1919 წლის ნოემბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2;3.

ბოლშევიკური ანარქია

1919 წლის შემოდგომაზე საქართველოში კვლავ გრძელდება ბოლშევიკთა გამოსვლები. ოქტომბერში განხორციელებული ამბოხის შემდეგ, როდესაც კომუნისტებმა ლაგოდეხში, დუშეთსა და სამტრედიის მაზრებში ძალაუფლების ხელში ჩაგდება სცადეს, ნოემბერში მათი მოქმედების არეალი კიდევ უფრო გაიზარდა. გაზეთ „საქართველოს“ მიერ 9 ნოემბერს დაბეჭდილი პატარა ცნობის მიხედვით, საქართველოს ზოგიერთ მაზრაში ბოლშევიკებმა ყაჩაღების, დეზერტირებისა და ანარქიისადმი მიდრეკილი ელემენტები მიიმხრეს და კვლავ შეიარაღებული გამოსვლა მოაწყვეს, რომელსაც თან სდევდა მოსახლეობის დარბევა და ყაჩაღობა. როგორც ჩანს, ვითარება იმდენად საშიში იყო, რომ ამბოხებულთა წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის ნაწილებიც კი გაგზავნა.
10 ნოემბერს გაზეთი აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ყველაზე მასშტაბური არეულობა წითლებმა გურიაში, კერძოდ კი ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და სუფსაში მოაწყვეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ანარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად დამფუძნებელ კრებას დასამტკიცებლად სპეციალური დეკრეტიც კი წარუდგინა, რომელიც მისთვის საგანგებო უფლებამოსილების მინიჭებას ითვალისწინებდა: „არეულობასთან და ანარქიულ მოძრაობასთან საბრძოლველად დამფუძნებელ კრებასა და მთავრობაში მუშავდება მთელი რიგი ზომებისა… 1. დროებით, ანარქიასთან საბრძოლველად, მიეცეს შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება: ა) აეკრძალოს არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ისეთ პარტიას, რომელიც წარმოადგენს უცხოეთის პარტიის ნაწილს, ემორჩილება გარეშე სახელმწიფოში მყოფ მთავარ პარტიულ ორგანოების ხელმძღვანელობას და იმავე დროს მოქმედებს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან ერევა მის შინაურ საქმეებში და თან ასეთი პარტიის ბეჭდვითი ორგანო დახუროს;
ბ) გააძევოს საქართველოს საზღვრებიდან სხვა სახელმწიფოების ქვეშევრდომნი, რომელთაც არც სამსახური აქვთ საქართველოში, არც სხვა საქმე;
გ) გააძევოს იმავე საზღვრებიდან უცხო სახელმწიფოების ქვეშევრდომნი ყოფილი და აწინდელი სამხედრო პირნი, იმათ გარდა, ვინც უცხო დიპლომატიურ მისიებთან არის გამოგზავნილი;
დ) აეკრძალოს საქართველოს მოქალაქეთ ცხოვრება იმ ადგილებში, სადაც მათ საქმე არ აქვთ. ან გადაასახლოს ისინი მის მიერ დანიშნულ ალაგას ვადით ექვს თვემდე.
2. დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელ კრების მიერ“.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1919 წლის 12 ნოემბრის ნომერში დეტალურად გადმოგვცემს, თუ სად და როგორ მიმდინარეობდა ბოლშევიკების მიერ ნოემბრის პირველ რიცხვებში ორგანიზებული შეიარაღებული ამბოხი. 9 ნოემბერს გორის მაზრის სოფელ ახალქალაქსა და მეჯვრისხევში ბოლშევიკებმა დაატყვევეს ადგილობრივი ადმინისტრაცია, მილიციის უფროსები და სათემო თვითმმართველობის წევრები. თუმცა ადგილობრივი სახალხო გვარდიისა და სამაზრო ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომების შედეგად, შფოთის მოთავეები მოკლე დროში დააპატიმრეს. როგორც ირკვევა, ბოლშევიკების გარდა გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდნენ ადგილობრივი სამიკიტნოების მეპატრონე სომხები, რომლებიც „დაშნაკცუტუნის“ პარტიის წევრები იყვნენ. აჯანყებაში ჩაერთვნენ ყაჩაღები და მაზრაში ცნობილი ქურდებიც. დააპატიმრეს, დაახლოებით, 40-მდე პირი.
