რატომ იკრძალება სასულიერო სემინარიაში თავისუფალი აზრი?!

სასულიერო სემინარიაში განსხვავებული აზრის დევნა დაიწყო. თამამი განცხადებებისა და სოციალურ ქსელში პირადი მოსაზრების გამო პრობლემები შეექმნა სასულიერო სემინარიის პროფესორ გოჩა ბარნოვს. თეოლოგი „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მის წინააღმდეგ გაილაშქრეს.
მისი თქმით, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ლექციები იმ საბაბით შეუჩერეს, რომ ის პატრიარქისა და სხვა ეკლესიების მეთაურების მტერია. თუმცა ბარნოვი ამბობს, რომ სინამდვილეში ამ გადაწყვეტილების მიზეზი სულ სხვაა.

თეოლოგის გაშვებასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს სასულიერო პირებმა. „გოჩა ბარნოვის გაშვება ნათელი დასტურია, რომ თავისუფალი სიტყვის არსებობის პრობლემაა“, _ ამბობს ამბროსი აღმსარებლის მონასტრის წინამძღვარი.
მამა ანდრია სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნულმა ფაქტმა სემინარიაში არსებული პრობლემები კიდევ ერთხელ გახადა თვალსაჩინო.

„ქრონიკა+“-ს პროფესორი გოჩა ბარნოვი ესაუბრება:
_ როდის დაიწყო თქვენსა და სასულიერო სემინარიას შორის დაპირისპირება და რა იყო ამის მიზეზი?
_ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩემ გაშვებაზე დაიწყეს ლაპარაკი. ადრეც იყო მსგავსი მცდელობა. პირველად 2016 წელს კრეტის კრების დასრულების შემდეგ მოხდა ჩემზე შეტევა. მაშინდელი საპატრიარქოს ადვოკატი ბატონი ქარჩავა გამოიყვანეს, რომელმაც ცილი დაგვწამა, რომ საზღვარგარეთ სტუდენტებს ვუშვებთ და პატრიარქის ჩამოგდებას ვაპირებთ. მაშინ არ გამოუვიდათ, რადგან ბრალდებები აბსოლუტური აბსურდი იყო. ბოლო წელიწადია, უკვე უკრაინის ავტოკეფალიაზე მიდის ლაპარაკი. ჩემი და ადმინისტრაციის შეხედულებები აქაც იყრებოდა. აქედან გამომდინარე, მუქარა ყოველთვის იყო. ახლა უკრაინის თემასთან დაკავშირებული ჩემი განცხადებები არ მოეწონათ.
_ სასულიერო აკადემიაში თავისუფალი აზრის გამოხატვა თუ არ შეგიძლიათ, ე. ი. სტუდენტები ზომბებად იზრდებიან?
_ რა თქმა უნდა. თუ ადამიანს თავისუფალი აზრის გამოთქმას დაუშლი და ეტყვი, რომ არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამოხატვა, ეს ძალიან უარყოფითად აისახება გარემოებაზე.
_ ე. ი. სასულიერო სემინარიაში თავისუფალი აზრის გამოხატვა იკრძალება?
_ ამას ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ვინც კი განსხვავებულ აზრს იტყვის, იმ წუთიდანვე დევნილია, რაღაც იარლიყს მიაკრავენ და დამთავრდა.
_ იქ მომუშავე არც ერთ პირს ამაზე არანაირი პრეტენზია არ აქვს?
_ არავის. პირად საუბრებში საბჭოს წევრები (აბსოლუტურად იდენტური შეხედულებები აქვთ) ყველანი თანხმობაში ვართ, მაგრამ საჯაროდ ან ოფიციალურ შეხვედრებზე ყველა ერიდება საკუთარი აზრის ხმამაღლა დაფიქსირებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი მოწინააღმდეგეებიც კი აბსოლუტურად იდენტურად ფიქრობენ, უბრალოდ, მე საჯაროდ ვლაპარაკობ და მაგათ არ მოსწონთ ჩემი ხმაურიანი განცხადებები.
_ სავარაუდოდ, სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.
_ რა თქმა უნდა. თვითონ სიტუაციაც გაჩვენებთ, რომ თავისუფალი აზრის გამოთქმა შეზღუდულია. თქვენ წარმოიდგინეთ, სტუდენტები რა მდგომარეობაში არიან.
_ სოციალურ ქსელში წერდით: „ყველა ადამიანმა იცის _ აკადემიის ადმინისტრაციისა და საპატრიარქოს გადამტერების რეალური მიზეზი ჩემ მიერ უცხოეთში სასწავლებლად გაშვებული სტუდენტებია“. რას გულისხმობთ?
_ სასწავლებლად მიდიან საბერძნეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, გერმანიაში და მე მათ ვეხმარები.
