სოსო ხვედელიძე: „ძალიან ბევრ ადამიანს ვეზიზღები“

ქეთი არ მოკლეს! _ ჩემი ცოლის დაქალების მე-14 სატელევიზიო სეზონი დასრულდა, თუმცა სერიალის სიუჟეტის განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.

ხმაურიანი სეზონის ყველაზე სკანდალური სიუჟეტი ასეთი იყო: მორჩილი ცოლი ქეთი დესპოტ ქმარ ზაზას ცოლიან გინეკოლოგთან ღალატობს, რაც სერიალის მაყურებლისთვის შოკისმომგრველი აღმოჩნდა. 27 იანვარს კი ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და საზოგადოების მოლოდინი, რომ ზაზა მოღალატე ცოლს მოკლავდა, საბედნიეროდ, არ გამართლდა.
სასიყვარულო სამკუთხედის სიუჟეტით, ფაქტია, ქეთი დევდარიანმა (ჩცდ-ს სცენარისტი) დაგვანახა, თუ რა მიზეზებით შეიძლება უღალატოს მორჩილმა ცოლმა ქმარს! ჩვენს რეალურ ცხოვრებაში კი ფაქტია: არ აღიარებენ, მაგრამ ყველას აინტერესებს, რა ხდება სხვის საძინებელში.
მაყურებელი ქეთის ღალატით იმდენად შოკირებული აღმოჩნდა, რომ აჩიკო ექიმის როლის შემსრულებელ მსახიობ სოსო ხვედელიძეს სერიოზულად დაუპირისპირდნენ და, შეიძლება ითქვას, მას სიცოცხლე გაუმწარეს. მსახიობის თქმით, თავდაპირველად ხალხის მისდამი აგრესიამ და ზიზღმა იმდენად შეაშინა, რომ ფსიქოლოგის დახმარებაც დასჭირდა.

„ქრონიკა+“-მა „მოღალატე ექიმთან“, მსახიობ სოსო ხვედელიძესთან, ინტერვიუ ჩაწერა და ბევრ საინტერესო კითხვაზეც მიიღო პასუხი:

_ სოსო, „ჩემი ცოლის დაქალების“ კიდევ ერთი სეზონი დასრულდა, რომელიც საკმაოდ ხმაურიანი იყო, _ მან რამდენჯერმე ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენებიც კი გადაფარა. პირადად თქვენთვის რა ემოციებს იწვევდა ეს ყველაფერი?
_ ეს სეზონი საინტერესო და წარმატებული გამოვიდა. სცენარის მიხედვით პერსონაჟის ხასიათი ხშირად იცვლებოდა, იყო დაძაბულობები. სწორედ ასეთმა გადასვლებმა პირადად ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, სამუშაო პროცესი კიდევ უფრო საინტერესო გახადა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და მტკივნეულ თემებს შევეხეთ. ვიღაცას ძალიან ეწყინა, ვიღაცამ, შეიძლება, პირიქით _ გზა იპოვა უფრო მშვიდი და სწორი ცხოვრებისკენ. „სწორი ცხოვრება“, ალბათ, პირობითია და ძალიან სუბიექტურიც. ამ სეზონმა, სავარაუდოდ, ბევრი ადამიანი დააფიქრა იმ პრობლემაზე, რაც შეიძლება ხელს გვიშლიდეს, მეტად გვიყვარდეს ერთამანეთი და უფრო სოლიდარულები ვიყოთ.
_ მახსოვს, როდესაც სერიალში გამოჩნდით, თქვენ მიმართ დიდი აგრესია წამოვიდა, იყო შეურაცხყოფები და უხერხულობები. დღეს როგორ გრძნობთ თავს?
_ თითქოს ამ ყველაფერს შევეჩვიე და რაღაც ამბივალენტური შეგრძნება მაქვს. ძალიან ბევრ ადამიანს ვეზიზღები, თუმცა, ამავდროულად, მიხარია, რადგან აჩიკოს პერსონაჟმა სწორი რეაქცია გამოიწვია. ბუნებრივია, ეს არ არის საწყენი. მსახიობისთვის სასიხარულოა, რაც უფრო გაღიზიანდებიან იმ ქცევებით, როგორითაც აჩიკო ცხოვრობდა. ეს ნიშნავს, რომ მსახიობმა თავისი ამოცანა შეასრულა. თუმცა ხიბლში არ უნდა ჩავვარდე, რადგან ამ როლს კიდევ ბევრი აკლდა, რაც შეიძლებოდა, რომ გამეკეთებინა, როგორც მსახიობს.
