1919 წლის ოქტომბერი

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ (2018წ.) ##3-27;29-39; (2019წ.) #2.

ბოლშევიკური აჯანყება საქართველოში

1919 წლის ოქტომბრის უმთავრესი მოვლენა საქართველოში ბოლშევიკების მიერ მოწყობილი აჯანყების მცდელობა გახლდათ, რომელიც ხელისუფლებამ დროულად აღკვეთა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმმა კომუნისტების იატაკქვეშა ორგანიზაციების გამოვლენა და მათი მეთაურების დაპატიმრება შეძლო. 29 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოში“ საქართველოს მთავრობის ვრცელი განცხადებაა გამოქვეყნებული, რომელიც დეტალურად მოგვითხრობს, თუ როგორ ამზადებდნენ ბოლშევიკები აჯანყებას, ვინ მონაწილეობდა მასში და რა ზომები მიიღო ხელისუფლებამ წითელი ამბოხის გასანეიტრალებლად.
როგორც ამ განცხადებიდან ირკვევა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჯერ კიდევ 1919 წლის მაისში მიიღო ინფორმაცია, რომ მოსკოვიდან ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე გამოცდილი აგენტი მიავლინეს, რომლებმაც თან შესაბამისი ინსტრუქცია და დიდძალი თანხა ჩამოიტანეს. აგენტებს დავალებული ჰქონდათ დენიკინის თეთრი მოძრაობის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩათრევა. საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში გაძლიერდა შესაბამისი პროპაგანდა, მაგრამ როდესაც ნათელი გახდა, რომ საქართველოს ომში ჩაბმა არ მოხერხდებოდა, მაშინ კომუნისტებმა ქვეყანაში შეიარაღებული გამოსვლების ორგანიზება და ქართული ხელისუფლების ძალით შეცვლა გადაწყვიტეს.
19 აგვისტოს თბილისსა და რაჭაში კომუნისტებმა საიდუმლო პარტიული შეკრება მოაწყვეს, სადაც აჯანყება დაიგეგმა. თუმცა საქართელოს საგანგებო რაზმმა შეთქმულება გამოავლინა და აჯანყების ორგანიზატორთა დაპატიმრებას შეუდგა. გაზეთი „საქართველო“ 1919 წლის 29 ოქტომბერი: „პირველ ოქტომბერს დატუსაღებულ იქმნა ქალაქ თბილისში გიორგი კალანდაძე, რომელსაც თან აღმოაჩნდა ადგილობრივი ორგანიზაციის ოქმი, საიდანაც აშკარა იყო, რომ ახლო მომავალში ისინი საერთო ამბოხებისთვის ემზადებოდნენ. ეს აგრედვე დამტკიცდა გურიის სამხედრო ტეხნიკურ კომისიის მთელი შემადგენლობის შეპყრობით დაბა ხიდისთავში 4 ოქტომბერს.
გამოსვლა დანიშნული იყო 4 ოქტომბრისთვის. ამ დროს შეპყრობილი იქმნა ამბოხების ცნობლი ხელმძღვანელები საშა გეგეჭკორი (დუშეთის და ლეჩხუმის აჯანყების მეთაური), აღნიაშვილი, გახოკია და შოფერი კალანდაძე, რომელიც მიღებული ცნობებით, მონაწილეობას იღებდა მოკლულ ელბაქიძესთან ერთად გენერალ ბარათოვზე თავდასხმაში… დატუსაღებულ იქმნა აგრედვე ბოლშევიკთა საოლქო კომიტეტის ხაზინადარი ყოფილი კომისარი თერგის ოლქისა ელერდაშვილი. ამის შემდეგ ბოლშევიკები იძულებულ შეიქმნენ, აჯანყების მოწყობის ვადა შემდეგისთვის გადაედოთ“.
