დაგროვებითი პენსია _ უზრუნველი სიბერის გარანტია თუ გზა შავი ეკონომიკისკენ?


„ქართული ოცნება“ ექსპერიმენტს ექსპერიმენტზე ატარებს. ზოგადად, რეფორმები და სიახლეები კარგია, მაგრამ როცა ეს რეფორმა ხალხის ცხოვრებას აუარესებს, მაშინ რეფორმის მესვეურები უნდა მიხვდნენ, რომ საქმე ცუდად არის და უკან დაიხიონ, მაგრამ, ალბათ, გაგიგონიათ, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდისო. ჰოდა, ზუსტად ასეა ჩვენთანაც: ხალხი აპროტესტებს, „ოცნება“ კი ჯიუტად ცდილობს იმის სისრულეში მოყვანას, რაც საზოგადოების კი არა, უფრო ცალკეული ადამიანების ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს.

ამჯერად დაგროვებით პენსიაზე ვისაუბრებთ, თუმცა სანამ მეწარმეების, ბიზნესმენებისა და ექსპერტების პოზიციებს მოვისმენთ, ხელისუფლების კიდევ ერთ ინიციატივას გაგაცნობთ, რომელიც ამ დღეებში გახდა ცნობილი.
მოკლედ, 2020 წლიდან ოჯახებს, რომელთაც სახლში 2 ან მეტი ძროხა ჰყავს და ყველსა და რძის ნაწარმს ყიდის, მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს. ზოგი ამ ე. წ. საძროხე გადასახადის დაწესებას ამართლებს, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სოფლებში ადამიანების უმეტესობას ზუსტად საქონლით გააქვს თავი, ანუ ძროხა ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და თუ ადამიანს, რომელიც ლუკმას რძე-მაწვნის გაყიდვით ჭამს, ვაიძულებთ, მეწარმედ დარეგისტრირდეს და ბიუჯეტში გადასახადი გადაიხადოს, ამ გლეხის თვალში სახელმწიფო ჩვეულებრივი რეკეტიორი იქნება და ამიტომ შეეცდება, მისგან თავი დაიცვას.
დასავლეთის ნორმალურ ქვეყნებში, სადაც შესაძლოა, მსგავსი გადასახადი არსებობს, ადამიანებს საწუწუნო არაფერი აქვთ, რადგან ეს ქვეყნები განვითარებისა და ცხოვრების დონითაც ჩვენზე ათი თავით მაღლა დგანან, შესაბამისად, იქ ხალხს შიმშილით სიკვდილი არ ემუქრება.
ჩვენი რეალობა კი აბსოლუტურად სხვანაირია _ მოსახლეობის უმრავლესობა დაუსაქმებელია, მისი შემოსავალი კი, ვინც დასაქმებულია, იმდენად მცირეა, რომ თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს (ცხადია, საქართველოში ულტრამილიონერებიც არიან, თუმცა ასეთი თითო-ოროლაა).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ახალ-ახალი გადასახადების დაწესება იმ მოტივით, რომ მსგავსი გადასახადები ევროკავშირის ქვეყნებში არსებობს, ცოტა არ იყოს, სასაცილოა.
ახლა, რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, რომელიც მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დასავლეთში დაგროვებითი პენსია აპრობირებულია და ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ამ პენსიის წყალობით უზრუნველი სიბერე ექნება. სხვათა შორის, ჩვენი პრეზიდენტიც დაგროვებითი პენსიის ხარჯზე ცხოვრობს.
საქართველოში რა განვითარება ექნება დაგროვებითი პენსიის რეფორმას, არავინ იცის. რატომ? იმიტომ, რომ აქ პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება მყიფეა, ანუ ხელისუფლებები ხშირ-ხშირად იცვლებიან და ყველა ახალი მმართველი გუნდი წინამორბედის მიერ წამოწყებულ საქმეს ან საერთოდ ივიწყებს, ან მასში გარკვეული ცვლილებები შეაქვს. შესაბამისად, ადამიანებს სიმყარის განცდა არ აქვთ და ასეა დაგროვებითი პენსიის შემთხვევაშიც.
უფრო კონკრეტულად, დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ სახელისუფლებო ვერტიკალში აღარ იქნება, ამიტომ იმის პროგნოზირება, რომ „ოცნებისგან“ ვიზირებული რეფორმები, მათ შორის, დაგროვებითი პენსიის რეფორმა, გაგრძელდება თუ არა, არავინ იცის, ანუ თუ რამდენიმე წლის შემდეგ ახალი ხელისუფლება დაგროვებითი პენსიის კუთხით სიახლეებს შემოიტანს, ე. ი. ის თანხა, რომელსაც საქართველოს 40-წლამდე ასაკის მოქალაქეები 2019 წლის პირველი იანვრიდან დაგროვებითი პენსიის ყულაბაში რიცხავენ, ჰაერში აორთქლდება.
ასეთი პესიმისტური პროგნოზის საშუალებას ისიც იძლევა, რომ დაგროვებითი პენსიის თანხა კონკრეტული ბანკების სეიფებში ინახება. საქართველო კი ის ქვეყანაა, სადაც გაქცეული და დაქცეული არაერთი ბანკი გვინახავს.
ამას გრდა, დაგროვებითი პენსია მძიმე ტვირთად დააწვათ მცირე მეწარმეებსაც, რომლებიც იძულებულნი არიან, ისედაც მცირე მოგება კიდევ უფრო შეამცირონ და კოლოსალურ გადასახადებს კიდევ ერთი _ დაგროვებითი პენსიის გადასახადიც დაამატონ.
ეს ლიტონი სიტყვები რომ არ არის, მარეხის მაგალითიდანაც ჩანს: მარეხი პროფესიით პედაგოგია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პედაგოგის ხელფასი არცთუ მაღალია, რამდენიმე წლის წინ მარტო სკოლას კი არ დაანება თავი, არამედ რეპეტიტორობაზეც უარი თქვა, ბანკიდან სესხი აიღო და ვინაიდან ხელსაქმე ეხერხება, რამდენიმე თანამედროვე საკერავი მანქანა შეიძინა, ანუ მცირე მეწარმე გახდა და მინი სამკერვალო ფაბრიკა (ფაბრიკა, შეიძლება, გადაჭარბებული ნათქვამია. მარეხის წარმოება უფრო საამქროა _ ჩვილებისთვის „პილიონკებს“ და ასეთ რაღაცებს კერავს) გახსნა, ანუ მარეხის სოციალური სტატუსი დღეს ინდმეწარმეა _ როგორც აღვნიშნეთ, წვრილმან რაღაცებს კერავს და პროდუქციას უმეტესად ბაზრობებზე ყიდის.
