ბიძინა ივანიშვილის შეუძლებელი და შესაძლებელი

„ქართული ოცნების“ წიაღში მიმდინარე პროცესები სრულად ჯდება იმ პოლიტიკურ ლოგიკაში, რასაც მარტივად „ბიძინა ივანიშვილის შეცდომები“ შეიძლება ვუწოდოთ.
ბიძინა ივანიშვილი ისეთია _ როგორიც არის. სწორედ ისე, მე და თქვენ რომ ვართ. სწორედ ისეთები, როგორებიც ვართ _ ჩვენი კარგი და ცუდი უნარებითა თუ თვისებებით.
ამიტომ, როცა ვფიქრობთ, _ რატომ არ და ვერ კეთდება რაღაცები სხვაგვარად, უფრო კარგად, უკეთესად (ამაზე ცუდად, ალბათ, ძნელად წარმოსადგენია და მხოლოდ ერთი უარესი არსებობს _ სახელმწიფოებრიობის მოშლა _ ფორმას მნიშვნელობა არ აქვს), უნდა მივხვდეთ _ შეუძლებელია!

მავანს გაეღიმება ამ პასუხზე, მაგრამ თუ უფრო დავაკონკრეტებთ: ბიძინა ივანიშვილის მართვის ფორმისა და სტილის პირობებში სხვაგვარად შეუძლებელია.
ვიღაც იკითხავს, _ ანუ ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს არსებობის ფორმულაა ნეგატივი და ნებისმიერი საქმის გაფუჭება? სულაც არა, და უფრო პირიქით _ მისი ფორმულაა _ აღმშენებლობა. მაშინ სად არის პრობლემა? ამაზე პასუხი ძალიან მარტივია, _ მართვის ფორმასა და სტილში, ანუ ბიძინა ივანიშვილის შეუძლებელშია პრობლემა.
არ ვიცი, მერამდენედ უნდა გავიმეორო, მაგრამ ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი და ის სახელმწიფოს ბიზნესის წესებით მართავს. პოლიტიკა ითვალისწინებს რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ბიზნესს კი გადაწყვეტილების მისაღებად მუდამ სჭირდება ტაიმ-აუტი, პროცესის გაწელვა-გაჭიანურება, რაც შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას ბიზნესში თუ ეფექტიანს ხდის, პოლიტიკაში მისი მარგიქმედების კოეფიციენტი და შედეგი, ლამის, ნულს უტოლდება. ნული თავისთავად კარგია _ ბოლოს და ბოლოს, არაფერს ნიშნავს, მაგრამ ხშირად ეს პროცესი მინუსებში, ნეგატივში, უარყოფითში გადადის. თუ ბიზნესს (ბიზნესმენს) შეუძლია, საკუთარ თავს ურჩიოს, _ დაველოდოთ, მოვითმინოთ, ხვალ-ზეგ ვნახოთ, _ პოლიტიკაში გადაწყვეტილება, თუნდაც სამომავლო პერსპექტივაში გათვლილი, მიიღება „აქ და ახლა“.
