მთავარი საზოგადოება თემო ლუთიძე: „გაწყვეტილი კუნთით წავედი და მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გავხდი“

თემო ლუთიძე: „გაწყვეტილი კუნთით წავედი და მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გავხდი“

335
0
გაზიარება

ცნობილია, რომ სიმძიმეების აწევაში სხვადასხვა სახის ვარჯიში და შეჯიბრება ოდითგანვე იზიდავდა ადამიანებს და მას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა მსოფლიო ხალხების კულტურასა და ტრადიციებში. დროთა განმავლობაში ასეთი შეჯიბრებების დიდი ნაწილი დავიწყებას მიეცა და დღეს მხოლოდ წერილობით წყაროებშია შემორჩენილი ან საჩვენებელი გამოსვლებისა და საცირკო ნომრების სახით გვხვდება, ზოგიერთი სახეობა კი დაიხვეწა, გარკვეული წესებით შეივსო და თანამედროვე სპორტის სახეობად ჩამოყალიბდა.

პაუერლიფტინგი, ანუ ძალისმიერი სამჭიდი, სპორტის სახეობად XX საუკუნის 50-იან წლებში ძალოსნობის ზოგიერთი ვარჯიშის განვითარების შედეგად შეიქმნა. პაუერლიფტინგში, ისევე როგორც ძალოსნობაში, სიმძიმედ შტანგა გამოიყენება, თუმცა ამ ორ სპორტის სახეობაში მაინც დიდი განსხვავებაა. ძალოსნობაში ათლეტი შტანგის აწევის დროს, ფიზიკური ძალის გარდა, იყენებს აწევის ტექნიკას, სისწრაფეს, კოორდინაციას, ელასტიურობასა და მოქნილობას, პაუერლიფტინგში კი ათლეტმა შტანგა მხოლოდ ფიზიკური ძალის ხარჯზე უნდა აწიოს. პაუერლიფტინგში შემავალი მოძრაობები _ ჩაჯდომა, წოლჭიმი, ამოწევა და ბიცებსებით წონის აწევა უძველესი მოძრაობებია, რომელსაც ძალოსნები, კულტურისტები და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები ფიზიკური ძალის გასავითარებლად იყენებდნენ. ვარჯიშების შედეგად ზოგიერთი ათლეტი ამ მოძრაობებში იმდენად მაღალ შედეგებს აფიქსირებდა, რომ სულ მალე ისინი სავარჯიშო მოძრაობებიდან საშეჯიბრო მოძრაობებად იქცა.
სპორტის ამ სახეობაში საქართველოში ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს. ერთ-ერთი მათგანი „ქრონიკა+“-ის დღევანდელი ნომრის სტუმარი, თემო ლუთიძე გახლავთ. ქართველმა სპორტსმენმა საქართველოს სახელი მსოფლიო მასშტაბით ასახელა.
დღეს შევეცდებით, უფრო ახლოს გაგაცნოთ ახალგაზრდა სპორტსმენის ცხოვრება, მისი განვლილი გზა, წარმატებები და საერთაშორისო აღიარება.

