დიმიტრი შაშკინი: „ოცნებას“ სახელმწიფოს მართვა ნარდის თამაში ჰგონია და „დუშაშის“ ნაცვლად მუდმივად „დუბარას“ აგორებს!“

განათლების მინისტრობიდან რომ გადააყენებენ, მიხეილ ბატიაშვილი უსამსახუროდ ნამდვილად არ დარჩება _ პირველადი პროფესიით დასაქმებას თუ ვერ მოახერხებს, საჯარო ლექციებს წაიკითხავს „მეტ-ნაკლებად შეცემის“ საკითხებზე.
ამ არაკორექტული სიტყვისთვის სხვა დროს ბოდიშს მოვიხდიდით, მაგრამ ეს არაკორექტული სიტყვა საჯარო მეტყველებაში სწორედ განათლების მინისტრმა შემოიტანა, ანუ ფრაზა _ „მეტ-ნაკლებად შევეცი“ _ ბატონ ბატიაშვილს სკოლის საატესტატო გამოცდებზე საუბრისას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წამოსცდა.

სხვათა შორის, ფროიდის მოძღვრების თანახმად, ნებისმიერ წამოცდენას თავისი ახსნა აქვს და ამის შესახებ ჩვენზე კარგად პატივცემულმა მინისტრმა უნდა იცოდეს, რომელიც ფსიქოლოგი გახლავთ, თუმცა წამოცდენის ანატომია სხვა დროს გავაანალიზოთ. ახლა კი ის გავარკვიოთ, თუ რა ხდება განათლების სისტემაში.
ამ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი, ამბობს, რომ განათლების სისტემაში კორუფცია, ნეპოტიზმი და დილეტანტიზმი ყვავის. ამასთან, ბატონი შაშკინი არც იმის თქმას ერიდება, რომ განათლების სამინისტრო „ოცნების“ ხელში ერთგვარ სადამსჯელო უწყებად იქცა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხელისუფლება პედაგოგებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევს, სასტიკად უსწორდება. სასტიკად გასწორების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი ზუგდიდში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევაა _ ერთ-ერთი წარმატებული სკოლის წარმატებული დირექტორი, ია კერზაია, რომელმაც პოლიტიკური დავალებები არ შეასრულა, გარდაიცვალა. დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ია კერზაიას წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დაიგეგმა და მისი განხორციელება მინისტრ ბატიაშვილს დაევალა. ოპოზიცია იმაშიც დარწმუნებულია, რომ მოვა დრო და ამ დანაშაულისთვის ბატიაშვილი საკადრისად დაისჯება. ასევე ყველა ის პირი აგებს პასუხს, რომელიც კერზაიას წინააღმდეგ წარმოებულ ტერორში პირდაპირ თუ ირიბად იყო ჩართული.

სად გაიფლანგა 175 მილიონი ლარი და ეშველება თუ არა განათლების სისტემას? _ „ქრონიკა+“-ს ამ თემებზე განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ესაუბრა:

_ განათლების მინისტრის ეროტიკულ წამოცდენას თავი რომ გავანებოთ, ფაქტია: განათლების სისტემაში რაღაც ხდება _ ჯერ იყო და სკოლის საატესტატო გამოცდები გააუქმეს, მომავალი წლიდან უნარების გამოცდებიც უქმდება. სოციალურ ქსელში ხუმრობენ, მალე, შესაძლოა, საერთოდ, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლებიც დაიხუროსო. ბატონო დიმა, რა ხდება?
_ 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განათლების სისტემის განადგურება დაიწყო და, სამწუხაროდ, ინსტიტუცია, რომელიც პირველი დაეცა, სწორედ განათლებაა!
_ იმის თქმა გინდათ, რომ „ოცნებამ“ განათლების სისტემის განადგურება მიზანმიმართულად დაიწყო?
_ სახეზეა დილეტანტიზმის, კორუფციული ინტერესებისა და, უკაცრავად, ყველაფრის ფეხზე დაკიდების კომბინაცია!