გარე თვალისთვის მარეხი ბიზნესმენია, მაგრამ ახალგაზრდა ქალი გვეუბნება, რომ მისი გასავალი შემოსავალზე მეტია, თუმცა დასძენს, _ იმდენს ვახერხებ, რომ თვეში ორ-სამჯერ ხორცი ვიყიდო და წელიწადში ერთხელ შვილები დასასვენებლად ბათუმში გავუშვაო.
მარეხისთვის, როგორც ირკვევა, ახალი თავის ტკივილია დაგროვებითი პენსია, რადგან მის მინისაწარმოში, უმეტესად, 40-წლამდე ასაკის ხალხია დასაქმებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდმეწარმეს კანონი ავალდებულებს, დაგროვებით საპენსიო ფონდში გარკვეული თანხა გადარიცხოს, ეს თანხა კი თვეში 400 ლარამდეა, ანუ მარეხის გასავალი რამდენჯერმე გაიზარდა.
ამასთან, შემცირდა დასაქმებულთა შემოსავალიც, რადგან კანონის თანახმად, დაგროვებითი პენსიის ფონდში 2 პროცენტს სახელმწიფო რიცხავს, ორს _ დასაქმებული და ორსაც _ დამსაქმებელი.
არის თუ არა დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველი სიბერის გარანტია? _ ეს კითხვა, ბოლო დროს, ერთ-ერთი აქტუალურია, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლები დადებით პასუხს სცემენ და ამბობენ, _ დიახ, არისო.
ყველა დანარჩენი კი, ანუ ექსპერტები, მეწარმეები და თავად დასაქმებულთა უმეტესობა სხვანაირად ფიქრობს და მიიჩნევს, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემით ვიღაც სერიოზულ „მაყუთს ღუნავს“.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს, საპენსიო ასაკს მიაღწევდა თუ არა, ასაკობრივი პენსია ენიშნებოდა. ასაკობრივ პენსიას უფრო სოციალური დახმარების სახე ჰქონდა, რომელიც, ბოლო დროს, 20 ლარით გაიზარდა და 200 ლარს გაუტოლდა.
ასაკობრივი პენსიის ოდენობა ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჯეტსა თუ საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის რაოდენობასა და შრომით სტაჟზე არ არის დამოკიდებული, ანუ ასაკობრივი პენსია ენიშნება ყველას, ვინც საპენსიო ასაკს მიაღწევს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ახალგაზრდობაში მუშაობდა თუ არა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი პენსია საარსებო მინიმუმთან არის მიახლოებული.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოში 707 709 ასაკით პენსიონერი იყო რეგისტრირებული. ამ ადამიანების პენსიით უზრუნველყოფა სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში 1,3 მლრდ ლარი უჯდებოდა. 2016 წელს კი, ასაკის პენსიის დასაფინანსებლად, ბიუჯეტიდან 268 მლნ ლარი გამოიყო.
ექსპერტების გათვლებით, უახლოეს 10-15 წელიწადში, საქართველოში სულ 950 ათასი პენსიონერი იქნება.
ასევე კვლევებით ნათელია, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდისა და შობადობის დონის შემცირების გამო, ასაკოვანი მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა კი მცირდება. შესაბამისად, დასაქმებულებს ბიუჯეტისთვის ყოველწლიურად გადახდილი ფულით უფრო მეტი პენსიონერის დაფინანსება მოუწევთ, ანუ თუ ამჟამად ერთ პენსიონერს 4 დასაქმებული ინახავს, 2060 წლისთვის 4 დასაქმებულს, სულ მცირე, 2 პენსიონერის შენახვა მოუწევს.
ამ ფონზე ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა ასაკოვან მოქალაქეებს სიღარიბისგან დაიცავს. ამასთან, დაგროვებითი პენსიის მამები აცხადებენ, ეს სისტემა სამართლიანია, რადგან დაგროვებითი პენსიის ოდენობა პიროვნების მიერ წლების განმავლობაში მიღებულ შემოსავალსა და ფონდში შეტანილი თანხის ოდენობაზე იქნება დამოკიდებულიო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ დასაქმებულის ხელფასი, მაგალითად, 1000 ლარია, 30-წლიანი მუშაობის შემდეგ მას ანგარიშზე 34 940 ლარი ექნება და მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მიაღწევს, 15 წლის განმავლობაში, თვეში 262 ლარს მიიღებს. ე. ი., დღეს არსებულ ასაკობრივ პენსიაზე 62 ლარით მეტს.
დაგროვებითი პენსიის სისტემა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა წარმატებას ყველგან ვერ მიაღწია. მაგალითად, პოლონეთში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 1999 წელს ამოქმედდა. სამი წლის შემდეგ, კერძოდ, 2002 წელს, ამ სისტემაში 9.7 მლნ ადამიანი, ანუ პოლონეთის დასაქმებული მოსახლეობის 60%-ზე მეტი იყო ჩართული. 2004 წელს პოლონეთში 16 საპენსიო ფონდი არსებობდა, რომელიც 45.44 მლრდ-მდე ზლოტის ღირებულების კაპიტალს განკარგავდა. ამ სახსრების დიდი ნაწილი (50%) სახელმწიფო ობლიგაციებში გახლდათ დაბანდებული.
2008 წელს, მოგეხსენებათ, მსოფლიოში ფინანსური კრიზისი დაიწყო, რასაც ვერც პოლონეთი გადაურჩა. ამიტომ პოლონეთის ბიუჯეტის დაფინანსების მთავარ დონორად სწორედ ეს საპენსიო ფონდები გადაიქცნენ.
უნგრეთმა კი, ფინანსური კრიზისისთვის თავი რომ დაეღწია, სავალდებულო საპენსიო ფონდების ნაციონალიზაცია მოახდინა.
ამ მაგალითებიდან გამომდინარე, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ დაგროვებითი პენსია საქართველოშიც ბიუჯეტის დაფინანსების მთავარ წყაროდ იქცეს, მით უმეტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მყარი არც ეკონომიკაა და არც _ პოლიტიკური გარემო.

