პირადი ფირების სკანდალი _ ნაცნობი და უცნობი დეტალები

უსმენდნენ და იღებდნენ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები ჟურნალისტებზე, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით ერგო.

არქივებში დაცული საიდუმლო მასალები, მათ შორის, პირადი და ინტიმური ხასიათის ინფორმაცია, 2012 წელს საჯაროდ გამოეფინა. მეხსიერების ბარათებით ვაჭრობდნენ „კუდის“ ყოფილი ოპერები, მაღალი თანამდებობის პირები. „კუდის“ უფროსის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილმა რამდენიმე წელი სწორედ ასე გაიტანა თავი თავისუფლებაზე, როცა ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს „კუდის“ არქივი გადასცა.
არქივში იყო ყველაფერი: კომპრომატები, ფირები, თანამშრომლობის ხელწერილები, გრიფით საიდუმლო მასალები. დაიწყო ადამიანების შანტაჟი და გადაბირება, დაშინება. სწორედ ამ მეთოდების გამოყენებით არაერთი გააჩუმეს, არაერთი ადამიანი თანამშრომლობაზე.
კიდევ უფრო საინტერესო არქივი აღმოაჩნდა ვანო მერაბიშვილის მოადგილე ამირან მესხელს, რომელიც „კუდის“ და „სოდის“ კურატორი იყო. მესხელს პირადი კომპრომატების გარდა თან ჰქონდა საარჩევნო სქემები, ცესკოს გაკონტროლების მექანიზმები, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ურთიერთობის მასალები, სრული ინფორმაცია სპეცაგენტებზე სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთშიც, ტრანზიტულ სქემებზე, იარაღისა და ნარკოტიკის ტრაფიკზე, ფასეული იყო კომპრომატები სასულიერო იერარქებზე, პოლიტიკური პარტიების ლიდერებზე, ადვოკატებზე, „ქართული ოცნების“ მოქმედ ჩინოვნიკებზე.
ასე გაიხსნა პანდორას ყუთი.
დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის ფრაგმენტები, პირველად 2013 წელს, „ქრონიკა+“-ის ოფისში სამოქალაქო აქტივისტმა ლაშა ამირეჯიბმა მაჩვენა. ცხადია, მაშინვე საჯარო განცხადება გავაკეთე, მაგრამ რეაქცია არც ძალოვნებს ჰქონიათ და არც _ პროკურატურას. ეს ბუნებრივიც იყო, რადგან ამირეჯიბი პრემიერ ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მან საზოგადოებას ნუგზარ ფოფხაძის სახლში ჩაწერილი ფირით დაამახსოვრა თავი, როცა შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძეს ხვდებოდა. მართალია, ამირეჯიბის ჩანაწერით ხვედელიძე კი არა, გიორგი მამაცაშვილი იყო დასაჭერი, რომელმაც აღიარა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ფირი „ასავალ-დასავალის“ რედაქციიდან მოიპარა და მასთან ინახებოდა, მაგრამ ღარიბაშვილმა და მისმა გარემოცვამ ეს ჩანაწერი სათავისოდ და ხვედელიძის შს სამინისტროდან მოსაშორებლად გამოიყენა (ამ საქმის მასალებზე „ქრონიკა+“ დეტალურად წერდა, ამიტომ, ამჯერად, ამაზე აღარ შევჩერდებით). მოგვიანებით, ლაშა ამირეჯიბი ჩემთან საუბრისას აღიარებს, რომ ის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრ თამაზ თამაზაშვილს შს მინისტრის კაბინეტში შეხვდა, მეორე დღეს კი თამაზაშვილმა „პროგრესბანკის“ შენობაში მას 20 000 $ გადასცა, ერთი ვერსიით, პოლიტპატიმრების არასამთავრობო ორგანიზაციის შესაქმნელად, მეორე ვერსიით კი მას ხვედელიძის ჩაწერისთვის გასამრჯელო გადაუხადეს. ამის მერე „ჩუკიას“ სამოქალაქო აქტიურობა დასრულდა, მას ჭიათურაში ბიზნესი მისცეს და აღარც კვერცხების სკანდალი გახსენებია და აღარც _ შევიწროებული მეწარმეები.
მოგვიანებით, ლაშა ამირეჯიბი მაინც გაახსენდათ. როცა 2016 წელს ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები გამოჩნდა, ქ. თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე დამიბარეს და აღნიშნულ საკითხზე დეტალური ჩვენებაც მივეცი.
