დედაქალაქში სიკვდილის მრიცხველი ჩართულია!

ბევრ ჩვენგანს მოულოდნელი სიკვდილის ეშინია, მაგრამ სტატისტიკურად, ადამიანების უმრავლესობა, თავის ცხოვრებისეულ გზას ბანალურად ასრულებს.

2018 წელს მეცნიერებმა აშშ-ის მოსახლეობის სიკვდილიანობის სტატისტიკა გააანალიზეს: დედამიწაზე სიკვდილის შემთხვევების ორი მესამედის გამომწვევი მიზეზი გულის დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნე, დიაბეტი და სხვა არაგადამდები დაავადებებია.
არადა, საქართველოში ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ბოლო დროს ჩვენთან გახშირებულმა უბედურმა შემთხვევებმა დღის წესრიგში დააყენა ამ საკითხების მოგვარების აუცილებლობა, რათა თავიდან ავიცილოთ აფეთქებების, ხანძრების, ადამიანთა მოწამვლისა და დაღუპვის შემთხვევები. სამწუხაროდ, ბუნებრივი აირით მოწამლულთა, დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 2010-2018 წლებში ბუნებრივი აირის გაჟონვით 150 ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ციფრი კი ფაქტია, ყოველდღე იმატებს; ხოლო ცეოს ინტოქსიკაციით ბოლო 8 წლის საშუალო მაჩვენებელი 20 000-ს აჭარბებს.
ალბათ ასეთი შედეგებით მხოლოდ რუსეთს დავემსგავსებით, რადგან განსაკუთრებით ხშირად აირის აფეთქება რუსეთის ქალაქებში ხდება, ამ მიზეზებით ბოლო ხუთ წელიწადში, რუსეთში, 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევების გამომწვევი მიზეზები უმთავრესად საყოფაცხოვრებო მოწყობილობების არასწორი მონტაჟი და ექსპლუატაცია. ეს კი, თავის მხრივ, განპირობებულია ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების წესების არცოდნითა და მათი უგულებელყოფით.
საბჭოთა გაზი

თბილისის გაზიფიცირება გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო. მანამდე გაზი შემოდიოდა მხოლოდ საწარმოებისთვის. მაგალითად, ვარკეთილში, მუხიანსა და გლდანის ნაწილში არ იყო გათვალისწინებული გაზის მიწოდება. საერთოდ, საბჭოთა კავშირის ნორმებით, მრავალსართულიან სახლებში გაზის მიწოდება აკრძალული იყო; მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენება შეიძლებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.
დღეს კი ამ სახლების მასობრივი გაზიფიცირება დასრულებულია. შესაძლოა, დღევანდელი ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ დედაქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელი დაუყოვნებლივ რეაბილიტაციას მოითხოვს. ამისთვის კი საჭიროა მისი პრივატიზება, რაც განხორციელდა კიდეც, როდესაც „თბილგაზი“ გაიყიდა და „ყაზტრანსგაზი“ ჩამოყალიბდა, მაგრამ 2010 წლიდან ის მართვაში სახელმწიფოს გადაეცა და დღემდე ასეა. ანუ არ არსებობს არანაირი საინვესტიციო ვალდებულებები და არაფერი კეთდება. ამდენად, ამ კომპანიის პრივატიზება აუცილებელია, რომ მას პატრონი გაუჩნდეს. ან თუ სახელმწიფოს დარჩება, მაშინ სახელმწიფომ იკისროს ინვესტირება.
ბუნებრივი აირი ახლაც ჟონავს თბილისის მილებიდან. რაც დედაქალაქის გაზიფიკაცია დაიწყო, 90-იან წლებში გაზის დანაკარგად 25%-ს ასახელებდნენ. მონაცემებს სპეციალისტები არ ენდობოდნენ, რადგან, ასეთი დანაკარგის შემთხვევაში, თბილისი ჰაერში უნდა აწეულიყო. თუმცა ფაქტია, რომ ბუნებრივი აირი კვლავ ძველ მილებში მიედინება, რომელიც საბჭოეთიდან დაგვრჩა და რაკი იგი უსუნოა, წარმოდგენაც არ გვაქვს, სად და რამდენი იჟონება. სწორედ ამიტომ გახდა აქტუალური გაზისთვის ოდორანტის დამატება.