განათლების სისტემა საქართველოში ყველაზე დიდი სისტემაა და, შესაბამისად, ჯანდაცვის შემდეგ ყველაზე მეტი ფულიც აქვს. 2012 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ადამიანებს, ბუნებრივია, ფულის კეთების სურვილი გაუჩნდათ. პარალელურად, რადგან სისტემა დიდია, იქ დასაქმების დიდი საშუალებაცაა, ანუ განათლების სისტემაში დილეტანტების დასაქმება ნეპოტისტურად დაიწყეს. დიახ, იმ ხალხს, ვინც ამ სისტემაში 2012 წლის შემდეგ დაასაქმეს, არც განათლების ესმის რამე, არც _ მენეჯმენტის და არც ქვეყნის სამსახურში ყოფნა იცის.
_ ანუ განათლების სისტემა „ოცნების“ აქტივისტების დასაქმების, ასე ვთქვათ, ბეღლად იქცა?
_ დიახ. ამასთან, აქტივისტების გარდა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებსაც ასაქმებენ, ანუ სქემა მარტივია _ რადგან სისტემა დიდია და ბევრი ფული აქვს, იქიდან ფულის მოპარვაც შეიძლება. საერთოდ, ყველაფერს თავისი მდგრადობის კოეფიციენტი აქვს. მაგალითად, რკინაც, თუ არ მოვუვლით, დაჟანგდება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, 2019 წლისთვის განათლების ინსტიტუცია დაეცა. უფრო კონკრეტულად, აქამდე ეს ინსტიტუცია თავისუფალ ვარდნაში იყო და ახლა დადგა დრო, როცა დაეცა.
_ „თავისუფალ ვარდნაში“ რას გულისხმობთ, ბატონო დიმა?
_ რას და, მაგალითად, მასწავლებელთა 90% სასერტიფიკაციო გამოცდებს ვერ აბარებს და იმის ნაცვლად, რომ პედაგოგები ამ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოემზადებინათ და მათი კვალიფიკაცია აემაღლებინათ, მათ ფული მოპარეს!
_ რას ნიშნავს, „ფული მოპარეს“?
_ გეტყვით: ბოლო 7 წელიწადში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, დაახლოებით, 175 მილიონი დაიხარჯა, ანუ ყოველწლიურად მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე 25 მილიონზე მეტი იყო გამოყოფილი. ნებისმიერმა პედაგოგმა საკუთარ თავს დაუსვას კითხვა, _ ეს ფული მასთან მივიდა? სახელმწიფოსგან გამოყოფილი 175 მილიონიდან რამე მიიღო? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: რამე რომ მიეღოთ, ფიზიკის ან ქიმიის გამოცდაზე 10-დან 9 მასწავლებელი, ბუნებრივია, არ ჩაიჭრებოდა.
მეორე პრობლემა ის გახლავთ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი მოიშალა.
_ რატომ?
_ ამასაც რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის, ის, რომ დირექტორები, რომლებიც სახელმწიფომ, თავის დროზე, მოამზადა და სერტიფიცირების პროცესი გაატარა, სამსახურიდან ისე გაყარეს, როგორც პოლიტიკურად არაკეთილგანწყობილები და მათ ნაცვლად ძველი, შევარდნაძისდროინდელი დირექტორები მოიყვანეს, რომლებიც მენეჯმენტის აზრზე არ არიან. ეს ადამიანები შევარდნაძის დროს ფულის მოპარვით და მშობლებისგან ფულის შეკრებით იყვნენ დაკავებულები. სამსახურებიდან გაყრილებიდან ზოგი სასამართლომ კი აღადგინა, მაგრამ სკოლაში მაინც არ დააბრუნეს. აი, ერთი-ერთი მიზეზი ეს გახლავთ, რის გამოც სკოლაში სასწავლო პროცესი მოიშალა.
ყველაფერ ამას უამრავი სხვა პრობლემაც დაემატა, მაგალითად, ის, რომ განათლების მინისტრად გვყავდა გიორგი მარგველაშვილი, რომელიც განათლების მამად მიიჩნევდა თავს და ფიქრობდა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ფილოსოფოსი უნდა ყოფილიყო. ამიტომ რამდენიმე უფასო ფაკულტეტი, მათ შორის, ფილოსოფიის ფაკულტეტი შექმნა. ამ უფასო ფაკულტეტებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 7 წლის განმავლობაში, 200 მილიონამდე დაიხარჯა. ახლა კი მინისტრი ბატიაშვილი გამოდის და ამბობს, ყველაფერს გავაკეთებთ, უფასო ფაკულტეტები რომ აღარ არსებობდესო, ანუ უფასო ფაკულტეტების გაუქმებით გამოდის, რომ სახელმწიფო 200 მილიონს ჰაერში ისვრის. ჩვენ ხომ ძალიან ბევრი ფული გვაქვს და შეგვიძლია, 200 მილიონი გავისროლოთ?!
