად თუ ვიტყვით, რუსეთს სძულს ქართული სახელმწიფო და სეპარატიზმს ამ ბოროტი ინტერვენციის განსახორციელებლად იყენებს, მაგრამ რუსეთს არ აქვს იდიოსინკრაზია (ძლიერი აპათია რაღაცის მიმართ, ვერატანა, _ რედ.) ქართველი ერისა და ქართველების მიმართ. სეპარატისტებს კი ქართული სახელმწიფო სძულთ არა რაიმე რაციონალური გეოპოლიტიკური მიზეზებით, არამედ მათი იდენტობის ძიებიდან გამომდინარე ქართველოფობიის შედეგად.
_ აბსოლუტურად გეთანხმები, ეს ფუნდამენტური სხვაობაა!
_ დიახ, ამ პარადიგმაში „ინსტრუმენტია“ პირველადი, ხოლო მისი გამომყენებელი „ხელი“ _ მაინც მეორადი.
ლიეტუვის წინააღმდეგ მოსკოვს ამგვარი „ინსტრუმენტი“, საბედნიეროდ, არ აღმოაჩნდა გასული საუკუნის 80-იან წლებში. ამიტომაც მიაღწიეს ლიეტუველებმა დამოუკიდებლობას შედარებით იოლად.
ესტონეთში, „კოხტლა იარვეს“ რეგიონში რუსები კომპაქტურად ცხოვრობდნენ, მაგრამ ისინი სწორედაც რუსები იყვნენ და არა ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობა, რომელთა გამოყენება რუსეთის ხელში მოხერხდებოდა „ინსტრუმენტად“ ესტონეთის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.
_ არსებობს რამე ისეთი, მომხიბვლელი პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც „იმათ“ ჩვენკენ გამოახედებს?
_ როგორ არ არსებობს, მაგრამ… ვაი, ამ ფაქტორს! უამრავი აფხაზი „ფრენდი“ მყავს და ყველა ერთსა და იმავე „მესიჯბოქსს“ იყენებს სოციალურ ქსელში დისკუსიისას: ჯერ სცანით ჩვენი დამოუკიდებლობა, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვით ლტოლვილთა დაბრუნებაზე, უარი თქვით გალის რაიონის მოსახლეობის ქართველობაზე (მათი თვალთახედვით ისინი სტალინ-ბერიას მიერ „გაქართველებული აფხაზები“ არიან), აფხაზეთი გახდება გაეროს წევრი, გავაფორმებთ თქვენთან ხელშეკრულებას უვიზო რეჟიმის შესახებ და ვიყოთ კეთილი მეზობლები. ეს არის და ეს.
_ რადგან ეკონომიკაზე ჩამოვარდა საუბარი, ცხადია, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს „იქიდან“ კარგად აკვირდებიან. ამ ფონზე საინტერესოა TBC ბანკის ქეისი, თუნდაც ანაკლიის პორტის კონტექსტში, მაგრამ ანაკლიაზე ცალკე ვიკითხავ. ზოგადად, რამდენად დამაზიანებელია ეს საქმე სახელმწიფოსთვის, მისი ფინანსური მდგრადობისთვის და რეალურად, რა ხდება?
_ TBC ბანკის საქმე ძალიან დამაზიანებელია საქართველოსთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მათ შორის საინვესტიციო თვალსაზრისით. თუმცა თვით ბანკს უშუალო საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემუქრება, თუ ატეხილი ისტერიიდან გამომდინარე, მეანაბრეები ერთბაშად შეესევიან და ანაბრების უკან დაბრუნებას მოითხოვენ.
საბედნიეროდ, ასე არ ხდება და რომც მოხდეს, ამ „სისტემათშემოქმედი“ ბანკის გაკოტრებას არავინ დაუშვებს: არც საქართველოს სახელმწიფო და არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი.
სინამდვილეში, პრობლემა აქვს არა TBC ბანკს, არამედ პირადად მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც ეს შესანიშნავი ბანკი, შეიძლება ითქვას, არაფრიდან შექმნა 23 წლის წინ, შვილივით გაზარდა, მოუარა, გააძლიერა და საერთაშორისო-ფინანსურ ასპარეზზე გაიყვანა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში. ასეთი წარმატება, უპირველეს ყოვლისა, პირადად მამუკა ხაზარაძის ნიჭის, შრომისა და უნარის შედეგია.
გავრცელებული კონსპიროლოგიური მოსაზრების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს მის ამჟამინდელ პრობლემებთან. ეს შესანიშნავად იცის თავად მამუკა ხაზარაძემ და ზუსტად ამიტომ არ „უტევს“ ივანიშვილს.