ოდორანტი

სად გაქრა სუნი? 2 წლის წინ რატომ აყროლდა თბილისი?
მაშინ „ყაზტრანსგაზმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ დედაქალაქის ზოგიერთ უბანში ბუნებრივ აირს ოდორანტი დაამატეს, რათა დაედგინათ, როგორ მუშაობს ქსელი. თუმცა ამის გამო მომხმარებლებმა გაზის სუნი, როგორც იქნა, იგრძნეს და ცხელ ხაზზე აქტიურად დაიწყეს რეკვა. ქალაქი პანიკამ მოიცვა, საბჭოთა სუნი დაბრუნდა.
ოდორანტის შერევა აუცილებელია და ეს უნდა კეთდებოდეს არა ერთჯერადად, არამედ მუდმივად. ოდორანტის მიზანია, მომხმარებელი თუ გაზის გამანაწილებელი სუნით მიხვდეს, რომ გაჟონვაა. ოდორანტი რომ მუდმივად ერეოდეს გაზს, ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა, უბრალოდ, არ მოხდებოდა. ადამიანი იგრძნობდა სუნს და შესაბამის ზომებს მიიღებდა. საერთოდ, ბუნებრივი აირი, რომელიც მომხმარებელს მიეწოდება, უსუნო და უფეროა და ოდორანტის შერევა პროფილაქტიკისთვის აუცილებელია. ის უნდა ემატებოდეს მაგისტრალურ გაზსადენშივე და ყველა მომხმარებელი, რომელიც გაზს იღებს, დაცული იყოს. ოდორანტის ფინური ხსნარი ერთ-ერთი იაფფასიანი პროდუქტია და კომპანია ვალდებულია, ის შეურიოს.
კომპანიაა პასუხისმგებელია, რომ ქსელი წესრიგში იყოს. ოდორანტს თბილისის რომელიმე ერთ უბანში ვერ შეურევ. როდესაც გაზი თბილისში შემოდის, რამდენიმე გაზგამანაწილებელი სადგურია, საიდანაც წნევა რეგულირდება და რაოდენობა აღირიცხება. ეს ნივთიერება იქ უნდა ჩაუშვან. ამის შემდეგ ის მთელ ქსელში მოხვდება და ყველანი დაცული ვიქნებით. ოდორანტის დამატებაზე პასუხისმგებელია შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“.
როდესაც გაზი ჟონავს და მას ოდორანტის ხსნარი აქვს გარეული, მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ სუნს. თუ მილი გასკდა, წყალს დაინახავ; თუ კაბელი დაზიანდა, შუქი ჩაგიქრება, მაგრამ გაზის გაჟონვას ვერ გაიგებ, ამიტომაა აუცილებელი ოდორანტის შერევა. შესაბამისად, 2 წლის წინ ოდორანტის შერევამ ქალაქში მძაფრი სუნი დააყენა, რაც იმის დასტურია, რომ ქალაქის მილსადენი მძიმე მდგომარეობაშია, ქალაქში გაზი ჟონავს, მას ადამიანები ისე სუნთქავენ, რომ გაზის სუნს ვერ გრძნობენ. მაგრამ არის კიდეც ერთი მიზეზი, რატომაც ოდორანტის ხსნარს კომპანია აირში არ ურევს.
გაზგასამართი სადგურების დედაქალაქი