14 ოქტომბერს კომუნისტები სოხუმში დისლოცირებული ადგილობრივი სამხედრო ნაწილის მიმხრობას და შეიარაღებულ გამოსვლის ორგანიზებას შეეცადნენ. ბოლშევიკთა აგიტატორებმა სოხუმის ათასეულის (იგივე ბატალიონი) მე-7 გუნდში შეაღწიეს და ჯარისკაცებს ღია ამბოხისკენ მოუწოდებდნენ. მაგრამ მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და არეულობის მოთავეები დააპატიმრეს. სოხუმში განცდილი მარცხის შემდეგ, ბოლშევიკებმა საყოველთაო გამოსვლა 24 ოქტომბერს დაგეგმეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბოლოო დეტალების დასაზუსტებლად, კომუნისტთა ხელმძღვანელები თბილისის სასტუმრო „ავრორაში“ 21 ოქტომბერს იკრიბებოდნენ. საგანგებო რაზმმა ეს შეხვედრაც ჩაშალა და სასტუმროში მყოფი ყველა კომუნისტი დააპატიმრა. შეკრებილებს აღმოუჩინეს თბილისის რუკა, სადაც უბნების მიხედვით იყო აღნიშნული აჯანყების კერები. იმავე დღეს დუშეთში დააპატიმრეს თერგის ოლქის მცხოვრები ვინმე ტაკოევი, რომელსაც კომუნისტთა სამაზრო კონფერენციის დღის წესრიგი და აჯანყების საერთო გეგმა უპოვეს.
23 ოქტომბერს ფოთში დააპატიმრეს კომუნისტთა საიდუმლო კრების მონაწილეები, რომლებიც დილით ქალაქში შეიარაღებულ გამოსვლას გეგმავდნენ. ბოლშევიკთა მოთავეები აიყვანეს თელავშიც.
მიუხედავად დაპატიმრების ტალღისა, ბოლშევიკებმა შეიარაღებული გამოსვლა მაინც მოაწყვეს: „ლაგოდეხში 24 ოქტომბერს დილის 4 საათზე ბოლშევიკთა ბრბო, დაახლოვებით 30 კაცი შეიჭრა დაბაში, დაიკავა ფოსტა-ტელეგრაფი და სათემო თვითმართველობა და დაეპატრონა ადგილობრივ ძალაუფლებას. ბრბო შედგებოდა როგორც ბოლშევიკებისა, აგრეთვე იმ უცხო ელემენტებისაგან, რომელნიც გენ. დენიკინის აშკარა დამცველნი არიან და მის ლაშქარს აძლიერებს. მოხდა შეტაკება სანაპირო რაზმის პატარა ჯგუფთან, რომლის დროსაც მოკლულ იქმნა ერთი თავდამსხმელი, ერთი ჯარისკაცი, რომელიც იარაღის საწყობს იცავდა, ხოლო მძიმედ დაიჭრა ოფიცერი გამყრელიძე და ერთი მილიციონერი. ბრბო დაეპატრონა იარაღის საწყობს და დაიტაცა 150 სამხაზიანი თოფი და რამდენიმე ყუთი ტყვიები. თავდამსხმელნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იმავე ღამით დაეცა ქალაქ თბილისში მთავრობა და მთელს რესპუბლიკაში ძალაუფლება ბოლშევიკთა ხელში გადავიდა. როცა გაირკვა, რომ თბილისში სიწყნარეა და ხმა გავარდა, სახალხო გვარდია იგზავნებაო, ბრბო გაიფანტა. ამ ჟამად ლაგოდეხის რაიონში სიწყნარეა“.
ბოლშევიკური გამოსვლები იყო სამტრედიის მაზრის რამდენიმე სოფელშიც. კერძოდ: კულაშში, კუხსა და გუბში. თუმცა ხელისუფლების ოპერატიული მოქმედების შედეგად, მეამბოხეები სწრაფად შეიპყრეს. 24 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა დუშეთის მაზრის ბაზალეთის კომისარიატზე. ბოლშევიკებმა 4 მილიციონერს იარაღი აჰყარეს და შენობა დაიკავეს. ორხმრივი სროლის შემდეგ თავდამსხმელთა უკუგდება მოხერხდა და 6 ბოლშევიკი დააკავეს.
კომუნისტური ამბოხის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებული ვრცელი განცხადება შემდეგი დასკვნით სრულდებოდა: „მეამბოხეთა და მათ მეთაურთა დიდი ნაწილი შეპყრობილია, ხოლო დანარჩენთა შესაპყრობათ მიღებულია უსასტიკესი ზომები. ამბოხების შესახებ ფიცხელი გამოძიება სწარმოებს. ყველა მეამბოხე გადაეცემა სასამართლოს შესაფერი მსჯავრის დასადებად.
