გატაცების სკანდალური საქმის დღემდე უცნობი დეტალები

რატომ დევნიდა გვარის გამო თანამშრომელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი და რა მოხდა 2014 წლის 27 აპრილს ზესტაფონში? _ ფიქრია მერაბიშვილის გატაცების თაროზე შემოდებული საქმე.

„ქრონიკა+“ გაუხმაურებელი სკანდალის უცნობ დეტალებზე ამ ისტორიის გმირს ესაუბრა:

_ ფიქრია, გვიამბეთ თქვენი ისტორია. რა მოხდა 2014 წელს ზესტაფონში?
_ 2007 წლიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში, დასავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოში ვმუშაობ. სტაჟირების წარმატებულად გავლის შემდეგ სამსახურში დამტოვეს და ანალიტიკოსის თანამდებობაზე დავინიშნე. იმ დროს გარემოს დაცვის ინსპექცია ახალი შექმნილი იყო. წლების მანძილზე სხვადასხვა თანამდებობაზე კეთილსინდისიერად ვმუშაობდი და, შესაბამისად, მაწინაურებდნენ. ამ დრომდე ვმუშაობ საქართველოს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების უფროს სპეციალისტ-ინსპექტორის პოზიციაზე. დაძაბული სიტუაცია 2012 წელს დაიწყო, როცა მთავრობა შეიცვალა. საკადრო ცვლილებები სამინისტროშიც განხორციელდა და, შესაბამისად, ჩვენი დეპარტამენტის უფროსიც შეიცვალა. ამის შემდეგ ჩემ მიმართ დევნა-შევიწროება და უხეში დამოკიდებულება დაიწყო.
_ რა მიზეზით?
_ პირველ რიგში იმიტომ, რომ მერაბიშვილი ვიყავი. ჩემ მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა რამდენიმე თვე გრძელდებოდა. მემუქრებოდნენ, რომ აუცილებლად გამიშვებდნენ სამსახურიდან. მიზეზი რომ ვერ მინახეს, ბრალი დამდეს, თითქოს, სამინისტროში დეპარტამენტის უფროს ირაკლი მუკნიაშვილის წინააღმდეგ ანონიმური წერილი გავაგზავნე.
_ რა შინაარსის იყო წერილი?
_ წერილის შინაარსი დღემდე არ ვიცი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, წერილის კონვერტზე ჩემი მეგობრის პირადი ნომერი იყო გამოყენებული. მითხრეს, ამ წერილში, სავარაუდოდ, დეპარტამენტის უფროსის ბრალეულობა იყო აღწერილი, აღნიშნულ ცილისწამებას მოჰყვა შემზარავი, ჩემთვის მიუღებელი კრიმინალური ფაქტი.
_ ირაკლი მუკნიაშვილს გატაცების საქმეზე უჩივით. კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ, რა ვითარებაში გაგიტაცეს?
_ 2014 წლის 27 აპრილს ზესტაფონში ობიექტის შესამოწმებლად ვიმყოფებოდი, რა დროსაც დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსმა მალხაზ ქამხაძემ დამირეკა. მითხრა, რომ თვითონაც ზესტაფონში იმყოფებოდა და სასწრაფოდ უნდა შევხვედროდი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შევწყვიტე. მოვიდა და მთხოვა, მანქანაში ჩავჯდომოდი. ჩავჯექი და მალევე აღმოვაჩინე, რომ ავტომანქანამ თბილისის მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. შემეშინდა, ვკითხე, რა ხდებოდა და სად მივდიოდით? უხეში საუბარი დამიწყო, მიყვიროდა: სადაც მე ვიტყვი, იქ წამოხვალო. ვუთხარი, რომ თბილისში ვერ წავყვებოდი, რადგან სახლში არასრულწლოვანი შვილი მელოდებოდა. ძალიან შემეშინდა, ცხოვრებაში მსგავს სიტუაციაში არ აღმოვჩენილვარ, ყველაფერთან ერთად, ქამხაძის მანქანაში იარაღი დავინახე. წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. შემდეგ დადგინდა, რომ ქამხაძეს იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდა. ძალიან მიჭირს იმ ყველაფრის გახსენება. დაძაბული და შეშინებული ვიყავი. ავღელდი, ვტიროდი და ვთხოვდი, თუ სამსახურიდან ჩემი გაშვება სურდა, გატაცება არ იყო საჭირო, მე თავად დავწერდი განცხადებას, თუმცა ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და მითხრა, რომ დეპარტამენტის უფროს ირაკლი მუკნიაშვილის ბრძანებას ასრულებდა.
