ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები, ჰაერში დატოვებული კლუბები და მარტორქის თავი

„ქრონიკა+“ იწყებს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის შესახებ ექსკლუზიური მასალების გამოქვეყნებას, თუმცა ამჯერად მხოლოდ პრეისტორიას გთავაზობთ, სადაც ქრონოლოგიურად დავალაგებთ ყველა იმ გაუხმაურებელ ფაქტს, რომელიც ხსენებულ სტრუქტურაში 2014 წლიდან მოხდა.

მაშ, ასე! 2013 წლის 11 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, რომელზედაც მწვრთნელთა საკითხი უნდა განხილულიყო. თუმცა ამის ნაცვლად, პრეზიდიუმმა 19-24 მარტს თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იმსჯელა. ამ უკანასკნელი საკითხის გამო, სხდომას დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. ხსენებულ შეკრებაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით სამთავრობო კომისია შეიქმნებოდა, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებდა. ცოტა ხნით ადრე ამ მაღალი მისიის განსახორციელებლად საორგანიზაციო მუშა ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი მოჭიდავეები შევიდნენ.
სხდომაზე ვიცე-პრეზიდენტების კანდიდატურების დამტკიცების საკითხიც უნდა განეხილათ, რომელიც ასე გადანაწილდა: ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბაკურ გოგიტიძე და წლების განმავლობაში დედაქალაქის სპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ კანკავა. გელაშვილს ბიზნესთან ურთიერთობა უნდა უზრუნველეყო, გოგიტიძეს რეგიონებში მუშაობის გაფართოება ევალებოდა, კანკავას კი ფედერაციის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ევალებოდა.
თევზაძის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ საკითხად საკლუბო სისტემის ამოქმედება განიხილებოდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკლუბო პირველობა უნდა ჩატარებულიყო.
ცნობისთვის: ფალავანთა კლუბის ჩამოყალიბების იდეა ჭიდაობის ფედერაციის იმდროინდელ პრეზიდენტ ლუკა კურტანიძეს ეკუთვნოდა.
წესით და რიგით, ის გეგმა, რომელიც ხსენებულ სხდომაზე შემუშავდა, პერსპექტიული უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოვლენები ამის შემდეგ სრულიად განსხვავებულად განვითარდა. კერძოდ, 2014 წელს ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე ტოვებს თანამდებობას და ვიცე-პრეზიდენტების ზეობის ხანა იწყება.
„ქრონიკა+“ თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე შეჩერდება, ამჯერად კი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტზე და კრივის ფედერაციის პრეზიდენტზე _ ბაკურ გოგიტიძეზე იწყებს საინტერესო ფაქტების გამოქვეყნებას.
2017 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად შინაგან საქმეთა ექსმინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე დაინიშნა. თავის დროზე, ამის შესახებ „ქრონიკა+“ პირველი წერდა და არც იმის გადამოწმება დავიწყებია, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვებგვერდზე ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ დადებულა (რა ინფორმაციაც დევს, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ). ჭიკაიძის მოსვლამდე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი ერთი წლით ადრე თამაზ (გეგა) გეგეშიძემ დაიკავა, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძის მინისტრობის დროს მისი დაცვის უფროსი იყო.
ჭიკაიძე ეული არ ყოფილა: 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე მასთან ერთად (თანა)ვიცე-პრეზიდენტებად დაინიშნენ: ბაკურ გოგიტიძე, ედიშერ მაჩაიძე, თეიმურაზ ყაზარაშვილი და დიტო გელაშვილი.
ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად 2013 წლის 20 ნოემბერს დაინიშნა, ხოლო თანამდებობიდან 2015 წლის 23 იანვარს გადადგა. 2015 წლიდან ყოფილი შს მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ 2017 წლის ნოემბრის სამთავრობო ცვლილებებს შეეწირა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმების შემდეგ ჰაერში აღმოჩნდა. დიდხანს არ ულივლივია _ ვიცე-პრეზიდენტად გაამწესეს.
საკმაოდ საინტერესო ვერსიები ვრცელდება საპატრიარქოს მისაღებში დაკიდებულ მარტორქის ფიტულზე. თავის დროზე, ერთ-ერთი ვერსიით, მარტორქის ფიტული ბაკურ გოგიტიძემ ჩამოიტანა საქართველოში. განბაჟება ვერ ხერხდებოდა, ვინაიდან მარტორქა, მოგეხსენებათ, კონტრაბანდა გახლავთ, თუმცა მეთოდები გამონახეს და მარტორქის ფიტული საპატრიარქოს გადასცეს.
ვინაიდან „ქრონიკა+“ მხოლოდ ფაქტებით წერს, ხსენებულ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, არ დაეყრდნობა, თუნდაც ფართოდ გავრცელებული ვერსია იყოს. თუმცა აქვე გთავაზობთ ამონარიდს პატრიარქის მაშინდელი მდივნის, ლაშა ჟვანიას ინტერვიუდან:
„კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბაკა გოგიტიძე ჩემი უახლოესი მეგობარია. მე მასთან ერთად პროფესიონალური კრივის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ვარ. ადრე კრივთან კავშირი არასდროს მქონია, მაგრამ საგარეო ურთიერთობებში მეგობრებს თავისუფალ დროს ვეხმარებოდი და მეც ჩავერთე ამ ამბებში. ახლაც ხშირად მიწევს კრივის ფედერაციაში ყოფნა, მათი ოფისი კლუბ „დივას“ თავზეა. ასე რომ, თუ ვინმემ დამინახეთ, საღამოს ათი საათისთვის ცოლმა „დივასთან“ მიმიყვანა, ჩამოვედი, ხელი დავუქნიე და „დივას“ კარისკენ წავედი, არ გეგონოთ, რომ ჟვანიების ოჯახი ისე გაგიჟდა, ცოლს სტრიპტიზკლუბში თავისი მანქანით დავყავარ“.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

თამარ როსტიაშვილი