ბოლშევიკთა მიერ მოწყობილ გამოსვლების დროს, აშკარათ გამოირკვა, რომ ხალხი ერთგული დამცველია დემოკრატიული წყობილებისა და ის არ წამოეგება უცხო სახელმწიფოთა მიერ მიყიდულ აგენტების ანკესზე. შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი“.

ბარათოვზე განხორციელებული ტერაქტის გამოძიება

1919 წლის ოქტომბრის ნომრებში გაზეთი „საქართველო“ აგრძელებს თეთრი მოძრაობის მეთაურის, გენერალ დენიკინის პირად წარმომადგენელზე, გენერალ ბარათოვზე თავდასხმის შესახებ ცნობების გამოქვეყნებას. როგორც ცნობილია, 13 სექტემბერს ვერის აღმართზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანაზე კომუნისტი აქტივისტების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გენერალი ოდიშელიძე და გენერალი ბარათოვი დაიჭრნენ. ბარათოვის თანმხლები, პოლკოვნიკი სელიმ ალხავი, ავტომობილის მძღოლი ვასილ ჟუჟუნაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამადაძე, აგრეთვე ერთ-ერთი გამვლელი მოქალაქე კი გარდაიცვალნენ. მილიციის მიერ ადგილზე ლიკვიდირებული იყო ტერორისტი არკადი ელბაქიძე.
მილიციამ ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა ვინმე კორენშტეინი და იბრაჰიმ აღა ოღლი. 3 ოქტომბრის გაზეთი იუწყება, რომ მათ საქმეს უდიდეს საქმეთა გამომძიებელი ჯორბენაძე აწარმოებდა.
7 ოქტომბერს გაზეთი „საქართველო“ მკითხველს უკვე გენერალ ბარათოვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აწვდის ინფორმაციას: „გენ. ბარათოვს, როგორც აღნიშნული გვქონდა, ჭრილობით სისხლი მოეწამლა. ამის გამო საგანგებო კონსილიუმმა ბაქოდან ცნობილი ქირურგი, პროფესორი ოშმანი მოიწვია, რომლის ასისტენტობით ქირურგმა მუხაძემ ბარათოვს ოპერაცია გაუკეთა და დაზიანებული ფეხი მოსჭრა“.
თვის ბოლოს, 30 ოქტომბრის ნომერში, გაზეთი ბარათოვის თემას კიდევ ერთხელ უბრუნდება და გვამცნობს, რომ ექიმთა რჩევით დაჭრილი გენერალი ბათუმში გაემგზავრა, სადაც ჯანმრთელობის აღსადგენად შესაბამისი კლიმატური პირობები იყო. აქვე აღნიშნულია, რომ ბარათოვის შუამდგომლობით, სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გენერალ დენიკინის გადაწყვეტილებით, ტერაქტის დროს დაღუპული მძღოლის ვასილ ჟუჟუნაშვილისა და მისი თანაშემწის სამადაძის ოჯახებს, აგრეთვე პოლკოვნიკ სელიმ ალხავის ქვრივს გაეწიათ ერთჯერადი დახმარება 5 ათასი მანეთის ოდენობით.

ეკონომიკა

ოქტომბრის ნომრებში საინტერესო ცნობები გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებისა და სიძვირის გამო სხვადასხვა დარგის რამდენიმე ქარხანა დაიკეტა. დაიწყო საწარმოდან მუშების მასობრივი განთავისუფლება. მაგალითად, 25 ოქტომბრის ნომრიდან ვიგებთ, რომ ზაფხულიდან მოყოლებული სეილანოვის თამბაქოს ქარხნიდან დაითხოვეს 180 მუშა. ბოზარჟიანცის ქარხნიდან განზრახული იყო 270 თანამშრომლის განთავისუფლება. გაზეთის ცნობით, თამბაქოს წარმოების ასეთი შემცირება განპირობებული იყო, ერთი მხრივ, ნედლეულის დეფიციტით და, მეორე მხრივ, ინფლაციით, რის გამოც ქარხნის ადმინისტრაცია მუშების გაზრდილ ხელფასებს ვეღარ აკმაყოფილებდა.
