„ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა აღიაროს კლანის არსებობა!“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, მიიჩნევს, რომ სასამართლოებში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის კანონპროექტი უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სისტემაში არსებული პრობლემებით დაინტერესდეს.

რა გამოწვევის წინაშე დგას ქვეყნის სასამართლო სისტემა? არიან თუ არა სისტემაში არსებული მოსამართლეები მზად პასუხისმგებლობისთვის? რა საფრთხის წინაშე დგას სამართლიანობის დამკვიდრების მოლოდინში ქართული სახელმწიფო?
ამ და სხვა თემებზე „ქრონიკა+“ ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრება:

_ ქალბატონო ნაზი, რატომ არ უჭერთ მხარს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის კანონპროექტს? შეიძლება ითქვას, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესმა საზოგადოების ნაწილი ორად გახლიჩა და თვალშისაცემია ის დაპირისპირებაც, რაც მმართველ გუნდში შეინიშნება. რა ხარვეზებს ხედავთ და ვინ არიან ე. წ. კლანის წევრები? ფაქტია, რომ 2016 წლის ნოემბრიდან დღემდე 146 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა.
_ 146 მოსამართლეს უვადოდ დანიშნული კიდევ 8 მოსამართლე დაემატა. რეაქცია ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ სჯობს გვიან…
სამწუხაროდ, სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრ პრობლემას ვხედავთ და ხელისუფლებამ ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს. მმართველობა და ძალაუფლება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არაკეთილსინდისიერ ხალხს აქვს, მათ მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გავლენიანი ჯგუფის ნაწილია წარმოდგენილი. ბუნებრივია, სრულად ამ დაჯგუფების წევრები საბჭოში ვერ იქნებიან, რადგან მხოლოდ 8 წევრს ირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია. ისინი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ერთ აზრზე არიან. წელიწადზე მეტია, საბჭოს წევრი ვარ და ამას ვხედავ _ კამათსაც თავად იწყებენ და თუ არ იწყებენ, პასუხები ერთ ხმაში აქვთ.
მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია, ასე იყო კუბლაშვილის დროსაც, ანუ სისტემაში არაფერი შეცვლილა, არც გვარები და არც მართვის სისტემა. კუბლაშვილის თავმჯდომარეობისას მიხეილ ჩინჩალაძე მისი მოადგილე იყო. როდესაც „ტაბულამ“ ცნობილი ფოტო გამოაქვეყნა, იქ ძალიან კარგად ჩანდნენ კლანის წევრები: მიხეილ ჩინჩალაძე, ვალერი ცერცვაძე, ლევან მურუსიძე, გიორგი მიქაუტაძე და ვანო ზარდიაშვილი. ამ ადამიანების ხელშია ძალაუფლება სასამართლო სისტემაში და სწორედ ამ სახელებისა და გვარების არსებობა ხელს უშლის მოსამართლეების ობიექტურად დანიშვნას, რაც იმის საფუძველია, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციაა.
ასეთ პირობებში უვადო დანიშვნა და სხვა ნებისმიერი პროგრესული იდეა უშედეგო იქნება. უვადო დანიშვნების სისტემა არის გაუმართავი და შესაძლებლობას აძლევს საბჭოს, თავისი სურვილისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება.
ეს სისტემა არ იძლევა შესაძლებლობას, ადამიანის რეალური კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება შემოწმდეს.
ჩემთვის მიუღებელია, როცა მოსამართლეთა უვადო დანიშვნა ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებსაც საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ.
_ კონკრეტულად რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ სისტემაში კორუფციის სავარაუდო რისკები არსებობს?
_ სასამართლო სისტემაში კონკრეტული დაჯგუფების არსებობა. მათ ხელშია ყველაფერი, _ ეს უკვე ეჭვის საბაბია.
ბუნებრივია, კორუფციას ვერავინ გამოავლენს, თუ ეს ხელისუფლებამ არ მოინდომა.
_ როგორია ეკა ბესელიას როლი სასამართლო სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებზე? ის თანაგუნდელებს დაუპირისპირდა…
_ ეკა ბესელია დიდხანს თანამშრომლობდა ამ ხალხთან და მერე რა მოხდა, არ ვიცი… ეს უკვე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რაღაც ეჭვები მაქვს და როდესაც დრო მოვა, ამ ყველაფერზე აუცილებლად ვისაუბრებ.
_ მმართველი პარტია, ისევე როგორც თავად ეს მოსამართლეები, ხშირად იშველიებენ სტატისტიკას, რომელიც სასამართლო სისტემაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე მიგვანიშნებს. თქვენთვის მათი არგუმენტები რამდენად ყურადსაღებია?
