სააკაშვილის ნათლია, დეპუტატის მამა და შვილის ნაჩუქარი სასტუმრო

წლების წინათ, როცა მიშა სააკაშვილის პიარის ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ თბილისელი ბიჭი, საქართველოს პრეზიდენტი, კახელ მიშად უნდა გადაქცეულიყო, სცენარის მოფიქრება გახდა საჭირო. თემა ასე ვითარდებოდა: სააკაშვილს უნდა ეყიდა ვენახი და მიწა, მაგალითად, ყვარელში, ჭავჭავაძეების სამშობლოში. აეშენებინა სახლი და ა. შ.
მართლაც, მაშინ მიშამ ეზო იყიდა, ვენახი ჩაყარა და ეზოს გულში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას სახლის მშენებლობა დაუკვეთა.

ერთ მშვენიერ დღესაც ყვარელში ჩასულ პრეზიდენტს 2-სართულიანი, უზარმაზარი სასახლე დახვდა ეზოს ცენტრში წამოჭიმული. მიშა ისე გაცეცხლდა, _ ამხელა სახლი რად ამიშენეთო?! _ რომ 24 საათი მისცა მის დასანგრევად. ახლა ვინც ამას კითხულობთ, გინდ დაიჯერეთ, გინდ _ არა… ზუსტად ასე იყო: მე ვიცი, მიშამ და იქაურმა ყვარლელმა მუშებმა…
მოკლედ, სასახლე დაანგრიეს და მის ადგილზე პატარა, ბელეტაჟიანი სახლი ააშენეს. ეზოში ერთი საკონფერენციო დარბაზი ააგეს, ხოლო გვერდით _ მარანი, ბუხარი და თონე…
და, აი, დადგა დღე, როცა სრულიად საქართველომ უნდა იხილოს მიხეილ სააკაშვილის კახური ნათლობა. დიდი კალათით ხელში მიშა თელავის ბაზარს ეწვია, იყიდა ხორცი, ნიორი, მწვანილი, შილდის პამიდორი, გუდის ყველი, კოცნა და ეხვია ვაჭრებსაც და გლეხებსაც, დადგა ბაზრის ცენტრში და, _ მეზობლები დავპატიჟეო ყვარელში, სუფრა უნდა გავუშალოო. _ უი, მიშა, შენა, ყვარლელი გახდიო? _ ჰკითხეს თელაველებმა თელავურად. მიშამაც, _ მა რა მექნა, კახეთი ხომ საქართველოს ბურჯიაო.
ხოდა, ასე დატვირთული წავიდა თავის კარმიდამოში. პიარის დედებმა და მამებმა სამეზობლოში მოქეიფე კახელების კასტინგი ჩაატარეს, _ აბა, ვინ იქნება ყველაზე კარგი ნათლია და თამადაო. მოკლედ, კასტინგში მიშას მეზობელმა ირაკლი მათიკაშვილმა გაიმარჯვა. მანვე მონათლა მიშა კახელად, თავზე კახური ქუდი დაახურა და აი, იმ დღიდან მას მიშას კახელი ნათლია ჰქვია. მოგვიანებით, ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბოტკოველი, მიშას ნათლობას ასე იხსენებს:
„მიხეილ სააკაშვილის „ზავოდობა“ მის კარმიდამო ყვარელში!
პროდუქტები თავად შეიძინა თელავის ბაზარში და ყვარლელ მეზობლებს უმასპინძლა.
სუფრის თამადაა ირაკლი მათიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის მამა.
P. S. მოწმე ვარ, თამადა როგორ „ძალით“ სვამდა მიხეილ სააკაშვილის სადღეგრძელოებს“.
მას შემდეგ მრავალმა წელმა არა, მაგრამ, სადღაც, 8 წელმა გაიარა. დღეს ირაკლი მათიკაშვილს ქვემორე სტატიაში შეხვდებით არა როგორც მიშას ნათლიას, არამედ როგორც ყვარლის ერთ-ერთ თანამდებობის პირს.
მანამდე კი ყვარლის გარდასულ დღეთა ამბები გავიხსენოთ…

***
„ყვარლის თეატრის ისტორია 1906 წლიდან იწყება, _ ასე გვიყვება თავის ამბავს ოფიციალური გვერდიდან ყვარლის თეატრი, _ 1907 წელს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახისთვის მარანი ჩამოურთმევიათ, რომელიც შემდეგ თეატრად უქცევიათ. სწორედ აქ დადგმულა პირველი სპექტაკლიც. იმ პერიოდისთვის მეტად ახალგაზრდები ყოფილან ზაქარია კუპრაშვილი, ანტონ მეტრეველი, ილია თაბუკაშვილი, არჩილ ბურკიაშვილი, რომელთა მოწადინებითაც დაარსებულა თეატრი. დაფინანსების მხრივ დიდი დახმარება გაუწევიათ თამარ და ელენე ჭავჭავაძეებს. მათ კოტე მარჯანიშვილამდეც კი მიუწვდენიათ ხმა, რომელიც საკმაოდ სოლიდურად დახმარებია თეატრს.
…საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თეატრის დაარსებასვე უკავშირდება წერა-კითხვის გამავრცელებელი სკოლის შექმნაც. ეს სკოლაც თეატრის შენობაშივე დაუფუძნებიათ. როგორც ჩანს, იმდროინდელ თეატრს საგანმანათლებლო ფუნქციაც ჰქონდა ნაკისრი.
სამწუხაროდ, მასალის სიმწირის გამო, შეუძლებელია იმ სპექტაკლების სიის აღდგენა, რომელიც ყვარლის თეატრის სცენაზე პირველად იდგმებოდა. ცნობილია, რომ ყოფილა ვინმე ნუცა მათიკაშვილი, რომელსაც პირველს მიუღია პროფესიული თეატრალური განათლება, ყვარელში ჩასულა და აქ თვითონვე დაუდგამს „თამარ მეფე“, სადაც თამარის როლიც თვითონვე უთამაშია. ადგილობრივები ნიჭიერებასთან ერთად, მის უმშვენიერეს გარეგნობასაც უსვამენ ხაზს. მისი ნათამაშები თამარი შეუდარებელი ყოფილა.
„ყვარელში, მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრი 50-წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული დასით აღდგა. მოყვარული მსახიობები მაყურებლის წინაშე ერთმოქმედებიანი პიესით წარდგნენ. სპექტაკლში „ანგელოზები ტირიან“, მოყვარულ მსახიობებთან ერთად, ორი უფროსკლასელი მოსწავლე თამაშობს. პიესის ავტორი და რეჟისორი მერაბ ჩხაიძეა, რომელიც, ამავდროულად, ყვარლის სახალხო თეატრს უხელმძღვანელებს. ყვარლის მოსახლეობას სახალხო თეატრის დაბრუნება მოწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს. მაყურებელს სახალხო თეატრი კიდევ ერთი _ კომედიური ჟანრის სპექტაკლის პრემიერას შესთავაზებს“, _ ასე ეხმაურება მედია 50 წლის შემდეგ კოტე მარჯანიშვილის მშობლიურ ყვარელში თეატრის აღდგენას, სადაც უკვე ადგილობრივები იწყებენ თამაშს სცენაზე. იმ პერიოდში ყვარელში ყველა მადლიერია, რომ რეჟისორმა მერაბ ჩხაიძემ შეძლო ის, რასაც ათეულობით წელი ნატრობდნენ აქ. სოციალურ ქსელში მას მადლობებს უხდიდნენ. თუმცა 2018 წლის ბოლოს კულტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი მათიკაშვილმა, რეჟისორი გამოაგდო… რატომ? როგორ? რისთვის?

ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს თავად რეჟოსორი მერაბ ჩხაიძე ესაუბრება:
_ 2016 წელს ყვარელში თითქმის უსასყიდლოდ დავდგი ერლომ ახვლედიანის სპექტაკლი, „ცაში უნდა წავიღო“ _ მხოლოდ გაყიდული ბილეთების თანხა მივიღე. ამის იქით მუნიციპალიტეტს მონაწილეობა არ მიუღია. რეპეტიციაზე კულტურის სამსახურის უფროსი, ირაკლი მათიკაშვილი სულ 2-ჯერ შემოვიდა. პრემიერამაც ძალიან კარგად ჩაიარა. სპექტაკლი აგვისტოში შედგა. სექტემბრიდან სხვა სამსახურში უნდა წამოვსულიყავი, თუმცა ირაკლიმ მთხოვა, რომ დავრჩენილიყავი და 900 ლარს გადამიხდიდა, თუ თეატრში ვიმუშავებდი. შესაბამისად, მე უარი ვუთხარი ჩემს სამსახურს და ყვარელში დავრჩი. თუმცა სექტემბრიდან მარტამდე ხელფასი არავინ დამინიშნა, მხოლოდ მარტში დამინიშნეს 500 ლარის ოდენობით. მათიკაშვილი კი ამბობდა, რომ ჩემი დახმარება უნდოდა, მაგრამ რა? მე თვეების მანძილზე სრულიად უსასყიდლოდ ვმუშაობდი ყვარლის თეატრში. ვალები დამიგროვდა, რომელსაც ვერანაირად დავეწიე. ჩვენი პირველი კონფლიქტიც მაშინ მოხდა, მან პირველად მომმართა უხეშად. როდესაც ვუთხარი, _ 900 ლარს დამპირდით, ყვარელში დამტოვეთ და მხოლოდ 500 ლარი რატომ დამინიშნეთ-მეთქი? მან უხეშად მიპასუხა. სიმართლეს გეტყვით, ვერ დავუთმე და შევეპასუხე, რაზეც მან მითხრა, _ აი, რაღაცნაირად, მეორე სპექტაკლს რომ გააკეთებ, ჯამაგირს მოგიმატებთო.