თუ მაინც „შეუტევს“, მაშინ ისიც გამჟღავნდება, რომ, სინამდვილეში, 2008-2009 წელს მასზე შეტევა დაიწყეს არა ბიძინა ივანიშვილმა, არამედ TBC ბანკის დასავლელმა აქციონერებმა, რომლებმაც, მორიგი აუდიტის შედეგად, მათთვის უჩვეულო, თუმცაღა ქართული რეალობისთვის ჩვეულებრივი და სრულიად „მიღებული“ ტრანზაქცია აღმოაჩინეს, რასაც ახლა უკვე ღიად ედავებიან.
ეს ყბადაღებული ტრანზაქცია არავითარი „ფულის გათეთრება“ და „თაღლითობა“ არ არის _ ყველაფერი, რაც მაშინ განხორციელდა, ანუ 2008 წლის გაზაფხულზე, განხორციელდა მამუკა ხაზარაძის კომპეტენციის ფარგლებში. ბოლოს და ბოლოს იგი ხომ საკმაოდ სოლიდურ წილს ფლობს ამ ბანკში. მაგრამ იმავე ბანკის მსხვილ აქციათა მფლობელებისთვის (EBRD, JP Morgan Chase და სხვა გიგანტები) ის ტრანზაქცია იმდენად უჩვეულო იყო, რომ სწორედ მათ შეიტანეს 2009 წელს _ ამაში ურყევად დარწმუნებული ვარ(!) _ საჩივარი საქართველოს ეროვნულ ბანკში, რომელიც ფინანსური მონიტორინგის ფუნქციას უნდა ასრულებდეს მის იურისდიქციაში შემავალ ბანკთა ტრანზაქციებთან დაკავშირებით.
აქ მთავარი კითხვაა: რატომ გაამწვავა „სების“ „ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა“ საკითხი სწორედ ახლა? რატომ არა 10 წლის წინ? პასუხად ჟღერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაღაც „აიკვიატა“, „ხაზარაძეზე გაბრაზდა“ და ა. შ. მე პირადად ამის არ მჯერა: თუ ვინმე დაზიანდება ამ სკანდალით, თუნდაც არა ფინანსური და ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისით 2020 წლის არჩევნების წინ, სწორედ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტიაა! ამგვარი სკანდალებით სულ უფრო იკლებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათი წარმატების შანსი.
ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ისაა, რომ TBC ბანკის მსხვილი აქციონერები, ჩვეული პედანტურობითა და დაჟინებით, მთელი ამ წლების განმავლობაში მუდმივად აყენებდნენ ამ საკითხს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინაშე, რაკი აღარ ენდობოდნენ იმ ბანკის მენეჯმენტს, სადაც მილიარდობით დოლარი „ჩაასხეს“ _ აქვე: გვარიანი მოგებაც ნახეს და ბოლოს წაუყენეს ულტიმატუმი: ან _ ან!
_ სიმართლე გითხრა, მეც ვიზიარებ ამ პოზიციას, თუმცა ქართული პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ცდილობს პროცესიდან მისთვის სასარგებლო ვითარება გამოწველოს და სულაც არ ადარდებს არც ხაზარაძე და არც ბანკი, საზოგადოების ნაწილი და ობივატელები კონკრეტულ ქეისში დამნაშავედ სწორედ რომ ხელისუფლებას ხედავენ და კონკრეტულ პერსონასაც. მაგრამ ეს პროცესი ხომ მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუნდაც რაც უკვე თქვი _ ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად დამაზიანებელია, ისევე როგორც თავად ხაზარაძისთვის წარმოადგენს, არც მეტი არც ნაკლები, პიროვნულ ტრაგედიას. მაშინ მოიწვიონ აქციონერთა კრება და საკითხი „სახლში“ გადაწყვიტონ, სახელმწიფოს დაზარალების გარეშე.
_ აქციონერთა კრების მოწვევით მენეჯმენტის „გაშვება“ ისეთ სირთულეებთან და რისკებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს, როდესაც ეს მენეჯმენტი თავადაა ბანკის დამფუძნებელი და მინორიტარი აქციონერი, რომ ეს გზა არჩიეს.