ამ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომისტი აკაკი ცომაია:
„დაგროვებითი პენსიის სისტემით საგადასახადო წნეხი კიდევ უფრო იზრდება. ხელფასის 2% უნდა გადაიხადოს დასაქმებულმა, ხოლო 2% _ დამსაქმებელმა. საერთო ჯამში, საგადასახადო წნეხი იზრდება 4%-ით. ეს 4% ისეთ კაპიტალს ვერ შექმნის, რომ მომავალში მისი ეფექტიანად გამოყენება იყოს შესაძლებელი.
ამას გარდა, ამ რეფორმის შინაარსს საერთო არაფერი აქვს საპენსიო რეფორმასთან. კერძო საპენსიო დაგროვებითი სისტემის არსი ის არის, რომ მოქალაქემ თავად გადაწყვიტოს, სად და რომელ საპენსიო ფონდში განათავსოს საკუთარი დანაზოგი და ამ მიმართულებით მისი გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს მიმწოდებლის მიმართ ნდობას, მომსახურების ხარისხსა და სარგებლის განაკვეთის სიდიდეს. სახელმწიფოს ქუდის ქვეშ დაარსებული ფონდი კი არის ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო მონოპოლია საპენსიო ფონდის ბაზარზე, რომლის ადმინისტრირების ხარჯებიც ყოველთვის უფრო მაღალი იქნება კონკურენციის პირობებში მოქმედ კერძო საპენსიო ფონდებთან შედარებით“.