ბიზნესში არის კიდევ ერთი წესი: ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი მუდამ ცდილობს, მასზე ნაკლები გავლენის მქონე ბიზნესმენები, თუ მათთან კვეთა არ აქვს, მოარიგოს, თან სამართლიანად. ეს იმის მიუხედავად, ვის მიმართ აქვს პიროვნული სენტიმენტები. ამ „სწორი“ მოქმედების მიზეზი და ლოგიკაც მარტივია, ბუნტმა და დაპირისპირებამ ქვედა დონეზე, შესაძლოა, დააზიანოს თვით ამ ყველაზე გავლენიანი პერსონის გლობალური ბიზნესინტერესები. ამიტომ „აქ“ სამართლიანობა ოქროს წესია. გაგახსენოთ თავად ივანიშვილის მიერ მოყოლილი ამბავი _ ხაზარაძე-ჩხარტიშვილის საქმის გარჩევა. ეს ამბავი, რომელსაც სასამართლო განიხილავდა, საბოლოოდ, სოლოლაკის „შუშის სასახლეში“ მოგვარდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ორი გავლენიანი ბიზნესმენის „დაჯახებას“, შესაძლოა, არა მხოლოდ ეკონომიკა და ირიბად ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესები დაეზიანებინა, არამედ სახელმწიფოსთვის მიეყენებინა გაუაზრებელი ზიანი. გაუაზრებელი იმიტომ, რომ, ზოგადად, ჩვენ ზედაპირულ აზროვნებას მივეჩვიეთ და თუ ვამბობთ „შესაძლოა, გაჩენილიყო ხანძარი“, მისი მასშტაბების წარმოდგენაც კი გვიჭირს, ვიდრე ნახანძრალს არ დავინახავთ. სხვათა შორის, პოლიტიკოსებსაც (ნაღდი პოლიტიკოსი კი ქვეყანაში მართლაც რომ ცოტა გვყავს) უჭირთ პოლიტიკური პროცესების მოდელირება და შედეგების მასშტაბების გააზრება „მომავალში“. ბიზნესმენის გააზრება კონკრეტულია _ აშენებული სახლი, ქარხანა, დაგებული გზა, გამოშვებული პროდუქცია, დაგროვებული დოვლათი. პოლიტიკოსის გააზრება სხვაა _ როგორ უნდა აშენდეს, რამდენ ხანში, რა ეფექტს მოიტანს, რამდენად მდგრადი იქნება ისტორიულ პერსპექტივაში, ამ „საქმით“ სად და როგორ შეიძლება პოზიციონირება და ყველაზე მთავარი _ „ამ“ სახლის საძირკველი ჩაყრილიც არ არის, რომ პოლიტიკოსს უკვე დათქმული აქვს იმ პროექტის გახსნის საზეიმო ცერემონიალის თარიღი, ზეგ რომ ხელი მოეწერება. თუ ბიზნესმენი სრულიად მართებულად ფიქრობს მის მიერ თუნდაც ათ ადგილას ასაშენებელ სახლზე _ პოლიტიკოსი ფიქრობს კვარტალებზეც, ხიდებზეც, საკადრო საკითხებზეც, მეზობლებთან ურთიერთობაზეც, სახელმწიფოში რელიგიურ კონფესიებთან თანაცხოვრების წესებზეც და ა. შ. თან ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაწყვეტილებას კარგი პოლიტიკოსი იღებს „აქ და ახლა“.
ამიტომაც, როდესაც კარგი ბიზნესმენისა და საზიზღარი, დაუნდობელი პოლიტიკოსის სახიერება ორ პინაზე იდება, ბიზნსმენს უნდა ახსოვდეს _ მისი წონა შემსუბუქებას ექვემდებარება, თუ ის მუდამ არ კვებავს მატერიალურად ან არ არიგებს ინდულგენციას, გავლენას, სხვა სიკეთეებს. ყველაზე მთავარი _ მისი წონის შემსუბუქება პირდაპირპროპორციულად ზრდის საზიზღარი პოლიტიკოსის წონას, რადგან გამოკვებილების, ინდულგირებულების, გავლენა მოპოვებულებისა და სიკეთე მიღებულების რაოდენობა ვერასოდეს გაუტოლდება რიგში მდგომთა რაოდენობას, რომელიც სხვადასხვა ეტაპზე იწყებს რიგიდან გაძრომას და პოლიტიკოსის ბანაკში გადაბარგებას. რატომ? პირველ რიგში მიუღებელი სიკეთეების გამო. ბიზნესმენთან რიგში დგომა (თუნდაც პოლიტიკოსთან) ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხომ, პირველ რიგში, პირადი სიკეთეების მოხვეჭით, პირადი კომფორტის შექმნის მოთხოვნილებით არის განპირობებული.