მერე იყო სკანდალი, რომელიც პირდაპირ „ქრონიკა+“-ს დაუკავშირდა.
2015 წლის 23 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერის გადადგომა, სხვა მიზეზებთან ერთად, ასევე განაპირობა „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებულმა მასალებმა, ღარიბაშვილის კორუმპირებულ გარემოცვაზე, მისი სიმამრის საქმიანობაზე, ტენდერების „ატკატებზე“, ჯანყარაშვილის მიერ ბიზნესწილების ახევაზე და ა. შ.
ღარიბაშვილის გადადგომიდან სამ დღეში „ქრონიკა+“-ის ოფისში „ქართული ოცნების“ აქტივისტი გელა ღურწკაია მოვიდა და ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი მოიტანა. ის მარტო არ იყო. რედაქციაში, რომელიც ვერაზე, გუდაურის 7 ნომერში მდებარეობდა, გელა ღურწკაია „კუდის“ ყოფილმა თანამშრომელმა, ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ მოიყვანა. გელა ღურწკაიას სატელეფონი ზარი იმდენად საეჭვო იყო, დაპირება, რომ მას ბესელიას და პოლიტპატიმრების ურთიერთობის მასალები აქვს (იმხანად სკანდალების ბუმი იყო პოლიტპატიმრების სიებზე), მომენტალურად მივიღე გადაწყვეტილება, ღურწკაიას ვიზიტი ჩამეწერა და გადამეღო. მას შემდეგ, რაც ჩემი ოფისის თანამშრომელმა, რომელმაც ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ნახა, მითხრა, რომ ეს ინტიმური ხასიათის ინფორმაციაა, გელა ღურწკაიას, ცხადია, „ფლეშკის“ დატოვებაზე უარი ვუთხარი. უარმა ღურწკაია დააბნია. ფაქტია, რომ ეს არც მას და არც მის „პატრონებს“ გათვალისწინებული არ ჰქონდათ, იმდენად მძიმე დაპირისპირება მქონდა ეკა ბესელიასთან, ისინი ფიქრობდნენ, რომ მე ფირს აუცილებლად დავიტოვებდი.
მოგვიანებით, სწორედ ჩემს ოფისში გადაღებული ფირი აღმოჩნდა მთავარი მტკიცებულება (და ჩემი მთავარი ალიბიც) იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ხუთი პირის: გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ადვოკატ ირაკლი ფხალაძისა და ზურა ჯამალაშვილის დაკავებით დასრულდა.
გამოძიების ვერსიით, ამ დამიანების მოტივაცია იყო ფული (1000 ლარი).
ამ ვერსიის თანახმად, ინგა ჩატოიანმა ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი გადასცა, რომელიც მას ადვოკატმა ირაკლი ფხალაძემ მისცა. ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ გელა ღურწკაია „ქრონიკა+“-ის ოფისში, იმისთვის მოიყვანა, რომ მე ფირი მეყიდა.
სრულიად განსხვავებულ ვერსიას ყვებოდა ადვოკატი ირაკლი ფხალაძე. მას ფირი ინგა ჩატოიანმა ანახა, რომელიც ფხალაძის კლიენტი იყო. ნიკოლოზ ხაჭაპურიძესა და ფხალაძეს ვალის გამო ერთმანეთში დიდი მტრობა ჰქონდათ, ზურა ჯამალაშვილი კი ამ საქმეს მხოლოდ იმიტომ მიაკერეს, რომ „კუდის“ ყოფილი თანამშრომლის, ვასილ ჯამალაშვილის მამა გახლდათ.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის პროკურატურას ჩემ მიერ გადაღებული ფირი გადავეცი, მეც და ოფისის სხვა თანამშრომლებმა დეტალური ჩვენება მივეცით. გამოძიება ღურწკაიას დაკავებას არ ჩქარობდა, არადა, ნამდვილად არსებობდა მყისიერი საფრთხე, რომ ის მტკიცებულებებს გაანადგურებდა.
2016 წლის 15 იანვარს საგანგებო ბრიფინგი ჩავატარე, სადაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გავასაჯაროვე იმის შესახებ, რომ იგეგმება დიდი მორალური და ფსიქოლოგიური ტერაქტების სერია, _ პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების გამოქვეყნება. ცხადია, მაშინ ბევრმა იფიქრა, რომ ეს რიგითი სკანდალი იყო, მაგრამ მოვლენების შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, რომ გელა ღურწკაიას „ქრონიკა+“-ში ვიზიტი კარგად დაგეგმილი შურისძიება და კახელების კარტელის დიდი გეგმის ნაწილი იყო.