_ თქვენი ირონია გასაგებია…
_ ეს ირონია კი არა რეალობაა და ასეთი მაგალითი, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია.
_ ბატონო დიმა, განათლების სისტემის ჩამოშლის სათავე კორუფციაა თუ ამას უცოდინარობა, დილეტანტიზმი და არაპროფესიონალიზმიც ემატება?
_ ერთი მხრივ, მოგიყვანეთ უცოდინარობის გამო ფულის გაფლანგვის მაგალითები, მეორე მხრივ კი, ბუნებრივია, კორუფციული გარიგებაც ძალიან ბევრია და ამას ლაპარაკი რად უნდა?
აი, მაგალითად, თავის დროზე, განათლების სამინისტროში სპეციალური სტრუქტურა შევქმენი, რომელიც სკოლებს იურიდიულ დახმარებს უწევდა. ეს სტრუქტურა სიპი იყო, ანუ უფლება ჰქონდა, შემოსავალი მიეღო და ერთ წელიწადში სახელმწიფო ბიუჯეტში მილიონი შეიტანა. იცით, „ქართული ოცნების“ მინისტრებმა რა გააკეთეს? _ ეს სტრუქტურა დაშალეს და სკოლებზე ფულის გადაცემა ბიზნესკომპანიას დაავალეს. ამ ბიზნესკომპანიის 85 პროცენტამდე თავად გადაიფორმეს და წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონ ლარს ითვისებენ.
კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან: სახელმწიფო იმ ავტობუსებზე, რომელიც მოსწავლეებს უნდა ემსახურებოდეს, წელიწადში 50 მილიონს ხარჯავს. ასეთი მარშრუტები თბილისშიც არის, მაგრამ გინახავთ, რომ დედაქალაქში მოსწავლეებს ავტობუსი ემსახურებოდეს?
_ სიმართლე გითხრათ, არ მინახავს.
_ დილეტანტიზმის კიდევ ერთი სქემა მასწავლებლებს ეხება, რომელზედაც ასობით ათასი ლარი დაიხარჯა. ამ სქემამ არ იმუშავა და ახალმა მინისტრმა გააუქმა. ფული თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ დროც ხომ წავიდა?
_ ყველაფერ ამის პარალელურად, ზოგი ამბობს, რომ განათლების სამინისტრო სადამსჯელო უწყებად ჩამოყალიბდა და ამის მაგალითად ია კერზაიას გარდაცვალებას ასახელებენ.
_ ეს ხელისუფლება სკოლებს ისე უყურებს, როგორც საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან ბერკეტს. ამის თქმას ყველა ერიდება, მაგრამ მოდით, სიმართლეს თვალებში შევხედოთ _ სკოლის უამრავი დირექტორი და მასწავლებელი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში იძულებით იყო ჩართული, რადგან სამუშაოს დაკარგვა არ უნდოდა. მათ კი, ვინც ამაზე უარი თქვა, ისე ექცეოდნენ, როგორც ქალბატონ კერზაიას მოექცნენ. ეს ქვეყნის დიდი უბედურებაა!
_ თქვენი აზრით, პედაგოგები მასობრივ ზეწოლაზე ხმამაღლა რატომ არ საუბრობენ?
_ ვერ გეტყვით. საერთოდ, ისიც მიკვირს, რომ ხალხი ბევრ რამეზე არ იღებს ხმას. ისეთი უბედურება, როგორიც ია კერზაიას გარდაცვალებაა, ჩემი მინისტრობის დროს რომ მომხდარიყო, ამ ქვეყნიდან, მგონი, შენობიანად გამიტანდნენ!