***
ახლა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებს დავუბრუნდეთ. ვიღაცას სასაცილოდ არ ჰყოფნის როსტომ მეფის სასახლეში გამართული უმრავლესობის სხდომები და იქიდან „გამოჟონილი“ თუ გამოპარებული ინფორმაციები. თუმცა ქილიკის მიუხედავად, ის რაც ხდება, სრულად ჯდება ბიძინა ივანიშვილის მართვის სტილსა და ფორმაში. მან კარგად იცის, რომ უმრავლესობაში მიმდინარე პროცესები არა მხოლოდ „გუნდს“, არამედ მასაც დააზიანებს, დააზიანებს სახელმწიფოსაც. სწორედ ამიტომ „უძლებს“ საათობით თანაგუნდელების ურთიერთპრეტენზიების მოსმენას და საკითხის გადაწყვეტას „ხაზარაძე-ჩხარტიშვილის“ მოდელით ცდილობს. მაგრამ… დიახ, მაგრამ… აქ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი. იმ ბიზნესდავისგან განსხვავებით, ივანიშვილი ბოლომდე ვერ ათვითცნობიერებს ამ პოლიტიკური პროცესის შედეგებს, ისევე როგორც ბიზნესმენი კალაძე, რომელმაც სრულიად გაუაზრებლად და პოლიტიკურად წამგებიანად განაცხადა: „კარი ღიაა“…
მეტიც: ივანიშვილმა მედიატორის როლი იმ პირობებში იკისრა, როდესაც: ა) მას აუცილებლად სჭირდებოდა და უნდა ჰქონოდა იმპერატიული ტონი; ბ) საკუთარი პოზიცია წინასწარ ჩამოიყალიბა დავაში ჩართული ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ;
შედეგად, თავად ივანიშვილმა მიიღო მოცემულობა, როდესაც პირველ სხდომაზე სხვა გზა არ ჰქონდა, კობახიძე ეიძულებინა, ბესელიასთვის ბოდიში მოეხადა. ამის მიზეზი გახდა ამ მართლაც უმწიფარი და იდიოტურად თავდაჯერებული, ქართული პოლიტიკის სირცხვილი _ პარლამენტის თავმჯდომარის წამოროშილი „გადაგივლით“ და საპასუხოდ მეორე თუ მესამე რიგში მჯდომი, თანაგუნდელებს „გადმოფრენილი“ ბესელია ძლივს გააკავეს სხდომაზე დამსწრე პირებმა. მეორე ფაქტიც: როდესაც, იმავე კობახიძის წაქეზებით თუ დავალებით ივანიშვილს ოთარ დანელიაზე არასწორი მესიჯები მიაწოდეს და საკითხში გარკვევის შემდეგ მას ადამიანურად ღირსეული, მაგრამ პოლიტიკურად უხერხული ნაბიჯის გადადგმა და უსაფუძვლოდ ბრალდებული პარლამენტარისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია. შიგადაშიგ თუ იმასაც გავიხსენებთ, როგორ მიმართა გენმდივანმა კალაძემ აღმდივან კობახიძეს: „ირაკლი, პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, დაიმშვიდე ნერვები“; ხოლო ნუკრი ქანთარიამ პირდაპირ უთხრა: „პარლამენტში საკმარისი ხმებია შენს გადასაყენებლად და ამისთვის ოპოზიციის დახმარება არც იქნება საჭირო“, ბიძინა ივანიშვილი ახლა მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ მედიატორობისას წინასწარ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სიმპათიები და სენტიმენტები დამღუპველია. პოლიტიკაში კარგი პარტნიორები არსებობენ და არა კარგი და შვილივით საყვარელი ბიჭები თუ „ბავშვები“.
სხდომებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და პოლიტიკურად გამართული კომენტარი მაინც ოთარ დანელიას ეკუთვნოდა: ჩვენ, გუნდის თითოეულმა წევრმა, მაქსიმალური რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ერთმანეთი შევინარჩუნოთ. დაშლა არის ყველაზე ადვილი, შენარჩუნება არის რთული“. რეალურად, ბიძინა ივანიშვილიც ხომ ამ ამოცანას შეეჭიდა. თუმცა ის, რაც გარედან ჩანს, დღეს ასე გამოიყურება: მას საბოლოოდ დიდად არ ადარდებს, წავლენ თუ არა „ამბოხებულები“, რადგან მიაჩნია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და მისი რაზმი უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ასეთ პირობებში, როდესაც „გუნდში“ ლიდერის პოლიტიკური სიმპათიების სწორედ ამგვარად ინტერპრეტირებაა შესაძლებელი, გუნდის სხვა წევრებს შთაბეჭდილება რჩებათ, რომ მათი გაწირვაც არ იქნება რთული და ლიდერი რეალურად არც არის მედიატორი. როგორ? ძალიან მარტივად _ რომ არ მოესმინა იმ დღეს ივანიშვილს დანელიასთვის, ხომ ერთით შემცირდებოდა უმრავლესობის რიგები _ პარლამენტის წევრის ღირსების შელახვის, მისი აზრის ინტერპრეტირების გამო? და, ასეთ შემთხვევაში, როდესაც უმრავლესობას საპარლამენტო კომიტეტის მეორე თავმჯდომარეც დატოვებდა, ეს უკვე „ოცნების“ კრიზისი კი არა, საპარლამენტო კრიზისი იქნებოდა, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებდა ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულობის იმიჯს საერთაშორისო არენაზე.