იგივე მდგომარეობა იყო ფეხსაცმლის წარმოებაშიც. გაზეთი „საქართველო“ 1919 წლის 25 ოქტომბერი: „უკანასკნელ ხანებში შესამჩნევად იკლო ფეხსაცმელების სახელოსნოების წარმოებამ. მაგალითად, თბილისის შრომის კომისარიატის ცნობით, ქალაქთა კავშირთან არსებულ ტყავეულობის ქარხნის ფეხსაცმელების სახელოსნოდან და ადელხანოვის კერძო სახელოსნოდან უკანასკნელ ხანებში შტატის შემოკლების გამო სამსახურიდან დაითხოვეს 75-მდე მუშა. ტყავეულობის ქარხნის მმართველმა ბეჯიგანოვმა მთავარ კომიტეტს მოხსენება წარუდგინა ტყავეულობის ქარხნის მდგომარეობის შესახებ, რომლის განხილვის შემდეგ აღმასრულებელ ბიურომ დაადგინა მოახდინოს ქარხნის ლიკვიდაცია.
ეს დადგენილება დასაბუთებულია ბაზრის მერყევი მდგომარეობით, მასალის უქონლობითა და საზღვარგარედან ფეხსაცმელების შემოზიდვით. ასეთივე მოტივაცია აქვთ შრომის კომისარიატს კერძო სახელოსნოების შესახებ. სატარიფო პალატის დადგენილებით გაძვირებული მუშა ხელის ფასი, ფეხსაცმლის წარმოებას საშუალებას არ აძლევს, მეტოქეობა გაუწიოს საზღვარგარეთელ ფეხსაცმელებს“.
როგორც გაზეთებიდან ჩანს, საყოველთაო გაჭირვება ყველაზე მეტად საზოგადოების იმ ფენას შეეხო, რომელთა პროფესიაც სპეციფიკურ ცოდნასა და განათლებას მოითხოვდა და რომელიც არ იყო დაკავშირებული ვაჭრობასთან ან ფიზიკურ მუშაობასთან. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოში ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ინტელიგენციის წარმომადგენლები და მეცნიერები აღმოჩნდნენ. ასეთი კატეგორიის მოქალაქეები საქართველოში მიზერულ ანაზღაურებას იღებდნენ და, პრაქტიკულად, შიმშილობდნენ. შედეგად, საქართველოდან მიგრაციის პროცესი, „ტვინთა და პროფესიონალთა“ გადინება დაიწყო. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანები საზღვარგარეთიდან მიღებულ შემოთავაზებას თანხმდებოდნენ და სამშობლოს ტოვებდნენ. ყველაზე მეტად ქართველები მეზობელ აზერბაიჯანში მიდიოდნენ, სადაც პროფესიონალი სპეციალისტების აშკარა სიმცირე გახლდათ.
25 ოქტომბერს გაზეთი „საქართველო“ ამ თემასთან დაკავშირებით პირველ გვერდზე საკმაოდ საინტერესო სტატიას აქვეყნებს სათაურით: „მიდიან“: „საქართველოდან მიდიან… მიდიან მასწავლებლები, ტეხნიკოსები, მიდიან გამოცდილი, მცოდნე და პატიოსანი მოხელენი, რომელნიც დიდ დაწესებულებათ სათავეში დგანან. მიდიან საუკეთესო მხედარი ოფიცრები, მიდიან მომქმედი და კეთილშობილი ინტელიგენტები. მიდიან უმთავრესად აზერბაიჯანში. აზერბაიჯანი დღეს კონკურენციას გვიწევს და გვართმევს გამოცდილ და მცოდნე პირებს. ყველა ის ვისაც ჩვენი მოკავშირე ეპატიჟება და თანდათან მიჰყავს კიდევაც, თავის დარგში მეტწილად გამოჩენილი ხალხია და ამასთანავე მეტად ფაქიზი, რომელსაც გარდა თავისი ჯამაგირისა, არსებობის სხვა არავითარი სახსარი არ მოეძებნება.
