ვინ დასაჯა დეკანოზი მამალაძე უზიარებლობით?!

„მოვითხოვთ ზიარებას საკურნებლად სულისა და ხორცისა“, – დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რამდენიმე დღეა, საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. თორნიკე მამალაძემ კი 4 თებერვალს საპატრიარქოსთან ზიარების მოთხოვნით პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და კარავი დადგა.

„ციანიდის საქმეზე“ დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების მოთხოვნას საქართველოს საპატრიარქო მისსავე ვებგვერდზე განცხადებით გამოეხმაურა:
„თორნიკე მამალაძის მიერ საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის დადგმამ იმ მოთხოვნით, რომ მისი ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, აზიარონ, საერთოდ, საერო ხასიათი და ეკლესიაზე ზეწოლის თანამედროვე სახე შესძინა ამ საქმეს, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებლად მიგვაჩნია.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ, როგორც ადრე განვაცხადეთ, ველოდებოდით ძიების დამთავრებას, რათა, არსებული დოკუმენტაციის გაცნობის საფუძველზე, შეფასებულიყო განვითარებული მოვლენები. სამივე ეტაპზე გამოძიებამ გიორგი მამალაძეს ბრალი დასდო, მაგრამ, არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე, წმინდა სინოდისთვის მასალების გადმოცემაზე პროკურატურამ უარი ახლახან გვითხრა. დასჯადია საგამოძიებო მასალების სხვისთვის მიწოდებაც, როგორც დამნაშავის, ისე დაზარალებულის მხრიდანაც. ვინაიდან დეკანოზი გიორგი მიიჩნევს, რომ იგი მართალია და ზიარებას ითხოვს, ხოლო სასამართლო მას დამნაშავედ აცხადებს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: ნებისმიერ მღვდელმსახურს, რომელსაც მიაჩნია, რომ აღნიშნული პიროვნების ზიარება არის შესაძლებელი, ეს უნდა განახორციელოს, თუმცა ეს იქნება ამ სასულიერო პირის პირადი გადაწყვეტილება და პირადი პასუხისმგებლობა“.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებისთვის. დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე, „ქრონიკა+“-თან ამბობს, რომ საქართველოს საპატრიარქო პასუხისმგებლობას იხსნის და მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში მხოლოდ მუქარა იკითხება:
_ თორნიკე, უფრო შორს წავიდეთ და მეუფე დიმიტრის საეკლესიო სასჯელი გავიხსენოთ, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის ზიარების აკრძალვას ითვალისწინებდა.
_ თავდაპირველად, დიმიტრიმდე, მეუფე იაკობმა აუკრძალა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ზიარების უფლება. მან უხეშად დაარღვია ეკლესიის კანონიკა, რის გამოც ის არ დასჯილა. სწორედ ამის შემდეგ მეუფე დიმიტრიმ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჩემი ძმისთვის საეკლესიო სასჯელი _ ეპიტეპიმია დაედო. 2018 წლის 27 დეკემბერს კი მამა ნიკოლოზ გიგატაძე (დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი) დამიკავშირდა და მეუფე დიმიტრის (დიმიტრი შიოლაშვილი _ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი) გადაწყვეტილების შესახებ მითხრა, რომელიც მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ჩემი ძმის ზიარების შესაძლებლობას გულისხმობდა. დეტალებზე შევთანხმდით, რომ ზიარება შობის დღესასწაულამდე მომხდარიყო. ამის შემდეგ მამა ნიკოლოზმა საპატრიარქოში დარეკა და საპატიმროში შესასვლელად საშვი მოითხოვა, თუმცა იმ მომენტში ეს შესაძლებლობა, სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქომ, რატომღაც, დაბლოკა. დღეს საპატრიარქო უკვე უარყოფს ამ ფაქტს.
_ კულუარებში იმ რისკებზე საუბრობენ, რაც შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებას მოჰყვეს…
_ ეს არგუმენტი სასაცილოა, მხოლოდ მიზეზია, რათა ჩემი ძმა არ აზიარონ. საქართველოში უამრავი მსჯავრდებულია სხვადასხვა რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით. ისინი უპრობლემოდ ეზიარებიან საპატიმროებში, როცა ამას მოისურვებენ. ეს არის საპატრიარქოს მიზანმიმართული კამპანია, უსაფუძვლო შიშები, ვითომდა დეკანოზ მამალაძეს მოწამლავენ.
