პეტრე ცისკარიშვილი: „მთელი ეგ ისტერიკა, რაც ბესელიამ და მასთან ასოცირებულმა გედი ფოფხაძეებმა მოაწყვეს, რეალურად, ფარსია“

„ქრონიკა+“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს:
_ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის საკითხი „ოცნებაში“ შიდა დაპირისპირების მიზეზი გახდა. როგორ ფიქრობთ, ან ერთ მხარეს ან მეორეს, რეალურად, აღელვებს სასამართლოს ბედი?
_ დამოუკიდებელი სასამართლო არც ერთ მხარეს უნდა და არც _ მეორეს. ხშირად ვფიქრობ ხოლმე: ჩვენს დროს რომ მოგვესწრო და მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმა გაგვეტარებინა, სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალი ყოფილიყო ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისგან, ესენი, ქოცები, სასამართლო სისტემას შეინარჩუნებდნენ ასეთივე ტიპის დამოუკიდებელ, პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალ ინსტიტუციად, თუ იგივეს გაუკეთებდნენ, რასაც დღეს უკეთებენ? 99%-იანი ალბათობით ბიძინა ივანიშვილი შეეცდებოდა და მოსვლისთანავე დაიქვემდებარებდა კიდეც ამ სისტემას და დღეს მაინც ისეთი სასამართლო გვექნებოდა, როგორიც გვაქვს, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს ჩვენს წარსულ შეცდომას! ეს რეფორმა თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო. დამოუკიდებელი სასამართლო ბევრ ნეგატიურ პროცესს აგვაცილებდა, რაც ამ წლების მანძილზე წარიმართა ჩვენს ქვეყანაში. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ეს არის ამოსავალი წერტილი, ფუნდამენტური ასპექტი სახელმწიფოს მშენებლობისას. როდესაც სასამართლო დამოუკიდებელია, ქვეყანაში სამართლიანობაა, უსამართლოდ არავინ იჩაგრება, არავის აქვს უსამართლობის განცდა, მაღალია ნდობა ასეთი სასამართლოს მიმართ და რაც მთავარია, ამას ებმის ისიც, რომ მოწოდების სიმაღლეზეა და ფორმაშია პოლიცია, პროკურატურა. მათ კარგად იციან, რომ ასეთ სასამართლოში ვერაფერს გააწყობენ, თუ სრულყოფილად არ ექნებათ საქმე გამოძიებული, თუ ბრალდება არ ექნებათ გამყარებული უტყუარი მტკიცებულებებით. ანუ სასამართლოს დამოუკიდებლობა ბუნებრივად და ავტომატურად აჯანსაღებს სიტუაციას სამართალდამცველ სტრუქტურებში. ეს თავისთავად აჩენს სამართლიანობის განცდას, აჯანსაღებს და ავითარებს ბიზნესსაც. როდესაც ბიზნესმენმა, ადგილობრივი იქნება თუ უცხოელი, იცის, რომ ქვეყანაში თავისუფალი, ობიექტური სასამართლოა და თუ რამეა, იჩივლებს და მას უსამართლოდ ვერავინ დაჩაგრავს, აღარ მოუნდება ამ ქვეყნიდან გაქცევა და არ მოერიდება ინვესტიციების აქ ჩადებას. აქ გააფართოებს ბიზნესს, ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. დიახ, თუ ბიზნესმენმა იცის, რომ სამართალს იპოვის, სასამართლოში ვერც ხელისუფლება ჩაერევა და ვერც მისი კონკურენტი მოქრთამავს, თუ ამის პარალელურად ქვეყანაში მაღალი გადასახადები არაა და ბანდიტები არ გაყაჩაღებენ, რატომ მოუნდება აქედან წასვლა? მადლობა ღმერთს, ამ ქვეყანაში ბანდიტები ჯერ ვერ თარეშობენ. ასე თუ ისე, 2004-05 წლებიდან უზრუნველყოფილია ჩვენს ქვეყანაში. ესენი კი უკან მიექანებიან ყველა მიმართულებით, მაგრამ ინერციით რაღაც სიტუაცია კვლავ შენარჩუნებულია. 90-იან წლებში ჯერ არ დავბრუნებულვართ, მადლობა ღმერთს.
_ პეტრე, ეს ხელისუფლება რომ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაზე არ ზრუნავს ფაქტია. რეალურად, რა ხდება?