_ როგორ?
_ თეოლოგიურ სასწავლებლებში, უნივერსიტეტებში, თავისუფალ გარემოში ადამიანის სული თავისუფლებისკენ მიილტვის, რადგან მოსწონს თავისუფალი გარემო. შემდეგ წერენ და იმ პრობლემებზე საუბარს იწყებენ, რაც ზოგადად სასულიერო აკადემიაში არსებობს. თავისუფლად წერენ, თავიანთ აზრს გამოთქვამენ. მათ იქ არავინ ზღუდავს და ეს ამათთვის ძალიან არასასიამოვნოა.
_ ბანალურ კითხვას გისვამთ, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რატომ არ აწყობთ განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები? ადვილად უნდათ ახალი თაობის დამორჩილება თუ რა ხდება?
_ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ ეს გარკვეულ ჯგუფს არ მოსწონს. ზოგადად, ეკლესიაში ქრისტიანობა რასაც ქადაგებს, _ თავისუფლება, _ ნომერ პირველი საკითხია, რადგან ღმერთი ადამიანს თავისუფალ არსებად მიიჩნევს და ეკლესია ნამდვილად არ უზღუდავს ამ თავისუფალ ნებას, არც ქრისტიანული მოძღვრება, მაგრამ თანამდებობებზე მყოფი პირებისთვის მიუღებელია თავისუფალი აზრის გამოთქმა და ისინი ყოველთვის ცდილობენ, რომ შეზღუდონ იგი, რათა პრობლემები არ შეექმნათ.
_ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხმა საქართველოს ეკლესიის სინოდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. უკრაინის ავტოკეფალიის მომხრეები არიან ქორეპისკოპოსი იაკობი, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე, ცურტაველი მიტროპოლიტი ვახტანგი, ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი და სხვები. თუმცა არიან სხვა სასულიერო პირები, რომლებიც ხმამაღლა არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციებს. როგორ ფიქრობთ, რატომ დუმს საქართველოს საპატრიარქო? რატომ ერიდებიან ხმამაღლა საკუთარი აზრის დაფიქსირებას. შეიძლება ითქვას, რომ სინოდის წევრები ორად გაიყვნენ?
_ ასე ვერ ვიტყვით, რატომ დუმს საქართველოს ეკლესია, რადგან, ჯერჯერობით, არც ერთ სხვა ეკლესიას არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია. ეს არის დროის საკითხი. ასე იყო საქართველოს ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, იმ წუთში არ დაუწყიათ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა და აღიარება. საქართველოს ეკლესიას არავინ სთხოვს, რომ გინდა თუ არა, პირველმა დააფიქსიროს პოზიცია. ყველა ეკლესიაში ხდება მსგავსი პროცესები, ამიტომ საქართველოს ეკლესია არაა ვალდებული, რომ პირველმა დააფიქსიროს პოზიცია.
_ თუმცა, როგორც მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, შესაძლოა, ვალდებულებიც კი ვიყოთ, რადგან ამ შემთხვევაში კარგად ვიცით რუსეთის პოზიციაც.
_ გასაგებია, იდენტური სიტუაცია გვაქვს და ჩვენც იგივე გამოვიარეთ ავტოკეფალიის მიღებისთვის, რაც უკრაინამ გაიარა, მაგრამ ჩვენამდე მაინც არის უხუცესი საპატრიარქოები, რომლებიც პირველები დააფიქსირებენ ამ პრობლემას. არ ვამბობ, რომ საქართველოს ეკლესია წინააღმდეგი იქნება და მხარს არ დაუჭერს. ამის გამო საქართველოს ეკლესიის კრიტიკა არ შეიძლება, მაგრამ საღი აზრი არის უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება და სწორედ ჩემი ეს ტონი არ მოეწონათ.
_ რაც შეეხება მღვდელ ბიძინა გუნიას, ასე რატომ გიპირისპირდებათ, რა მოხდა?
_ მამა ბიძინა გუნიასთან არასოდეს მქონია ახლო ურთიერთობა. ვფიქრობ, მას აიძულებენ, რომ ილაპარაკოს, რადგან ჩვენ არასოდეს გვისაუბრია უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, არც სხვა თემებზე.

გიორგი საკარული