რა პრეტენზიები აქვს ამერიკელ ინვესტორს საქართველოს მთავრობასთან?

ამერიკელი ინვესტორი საქართველოს მთავრობას გაეროს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივის. კონკრეტული ადრესატი გახლავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო!
2019 წელს თბილისს ძველ იპოდრომთან ამერიკული სტილის ცათამბჯენი უნდა ჰქონოდა. პროექტის განმხორციელებელი ამერიკული კაპიტალით დაფუძნებული დეველოპერული კომპანია Iconia Capital უნდა ყოფილიყო. ეს გახლდათ ცათამბჯენის პირველი სამშენებლო პროექტი საქართველოში.

მისი ჩაშლის მიზეზების შესახებ კომპანიის დამფუძნებელი _ სეთ ედვარდ ჩარი _ „ქრონიკა+“-ს ექსკლუზიურად ესაუბრება:

_ როდის და რა მიზნით ჩამოხვედით საქართველოში?
_ საქართველოში პირველად ჩამოვედი 2014 წლის დეკემბერში, აპრილში კი უკვე კომპანია „აიკონია კაპიტალსი“ შევქმენი. ჩემი მიზანი გახლდათ ინვესტირება დეველოპერულ ბიზნესში, რომლის ფარგლებშიც შევიძენდი მიწას, შევქმნიდი პროექტს თავისი ურბანული დიზაინით და დავაფინანსებდი მას. ასე და ამრიგად, ხსენებული დეველოპერული პროექტი ითვალისწინებდა მშენებლობაში აქტიურ ჩართვას და ყველა ეტაპზე მის სრულ კონტროლს. ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ მის რეალიზაციას ან პირიქით, შენარჩუნებას _ როგორც დეველოპერული კომპანია გადაწყვეტდა. 2014 წელსვე შევიძინეთ მიწა, შევქმენით პროექტი და მთავრობისგან ნებართვა ავიღეთ.
_ ე. ი. შპს „აიკონია კაპიტალსი“ საქართველოში ჩამოყალიბდა?
_ დიახ. თავდაპირველად ეს „სტარტაფ“ პროექტი გახლდათ. თავად სახელწოდება „აიკონია“, ანუ სახე, იერი _ აქედან მომდინარებს.
_ პრობლემები როდის დაგეწყოთ _ მშენებლობაზე ნებართვის აღების შემდეგ?
_ ბევრად ადრე, მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთი ვიყიდეთ, დავაპროექტეთ და მშენებლობის ნებართვის აღების მიზნით მერიაში განაცხადი შევიტანეთ. აღმოჩნდა, რომ მეზობელი კორპუსის რამდენიმე მცხოვრებმა მერიაში საჩივარი შეიტანა. მათ არ სურდათ, რომ სადმე სიახლოვეს სხვა კორპუსი აშენებულიყო. აქედან დაიწყო პრობლემების მთელი კასკადი. კერძოდ, პირველადი ნებართვის მოთხოვნით მერიაში 2015 წლის თებერვალში შევედით და იმავე წლის 15 მარტს პირველი საჩივარი მივიღეთ მეზობლებისგან. საჩივრის საფუძველზე მერიამ ნებართვის გაცემის პროცედურა შეაჩერა და შემოგვთავაზა, რომ მომჩივან მეზობლებს საკითხის მოსაგვარებლად შევხვედროდით. აღნიშნული შეხვედრა მერიაში შედგა, რომელსაც მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ წარვადგინეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხები, რომელიც დაგეგმილი მშენებლობის უსაფრთხოებას ადასტურებდა. ამის შემდეგ, ერთ თვეში, მერიაში სხვა საჩივარი შევიდა, ამჯერად სხვა მიზეზებით და ასე გაგრძელდა 2016 წლის თებერვლამდე, სანამ ჩვენმა კომპანიამ მერიის ნებართვა არ მიიღო მშენებლობაზე.
_ როგორც ვიცი, ნებართვის აღებამდე, 2015 წელს, ხსენებული დაპირისპირების ფონზე, იმდროინდელმა მერმა დავით ნარმანიამ, ორივე მხარე თავისთან მორიგების შეხვედრაზე დაგიბარათ…
_ დიახ და ამ შეხვედრის მიზანი გახლდათ მოლაპარაკების მიღწევა კომპანიასა და მეზობლებს შორის, რომ ეს დავა და საჩივრების ნაკადი ერთხელ და საბოლოოდ დასრულებულიყო. შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა _ მომჩივნებმა განაცხადეს, რომ მათ არ აინტერესებდათ არაფერი ექსპერტიზის დასკვნების ჩათვლით. ამერიკული ინვესტიცია არ უნდა განხორციელებულიყო და მორჩა! ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ მიმჩივნები დღეს რითაც აპელირებენ სასამართლო სხდომაზე, 2015 წელს სრულიად სხვა მიზეზები ჰქონდათ. მაგალითად, მათ, უბრალოდ, არ უნდოდათ, რომ ეს კორპუსი აშენებულიყო. სანაცვლოდ უნდოდათ ბაღი ან სკვერი.
