რატომ მიიჩნევა საქართველოში სექსი სირცხვილად?

ნებიმისმიერ განვითარებულ და თანამედროვე ქვეყანაში სექსი კომპრომატი კი არა, სიამოვნებაა, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც საქართველო განვითარებადი სახელმწიფოა, ჩვენთან ყველაზე დიდ სირცხვილად ზუსტად სექსი ითვლება. მეტიც, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ისიც დაუჯერებელია, რომ ე. წ. ცნობილ სახეს, მაგალითად, პოლიტიკოსსა თუ მსახიობს შეიძლება, პირადი ცხოვრება, ე. ი., სექსი ჰქონდეს. სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ რამდენიმე წლის წინ რომ დაგვმოძღვრა, მინისტრი საძინებელშიც მინისტრი უნდა იყოსო. ვერ გეტყვით, მინისტრები საძინებლებშიც მინისტრები არიან თუ არა, მაგრამ ის კი თვალნათელია, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები საჯაროდ ბილწსიტყვაობასა და აგრესიის გამოვლენას არ ერიდებიან.

ამას გარდა, ისიც თვალსაჩინოა, რომ სიძულვილის ენა არც სასულიერო პირებისთვის არის უცხო. ყველაფერ ამას ნეიროლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი, ნანა ჩარკვიანი განათლების დაბალი დონით ხსნის და იმის შესახებაც გვესაუბრება, თუ რა მიზანს ემსახურება სიძულვილის კულტივირება და რატომ ხდებიან წარმატებული ადამიანები სიძულვილისა და აგრესიის ობიექტები:

_ ნანა, ქართველები ოდითგანვე თავს ვიწონებთ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ქრისტეს კვართი ჩვენთან განისვენებსო, მაგრამ ამ გამორჩეულ ქვეყანაში სიძულვილიც „გამორჩეული“ რატომ ვიცით?
_ იმის გარკვევით დავიწყოთ, თუ რა არის რეალურად სიძულვილი და რის საფუძველზე წარმოიშობა იგი. სიძულვილი ნეგატიური შეფერილობის მქონე უმძლავრესი გრძნობაა, რომელიც მოიცავს სულიერ ტკივილს, სიბრაზეს, წყენას, შურს, ზიზღსა და სხვა უარყოფით ემოციებს.
აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ბრაზისა და რისხვის მიღმა აუცილებლად იმალება… შიში. ამ შიშის ამოკითხვა შეიძლება ზუსტად იმ სიტყვებში, რომლებსაც მოძულე იყენებს სიძულვილის ობიექტის მიმართ. მაგალითად, თუ ვინმეს არ მოსწონს თქვენი ინტერვიუ ან სტატია, შეუძლია, თქვას: „ეს კაცი ამ საცოდავ საზოგადოებას რყვნის“. ამ სიტყვების უკან მისი გაცნობიერებული ან გაუცნობიერებელი შიში იმალება, რომ არ იქცეს საცოდავ, გარყვნილ არსებად.
ამასთან, სიძულვილი არ განეკუთვნება ადამიანის ელემენტარულ ემოციებს, იმავე შიშსა და ზიზღს, ანუ ის ელემენტარული კი არაა, არამედ წარმოადგენს რამდენიმე ემოციის კოქტეილს, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ დესტრუქციულ და ფეთქებადსაშიშ ადამიანურ განცდას შობს.
ზიზღი, როგორც სიძულვილის ერთ-ერთი ფუნდამენტი, პირველადი ემოციაა, რომელსაც აქვს გამოკვეთილი ფიზიოლოგიური შემადგენელი და ამოცანა _ დაიცვას ადამიანი მავნე (მომწამლავი) ობიექტთან კონტაქტისგან.
ტყუილუბრალოდ როდი ხდება, რომ რაიმე საძაგლობასთან შეჯახებისას ადამიანს ხშირად უჩნდება გულისრევის შეგრძნება. ეს შეიძლება იყოს ლორწო, ექსკრემენტები, ორგანული დაშლის პროდუქტები და სხვ. (ყველა თავისას „აირჩევს“)…
_ რა ხდება ზიზღის დროს?
