„ქეთის მდგომარეობაში ყოფნას ვერ შევეგუებოდი“

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ კიდევ ერთი სეზონი დასრულდა. ახალ სეზონს მაყურებელი მარტში იხილავს. სერიალის რიგით მეთოთხმეტე სეზონი სხვებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიც კი გადაფარა. განსაკუთრებული ვნებათაღელვა „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟების, ცოლ-ქმრის, ზაზასა და ქეთის ამბავმა გამოიწვია. იყო ქება, ლანძღვა და ქეთის პერსონაჟისა და არა მარტო მისი ცხოვრების განხილვა…

თუმცა როგორია რეალურ ცხოვრებაში მსახიობი სალომე შარვაძე (ქეთი), ამას „ქრონიკა+“-ის მკითხველი ინტერვიუდან შეიტყობს:
_ სალომე, როგორ შეაფასებთ „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-14 სეზონს? ვფიქრობ, ყველაზე გამორჩეული და, ამავდროულად, ხმაურიანი სეზონი გამოვიდა.
_ ჩემთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. ეს მსახიობისთვის ნამდვილად საოცარი და საოცნებო პროცესია, რადგან არ ვართ განებივრებულები ბევრი ფილმით თუ საინტერესო პროექტებით… და როდესაც გუნდი, რომელიც ამ საქმეში ნომერ პირველია, ამის საშუალებას გაძლევს, ძალიან დიდი ბედნიერებაა. ეს სეზონი ჩემი ხაზისთვის უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო იყო. შესაბამისად, ყველანაირად ვიყავი ჩართული და მობილიზებული. ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. როგორ და რა გავაკეთე, ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს.
_ სერიალში თქვენს გმირზე ვისაუბროთ. რას იტყვით ქეთიზე, როგორ დაახასიათებთ და რა საერთო გაქვთ თქვენს პერსონაჟთან?
_ ჩემი პერსონაჟი ძალიან მიყვარს. რაც შეეხება ღალატს, ღალატი ღალატია და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ უღალატებს, _ კაცი თუ ქალი. ზაზას ადგილზე ჩავეხუტებოდი და ვაპატიებდი. მე მინდა, რომ ასე იყოს. რაც შეეხება ჩემსა და ქეთის შორის მსგავსებას, ამ პარალელებს ნაკლებად გავავლებდი, რადგან მე უფრო სხვანაირი ადამიანი ვარ, უფრო სხვა ინტერესები მაქვს, _ ვმუშაობ, დაკავებული ვარ და ა. შ. ქეთი ძალიან გულწრფელია და ჩემს თავში მის ამ თვისებას ვხედავ.
_ თქვენ მოგწონთ ქეთის ცხოვრება?
_ ქეთის საქციელი ნამდვილად არ მომწონს და არც ვამართლებ, მაგრამ როდესაც მოძალადე ქმარი გყავს, რაღაც მომენტში მის საქციელს გამართლება აქვს და უფრო თანავუგრძნობ. ისეთ გაუგებრობაში აღმოჩნდა, რომ თვითონაც ვერ გაიაზრა, რა მოხდა, რატომ გააკეთა და ა. შ.
_ როგორ ფიქრობთ, ჩვენს რეალობაში ბევრი ქეთია?
_ ჩემ გარშემო არ არსებობს, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ბევრი ქეთი, ზაზა და აჩიკოა, მაგრამ ასეთ ადამიანს არასოდეს ხელი არ უნდა ვკრათ.
_ რა გავლენა მოახდინა ამ როლმა თქვენს ცხოვრებაში? ბევრი ადამიანი ქეთის პერსონაჟს ნამდვილ სალომეში აიგივებდა. რამდენად რთული იყო ამ ყველაფრის შესრულება ემოციურობის თვალსაზრისით?