_ ასეთ პოზიტიურ ცვლილებებზე ადრე კუბლაშვილიც საუბრობდა. რაც შეეხება დღევანდელ სიახლეებს, ეს ერთადერთია _ საქმეთა ელექტრონული გადანაწილება, რომლის იდეაც შემდეგ უკვე მოკლეს საბჭოს წევრებმა და გეტყვით, რატომაც: ეს სისტემა დაინერგა, თითქმის ერთ წელზე მეტია, ინფრასტრუქტურა ამუშავდა, მაგრამ რა გაკეთდა?.. ჯერ კიდევ ეკა ბესელია იყო იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, როდესაც კანონში ჩაიწერა, რომ სააპელაციო სასამართლოებში ვიწრო სპეციალიზაცია იქმნება, გაკეთდა ზოგადი ჩანაწერი კანონში და ამის შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, კონკრეტულ დარგებში რამდენი მოსამართლე იმუშავებს. მაგალითად: საოჯახო, სამეწარმეო, საავტორო უფლებებზე დავები და სხვადასხვა შექმნილი ვიწრო სპეციალიზაცია, სადაც მოსამართლეთა რაოდენობა დავიწროვდა, ანუ შენ რომ მიდიხარ სასამართლოში და გგონია, საქმე შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდება 40 მოსამართლეს შორის, ყველაფერი სხვაგვარად არის. ეს შეიძლება დიდი პრობლემა არც იყოს, მაგრამ სხვა პრობლემასთან მივდივართ. საბჭომ თავისივე გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ განსაზღვროს ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა შემადგენლობა, _ თუ სამი ადამიანი იმუშავებს სამეწარმეო დავებში, მიხეილ ჩინჩალაძეს ამ შემთხვევაში შეუძლია განსაზღვროს, რომელი სამი მოსამართლე იქნება და მას შეუძლია ასევე ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს ერთპიროვნულად შეცვალოს.
_ რატომ არის პრობლემა იმ მოსამართლეების სასამართლო სისტემაში მოღვაწეობა, რომელთა მიმართ ხელისუფლების ცვლილებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებში კითხვის ნიშნები არსებობს? ირაკლი კობახიძის თქმით, მოსამართლეები, რომლებიც ადრე ცუდ რაღაცებს აკეთებდნენ, ახლა კარგ რაღაცებს აკეთებენ.
_ შვიდი წელი გავიდა, რაც ხელისუფლება შეიცვალა და ველოდებოდით, რომ ეს მოსამართლეები უკეთესები გახდებოდნენ. მადა ჭამაში მოდისო და მოსამართლეებს მადა გაეხსნათ. აქამდე თუ ისინი დავალებების
შემსრულებელი მოსამართლეები იყვნენ, დღეს პირობებს აქეთ გვიყენებენ, _ ჩვენ მოსამართლეები ვართ და უნდა გვემსახუროთო.
კობახიძის განცხადება არასერიოზულია! მესმის, რაღაც ეტაპზე, მუდმივად ვერ ვიქნებით ბრძოლებში, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება, მოსამართლეებიც მუდმივად ვცვალოთ, მაგრამ თუ ხელისუფლებამ აქამდე არ მიიღო გადაწყვეტილება ამ მოსამართლეების შეცვლის შესახებ, არც ის გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რომ ეს კლანი გაეძლიერებინა.
_ როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა ხელისუფლება ამ რისკზე?
_ ერთმანეთი სჭირდებათ.
ვერ დავიჯერებ ამ მოსამართლეების გამოსწორებას. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ჯალათებად იქცნენ წლების განმავლობაში, მათ არ აღელვებდათ ადამიანის უფლებები. თავად დავდიოდი მრავალი წელი ციხეებში და პირადად მყავს ის პატიმრები ნანახი, რომლებიც მკაცრი სასჯელის გამო წლები იტანჯებოდნენ. ეს მოსამართლეები ადამიანებს ციხეში დაუნდობლად უშვებდნენ და დავალებებს ასრულებდნენ. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადონ, დღეს პრეტენზიები აქვთ, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნონ.
ოჯახები გააუბედურეს, ესენი კი თავიანთ კარიერას უვადოდ იკეთებენ _ ეს უბედურებაა! არანაირი რეფორმა არ გამოვა, როცა სასამართლო ჩინჩალაძის ხელშია!
2012 წლის შემდეგ სისტემაში გარედან მხოლოდ 17 ახალი ადამიანი მივიდა. დანარჩენი, თუ ვინმე ახალი მოსამართლე დაინიშნა, მათი გამოზრდილია: თანაშემწე, მდივანი ან სპეციალისტი. მოსამართლების 75% იგივე ხალხია სისტემაში, როგორ დავიჯერო, რომ ისინი კარგები გახდნენ?!.
_ როგორ ფიქრობთ, რას გამოიწვევს ხელისუფლების ცვლილება ამგვარი სასამართლო კორპუსის პირობებში?