დაგროვებით პენსიაზე დიდი წარმოდგენა არც ეკონომისტ გიორგი პაპავას აქვს, რომელიც ამ რეფორმას, ჯერ კიდევ, მაშინ აპროტესტებდა, სანამ დაგროვებითი პენსია 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის სავალდებულო გახდებოდა:
„საქართველოში ამჟამად არსებული ხელფასების განაკვეთი ძალიან დაბალია. ბევრი ადამიანის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია. ცხადია, ასეთი ადამიანი ამ თანხით უზრუნველი სიბერისთვის საჭირო თანხას ვერ დააგროვებს. გარდა ამისა, ხელისუფლება ამბობს, რომ ეს რეფორმა ხელს შეუწყობს 10 000 ადამიანის დასაქმებას, მაგრამ როცა დამსაქმებლებს ვავალდებულებთ, რომ დასაქმებულს საპენსიო ფონდში ხელფასის 2% გადაურიცხოს, მოთხოვნა სამუშაო ბაზარზე შემცირდება. გაურკვეველია, სად მოხდება ფონდში აკუმულირებული თანხის ინვესტირებაც? არ გვაქვს განვითარებული კაპიტალის ბაზარი, რომ თანხა ფასიან ქაღალდებში ჩაიდოს. საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიას აქვს ფასიანი ქაღალდები და გვაქვს სახელმწიფო ობლიგაციები. თუ თანხა სახელმწიფო ობლიგაციებში დაბანდდება, ეს სწორი არ იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში, ეს თანხები სახელმწიფოს ხარჯვას მოემსახურება და არა _ ეკონომიკის განვითარებას.
საერთოდ, საპენსიო ფონდები ცდილობენ, თანხები რაც შეიძლება ნაკლებრისკიან ადგილებში ჩადონ. საქართველო მაღალრისკიან ქვეყნად მიიჩნევა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი თანხის ქვეყნის გარეთ გატანა მოგვიწევს, რაც ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის კარგი არ იქნება. გარდა ამისა, არ შეიძლება ადამიანები ვაიძულოთ, რომ დანაზოგი ლარში შეინახონ და თანაც _ გრძელვადიანად. ეს იძულებითი მექანიზმია. ჩვენ იმის ბერკეტებიც არ გაგვაჩნია, რომ სახელმწიფომ ეს თანხა თავისთვის არ გამოიყენოს“.
ეკონომისტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი საგადასახადო ტვირთია.
„ის 2%-იანი მაჩვენებელი, რაც ბიზნესის მხრიდან არის გადასახდელი კონკრეტული დასაქმებული პირების მიმართ, ნებისმიერ შემთხვევაში, ტვირთია. გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს 2%, შესაძლოა, 4%-იც გახდეს, ანუ ბიზნესს სტაბილურობის განცდა ეკარგება“, _ აცხადებენ ეკონომისტები.
იმის შესახებ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობს, ხელისუფლებაშიც იციან. მაგალითად, „ოცნების“ წარმომადგენელი, დეპუტატი აკაკი ზოიძე, 2019 წლის პირველ იანვრამდე აცხადებდა, რომ ეს რეფორმა, პირველ ეტაპზე, მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა, თუმცა ზოიძე იქვე დასძენდა, ამის მიუხედავად, დაგროვებითი პენსიის სისტემა მომავალზეა ორიენტირებული და ამით ღირსეულ პენსიაზე საუბარი თეორიულად კი არა, რეალურად შეიძლებაო…