ლანჩხუთში 9 ნოემბერს, დილის 3 საათზე, ბოლშევიკებმა ხელთ იგდეს ყველა საზოგადოებრივი და სამთავრობო დაწესებულება, გაწყვიტეს სატელეგრაფო კავშირი, დააპატიმრეს ქალაქის საბჭოს ხმოსანი წილოსანი. აჯანყებული ბოლშევიკების წინააღმდეგ ადგილობრივი სახალხო გვარდიის ნაწილი გამოვიდა, რომელმაც მცირე ბრძოლის შემდეგ ხელთ იგდო 100-მდე ტყვე. ორმხრივი სროლისას გვარდიის ერთი მებრძოლი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. როგორც გორში, აქაც ამბოხში, ძირითადად, ბნელი და კრიმინალური ელემენტი მონაწილეობდა.
სოფელ სუფსაში წესრიგის აღდგენა კი ჯავშნიანი მატარებლის გამოყენების შემდეგ გახდა შესაძლებელი. დაატყვევეს 40-მდე პირი. ბრძოლისას დაიღუპა სამი გვარდიელი. იმავე დღეს საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს ჩოხატაურში, მაგრამ გვარდიის ნაწილებმა იქაც მოკლე დროში შეძლეს ვითარების გამოსწორება.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აჯანყების ჩაქრობის შემდეგ მკითხველებს დატყვევებული ბოლშევიკებისა და მათი მხარდამჭერების ბედზე მოუთხრობს. 18 ნოემბერი: „აჯანყებაში მონაწილეობისა და ხელმძღვანელობისათვის, საველე სასამართლომ დუშეთის მაზრაში დახვრეტა გადაუწყვიტა ხუთს, გორის მაზრაში _ შვიდს. ყველა დახვრიტეს“. 22 ნოემბერი: „შინაგან საქმეთა სამინისტროს აუწყებენ, რომ 14 ნოემბერს დღის 10 საათზე გორში თვით ხალხმა დახვრიტა მეამბოხეთა მეთაურები: არსენა ლომიძე, ხიჯიშვილი და აბესალომ ბეკოშვილი“. 26 ნოემბერი: „საველე სასამართლოს დადგენილებით დახვრიტეს ს. ახალქალაქში მომხდარ აჯანყების მეთაურნი გალუსტოვი, ხუციევი და მეცხვარიშვილი.
13 ნოემბერს დღისით სრულიად მოულოდნელად ჩვენი რაზმი წააწყდა ყაჩაღთა ბრბოს ხცისში. ბრბო მრავალრიცხოვანი იყო. რაზმმა გაჰფანტა ბრბო, რომელმაც ტყეს შეაფარა თავი. სოფელი ხცისი განთავისუფლებულ იქმნა. ბრბოს ალყა შემოვარტყით. გამოირკვა, რომ ბრბოს მეთაურობს 2 ცნობილი ყაჩაღი და ბოლშევიკების ვიღაც პროპაგანდისტი, რომელიც ხალხს რუსულად და ოსურად ელაპარაკება“.
თუ რა მასშტაბის იყო ამბოხება და რა შეიარაღებას ფლობდნენ ბოლშევიკები, ამის შესახებ გორის მაზრაში მომხდარი შეტაკების მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეს არ იყო უბრალო გამოსვლა. ბოლშევიკთა ამბოხი წინასწარ დაგეგმილი იყო. გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“. 1919 წლის 26 ნოემბერი: „14 ნოემბერს გორის მაზრის მილიციელთა ცხენოსანი რაზმი ქალაქის მილიციასთან ერთად დაედევნა ყაჩაღთა იმ ბრბოს, რომელიც დაეცა სოფელ ატენს, იარაღი აჰყარა მილიციელებს, გვარდიელებს და ტყვეთ წაიყვანა ადგილობრივ ერობის გამგეობის თავმჯდომარე მილიციელებით და გვარდიელებით.