_ ზიზღის დროს ადამიანი ან გარბის, ან ირინდება. ამიტომაა, რომ ხშირად ურევენ ერთმანეთში შიშსა და ზიზღს _ გარეგნული გამოვლინებებით ისინი მსგავსია, თუმცა სხვადასხვა დანიშნულება აქვთ.
_ ანუ?
_ ანუ ის, რომ შიში წარმოადგენს კონტაქტურ ემოციას (ჩვენ ყურადღებიანი ვართ შიშის ობიექტისადმი) მაშინ, როცა ზიზღს ეს კონტაქტი ნულამდე დაჰყავს.
_ ეს რომ უფრო გასაგებად თქვათ?
_ როცა საზიზღრობა ჩვენი თვალთახედვის არედან ქრება, ჩვენ ვწყნარდებით.
ფსიქოლოგიური ზიზღი (მეორადი ემოცია, პირველადი ფიზიოლოგიური ემოციისგან განსხვავებით) უკავშირდება ჩვენთვის სრულებით მიუღებელ ღირებულებათა სისტემას ან ადამიანების საქციელს, რომელშიც ჩვენ ამ ბუნებრივ სამყაროში შხამის, საწამლავის ანალოგს ვხედავთ. ემოციების ენაზე ის გვეუბნება: „თუ მე ამ ადამიანს დავემსგავსები, მოვიწამლები, მოვკვდები და გავნადგურდები, როგორც პიროვნება. ის კი უკვე მოწამლულია მისგან საშინელი აზრებით (ღირებულებებით), საქციელით და ყარს!“
ეს მექანიზმი მუშაობს, მაგალითად, სექსუალური ან რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილ რეაქციებში. ჰოდა, ბუნებრივი რეაქცია ფსიქოლოგიურ ზიზღზე იგივეა, რაც ფიზიოლოგიური ზიზღის დროს, ანუ მისგან მაქსიმალური დისტანცირება.
ზიზღს რომ რამდენიმე ინგრედიენტი დავუმატოთ, მივიღებთ სიძულვილს, რომელიც უფრო ხშირად ზიზღი-შიშისა ან ზიზღი-წყენისგან იბადება და „განოყიერებულია“ სიძულვილის ობიექტისგან მოშორების შეუძლებლობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან სიძულვილისას ადამიანი ისწრაფვის გაანადგუროს ის, რაც ან ვინც მასში სიძულვილს აღძრავს, რადგან სიძულვილის ობიექტთან ერთ სივრცეში ყოფნა შეუძლებელია ისევე, როგორც მისგან თავის არიდება. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა _ განადგურება!
ამ გრძნობისთვის დამახასიათებელია საკითხის ამგვარად დაყენება: „ან მე, ან _ ის“. სიძულვილში რაიმე შუალედური ვარიანტის არსებობა შეუძლებელია, რადგან ის საამისოდ მეტისმეტად მძლავრი განცდაა.
სიძულვილის გამოვლინება, უმეტესწილად, მცდარი საქციელია და ტრადიციულ მიზეზებს ეფუძნება: ყურადღების მიპყრობა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და შურისძიება.
ჩვენს საზოგადოებაში ეს მიზეზები უხვადაა და შესაბამისი სურათიც გვაქვს, მეტადრე თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ნევროტულ საზოგადოებას წარმოვადგენთ.
ასე რომ, სიძულვილში გამორჩეულობა ჩვენი, როგორც საზოგადოების, განსაკუთრებულობაზე კი არა, მწვავედ მიმდინარე დაავადებაზე მიუთითებს.
აქვე დავძენ, რომ სიძულვილი უფრო მეტად დამახასიათებელია „მასობრივი პიროვნებისადმი“ და საზოგადო სიძულვილი ისევე აერთიანებს შესაბამისი დონის ადამიანებს, როგორც საერთო ინტერესები და გართობა.
რაც უფრო მეტად განვითარებულია ადამიანი, მით ნაკლებად ახასიათებს სიძულვილი, რადგან განვითარებული პერსონა უფრო მოტივირებულია ზრუნვითა და სიყვარულით, საკუთარი ცხოვრებიდან უსიამოვნო რაღაცებისა და ვიღაცების მოშორება კი სიძულვილის გარეშეც შეუძლია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარშემომყოფებისადმი სიძულვილი შესაძლოა, მაშინაც წარმოიშვას, თუ ისინი ვერ აკმაყოფილებენ ჩვენს მოლოდინებს და გვავიწყდება, რომ გარშემომყოფებს აქვთ თავიანთი შეხედულებები, მსოფლაღქმა და მისწრაფებები, რაც მათი უპირობო უფლებაა და შესაძლოა, სრულიად განსხვავებულად გამოიხატებოდეს.
