„ჩემს ქვეყანას, სადაც არ უნდა წავიდე, ღირსეულად წარვადგენ!“

„ქრონიკა+“-ის დღევანდელი ნომრის სტუმარია ძალისმიერი სამჭიდის ღირსეული წარმომადგენელი _ კობა ალუდაური. ის ძველი თაობის სპორტსმენია, რომელმაც წარმატების მისაღწევად დიდი გზა გაიარა. წარჩინებულმა მოსწავლემ არაერთი პროფესიაც მიიღო, მაგრამ არჩევანი მაინც სპორტზე შეაჩერა.
პირადი მიღწევების გარდა, მას მწვრთნელისა და მსაჯის გამოცდილებაც აქვს, მის მიერ მოგებულ შეჯიბრებებზე კი ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. კობა ალუდაური თავისი ცხოვრების, პროფესიისა და მიღწევების შესახებ „ქრონიკა+“-ის მკითხველს უყვება.

_ კობა, ასაკიდან გამომდინარე, თქვენ საკმაოდ მრავალფეროვანი და წარმატებული სპორტული კარიერა გაქვთ. ამ სფეროში დიდი გზა გამოიარეთ. საინტერესოა, როდის დაიწყო თქვენი კარიერული ზრდა, წარმატება?
_ თავდაპირველად, 19 წლის ასაკში, 1991 წელს, საქართველოს ნაკრების წევრი გავხდი. ეს იმ ასაკის ბიჭისთვის ძალიან სასიამოვნო იყო. 1992 წლიდან საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ვარ, თასების მფლობელი და რეკორდსმენი, ძალიან ბევრი შეჯიბრი მოვიგე. ძალისმიერ სამჭიდში საქართველოს ჩემპიონიც ვიყავი, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი 2004 წელს აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატში. შემდეგ 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ჩაჯდომში კი მსოფლიო რეკორდი დავაფიქსირე და სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გავხდი. ეს უკვე აშშ-ში, ფლორიდის შტატში. 2018 წელს ჩაჯდომსა და ამოწევაში მსოფლიო ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი გავხდი, შეჯიბრი ბორდენთაუნში ჩატარდა. ამ შეჯიბრებაში ასევე დავამყარე სამჭიდის ჯამშიც მსოფლიო რეკორდი. მე სამივე მოძრაობას ვასრულებ ხოლმე _ ჩაჯდომი, წოლჭიმი, ამოწევა.
_ 90-იან წლებში საქართველოში, ალბათ, რთული პერიოდი გამოიარეთ. მაშინ დარბაზებში კი არა, სახლშიც არ ჰქონდა ყველას გათბობის საშუალება. როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?
_ ნამდვილად ძალიან რთული სავარჯიშო პირობები იყო. მაშინდელი ეკონომიკური მდგომარეობა მოგეხსენებათ, _ ტრანსპორტი არ იყო და ფეხით დავდიოდით. იმ დროს ბევრი წავიდა საქართველოდან, სხვა ქვეყანას შეაფარა თავი და მათი დროშის ქვეშ გახდა ჩემპიონი. წასვლის შესაძლებლობა მეც მქონდა, თუმცა მაინც საქართველოში დარჩენა ვამჯობინე. თანაც, მაშინ აგრარულ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტზე, 1989-1994 წლებში მაგისტრის ხარისხი მივიღე, 1996-2001 წლებში კი აკადემიის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატი დავამთავრე. 1995 წლიდან მუშაობა დავიწყე შსს-ს გენერალ გია გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში. 2004 წელს ეს სამმართველო მთლიანად თავდაცვის სამინისტროს შეუერთეს და მათ დაქვემდებარებაში ვიყავით, იქ 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი. ბოლოს ვიყავი საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკი, მხარდამჭერი ბატალიონის შტაბის უფროსი.
_ ამ კუთხითაც წარმატებული კარიერა გქონიათ, ამ ყველაფრის ფონზე აშშ-ში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
_ სამსახურიდან პენსიაზე გავედი. მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურ სპორტულ მოღვაწეობას ვეწეოდი, როგორც აღვნიშნე, საქართველოს ჩემპიონატებზე გამოვდიოდი, ორჯერ ევროპის ჩემპიონატი მოვიგე, მსოფლიო ჩემპიონატზე რომ წამოვედი, გადავწყვიტე, სპორტული კარიერა აშშ-ში გამეგრძელებინა. აქ ეს სპორტი ძალიან პოპულარულია, დაფასებულია, უკეთესი პირობაა სავარჯიშოდ, მეტი პერსპექტივაა. სპეცდანიშნულების რაზმში მუშაობა, მოგეხსენებათ, ფიზიკურ აქტივობას, ფორმაში ყოფნას მოითხოვს, შესაბამისად, მეც ყოველდღიურად 2-3 საათს ვვარჯიშობდი სამუშაო საათების შემდეგ. შტაბის უფროსობამდე სპეცდანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის სკოლის მეთაური ვიყავი. ასევე დაზვერვის, დაგეგმარების უფროსი. სხვათა შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩემპიონიც ვარ პისტოლეტის სროლაში 2012 წელს. ავტომატისა და პისტოლეტის სროლის ექსპერტი ვარ.