სხვათა შორის, ჩემს დროს სტატუსი 4 ათას სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული. იცით, ახლა საქართველოში სტატუსშეჩერებული რამდენი სტუდენტია?
_ რამდენი?
_ განათლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში 50 ათასზე მეტ სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს!
_ ეს რიცხვი ასე რატომ გაიზარდა?
_ ბევრი მიზეზია, ანუ ესეც კომპლექსური პრობლემაა. მთავარი კი ეკონომიკური სიტუაციაა _ ხალხი მეტს ხარჯავს საჭმელზე და ფული აღარ აქვს, რომ შვილების სწავლის გადასახადი გადაიხადოს. ამას ემატება უმუშევრობაც _ სტუდენტი ვერ მუშაობს. რამდენიმე უნივერსიტეტის ბიუჯეტი 100 მილიონის ფარგლებში ან 100 მილიონზე მეტია, მაგრამ უმაღლესი სასწავლებლები სოციალური პასუხისმგებლობით არ გამოირჩევიან და არ ცდილობენ, რომ სტუდენტებს როგორმე დაეხმარონ, მაგალითად, სწავლის საფასურის განვადება გაუკეთონ. აქამდე ბანკიდან სესხის აღებაც მარტივი იყო. მოკლედ, სახელმწიფოს ეს თემა არ აინტერესებს.
_ ისიც ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ სახელმწიფოს განათლებული საზოგადოება არ აინტერესებს და სკოლის საატესტატო თუ უნარების გამოცდები სწორედ ამ მოტივით გააუქმა?
_ აქაც რამდენიმე მიზეზია. საერთოდ, განათლება ყველაზე რთული სისტემაა. დღეს კი ამ სისტემაში ერთმანეთს ფულის ინტერესები, დილეტანტიზმი და მავნებლობა ეჯახება.
_ ანუ გამოცდების გაუქმებაში გარკვეული ფინანსური ინტერესები იკვეთება?
_ ამ „რეფორმის“ ერთ-ერთმა აპოლოგეტმა, სიკო ჯანაშიამ, პირდაპირ ეთერში განაცხადა, უნივერსიტეტებში 40 ათასი ადგილია, ყოველწლიურად კი სკოლას 34 ათასი მოსწავლე ამთავრებს, ანუ უმაღლეს სასწავლებლებში 6 ათასი ადგილი ცარიელი რჩებაო. ახლა ეს 6 ათასი, მინიმუმ, 2250-ზე გაამრავლეთ და ნახავთ, უნივერსიტეტებს რა თანხაც აკლდებათ.
_ 6 ათასი 2250-ზე რატომ უნდა გავამრავლოთ?
_ იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გადასახადი, უმეტესად, ზუსტად 2250 ლარია.
მოკლედ, ყველაფერ ამაზე ღიად საუბრობენ. იმას კი არ ამბობენ, ვთქვათ, ამდენი ფილოსოფოსი გვჭირდება თუ არა. ისე, ერთი ფილოსოფოსი ივანიშვილმა ძლივს დაასაქმა პრეზიდენტად და ახლა ასობით ფილოსოფოსს ამზადებენ. გვჭირდება კი ამდენი იურისტი ან ექიმი? _ ამაზე გათვლას არ აკეთებენ.
აი, ნახეთ, რა თქვეს _ ბაკალავრიატი 3-წლიანი იქნება. ყოველწლიურადაც უმაღლეს სასწავლებელს 35 ათასამდე ადამიანი ამთავრებს და შესაბამისად, სამსახურის ძებნას იწყებს. დიდ ბრიტანეთში ბაკალავრიატი სამწლიანია, აშშ-ში _ ოთხი, მაგრამ იგივე ბრიტანეთში ისეთი სწავლაა, რომ სტუდენტს ყავის დალევის დროც არ აქვს. ჩვენი და ბრიტანეთის განათლების სისტემების ერთმანეთთან შედარება არც შეიძლება. მართალია, თსუ მაქვს დამთავრებული და ძალიან მიყვარს, მაგრამ ოქსფორდს ვერ შევადარებთ.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ როგორც კი ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდება, ერთ მომენტში, უმაღლეს სასწავლებელს, 35-ის ნაცვლად, 70 ათასი ადამიანი დაამთავრებს და, შესაბამისად, სამსახურის ძებნასაც დაიწყებს, მაგრამ ამდენი სამუშაო ადგილი გვაქვს?