_ მაყურებლის რეაქცია არაერთგვაროვანია. ხანდახან მიჭირს კიდეც იმის ახსნა, რომ ქეთი არ ვარ და სალომე ვარ. სრული სერიოზულობით მთხოვენ ქეთის საქციელზე პასუხს. არიან ადამიანები, რომელთა პირდაპირი დაკვეთაც არის, _ ღალატის გამო ზაზამ მოკლას ქეთი.
არიან ადამიანები, რომლებსაც ქეთის საქციელი არ მოსწონთ, მაგრამ მაინც მისი მხარე უჭირავთ. ალბათ, თანაუგრძნობენ, რომ ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდა.
ზოგიერთი ქეთის ბოლომდე ამართლებს, რადგან ქმარი მას საერთოდ ვერ ხედავდა. გარდა იმისა, რომ სულ ჩაგრავდა და მასზე ძალადობდა (არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობაა ძალადობა), ზოგადად, ქალად არ აღიქვამდა.
თითქოს სულ მარტო იყო, არც მეგობრები ჰყავს, არც ქმარი და არც არავინ. ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც მის მიმართ ელემენტარული ინტერესი და ყურადღება გამოიჩინა და…
_ რას გვეტყვით თქვენს პარტნიორ გიორგი ბოჭორიშვილზე?
_ მე და გიორგი ჯგუფელები ვიყავით, დიდი ხანია, ვმეგობრობთ და ძალიან მიყვარს. გარდა ამისა, მას უდიდეს პატივს ვცემ, როგორც ძალიან მაღალი კლასის მსახიობს. მასთან ერთად ყველაფერი ადვილია, იმდენად სწორ ემოციას გაძლევს, ძალიან უნდა მოინდომო, რომ სცენა გააფუჭო და ის კონკრეტული ეპიზოდი ცუდი გამოვიდეს. ფანტასტიკური პარტნიორია. მიხარია, რომ ჩვენი კინოწყვილი, საბოლოოდ, შედგა.
_ როგორია თქვენი რეალური ცხოვრება?
– სრულიად განსხვავებული! მაქვს სამსახური, ძალიან დამოუკიდებელი და საქმიანი ვარ! შეხვედრებზე დავდივარ, მაქვს ბევრი კონტაქტი და ჩემი ოჯახიც ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება. ასე რომ, სრულიად სხვანაირი ცხოვრება მაქვს! ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე, ერთი დღეც ვერ შევეგუებოდი ქეთის მდგომარეობაში ყოფნას! ყველაზე რთული ასატანი ის არის, რომ გრძნობ, თითქოს, ნივთი ხარ. როგორც გეტყვიან, ისე იქცევი. არ ხარ დასაქმებული, წარმატებული და უყურებ, როდის მოვა სამსახურიდან შენი ქმარი, დედამთილი, მამამთილი…
_ როგორც ვიცი, გადაღებებზე მეუღლეც დაგყვებათ. მართალია?
_ გადაღებებს არ ესწრება, თუმცა ყველაგან ერთად დავდივართ. ხელს მიწყობს, რომ საქმეზე ვიყო ორიენტირებული და ეს ქალისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა. ბედნიერი ვარ, რომ გვერდით მყავს ისეთი მამაკაცი, რომელიც ყოველთვის მამხნევებს და ხელს მიწყობს, რომ უფრო და უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო. ის არ კომპლექსდება იმით, რომ გვერდით ჰყავს წარმატებული ქალი.
_ დედამთილთზე რას გვეტყვით? რა რეაქცია ჰქონდა, როდესაც სერიალს უყურებდა?
_ დედამთილი ეს პერიოდი ყველანაირად გვერდით მედგა. იცოდა, რომ საკმაოდ რთული სცენები მქონდა და თვითონაც ნაკლებად მტვირთავდა სხვადასხვა საქმით. იცოდა, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი სცენები. გაგებით მოეკიდა ამ ყველაფერს. რაც შეეხება ჩემს შვილს, მან ძალიან კარგად იცის, რომ მე მსახიობი ვარ და ეს ჩემი საქმიანობაა. ამაყი და ბედნიერია, რომ ასე მხედავს. 10 წლისაა და ამას წინათ თვალცრემლიანი მოვიდა და ბევრი კომპლიმენტი მითხრა.