_ მოკლედ, ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ადამიანი ბრძანდებით. თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას ახალგაზრდა თაობას თუ უზიარებთ?
_ კი, სამწვრთნელო კარიერასაც ვეწეოდი. რამდენიმე ევროპის ჩემპიონი გავზარდე, მსოფლიო პრიზიორები _ ჯაბა ღობნელიშვილი, რუბენ ქარქუზაშვილი. ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით, ყველანი ძალიან კარგები არიან.
_ თავად რა ასაკში დაიწყეთ ვარჯიში და სპორტულ აქტივობებში ჩართვა?
_ ჯანსაღი ცხოვრების წესი ბავშვობიდან დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში, თუმცა, სწავლა არასდროს მიმიტოვებია უყურადღებოდ, სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი და უმაღლესშიც _ ფრიადოსანი. სპორტი ყოველთვის მაინტერესებდა, გარემოცვაც ისეთი მქონდა, ბიძაჩემი _ დედაჩემის ძმა, ირაკლი არაბული, სპორტის ოსტატი იყო კრივში. სპორტსმენი მეგობრები მყავდა და ისედაც, საქართველო სპორტული ქვეყანა ვართ, ქართული ძიუდო, შტანგა, მძლეოსნობა, ჩვენი სპორტსმენები ხომ მსოფლიოში ცნობილები იყვნენ ყოველთვის. დიდი სკოლა გვაქვს. აგრარულში სწავლისას კათედრის გამგე _ რობერტ შავლაყაძე, ოლიმპიური ჩემპიონი იყო სიმაღლეზე ხტომაში. მასთან ვმეგობრობდი, მაგალითს ვიღებდი მისგან და ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევდა. ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს, ბილიარდს, ჩოგბურთს ვთამაშობდი, ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, შესული ვარ საქართველოს ოქროს წიგნში, რომელიც საქართველოს გამოჩენილ ადამიანებზეა, აქ ხვდებიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი სპორტსმენები, ასევე ხელოვანები და ა. შ., ვისაც კი რაიმესთვის მიუღწევია და მაღალი ტიტულები აქვს.
_ საქართველოს ფედერაცია თუ გეხმარებათ?
_ კი, ფედერაცია ახლაც გვერდით გვიდგას, საქართველოს ნაკრების წევრი ვარ. არ შეიძლება არ ვახსენო და ჩემი უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო ამ ადამიანების მიმართ _ ნუკრი სარალიძე, თამაზ შიოშვილი, ლევან გილიგაშვილი და სხვა სპორტსმენები, ისინი ყოველთვის გვეხმარებიან და გვგულშემატკივრობენ.
ქართველი სპორტსმენები აშშ-ში დიდ წარმატებებს აღწევენ, ისინი არა მხოლოდ საქართველოში არიან პოპულარულები, აშშ-ს სხვადასხვა დარბაზში ვარჯიშობენ და იქაც სამაგალითონი, სანიმუშონი არიან. ჩვენი ბიჭები აქაური ახალგაზრდა თაობებისთვისაც სტიმულის მიმცემები არიან და მართლაც აოცებენ თავიანთი შესაძლებლობებით. ინდოეთს, მგონი, სულ 1-2 ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და საქართველოს _ ათეულობით. იბრძვიან იმისთვის, რომ აშშ-ში თავიანთი ადგილი მოიპოვონ, თავი დაიმკვიდრონ, რათა შემდეგ ოჯახს დაუბრუნდნენ.
_ კობა, თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.
_ ოჯახი თბილისში მყავს _ მეუღლე და ტყუპი ქალ-ვაჟი, სტუდენტები არიან. ბიჭმა ვეკუას ფიზიკა-მათემატიკური სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და თავისუფალ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტი მოიპოვა. ისიც სპორტსმენია, არაერთი ტურნირის გამარჯვებული ძიუდოში. გოგონა კი ჩოგბურთს თამაშობს, შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა. იგი საუკეთესო სტუდენტია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ორივე შვილი სუხიშვილების ანსამბლში ცეკვავდა. მე მათი წარმატება მახარებს და მაძლიერებს, ეს მაძლევს სტიმულს, რომ რაც შეიძლება მეტი გავაკეთო, მეტი გამარჯვება მოვიპოვო, რომ მათთანაც თავაწეული დავბრუნდე და საკუთარ თავში, საკუთარ ძალებში დარწმუნებული ვიყო. ჩემს ქვეყანას, სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის ღირსეულად წარვადგენ!

გიორგი საკარული