ბრიფინგის მერე განცხადებით მივმართე საქართველოში აკრედიტებული ქვეყნების საელჩოებს, 2 თებერვალს შეხვედრა გაიმართა აშშ-ს საელჩოში, სადაც დეტალური საუბარი იყო პირადი ფირების სკანდალზე, მეორე დღეს, 3 თებერვალს კი გამომძიებელი დამიკავშირდა, რომელმაც „მოდულის“ შენობაში ამოცნობაზე მისვლა გვთხოვა და გვაცნობა, რომ გელა ღურწკაია დაკავებულია.
ეს იყო პირადი ფირების სკანდალის ოფიციალური ვერსია, „ქრონიკა+“-მა კი გზადაგზა სულ სხვა ვერსიები გაარკვია.
პირი, რომელმაც გელა ღურწკაია „ქრონიკა+“-ში მოიყვანა, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეა, რომელიც ღურწკაიას დაკავების მომენტში უკვე გლდანის ციხეში სულ სხვა საქმეზე (ფინანსური თაღლითობა) იყო გადაყვანილი. ინგა ჩატოიანი მისი პირადი მეგობარია, რომელიც ფირების საქმეზე დააკავეს და 5000-ლარიანი გირაოთი გაუშვეს, მაგრამ ჩატოიანს გირაო არ გადაუხდია. ნიკოლოზ ხაჭაპურიძე ირაკლი ღარიბაშვილის ახლობელია და მას თაღლითობის საქმეზე საპროცესო გარიგებისას სწორედ ღარიბაშვილის დახმარების იმედი ჰქონდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ოპერაცია ღარიბაშვილის გარემოცვის დაგეგმილი იყო და ჩემს დაჭერას ისახავდა მიზნად. საკმარისი იყო ფირის დატოვება, გადმოწერა ან ნებისმიერი სხვა ქმედება, ოფისში ჩხრეკა ჩატარდებოდა, მტკიცებულებებს მოიპოვებდნენ და დამაკავებდნენ.
2016 წლის მარტში ინტერნეტსივრცეში მართლაც გამოქვეყნდა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები. ეს პროცესიც პირდაპირ იქნებოდა ჩემთან დაკავშირებული და ჩემი, როგორც ჟურნალისტისა და მოქალაქის ისტორია დასრულებული იყო. ცხადია, ამ პროცესს ავტომატურად მოჰყვებოდა „ქრონიკა+“-ის დახურვაც.
კახელების კარტელის გეგმა ჩაიშალა და ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. მათი პირველი რიგის ამოცანა დაკავებული პირების განთავისუფლება იყო, რადგან, დიდი ალბათობით, რომელიმე მათგანი შესაძლოა, ალაპარაკებულიყო. ქ. თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი წლების განმავლობაში კახელების კარტელის ერთ-ერთი „გამპრავებელი“ იყო. პროკურატურაში იმდენად მყარი მტკიცებულებები მქონდა წარდგენილი, დაკავებული პირების გამართლება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდებოდა. ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა მათთვის საპროცესო გარიგების გაფორმება და პროკურატურამ დაკავებულ პირებთან დაიწყო კიდეც საპროცესო გარიგების გაფორმებაზე მოლაპარაკება.
რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო დაკავებული ოთხი პირისთვის საპროცესო გარიგების შეთავაზება?
ინგა ჩატოიანი გირაოთი იყო თავისუფლებაზე, ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დანაშაულს არ აღიარებდა, გამართლებისთვის იბრძოდა ზურა ჯამალაშვილი, რჩებოდა ორი მთავარი მოქმედი პირი _ ნიკოლოზ ხაჭაპურიძე და გელა ღურწკაია, ეს უკანასკნელი კურიერი და პირველი, კახელების კარტელის მოკავშირე.
პროკურატურას საპროცესო გარიგების გაფორმებისთვის ასევე სჭირდებოდა დაზარალებულის თანხმობა.
სწორედ ამ მიზნით, თბილისის პროკურატურაში პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დაიბარეს, მას პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე შეხვდა. შეხვედრის მერე საპროცესო შეთანხმების შესახებ დაზარალებულთან კონსულტაციის სტანდარტული ოქმი შედგა.