_ ამბობდნენ, ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდაო…
_ ფსიქოლოგისთვის არ მიმიმართავს. უბრალოდ, ნათია ფანჯიკიძის სტატუსი ვნახე, სადაც სერიალის შესახებ წერდა. ამის შემდეგ მიმოწერა გვქონდა და საინტერესო რჩევები მომცა, რაც ძალიან დამეხმარა. როდესაც სერიალში გამოვჩნდი, ჩემ მიმართ აგრესია მალევე დაიწყო, პიროვნულადაც შეურაცხმყოფდნენ. ამიტომ გადაწყვეტილი მქონდა, რაღაც პერიოდი ფსიქოლოგთან წავსულიყავი. შემდეგ საკუთარ თავს ვეკითხებოდი, _ რატომ მჭირდება ფსიქოლოგი და როგორ არ შემიძლია, ჩემს თავს ავუხსნა, რომ ეს რეაქცია სერიალის პერსონაჟის მიმართაა. საბოლოოდ, დღეს ბევრად კარგად ვარ და დროსთან ერთად ამ ყველაფრის აღქმის სიმძაფრეც გაქრა.
_ ახალი სეზონიდან სასიყვარულო სამკუთხედის ისტორიას ისევ ვიხილავთ?
_ ჩემი გმირის ისტორია ამ სეზონში რაღაცით ჰგავდა დასასრულს და ამ შემთხვევაში არ ვიცი, რა როგორ გაგრძელდება. ჯერ ყველას სჭირდება დასვენება. როგორც ვიცი, ახალი სეზონისთვის სცენარის წერა არ დაწყებულა. გაგრძელებაც და დასრულებაც შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს სცენარისტი, ეს მხოლოდ მან იცის.
_ ინტერვიუებში ამბობდით: დრო გჭირდებოდა იმაში დასარწმუნებლად, რომ გაგეგო, რეალურად უყვარდა თუ არა აჩიკოს ქეთი… ახლა რას ფიქრობთ?
_ დღემდე ეჭვი მეპარება, რომ აჩიკოს ქეთი უყვარს და, უბრალოდ, ის ვერ ტოვებს ოჯახს. ოჯახი არ არის მარტო სახლში მივედი, დაუთოვებული პერანგი დამხვდა, საჭმელი თუ ა. შ.! არსებობს კიდევ ბევრი ადამიანური სისუსტე, რის გამოც ვერ დატოვებ ოჯახს. არ მგონია, აჩიკო ისითივე დამოკიდებული იყოს საზოგადოებრივ აზრზე, როგორც სერიალში აჩიკოს მეუღლეა _ იგი უფრო გვევლინება სოციუმის ტყვედ, ის ხალხს არარსებულ ბედნიერებას აჩვენებს, ამასთან ერთად, გრძნობს და იცის, რომ ჩვენ ბედნიერები არ ვართ!
_ რამდენად არის თქვენში აჩიკოს თვისებები? ზოგადად, რას ფიქრობთ ღალატზე და როგორ გესმით ოჯახური თანაცხოვრება საყვარელ ადამიანთან?
_ ეს პერსონაჟი ჩემგან ძალიან შორს არის. სოსო ხვედელიძეს აუტკივებელი თავის ატკივება არ უყვარს და არც მოძალადეა. აჩიკოს საქციელში, გარკვეულწილად, იყო ძალადობის ელემენტები. არც აჩიკომ იცის, როგორ გააბედნიეროს ქალი და არც _ ზაზამ. ალბათ, ბევრად მზად უნდა ყოფილიყო ამ ურთიერთობისთვის. ქეთის საერთოდ არ უნდოდა ჩემი საყვარლობა, მას სიყვარული უნდოდა და არა საყვარლის სტატუსი. ახლა უკვე სეზონი დასრულებულია და როცა ყოველდღე ამ პერსონაჟის საფიქრალით არ ვცხოვრობ, სცენარს არ ვკითხულობ და იმ ტექსტების გამართლებას არ ვეძებ, დღეს შეიძლება პრაგმატულად ვიმსჯელო. რეალურად, ნამდვილად არ ვარ ასეთი. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ სიმართლეს ვამბობ, რაც პერსონაჟზე საუბრის მერე მაინც თავის მართლებად აღიქმება. რეალურ ცხოვრებაში ვარ ერთგული მეგობარი და ერთგული მეუღლე. ერთგულება შემიძლია ყველფერში, პროფესიაშიც და საქმეშიც. ზოგადად, ღალატის მიმართ ჩემი დამოკიდებულება საკმაოდ უარყოფითია. ჩემთვის ეს არის მკვლელობამდე ერთი ნაბიჯი… მაგრამ წინაპირობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. აჩიკოს, შეიძლება, ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონოდა ოჯახში, სანამ მეუღლეს უღატებდა. მას მათემატიკურად გათვლილი ოჯახი აქვს, პედანტური წესებით, პრინციპებით და განტოლებებით სავსე. არადა, მას არ უნდა განტოლებები, თავისუფლება უფრო უნდა, რაც გამოჩნდა კიდეც ნაპარავ სიყვარულში. ოჯახისგან მობეზრებული ორი ადამიანი ბედნიერებას ეძებდა. დარწმუნებული ვარ, აჩიკოსთვის ეს არ იყო რიგითი რომანი. არ შეიძლება გქონდეს რიგითი რომანები და, ამავე დროს, ცხოვრებისგან დაღლილ ქალთან ურთიერთობამ მიგიზიდოს. ეს კიდევ ამტკიცებს, რომ ამ ურთიერთობას უფრო მეტი ერქვა. მე არ მაქვს მათემატიკურად აწყობილი ცხოვრება, ცოტა დაუგეგმავი ვარ, რაც ბევრად თავისუფალს მხდის. მყავს მეუღლე და ორი შვილი. ჩემი დილა იწყება ოჯახზე ფიქრით, გრძელდება პროფესიასა და ოჯახზე ფიქრით და მთავრდება ისევ ოჯახზე ფიქრით.