_ შესაბამისად, მეორე პიესაზეც დაიწყეთ მუშობა, მერე?
_ დავიწყეთ მეორე პიესაზე მუშაობა, სადაც კულტურის სამსახურისა და ა(ა)იპის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მე მაშინ მათიკაშვილს ვკითხე, _ ჩემს პიესას ვაკეთებ და ანაზღაურება იქნება-მეთქი? მან მიპასუხა, _ იქნება, როცა მაგისი დროც მოვაო. ღვთის წყალობით, სპექტაკლი შედგა და ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. 2018 წლის აპრილამდე ხელფასი მომიმატა და ჯამურად 800 ლარს ვიღებდი. ვერ ვუკარგავ იმ სიკეთესაც, რომელიც მან მოყვარულ მსახიობებს გაუკეთა, მათ ხელფასი 200 ლარის ოდენობით მოუმატა და ამას სიამოვნებით აღვნიშნავ! მაგალითად, ისეთი ასაკის მქონე მსახიობებს, რომლებიც 10 ან 17 წლისები არიან (სპექტაკლში მყავდა ჩართული), მათაც დაუნიშნა ხელფასები 50-50 ლარი, თუმცა ახლა ეს ხელფასები უკვე მოუხსნეს.
სპექტაკლს ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორი, დეპუტატები. შემოთავაზება იყო, იქნებ, ეს სპექტაკლი გავიტანოთ და უფრო ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთო. თუმცა მათიკაშვილი იმ პერიოდში დადიოდა და ჩემზე ჩხუბობდა, რატომ მქონდა ვალები…
_ კი მაგრამ, ეს საქმესთან რა შუაშია?
_ იმიტომ გეუბნებით, რომ ეს საქმესთან არაფერ შუაშია. ამის შემდეგ მეუბნება, რომ სპექტაკლი დავდგათ ქეთევან წამებულზეო. მივმართე: ბატონო ირაკლი, მე არ ვიცი პიესა ქეთევან წამებულზე, ვიცი სულ ორი: ერთი არის სანიკიძის, მეორის ავტორი არ მახსოვს-მეთქი… ანუ უარი ვუთხარი, _ მაშინ მე მოგიტან პიესასო… და მომიტანა ტაბლიაშვილის „ეკლიანი გზა“, რომელიც კინოსცენარია. მაგრამ იცით, რა ხდება? სულ 45 გვერდია და მხოლოდ 5 გვერდი ეთმობა ქეთევან დედოფალს. ვუთხარი, _ ეს ჩვენს თეატრს არ გამოადგება-მეთქი, _ მაშინ შენ დაწერეო. პიესის დაწერა სულ სხვა საქმეა, „დაწერე“, რა, კომპიუტერის პროგრამა ხომ არ არის? ბუნებრივია, ის დროს მოითხოვს. მე ავუხსენი, _ ბატონო ირაკლი, არ არის ეს მარტივი საქმე და თან მოტივაციაც უნდა მქონდეს, როცა ვშრომობ-მეთქი. მოკლედ, შემპირდა, რომ მოტივაცია მექნებოდა და ამინაზღაურებდნენ. ამ პერიოდში ცუდად გავხდი, სეფსისი დამემართა და ჯანმრთელობა სერიოზულად შემერყა. 6 თვის მანძილზე ვაკეთებდი სპექტაკლს. მოკლედ, 2018 წლის ოქტომბერში სპექტაკლი შედგა, დიდი ბანკეტი გადაიხადეს, კახეთის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები მოიწვიეს და იყო დიდი ზარზეიმი. რაც მთავარია, მაყურებელი კმაყოფილი წავიდა.
_ შემდეგ რა ხდება?