ამგვარად გვაკლდება მცოდნე, გამოცდილი და პატიოსანი ხალხი, რომლის ადგილზე იძულებული ვიქნებით დავსვათ ბლუზიანი ამხანაგები და პროპაგანდისტები, ხალხი უვიცი, გამოუცდელი და პატიოსნების მხრივაც გამოსაცდელი, საეჭვო. ცხადია მეტად დიდი დანაკლისია ნორჩი რესპუბლიკისთვის ასეთი ხალხის დაკარგვა; თვით ეს ხალხი პატრიოტია და რესპუბლიკის მოყვარული; და სწორედ რესპუბლიკის შეგნებულ სიყვარულითა და პირადი კეთილშობილებით იგი მექრთამეობით და რესპუბლიკის გაძარცვით არ ფიქრობს თავის თავისა და თავის ოჯახის რჩენას.
იგი შეჰყურებს მხოლოდ და მხოლოდ თავის ჯამაგირს და პატიოსანის სამსახურით ცდილობს ცხოვრებას. უმკლავდება სიმშილს, იტანს გაჭირვებას. აკლებს თავის თავს და თავის ცოლშვილს ბევრ აუცილებელ საგანს; ჰყიდის თუ რამე ავეჯი აბადია; ხარჯავს თუ რამე გამონაზოგი კიდევ შერჩენია. ყველაფერს საზღვარი აქვს. იფიტება, გასასყიდი ყველაფერი გაყიდული აღმოაჩნდება, დგება საერთო კრიზისი, გამოუსვლელი მდგომარეობა და ადამიანიც თავისუფალი სურვილისა და ნებისყოფის წინააღმდეგ სწყდება თავის სამშობლოს სწორედ იმ დროს, როდესაც იგი მისთვის ყველაზე უფრო საჭიროა ცოდნით, გამოცდილებით. შორდება სამშობლოს, რომ ფიზიკური არსებობა თავის საკუთრი და თვისი ცოლშვილისა სიმშილს გადაარჩინოს, თითონაც შეიმოსოს და ცოლშვილიც შემოსოს…“

კრიმინალური ქრონიკა

საერთო ეკონომიკური გაჭირვებისა და მძიმე სოციალური ფონის შედეგად წარმოუდგენლად გაიზარდა ყაჩაღობების, თავდასხმების, ქურდობისა და ძარცვების რიცხვი. ხელისუფლება გაზრდილ კრიმინალურ ფონს ვეღარ უმკლავდებოდა. 1919 წლის ოქტომბერში საქართველოში გემიც გაძარცვეს, მატარებელიც, ფოსტაც და თქვენ წარმოიდგინეთ, მთელი დაბაც. წვრილმანი ქურდობა, გზაზე მგზავრების დედიშობილად დატოვება, ხაზინის ქურდობა და ქუჩაში შელაპარაკების გამო ადამიანის მკვლელობა ცხოვრების ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა.
ყაჩაღობდა ყველა და მათ შორის ისინიც, რომელთაც წესრიგის დაცვა ევალებოდათ. საფოსტო დილიჟანსის გაძარცვის ბრალდებით შეიპყრეს საგუბერნიო ბატალიონის 2 ჯარისკაცი და სამაზრო კომისარიატის მილიციელი. დააპატიმრეს გვარდიელი კაკაბაძე, რომელმაც დივიზიონის საწყობიდან 15 ათასი მანეთის საქონელი მოიპარა. 3 ოქტომბერს დუშეთსა და წავკისს შორის ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ ეტლით მიმავალ პოლკოვნიკ საგინაშვილს და წაართვეს ძვირფასი ნივთები და 75 ათასი მანეთი.
15 ოქტომბერს თავდასხმა მოხდა სამგზავრო მატარებელზე. სადგურ ნატანების სიახლოვეს ბოროტმოქმედებმა რკინისგზა აყარეს, რის გამოც ორთქმავალი, სამი სამგზავრო და ერთი საბარგო ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა და დაზიანდა. გზა გაფუჭდა 50 საჟენის მანძილზე. თუმცა თავდასხმელებმა მატარებლის გაძარცვა ვერ მოახერხეს, რადგან დაცვამ მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ორმხრივი სროლის შედეგად ყაჩაღებმა მოკლეს 2 მცველი: ახვლედიანი და სალუქვაძე.