_ კი მაგრამ, ეს ტერიტორია ხომ კერძო საკუთრებას წარმოადგენდა? თქვენი კომპანიის მიერ შეძენამდეც ასევე სხვისი კერძო საკუთრება იყო. კერძო პირს როგორ უნდა მოსთხოვო, შენს მიწაზე ბაღი ან სკვერი გამიშენეო?
_ მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვიყავით, მთელ რიგ დათმობებზე წავსულიყავით. მაგალითად, ზემო აღნიშნულ შეხვედრაზე მთელი რიგი ბენეფიტები შევთავაზეთ. კერძოდ, მათი კორპუსის ფასადის სრული შეკეთება-შეღებვა-გალამაზება, ლიფტების რეკონსტრუქცია, ასევე სკვერის გაშენება და ახალ კორპუსს თავისი აუზი რომ ექნებოდა, იმ აუზის მუდმივი, 24-საათიანი აბონემენტი კორპუსის ყველა მცხოვრებისთვის. მათ ყველანაირ შეთავაზებაზე სასტიკი უარი განაცხადეს და პირდაპირ თქვეს, რომ მათი მიზანია ამ პროექტის შეჩერება.
_ ამ შეხვედრას მერიის მაღალჩინოსნებიდან ვინ ესწრებოდა?
_ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ძაგნიძე, რომელიც 2017 წელს დააკავეს. ამ შეხვედრის შემდეგ მე შემთხვევით შევხვდი ერთ-ერთ მცხოვრებს, მერაბ კახიანს (რომელიც, მოგვიანებით, სასამართლოში ჩვენი მთავარი მომჩივანი გახდა), რომელმაც მითხრა, _ რაც შემოგვთავაზე, იმ ბენეფიტებს თუ შეასრულებ და რაც მთავარია, ფულს ქეშად მოგვცემ, მაშინ აღარ გიჩივლებთო. თანხის რაოდენობა არ დავაკონკრეტებინე, მაგრამ საუბარი ვიდეოზე ჩავწერე. მერიაში შეხვედრას ესწრებოდა ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, რომელიც პირდაპირ დამიპირისპირდა და მითხრა, რომ ვერასოდეს ავაშენებდი ჩემს მიწაზე ვერაფერს. ასე მითხრა: იცი, მე ვინ ვარ? გიორგი შავლიაშვილი, მოსამართლე.
_ და ეს სიტყვები მან ყველას თანდასწრებით გითხრათ?
_ დიახ! შემდეგ ლევან ძაგნიძეს შეუტრიალდა და იმასაც დაემუქრა, რომ თუ შენ დაეხმარები ამერიკელ ინვესტორს, პასუხს აგებ მაგისთვისო. ამის შემდეგ ჩვენი აქტიური შეხვედრები გაგრძელდა უკვე ნინო ღოღობერიძესთან, რომელიც ასევე მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე გახლდათ. ღოღობერიძემ მიგვითითა, თუ რა უნდა შეგვეცვალა პროექტში იმისთვის, რომ ნებართვა მიგვეღო. თავის მხრივ, დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც იმ დროს მერის მოადგილე გახლდათ, ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი ჩვენი პროექტის მიმართ. კერძოდ, როდესაც მას შევხვდით და ვთხოვეთ, რომ ამერიკელი ინვესტორების უფლებები დაეცვა საქართველოში, ძალიან ხისტი და უხეში ტონით გვიპასუხა, რომ ჩვენი ქალაქია და ჩვენი საქმეა, რას და როგორ გავაკეთებთო. ოფიციალური წერილები მაქვს შენახული, სადაც მერია გვპირდება, რომ ამა და ამ რიცხვში გაგცემთ ზუსტ პასუხს: „არას“ ან „დიახს“. 2015 წლის აგვისტოს შემდეგ მერია არც იმეილებზე პასუხობდა, არც ტელეფონებზე და საერთოდ, არანაირ კომუნიკაციაზე არ გამოდიოდა. ასე გაიწელა ეს პროცესი 2016 წლის თებერვლამდე. მერია, სავარაუდოდ, ჩვენს მომჩივნებს ეხმარებოდა დროის გაწელვაში და აბსურდული მიზეზების პოვნაში. არადა, საკმაოდ სოლიდური ფინანსები წაიღო ჯერ პროექტის ცვლილებებმა, ასევე დროის გაწელვამ.
_ კი მაგრამ, მერიამ ხომ საბოლოოდ გასცა ნებართვა?