მოკლედ, ასეთია სიძულვილის ფსიქოლოგია.
_ საქართველოში ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია ეკლესიაა, თუმცა თუ ბოლო წლების მოვლენებს გადავხედავთ, ეკლესია არაერთხელ ყოფილა ძალადობისა თუ უსამართლობის წამხალისელებლი. გავიხსენოთ თუნდაც 2013 წლის 17 მაისი და „ტაბურეტკებიანი“ მამაოები, ასევე „ციანიდის საქმე“, ანუ ცალკეული სასულიერო პირები ხომ არ ახდენენ ძალადობისა აგრესიის კულტივირებას?
_ ვერ ვიტყოდი, რომ ვინმე რაიმეს კულტივირებას შეგნებულად ახდენს, რადგან ამას არა მარტო სიძულვილი, არამედ დიდი და ღრმა განათლება და ცოდნა სჭირდება, თუმცა შემიძლია, წარმოგიდგინოთ სქემა, თუ როგორ მუშაობს „საზოგადოებრივი პიროვნების“, მოცემულ, კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული სასულიერო პირების საქციელობრივი პატერნები.
_ დიახ, გისმენთ…
_ მაგალითად, „საზოგადოებრივი პიროვნება“ გეებს ამაზრზენ ადამიანებად მიიჩნევს და თუ ამავე დროს ეშინია, რომ ეს „საზიზღარი არსებები“ ემუქრებიან მის სამყაროს და მათგან ხსნა არ არის („ისინი ყველგან არიან და სურთ, რომ ყველა გეებად აქციონ და საერთოდაც, რყვნიან ახალგაზრდობას~), ამ ნაზავისგან წარმოიშობა მრისხანება, რომელიც გადაიზრდება სიძულვილში და ამოხეთქვას მოითხოვს. ამის მაგალითია სწორედ „ტაბურეტკის ინციდენტი“.
_ როგორ ხდება სიძულვილის იქ წარმოშობა, სადაც უწინ თითქოს არ არსებულა და საამისოდ არც ობიექტური საშიშროება ყოფილა?
_ რეცეპტი ნათელია: მიანიჭეთ ადამიანებს (ან ადამიანთა ჯგუფს) საძაგელი ამორალური თვისებები (მაგალითად, „ნაცები“ მკვლელები არიან და ქართველ ვაჟკაცებს აუპატიურებენ“; „ყველა მუსლიმანი ტერორისტია“; „ყველა გეი ცდილობს, რომ გარყვნას ერი“; „ევროპელები ქართველობას გვართმევენ!“ და ა. შ.), დაუმატეთ შიში („ისინი დაირაზმნენ, რომ თავზე მოგვახვიონ თავიანთი ცხოვრების წესი“) და შეახსენეთ წარსულის გამოცდილება („გახსოვს, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში ახალგაზრდებს სააკაშვილის რეჟიმის დროს?“) და სიძულვილიც მზადაა… ის თავის გზაზე ყველაფერს წალეკავს…
რაც მეტად შეზღუდული და ვიწრო მსოფლმხედველობა აქვს ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, მით მეტი საფუძველი და მიზეზი გააჩნია სიძულვილისთვის, ხოლო თავად სიძულვილი კიდევ უფრო მეტად ავიწროებს გონებრივ ჰორიზონტებს, მსოფლაღქმის ფილტრს და ყურადღებას მიმართავს მხოლოდ იქით, რაც იწვევს ზიზღს და ასე ვიღებთ მოჯადოებულ წრეს.
_ „სიძულვილის ენა“ პოლიტიკოსებისთვისაც უცხო არაა. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები ოპონენტების შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან და ამის დასტურია კახა კალაძის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, _ მთაწმინდიდან გამოექანონო. ეს განათლების ნაკლებობაზე მიუთითებს თუ პრობლემა უფრო ღრმაა და ყველაფერ ამას ფსიქოლოგიური ახსნა აქვს?