რაზმი ბრბოს სოფელ ბოშურაში დაეწია. სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ბრბო ორჯერ მრავალრიცხოვანი იყო და ყუმბარებსაც ისროდნენ, ბრბო საშინლად იქნა დამარცხებული. მოკლულია 4 ცნობილი ყაჩაღი და დაიჭრა 8. ჭრილობისგან გარდაიცვალა ერობის თავმჯდომარე ჩიხლაძე, მძიმეთ დაიჭრა 1 მილიციელი. ხელთ ვიგდეთ 50 თოფი, 35 ცხენი და ტყვეები გავათავისუფლეთ“.

თბილისის განტვირთვა

ბოლშევიკური გამოსვლების შეჩერება ხელისუფლებამ გადამჭრელი ზომების მიღებით გადაწყვიტა. ვინაიდან ამ გამოსვლებს ჩვენს ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები ბოლშევიკთა ემისრები და მათი აგენტები აწყობდნენ, მთავრობამ საქართველოში და, პირველ რიგში, თბილისში მყოფი ყველა საეჭვო პირის გასახლება განიზრახა. ეს იყო ერთგვარი სპეცოპერაცია, რომელიც ბოლშევიკთა მავნე საქმიანობის განეიტრალებას გულისხმობდა. გარდა ამისა, ამ ღონისძიებას კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა და მისი საშუალებით ხელისუფლება საშინლად გადაჭედილი თბილისის განტვირთვასაც ვარაუდობდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს დედაქალაქი, ბოლშევიკებთან ერთდ, მუქთა მჭამელებისგან და უსაქმურებისგანაც უნდა განთავისუფლებულიყო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელისუფლებამ თბილისიდან ყველა ჩამოსულის გაყრა გადაწყვიტა.
1919 წლის ნოემბერში თბილისში ცხოვრების აუტანელი პირობები შეიქმნა. ომისა და კავკასიის რეგიონში შექმნილი არეული ვითარების გამო, საქართველოს დედაქალაქში მეზობელი ქვეყნებიდან დევნილმა ათობით ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. სასტუმროები, ღამის გასათევი საზოგადოებრივი ადგილები და კერძო სახლებიც კი მდგმურებით იყო გადატენილი. ლტოლვილები ხშირად რკინიგზის სადგურზე, სკვერებსა და პირდაპირ ქუჩაშიც კი ცხოვრობდნენ. მათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებიც ემატებოდნენ, რომლებსაც დედაქალაქში დასაქმების იმედი ჰქონდათ.
ღარიბ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების გამოკვება უჭირდა, ლტოლვილთა უზარმაზარი მასა მთელი სიმძიმით დააწვა. თბილისში მძიმე სასურსათო და საბინაო კრიზისი დაიწყო, რომელიც სულ უფრო ფართოვდებოდა. ასეთი ქაოსის შეეგად საოცრად გაიზარდა კრიმინალური ფონი, დამძიმდა სოციალური მდგომარეობა. ვითარებას მოახლოებული ზამთარიც ამძიმებდა, რომელსაც ქალაქი სრულიად მოუმზადებელი ხვდებოდა.
თბილისის გაწმენდის თაობაზე პირველი ცნობა გაზეთებში ნოემბრის შუა რიცხვებში გამოჩნდა. ამ ოპერაციის ხელმძღვანელობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა. საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ორგანოში, „საქართველოს რესპუბლიკაში“, შესაბამისი დადგენილება 1919 წლის 18 ნოემბერს გამოქვეყნდა: „შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოწყობილ თათბირზე მინისტრის თავმჯდომარეობითა და იუსტიციისა და შრომის მინისტრისა და ტფილისის ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენელთა თანდასწრებით, ბინისა და სურსათის კრიზისის გამო დადგინდა: სხვა საშუალებათა შორის, რომლითაც თავი უნდა დავაღწიოთ კრიზისსა, _ საჭიროა, ქალაქი ტფილისი განვათავისუფლოთ ისეთი ელემენტებისაგან, რომელნიც ან თავიათი მოვალოებით, ან თავიანთი პროფესიით დაკავშირებულნი არ არიან ქალაქთან, და თავიანთი სიმრავლით კი ქალაქს ავიწროვებენ, ამ მოსაზრებით თათბირმა გადასწყვიტა განსაზღვრულ დროში გასწმინდოს ქალაქი უცხო, არა ქვეშევრდომ ელემენტებისაგან, რაიცა ვრცელდება აგრედვე ასეთსავე პირობებში მყოფ ქართველებზე.