_ რა მოხდა, როდესაც თბილისში ჩახვედით?
_ სამუშაო საათები დასრულებული იყო, როდესაც სამინისტროში მივედით. კაბინეტში დაგვხვდნენ დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი და მისი მოადგილე დავით ძელური. დამიწყეს ყვირილი. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ანონიმური წერილის გაგზავნას მაბრალებდნენ და მეუბნებოდნენ, _ ჩვენ დაგინახეთ, ეს წერილი როგორ ჩააგდე ფოსტის ყუთშიო. წარმოდგენა არ მქონდა, რა წერილზე საუბრობდნენ და ვიკითხე, რას გულისხმობდნენ. სამი საათის განმავლობაში ფსიქოლოგიური და სიტყვიერი ტერორის ქვეშ ვიყავი, ალბათ, ფიქრობდნენ, შემეშინდებოდა და ვაღიარებდი იმას, რაც არ გამიკეთებია ან რომელიმე თანამშრომელს დავადებდი ხელს. გაუგონარ ზეწოლას ახდენდნენ, მემუქრებოდნენ პირად ცხოვრებაზე… _ მეუღლეს საშინელებებს ვეტყვით შენზე, გაგივრცელებთ, სამსახურში საყვარელი გყავსო. ასევე შეგვიძლია, ქრთამის აღების ფაქტზე დაგდოთ ბრალი, თუ არ აღიარებ ანონიმური წერილის გაგზავნასო.
_ ამის შემდეგ საკუთარი უფლებების დასაცავად რა მოიმოქმედეთ?
_ ქუთაისში დავბრუნდით და მეორე დღეს სამსახურში ყველა გაკვირვებული დამხვდა. ჭორაობდნენ, თუ რატომ წამიყვანეს, რა მოხდა და ავიღე თუ არა ქრთამი? მუკნიაშვილი დამემუქრა, როცა ქუთაისში დავბრუნდებოდი, ამ ფაქტის შესახებ არაფერი მეთქვა. ამის შემდეგ კვლავ გაგრძელდა სამმართველოს უფროს მალხაზ ქამხაძის მხრიდან ჩემ მიმართ არაადამიანური დამოკიდებულება, შეურაცხყოფა და დამცირება. ასეთ დამოკიდებულებას ნამდვილად არ ვიმსახურებდი, სამსახურის შექმნის დღიდან არც ერთი გაფრთხილება და საყვედური არ მიმიღია. იძულებული გავხვდი, ისევ თბილისში ჩავსულიყავი და ეს პრობლემები მინისტრთან გამერკვია. ქალბატონ ხათუნა გოგალაძეს შევხვდი და იმ ზეწოლისა და ცილისწამების შესახებ მოვახსენე, რაც ჩემ მიმართ ხდებოდა. ქალბატონმა ხათუნამ დამამშვიდა და მთხოვა, სამსახურში დავბრუნებულიყავი და ჩემი საქმე გამეგრძელებინა. მინისტრის ბრძანებით შიდა აუდიტის სამსახურმა ამ საქმეზე მოკვლევა დაიწყო, მაგრამ ყველაფერი სულ სხვა მიმართულებით წაიყვანეს. არ დაუსვამთ კითხვა, _ ნამდვილად გამიტაცეს თუ არა იძულებით, მხოლოდ ის აინტერესებდათ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თანამშრომლებს უფროსის მიმართ.
_ ეს ისტორია როგორ გაგრძელდა?
_ ამის შემდეგ მალხაზ ქამხაძემ მოხსენებითი ბარათი დაწერა, თითქოს, მე აგრესიული და კონფლიქტური ვიყავი თანამშრომლებთან მიმართებით. მისი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კი ჩემი განთავისუფლების ბრძანება დაიწერა. ისევ მივმართე მინისტრს, რომელმაც მითხრა, რომ შენი საქმე უკვე გამოძიების პრეროგატივაა და პროკურატურას დაუკავშირდიო. რამდენიმე წელი მომიწია სასამართლოში დავა და, საბოლოოდ, მოვიგე _ განაცდური ამინაზღაურდა და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, სამსაახურში მაინც აღმადგინეს. იმ პერიოდში ქამხაძე და მუკნიაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
_ თქვენ ასევე გატაცების საქმეზეც მიმართეთ ძალოვან უწყებას, რა შედეგი დადგა?