***
მავანი იტყვის, _ არსებული კრიზისი ხომ სასამართლოებს უკავშირდება? და ეს ლოგიკაა სწორედ შცდომა. არა, კრიზისი არ უკავშირდება სასამართლოებს. სასამართლო არის კრიზისის ამოტივტივების მიზეზი, რომელიც ამდენი ხანია მწიფდება „ოცნების“ წიაღში. სასამართლოებთან მიმართებით კობახიძისა და მისი რაზმის ბრალეულობა პერსონალურ ნაწილში თუ თვალხილულია, ბესელიასა და მისი რაზმის ბრალეულობაზე არავინ საუბრობს. აქ, პირველ რიგში, პოლიტიკურ ბრალეულობაზე ვსაუბრობ, რადგან იურიდიული კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს იმ კანონებსა და ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით უნდა გაეთვალა, რომ ამ რეალობის წინაშე აღმოვჩნდებოდით, თორემ თავად მოსამართლეთა შერჩევის წესის ის მოდელი, რომელიც საქართველოში ამჟამად მოქმედებს, ნებისმიერ დემოკრატიას შეშურდება. ამავდროულად, ნებისმიერმა ჭკუათმყოფელმა პოლიტიკოსმა უნდა აღიაროს, რომ მოუმზადებელ გარემოში რაიმე სახის ნორმის დანერგვა, რომელიც საზოგადოებისთვის ჰიპოთეტურად ყველაზე სასარგებლოა, ამ საზოგადოებისთვის დამღუპველიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ თუ კობახიძესა და მის რაზმს მერკანტილური დამოკიდებულება აქვს ამ პროცესისადმი, ამას კი სწორედ ზემოთ აღნიშნული დემოკრატიული სიკეთეებით ფუთავს და ივანიშვილსაც პროცესის _ კანონის მხარდამჭერთა რიგებში ამყოფებს, ბესელიას პოლიტიკური უმწიფრობა ის გახლავთ, რომ მან ამ პერსონიფიცირების პოლიტიკური პრევენცია ვერ შეძლო. ვერც პარტიის ლიდერს დაანახა საკითხიდან მომდინარე პრობლემები _ არა მხოლოდ გუნდის, არამედ მისი დამაზიანებელი საფრთხეები. ივანიშვილი კი ამ პროცესში, როგორც „ბიზნესმენი“, მართალია _ იგი კანონს ემორჩილება და მის აღსრულებას მოითხოვს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი, ვერ ითავისებს და ათვითცნობიერებს რისკებს. რატომ? იმიტომ, რომ პოლიტიკას პოლიტიკოსის თვალით არ უყურებს და არც გვერდით ჰყავს პირუთვნელი პოლიტიკური მრჩევლები.

***
როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა _ პარტიაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით _ მას, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი ამოცანა ჰქონდა: გუნდის დალაგება. თუ ის საკუთარ თავთან იქნება მართალი, უნდა აღიაროს, რომ ამ დრომდე მან ეს ვერ შეძლო. მეტიც: მალე სამი თვეც ამოიწურება მის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ელექტორატისგან გამოთხოვილი ერთი წლიდან.
რა ხდება? არაფერი განსაუთრებული _ ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მართვის ფორმა და სტილია ასეთი.