თემო ლუთიძე:
_ სპორტის ამ სახეობაში ჩემი კარიერა 21 წლის ასაკში დაიწყო. მანამდე ბავშვობიდან ვჭიდაობდი. კლუბ „შევარდენის“ დავდიოდი. რამდენიმე წელი ძიუდოზეც ვიარე. ყოველთვის ვვარჯიშობდი და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიყავი დაკავებული. 20 წლიდან, როცა ჯარში წავედი, მაშინ გამოვცადე ჩემი თავი ძალისმიერ სამჭიდში. ვარჯიშის დაწყებიდან ერთი წლის თავზე შევძელი, რომ შეჯიბრებაზე _ საქართველოს ჩემპიონატზე _ მესამე ადგილი დამეკავებინა. ჩემი პირველი წარმატება ეს იყო.
შემდეგ, კიდევ ერთ წელიწადში, წოლჭიმში საქართველოს ჩემპიონი გავხდი. შოთა ბეჟაშვილის სახელობის ტურნირი მოვიგე და რამდენიმე წელი ზედიზედ სულ საქართველოს ჩემპიონი ვიყავი, ასევე სხვადასხვა შეჯიბრის გამარჯვებული.
_ მსოფლიო ჩემპიონი როდის გახდით?
_ როცა ჯარში დავიწყე მუშაობა, დაახლოებით წელიწად-ნახევარი სპორტულ კარიერაში, ასე ვთქვათ, შესვენება მქონდა. თუმცა, პარალელურად, სულ ვვარჯიშობდი, ფორმას ვიუმჯობესებდი და როცა უკვე ახალი შემართებით წარვსდექი, მსოფლიო ჩემპიონი 2009 წელს გავხდი. ამას კვლავ საქართველოს ჩემპიონობა მოჰყვა, ტურნირებიც მოვიგე და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოვემზადე. . შეჯიბრება აშშ-ში , ნიუ-ჯერსიში ჩატარდა, ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა: აშშ-ს სხვადასხვა შტატი, ბრაზილია, კანადა, უკრაინა, რუსეთი, გვატემალა და ა. შ. ძლიერი კონკურენცია იყო, რადგან იქ ბევრი სპორტსმენი გამოდის, ისეთები, რომლებიც სერიოზულ შედეგებს დებენ. ჩემი მოწინააღმდეგე ხშირად იყო უილიამი.
2010 წელს თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი. მოგეხსენებათ, ფინანსები ნაკლებად გვქონდა და სამინისტრო გვაფინანსებდა. სამინისტროს სახელით გამომაცხადეს. 2010 წელს ისევ მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ისიც აშშ-ში ჩატარდა, მერე კი ევროპის ჩემპიონატი მოვიგე ფინეთში. 2010 წელს კიდევ ერთ ჩემპიონატზე უნდა წავსულიყავი, დაახლოებით ორი თვე იყო დარჩენილი და კუნთი გამიწყდა, ფიზიოთერაპია დავიწყე, ამ მტკივნეული კუნთით მაინც ვვარჯიშობდი და ბოლო ეტაპზე, გაწყვეტილი კუნთით წავედი. მაშინ ჩემპიონატი ატლანტიკ სიტიში ჩატარდა ბევრი ქვეყანა მონაწილეობდა. ძალიან მაგრად მტკიოდა, თუმცა რაც მინდოდა, ის წონა მაინც ავწიე და მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გავხდი! ტრავმამ რომ გამიარა, ვარჯიში ჩვეულებრივად განვაახლე.
მსოფლიო ჩემპიონატებისთვის მზადების პარალელურად მოსწავლეებსაც ვავარჯიშებდი, მათ შორის იყო ირაკლი უნგიაძე, რომელიც ევროპის თასის მფლობელი გახდა. სხვადასხვა შეჯიბრებაში მსაჯადაც მიმიღია მონაწილეობა.
_ როგორც ვიცი, საქართველოში ქვეყნებს შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა და თუ არ ვცდები, მანდაც გამარჯვება მოიპოვეთ. ასეა?
_ დიახ, 2013 წელს საქართველოში ქვეყნებს შორის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა და გამარჯვება მოვიპოვე, სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები იყვნენ ჩამოსული…
_ ყველა შეჯიბრი ასეთივე წარმატებით მთავრდებოდა თუ წაგებაც იყო?
_ ერთადერთხელ წავაგე ქართველ ბიჭთან _ გიორგი ბეროშვილთან, 2013-ში იმ შეჯიბრებაზე ჩემს წონაში მოვიგე, მაგრამ აბსოლუტური წავაგე. ვიქსის პრინციპი ჰქვია _ სხვადასხვა წონითი კატეგორიის სპორტსმენები რამდენიმე კილოგრამს აწევენ. 2014 წელსაც იგივენაირად გავაგრძელე ვარჯიში და თასიც მოვიგე, 2016 წელს ჩემპიონთა ჩემპიონი გავხდი _ საქართველოში ჩატარდა შეჯიბრება ვიქსის პრინციპით, „აიპიეფის“ კვალიფიკაციით (სუფთებში, ანუ ვინც დოპინგს არ ვიღებთ). 2017 წელს შოთა ბეჟაშვილის სახელობის თასი მოვიგე, ის ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, პირველი „აიპიეფის“ ჩემპიონი გახდა. ჩვენი ქვეყანა ასახელა, ჩვენი ლეგენდაა ეს ადამიანი, ყველაზე დიდ წარმატებას მან მიაღწია ეს ტურნირი ყოველ წელს ტარდება, თასი კი მოგებულ სპორტსმენზე გადადის და სახლში მიაქვს, ეს თასი ახლა ჩემთანაა, რადგან 2017 წელს მე მოვიგე.
ამის შემდეგ აშშ-ში წამოვედი, აქ ჩვენი ქართველი სპორტსმენები დაგვხვდნენ _ ნოდარ ტატიშვილი, არჩილ შაშურაშვილი და სხვები. 2017 წლის ნოემბერში ფლორიდაში, ქალაქ ქისიმიში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ჩემპიონი გავხდი და პლუს, რეკორდი დავამყარე _ წოლჭიმში 230 კგ. ავწიე დოპინგ კონტროლის გავლით. ადრიანო ოკამპოს ვაჯობე.