_ გატაცების საქმეზე შესამაბის უწყებებს არაერთხელ მივმართე. ოლქის პროკურორი ილია ჯალაღონია იყო. ჩემი საქმე ზესტაფონის პოლიციაში გადააგზავნეს, რადგან გატაცების ფაქტი ზესტაფონში მოხდა. ვახტანგ ჭუმბურიძე იძიებდა, კვირაში ორი-სამი დღე დავდიოდი. ამ საქმის მიმართ ძალიან ზერელე დამოკიდებულება შევამჩნიე. გამომძიებელი მეუბნებოდა, _ დასაჭერები არიან და აუცილებლად დავიჭერთო. თუმცა რამდენიმე წელი გავიდა და არავინ დასჯილა. მეტიც, დაზარალებულის სტატუსითაც არ ვარ დაკითხული.
_ ირაკლი მუკნიაშვილი ისევ დაინიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე?
_ დიახ, ირაკლი მუკნიაშვილი ისევ დაბრუნდა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და ჩემ მიმართ ისევ გრძელდება ფსიქოლოგიური ტერორი. როგორ შეიძლება, ასეთი მოძალადე ადამიანი იყოს საპასუხისმგებლო ადგილზე?! ყოველდღე მაფრთხილებენ, რომ რაღაც მიზეზებს ეძებენ ჩემზე და მუდმივად ველი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. როდის რას დამიდებენ, არ ვიცი… ბუნებრივია, მუკნიაშვილისთვის არასასრუველი კადრი ვარ, რადგან გატაცების საქმეზე ვუჩივი და დღემდე პასუხს ვითხოვ სახელმწიფოსგან, ჩემი უფლებები დაიცვას და დამნაშავეები დაისაჯონ იმ ცილისწამებაზე, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და გატაცებაზე, რაც ჩემს ცხოვრებაში იმ წლებში მოხდა.
ირაკლი მუკნიაშვილი უშუალოდ ურეკავდა ქამხაძეს და, შესაბამისად, გატაცების ორგანიზატორი დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღდგენილია. ჩემი გატაცების საქმეში ფაქტებია წარმოდგენილი, რომელიც 3 წელზე მეტია, თაროზე შემოდო ზესტაფონის პოლიციამ.
_ რა მოთხოვნები გაქვთ და რას აპირებთ?
_ მოვითხოვ, გამოძიებამ თაროდან ჩამოიღოს ჩემი გატაცების საქმე და დამკითხონ, როგორც დაზარალებული. იძულებით გამიტაცეს, ამის შესახებ მტკიცებულებებიც არსებობს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ! არ მინდა შიშით ცხოვრება. ხვალ, იქნებ, ისეთი რამე დამიდონ, რომ დამიჭირონ და დამღუპონ…
„ქრონიკა+“-ს კომენტარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში გვითხრეს, რომ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით მომხდარზე გამოძიება გრძელდება:
„შეტყობინების შემოსვლისთანავე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულია 20-მდე პირი, თუმცა, მათი გამოკითხვის შედეგად, დანაშაული არ იკვეთება. დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით გამოძიება გრძელდება“.

ფიქრია მერაბიშვილის გატაცების საქმეზე ასევე დავუკავშირდით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრესსამსახურს საიდანაც წერილობითი პასუხი მივიღეთ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ფიქრია მერაბიშვილის შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. რამდენადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ცნობილია, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობდა გამოძიება. ჩვენი ინფორმაციით, ფაქტებისა და მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმის ძიება შეწყდა. ამასთან, ფიქრია მერაბიშვილი 2017 წლის 13 ივლისის შემდგომ სამსახურში აღდგენილია და ეს ფაქტი რომ სიმართლეს შეესაბამებოდეს, სავარაუდოდ, ის ამ გარემოცვაში მუშაობის გაგრძელებას არ ისურვებდა“.

ლევან ქემოკლიძე