იყავით საკუთარ თავთან მართალი და მიპასუხეთ, _ რომელი პოლიტიკოსი, ლიდერი (გუნდი) აპატიებდა საკუთარ თანაგუნდელს, რანგის მიუხედავად, იმას, რაც ივანიშვილს არჩევნების პირველი ტურის წინ გაუჩალიჩეს „ნეოკომკავშირლებმა“? აქ საკითხი პოლიტიკურ უხერხულობას არ ეხება, რაც ნამდვილად ასატანია და პოლიტიკაში ჟარგონის ენით თუ ვიტყვით, „მოსული პონტია“. ეგზიტპოლების პირველი ტურის შედეგები (არა კვლევების ჩამტარებლების, არამედ გამამხმოვანებლების დონეზე) იმაზე მიუთითებს, რომ ლიდერის მოტყუება დასაშვებია. შესაბამისად, გუნდში ლიდერი, ერთი მხრივ, გავლენის ცენტრად რჩება მეტი სიკეთეების გამოსაწველად; მეორე მხრივ _ კულუარებში მისი რეპუტაცია რეალურად გაცამტვერებულია და იგი ხდება ადვილად მოსატყუებელი ლიდერი.
არამყისიერი რეგირება, პარტიის მართვის სათავეებში „ნეოკომკავშირლების“ დატოვება, მით უფრო პირველსა და მეორე ტურს შორის, ამ „ლიდერების“ მიმართ გამოთქმული და ივანიშვილის მიერ მოსმენილი პრეტენზიების შემდეგ, გუნდის სხვა წევრებსა და ელექტორატში აჩენს განცდას, რომ „ლიდერი ლიდერი არ არის“(!). დიახ, პოლიტიკა არ არის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი და ბიზნესი; მაგალითად, საკონდიტრო, სადაც ტორტის მოსართავი კრემი გაფუჭდა და შეგიძლია, მაღაზიაში გადაირბინო და თავიდან იყიდო საჭირო ინგრედიენტები. პოლიტიკა საჯარო სივრცეა, იმის მიუხედავად, რამდენიც არ უნდა იყვირო, _ გარეთ არ გავიტანოთ. საკონდიტროს სამზარეულოში რა ხდება, არავინ იცის, არც ის, რამდენჯერ გაფუჭდა კრემი. გარეთ მზა პროდუქტი გამოდის, რომლის გემო ან მოგწონს, ან _ არა. კონდიტერის სახელი არავის აინტერესებს. პოლიტიკაში კი ყველაფერი, ყველაფერი, ყველაფერი _ ლიდერის ბრალია!.
რა მოხდა იმ პატიებისა და „არეული პარტიის“ შესახებ მიღებული ინფორმაციების შემდეგ? საზოგადოებამ და თავად „ოცნებამ“
მიიღო დამნაშავე _ პარტიის ბრალეული ლიდერების კასტა, რომელმაც მეორე ტურის შემდეგ უფრო მეტად გააგრძელა პარტიის ნგრევა და რღვევა. როდესაც პარტიის რეგიონული მდივანი, ამხანაგი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის კლერკებსა და რეგიონების პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს სხვადასხვა ფორმით ეტყვის: 1. ყველაფერს გავაკეთებინებთ ბიძინას…; 2. პრემიერი არა, მოგცლია, რა…; 3. ვინ ეკითხება გომელაურს?..; 4. ვინ ჩემი ფეხებია შს მინისტრი?…; და ა. შ. საერთოდ, რომელ გუნდზე და პარტიულ დისციპლინაზეა საუბარი? ან ვის სჭირდება სამხარაძის მიერ დისკრედიტებული პარტიის ლიდერი და მთავრობის წევრები?
