ბურუსით მოცული საქმე და სამი წელი სიმართლის ძიებაში

2016 წლის 28 დეკემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შპს „რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის საწარმოში“ თამაზ საფარაშვილი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. თვითმხილველები ამბობენ, რომ 66 წლის მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა პირველადი სამედიცინო ექსპერტიზა საპირისპიროს ამტკიცებს.
ექსპერტიზის დასკვნაში გარკვევით წერია, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა მკერდის ძვლის მოტეხილობა, ფილტვის ქსოვილების დაზიანება და გულ-მკერდის არეში ბლაგვი ტრავმის შედეგად დაზიანებული ფილტვიდან სისხლდენა. გულის შეტევით რომ არ გარდაიცვალა, ამაში დარწმუნებულია საფარაშვილის მეუღლეც. ნორა ტაბატაძეს გამოძიებასთან შეკითხვები დაუგროვდა.

ბურუსით მოცულ საქმეზე „ქრონიკა+“-ს გარდაცვლილის მეუღლე, ნორა ტაბატაძე ესაუბრება:
_ ჩემი მეუღლე, თამაზ საფარაშვილი, შპს „რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის საწარმოში“ ზეინკალ-შემკეთებლად მუშაობდა. საუკეთესო პროფესიონალი იყო. მეექვსე წელი რომ დაიწყო, ანუ 2016 წლის 28 დეკემბრის დილას, ჩვეულებრივად 8 საათზე წავიდა სამსახურში. საღამოს 6 საათზე დავურეკე და ვკითხე, მოდიოდა თუ არა სახლში, მიპასუხა, რომ ჯერ ვერაო. მითხრა, _ ავტობუსს ვაკეთებ, ამის შემდეგ მეორე ავტობუსი შემოდის, ფილტრებს დავუცვლი და მერე წამოვალო. საუბრის დასრულებიდან ზუსტად ნახევარ საათში ჩემთან შემოდიან მეზობლები და მეუბნებიან: თამაზი სამსახურში გამხდარა ცუდადო. მე, რასაკვირველია, გავოგნდი, რადგან ზუსტად ნახევარი საათის წინ ველაპარაკე. გარდა ამისა, არაფერი ეტყობოდა, რომ ის შეუძლოდ გრძნობდა თავს. მაგრამ მერე დამალვას აზრი აღარ ჰქონდა და პირდაპირ მითხრეს, _ თამაზი გარდაიცვალაო.
იმწამსვე გავემართე მასთან სამსახურში, სადაც უამრავი ადამიანი დამხვდა, მათ შორის იყო ქ. რუსთავის ყოფილი მერი, დავით ჯიქია, ტრანსპორტის გაერთიანებული სამსახურის დირექტორი ფრიდონ ღვალაძე, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, სასწრაფო დახმარება. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ თამაზის გული აემუშავებინათ, მაგრამ უშედეგოდ. თამაზი უკვე გარდაცვლილი იყო. საყურადღებოა, რომ ჩემი მეუღლის სიკვდილის დროს ადგილზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა: ზეინკალშემკეთებელი მიშა მუშკუდიანი, ასევე მძღოლები მალიძე, მეხრიშვილი და ყაველაშვილი. მიშას ვკითხე, _ რა მოხდა, რა მოუვიდა თამაზს-მეთქი? მეუბნება, _ გულის შეტევით გარდაიცვალაო.
_ თქვენს მეუღლეს გული აწუხებდა?
_ არა, ეს რომ მითხრეს, შოკი დამემართა, რადგან თამაზს გული არასოდეს აწუხებდა და თავის სიცოცხლის მანძილზე ექიმთან არ ყოფილა. სასწრაფოს მოსვლამდე ჩემი მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო.
_ შემდეგ რა ხდება?
_ ცხედარი რუსთავის პროზექტურაში წაიყვანეს, გაკვეთეს და სამთვიანი ლოდინის შემდეგ ექსპერტიზის ექიმმა გიორგი ოქრუაშვილმა სრულიად განსხვავებული დიაგნოზი დადო.
_ რა ეწერა ექსპერტიზის დასკვნაში?