_ რაც შეეხება ხელისუფლების ცვლილებას ან თუ არსებულმა ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალა და გადაწყვიტა, აღარ გვქონდეს ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა და მკაცრი ნულოვანი ტოლერანტობა გვჭირდება რომელიც უკვე გამოცხადებული გვქონდა აქამდე, დარწმუნებული ვარ, მოსამართლეები ისევ შეასრულებენ დავალებებს.
ეს ხალხი არ ზრუნავს მართლმსაჯულებაზე, ჯანსაღი დიალოგის უნარიც არ გააჩნიათ, საბჭოშიც მუდამ წივილ-კივილია. მსჯელობა არ შეუძლიათ, არაარსებით საკითხებზე საუბრობენ მხოლოდ.
თუ კარგი სასამართლო გინდა, მაშინ რატომ უპირისპირდები პროგრესულ იდეებს? მარტო უვადო მანტიაზე ზრუნავენ. ხელისუფლება კი დუმს.
_ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?
_ ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა აღიაროს კლანის არსებობა!
ათამდე შეხვედრას ვესწრებოდი, სამუშაო ჯგუფში წამოდგენილი იყო პარლამენტი და სამინისტროებიც, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველა ვმსჯელობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა… ეს პერიოდი უკვე გავიარეთ, როცა ერთ მაგიდასთან ვისხედით გვრიტიშვილებთან და ამ ადამიანებთან ერთად, როგორი კანონპროექტი გვინდოდა დისციპლინური სამართალწარმოებისთვის. ლამაზად მსჯელობის დრო აღარ არის და არც სახის შენარჩუნების დროა, ახლა უკვე ყველაფერი ზედაპირზე დევს, ყველამ ვიცით, ვინ ვინ არის. ამ ხალხმა ნაძალადევად წარადგინა 10-კაციანი სია სამარცხვინოდ. პროცესებმა წარმოაჩინა, რომ ისინი არაფერზე დაიხევენ უკან, ოღონდ თავად დაინიშნონ თანამდებობებზე. ხელისუფლებამ ბოლო სამუშაო შეხვედრაზე მე და ანა დოლიძე მიგვიწვია, მაგრამ დავტოვეთ, რადგან თამარ ალანია და ნინო ქადაგიძე დაგვისვეს მაგიდასთან, რომლებიც თავად იყვნენ კანდიდატები. წარმოგიდგენიათ?! საბჭოს სხდომაზე როცა დავასახელეთ, მაშინ არ მოსულან (თუმცა მე არ დამისახელებია). თურმე თამარ ალანიასთან ერთად უნდა ვიმსჯელო, როგორი პროცედურა უფრო კარგია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად.
_ რა ფორმით უნდა აღიაროს ხელისუფლებამ კლანის არსებობა?
_ პირველ რიგში, უნდა წარმოვაჩინოთ, კარგად ვინ არიან. ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. ამ კლანის აღიარება საბაზისო და ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, ამის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ.
დიდი როლი აქვს პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს, მათ უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა.
ახლა დავუბრუნდეთ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურებს: ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს ვაკვირდები და დისკუსია იქითკენ მიდის, რომ სია უნდა შეიცვალოს, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა.
თუ ჩვენ აქცენტს ისევ მოქმედ მოსამართლეებზე გავაკეთებთ, ეს დამღუპველი იქნება, რადგან მოქმედი მოსამართლეები ისე ვერ შევლენ სიაში, ჩინჩალაძის ტესტი რომ არ ჰქონდეთ გავლილი. ადამიანი, რომელიც ჯერ ჩინჩალაძის კაბინეტში შევა და მერე მოვა საბჭოში პარლამენტში წარსადგენათ, ასეთი კანდიდატი ჩემთვის მიუღებელია. ეს კოსმეტიკური იდეაა.
_ თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, როგორ აპირებთ ბრძოლას სამართლიანი სასამართლოს სისტემისთვის?
_ გაჩერებას არ ვაპირებთ.
_ ხომ არ მიგვანიშნებთ, რომ, სავარაუდოდ, პროტესტი ქუჩაში გადაინაცვლებს?
_ კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ძალიან მალე ღია განცხადებას გავაკეთებთ. იმ ჯგუფების კონსოლიდაციას ვაპირებთ, რომელთა ინტერესიც სისტემის შეცვლაა.
აქამდე ვერიდებოდით ამაზე საუბარს, რადგან გადაჭარბებული ან ხმამაღალი ნათქვამი მეგონა. საბჭომ და ამ ხალხმა მიგვიყვანა იმ აზრამდე, რომ არ უნდა დაინიშნონ მოქმედი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. უვადო დანიშვნები უნდა გაჩერდეს! პარლამენტმა როგორმე თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და რესურსი, შეცვალოს კანონი, თუნდაც კონსტიტუცია, რადგან უვადო დანიშვნები კრიტიკას ვერ უძლებს. მურუსიძის დანიშვნა უსამართლობის მაგალითია.

ლევან ქემოკლიძე