_ ფსიქოლოგიური ახსნა თითქმის ყველაფერს აქვს და თუ თვალსაჩინოდ არც აქვს, შეგვიძლია, მოვუძებნოთ.
როცა ვინმე ოპონენტის დამცირებას, შეურაცხყოფას ან დაკნინებას ცდილობს, სიტყვიერად იქნება ეს თუ საქციელობრივად, ამით, პირველ რიგში, სურს, რომ საკუთარ უპირატესობას გაუსვას ხაზი, რადგან როცა ცუდისა და კარგის დახარისხებას ვიწყებთ, ორივე რაღაცას უნდა შევადაროთ, რათა მასებისთვის იოლად დასანახი აღმოჩნდეს, რასთან გვაქვს საქმე, თუმცა ერთმანეთის შეურაცხყოფისას პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ სანამ ყურადღება ფიქსირებული აქვთ „მტერზე“, მის საქციელსა და მარცხზე, მასთან აუცილებლად მჭიდრო კავშირში იმყოფებიან, როგორც პატიმარი და ზედამხედველი, რომელიც ხშირად უფრო პატიმარია, ვიდრე _ თავად პატიმარი.
რეალურ ომში ეს გამართლებულია, მაგრამ ვირტუალურ ბრძოლებში, სადაც დანაკლისი არა ცხედრებით, არამედ ნერვული უჯრედებით აღირიცხება, გამარჯვებულები, როგორც წესი, პიროსის გამარჯვებას ზეიმობენ. ეს კი გახლავთ ზედმიწევნით ძვირად მოპოვებული გამარჯვება, რომელიც დამარცხების ტოლფასია (გამოთქმა მომდინარეობს ჩვენს ერამდე 279 წელს აუსკულთან გამართული ბრძოლის აღსანიშნავად, სადაც მეფე პიროსის არმია ორი დღის განმავლობაში უტევდა რომაელთა ჯარს და დაამარცხა კიდეც, თუმცა პიროსის არმიის დანაკლისი იმდენად დიდი იყო, რომ მეფემ შენიშნა: „კიდევ ერთხელ რომ გავიმარჯვოთ რომაელებზე, საბოლოოდ, გავნადგურდებით!“)
ახლა გაიხსენეთ, რის ფასად დაუჯდა საქართველოში ახალარჩეული პრეზიდენტის გამარჯვება ხელისუფლებას, დამფინანსებელს, საზოგადოებასა და თავად გაპრეზიდენტებულს. მგონი, კომენტარი აღარაა საჭირო…
რაც შეეხება „გამოქანებასა“ და „ვიღაც გრიგოლას“, აქ, ალბათ, არაა აუცილებელი იმის შეხსენება, რომ ამგვარი ფორმით უკმაყოფილების, ზიზღისა და სხვა ნეგატიური განცდების გამოხატვა საჯაროდ და საჯარო პირისგან მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ საკუთარი დამოკიდებულების გამართლება სხვა არგუმენტებით არ შეუძლია, რადგან ისინი, უბრალოდ, არ აქვს ისევე, როგორც რესურსები.
იგივე შეიძლება ითქვას იუმორის გრძნობაზეც, რომელიც ადამიანს ან აქვს, ან _ არა.
სხვათა შორის, თავის უარყოფით დამოკიდებულებას ადამიანისა თუ მოვლენის მიმართ ხშირად უცენზურო სიტყვებით გამოხატავდა აწ განსვენებული კახა ბენდუქიძე, თუმცა მის ნათქვამში არასოდეს იგრძნობოდა სიძულვილი. ის მეტისმეტად განათლებული, თავისუფალი და მრავალმხრივი ადამიანი იყო საიმისოდ, რომ ვისამე მიმართ სიძულვილი განეცადა. ამიტომ მისი „იდი ნა ხუი“ უფრო სასაცილოდ ჟღერდა, ვიდრე _ შეურაცხმყოფელად.
აქვე გაგიმხელთ, თუ როგორ უნდა აიძულოთ ადამიანი, რომ სძულდეთ!
_ როგორ?