ამავე დროს მიღებულ იქნა რა მხედველობაში, რომ ამ საქმის წესიერად შესრულება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრატიული ძალების მიერ სახლის პატრონებზე, მდგმურებზე და სხვა უცხო ელემენტებზე, _ დაადგინა პასუხისმგებლობის აუცილებლობა იმ პირებისა, რომელნიც ამას არ შეასრულებენ.
მთავრობის განკრაგულების თანახმად შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადგინა: 1) ყველა ის უცხო ქვეშევრდომი და აგრედვე საქართველოს რესპუბლიკის ქართველი მოქალაქენი, რომელნიც დაკავშირებულნი არ არიან ტფილისთან სახლის მფლობელობით ან განსაზღვრული ვაჭრობით ან მრეწველობით, ან სამსახურით სახელმწიფო და საზოგადო უწყებებში, ან კერძო დაწესებულებებში, _ ვალდებულნი არიან დასტოვონ ქალაქი ამ დადგენილების გამოქვეყნების ორი კვირის შემდეგ. უცხოელები ვალდებული არიან საქართველო დასტოვონ, ხოლო ქართველნი ჩაეწერონ თავიანთ ადგილებში.
სახლის მოიჯარადრენი, მათი პასუხისმგებელი გამგენი, მდგმურნი, სასტუმროს, ავეჯიან სახლების და სხვა დაწესებულებათა პატრონნი ვალდებულნი არიან ამ დადგენილების გამოქვეყნებიდან 3 დღის განმავლობაში წარადგინონ სათანადო კომისარიატში ცნობები მათს სახლებსა და ბინებში მცხოვრებ იმ პირთა ვინაობაზე, რომელზედაც ეს დადგენილება ვრცელდება.
მოყვანილი დადგენილება არ ეხება უმუშევარ მუშებს, რომელნიც ჩაწერილნი არიან შრომის ბირჟაში ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.
ის პირნი, რომელთაც ამ დადგენილების ძალით ტფილისში ცხოვრების უფლება აქვთ, ვალდებულნი არიან, აიღონ სათანადო უფროსებისაგან ან მილიციის უფროსისაგან მოწმობა მათი პროფესიის შესახებ და წარუდგინონ, როგორც სახლებში, ისე ქუჩებში, მილიციის მოხელეთ და ქალაქის მართველობის კონტროლიორებს მათი პირველი მოთხოვნილებისთანავე.
ამ სავალდებულო დადგენილების დამრღვევნი, როგორც სახლის, ისე ბინის პატრონნი და სხვა, იქნებიან ადმინისტრაციული წესით დასჯილნი, ჯარიმით 10 ათას მანეთამდე, ან 3 თვე ციხეში დატუსაღებით და ამას გარდა გაძევებულ იქნებიან ეტაფის საშუალებით რესპუბლიკის საზღვრებიდან, ხოლო რესპუბლიკის მოქალაქენი იმ ადგილას, სადაც ისინი მიწერილი არიან. შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი“.
საერთო ჯამში, თბილისიდან 100 ათასამდე ადამიანის გასახლება იგეგმებოდა. ქალაქი პირობითად 11 რაიონად დაიყო. თითოეულ რაიონში წარმომადგენლობითი კომისია მოქმედებდა, რომელიც განტვირთვისთვის საჭირო ღონისძიებას ადგილზევე ატარებდა. კომისიის შემადგენლობაში იყვნენ ქალაქის თვითმმართველობის, შესაბამისი რაიონის სასამართლოსა და პროფკავშირების წარმომადგენლები. ამავე კომისიაში სათათბირო ხმის უფლებით შედიოდნენ მილიციისა და ბინათმფლობელთა კავშირის წარმომადგენლები.