_ ექსპერტიზის დასკვნაში ეწერა: გულმკერდის ბლაგვი ტრავმა, მარცხენა მხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი: მკერდის ძვლის მოტეხილობა მე-3 ნეკნთაშუა მიდამოში, მარჯვნივ ლავიწშუა ხაზზე მე-2-3-4-5-6 ნეკნების შეცილებული მოტეხილობები, მე-3 ნეკნის მონატეხი ბოლოებით პლევრის ფურცლებისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანებით, მცირე რაოდენობისა და ფილტვის ქსოვილის დაზიანებით, მცირე რაოდენობის სისხლის კოლტები, მარცხენა პლევრის ღრუში 800 მლ. სისხლის გუბე, მარცხენა ფილტვის ზედა წილის წინა ზედაპირზე სიცოცხლის დროინდელი ჭრილობა და სისხლჩაქცევები, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით სიცოცხლის დროს, სიკვდილის დადგომამდე უახლოეს პერიოდში. თამაზ საფარაშვილის სიკვდილის მიზეზია: გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული გულ-მკერდის ბლაგვი ტრავმის შედეგად დაზიანებული ფილტვიდან სისხლდენით და პლევრის ღრუს ჰერმეტიზმის დარღვევით.
_ რას ამბობენ თვითმხილველები? თქვენ წეღან აღნიშნეთ, რომ უბედური შემთხვევის ადგილას კიდევ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. მათთან არ გისაუბრიათ?
_ რა თქმა უნდა. ჩემი ქმრის უახლოესი მეგობარი და თანამშრომელი იყო მიშა მუშკუდიანი, რომელიც იმ მომენტში იქ იმყოფებოდა. ვეხვეწებოდი, რომ სიმართლე ეთქვა. ის კი ერთსა და იმავეს იმეორებდა: ავტობუსთან ვნახე წაქცეული, როცა ბიჭები მივცვივდით, თამაზი უკვე გარდაცვლილი იყოო. ეს ხომ აბსურდი და დიდი სიცრუეა. ადამიანი, რომელსაც არაფერი აწუხებდა, მით უმეტეს, გული, რანაირად წაიქცა, როგორ წაიქცა? ე. ი. სხვა რამე მოხდა.
_ გამოძიება რა ეტაპზეა?
_ გამოძიება დღემდე არ დამთავრებულა. საშინელება ისაა, რომ საგამოძიებო პროცესი მთლიანად შეჩერებულია. სამართალი დღემდე ვერ ვიპოვე. არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა და სწორედ ამის გარკვევას ვცდილობ. ან რაში დასჭირდა იქ მყოფ ოთხ ადამიანს ამხელა ტყუილი? ვინ დაავალა მათ ეს და რა ფარული გარიგება შედგა? მიშა მუშკუდიანის დაკითხვის ოქმს გავეცანი, სადაც ის გამომძიებელს ეუბნება, რომ არ აქვს სამედიცინო განათლება და შესაბამისად ვერ ეტყოდა თამაზის გარდაცვალების რეალურ მიზეზს. ახლა მაინტერესებს, როდესაც მუშკუდიანს ვთხოვდი, სიმართლე ეღიარებინა, მაშინ სამედიცინო განათლება ჰქონდა? საიდან მოიტანა, რომ გულის შეტევა იყო და სხვა რამე არა? პასუხი ამაზეც ვერ მივიღე.
ამ უბედური შემთხვევიდან მესამე წელი დაიწყო… არც გამოძიებას და არც პროკურატურას პასუხი არ აქვს. რატომ ჭიანურდება გამოძიება? რატომ არ ამბობენ თვითმხილველები სიმართლეს? ხშირი კონტაქტი მაქვს ბატონ ზურაბ ბლიაძესთან (გამომძიებელი), და პროკურორ ხატია გოგრიჭიანთან. ვეკითხები, მომხდართან დაკავშირებით თუ რამეა ახალი, მაგრამ, სამწუხაროდ, პასუხი არ აქვთ, _ ახალი არაფერიაო.
_ რატომ?
_ არ ვიცი, უკვე მესამე წელია, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან პასუხს ელოდებიან, მაგრამ ლოდინს დასასრული არ უჩანს, არც გამოძიება იჩენს დიდ ინტერესს, რომ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე ექსპერტიზის ბიურომ მითითებულ ვადამდე დაასრულოს მუშაობა და პასუხი დადოს. ვის აღარ მივმართე ზემდგომ ორგანოებში, მაგრამ ყურადღებას არავინ მაქცევს. ჩემი თხოვნისა და მუდარის არავის ესმის.
_ თქვენი მთავარი მოთხოვნა რა არის?
_ მინდა, რომ საქმე დროულად და ობიექტურად გამოიძიონ. სიმართლე მინდა გავიგო, რით გარდაიცვალა ჩემი მეუღლე. ადამიანს ათი ნეკნი ჰქონდა მოტეხილი, გულის ფიცარი ჩამტვრეული, ფილტვი დაზიანებული და ესენი მეუბნებიან, გულის შეტევით გარდაიცვალაო. წარმოებას დაეკისროს თავისი წილი პასუხისმგებლობა. იმას ვერ ვიტყვი, რომ იქ ვინმემ თამაზს თითი დაადო, რადგან თამაზი ყველას ძალიან უყვარდა და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან.