ეკა ბესელიას განუმარტეს, რომ სისხლის სამართლის #010281215801 საქმეზე ბრალდებულებთან: ირაკლი ფხალაძესთან, გელა ღურწკაიასთან, ინგა ჩატოიანთან, ნიკოლოზ ხაჭაპურიძესთან და ზურაბ ჯამალაშვილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხზე ეკა ბესელიამ განაცხადა: „ვინაიდან ბრალდებულები აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას, ამავე დროს თანამდებობრივად წარმოვადგენ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარე, თანახმა ვარ, ბრალდებულებს გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება“ (ციტატის დასასრული).
რატომ იყო თანახმა ეკა ბესელია საპროცესო გარიგებაზე, როცა საქმე ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე მორალურ და ფსიქოლოგიურ დანაშაულს, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები სწორედ მორალური ტერაქტების რეჟიმში ცხოვრობდნენ? რატომ გამოიჩინა მან ჰუმანურობა იმ პირების მისამართით, რომლებმაც მისივე პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი, ფაქტობრივად, საჯარო გახადეს?
ამ კითხვაზე პირადად ჩემთვის მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს, _ ბესელია სწორედ კახელების კარტელის ერთ-ერთი საცეცი გახლდათ და ის ვალდებული იყო, მათი ინტერესებისთვის ანგარიში გაეწია.
მიუხედავად იმისა, რომ არააქტიური სეზონი, ზაფხული იყო, პროკურატურის ამ გადაწყვეტილების გახმაურებას, უმძიმესი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა და ამ მიზეზით პროცესი აღარ დასრულდა,
მოგვიანებით, როცა საქმის არსებითი განხილვები დაიწყო, „ქრონიკა+“-ს სისხლის სამართლის საქმის გრიფით საიდუმლო მასალები მიაწოდეს. წყარომ ანონიმურობის გარანტია ითხოვა და მიუხედავად იმისა, რომ ბესელიას საპროცესოზე თანხმობის ოქმის გასაჯაროების მერე პროკურატურაში დაკითხვაზე დამიბარეს და კახელების კარტელის პროკურორი ბრალის წარდგენასაც მიპირებდა, სწყაროს ვინაობა ამ დრომდე ინკოგნიტოდ რჩება.
სისხლის სამართლის საქმის მასალები იმაზე ბევრად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით წარმომედგინა. გელა ღურწკაია თავის პირველ ჩვენებაში წერს, რომ ეკა ბესელიას (და სხვა პირების) პირადი ცხოვრების ამსახველი ფირები მას ყოფილმა სპეცრაზმელმა ვაჟა ციცილოშვილმა აჩვენა და გადასცა. მოგვიანებით, გელა ღურწკაიამ ჩვენება შეცვალა და ამჯერად, ფირის გადამცემად, ასევე „კუდის“ ყოფილი თანამშრომელი, ნიკოლოზ ხაჭაპურიძე დაასახელა. საბოლოოდ, გამოძიების ვერსიით, საქმე სასამართლოში სწორედ ასე წარიმართა. ვაჟა ციცილოშვილი საერთოდ გააქრეს და ხაჭაპურიძე-ღურწკაიას ქმედების მოტივად ანგარება, ფირის 1000 ლარად გაყიდვა დაასახელეს.
ვინ არის ვაჟა ციცილოშვილი და რა გაარკვია მასზე „ქრონიკა+“-მა?
ვაჟა ციცილოშვილი ძმასთან, მიხეილ ციცილოშვილთან ერთად წეროვანში ცხოვრობს, ის ოფიციალურად სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრია, არაოფიციალურად კი ჯერ გია უდესიანის ზონდერ ჯგუფის წევრი იყო, მერე როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, უდესიანის ზონდერები ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის დისშვილმა, ზვიად ჯანყარაშვილმა გადმოიბარა. სწორედ ზვიად ჯანყარაშვილი იყო უდესიანის ლობისტი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რომ უდესიანი „ოცნების“ სიაში მეშვიდე ნომერი უნდა ყოფილიყო. ჯანყარაშვილმა მხოლოდ იმიტომ ვერ შეძლო ამ გეგმის განხორციელება, რომ მას „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ გაუწია წინააღმდეგობა.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჯანყარაშვილის სახელისუფლებო წრეებიდან ჩამოშორების მერე ზონდერების ამ ჯგუფს „სუსის“ უფროსის სკანდალური მოადგილე, სოსო გოგაშვილი მფარველობდა.
ზონდერების ჯგუფებს გოგაშვილი არჩევნებზე იყენებდა კორცხელში და სხვა ბინძური დავალებების შესასრულებლად.