_ ჩვენს ქვეყანაში ბევრი ქალი იჩაგრება, უამრავი ძალადობის ფაქტი შეგვიძლია გავიხსენოთ. გვერდიდან თავად როგორ უყურებთ ქეთის პერსონაჟს?
_ ცოტა მეცოდება. პირადად ნაკლებად ვიცნობ ქალს, რომელიც ასეთი ძალადობის მსხვერპლია და მსგავსი ქმრის პირობებში ადგება და ამხელა სვლას გააკეთებს. ქეთის ეს ნაბიჯი, მართალია, სამაგალითო არ არის, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის გამაფრთხილებელია. მე 7 წლის გოგოც მყავს და არ მინდა იფიქროს, რომ ქმარს ძალადობისა და ღალატის უფლება აქვს. მინდა, რომ მან თანაბრად მოითხოვოს იგივე უფლება ცხოვრებისგან და საზოგადოებისგან. ჩვენ ყველას საკუთარი ადგილები გვაქვს, სწორედ ეს გადანაწილებებია თანაცხოვრება და ურთიერთობა. ვისურვებდი, გადანაწილება არ უშლიდეს ხელს თანასწორობას.
_ დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი ხართ ჩვენს ქვეყანაში, თუმცა თქვენი პროფესიული კარიერა „ჩემი ცოლის დაქალებით“ არ დაწყებულა. რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს პოპულარობას საქართველოში და რა შეცვალა თქვენში ხალხის გადამეტებულმა ყურადღებამ?
_ ბუნებრივია, სერიალს უდიდესი პოპულარობა მოაქვს მსახიობისთვის, მით უმეტეს თუ იგი ყოველდღე გადის და შენ მაყურებელს ეკრანიდან ესალმები. მსახობისთვის სერიალში თამაში ან სატელევიზიო გადაცემის წამყვანობა დიდი პლუსია ცნობადობის თვალსაზრისით. რაც შეეხება პოპულარობას, რას ცვლის ეს ყველაფერი ჩემში? _ ამ შემთხვევაში, როცა უარყოფით პერსონაჟს თამაშობ, მინუსიც მოაქვს! ზემოთაც აღვნიშნეთ ჩემ მიმართ აგრესიაზე, თუმცა ამას ახლა ღიმილით ვპასუხობ… ვცდილობ მაინც. პოპულარობა, გარკვეულწილად, თავისუფლებას გიზღუდავს და მეტ პასუხისმგებლობას გმატებს. მე ცოტა სხვანაირი ტიპი ვარ, შეიძლება ქუდი უკუღმა დავიხურო და ისე შევიდე მაღაზიაში. ეს ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა და არც ყურადღებას მივიქცევდი, რომ არა პოპულარობა. ასეთ დროს საჯაროობის შეგრძნება მეტად გაქვს და, შესაბამისად, თავისუფლებაც გეზღუდება. მარტივად რომ ავხსნა, რაღაცების უფლება აღარ გაქვს. პირობითად, ქუდის უკუღმა დახურვის უფლება გაქვს, თუმცა უნდა შეეგუო, რომ ასეთ ქმედებაზე ვიღაც მეტს იტყვის შენზე და თუ ეს არ გინდა, მაშინ ქუდიც სწორად უნდა დაიხურო.