ბინათმფლობელებისა და სასტუმროს მეპატრონეების მიერ მოწოდებული ცნობების შესწავლის შემდეგ, ამ კომისიებს არასასურველი ელემენტების აღმოჩენაზე და შემდეგ ქალაქიდან მათ გაძევებაზე უნდა ეზრუნათ. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, კომისიებს მდგმურების თაობაზე შემოსული ცნობების მრავალგზის გადამოწმება ევალებოდათ. კომისიის დასკვნის გარეშე, როგორც მილიციას, ასევე ბინათმფლობელს, მდგმურის თვითნებური გამოსახლება კატეგორიულად ეკრძალებოდათ. რაიონული კომისიების დადგენილების გადასინჯვა მხოლოდ ცენტრალურ კომისიას შეეძლო. საერთო ზედამხედველობას კი თბილისის თვითმმართველობა ახორციელებდა.
ხელისუფლება აცხადებდა, რომ თბილისის განტვირთვა კანონის სრული დაცვით უნდა წარმართულიყო და არ დაუშვებდა ამ საქმეში რაიმე სახის გადაცდომას. ამის შესახებ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 20 ნოემბრის ნომერში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სპეციალური მიმართვაც კი გამოქვეყნდა: „ტფილისის ზედმეტ მცხოვრებთაგან განთავისუფლების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილების ცხოვრებაში გატარების დროს მოსალოდნელია ადგილი ექნეს სხვა და სხვა ბოროტმოქმედებას. ამიტომ წინადადებას გაძლევთ გამოუცხადოთ ყველა იმ დაწესებულებებს და პირთ, რომელთაც დავალებული აქვთ ხსენებულ დადგენილების სისრულეში მოყვანა, რომ მე განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ამ დადგენილების ცხოვრებაში გატარებას და ყოველივე საჩივარი ამა თუ იმ ბოროტმოქმედების შესახებ, რომელიც ჩემამდის მოახწევს სასწრაფოდ იქნება ჩემ მიერ გამოძიებული და დამნაშავენი სასტიკათ დაისჯებიან“.

დეზერტირები

1919 წლის შემოდგომაზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ახალგაზრდების მორიგი გაწვევა დაიწყო. ამჯერად ჯარში მსახური 1899 წელს დაბადებულებს ერგებოდათ. როგორც ჩანს, პირველ რესპუბლიკაში გაწვევა სათანადო სიმაღლეზე ვერ იდგა, რადგან გაზეთებში დეზერტირობის შემთხვევებზე ცნობები საკმაოდ ხშირად იბეჭდებოდა. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ 1919 წლის 13 ნოემბრის ნომერში მეორე გვერდის დასაწყისში მსხვილი, თვალში საცემი შრიფტით განცხადებაა გამოქვეყნებული, რომელიც მოქალაქეებს სამშობლოს წინაშე მოვალეობის შესრულებას მოუწოდებს. ამავე განცხადებას თანდართული აქვს, რომ ვინც სამხედრო ბეგარას გაექცეოდა, იგი მოღალატედ ჩაითვლებოდა, რომელსაც შესაბამისი პასუხი მოეთხოვებოდა.
14 ნოემბერს იმავე გაზეთში გამოქვეყნებულია კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო დაწესებულებას ეკრძალებოდა სამსახურში იმ მოქალაქის მიღება, რომელსაც შესაბამისი უბნის სამხედრო აღრიცხვის ნაწილის უფროსის ცნობა არ ექნებოდა. ამ ცნობაში მოწმდებოდა, რომ ესა თუ ის მოქალაქე დროებით ან სრულიად განთავისუფლებული იყო სამხედრო ბეგარიდან ან უკვე მოხდილი ჰქონდა სამხედრო სავალდებული სამსახური. აქვე გაზეთი მოგვითხრობს, რომ თბილისის მაზრაში გაწვევა დაიწყო და სამობილიზაციო პუნქტებს ყოველდღე, დაახლოებით, 100-მდე ახალგაზრდა აკითხავდა. თუმცა მგზნებარე მოწოდებისა და მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვების მიუხედავად, ახალგაზრდა რესპუბლიკის წინაშე დეზერტირობის პრობლემა მაინც მძიმედ იდგა. გაზეთი „საქართველო“ 1919 წლის 2 ნოემბერი. დაბეჭდილია ვრცელი წერილი, რომელიც სწორედ დეზერტირობასა და მის გამომწვევ მიზეზებს ეხება: „თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ვერც ერთი მობილიზაცია წესიერად ვერ ჩატარდა: ვერც სამხედრო უწყებამ და ვერც ადმინისტრატიულმა აპარატმა ვერ გამოიჩინეს საკმაო ენერგია, რომ ცხოვრებაში გაეტარებიათ დამფუძნებელი კრების დეკრეტი ახალგაზრდათა ჯარში გაწვევის შესახებ.