რატომ არის ასეთი ფასეული ვაჟა ციცილოშვილი?
ის ორჯერ იყო მხილებული ფინანსურ მაქინაციებში, გამოძიებაც მიმდინარეობდა თაღლითობის მუხლით, მაგრამ მას ორჯერვე საპროცესო გარიგება გაუფორმდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ვაჟა ციცილოშვილს იმდენი უკანონო დავალება აქვს შესრულებული, მისი ალაპარაკების ხელისუფლებას ძალიან ეშინია, მეტიც, მამამისი გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრობის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეურნეო სამსახურში ჰყავდათ დასაქმებული.
გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ეს ზონდერ ჯგუფი უპატრონოდაა დარჩენილი და მათი სამომავლო პერპექტივები სრულიად ბუნდოვანია.
ვაჟა ციცილოშვილი ამჟამად, ყალბი ვალუტის გასაღებაზეა დაკავებული, მას ორი წელი და შვიდი თვე აქვს მისჯილი, მაგრამ მისი დაკავებით ხეობაში პრობლემები ნამდვილად არ მთავრდება.უდესიან-ჯანყარაშვილის დაჯგუფებაში მისი დეიდაშვილი დევი სიდამონიძეც ირიცხება(მას გვარი შეცვლილი აქვს და ადრე ეშმაკურაშვილი იყო ),ყველა ლოგიკით, აგვისტოს ომის მონაწილეები ცხინვალში შავ სიაში არიან შეყვანილი,მაგრამ ამ ჯგუფს ახალგორსა და ცხინვალში გადასვლის არც პრობლემა აქვთ,და არც ოსური მხარე აპროტესტებს ამას.“ქრონიკა +“-ის წყარო ამბობს რომ ეს ჯგუფი იარაღის და ნარკოტიკების კონტრაბანდითაა დაკავებული და მათ მოკავშირეები თბილისშიც ყავთ.იმედია, ამ ინფორმაციას შს სამინისტრო ყურადღებით მოეკიდება,
2016 წელს ინტერნეტში გავრცელებული ფირების არც ამტვირთავის ძებნაზე შეუწუხებია ვინმეს თავი და არც ერთი გამოძიება ადგილიდან არ დაძრულა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, „სუსმა“ ინტერნეტსივრცეში ფირების განთავსების ადგილს მიაგნო. ერთი ფირი მოსკოვში, ერთ-ერთი კაფედან იყო ატვირთული, მეორე კი _ სამეცნიერო ინსტიტუტიდან. ცნობილი იყო ფირების ატვირთვაში ეჭვმიტანილი პირის ვინაობაც, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი გაბედავა. ჩემ მიერ ამ ინფორმაციის გასაჯაროების მერე „სუსში“ დიდი სკანდალი მოხდა, დიდხანს არკვევდნენ, საიდან მქონდა ეს ინფორმაცია. „სუსის“ უფროსი ვახტანგ გომელაური მიუნხენის აეროპორტიდან ბოლო ხმაზე უყვიროდა გოგაშვილს, _ გაარკვიე, კილაძემდე ინფორმაცია როგორ მივიდაო!
2019 წელს ინტერნეტსივრცეში ისევ გამოჩნდა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი. დეპუტატმა სასამართლოსკენ გაიშვირა ხელი, მაგრამ მხოლოდ ამ მასალის წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ მისი პირადი ფირი რამდენიმე ათეული ადამიანის ხელში იყო, მათ შორის, იმათთან, რომლებსაც, როგორც ჰუმანურმა უფლებადამცველმა, თანხმობა მისცა საპროცესო გარიგების გაფორმებაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბესელიას ფირის გავრცელების საქმეზე 17 პირი დააკავა, მათგან ორს პატიმრობა მიესაჯა, დანარჩენი კი გირაოთი განთავისუფლდა. ცნობილია ბესელიას ფირის ვიდეოპორტალ YouTube-ზე ამტვირთავი პირის ვინაობაც, _ ის ერთ-ერთი კერძო კომპანიის თანამშრომელი ზურაბ სოლომონაშვილია. დეპუტატი ბესელია პროცესის დირიჟორის დასახელებას ითხოვს. „ქართულ ოცნებაში“ დაწყებული დიდი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის ფონზე, პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის გავრცელება ეკა ბესელიასთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა. ამ ეტაპზე მან თავი გადაირჩინა.

ელისო კილაძე