_ ანუ უმუშევართა რიცხვი ავტომატურად გაიზრდება, რაც თავის ტკივილი, ცხადია, ხელისუფლებისთვის იქნება. ასეა?
_ დიახ, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს.
ერთ ამბავს გავიხსენებ: სწავლის დაწყების დღედ 15 სექტემბერი დავაწესე. „ოცნებამ“ ეს თარიღი რამდენჯერმე გააუქმა, ბოლოს კი მაინც 15 სექტემბერს დაუბრუნდა, თუმცა არ ესმის, სწავლა, მაინცდამაინც, 15 სექტემბერს რატომ უნდა დაიწყოს.
_ ისე, მხოლოდ ხელისუფება კი არა, უბრალო ადამიანებიც ვერ ხვდებიან, სწავლა პირველის ნაცვლად, 15 სექტემბერს რატომ უნდა იწყებოდეს?
_ სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტემბერი ჯანდაცვის, ეკონომიკის სამინისტროებისა და ტურიზმის დეპარტამენტის ექსპერტებთან მუშაობის შედეგდ ავიღეთ, ანუ საერთო გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სწავლის დაწყებით ეკონომიკისთვის არ გვევნო _ სწავლა პირველ სექტემბერს რომ დაწყებულიყო, ამით იგივე ტურიზმს ფული სერიოზულად დააკლდებოდა იმიტომ, რომ სწავლა რომ დაიწყება, შვებულებაში აღარავინ წავა. ერთი სიტყვით, ამ გადაწყვეტილების მიღებისას მილიონი ნიუანსი გავითვალისწინეთ, მაგრამ იცით, „ოცნების“ პრობლემა რა არის?
_ რა?
_ ეს ხალხი ჭადრაკს არ თამაშობს. ამ ხალხისთვის ჭადრაკი გაუგონარი თამაშია. ამიტომ „ოცნების“ წევრები ნარდს თამაშობენ _ კოჭს გააგორებენ, თუ „დუშაში“ მოუვათ, ხომ კარგი და თუ არადა, წააგებენ, თუმცა ეს არ ადარდებთ! სახელმწიფოს მართვა ნარდის თამაში არ არის! ესენი „დუშაშის“ ნაცვლად მუდმივად „დუბარას“ აგორებენ!
_ სკოლის საატესტატო და უნარების გამოცდების გაუქმება 90-იან წლებში ხომ არ დაგვაბრუნებს, როცა ატესტატისა თუ დიპლომის აღება „ბანბანერკის“, ინდაურისა და გოჭის სანაცვლოდ შეიძლებოდა?
_ თავისთავად!
როცა საატესტატო გამოცდები შემოვიღეთ, ეს იძულებითი პილოტური გადაწყვეტილება იყო _ ორი წელი უნდა ემუშავა და 2013 წლიდან ამერიკულ მოდელზე გადავსულიყავით, ანუ სისტემას ვამზადებდით, რომ ე. წ. 8+1 მოდელზე გადავსულიყავით, რომელიც აშშ-ს გარდა დიდ ბრიტანეტშიც მოქმედებს და საფრანგეთშიც. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური პროგრამა ორის ნაცვლად 9 წელი გაგრძელდა, რადგან რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, მარგველაშვილმა ნაგვის ყუთში გადააგდო. 2013 წლიდან ვამბობდი, _ რას შვრებით, ყველაფერი ხომ გამზადებული დაგიტოვეთ და თქვენ მხოლოდ უნდა განახორციელოთ-მეთქი, მაგრამ არ აინტერესებდათ.
საატესტატო გამოცდები, ბუნებრივია, დასახვეწი და შესაცვლელი იყო, მაგრამ არა _ გასაუქმებელი! საატესტატო გამოცდების გაუქმებას მოჰყვება კორუფციის აფეთქება _ სკოლებში ატესტატების გაყიდვას დაიწყებენ, მით უმეტეს, გაიხსენეთ, სკოლის დირექტორებად ვინ დააბრუნეს.
_ ვინ?