_ საკმარისია, გქონდეთ საკუთარი აზრი, იყოთ კრეატიული და თვითმყოფადი, რომ ვინმე აუცილებლად შეგიძულებთ!
_ როცა პოლიტიკური თუ სასულიერო ელიტის წარმომადგენლები აგრესიულად საუბრობენ, ეს ხალხზე რა გავლენას ახდენს?
_ აგრესია ყოველთვის შობს აგრესიას და ამას დიდი ახსნა არ სჭირდება.
სიძულვილისა და მტრობის მიზეზები იმდენად წვრილმანი და არაარსებითია, რომ ამგვარი მიზეზების ირაციონალობა, იმ სიმსუბუქესთან ერთად, რითაც ის შესაძლებელია ჩანერგილი იქნეს გარედან, შესაძლებლად აქცევს ვარაუდს ადამიანებში სიძულვილისა და მტრობის პირველსაწყისი მოთხოვნილების არსებობის შესახებ.
მეორე მხრივ, სიძულვილი შესაძლოა, გამოვლინდეს არა მარტო კონფლიქტში, არამედ მის მიღმა არსებული აგრესიის სახითაც, როგორც მტრობის გამაღვივებელი ფსიქოლოგიური მექანიზმი.
ეს მიდგომა გამოხატულებას ჰპოვებს სიძულვილის გამაღვივებელ პროპაგანდაში, რომელიც თან ახლავს ომებსა და სხვა სახის კონფლიქტებს, რომელიც სიძულვილის მეშვეობით საზოგადოების მოტივაციის ზრდისა და კონფლიქტში მისი პოზიციის გაძლიერებისკენ ისწრაფვის.
ეს სრულებით გამართლებულია მტერთან ბრძოლაში სამშობლოს დაცვისას, მაგრამ წარმოუდგენელი ზიანის მომტანია ისედაც გახლეჩილი და სასოწარკვეთილი საზოგადოებისთვის, რომელსაც შიმშილთან ერთად ნეგატიური დამოკიდებულებებიც უმძლავრდება და მტრად მიიჩნევს არა რეალურ მტერს, რომელმაც ტერიტორიები წაართვა, არამედ თავისივე წევრებს, რომლებიც, უბრალოდ, სხვაგვარად აზროვნებენ.
ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი შეუწყნარებლობა შეუწყნარებელია.
_ ნანა, ზოგი ჟურნალისტებს ადანაშაულებს, მხოლოდ ნეგატივს აშუქებენ, ტრაგედიები ადრეც ხდებოდა, მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდითო. რატომ არის წინა პლანზე წამოწეული ნეგატივი და უარყოფითი ენერგია?
_ ვერ ვიტყვი, რომ წინა პლანზე წამოწეულია მხოლოდ ნეგატივი და უარყოფითი ენერგია, თუმცა ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, მძლავრობს.
ეს „წინა პლანი“ კი არა, ჩვენი სნეული საზოგადოების არსებობის პირობების ამსახველი სურათია და შესაბამის განცდებსაც იწვევს.
მაგალითად, უდაბნოში ხომ ვერ ვხედავთ ბობოქარ სიმწვანესა და თვალწარმტაც პეიზაჟებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იქ ის არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით ოაზისებს, რომელიც პანტა-პუნტით არ გვხვდება. ჰოდა, ის გარემოება, რომ ზოგიერთი პერსონისთვის საქართველო ოაზისია, ხომ არ ნიშნავს, რომ მთელი ქართველი საზოგადოება გოა-გოაზე ცხოვრობს?
ჟურნალისტები კი იმას აშუქებენ, რასაც ხედავენ და რაც საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებსა და ამოცანებს წარმოადგენს. რასაკვირველია, აქ არ ვგულისხმობ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც დაგემოვნებით, თითების ლოკვით ჰყვებიან საზარელ ისტორიებს, რომელთა მიწოდება საზოგადოებისთვის უფრო ადეკვატური და კორექტული ფორმით სჯობს, რაც მისხალსაც ვერ მოაკლებს ამგვარი საკითხების აქტუალობას.
_ აგრესიული საზოგადოების მართვა უფრო ადვილია?