რომ არა მამუკა ხაზარაძის ნიჭი და უნარიანი შრომა, TBC ბანკი არ იქნებოდა! ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი სახით, როდესაც იგი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ბანკია უდავოდ. მაგრამ TBC ბანკი არ არის „მამუკა ხაზარაძის ბანკი!“ მას რომ იოლად დაეთმო ბანკის მართვა დასავლელი აქციონერების მიერ დანიშნული ახალი მენეჯმენტისთვის, არავითარი „ხმაური“ არ იქნებოდა, რადგან, ვიმეორებ: 2008 წლის ტრანზაქციაში არანაირი კრიმინალი არ არის და არავინ დაზარალებულა. თუმცა ხაზარაძე საკუთარ, მართლა შვილივით ნაზარდ პირმშოს ასე იოლად არ დათმობდა და სწორედ ამ დილემამ შექმნა პრობლემა.
_ რა ბედი ელის ანაკლიის პროექტს, რომელიც თუნდაც არა მხოლოდ ტრანსნაციონალური, არამედ ოკუპირებული რეგიონის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია?
_ იგივე, რაც ბანკს: ორივე მისი შესანიშნავი იდეაა, მაგრამ არც ერთი არ არის მამუკა ხაზარაძის უშუალო საკუთრება. „ანაკლიის პროექტს“ ახორციელებს ბანკი, ანუ ახორციელებენ მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიგანტები. ხაზარაძის გარეშეც განახორციელებენ _ რა დამსახურებაც არ უნდა ჰქონდეს ამ შესანიშნავ მენეჯერს და მოღვაწეს პროექტის პრომოუტირებაში.
_ ანაკლიის საკითხზე ივანიშვილის ფაქტორზე აპელირებენ, რომ მას პროექტის ახევა უნდა ხაზარაძისთვის…
_ გამაოგნებელი აბსურდია, თითქოს „ბიძინა ივანიშვილს უნდა „ანაკლიის“ წართმევა ხაზარაძისთვის“. კი მაგრამ, ეს რომ სდომოდა, ჯერ თავად იყო პრემიერ-მინისტრი, შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და… რა შეუშლიდა ხელს, „ანაკლიის“ ტენდერი თავიდანვე „მოეგო“? მის ხელში არ იყო ყოველივე?
_ კიდევ ერთი საკითხი: როგორ ფიქრობ, ოკუპირებული ტერიტორიების თემა სხვადასხვა გამოკითხვის მიხედვით რატომ არის ერთ-ერთი რიგითი და ხომ არ არის საშიშროება, რომ თაობათა ცვლასთან ერთად საერთოდ გაქრეს ქვეყანაში არსებული პრობლემების ჩამონათვალიდან?
_ სამწუხაროდ, საზოგადოებრივი აღქმის თვალსაზრისით ეს ტენდენცია შეუქცევადია: შეუძლებელია მუდმივად იყოს პრიორიტეტი ის, რისიც საზოგადოებას უკვე, უბრალოდ, აღარ სჯერა: მეტისმეტად დიდი დრო გავიდა მოლოდინსა და იმედიან დაპირებებში…
_ ახლა კი რუსეთის კონტექსტში ვიკითხავ: „სურკოვის დოქტრინა“, ანუ სურკოვის ისტორიული ნარატივი „პუტინიზმის“ იდეოლოგიაზე მავანს სასაცილოდ არ ეყო. თუმცა ცხადია, რომ ეს არ არის ჰაერში გასროლილი სიბრძნე. ამ დოქტრინის მიხედვით, უნდა ვივარაუდოთ თუ არა რომ, ოკუპირებული ტერიტორიები არასოდეს გახდება ჩვენი? და ყველაზე მთავარი: რამდენად აწყობთ ეს თავად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ?
_ სურკოვის „დოქტრინაში“, ისევე როგორც, თავის დროზე, ჩუბაისის „ლიბერალურ იმპერიაში“, სასაცილო არაფერია. სურკოვმა, ევფემიზმებითა და ინტერპრეტაციებით, საკმაოდ ზუსტად აღწერა რეჟიმი, რაც მისივე მონაწილეობით ჩამოაყალიბა ვლადიმირ პუტინმა ბოლო 20 წლის განმავლოაბში.
თავის მხრივ, პუტინი რუსეთის ზემძლავრ სპეცსამსახურებსა და, ზოგადად, ძალისმიერ სტრუქტურებს ეყრდნობოდა, რომლებმაც 1999 წელს პრეზიდენტი ელცინი აიძულეს, სწორედ პუტინი დაენიშნა მემკვიდრედ.
აქ ლაპარაკია არა „სურკოვის დოქტრინაზე“, არამედ „პუტინის დოქტრინაზე“, რომელსაც ვიმეორებ: მისი ინტერპრეტაციებითა და ევფემიზმებით აღწერს _ მხოლოდ აღწერს(!) სურკოვი, როგორც ამ დოქტრინის ერთ-ერთი ადეპტი, მისი პრომოუტერი და ინტერპრეტატორი.