ამას ხომ იმ უმრავლესობის წევრები ისმენენ, რომლებიც „გუშინ“ პარტიის ლიდერს უმტკიცებდნენ, რომ თვით პარტიაში „შემოძვრა“ კორუფცია (გავლენის, ფინანსური, პოლიტიკური)
როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს თავისი პოლიტიკური ბედი და კარიერა უკვე პარტიისთვის და მისი ლიდერისთვის კი არა, საპატრიარქოსთვის აქვს მინდობილი და მისი მამის ძმაკაცებს უკვე დალაგებული აქვთ არა მხოლოდ კობახიძის პოლიტიკური კარიერა, არამედ საკუთარ ბიზნეს და პოლიტიკური ინტერესები და ამის შესახებ არაერთი პერსონისა თუ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადენლისთვის არის ცნობილი, რომელი გუნდის შენარჩუნებას ცდილობს ბატონი ივანიშვილი და ვისზე აკეთებს „სტავკას“? ივანიშვილს თავი რომ დავანებოთ, კობახიძემ გენმდივან კალაძესაც რომ გამოუტანა ვერდიქტი, თან იმ პირობებში, რომ კალაძე პარლამენტის თავმჯდომარეს მისი გავლენის ქვეშ მყოფ პერსონად მიიჩნევს _ განა, ვერ უნდა მიხვდეს „ოცნების“ ორი ლიდერი ბიზნესმენი, რომ მათ ირგვლივ წრე ვიწროვდება? იმას ვერ უნდა მიხვდნენ, რომ მათი თამაშის წესები არ ამართლებს და „ოცნებით“ და გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილით „ვიღაც“ (ეს ვიღაც არ გახლავთ სააკაშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) პოლიტიკურად მანიპულირებს?

***
ძალაუფლების მფლობელ ადამიანებს ერთი მეტად ცუდი სენი აქვთ _ ისინი ადვილად ექცევიან პირველი ინფორმაციის ტყვეობაში. შემდეგ ან არ ისმენენ სხვა ინფორმაციებს, ან არად დაგიდევენ ფაქტებსაც კი და რაც მთავარია, ასეთ დროს ძნელად იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს _ ან აგვიანებენ, ან კიდევ საერთოდ არ იღებენ.
აქ არის ერთი მეტად მარტივი გამოსავალი, რომელსაც ისინი არასოდეს მიმართავენ. მაგალითად, უმრავლესობის მორიგი სხდომის დროს ბატონმა ივანიშვილმა ფარული სარეიტინგო კენჭისყრა _ პარტიული პლებისციტი ჩაატაროს პერსონალურ საკითხებზე: 1. გსურთ თუ არა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყოს ირაკლი კობახიძე? 2. გსურთ თუ არა, რომ უმრავლესობის ლიდერი იყოს არჩილ თალაკვაძე? 3. გსურთ თუ არა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყოს მამუკა მდინარაძე? 4. გსურთ თუ არა, რომ რეგიონული მდივანი იყოს დიმიტრი სამხარაძე? 5. რამდენად ართმევს თავს საკუთარ მოვალეობას პრემიერ-მინისტრი (ასევე სხვა მინისტრები)?.. იგივე შეიძლება გაკეთდეს პარტიულ ბოსებთან მიმართებითაც.
რას მისცემს ეს ფარული კენჭისყრა „ოცნებას“ და ქართულ პოლიტიკას? _ ძალიან ბევრ რამეს. უფრო მეტს კი ბიძინა ივანიშვილს დაფიქრებისა და განსჯისთვის! მაგრამ ძალაუფლების მფლობელ ადამიანებს ხომ ძალიან არ უყვართ, როდესაც მათ გამოსავალს სთავაზობენ, თან საჯაროდ. თორემ შიდაპარტიული კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი და შიდა დემოკრატიის განვითარების პრინციპი აგერ შემოგთავაზეთ.

***

დაბოლოს, თუ ბიძინა ივანიშვილი ძალიან მოკლე პერიოდში ბიზნესმენობიდან პოლიტიკოსობისკენ არ გადაეწყობა, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ან ქართული სახელმწიფოს, არამედ მისი პიროვნული კრიზისიც გაღრმავდება. ამ ბოლო ფაქტორის მნიშვნელობის ახსნას არ დავიწყებ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, _ ამ კრიზისმა შესაძლოა, ის პიროვნულად დაანგრიოს და უამრავი შეცდომა დააშვებინოს, რაც საბოლოოდ მას ყველაზე მნიშვნელოვან რამეს დააკარგვინებს _ მისთვის მნიშვნელოვანს და თუ რაზე ვსაუბრობ, ეს ყველაზე მეტად თავად მან იცის. ამიტომ ახლა პოლიტიკურად და პიროვნულადაც საინტერესოა, შეუძლია ბიძინა ივანიშვილს თავისი „შეუძლებელი“ თავისსავე „შესაძლებლად“ აქციოს?

გეგა სილაგავა