_ რა თქმა უნდა. აგრესიული საზოგადოების მართვა გაცილებით ადვილია, ვიდრე _ ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოების, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი უფლებები და მოვალეობებიც და რომელიც მოწიფულია თავის საქციელში.
_ როგორ უნდა დავიცვათ თავი ე. წ. ცნობადი სახეებისგან და, ზოგადად, აგრესიისგან?
_ ყველა ადამიანი თვითონ წყვეტს, რა რეაგირება მოახდინოს იმ მოვლენებზე, რომელიც მის ცხოვრებაში ხდება. თუ სიტუაციის შეცვლა არ შეგიძლიათ, აბსტრაგირებას შეეცადეთ.
_ ეს რას ნიშნავს?
_ ნუ მისცემთ ადამიანებს და, მათ შორის, ცნობად სახეებს უფლებას, დაგირღვიონ შინაგანი ჰარმონია და სულიერი სიმშვიდე, შეგირყიონ წონასწორობა.
როცა ემოციები მძლავრობს, თქვენი რეაქცია შესაძლოა, არაადეკვატური იყოს. თუკი გარშემომყოფთა მანიპულაციას ექვემდებარებით, მაშასადამე, აღიარებთ, რომ ისინი თქვენზე ძლიერები არიან. ამგვარად, საკუთარ პიროვნებაზე მათ ძალაუფლებას აღიარებთ.
არ მისცეთ საშუალება სიძულვილს, დაგიპყროთ, გმართოთ და დაფიქრდით, რატომ იქცა ის თქვენი ცხოვრების თანამდევად. იქნებ, ეს საკუთარი არარეალიზებულობის, გაუბედაობის, წყენისგან განთავისუფლების სურვილის უქონლობის ბრალია?
ამ ემოციებს, ჩვეულებრივ, ადამიანი ფარად იყენებს _ ასეთია ფსიქოლოგია.
ვიცი, ზოგი იტყვის, რომ ეს არაა იოლი და რომ სიძულვილიც ადამიანური განცდაა, მაშინ პასუხად გკითხავთ: თქვენთვის რა უფრო სასარგებლოა, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად _ დაექვემდებაროთ სიძულვილს თუ გული სიყვარულით გქონდეთ სავსე?
რა უფრო მოგიტანთ სიხარულსა და ბედნიერებას ცხოვრებაში: მოკლათ ვინმე თუ გიყვარდეთ?!
_ პოლიტიკოსები საჯარო გამოსვლებისას მკვახე გამონათქვამებს რატომ იყენებენ, ამით რის დემონსტრირებას ცდილობენ?
_ ამით ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ მასებზე, რომელსაც ისედაც მართავს საკუთარი ნევროტული მდგომარეობა, ხოლო ამ ზეგავლენით საკუთარი მიზნების ხორცშესხმას აიძულებენ.
ვისაც მარიონეტად ყოფნა მოსწონს, ვერ დავუშლით, ხოლო თავისუფალ ადამიანს ამის პრობლემა ისედაც არ აქვს.
რაც შეეხება დემონსტრირებას, ვერ გეტყვით, რისი დემონსტრირება სურთ ამ გზით პოლიტიკოსებს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რის დემონსტრირებას ახდენენ: საკუთარი უპირატესობისა და განსაკუთრებულობის წარმოჩენის ამგვარი მცდელობები პლებეების სურვილია, თავი არისტოკრატებად იგრძნონ! არისტოკრატი კი ისედაც არისტოკრატია და არაფრის ხაზგასმა არ სჭირდება.
_ კიდევ ერთი თემა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მუდმივად აღელვებს სექსია. საქართველოში სექსი სირცხვილად რატომ მიიჩნევა ან რატომ ჰგონია ხალხს, რომ ცნობილ ადამიანს სექსი არ უნდა ჰქონდეს?
_ რაღა დაგიმალოთ და ეს შეკითხვა მეც გამიჩნდა, რადგან მახსოვს, არცთუ შორეულ წარსულში ჩვენს წინაპრებს წაწლობის ინსტიტუტი ჰქონდათ და ეს სამარცხვინოდ არ მიიჩნეოდა, თუმცა ასე შორს არ წავალ, რადგან ეს არაა ჩემი კომპეტენციის სფერო და უფრო მარტივად გკითხავთ: როცა გშიათ, რას აკეთებთ?
