„ბიძინა ივანიშვილს ფრანგი ასტროლოგი ჰყავს“

ასტროლოგიურ-ეზოთერული ცენტრის დამფუძნებელი, ლია ბარათაშვილი, საქართველოში გახშირებულ ტრაგედიებს სამყაროში მიმდინარე დაბნელებებს უკავშირებს. მისი თქმით, დაძაბული და სტრესული ფონი სამომავლოდაც გაგრძელდება.

რა გავლენას ახდენს საქართველოს დაბადების ნატალური რუკა ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე და რამდენად შესაძლებელია რუკის ცვლილება?

„ქრონიკა+“ გთავაზობთ ინტერვიუს ასტროლოგ-კონსულტანტ ლია ბარათაშვილთან:

_ ქალბატონო ლია, ჩვენს ქვეყანაში არსებულ სტრესულ ფონზე უამრავი შეკითხვა ჩნდება. ამ ნეგატიურ მოვლენებს ასტროლოგიური ახსნა თუ აქვს?
_ რაც ხდება, ლოგიკურია. ამ ყველაფერს ასტროლოგიურად ძალიან მარტივი ახსნა აქვს. მოგეხსენებათ, 2019 წელი ხისტი დაბნელებებით დაიწყო და ჩვენი მკითხველისთვის ეს ყველაფერი გასაგები რომ იყოს, თემა გავშალოთ: ბოლო დაბნელება მოხდა ურანის ფონზე, ურანი კი რადიკალური პლანეტაა, ის ვერძში შევიდა და გარკვეული ასპექტები გამოიკვეთა. ფაქტი თითქოს გადავიტანეთ, რადგან ურანი კუროში გადავიდა, მერე ვერძში დაბრუნდა და ურანის ფონზე მოხდა იანვრის ბოლო დაბნელებაც. ეს ყველაფერი საქართველოს დაბადების ნატალური რუკის მნიშვნელოვან წერტილებს დააჯდა, ამიტომ დაძაბული ფონი და უსიამოვნო მოვლენები ბუნებრივია. ურანი ნერვულ სისტემას განაგებს და ჩვენი მოსახლეობა ამიტომ არის სტრესის ქვეშ. დაბნელების ფაზა დასრულებულია, თუმცა ეს აგრესიული ფონი არ გაჩერდება.
_ რას ნიშნავს საქართველოს ნატალური რუკა და რამდენად ახდენს გავლენას ის ჩვენს ცხოვრებაზე?
_ ამის შესახებ ყველა ასტროლოგი საუბრობს. პირადად საქართველოს თემაზე დიპლომი დავიცავი და ეს თემა კარგად დავამუშავე. რა რუკითაც ჩვენ ვცხოვრობთ (ვგულისხმობ დაბადების რუკას), იქ მთელი სიუჟეტებია ჩადებული. ეს რუკა არ არის სიცოცხლისუნარიანი, აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში არასდროს იქნება სტაბლურობა და თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კარგად დააკვირდებით, ამაში დარწმუნდებით. არ ვიცი, რამდენად სწორად ვიქცევი, შეიძლება, არც უნდა ვლაპარაკობდე, მაგრამ დამიჯერეთ, ბევრჯერ მაქვს ეს რუკა გარჩეული და თვითონ ცხოვრებაც აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები არ არის. შეიძლება, ჩვეულებრივი მოსახლეობა ვერც ამჩნევდეს, რომ პროცესი შიგნიდან კი არ იმართება, არამედ _ გარედან! კარგად რომ ავხსნა, რუსეთი ჩვენი მტერია! ეს რუკიდანაც ჩანს. ის ძალიან დიდი ქვეყანაა და როდესაც რომელიმე ქვეყანაში შედის, ცდილობს, მისი ასიმილაცია მოახდინოს. რუსეთს საქართველოში არ აწყობს სრული