თავად დოქტრინა კი ჩვეულია ამ ქვეყნისთვის იმპერატორებიდან _ სტალინამდე და სხვა გენმდივნებამდე: ერთპიროვნული დიქტატურა, ელიტური კონტროლი და რესურსთა მობილიზაციის სისტემა.
სწორედ ეს ანტიდემოკრატიული კომპონენტებია სისტემის საყრდენი, ხოლო სურკოვისეული „სიღრმისეული ხალხი“ და სხვა ფსევდოისტორიოსოფიური ინვექტივები, მხოლოდ მისი შეფუთვის „მცდელობა“.
_ რა ძირითადი მინიშნებები და აქცენტები მიგაჩნია საყურადღებოდ „სურკოვის დოქტრინიდან“?
_ მთავარი, ჩემი აზრით, ამ ნარატივის ექსპანსიონისტური შინაარსი და აგრესიული ანტიდასავლურობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი აუცილებლად გააგრძელებს ჰიბრიდულ ომს ევროპული ცივილიზაციის წინააღმდეგ _ ამერიკა ამ ცივილიზაციის ნაწილია, რაც ბევრ საფრთხესა და რისკს უქადის, მათ შორის, საქართველსაც.
_ დაბოლოს, რამდენად ძლიერად არიან საქართველოში წარმოდგენილი ის ძალები და მათი მხარდამჭერები, რომლებიც „პუტინიზმის“ რეალიზებას უწყობენ ხელს?
_ ასეთი ძალები არსებითად არ არიან წარმოდგენილნი საქართველოს პოლიტიკურ კლასში. მარგინალურ ჯგუფებს სათვალავში ნუ ჩავაგდებთ. სინამდვილეში, „პუტინიზმის“ გამარჯვების საფრთხეს ის რეალობა შეიცავს, როდესაც ვერც პოლიტიკური კლასი, ვერც, ზოგადად, ქართული ისტებლიშმენტი ვერ ახერხებს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ცხოვრების ნორმალური, ადამიანური პირობების შექმნას, ანუ ვერ ახერხებს, მარტივად თუ ვიტყვით, „ქვეყნის დალაგებას“ უკვე 25 წელია და მუდმივი არასტაბილურობით, სტრესებით, რყევებით, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების სიმწვავით, ელიტური კორუფცით, რესურსთა გადანაწილების უთანასწორობით, სხვა ათასგვარი სოციალური უსამართლობითა და მანკიერებით, კაცთმოძულე, შინაარსით ანტიევროპული „ლიბერტარიანული იდეოლოგიის“ გაფეტიშებით და შესაბამისი პრაქტიკით, „პასუხისმგებელი სახელმწიფოს“ კეთილშობილი ევროპული კონცეფციის უარყოფითა და სინგაპურელი ლი ქუან იუს „კაციჭამია ფილოსოფიით“, ასევე გამანადგურებელი, კარცეროგენული ეკოლოგიური პრობლემებით და სრული განუკითხაობით ძირს უთხრის ამ სახელმწიფოს საფუძველთა-საფუძველს: ხალხის გულწრფელ, არათეატრალიზებულ სურვილს, იცხოვროს დამოუკიდებელ სახელმწიფოში და ილუზორულად არ ეძებოს არარსებული „მამა-მარჩენალი“ ჩრდილოეთში.
თუ ეს ტენდენცია გაძლიერდა, ვერანაირი „ელიტური კონსენსუსი“ საქართველოს სახელმწიფოს ვერ გადაარჩენს!
ამის პირველი სამწუხარო სიმპტომები ვიხილეთ 2008 წლის აგვისტოში, როცა მტერი ქვეყანაში შემოიჭრა, ლამის მთელი საქართველო ტანკებით შემოიარა იგოეთიდან _ ხაშურამდე და ზუგდიდიდან _ ფოთი-სენაკამდე, თუმცა „მსროლელი“ თითქმის არავინ აღმოჩნდა, ცხინვალთან დაღუპული ერთეული გმირების გარდა.
იმიტომ, რომ პასსიონარული ეროვნული პასუხი ასეთ ეგზისტენციურ გამოწვევაზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ხალხი მასობრივად გრძნობს „ბმას“ საკუთარ სახელმწიფოსთან. ხოლო ამგვარი „ბმის“ გარეშე, ჩემ მიერ ნაგულისხმევი „ელიტური კონსენსუსის ზედნაშენი“, რაოდენ მყარიც არ უნდა ჩანდეს იგი გარეგნულად, როგორც კი „საქმე-საქმეზე მიდგება“, ხუხულასავით ჩამოიშლება.

გეგა სილაგავა