_ კომპენსაციას მოითხოვთ?
_ რა თქმა უნდა! დაკრძალვის ხარჯები მაინც ამინაზღაურონ. წარმოებიდან საერთოდ არავინ მოსულა, დირექტორს ვგულისხმობ. თანამშრომლებმა თანხა შეკრიბეს და ამასაც მიშამ გაუწია ორგანიზება. ჩემი და ჩემი გარდაცვლილი მეუღლის კონსტიტუციური უფლება უხეშად ირღვევა. ნუთუ, იმის უფლება არ მაქვს, რომ გავიგო, რით მოკვდა ადამიანი, ვისთანაც 42 წელი გავატარე?! წარმოებამ ერთი თეთრიც არ გაიღო, ყველამ აიცილა პასუხისმგებლობა და ასე გაუბედურებული დავრჩით მე და ჩემი შვილი.
_ რას ფიქრობთ, რეალურად რა მოხდა?
_ ვფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე ავტობუსის ქვეშ იმყოფებოდა, რომელიც დანგრატით იყო აწეული, თუმცა რაღაც ფაქტორის გამო ავტობუსი ასცდა დანგრატს და ჩემს მეუღლეს მთლიანად მკერდზე დაეცა! ასეთი უბედურება მოხდა. ძალიან გულგრილად ეკიდებიან ამ საქმეს. ოთხივე ადამიანმა იცის, თუ რა მოხდა იქ რეალურად, მაგრამ სიმართლეს არც ერთი ამბობს.
_ და რატომ არ ამბობენ სიმართლეს? ფიქრობთ, რომ მათზე ზეწოლაა?
_ აბა, სხვა რა ვიფიქრო? როგორ შეიძლება, ადამიანი იქვე სამ მეტრში წაიქცა და ეს ვერ დაინახო ან რამ წააქცია? რატომ დასჭირდა მას პირველადი დახმარება? თუ ვცდები და ამ სიტუაციას რეალურად ვერ ვაფასებ, მაშინ თქვენ ამიხსენით, რატომ დუმს დღემდე გამოძიება? რა იყო თამაზ საფარაშვილის სიკვდილის მიზეზი? პასუხს ველი.
_ მხოლოდ თქვენი მეუღლე არჩენდა ოჯახს?
_ რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლე იყო ყველაფერი. თამაზი გახლდათ უაღრესად კარგი, კეთილი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი, ერთგული კაცი, რომელიც ყველას უყვარდა, დიდსაც და პატარასაც.
_ დღეს რა არის თქვენი შემოსავლის წყარო?
_ პენსია მაქვს.

2016 წელს თამაზ საფარაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ხოლო შემდეგ აღნიშნული მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 117-ე მუხლით გაგრძელდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„ქრონიკა+“ რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელ ზურაბ ბლიაძეს დაუკავშირდა:
_ ბატონო ზურაბ, რა ეტაპზეა თამაზ საფარაშვილის საქმის გამოძიება?
_ გამოძიება მიმდინარეობს 2016 წლიდან, თუმცა ამ ეტაპზე კომისიური ექსპერტიზა გვაქვს დანიშნული და დასკვნას ველოდებით.
_ უკვე მესამე წელია, რაც სამხარაულის სახელობის ბიუროდან ექსპერტიზის დასკვნას ელოდებით და ამდენი დრო სჭირდება?
_ ექსპერტების კომისია დგება, ცალ-ცალკე ყველა იწყებს კვლევას. ერთ კვლევას 365 დღე აქვს ვადა, რომ ერთი ექსპერტიზა დაიწყოს. მერე ყველა მომდევნოს და ახალს კიდევ 365 დღე.
_ თუმცა პირველადმა სამედიცინო ექსპერტიზამ ის დაზიანებები აჩვენა, რაც თამაზ საფარაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა. ამ შემთხვევაში რატომ გახდა აუცილებელი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჩართულობა?
_ ეს იყო პირველადი ექსპერტიზა, რამაც გარდაცვალების მიზეზი მოგვცა, მაგრამ ამ პირველადი დასკვნის გადამოწმება საჭიროდ მივიჩნიეთ, ამიტომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადავგზავნეთ. აღნიშნულ საქმეს ექსპერტები მთლიანად იკვლევენ.

გიორგი საკარული