_ ვჭამ!
_ როცა გეძინებათ, რას აკეთებთ?
_ ვიძინებ!
_ როცა გწყურიათ, რას აკეთებთ?
_ ვსამ!
_ დაძინების, ჭამის ან წყლის დალევის ვინმეს რცხვენია?
_ ცხადია, არა!
_ აბა, რატომაა სამარცხვინო სექსი, რომელიც ისეთივე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, როგორც ძილი, წყურვილი და შიმშილი?
და რაკიღა ფიზიოლოგიური მოთხოვნილება გახლავთ საპირფარეშოში სიარულიც და ამის საჯაროდ გამოფენა არც ესთეტიკურია და არც სასიამოვნო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამგვარადვე აღიქმება სექსიც საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ, თუმცა სექსი სასიამოვნოცაა და ესთეტიკურიც, თუკი ამის სურვილი და უნარი არსებობს.
რასაკვირველია, ჩვენ ის საზოგადოებაც არ ვართ, რომლის გარკვეული ნაწილიც პორნოგრაფიასა და სექსს არჩევს ერთმანეთისგან და რაკიღა არც პორნოვარსკვლავები გვყავს, სხვის საძინებელში შეჭყეტვა, მინიმუმ, ცნობისმოყვარეობას აღძრავს ან… მავანთათვის ნიშნის მოგებად გამოდგება!
აი, ამ დამოკიდებულების ნიადაგზე ვრცელდება ის, რაც ვრცელდება, თორემ ეჭვი მეპარება, ვინმეს ბოლომდე ეყურებინა იმ გავრცელებული კადრებისთვის. ეს შურისძიების სურვილით განპირობებული ქმედება იყო, რომლის მიზანიც ამა თუ იმ პერსონისთვის ზიანის მიყენება გახლდათ, ხოლო მოტივატორად სიძულვილი და ზიზღი გამოიყენეს.
სექსი სირცხვილი არაა, სირცხვილი ფარულად სხვისი სიშიშვლისა და ინტიმის ყურებაა.
რაკიღა ადამიანებს რცხვენიათ საკუთარი არასრულფასოვნების, ისინი ფარად იყენებენ წყენას, მრისხანებას, ზიზღსა და სხვა, „არასამარცხვინო“ ნეგატიურ ემოციებს.
უწინ სქესობრივი ცხოვრებისთვის ღია საზოგადოებებშიც კი ბევრ რამეს იდუმალების საბურავი ემოსა. ზოგადად, ცოლქმრული და სქესობრივი ცხოვრების მხარეების დამალვა ყველა დროის ადამიანებისთვის ღრმად დამახასიათებელი იყო, რადგან ეს განასხვავებდა მათ ცხოველებისგან, რომლებიც ამას ღიად აკეთებენ.
ამ იდუმალების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ სხვადასხვა დროიდან ჩვენ მეტისმეტად ბევრი ცუდად თავსებადი პროგრამა შემოგვრჩა. მაგალითად, ჩვენ ჯუჯა მაიმუნებივით თავქარიანები ვართ და, ამავე დროს, პავიანებივით ეჭვიანები. ჩვენ გვინდა, რომ სხვებმა ჩვენთვის მოსახერხებელი პროგრამების მიხედვით იცხოვრონ, საკუთარ თავს კი უფლებას ვაძლევთ, სხვისთვის მოუხერხებელი პროგრამები გამოვიყენოთ.
ჰოდა, გასაკვირი არაა, რომ ამ სფეროში ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტები ჩვეულებრივი ამბავია.
_ ნანა, ხშირად ამბობენ, ავლიპ ზურაბიშვილი გვჭირდებაო. ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მართლაც, ასეთი მძიმეა და განკურნებას არ ექვემდებარება თუ რამე გვეშველება?
_ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება გაჯანსაღება, რადგან ის ღრმად დეპრესიული და აგრესიულია.
გადავრჩებით თუ არა ბატონი ავლიპ ზურაბიშვილის გარეშე, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ განათლების გარეშე ვერც გადავრჩებით და ვერც ვიარსებებთ, როგორც ნამდვილი დემოკრატია და სრულფასოვანი სამოქალაქო საზოგადოება!

გიორგი აბაშიძე