_ ირაკლი მათიკაშვილი კომედიის დადგმას მთხოვს. ვუთხარი, რომ მარტივი არ არის… _ ჩვენ ხომ მხოლოდ მოყვარულებს ვათამაშებთ სპექტაკლში და როგორ შეძლებენ ისინი კომედიის თამაშს? ეს შეუძლებელია. დავუშვათ, სკეჩს გააკეთებენ, მაგრამ კომედიური როლის შესრულება დიდ სცენაზე რთულია და პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. მე გთავაზობთ, რომ შემოვიაროთ სოფლები და ადგილობრივი ისტორიებით, შეძლებისდაგვარად, მხიარულ პიესას დავწერ-მეთქი. აქვე ვამბობ, რომ პიესის დაწერაში მხოლოდ 1000 ლარი მომცეს, არადა, 3000 ლარზე ნაკლები არ ღირს, მაგრამ არა უშავს. შესაბამისად, ვთხოვე, მომეცით წინასწარ ნახევარი, რომ მუშაობა დავიწყო-მეთქი. ამაზე ისეთი სიტყვებით დაიწყო ყვირილი, ვერ აღვწერ. ბუნებრივია, როცა შენი უფროსი თუ, ვინც არ უნდა იყოს, გაგინებს, შეურაცხყოფას გაყენებს, შენ ვერ ჩაღუნავ თავს და მეც გინებით ვუპასუხე. მოკლედ, მისივე კაბინეტში გამომიცხადა, რომ წადიო. მიზეზი ვკითხე, _ რატომ-მეთქი? _ ერთად ვერ ვიმუშავებთ და იმიტომო. ასევე ასახელებს მიზეზებს: ვალები გაქვს… და თან აგრძელებს გინებას, _ შენი ასე… და ისე… არადა, სულ რაღაც, რამდენიმე ხნით ადრე მე თვითონ მინდოდა წამოსვლა, იმიტომ რომ სპექტაკლის შემდეგ ბავშვების ბანკეტზე წაყვანა არ სურდა, მათი ადგილი იქ არ არისო… რაც მე არ დავუშვი… იმ ბავშვებმა იქ როლი შეასრულეს და დიახ, მათ ეკუთვნოდათ იქ წასვლა.
_ როგორ დასრულდა საუბარი?
_ მოკლედ, ვუთხარი, _ კი ბატონო, მაგრამ 2 თვის კომპენსაცია მეკუთვნის-მეთქი… რაზედაც ისევ გინებით და შეურაცხყოფით მიპასუხა. გამოვედი კაბინეტიდან და ის მომდევს… ადამიანმა, მით უმეტეს, კულტურის სამსახურის უფროსმა, ასე როგორ უნდა იკადროს?! ისეთი სიტყვებით ილანძღებოდა! ძალიან მოულოდნელი იყო ჩემ მიმართ ასეთი დამოკიდებულება, ჩემზე 10 წლით უფროსია, ბუნებრივია, მხოლოდ სიტყვით თუ ვუპასუხებდი მას. თანაც, ეს არ არის ჩემი სტილი… ამ ყველაფერს ხალხი უყურებდა და უსმენდა. ირაკლი მათიკაშვილი ჩემს გამოწვევას ცდილობდა, რომ ფიზიკურად შევხებოდი. მე ვერ ავყვებოდი ამ პროვოკაციაში და წამოვედი. ჩემთვის ასეთი კონფლიქტები ჩვეულებრივი ამბავი არ არის. რამდენიმე დღე იმდენად ცუდად ვიყავი, რომ სასწრაფოს გამოძახება მჭირდებოდა. ყველაზე მეტად ის მანერვიულებდა, რომ მას უნდოდა, ფიზიკურად შევხებოდი და პოლიციას დავეჭირე. აი, ასეთია რეალური მათიკაშვილის სახე _ ადამიანის, რომელიც ყვარელში გამოირჩევა თავისი არაეთიკური დამოკიდებულებით და უზრდელობით.
_ ახლა რას გეგმავთ?
_ ადვოკატი მყავს, რომელმაც საქმის წარმოება დაიწყო, ბოლომდე ნათელს მოვფენ ყველაფერს. მართალი ვარ და გავიმარჯვებ, 50 წლის მერე კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარლის თეატრს სული შთავბერე, მე აღვადგინე ყვარელში მიძინებული სცენა. ჩემმა შრომამ გააღვიძა იქ თეატრის ანგელოზები და არ ვაპირებ, რომ ასე დამცირებულად, ვიღაცის ხუშტურის გამო ავიტანო შეურაცხყოფა _ გინდ გამოგდება და გინდ დამცირება. თუმცა რას ვიზამთ, როცა შვილი პარლამენტში გყავს, ალბათ, ეს ყველაფერი მოსულა. უბრალოდ, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა როსტომ სესიაშვილს იმისთვის, რაც ყვარლის თეატრისთვის გააკეთა და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა მის აღორძინებასა და განვითარებაში.

მეორე მხარის პოზიციის გასარკვევად „ქრონიკა+“ ყვარლის მერს დაუკავშირდა.