_ ვინ და, როგორც წეღან გითხარით, შევარდნაძისდროინდელი კადრები.
ამას გარდა, სკოლებში ისეთი დისციპლინები მოკვდება, როგორებიცაა ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა.
_ რატომ მოკვდება?
_ იმიტომ მოკვდება, რომ ბავშვებს ამ საგნების სწავლის აღარც ინტერესი ექნებათ და აღარც _ სტიმული.
სხვათა შორის, თეორია, რომლითაც ახლა საატესტატო გამოცდების გაუქმებას ამართლებენ, 2009 წელს იმ ხალხისგან მომისმენია, რომელიც ახლა ქადაგებს. ეს ძალიან მავნე გადაწყვეტილებაა, რომელსაც პრაქტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ერთი შეკითხვა 2009 წელსაც მქონდა, მასზე პასუხი ვერ მივიღე და ახლაც იგივე კითხვას ვსვამ. თუ ვინმე მიპასუხებს, ვიტყვი, რომ ვცდები:
შეუძლია, ვინმემ მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა დამისახელოს, სადაც ბავშვები სკოლას უგამოცდოდ ამთავრებენ ან უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ აბარებენ? ასეთი ქვეყანა არ არსებობს. ფინეთიც კი, რომელმაც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე უარი თქვა და ცდილობს, თავისი განათლების სისტემა ახალ ლიანდაგზე გადაიყვანოს, გამოცდებს არ აუქმებს! სხვათა შორის, ფინეთმა პედაგოგების კვალიფიკაციაში მილიარდები ჩადო და განათლების რეფორმას 1972 წლიდან ატარებს. ავიღოთ აშშ, სადაც პედაგოგს არ აქვს ვალდებულება, რომ კონკრეტული სახელმძღვანელო გამოიყენოს _ სახელმწიფო მის ცოდნას ენდობა. ამის მიუხედავად, გამოცდები აშშ-შიც არის, ანუ სახელმწიფო სწავლის შეფასების კუთხით თავის ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს ვერ თმობს და ეს ბერკეტი გამოცდაა.
_ გამოცდების გაუქმების წინაპირობა თითქოს არ არსებობდა, ანუ თქვენი დაკვირვებით და ანალიზით სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო?
_ ეს მხოლოდ განათლების პრობლემა არ არის.
_ აბა, კიდევ რისი პრობლემაა?
_ როცა ნამუსი „დააწვება“ ხოლმე, „ქართული ოცნება“ თავადაც აღიარებს, რომ კომუნიკაცია საერთოდ არ არსებობს და ყველა იმას აკეთებს, რაც მოუნდება. მინისტრები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან და ბუნებრივია, ის მოხდა, რაც ჩვენი ხელისუფლების დროს არ მოხდებოდა!
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისეთ სისტემას, როგორიც განათლებაა, განათლების სპეციალისტმა არ უნდა უხელმძღვანელოს.
_ რატომ?
_ განათლებაში თეორია ბევრია და ყველა ეს თეორია პრაქტიკისგან შორს დგას. ამიტომ განათლების სისტემას უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომელსაც კრიტიკული აზროვნებისა და ამ თეორიების დაბალანსების უნარი აქვს. როგორც კი განათლების სისტემას ერთი თეორიის მიმდევარი იღებს ხელში და რეფორმების განხორციელებას იწყებს, პრობლემებიც ჩნდება.
სხვათა შორის, იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს გამოცდების გაუქმებას ქადაგებენ, თავიანთი იდეების რეალობაში განხორციელება ერთხელ უკვე სცადეს.
_ ვის გულისხმობთ?
_ მაგალითად, სიკო ჯანაშიას, რომლის ინიციატივითაც, თავის დროზე, სკოლებში ნიშნები და ჟურნალები გაუქმდა, მაგრამ დროზე მივხვდით, რომ ეს რეფორმა სიკეთის მომტანი არ იყო. საერთოდ, შეფასების სისტემის შეცვლა პედაგოგის კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე დემაგოგიაა და მეტი არაფერი!
დღეს განათლების სამინისტროში არც პროფესიონალიზმი არსებობს და არც _ სურვილი, რომ იმაზე, რასაც აკეთებენ, რეალურად დაფიქრდნენ. ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ!