_ გიყურებთ და ვხედავ, რომ სიახლე გაქვთ. თუმცა მანამდე გავიხსენოთ ის კომენტარები, რაც თქვენს გარეგნობაზე იწერებოდა… ამან ხომ არ დაგაკომპლექსათ და ამიტომ ხომ არ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
_ სოციალურ ქსელში ჩემი სიმელოტე აქტიურად გნიხილებოდა. რასაც ხალხი ჩემს გარეგნობაზე წერდა, ბუნებრივია, ამას ყურადღება მივაქციე. წლების წინათ თვითონაც მაწუხებდა უთმოდ დარჩენა, თუმცა შევეგუე, რადგან ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა და პროფესიულ კარიერაშიც ყველაფერი რიგზე მქონდა. მაგრამ ხალხმა მაჩვენა, რომ ეს არ არის შესაგუებელი, უხერხულობა განმიახლეს, ამიტომ თმის გადანერგვის გადაწყვეტილება მივიღე. ცოტა ხანში ისევ თმაქოჩორა ბიჭი ვიქნები. დიდი მადლობა ჩემს ექიმებს: დეა პაპასკირს, ალეკო მახარაშვილსა და კლინიკა „დეამედს“.
_ ვიცი, რომ თქვენთვის რთულია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ უნდა მიპასუხოთ: რატომ ვეღარ გხედავთ მაყურებელი თუმანიშვილის თეატრის სცენაზე?
_ თუმანიშვილში, რატომღაც, თეატრის პოლიტიკურ პროცესებს ჩემი პროექტები და როლები შეეწირა. იმ მხარეს აღმოვჩნდი, სადაც ქეთი დოლიძე და მისი გუნდი იდგა. ყველა მსახიობს ჩამოყალიბებული აქვს თეატრის წინსვლის სტრატეგია. ჩემთვის წინსვლა იყო ქეთი დოლიძის თეატრიდან არგაშვება, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები და პროექტები, რომელიც, სამწუხააროდ, ამ ეტაპზე, შეჩერებულია. მთელი ჩემი არსებით ვეწინააღმდეგები ადამიანის დაუფასებლობას. თეატრში ხშირად პოლიტიკურადც ვუპირისპირდებით ერთმანეთს და რეპერტუარის თვალსაზრისითაც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ადამიანის მასშტაბურობა, რომელმაც ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა ამ თეატრის არსებობის მანძილზე. მე და ქალბატონი ქეთი დოლიძე ხშირად ვერ ვთანხმდებოდით და გვიკამათია კიდეც, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქალბატონის მნიშვნელობა თეატრისთვის არ შეაფასო. მას ლომის წილი მიუძღვის თუმანიშვილის თეატრის განვითარებაში. მე არ შემეძლო იმ მომენტში გამარჯვებულების მხარეს დადგომა. ის თეატრალური პროექტები, რომელიც ქეთის წასვლის შემდეგ ჩაიშალა, სავარაუდოდ, საეტაპო იქნებოდა თეატრისთვის. ეს ყველაფერი ვიღაცამ ჩემნაირად მძაფრად არ აღიქვა და დღეს ისევ აგრძელებენ თანამშრომლობას ახალ მენეჯმენტთან. ის ადამიანები ჩემი მეგობრები არიან და მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მართალია, ბოლო პერიოდი თეატრისგან ცოტა ვდისტანცირდი, მაგრამ ჩემს მეგობრებს შორიდან ვგულშემატკივრობ.
_ თითქმის წელიწადზე მეტი გავიდა და არაფერი შეცვლილა? შემოთავაზებები არ ყოფილა თუმანიშვილის თეატრიდან?
_ ჩემთვის არაფერი შეცვლილა და არ მინდა, ცუდად გამომივიდეს. შეიძლება, გულდაწყვეტილი ვარ და ბავშვური პოზიცია მაქვს, ვერ შევძელი ჩემი მეგობრების პრემიერაზე მივსულიყავი. იყო ერთ სპექტაკლზე შემოთავაზება და დათანხმება გამიჭირდა. ძალიან ძნელია, როცა მსახიობი 2 დღით ადრე გებულობ, რომ ხელფასის 80% გაკლდება, როცა გაგწირავენ და მეორე დღეს მათხოვრად უნდა იქცე. რთულია დათანხმდე თავისუფლად ამ ადამიანის სადიპლომო სპექტაკლში მონაწილეობას. ჩემს მეგობრებს დიდ წარმატებებს ვუსურვებ, მათ შორის, გიორგი სიხარულიძესაც და თეატრსაც _ ჩემ გარეშე თუ ჩემთან ერთად ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩემი გულისტკივილი ჩემი გულისტკივილია… შეიძლება, მეტი ამბიცია მაქვს, როგორც მსახიობს , რაც ვიღაცისთვის ცოტა უინტერესო და მიუღებელია.