როსტომ სესიაშვილი _ ყვარლის მერი:
„მერაბ ჩხაიძემ პოსტი დატოვა და სამსახურიდან წავიდა. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. თუ მას ხელშეკრულება დაუსრულდა და მისმა უშუალო უფროსმა იგი აღარ გაუგრძელა, სჯობია, ა(ა)იპის ხელმძღვანელმა, მაია ზარდიაშვილმა გააკეთოს კომენტარი, რადგან მართვაში თუ რაიმე პრობლემებია, ის გაგარკვევთ საქმეში. მე ა(ა)იპს დაკვეთას ვაძლევ, რომ ამდენი და ამდენი სპექტაკლი ხარისხიანად გაკეთდეს, ვურიცხავ თანხას და შესაბამისად მოვითხოვ შედეგს. მერაბ ჩხაიძეს, როგორც რეჟისორს, დიდ პატივს ვცემ, თუმცა რა გადაწყვიტა ა(ა)იპის ხელმძღვანელმა, ეს მისი საქმეა. მე, უბრალოდ, მითხრეს, რომ ეს ადამიანი აღარ არის და სულ ეს იყო“.

მაია ზარდიაშვილი _ ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურის ა(ა)იპის ხელმძღვანელი:
_ ამ წუთას ყვარლის თეატრის მმართველი არის ნიკა სარიდი. რაც შეეხება მერაბ ჩხაიძის განთავისუფლებას, გულწრფელად ვამბობ, რომ იგი არის უნიჭიერესი და ჩვენ თავისი შესაძლებლობები გვაჩვენა. მისი განთავისუფლების მიზეზი კი შემდეგია: ყვარელში ყველა მაღაზიაში ჰქონდა ვალი, ასევე ისეთ ავადმყოფ ადამიანებს ესესხა ფული, რომ ვერ ავხსნი, ვალს კი მუნიციპალიტეტის კულტურის სახელით იღებდა. დავიბარე და ვუთხარი, რომ ჯერ პიროვნება მჭირდება და შემდეგ _ პროფესიონალი. ასე არ შეიძლება, ადამიანს ამდენი ვალი გქონდეს. მე არ მქონდა იმდენი ხელფასი, რამდენსაც მას ვაძლევდი. შეწუხებული ვიყავი მისი მოვალეებით და შესაბამისად, მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდა. ფულს უკანონოდ გვთხოვდა. შეწუხებული იყო თეატრი, იმდენი მოვალე ადამიანი გვაკითხავდა. ხელფასის მიღმა გადარიცხვებიც გავუკეთეთ. ვუხსნიდი, რომ არ გვქონდა ამდენი შემოსავალი. შემდეგ გამგებელმაც კი გვთხოვა, რომ დაგვეტოვებინა, რადგან ნიჭიერი იყო. უბრალოდ, იცით, რა მინდა, გითხრათ? _ უნიჭიერესია, მაგრამ ადგილობრივებთან უკვე დიდ დისკომფორტს გვიქმნიდა.
_ მიაყენა თუ არა მას მათიკაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა?
_ ირაკლი მათიკაშვილს სჯობია, თქვენ დაუკავშირდეთ. მე იმის თქმა შემიძლია, რომ მათიკაშვილი მას გვერდით დაუდგა, აცხოვრა და ყველაფერი შეუქმნა იმისთვის, რომ ის ყვარელში ყოფილიყო. სანამდე ხელფასს დავუნიშნავდით, ირაკლის თხოვნით თანხა მივეცით, რომ საკვების ფული ჰქონოდა. რა არის, იცით? მე კი არავინ მეკითხება, მაგრამ ის აზარტულ თამაშებს თამაშობდა. ის მართლა ვერ თანხმდებოდა ირაკლისთან, თუმცა, ჩემი აზრით, ის ტყუოდა.

ირაკლი მათიკაშვილი _ კულტურის სამსახურის უფროსი:
_ „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში მერაბ ჩხაიძე თქვენ გადანაშაულებთ, რა კომენტარს გააკეთებდით?
_ უნდა შევხვდეთ და ვისაუბროთ… ძალიან მინდა, რომ სასამართლოში მიჩივლოს. იქნებ, გადასცეთ, რომ მიჩივლოს.
_ ის ამბობს, რომ უნდა გიჩივლოთ.