დედაქალაქში ამ დროისთვის ოფიციალურად რეგისტრირებული 25-ზე მეტი გაზგასამართი სადგურია. გაზგასამართი სადგურები უშუალოდ დასახლებულ პუნქტებსა და ხალხმრავალ ადგილებშია განლაგებული. საფრთხე აშკარაა და მცირე შეცდომის ან გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც კი აფეთქების მასშტაბი კატასტროფული იქნება, თუმცა ამ სფეროს რეგულირებაზე არავინ მუშაობს. არადა, 1 გაზგასამართი სადგურიც რომ აფეთქდეს, ტრაგედიას დასასრული არ ექნება.
ქვეყანაში ბოლო დროს სახლებში გაზის აფეთქების შემთხვევების ზრდის პარალელურად, საზოგადოებაში იმატა შიშმა, რამდენად ვართ დაცული უსაფრთხოების კუთხით და რა საკითხებია სახელმწიფო რეგულირების მიღმა, რამაც შესაძლოა, ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას?
ყველაზე მეტად ხალხი ახლა გაზგასამართი სადგურების გამო შიშობს. ბუნებრივი აირის სატუმბი სადგურები, რომელიც ავტომობილებს ემსახურება, ხშირად განთავსებულია საცხოვრებელ სახლებთან, სასწავლებლებთან და სამუშაო ადგილებთან საკმაოდ ახლოს. იმ ფონზე, როცა საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქება მასშტაბურ ტრაგედიას იწვევს, როგორც საცხოვრებელ კორპუსებთან, ისევე ქალაქის გზებზე ბუნებრივი აირის სატუმბი სადგურები დაუშვებელია. გარდა იმისა, რომ თავად სადგურები ქმნის საფრთხეს, სწორედ ეს ბიზნესი უშლის ხელს საყოფაცხოვრებო გაზში ოდორანტის დამატებას.
ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე იყო მიმაგრებული, დღეს კი ერთ ქსელზეა. ქსელიდან, საიდანაც საყოფაცხოვრებო გაზს ვიღებთ, იგივე ქსელზეა დაერთებული გაზგასამართი სადგურებისთვის საჭრო აირიც. ქვეყანაში სტანდარტები და რეგულაციის არარსებობაა იმის მიზეზი, რომ ოჯახებში გაზის აფეთქება და გაჟონვა, ლამის, ყოველდღიურობად იქცა.
ძველი ნორმებით, დასახლებული პუნქტიდან 800 მეტრის მანძილზე არ შეიძლებოდა გაზგასამართი სადგურის არსებობა, დღეს კი დედაქალაქის ცენტრში არაერთი ასეთი ტიპის სადგური გვაქვს.
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების სიას გაზგასამართი სადგური 2014 წელს დაემატა. ამასთან, განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომები _ უბედური შემთხვევისას ფულადი ჯარიმა 200-ლარიდან 2000 ლარის ფარგლებშია, ქმედების სიმძიმის შესაბამისად. არადა, ერთ ნებისმიერ გაზგასამართ სადგურს მხოლოდ 10 წუთში აქვს 2000 ლარის გაყიდვა.
წესით, დედაქალაქის გენგეგმის შედეგ უნდა შეიქმნას დეტალურად გაწერილი დოკუმენტი, გენერალური სქემა, სადაც რეკომენდაციები გაიწერება გაზგასამართი სადგურების გაუქმების ან გადატანის კუთხით. გაზგასამართი სადგურების განუკითხავი ჩადგმა, ჯერ კიდევ, 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც სივრცით ტერიტორიულ დაგეგმვას საერთოდ არანაირი ყურადღება არ ექცეოდა.