თავს დაესხნენ სამგზავრო ხომალდ „მარიას“, რომელიც სოხუმი-ბათუმის რეისს ასრულებდა. ყაჩაღები გემზე მგზავრების სახით ავიდნენ, შემდეგ მთელი ეკიპაჟი იარაღის მუქარით გემბანზე დააწვინეს და ყველა მგზავრი პირწმინდად გაძარცვეს. თან წაიღეს გემის სალაროც. საერთო ჯამში, ბოროტმოქმედებმა 25 მილიონი მანეთი გაიტაცეს და მიიმალნენ.
დუშეთის მაზრის სოფელ ანანურს თავს დაესხა 40-კაციანი ბანდა, რომელმაც სასტიკად დაარბია და გაძარცვა მოქალაქეები. თავდასხმის შედეგად იყვნენ დაჭრილ-დახოცილებიც. გაქურდეს ადგილობრივი ფოსტის განყოფილება, საიდანაც წაიღეს სახელმწიფო ფული. დაამტვრიეს ფოსტის კუთვნილი ინვენტარი.
თუ რა მასშტაბებს აღწევდა და როგორი ორგანიზებული იყო კრიმინალური დაჯგუფებები, ამის თაობაზე შესაძლოა, გაზეთ „საქართველოს“ 7 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული ერთი შემთხვევის მიხედვითაც ვიმსჯელოთ. აღწერილია თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარი შემთხვევა: „შაბათს 4 ღვინობისთვეს, შუაბაზარში გასტეხეს ს. არუთინოვის ოქრო-ვერცხლის სავაჭრო მაღაზია და გაიტანეს 5 მილიონ მანეთამდე ღირებული ნივთეულობა. ამ ბოროტმოქმედებაში მონაწილეობა მიუღია მეტად დახელოვნებულ ბოროტმომქმედთა ჯგუფს _ დაახლოებით 50 კაცამდე.
წინა დღეებში ამ ჯგუფის წევრთ ამ მაღაზიის გვერდზე ცარიელი ოთახი უქირავნიათ და გაძარცვის დღეს 4 მუშით მიუზიდნიათ სატეხი მანქანები და მთელი ლაბორატორია. ძარცვის დროს შეუკრავთ მთელი ქუჩა. მილიციონერი ძაგნიძე და მეეზოვე დაუტუსაღებიათ და სადარაჯოებზე თავთავიანთი აგენტები დაუყენებიათ. მთელი ძვირფასი ნივთეულობა არუთუნოვს დიდ ფოლადის განჯინაში ჰქონია შენახული. ხალასი ოქრო ჰქონია შენახული 1 ფუთამდე, ბრილიანტის თვლები და ოქრო-ვერცხლის ნივთები. ბოროტმომქმედებს ეს უზარმაზარი ფოლადის კლიტეები ამოუწვავთ მჟავბადით და ელექტრონით და დიდი წვიმა ნიაღვრით უსარგებლიათ და სულ ერთიანად წაუღიათ ყველაფერი.
დაპატიმრებულია თერძი პეტრე გიგაია, რომელსაც სახლის პატრონთან რეკომენდაცია გაუწევია იმ საეჭვო მდგმურებზე, რომელსაც არუთინოვისთვის მაღაზიის გვერდზე მდებარე ცარიელი ოთახი აუღია. ასევე შეიპყრეს მილიციელი ძაგნიძე და სხვა.“

ქოლერა

საქართველოში კვლავ მწვავედ დადგა ინფექციური გადამდები დაავადებების პრობლემა. 1919 წლის შემოდგომაზე თბილისში ქოლერის შემთხვევებმა იმატა. როგორც საგაზეთო პუბლიკაციებიდან ირკვევა, აგვისტოდან მოყოლებული ქოლერით ავად 90-ზე მეტი მოქალაქე გახდა. მართალია, გასული წლის მონაცემებთან შედარებით ავადმყოფთა რიცხვი მცირე გახლდათ, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ თუ ხელისუფლება საჭირო ზომებს დაუყოვნებლივ არ მიიღებდა, ქალაქს მასშტაბური ეპიდემიის საშიშროება ელოდა.