ოფიციალური ცნობებით სამხედრო ბეგარის მოსახდელათ გაწვეულთა 50 პროცენტი არ გამოცხადებულა და იმათგანაც, ვინც უკვე გამოცხადდა, ძალიან საგრძნობი ნაწილი დეზერტირებათ გამხდარან. ეს გარემოება ძალიან დიდი ყურადღების ღირსია. თუ ხალხი არ ცხადდება მოვალეობის აღსასრულებლად, სჩანს იმდენათ მოდუნებული ყოფილა ჩვენი ადმინისტრატიული აპარატი, რომ არ ძალუძს იძულებით მოიყვანოს იგი.
ხოლო თუ სამსახურიდან გარბიან, აშკარაა, რომ სამხედრო უწყებას ვერ დაუმყარებია ისეთი დისციპლინა, რომელიც თვით შეკრავს ჯარის კაცობას სამხედრო სამსახურში… მდგომარეობა ორივე მხრით უაღრესად სამწუხაროა. ახალგაზრდობა მოვალეა თავის სამშობლოს წინაშე მოიხადოს ის ვალი, რომელიც მას აწევს. და ვინც ურჩობს თავის სამშობლოს წინაშე, მის მიმართ არავითარ ლმობიერებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. სამწუხაროდ, მთავრობამ დღემდე ვერ გამოიყენა ის კანონი, რომელიც დიდი ხანია, რაც მიღებულია და რომლის ძალით, თუ გაწვეული ჯარში არ გამოცხადდა სასტიკად უნდა იქნეს დასჯილი“.

თბილისის ცხოვრება

1919 წლის 15 ნოემბერს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნებუილი ცნობის თანახმად, ქალაქის გარეუბანში, კერძოდ კი ვაკეში, ახლო მომავალში განზრახული იყო სტადიონის მოწყობა. დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიაში გერონტი ქიქოძემ ამ თემასთან დაკავშირებით დაწვრილებითი მოხსენება წაიკითხა და სპეციალისტების შესაბამისი დასკვნებიც წარადგინა. როგორც ირკვევა, ქალაქის გამგეობას სურდა სტადიონამდე ტრამვაის ან ვიწრო ლიანდაგიანი რკინიგზის გაყვანა და სტადიონის გარშემო მთის კალთებზე ხეების დარგვა. თავად სტადიონის ფართობი კი 100X200 კვადრატული საჟენის უნდა ყოფილიყო.
მიწათმოქმედების მინისტრის საბჭოს სხდომაზე მოისმინეს თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის ინჟინერ ა. ხ. როლლოვის მოხსენება. ამ მოხსენებით ირკვევა, რომ ბაღში არსებული შენობები, ორანჟერეა, წყალსადენის სისტემა და სათბურები გადაუდებელ შეკეთებას მოითხოვდნენ და ამისთვის დირექტორი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონამდე მანეთის გამოყოფას ითხოვდა.
უცნაური განცხადება, რომელიც კარგად ასახავს იმ დროის თბილისის გაჭირვებულ ყოფას: თბილისის წმინდა მიხეილის სახელობის საავამდყოფო აცხადებდა, რომ 13 ნოემბერს დილის ათი საათიდან დანიშნული იყო გარდაცვლილი ავადმყოფების შემდეგ დარჩენილი ძველი ტანისამოსით საჯარო ვაჭრობა.