_ ძალიან კარგი, მიჩივლოს და სასამართლოში დავუმტკიცებ ყველაფერს. მთელი დასი მოვა, მოწმეები, რომლებიც გააღატაკა. ფაროსანა შეარქვეს, ფაროსანა, ხომ გესმით? ე. ი. კაცი, რომელიც წუმპიდან ამოვიყვანე, შემოგვეკედლა, მაწანწალა. მომღერლებს ჩამოჰყვა და დარჩა. ჩვენთან ერთი ქალი მუშაობდა, თითქოს, საბავშვო თეატრს აკეთებდა, მაგრამ არაფერი ესმოდა და მერე მაგას სთხოვა, რომ იქნებ, შენ მომეხმაროო. გაუხარდა და დარჩა. მუშაობა იცის, არ ვუკარგავ. დიდი ხანია, ყვარელში თეატრი აღარ ფუნქციონირებდა და მინდოდა, რომ თეატრის პრობლემა გადამეწყვიტა. ამიტომ გავხსენი ხალხური ფოლკლორის სკოლა და თეატრის აღდგენაზე მუშაობა დავიწყე. 50 წლის წინ აქ პროფესიული თეატრი არსებობდა და მერე უკვე მოიშალა. ჩხაიძეს შორიდან ვუყურებდი, აფერისტი არ იყოს-მეთქი. წინა ხელისუფლებას ერთი აფერისტი ჰყავდა, რომელმაც ბევრი ფული შეაჭამა და ქაღალდზე დარჩა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. მერე როცა ჩხაიძემ სპექტაკლი დადგა, მომეწონა _ იმ არარაობაში და ტრიალ მინდორზე პატარა ქოხსაც რომ დადგამ, უკეთესია. მოვკიდე ხელი და ვკითხე, _ აბა, აქ რას აპირებ-მეთქი? მიპასუხა, _ თუ ხელფასი მექნება, აქ დავრჩებიო. ძალიან გამიხარდა და ვუთხარი, _ მოკიდე ხელი საქმეს, დარჩი და დავიწყოთ. შევეცდები, რომ ხელფასი როგორმე დაგინიშნო-მეთქი, ამას შევპირდი. როცა მერაბ ჩხაიძე დავტოვე, არ ვიცოდი, რომ ყველგან ასეთი ამბები დაატრიალა, _ მოვალეები ჩამოდიოდნენ და თეატრში გვიცვივდებოდნენ. კიდევ რამდენი რამ მოვყვე, მაგრამ მას სახლი არ ჰქონდა, როცა ჩამოვიდა, ჯერ რამდენიმე ადგილზე იქირავა, სადაც კონფლიქტით დაასრულა _ კვლავ თანხაზე იყო ყველგან პრობლემა. მერე ჩემი ნამოწაფრის სახლში შევასახლე. იქიდანაც გამოუშვეს. მერე მძიმედ გახდა ავად. მე და ჩემი ცოლი მთელი 2 თვის მანძილზე საჭმელს ვუზიდავდით, რომ მდგომარეობიდან გამოგვეყვანა, სიკვდილს გადავარჩინე კაცი. მერე როცა ასე უსახლკაროდ დარჩა, ჩემთან წამოვიყვანე სამსახურში, ერთი ოთახი მქონდა კაბინეტისთვის, მინდოდა, გამეკეთებინა. ჯერ ავეჯი არ მედგა და იქ შევასახლე, _ ოღონდ ამან იმუშაოს, სპექტაკლი გააკეთოს და ჯანდაბას, იყოს აქ-მეთქი. 2 წელი ბინის ქირა არ გადაუხდია და ჩვენს შენობაში იყო. წყლის, დენისა და გათბობის ფულს არ იხდიდა და ა. შ. სათნოების სახლიდან უზიდავდნენ საჭმელს და არც კი კადრულობდა, რომ ჩასულიყო და დაპურებულიყო. მარტო საჭმელი?! ტანსაცმელზეც კი გავაფრთხილე თანამშრომლები და მათ ვარეცხინებდი თეთრეულს, ასე გარეცხილს და დაუთოვებულს მიუტანდნენ ხოლმე.
_ ხელფასი როდიდან დაუნიშნეთ?