დედაქალაქის სიკვდილის მრიცხველი…

ვის მოვთხოვოთ პასუხი?
„ძველი ქსელია, რომელსაც ექსპლუატაციის მესამე ვადა გასდის. საერთაშორისოდ დადგენილი ყველა წესის მიხედვით, ასეთი ქსელის ექსპლუატაცია საერთოდ არ შეიძლება“, _ ასე ეხმაურებოდა „ყაზტრანსგაზი“ რამდენიმე წლის წინათ გაზის მიწოდების უსაფრთხოებას.
შპს „ყატრანსგაზი“, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით 384 055 გაზიფიცირებულ აბონენტს ემსახურება, მათ შორის, მოსახლეობის სექტორში 370 026 აბონენტს, 1 740 მსხვილ მომხმარებელსა და 12 289 სამრეწველო და კომუნალურ მომხმარებელს, მედიისთვის თითქმის დახურული, მიუწვდომელი კომპანიაა.
კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია განცხადება, რომელიც მომხმარებელს ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების წესებს აცნობს:
„კატეგორიულად აკრძალულია: გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელ და წყალგამაცხელებელ ხელსაწყოთა მონტაჟი და ექსპლუატაცია (გარდა გაზქურის), რომლის გამოყენებისას წვისთვის საჭირო ჰაერი აიღება სათავსიდან და წვის პროდუქტების გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით (წვის პროდუქტები სათავსშივე რჩება);
ნებისმიერი ხელსაწყოთი და მეთოდით ბუნებრივი გაზის დატაცება: გაზის მრიცხველზე ლუქის ახსნა, ანათვალის ჩამოყრის მცდელობა;
ყველა სახის არასტანდარტული თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოსა და სანათურის გამოყენება;
გაზის ხელსაწყოებისა და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, გაზგაყვანილობის შეცვლა, გაჯის, ცემენტის ხსნარის, შპალერის, ხის პანელის, კარადების, მეტლახის ფილების ქვეშ მოქცევა, სავენტილაციო ცხაურის დაფარვა (დანგრევა);
გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არარსებობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამოყენება;
ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება;
გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოდან გაზის გაჟონვის აღმოჩენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება;
დასასვენებლად ან დასაძინებლად იმ სათავსების გამოყენება, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, გარდა იმ ოთახებისა, რომელშიც შეიძლება დაყენდეს სახელმწიფო სტანდარტის გათვალისწინებით გამთბობი ღუმელი;
სავენტილაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება (გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე შეამოწმებინეთ სპეციალიზებულ ორგანიზაციებს საკვამლე და სავენტილაციო არხების ვარგისიანობა, რაზედაც გაცემული უნდა იყოს დადგენილი ფორმის აქტი);
წყალგამაცხელებელი და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში.
გახსოვდეთ, რომ:
უსაფრთხოების წესების დაუცველობა დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ბუნებრივი გაზის მომხმარებელს, ასევე მისი მეზობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს.
მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, _ აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
არადა, საყოფაცხოვრებო აირის გაჟონვის აღმოჩენის ფაქტის გამოვლენისა და ადამიანთა გაფრთხილების მნიშვნელობა ყველასთვის ცხადია. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტისა და ადამიანთა უსაფრთხოებისთვის არის განკუთვნილი მრავალ ქვეყანაში საცხოვრებელ ბინაში აირის გაჟონვის სიგნალიზატორები, მოწყობილობები და მონიტორინგის სისტემები. დღეისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აწარმოებენ აირის გაჟონვის აღმოსაჩენ სხვადასხვა მოწყობილობას. აშშ-ში, კანადასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში საცხოვრებელი ბინებისა და სახლების გაყიდვა ან გაქირავება იკრძალება, თუ ისინი სახანძრო უსაფრთხოების სისტემებთან ერთად აღჭურვილი არაა გაზის გაჟონვის სიგნალიზატორებითა და სისტემებით. რა თქმა უნდა, ეს „ყაზტრანსგაზისთვის“ ოცნებაა, არადა, სიკვდილის მრიცხველი ჩართულია, ზამთართან ერთად სიკვდილიც მატულობს.
გაზის ტრასპორტირების კომპანია ოდორანტის ხსნარს ორი მთავარი მიზეზით არ უმატებს აირს: 1. ქსელი საშინელ მდგომარეობაშია, დანაკრაგი დიდია; 2. იმის ნაცვლად, რომ გაზგასამართი სადგურები თბილისის გარეთ და ცენტრალურ მაგისტრალზე იყოს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებშია დაერთებული, სადაც 25-ზე მეტი სადგურია განთავსებული, ისინი დაერთებულია არათუ ცენტრალურ _ ცალკე მაგისტრალის ქსელზე, არამედ დედაქალაქის მილსადენზეა შეერთებული. შესაბამისად, როდესაც ავტომობილებში გაზს ტვირთავენ, სუნი რჩება, თუ მას ოდორანტი გაერევა, ეს კი, ერთი მხრივ, პანიკას, მეორე მხრივ კი მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს, რითაც აუცილებელი გახდება ნორმების ამოქმედება და ქალაქის ტერიტორიიდან გაზგასამართი სადგურების გაყვანა.
ამას, აბა, როგორ დაუშვებს თბილისის მერი, კახა კალაძე, ბეჟუაშვილს ამის გამო ვერ გაანაწყენებს, რადგან ქალაქის უმეტესი გაზგასამართი სადგური სწორედ ბეჟუაშვილის „ნეოგაზია“. სარგებელი ვის და რაში მისდის, ეს თავად მკითხველმა განსაჯოს. ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც ჩვენსავე ქვეყანას მოგებისა და საშემოსავლოს გადასახადს უმალავენ, ყოველ კვირას ადამიანთა სიცოცხლეს ზღუდავენ და ავიწყდებათ, რომ ისინიც ადამიანები არიან.
მაშინ, როცა მაღალ მატერიებზე გვაქვს პრეტენზია, რკინის, ბრინაჯოსა და ლითონის წარმოების ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ვითვლით, ადამიანები ან მიწის ქვეშ მაღაროში, ან მიწის ზემოთ აირით გვეგუდებიან!
მაშინ, როცა ჩვენს შვილებს რომელიმე პარკში ვასეირნებთ, არც კი ვიცით, რომ პარკის ქვეშ მილსადენი ჟონავს და ბავშვები აირით გვეწამლებიან!
დაბოლოს, ერთხელაც აფეთქდება თბილისი და მერე არ თქვათ, არ ვიცოდითო.

მაკა მოსიაშვილი