გაზეთ „საქართველოს“ 4 ნოემბრის ნომერი მკითხველს აუწყებს, რომ ქართველი მეცნიერების ჯგუფმა, რომელსაც საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა, იშვიათი ისტორიული დოკუმენტაცია აღმოაჩნია: „საზოგადოების მიერ გაგზავნილთ მოსე ჯანაშვილმა და ავქსენტი აბესაძემ არქივის საჩქაროდ გადასინჯვის დროს აღმოაჩინეს 30 ფუთამდე ძველი ქართული, ისტორიული საბუთები, რომელთა შორის არის მე-16 და მე-17 საუკუნის მთელ გუჯრები ქართველ მეფეებისა მათივე ბეჭდებით შემოწმებული. ბ. ექვთიმე თაყაიშვილი სთხოვს ერობის სამმართველოს რათა სათანადო ყურადღება მიაქციოს არქივს და გადასცენ განკარგულებაში საისტორიო საეთნოგრაფიო საზოგადოებას“.

კრიმინალური ქრონიკა

პირველ ნოემბერს გაზეთი „საქართველო“ სისხლის სამართლის საკასაციო დეპარტამენტის სასამართლო სხდომაზე განსახილველ საქმეებს აქვეყნებს. რამდენიმე მათგანი საკმაოდ უცნაური და უჩვეულო გამოდგა. მაგალითად, შორაპნის მაზრის სოფელ ბეღლევის მცხოვრებმა ვარლამ ცქიტიშვილმა თავის ავადმყოფ მეუღლეს, წინასწარი განზრახვით, სამკურნალო აბების ნაცვლად, თაგვის შაქარი დაალევინა, რის გამოც ქალი მოიწამლა და გარდაიცვალა. რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ ცქიტიშვილს, უცნობია.
ამავე სხდომაზე უნდა გარჩეულიყო 1919 წლის 6 იანვრის შემთხვევაც, როდესაც მიხეილის პროსპექტზე მილიციელმა გიორგი ჩხიკვიშვილმა თოფით მოჰკლა თავისი გასათხოვარი გოგო მართა. ჩხიკვიშვილი მკვლელობის მიზეზად შვილის გარყვნილ ცხოვრებას ასახელებდა. მამის თქმით, მართა მას მთელ საზოგადოებაში და სანათესავოში არცხვენდა. იგი მუდამ გარყვნილ ხალხთან ერთად იყო, საეჭვო ადგილებში დაიარებოდა და ქეიფს არ იკლებდა. მილიციელის თქმით, მან შვილს ბევრჯერ დაუშალა ასეთი ცხოვრება, მაგრამ ვერაფერს მიაღწია და ბოლოს მოკლა კიდეც.
6 ნოემბერს ყაჩაღებმა სოფელ წილკანთან გზა გადაუღობეს საფოსტო ავტომობილს, რომელიც ყაზბეგიდან თბილისის მიმართულებით მიდიოდა. მძარცველებმა ავტომობილი სროლით შეაჩერეს და მგზავრებს ხელების მაღლა აწევა მოსთხოვეს. რამდენიმე მგზავრმა თავდამსხმელებისთვის წინააღმდეგიბის გაწევა დააპირა, რის შედეგადაც ატყდა სროლა. მოკლეს ოფიცერი მდივანი და ოთხი ქისტი. დაჭრეს ფოსტის ერთი თანამშრომელი. ამის შემდეგ ყაჩაღებმა ყველა მგზავრი პირწმინდად გაძარცვეს.