_ იცით, რომ ის 500 ლარი მთელი ვაი-უით დავუნიშნე? გამგებელი მეუბნებოდა, _ ვინ არის ეს კაცი, რად უნიშნავ, არ იცნობო… ავდექი და ცოტა ფულს მირიცხავენ ფოლკლორის სახლში, ის 500 ლარი მოვაკელი ბავშვებს და მაგას მივეცი. ვეუბნებოდი, თანდათან საქმე ვაჩვენოთ და ნელ-ნელა მოგიმატებ-მეთქი. პირველი საბავშვო სპექტაკლი როცა დადგა, სპექტაკლის გასვლის წინა დღეს მომადგა და მითხრა, _ თუ გინდა, სპექტაკლი დაიდგას, ხვალ ფული უნდა მომცეო. გესმით, თქვენ?! რა ფული უნდა მიმეცა? ჩემი დაწესებულებიდან მივეცი ფული, იმის იმედით, რომ ხელმძღვანელობა ნახავდა და მოეწონებოდა. მოკლედ, მკაცრი უარი მითხრა, _ არ ვათამაშებ მსახიობებსო. წავედი, ვირბინე, 700 ლარი ვიშოვე და მივეცი. ეს სპექტაკლი დავამთავრეთ. მეორე სპექტაკლს უკვე აღარ დგამდა. ვუთხარი, _ ახლა კიდევ ერთი სპექტაკლი გავაკეთოთ-მეთქი. ძალიან მინდოდა დამედგა ქეთევან წამებული. მოკლედ, ათასი მიზეზი მომიძებნა და მითხრა, რომ მაგ სპექტაკლს ვერ დაგიდგამო. წავედი და პიესა მივუტანე, ვახტანგ ტაბლიაშვილის კინოსცენარი იყო. შეაკოწიწა: იქიდან მიაბა, აქედან მოაბა და სპექტაკლი გამოიყვანა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მე თვითონ დავრბოდი სათითაოდ დეკორაციაზე, ხელმძღვანელობა მანამდე არაფრით დაგვხმარებია, სანამ რაღაც არ ნახეს. მერე კი საქართველოს თეატრის განვითარების ფონდი მოგვეხმარა, სულ კაპიკ-კაპიკ ჩავუთვალე მათ დოკუმენტები, სად რა დავხარჯეთ. სპექტაკლის დადგმის წინა დღეს ისევ მომადგა და უცბად მეუბნება, _ თუ ფულს არ მომცემთ, დასს არ გამოვიყვანო. მე ვუთხარი, _ გაგაფრთხილე, დავდგათ სპექტაკლი და თუ რამე შემოსავალი იქნება, სულ შენი იყოს-მეთქი. _ ფული მინდაო! _ მკაცრად გამომიცხადა. ასე მაშანტაჟებდა. 900 ლარი ვისესხე და მივეცი.
_ ხელზე აძლევდით თუ ურიცხავდით?
_ არაა, ხელზე, რა დროს ჩარიცხვა იყო? ამის გარდა 1000 ლარი მისცა კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა. ამდენი შემოსავლის მიუხედავად, ის მაინც ათასობით ლარის ვალს იღებდა ჩემი სახელით. მოკლედ, რაც ყვარელში სპექტაკლები დავდგით, იმის მერე ველისციხის თეატრში ჩავაწყვე საქმე, რომ სპექტაკლი გაგვეტანა და ბილეთები გაგვევრცელებინა. გახარებული მოვდივართ მანქანით და შუა გზაში მეუბნება, _ თუ 3000 ლარს მომცემთ, კი ბატონო, თუ არადა, არსად წამოვიყვან ამ ხალხსო. არ დაგიმალავთ და გავაღე მანქანის კარი და ვუთხარი, _ გადი, გადაეთრიე აქედან და აღარ მოხვიდე ჩემთან-მეთქი. ჩავაგდე მანქანიდან. მოკლედ, ამ საუბრის შემდეგ კაბინეტში მომადგა და მეკითხება, _ როგორ არის საქმეო?! _ შენ ჩემთან აღარ მუშაობ, ისეთი რამეები ჩაიდინე, რომ აქ ვეღარ დარჩები-მეთქი! წამოხტა და მუშტი მომიშვირა, გამოექანა ჩემკენ და ისეთ საშინელ სიტყვებს მეძახის… ხალხიც იქაა და ესმით. მე ვუპასუხე, _ სახლი მოგეცი, კარი მოგეცი, ხელფასი მოგეცი და მე ვარ… კიდევ ასე რომ მეძახი სიტყვებს, მაგის ღირსი-მეთქი? მერე ერთი თანამშრომელი შემოვიდა და იმან გააგდო ოთახიდან. ისეთი ამბები გადავიტანე, სიკეთის ასეთი მოტრიალება არ მენახა…

დაჩი დავითაშვილი _ ყვარლის თეატრის თანამშრომელი:
_ მერაბ ჩხაიძის განთავისუფლებასთან დაკავშირებით რა კომენტარი შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ?
_ ძალიან კარგი რეჟისორი იყო, ძალიან კარგი, მაგრამ რისთვის გაათავისუფლეს, ამაზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. მე და ჩხაიძე ახლაც ვამხანაგობთ და ურთიერთობა გვაქვს. აქ რა მოხდა, მაგაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ვფიქრობ, რომ არ უნდა გაეშვათ _ საქმეს აკეთებდა! მაგის გაკეთებული იყო ყველაფერი ამ თეატრში თავისი შრომით, პროფესიონალიზმით და გამოცდილებით. ზოგადად, ყველაფერი ყოველთვის სამართლიანად არ ხდება.