სტაბილურობა და ამიტომ ჩვენ რუსეთისთვის ხურდა ფულივით ვართ. პირდაპირი აგრესია, ამ ეტაპზე, რუსეთს არ სჭირდება, თუმცა ის მუდმივად ცდილობს არასტაბილურობის შექმნას და წარმატებულად ახერხებს კიდევაც. გავიხსენოთ ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებული არასწორი ინფორმაცია. ასეთი რბილი დარტყმებით რუსეთი მუდმივად ცდილობს მოსახლეობაში პანიკის დათესვას. ჟურნალსიტები ძალიან დიდი ძალა ხართ, რადგან თქვენ შეგიძლიათ, ვირტუალურად ისე მომართოთ ყველაფერი, ასეთი სისულელეების გავრცელებას ხელი შეუშალოთ. საქართველოში რუსუთუმეების ძალიან დიდი გუნდი მუშაობს და მათი მხრიდან ყოველთვის იქნება მსგავსი გამოხტომები. ჩვენი მთავრობა, რეალურად, სუსტია და არ არის მომართული იმაზე, რა კარმული ამოცანაც უნდა შეასრულოს საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ამ რუკით ყოველთვის გვექნება კონფლიქტი მმართველ ძალასთან, რადგან პერიოდულად ურანთან მიმართებით აქვს გადაკვეთები. გავიმეორებ: ურანი რადიკალურად რევოლუციური პლანეტაა, მზესთან აქვს კვადრატი, რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის კონფლიქტი გვექნება მთავრობასთან და მესამე ძალა მუდმივად ითამაშებს ჩვენზე. რუკაზე გვიჩანს მთვარე _ სატურნის შეერთება, ეს სიუჟეტი ადამიანების სიდუხჭირეზე და მემარცხენე თემებზე მოქმედებს. ფაქტია, რომ 20 წელზე მეტი გავიდა და ჩვენ წინ ვერ მივდივართ _ ეკონომიკიდან დაწყებული, სოფლის მეურნეობით დამთავრებული. აბსოლუტურად ყველაფერი ნულზე გვაქვს.
_ რუკის ცვლილებაზე საუბრობთ, თქვენი რამდენიმე ჩანაწერი წავიკითხე. ტექნიკურად ეს როგორ კეთდება და თუ ყოფილა ფაქტი, როდესაც რომელიმე ქვეყანამ მსგავსი ცვლილება განახორციელა?
_ საფრანგეთმა ხუთჯერ შეცვალა დაბადების რუკა, სანამ ისე არ დასვა, როგორც სჭირდებოდა. რუკის ცვლილებების პრაქტიკა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაშია. შეიძლება, ვიღაცას (ვინც არ არის გარკვეული ამ ყველაფერში) მოეჩვენოს, რომ აბსურდებს ვლაპარაკობ – დამიჯერეთ, ასე არ არის! ბევრი ქვეყანა მიმართავს ასტროლოგებს და ეს ისტორიული ფაქტებია, როდესაც ასტროლოგიური გათვლებით შენდებოდა სახელმწიფოები. ჰიტლერს ასტროლოგთა მთელი ჯგუფი ემსახურებოდა. სად იყო ნატალური ასტროლოგია და ადამიანთა რუკები, როდესაც ასტროლოგებს ტაძართა ასაგები ადგილების მისათითებლად იყენებდნენ, რომ ის მუდმივი ყოფილიყო; ეკითხებოდნენ, როდის დაეწყოთ ომი და როდის დაესრულებინათ იგი.
_ პოლიტიკური ასტროლოგია თქვენი საქმიანობის ერთ-ერთი სფეროა. რა შეგიძლიათ გვითხრათ დღევანდელ დაძაბულობაზე, ასტროლოგიური გათვლებით როგორი პოლიტიკური წელი გვექნება?