_ რა გითხრათ?
_ ძალიან კარგად თამაშობ და მიყვარხარო. მისი სიტყვები ჩემთვის ყველაზე მთავარია.
_ თუ არ ვცდები, ერთ-ერთი სერიის ყურების დროს დედამთილი ცუდად გახდა. მართალია?
_ არა, უბრალოდ, ძალიან ემოციური ადამიანია და ბავშვი რომ ამ მდგომარეობაში წარმოიდგინა, ინერვიულა. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ემოციური სცენები იყო. იმდენად რეალურ ამბებს ვეხებოდით, რომ რთული საყურებელი იყო.
_ სოციალურ ქსელში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი კომენტარები დაიწერა. როგორ რეაგირებდით უარყოფით გამოხმაურებაზე?
_ გამიმართლა და არასოდეს ვარ წნეხის ქვეშ, რადგან მე თვითონ არ ვარ სკანდალური და ხმაურიანი ადამიანი. ამ კომენტარებს არ უმოქმედია და სიმართლე გითხრათ, არც ვკითხულობდი ხოლმე. მაყურებელს მინდა, რომ დიდი მადლობა ვუთხრა, ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი მოდიოდა ჩემთან და ამხელა სიყვარული არასდროს მქონია. იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ იმ უარყოფით კომენტარებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი. გარდა ამისა, ყველას ვერ ეყვარები.
_ როგორც მსახიობს რა მოგცათ ამ როლმა?
_ მეტი თავდაჯერებულობა, მეტი საშუალება იმისა, რომ პროფესიონალ მსახიობებთან მემუშავა. ფორმულა კრეატივთან ერთად ასევე პროფესიონალურად გავიზარდე. უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ასეთ გუნდთან ერთად გიწევს მუშაობა.
_ თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით ქეთიში?
_ ბევრჯერ ვთქვი, რომ ქეთის წონაში გავახდუნებდი, თუმცა იმდენად კარგი ადამიანის ხელშია ქეთი (სერიალის სცენარისტ ქეთი დევდარიანს გულისხმობს, _ ავტ.), რომ არანაირ ცვლილებას არ შევიტანდი.
_ ასეთ მიამიტს დატოვებდით?
_ არა, მინდა, რომ გაძლიერდეს და დამოუკიდებელი ქალი გახდეს, ყველას რომ საკადრისი პასუხი გასცეს.
_ ზაზასნაირ მამაკაცებზე რას ფიქრობთ?
_ არ შეიძლება, მოძალადე იყო. ნივთად არ უნდა ვაქციოთ ქალბატონები. მამაკაცმა მეტი ყურადღება, სითბო და სიყვარული უნდა აჩუქოს ქალს. რაც შეეხება ზაზასნაირ მამაკაცებს, ვფიქრობ, რომ დრომ უნდა შეცვალოს ისინი და რაღაც სტერეოტიპები დაამსხვრიოს. ზაზასნაირი კაცები კი ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ჩვენს ქვეყანაში, ამას ვერ გავექცევით.
_ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ რამდენიმე სამსახურში მუშაობთ, გარდა ამისა, გაქვთ გადაღებები. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან დაკავებული ხართ. თავისუფალ დროს პოულობთ?
_ თავისუფალი დრო არ მაქვს. ოთხი საათი მძინავს და მაშინ ვარ ბედნიერი, თუმცა არაფერზე ვწუწუნებ. ვფიქრობ, როცა ახალგაზრდა ადამიანი ხარ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ რეალიზდე. მთავარია, დროის სწორად განაწილება იცოდე.

გიორგი საკარული