ინკოგნიტო რესპონდენტმა „ქრონიკა+“-ს სთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა: თუ გამოვჩნდები, იმ ბოლო ლუკმასაც დავკარგავ, რითაც ოჯახს ვარჩენ, ბევრი არაა, მაგრამ რაღაც შვებას ხომ მაძლევსო.
_ გეტყვით, აქ რაც ხდება: პარლამენტარმა დათო მათიკაშვილმა და მისმა მამამ სადავეები ხელში მოიგდეს. მერაბ ჩხაიძე მან მოიყვანა და დანიშნა. აქამდე რომ გეკითხა, ღმერთი იყო და უცებ ამოტრიალდა. იცით, რატომ? მერაბი თეატრის საქმეებში არ ახედებდა. უფრო სწორად, მათიკაშვილს უნდოდა, თეატრის სპექტაკლებიც თვითონ შეერჩია. მის ხელშია სრული კონტროლი. მერაბი ეუბნებოდა, რომ შენ არ ხარ კომპეტენტური და ნუ ერევიო. თვითონ წერდა მერაბი პიესებს, ის ძალიან ნიჭიერი და განათლებული კაცია. ყველაფერი თვითონ იყო. შესაბამისად, ირაკლი მათიკაშვილს იგი სჭირდებოდა და იყენებდა. მერე როცა დაინახა, რომ მერაბი არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ რაღაც მაიმუნობები ეკეთებინა, სხვა რეჟისორი ნახა. ამის მერე სრულიად უმიზეზოდ დაუწყო მერაბს ჩხუბი. ზოგადად, ძალიან ბრიყვი კაცია, უზრდელად იცის მიმართვა, უკულტუროა. არც განათლება აქვს. ბოლოს, შარი მოუდო და იქით შეაგინა მერაბს. მერაბმა არ დაუთმო და ასე მოხდა, კახურად რომ ვთქვა, თავისი ბიჭის აყრია და პარპაშობს მათიკაშვილი. გამგებელს რასაც უნდა, იმას აკეთებინებს. ეს კაცი ყველაფრის უფროსია: კულტურისაც, სპორტისაც ძეგლთა დაცვისაც, ახალგაზრდულისაც. მაგრამ მისი ბიჭი, დათო მათიკაშვილი რომ პარლამენტშია და პერიოდულად ჩამოდის, ამათ აშინებს. ყველა თავის თავს უფრთხილდება, მერია თუ ვინც არის… ყველა რაიონში სიმღერის გუნდია, მაგ კაცის გამო ფოლკლორის განვითარების ცენტრის ფილიალი გააკეთეს ყვარელში, რომ იქაც ხელფასი ჰქონდეს და მერიაშიც. ანუ ყველაფერი თვითონ უნდა, რომ იყოს, ფულის კეთების მეტს არაფერს აკეთებს. თავისი სახლის გვერდით სასტუმრო ააშენა. ეკითხებიან, _ საიდანო? _ დათომ ამაშენებინა თავისი შემოსავლითო. ის ბიჭი კიდევ გამოდის ტელევიზორში და გაიძახის, _ მამაჩემმა 140 000 დოლარი მასესხაო. გამკითხავი არავინ არის, დღეს მაგათია ეს ქვეყანა. ყველგან გუნდია და მუნიციპალიტეტს სიმღერის გუნდი არ აქვს. აბა, მეტი რაღა უნდა მოგიყვეთ.

მაია მამულაშვილი _ ყვარლის თეატრის თანამშრომელი:
_ მერაბ ჩხაიძე საუკეთესო რეჟისორი იყო, მე მასთან სიამოვნებით ვმუშაობდი.
_ რა გახდა მისი განთავისუფლების მიზეზი?
_ მაგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვიცი, ოთახში რა მოხდა, მაგრამ ვიცი, რომ საუკეთესო რეჟისორი იყო, ვისთან ერთადაც ხელოვნებას ვემსახურებოდი. ახლა ახალგაზრდა რეჟისორი გვყავს და სპექტაკლზე ვმუშაობთ.

P. S. ჟურნალისტები იურისტები არ არიან. ჟურნალისტები ამბებს ჰყვებიან, იწერენ, აშუქებენ, არ ალამაზებენ, სამართლებრივი შეფასებები იურისტებისთვის მიგვინდვია, ასევე მკითხველისთვის. ფაქტი ერთია: ყვარლის თეატრმა დიდხანს უნდა იცოცხლოს! ხოლო აუდიტმა მყისიერი შემოწმება უნდა დაიწყოს, რა ხდება იქ?

„ქრონიკა+“ ამ თემაზე მუშაობას სამომავლოდაც გააგრძელებს

მაკა მოსიაშვილი