_ 2007 წლის ბოლოს ჟურნალისტმა ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა (შეგიძლიათ, გადაამოწმოთ), სადაც წლის პროგნოზში პირდაპირ დავასახელე ომის დაწყების თარიღი. 2019 წლის ღრმა ანალიზი არ გამიკეთებია, რადგან ამ ყველაფერს ძალიან ბევრი მუშაობა სჭირდება. ინტერესი არ არის და ამაზე დროს აღარ ვკარგავ. თუმცა შემიძლია, ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ: ასეთი დაბნელებების დროს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, დაძაბული და სტრესული ფონი მოსახლეობაში ბუნებრივი მოვლენაა. გაზაფხულსა და ზაფხულში დაბნელებები იქნება. მადლობა ღმერთს, ურანი კუროში გადადის და, რაღაცნაირად, სიტუაცია დასტაბილურდება. წესით, ისეთი აგრესიული არ უნდა იყოს, რაც იანვარში გამოვიარეთ.
_ კონკრეტულ პოლიტიკოსებზე მინდა, გკითხოთ: სავარაუდოდ, გარჩეული გექნებათ ბიძინა ივანიშვილის პირადი რუკა. რა გავლენა აქვს მის ასტროლოგიურ პირად რუკას ჩვენს ქვეყანაზე? ცნობილია, რომ ის გატაცებულია ასტროლოგიით…
_ დიახ, ეს ნამდვილად ასეა და რამდენადაც ვიცი, ბიძინა ივანიშვილს ფრანგი ასტოლოგი ჰყავს. ცოტა არაკორექტული იქნება, ბიძინა ივანიშვილის პირად რუკაზე ვისაუბრო. ერთი რამ ცხადია: მას ძალიან კარგი პირადი რუკა აქვს, გასაკვირიც არ არის, რადგან ადამიანმა ნულიდან დაიწყო და მილიარდერი გახდა. ეს, თავისთავად, რუკაშიც არის ასახული. მხოლოდ ერთს დავამატებ: საქართველო ბანკი არ არის და იგი ბანკივით არ უნდა იმართებოდეს.
_ სალომე ზურაბიშვილზე რას გვეტყვით?
_ სალომეს კარმული ამოცანები საერთოდ არ ემთხვევა იმ ამოცანებს, რომელიც საქართველოს სჭირდება. აბსოლუტურად სხვა ტიპის მმართველია, სხვა ტიპის ქალია, მას პირადი ამბიციები აქვს. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ზურაბიშვილს ერთი პრობლემა აქვს, _ ის არ იცნობს ქართველებს, არ აქვს ქართული ხასიათი. ამას ნეგატიურ კონტექსტში არ ვამბობ, სალომე ზურაბიშვილი არ არის საქართველოში დაბადებული და მას სულ სხვა მენტალიტეტი აქვს. არ მგონია, რომ სერიოზული გავლენა მოახდინოს საქართველოს ისტორიაზე და ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. აბსოლუტურად ვერ ვხედავ მის რუკაზე ვერც ნეგატიურ და ვერც პოზიტიურ გავლენას.
_ და მაინც, რა არის ასტროლოგია?
_ მინდა, ასტროლოგიის სიღრმე გაიაზროთ. ხშირად ეს პრინციპები არასწორად ესმით. წარმოიდგინეთ, სამყაროში არის რაღაც კანონები. ყველაფერი, რაც არსებობს დროსა და სივრცეში, ამ წესებს ემორჩილება. პლანეტების სისტემაც ასევე ექვემდებარება ამ კანონებს. როგორც საათი ასახავს დროს, ისეა ყველაფერი სამყაროში. როცა 4-5 საათზე მოგშივდება, ხომ არ ამბობ: შე, ცუდო საათო! შენი ბრალია, რომ მომშივდა… უბრალოდ, ხედავ იმას, რომ საათი ასახავს დროს. პლანეტები ზუსტად ასევე გვიჩვენებს სამყაროში მდგომარეობას, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე. ასტროლოგები ხედავენ, რამდენად პოზიტიური და ნეგატიური გარემოა სამყაროში და ამის მიხედვით ვმოქმედებთ და ვიძლევით რჩევებს.
_ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რამდენად აქვთ ასტროლოგიის მიმართ ინტერესი?
_ რატომღაც, წარმოუდგენიათ, ერთხელ მოვლენ ასტროლოგიურ კონსულტაციაზე და ასტროლოგი ყველაფერს დაულაგებს. ეს მცდარი შეხედულებაა. როდესაც პოლიტიკური პარტია ან ნებისმიერი დიდი ობიექტი მოღვაწეობას იწყებს და მას სურს, წარმატებას მიაღწიოს, თუ ასტროლოგის დახმარება სჭირდება, ის ავტომატურად უნდა ხდებოდეს გუნდის წევრი და მუდმივად, დაარსების წუთიდანვე თვალ-ყურს ადევნებეს განვითარებას. ასტროლოგმა უნდა იცოდეს, ამ ობიექტში ვინ მუშაობს, რათა ადამიანების შესაძლებლობები ფუნქციურად გადანაწილდეს. პოლიტიკური პარტიების პრობლემა მაშინ იწყება, როცა გუნდი პირველობის ამბიციით იწყებს მუშაობას, მაგრამ სხვების ამბიციებს არ ითვალისწინებს. თავიდან ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მერე ამბიციები ერთმანეთს ეჯახება. ეს არის ადამიანთა არათავსებადობა. ამბიციებს საქმე ეწირება. პოლიტიკურ პარტიებში სწორედ ამის გამო იწყება შიდა განხეთქილება.
_ საზოგადოებამ რა უნდა გააკეთოს სიმშვიდისთვის? არსებობს ცრურწმენა, კოსმოსში გაშვებული უარყოფითი ენერგიის გამო ვისჯებითო?
_ საზოგადოებამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს გამოსავალი და არა კოსმოსში გაშვებულ ენერგიებში. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ამ პერიოდში _ ლილიტიც მერწყულს გადის, რაც საზოგადოებრივი ნიშანია. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გვინდა და, თეორიულად, თოთოეული ადამიანი რომ გააჩერო, ამას ყველა დაგიდასტურებს… მაგრამ საქმის კეთების ვალდებულებებს არავინ იღებს. შეხედეთ სხვა ქვეყნებს: მიწისძვრა მოხდება და გაერთიანდებიან, ააშენებენ, დაალაგებენ და ყველაფერს გააკეთებენ. ჩვენთან რა მოხდა სტიქიის დროს? შეიძლება, მძიმეა იმის მოსმენა, რასაც ვამბობ: 13 ივნისის წყალდიდობისას ხალხი დაიღუპა, საშინელება მოხდა. დატბორილი და ღვარცოფისგან წაღებული სახლები უკანონოდ იყო ჩადგმული მდინარის კალაპოტში. როდესაც მთავრობა კომპენსაციას 50 000 დოლარს აძლევდა დაზარებულს, იგი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, _ 50 000 დოლარად ვაკეში სახლს ვერ ვიყიდიო. ვერ ხვდება ადამიანი, კომპენსაციას გაძლვენ, რომელიც არ გეკუთვნოდა, რადგან სახლი იქ უკანონოდ გქონდა ჩადგმული და ამბობ, ვაკეში ბინას ვერ ვიყიდიო? ჩვენ კიდევ გავიძახით, კოსმოსია დამნაშავეო. კოსმოსი სადამსჯელო რაზმი არ არის, ეს არავინ თქვას, არც ცალკეულმა ადამიანებმა და არც სახელმწიფოს დონეზე. კოსმოსი გაძლევს გამოცდას, ამოცანას იმისთვის, რომ განვითარდე. და თუ დისონანსში მოდიხარ სამყაროსთან, ბუნებრივია, კოსმოსი არაფერს გიგზავნის. დისონანსი გაქვს ენერგიებთან და მერე ეს ენერგია განგრევს. კოსმოსში სიკეთე და ბოროტება არ არსებობს, იქ მხოლოდ რიტმებია.

ლევან ქემოკლიძე