_ ნებართვა გაიცა 2016 წლის თებერვალში და ეს ნებართვა გაიცა აშშ-ს საელჩოსა და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის შუამდგომლობის შემდეგ. ასევე კადრები შეიცვალა მერიაში, რაც მთავარია, ვიცე-მერი შეიცვალა და ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით ნებართვა მივიღეთ. ამის შემდეგ რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ საინჟინრო სამუშაოები დაგვეწყო _ თანხების მობილიზება, ფუნდამენტის გათხრა და ა. შ., მაგრამ, მეზობლებმა ამჯერად, 2016 წლის მაისში, სასამართლოს მიმართეს, რომელმაც მერიის ნებართვა დაუყოვნებლივ, განუსაზღვრელი დროით შეაჩერა. მშენებლობის ნებართვის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ეს პროექტი არის ძალიან მახინჯი. თავად სასამართლო პროცესების მსვლელობის დროს მოსამართლე არც კი კითხულობდა ექსპერტების პასუხებს, ჩვენს არგუმენტებსა და ა. შ. ასევე მუდმივად დებდნენ სხდომებს, რის გამოც სასამართლო პროცესი 2017 წლის მაისამდე გაიწელა. მე და ჩემმა ადვოკატებმა ასეთი გამოსავალი ვიპოვეთ: მერიას შევთავაზეთ, რომ საერთოდ გაეუქმებინა ნებართვა და ჩვენ თავიდან შევიტანდით მოთხოვნას ახალი მშენებლობის ნებართვაზე. მერია დაგვთანხმდა. შედეგად დავა შეწყდა, კომპანიამ მერიაში ახალი განაცხადი შეიტანა და ზუსტად ერთ თვეში მივიღეთ ნებართვა. ახალი პროექტი ყველა ნორმატივით იყო გაწერილი: სამხარეო, საგზაო და ა. შ. ახალი ნებართვა 2017 წლის 4 ივლისს ავიღეთ და სექტემბერში მეზობლებმა ხელახლა შეიტანეს სარჩელი. სასამართლომ, რა თქმა უნდა, ახალი ნებართვაც შეგვიჩერა და იმ დროიდან გაურკვეველ სიტუაციაში ვართ. წინასწარი მოსმენა 2019 წლის 22 თებერვალს არის ჩანიშნული.
_ რას აპირებთ?
_ კომპანია ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ხოლო პროექტის რეპუტაცია გაუფასურდა. სასამართლო პროცესი რომც მოვიგოთ, ინვესტორების მოძიება და მასში თანხების ჩადება გაძნელდება. აქ ფულის დაბანდებაში საკმაოდ დიდ საფრთხეებს ხედავენ ინვესტორები როგორც აშშ-დან, ისე ევროპიდან. შესაბამისად, პროექტი, ფაქტობრივად, დაკარგულია. მას მომავალი აღარ აქვს. ამ ეტაპზე მოვითხოვ კომპენსაციას _ კერძოდ, იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც კომპანიას ხუთი წლის განმავლობაში მიადგა.
_ ვისგან მოითხოვთ?
_ პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სასამართლო სისტემას იმ ზიანისთვის, რაც ჩვენ მოგვადგა. „აიკონია კაპიტალს“ ემსახურება ამერიკული საადვოკატო კომპანია ACERIS LLC- Director William Kirtley, რომელსაც ოფიციალური წარმომამდგენლობები ჰყავს შვეიცარიასა და საფრანგეთში. შპს „ასერის“ დირექტორია უილიამ კერტლი. სწორედ ამ კომპანიის ადვოკატებმა უკვე მიმართეს გაეროს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს და საქმე გადაინაცვლებს. ჩვენმა საჩივარმა უკვე გაიარა ყველა საფეხური და ყველანაირ რეგულაციაში ჯდება. კომპენსაციის თანხა არის 10 მილიონი აშშ დოლარი და ყველაფერი დაანგარიშებულია დეტალურად _ ყველა ის ხარჯი, რესურსი, საბანკო სესხები, დრო და რაც მთავარია, მოგება, რომელიც ამ პროექტს უნდა მოეტანა და რაც დავკარგეთ.
_ საქართველოს ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ რა განწყობით ტოვებთ?
_ ჩემი და ჩემი პარტნიორი ბიზნესმენების მიზანი არავითარ შემთხვევაში არ არის არც საქართველოს დაკნინება ანდა საერთაშორისო არენაზე მისთვის პრობლემების შექმნა. პირიქით! იგივე მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი ჩიკაგოს საერთაშორისო იურიდიულ სკოლაში სწავლობს. ე. ი. ერთი ხელით ამერიკული განათლების სისტემის მიმდევარია და მეორე ხელით ამავე ქვეყნის ინვესტიციებს ბლოკავს?! ჩვენი მიზანია ავინაზღაუროთ ზარალი, რაც ამ ქვეყანაში ჩამოსვლამ მოგვაყენა _ არც მეტი, არც ნაკლები!

თამარ როსტიაშვილი