აკაკი ზოიძე:
„მსგავსი სახის სისტემა 122 ქვეყანაში მუშაობს და მიმაჩნია, რომ ის ბაზარზე ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობას გაზრდის. შესაძლოა, ამ ყველაფერმა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს, კერძოდ, იმ პირებისა, ვისთვისაც რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება, თუმცა როდესაც შედეგები დადგება, ეს დამოკიდებულებაც შეიცვლება“.
ხელისუფლების ოპტიმიზმის მიუხედავად, ეკონომისტების ნაწილი არც იმას გამორიცხავს, რომ დაგროვებითი პენსიის სისტემა შესაძლოა, ე. წ. შავი ეკონომიკის საფუძველი გახდეს.

ამ საშიშროებაზე საუბრობს პროფესორი ვახტანგ ჭარაია:
„დამსაქმებელი ვალდებულია, ჩაერთოს საპენსიო რეფორმის სისტემაში და შედეგად, ხარჯებიც 4%-ით იზრდება. მართალია, დამსაქმებელს მხოლოდ 2%-ის გადახადა უწევს და დანარჩენ 2%-ს დასაქმებული იხდის, მაგრამ აქ ჩნდება რამდენიმე სერიოზული რისკი: არ გაიზრდება ხელფასები, რადგან ორგანიზაციებს, როგორც წესი, სახელფასო ფონდი დაგეგმილი აქვთ და მთავრობის გადაწყვეტილებას ფინანსებს ვერ მოარგებენ. საბოლოოდ, კონვერტებით ფულის გაცემა დაიწყება.
მეორე რისკია სამუშაო ადგილებიდან თანამშრომლების შესაძლო დათხოვნა, რადგან ამხელა სახელფასო ფონდი შეიძლება, დამსაქმებელს არც ჰქონდეს განსაზღვრული.
მოკლედ, დაგროვებითი პენსიის სისტემა ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის კიდევ ერთი დიდი ალტერნატივა იქნება“.

ყოველივე ზემოთქმულის გარდა, საინტერესოა, როგორ განიკარგება თანხა, რომელსაც მოქალაქეები საკუთარი ხელფასიდან პენსიისთვის დააგროვებენ? _ ამ კითხვაზე ხელისუფლება პასუხს არ სცემს.

ახალი ეკონომიკური სკოლა – „საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე კი აცხადებს:
„რამდენად სწორია მორალურად, რომ ადამიანს დაავალდებულო, 40-45-წლიან პროექტში მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს მასში, როცა ამას სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ვალდებულებები არ მოჰყვება?
2% შენატანი, რომელიც ავტომატურად უნდა დაეკისროს დამქირავებელს, არაკონსტიტუციურია და ბევრი ამას ვერ შეძლებს. გადახდები უკვე ძალაშია, მაგრამ ფული სად უნდა წავიდეს?!“

სხვათა შორის, საპენსიო სააგენტოში ცხელი ხაზი მოქმედებს, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დარეკოს და ოპერატორის დახმარებით გამოთვალოს, საკუთარი ხელფასისა და ასაკის მიხედვით, რამდენი იქნება მისი პენსია მას შემდეგ, რაც საპენსიო ასაკს მიაღწევს?

გიორგი აბაშიძე