აღსანიშნავია, რომ ქოლერა საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან გადმოხვეწილმა დევნილებმა შემოიტანეს. თუ ზაფხულის განმავლობაში ეს დაავადება მხოლოდ ჩამოსულებს შორის შეინიშნებოდა, ოქტომბერში სენი ადგილობრივ მოსახლეობასაც მოედო. 28 ოქტომბრის ნომერში გაზეთი „საქართველო“ დამფუძნებელი კრების საფინანსო კომისიის მიერ მოწოდებულ ცნობას ბეჭდავს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ უკანასკნელ დროს საქართველოს დედაქალაქს უამრავი დევნილი მოაწყდა და ამან მეტად დაამძიმა თბილისის სანიტარიული მდგომარეობა. აქვე დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს ავალებდა, რომ ამ მავნე მოვლენის აღსაკვეთად სათანადო ზომები დაუყოვნებლივ მიეღო.
ქოლერის საშიშოებასთან დაკავშირებით გაზეთი „საქართველო“ 1919 წლის 28 ოქტომბრის ნომერში თბილისის სამკურნალო-სასანიტრო ინსპექტორ მეუნარგიას მიმართვას აქვეყნებს, სადაც იგი მოქალაქეებს სანიტარიული ნორმების დაცვასა და აუცილებელი აცრების გაკეთებისკენ მოუწოდებს: „მოქალაქენო, დაიცავით სისუფთავე თქვენ ბინაზე. ნუ სვამთ უმ წყალს. დაიცავით ყოველივე სანოვაგე ბუზებიდან, რადგან მათ გადმოაქვთ ხოლერა ერთი ადგილიდან მეორეზე, ერიდეთ ხილს.
ნუ დაივიწყებთ, რომ ერთად ერთი უებარი საშუალება, რომლითაც შეიძლება ხოლერას თავი დაახწიოთ, ეს არის ხოლერიდან აცრა. როგორც ყვავილის აცრა გვიხსნის ყვავილიდან, ისე ხოლერას აცრაც უზრუნველ გვყოფს ხოლერიდან. აცრას არავითარი ვნება არ მოაქვს. ამ მოკლე ხანში აიცრა 2 ათასამდე კაცმა, მაგრამ არც ერთი მათგანს არავითარი გართულება თან არ დაჰყოლია. მოგიწოდებთ ყველას, აიცრათ თავი ხოლერიდან. აცრა სწარმოებს ყოველ დღე უფასოდ“. ამ მოწოდების ბოლოს მითითებული იყო ის მისამართები, სადაც მოქალაქეებს აცრის გაკეთება შეეძლოთ.

სვეტიცხოვლობა

1919 წლის 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლის დღესასწაული იზეიმეს. როგორც გაზეთი „საქართველო“ იუწყებოდა, 14 ოქტომბერს მოქალაქეებს, თავისუფლების მოედნიდან მცხეთის მიმართულებით, შეღავათიან ფასად ავტომობილები მოემსახურებოდნენ. გარდა ამისა დანიშნული იყო სპეციალური მატარებელიც. სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოსი ლეონიდე ჩაატარებდა. აქვე აღნიშნული იყო, რომ ქართული საქველმოქმედო საზოგადოება მცხეთაში, სვეტიცხოვლის გალავანთან დიდ საჯარო ბაზრობა-გამოფენას მოაწყობდა, სადაც გაიყიდებოდა საქველმოქმედო საზოგადოების სახელოსნოებში მოსწავლეთა მიერ დამზადებული ნივთები.