_ უნარების გამოცდების გაუქმებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?
_ დიახ. უნარების გამოცდების დემონიზაცია მოხდა და ამას ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა.
_ კერძოდ?
_ თავის დროზე ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა გვითხრა, სასკოლო განათლებაში ყველაზე სერიოზული პრობლემა მშობლებისგან მოდისო, ანუ მეც მშობელი ვარ და სკოლა მეც საბჭოთა კავშირის დროს დავამთავრე. მაშინ განათლების სულ სხვანაირი სისტემა იყო, ცუდი თუ კარგი, ახლა ამაზე კამათს არ ვაპირებ, მაგრამ მაშინ სხვა გამოწვევები არსებობდა. დღეს კი აბსოლუტურად სხვა სამყაროში ვცხოვრობთ _ ბოლოს და ბოლოს, ინტერნეტმა ყველაფერი შეცვალა. მოკლედ, როცა ბავშვი მშობელს რაღაცას ეკითხება, მაგრამ მშობელმა ეს არ იცის, ბუნებრივია, მას ნეგატიური რეაქცია აქვს. იგივე შეიძლება უნარებზეც ვთქვათ _ ბევრმა ვერ გაიგო, უნარების გამოცდა რა იყო, რადგან მის ბავშვობაში ასეთი რამ არ არსებობდა.
უნარები ის თვისებებია, რომელიც ადამიანში რვა სავალდებულო საგნის სწავლის დროს ვითარდება. ეს საგნებია: მშობლური ენა, უცხო ენა, გეოგრაფია, ისტორია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. ზოგი ამბობს, აი, უნარებში ხომ ემზადებიანო, მაგრამ როგორც საგანში, უნარებში არავინ ამზადებს. რეპეტიტორები ბავშვებს გამოცდის მეთოდოლოგიაში ამზადებენ და არა _ შინაარსობრივ ნაწილში იმიტომ, რომ უნარებში მომზადება შეუძლებელია! სამწუხაროდ, ეს ბევრს არ ესმის და ამიტომაც უნარების გამოცდის დემონიზაცია მოხდა.
უნარების გამოცდის არასავალდებულო რეჟიმში გადაყვანა იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტები მასზე უარს იტყვიან, რადგან ფიქრობენ, რომ შეიძლება, ბევრი აბიტურიენტი ჩაიჭრას, მაგრამ ასე არაა. ამასთან, ის ბავშვები დაიჩაგრებიან, რომელთა მშობლებსაც არ აქვთ საშუალება, შვილები ქართულ ენასა თუ ინგლისურში მოამზადონ.
_ ბატონო დიმა, მოკლედ, თქვენი საუბრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, განათლების სისტემა თავზე გვემხობა. გამოსავალს რაში ხედავთ?
_ ხელისუფლების შეცვლაში!
_ ხელისუფლების შეცვლის შანსი 2020 წლამდე არ არსებობს. მანამდე რა იქნება?
_ სამწუხაროდ, ის გვაქვს, რაც 2018 წლის 28 ნოემბრის არჩევნებით მივიღეთ და ეს პროცესი გაგრძელდება. ამიტომ ხელისუფლების შეცვლა აუცილებელია და სხვა გამოსავალიც არ არსებობს _ ბოლო 7-მა წელმა გვაჩვენა, რომ ადამიანებმა, რომლებიც განათლებაში მოვიდნენ, ზოგმა ვაშლები დაარიგა, ზოგმა გამოცდები გააუქმა.
სხვათა შორის, კვლევა რომ ჩატარდეს, ათიდან 9 ადამიანი იტყვის, რომ კერძო სკოლები საჯაროზე უკეთესია. კერძო სკოლებში მოსწავლეები მხოლოდ საატესტატოს კი არა, გამოცდებს წელიწადში ორჯერ აბარებენ, ანუ თუ მიგვაჩნია, რომ კერძო სკოლა უკეთესია, სადაც გამოცდები წელიწადში ორჯერ ბარდება, მაშინ საჯარო სკოლამ რაღა დააშავა, გამოცდებს რატომ აუქმებენ და ჩვენს შვილებს რატომ აზიანებენ?

გიორგი აბაშიძე