ყაჩაღობა, ქურდობა, თაღლითობა და ძარცვა იმდენად გავრცელებული იყო, რომ თაღლითების მსხვერპლი საგანგებო რაზმის პირადი შემადგენლობის გამგეც კი გახდა. აქვე დავაზუსტოდ, რომ იმ დროის საგანგებო რაზმი თანამედროვე სახელმწიფო უშიშროების სპეციალური დანიშნულების რაზმის ანალოგს წარმოადგენდა. ამ შემთხვევის შესახებ გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 22 ნოემბრის ნომერში გვამცნობს: „14 ნოემბერს საგანგებო რაზმის პირადი შემადგენლობის გამგეს ნიკოლოზ ჯაყელს, რომელიც ცხოვრობს საპიორნი ქ. #27, მოტყუებით წაართვეს შუბა, ღირებული 10 ათასი მან. სამსახურის დროს 9 ნახევარ საათზე ჯაყელს ტელეფონით ელაპარაკა ვიღაც შარამანიძე დათიკო, რომელსაც საჩქარო საქმე ჰქონდა მასთან და თხოვდა მისამართს. როცა გაიგო ჯაყელის მისამართი, ის წავიდა ჯაყელის ცოლთან და ქმრის სახელით გამოართვა მას შუბა, რომელიც მას გაეყიდა 900 მანეთად რესტორან „საქართველოში“. როცა ჯაყელმა გაიგო რაში იყო საქმე, მან განუცხადა სისხ. სამ. მილიციას, რომელმაც აღმოაჩინა ქურდი, რომელიც აღმოჩნდა ვასილ ივანეს-ძე მენაბდე, 19 წლის. შუბა პატრონს გადაეცა. მენაბდე დაპატიმრებულია. იმავე მენაბდეს მოუპარავს ვ. ხოჯანიასთვის პლაშჩი, რომელიც პატრონს დაუბრუნდა“.
მაგრამ ნოემბრის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ისევ რკინიგზას უკავშირდება. 1919 წლის შემოდგომაზე საქართველოში სარკინიგზო შემადგენლობების დაყაჩაღება თითქმის ყოველ კვირას ხდებოდა. 1 ნოემბერს გაზეთი „საქართველო“ ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელზე თავდასხმის შესახებ მოკლე ცნობას აქვეყნებს, რომელიც კავთისხევის სიახლოვეს განხორციელდა. 2 ნოემბერს გაზეთი ამ თავდასხმის შესახებ უკვე ვრცელ რეპორტაჟს გვთავაზობს: „ღამის 1 საათზედ, სადგურ კავთის ხევთან ყაჩაღებმა გაძარცვის მიზნით აჰყარეს ლიანდაგი, რის გამოც ორთქმავალი ლიანდაგს გადასცდა და ხრამში გადავარდა საბარგო ვაგონთან ერთად. ორთქმავალი და საბარგო ვაგონი სრულებით დაიმსხვრნენ; ლიანდაგს გადასცდნენ და დაზიანდენ 3 სამხედრო ვაგონიც: 2 მესამე კლასის და ერთი მეორესი.
მატარებლის მცველები გადმოსხდენ ვაგონებიდან და ყაჩაღებს სროლა აუტეხეს, რამაც ერთ საათს გასტანა; ყაჩაღებმა სროლითვე უპასუხეს და გარბოდნენ. სროლის დროს მოჰკლეს ერთი ქალი ძუძუმწოვარი ბავშვით და ორი მგზავრნი: ქალი და კაცი. მემანქანეს დაეწვა ორივე ფეხი და მემანქანის ორივე თანაშემწე დაიღუპენ.
ყაჩაღებმა მხოლოდ რამდენიმე პირის გაძარცვა მოასწრეს, ვინც პირველად მოხვდა ხელში. მომხდარ უბედურების ადგილზედ ღამის 1 საათზედ გაგზავნილ იქმნა სასწრაფო მატარებელი სახალხო გვარდიელებით და ვალიკო გოგუაძის ჯავშნოსანი, ერთად გაემგზავრა განსაკუთრებული რაზმის უმფროსი, კედია. ღამის 4 საათზედ გაგზავნილ იქმნა სანიტარული მატარებელი, რომელმაც ჩამოიყვანა დაშავებულნი. ჯერჯერობით ბოროტ-განმზრახველთა შესახებ არავითარი ცნობები მიღებული არ არის“.
11 ნოემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ ვხვდებით ინფორმაციას, რომელიც მთავრობის მხრიდან რკინიგზაზე თავდასხმის აღსაკვეთი პრევენციული ზომის შემოღებას გულისხმობს. კერძოდ, თბილისიდან მატარებელის გასვლამდე 1 საათით ადრე გორის მიმართულებით გავიდოდა შეიარაღებული მატარებელი, რომელიც გზის უსაფრთხოებას შეამოწმებდა.

მიხეილ ბასილაძე