16 ოქტომბერს გაზეთი „საქართველო“ სვეტიცხოვლობის შესახებ დიდ რეპორტაჟს აქვეყნებს, სადაც დაწვრილებით არის გადმოცემული ზეიმის მიმდინარეობა. როგორც ირკვევა, მცხეთაში ხალხმა შეკრება, ჯერ კიდევ, 13 ოქტომბერს დაიწყო. სვეტიცხოვლის გალავანთან უამრავი ურემი დაგროვდა. ტაძრის ეზოში ენთო კოცონი, რომლის გარშემო მლოცველები მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ზოგიერთმა ტაძარს ჩოქვით წრე შემოარტყა. ღამის თევაზე ძირითადად არაგველები იყვნენ. კოცონთან ისინი ძველ ქართულ სიმღერებს ასრულებდნენ და გათენებამდე ფხიზლობდნენ.
დილის 9 საათზე თბილისიდან საგანგებო მატარებლით საქართველოს კათოლიკოსი ლეონიდე ჩამობრძანდა, რომელსაც თან ახლდნენ საკათოლიკოსო საბჭოს წევრები და თბილისის სამღვდელოება. 10 საათზე კი ტაძარში საზეიმო წირვა დაიწყო, რომელიც 12 საათამდე გაგრძელდა. წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოსმა მრევლს სიტყვით მიმართა. გაზეთი „საქართველო“ ამ სიტყვას სრულად აქვეყნებს. ამონარიდი ლეონიდეს სიტყვიდან: „…სვეტი ცხოვლობა _ ეს ის დღეა, მთელი ქართლი ქალიდამ კაცამდე რომ ფეხზე დგება, სადღესასწაულოთ იმოსება და საღმრთო განცდებით სახე გაბრწყინებული რომ სიამოვნებით მცხეთისკენ მიეშურება. აქ გადაჩარდახებული ურმებით, იქ ცხენით, სხვაგან მატარებლით, ეტლით ან ფეხით, დატვირთული თავისთვის საჭირო საგზლით, ხატისთვის შესაწირავი ზედაშე-სეფისკვერით, გლახა-დავრდომილთათვის გასაკითხავი ულუფით და საქვეყნო საქმეებზე გასაცემი ხვედრი წვლილით.
მცხეთობა ის დღეა, თვითეული მორწმუნე ქართველის გულში რომ თავის თავად იბადება მშობელ ერთან გაერთიანება-შექსოვის ძლიერი წყურვილი, მძლავრი სურვილი საკუთარი გულისა და გონების ჩაღრმავებისა მშობლიურ ერის ზრახვათა და გულისთქმათა საერთო ემბაზში, მხურვალე წადილი კერძო პირებთა და ერის შორის იმ ურთიერთბის შექმნისა, რომლის თვალსაჩინო მაგალითს იძლევიან მტკვარი და არაგვი სწორეთ მცხეთის მადლ მოსლ მიდამოებში“.
შემდეგ გაზეთი აღწერს სვეტიცხოვლის გალავანთან გამართულ ბაზრობას, სადაც რამდენიმე ადგილას გაშლილ კარვებში ქართველი მანდილოსნები სხვადასხვა საჩუქარს ჰყიდდნენ. ერთ კარავში გენერალ გაბაშვილის მეუღლის, ნინო გაბაშვილის მიერ მცხეთის კერამიკული სკოლის ნაწარმოები თიხის ჭურჭელი იყიდებოდა; მეორე კარავში კნეინა თამარ დადიანსა და ქეთევან ამირეჯიბს შალის სავაჭრო მოეწყოთ. წირვის შემდეგ ეს ადგილი კათოლიკოსმაც ინახულა და ქალბატონ მარიამ რამიშვილის კარავში ჩაი და ხილეულობა დააგემოვნა.
ნაშუადღევის 1-ლ საათზე საზეიმო სადილი გაიმართა, რომელსაც თავად კათოლიკოსისა და საკათოლიკოსო საბჭოს გარდა ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წევრები, საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები. სუფრას უძღვებოდა თბილისის თავი, ბენია ჩხიკვიშვილი, რომელმაც პირველ სადღეგრძელოში საქართველოს ისტორიაში ქართული ეკლესიის ღვაწლს გაუსვა ხაზი. დღესასწაულის აღსანიშნავად ქართველმა მეწარმე აკაკი ხოშტარიამ საქართველოს საკათოლიკოსოსა და ქალაქ თბილისის მმართველობას 75-75 ათასი მანეთი შესწირა. სახალხო ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდა.

მიხეილ ბასილაძე