_ ხშირად გვესმის მსახიობების პრეტენზიები თეატრალურ სამყაროში არსებულ პრობლემებზე. როგორ ფიქრობთ, სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს არსებული სირთულეების მოსაგვარებლად?
_ სასაცილოდ დაბალანაზღაურებადი ხალხი ვართ საქართველოში! _ მსახიობებისთვის ეს უდიდესი პრობლემაა. ვფიქრობ, ამას არ წყვეტს რომელიმე კონკრეტული თეატრის ხელმძღვანელობა. სამწუხაროდ, ჩვენი ანაზღაურების „სტანდარტი“ ჩამოყალიბდა. დღეს ქვედა ზღვარზე ვართ ფინანსურად. მართალია, ჩვენზე დიდი გაჭირვება გამოიარა წინა თაობამ _ 10-15 წლით უფროსი მსახობები კიდევ მეტს მუშაობდნენ და სპექტაკლში გროშებს იღებდნენ, ასეთი გაჭირვებაც ყოფილა თეატრში და მიხარია, რომ დღეს ცოტათი მეტი გვაქვს. მაგრამ რა ხელფასებზეც ვმუშაობთ, უბრალოდ, შეუძლებელია ამ შემოსავლით თავის გატანა, ამიტომ გვიწევს სხვა ბევრი, დამატებითი საქმის კეთება. ჩვენი პოლიტიზებაც იმ სიდუხჭირის გზაზე გადის, რაც ყოველდღიურად თავს გვახსენებს.
_ ძალიან ბევრი თეატრმცოდნე თავად მსახობებშიც და რეჟისორებშიც ხედავს პრობლემას. ამბობენ, რომ თანამედროვე ქართული თეატრი არ პასუხობს ახალ გამოწვევებს.
_ თეატრი საქმეს მაშინ აკეთებს, როცა პრობლემების ფერხულს მიჰყვება. თეატრი თანამედროვე გამოწვევებზე უნდა საუბრობდეს და არა რაღაც გაურკვევლობებზე. როცა უყურებ, გეღიმება და გიკვირს, ეს სპექტაკლი რატომ არის ამ თემაზე?! ნერვები გეშლება, ასეთ დროს რატომ დაიხარჯა ამ ყველაფერზე ბიუჯეტიდან ფინანსები _ ისეთ სპექტაკლზე, რომელიც საერთოდ არავის უკაკუნებს თავში? რამდენი პრობლემაა გადმოცემული ჩცდ-ში! ფაქტია, სერიალში თანამედროვე გამოწვევებზეა აქცენტი გაკეთებული და სწორედ ამიტომ საზოგადოებაში მის მიმართ ინტერესი რეკორდულად დიდია.
_ სოსო, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
_ ახალ სპექტაკლზე ვმუშაობთ, ძალიან საინტერესო როლი მაქვს „სამეფო უბნის თეატრში“, პედაგოგს ვასახიერებ, რომელიც იმის გამო ისჯება, რომ ქალაქში 16 წლის ბავშვი გაუჩინარდა და მას პედოფილია უმტკიცდება. ეს კაცი იბრძვის დაამტკიცოს, რომ ის არ არის მკვლელი. 5 წლის მერე დაადგენენ, რომ საქმე ოფიციალურად დაიხურა. რა მოხდება ბოლოს? დასასრული მოულოდნელობით სავსეა და ვერ გაგიმხელთ. პრემიერას მარტის დასაწყისში ველოდებით, 4 რეჟისორი დგამს, _ თემურ ჩხეიძის სტუდენტები, ნიჭიერი ახალგაზრდა რეჟისორები არიან და ისინი აუცილებლად იტყვიან თანამედროვე ქართული თეატრის ისტორიაში თავიანთ სიტყვას; ასევე ძალიან მალე გამოვა ხათუნა გიორგობიანის ფილმი „ფრთხილად სურვილებთან“, სადაც ჯადოქარს ვთამაშობ. კიდევ მაქვს ბევრი საინტერესო შემოთავაზება, რამდენიმეს გაგიმხელთ: ერთი არის გერმანული პროექტი, გერმანელი რეჟისორი იღებს. ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ, მოლაპარაკებებია; ასევე არის ერთი ქართული პროექტი, უკვე ვმუშაობთ. იმედი მაქვს, 2019 წელი პროფესიულ საქმიანობაში ნაყოფიერი იქნება.

ლევან ქემოკლიძე