_ საზოგადოებამ საპატრიარქოს განცხადება იხილა, რომელიც ზიარებასთან დაკავშირებით გავრცელდა. ამის შემდეგ კი მზადყოფნა გამოთქვა თქვენი ძმის მოძღვარმა, ნიკოლოზ გიგატაძემ, რათა საპატიმროში შევიდეს და თქვენი ძმა აზიაროს…
_ სამწუხაროა, როდესაც საპატრიარქო ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას ავრცელებს. ვერც ერთი სასულიერო პირი ვერ გაბედავს ეკლესიის მთავარი ადმინისტრაციის გარეშე საპატიმროში შესვლას და ჩემი ძმის ზიარებას. როდესაც საპატრიარქო ამბობს, რომ სასულიერო პირს შეუძლია შევიდეს საპატიმროში და აზიაროს გიორგი მამალაძე, ოღონდ პირადი პასუხისმგებლობის ხარჯზე, რაც მუქარასავით იკითხება, ვფიქრობ, ვერც ერთი სასულიერო პირი ვერ გაბედავს საპატიმროში შესვლას და ვერ აიღებს ამ პასუხისმგებლობას. ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა და აქედან გამომდინარე, აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ამ პასუხისმგებლობას საქართველოს საპატრიარქო საკუთარ თავზე არ აიღებს.
_ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თუ გქონდათ თქვენს ძმასთან კომუნიკაცია?
_ თვეში ერთხელ გვიწევს მისი ნახვა. თებერვალში უკვე მოვასწარი შეხვედრა, თუმცა ამ მოვლენებზე, ჯერჯერობით, მასთან არ მისაუბრია. ის წინააღმდეგი იყო, პროტესტი ამ ფორმით გამოგვეხატა. მე მისი ოჯახის წევრი ვარ და, რა თქმა უნდა, ვერ ვუყურებ, ჩემი ძმა უდანაშაულოდ როგორ იტანჯება საპყრობილეში.
_ თქვენ უკვე იმყოფებოდით საპატრიარქოში შეხვედრაზე? ვის შეხვდით და რა თემებზე ისაუბრეთ?
_ მეუფე ანდრია გვაზავას შევხვდი. მათ სურთ, საპროტესტო აქცია ბათუმში გადავიტანოთ მეუფე დიმიტრის რეზიდენციასთან. მათი თქმით, უზიარებლობის სასჯელი მეუფე დიმიტრიმ დაადო გიორგი მამალაძეს და არა საქართველოს საპატრიარქომ! აქედან გამომდინარე, მიბრძანდით და იქ გააგრძელეთ საპროტესტო აქციებიო.
_ თქვენ რა უპასუხეთ?
_ ვუპასუხე, რომ სათავო ოფისი, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, თბილისშია და მე საქმე არ მაქვს ფილიალებთან. შეწუხებულები არიან საპროტესტო აქციის ამ ფორმით, რაც კარვის გაშლას გულისხმობს და კატეგორიულად მომთხოვეს, შემეწყვიტა თბილისში საპროტესტო აქცია. შეწუხებული მე უფრო ვარ, რადგან საპატრიარქოს ერთ-ერთ დაჯგუფებას მეორე წელია, ჩემი ძმა, გიორგი მამალაძე, უდანაშაულოდ ჰყავს გამოკეტილი საპატიმროში. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი სამართლიანობის დამტკიცება.
_ პატრიარქის მკაფიო პოზიცია, ამ ეტაპზე, არ მოგვისმენია. თქვენთვის რას უნდა ნიშნავდეს მისი დუმილი?
_ ვფიქრობ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ინფორმაციას პატრიარქი არ ფლობს და ამ განცხადებაში დაწერილი არც ერთი სიტყვა მასთან შეთანხმებული არ ყოფილა. ჩემი აზრით, პატრიარქის სახელს იყენებენ და იმედს ვიტოვებ, მისი უწმინდესობა ამ ადამიანებისგან მალე განთავისუფლდება.

„ქრონიკა+“ დეკანოზ გიორგი მამალაძის სულიერ მოძღვარ ნიკოლოზ გიგატაძეს დაუკავშირდა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, საპატიმროში შევიდეს და მსჯავრდებული დეკანოზი აზიაროს: „ჯერჯერობით, კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, თუმცა ზიარება ყველა მღვდელმსახურს შეუძლია, თუ ამის აკრძალვა არ არსებობს. მე მზად ვარ. ლოცვა-კურთხევა უკვე გაცემულია და ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როდის მოხერხდება ზიარება. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით“.

შეგახსენებთ: საქართველოს პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად, ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა. 2018 წლის 13 თებერვალს კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო. დღეის მდგომარეობით „ციანიდის საქმის“ მასალები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გადაგზავნილი.

ლევან ქემოკლიძე