_ როგორი იყო თქვენთვის გასული 2018 წელი?
_ წარმატებული, რადგან სწორედ 2018 წელს ამერიკის ჩემპიონი გავხდი და მანდაც რეკორდი დავამყარე _ 234 კგ. ავწიე. მოკლედ, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, აქტიურად ვვარჯიშობ, ყოველდღიურად სპორტ-დარბაზში დავდივარ, ფორმას ვიუმჯობესებ და სხვა შეჯიბრებებისთვის ვემზადები. 2018 წლის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოვიგე.
_ რას ნიშნავს თქვენთვის სპორტი?
_ სპორტი ჩემი ცხოვრებაა, სიცოცხლის ის წყარო, რომელიც, შეიძლება ითქვას, ჩემი მეორე ოჯახია, დარბაზში ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები არიან, ეს ის სფეროა, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ. თუ ტრავმა მივიღე, დარბაზში მაინც დავდივარ და მაინც ვვარჯიშობ იმ დატვირთვით, როგორიც შესაძლებელია.
_ საქართველოში ყოფნისას, სპორტის გარდა, რას საქმიანობდით?
_ ათასი პროფესია მქონდა: ჯარისკაცი ვიყავი, ჩემს ქვეყანას ვემსახურებოდი, მის სადარაჯოზე ვიდექი და არაერთხელ დამასახელეს საუკეთესო ჯარისკაცად. რაღაც პერიოდი, თავდაცვის ერთ-ერთი მინისტრის პირადი მცველი ვიყავი, შემდეგ ერთ-ერთი კომპანიის დაცვის უფროსი, ჩემი ბიზნესი მქონდა, საცხობი და ა. შ. წლები მოვანდომე, რომ საქართველოში რაღაცისთვის მიმეღწია. აშშ-ს ვიზა 2008 წლიდან მაქვს და აქ ხშირად ჩამოვდიოდი, დავისვენებდი, შეჯიბრებაზე გამოვიდოდი და უკან ვბრუნდებოდი საქართველოში. მერე რაღაცები აირია და აქეთ წამოვედი, აშშ-ში ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ვცდილობ, ჩემი მონაცემები აქ მაქსიმალურად გამოვავლინო და ღირსეული ადგილი დავიმკვიდრო. აქაურ სპორტსმენებთან ვმეგობრობ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს გამოცდილებას, ცოდნას ვუზიარებთ, მხარში ვუდგავართ, ვგულშემატკივრობთ.
_ როგორია ქართველი სპორტსმენის ამერიკული ცხოვრება?
_ აშშ ისეთი ქვეყანაა, ძირითადად, ყველა სამსახურზეა ორიენტირებული, ასეთი რეჟიმი საქართველოში რომ იყოს, წინ წავალთ კი არა, გავფრინდებით, ისეთი ტემპით მოხდება განვითარება. ყველა მუშაობს, თავის საქმეს აკეთებს და შესაბამისად, იმის შესაძლებლობაც აქვთ, საკუთარ თავს კარგი ტანსაცმელი, ტექნიკა თუ ნივთები უყიდონ, კარგ ადგილას გაერთონ, დაისვენონ და ა. შ. საკრედიტო ბარათს მოგცემენ, მაგრამ რისი გადახდაც ევალებათ, თუ არ გადაიხდიან, დაძირავენ და მთელი ცხოვრება ნადგურდება. კარგი კრედიტ-ისტორიის გარეშე აქ არავინ ხარ და მაგალითად, დაზღვევასაც კი არ გაგიკეთებენ. მაგარი ქვეყანაა, გეუბნება _ იმუშავე პატიოსნად, კეთილსინდისიერად და ყველაფერი გექნება. თუ მაღალი შემოსავალიც გაქვს, აქ ცხოვრება ძვირი ნამდვილად არ არის, მაგალითად, 50 დოლარად აუზზეც ივლი, სპაც არის და ყველაფერიც.
_ აშშ-ში დარჩენა სპორტმა გადაგაწყვეტინათ?
_ დიახ, სპორტული კარიერის თემა მინდა, აქტიურად დავძრა, არ მინდა გავჩერდე, აქ კარგი შესაძლებლობები მაქვს. „არნოლდ კლასიკზე“ მინდა გამოვიდე და ისეთი წონები ავწიო, რომ ადამიანები განცვიფრებამდე მივიყვანო, მერე კომერციულ შეჯიბრებებზე გამოვალ, ის სულ სხვანაირი შოუა, ანაზღაურებაც მეტია, სპონსორი გამოგიჩნდება, რეკლამებში გადაგიღებს და ა. შ. აქ სულ სხვანაირად აინტერესებთ ეს სპორტი, ფინანსურად მოძლიერდები.
_ თქვენს ოჯახზე გვიამბეთ…
_ დაოჯახებული ვარ, მყავს მეუღლე და სამი შვილი. ჩემი უფროსი ვაჟი _ დათუნა, კლასიკურ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშია, თბილისის პრიოზიორია, შიდა ტურნირების გამარჯვებულია, საქართველოს ჩემპიონატზე, ჯერჯერობით, ერთხელ იასპარეზა და მეოთხე ადგილს დასჯერდა. 15 წლის ხდება, 8 წლიდან დადის სპორტზე. სპორტი სწორედ ის ადგილია, სადაც შენს თავს აუცილებლად იპოვი. რაღაც პერიოდი რომ აღარ ივარჯიშო, ისტრესები.
_ როგორც ვიცი, თებერვალში მორიგი შეჯიბრებისთვის ემზადებით. მოგვიყევით ამის შესახებ.
_ დიახ, შტატებს შორის ადგილობრივი შეჯიბრებაა და იქ უნდა ვიასპარეზოთ. ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტი ტროი ფორდია და მასში მონაწილეობაც სწორედ მან შემომთავაზა. იმედია, ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

გიორგი საკარული

 

დატოვეთ კომენტარი