_ ეს ტიპები, ეს მურუსიძე-ჩინჩალაძეები, მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ ამ რეჟიმს. ძირითადად, პოლიტიკური დაჭერებისა და ბიზნესგადანაწილებების ნაწილში ასრულებდნენ მათ დაკვეთებს, თორემ კრიმინალთან ბრძოლით ეს ხელისუფლება ნამდვილად არ იკლავს თავს, პირიქით, გარიგებული არიან მათთან და შესანიშნავად თანამშრომლობენ კიდეც _ არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, შეძლებისდაგვარად თვალსაც ხუჭავენ მათზე, რომ პასუხისგებაში არ მოყვნენ, „კანონიერი ქურდები“ იქნებიან ისინი თუ მათზე დაქვემდებარებული სხვადასხვა პირთა ჯგუფები თუ ზონდერბრიგადები. ამ ხელისუფლებას სხვადასხვა ტიპის კრიმინალური დაჯგუფება ჰყავს და მათთან სასამართლოს გარეშეც არკვევს ურთიერთობას. ასე რომ, მთავარი, რაც ივანიშვილს სურდა სასამართლოსგან, ეს იყო სწორედ პოლიტიკური დაჭერები და სხვადასხვა ბიზნესის ხელში ჩაგდება.
_ მაგრამ ამ დაკვეთების შესრულების პროცესში მოხდა ისიც, რომ სწორედ ეს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი ჩამოყალიბდა საკმაოდ გავლენიან და ანგარიშგასაწევ კლანად.
_ დიახ, რად უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი, რომ ეს კლანი ძლიერ კლანადაც ჩამოყალიბდა და საკმაოდაც გამდიდრდნენ ამ ხელისუფლების ხელშეწყობით. მთელი საქართველოს მასშტაბით თავისი ქსელი აქვთ შექმნილი, ყველგან მაგათი ხალხია, სტაფერებით დაწყებული, სასამართლოს თავმჯდომარეებით დამთავრებული. და რაც მთავარია, მათი ძირითადი ბუდე არის იუსტიციის საბჭო, სადაც საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვთ. ანუ ამ კლანმა მართლმსაჯულების სისტემაში ისე ღრმად გაიდგა ფესვები, რომ მათი ამოძირკვა მართლა რთულია.
_ რთული ერთია და ცდილობს კი ვინმე?
_ გეთანხმებით, არც არავინ ცდილობს და მთელი ეგ ისტერიკა, რაც ბესელიამ და მასთან ასოცირებულმა გედი ფოფხაძეებმა მოაწყვეს, რეალურად, ფარსია. მაგ ბესელიას და ფოფხაძეს ის ხომ კარგად მოსწონდათ, რასაც ეს 6 წელი ეგ მურუსიძე და ჩინჩალაძე უკეთებდნენ? რომ დევნიდნენ და ციხეებში ამწყვდევდნენ მათ პოლიტიკურ ოპონენტებს და ახლა აღარ მოსწონთ მურუსიძე-ჩინჩალაძე? არანაირი პრინციპული ბრძოლა ეს არაა და მათ ამ მურუსიძე-ჩინჩალაძის პოლიტიკური მიუღებლობა კი არ აქვთ, ეჭვი მაქვს, ბესელია იმას ვერ ინელებს, რომ მისი კადრები არ ინიშნება და ინიშნება სხვისი. შენი რატომ ინიშნება და ჩემი რატომ არ ინიშნება, _ სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ აქამდე მივდივართ, სხვანაირად წარმოუდგენელია. 6 წელი ხმა არ ამოუღიათ ამ მურუსიძე-ჩინჩალაძეებზე, დანარჩენზე და ახლა რა ეტაკათ? უზენაეს სასამართლოში წარდგენილი ყველა კანდიდატი აქამდეც მოსამართლე იყო, ახლა კი არ მოუყვანია ვინმეს.
_ ამას წინათ ფეისბუკში წერდით: „აბა, რიგითო ქოცნო! 41, 48 და მათთან გათანაბრებულო პირებო! ხომ გულით არ გინდათ, ჩინჩალაძე-მურუსიძეები საშვილიშვილოდ მოსამართლეებად გამწესებულნი იხილოთ, მაგრამ ბიძო და პუდელა მაინც თავისას რომ გაიტანენ და დაამტკიცებენ მაგ უბადრუკებს, ხომ შეირგებთ დედის რძესავით?“
_ რა, არ იქნება მასე? ამოიღებს ხმას ვინმე? გინდაც, იგივე ბესელია არ გაჩუმდა? პოლიტიკურად ისევ ნულია, ვერანაირი შიდაოპოზიციური მოძრაობა მან ვერ შექმნა _ ან ძალა არ ეყო, ან სიმტკიცე, ან კიდევ, უბრალოდ, შეეშინდა, დააშინეს და უკან დაიხია.
_ სხვათა შორის, კობახიძე, რომელსაც თქვენ „პუდელა“ შეარქვით, ამბობს, რომ ბესელიასთან დაკავშირებულ ამბებში მოსამართლეების საკითხი არაფერ შუაშია, რომ ეს მხოლოდ საბაბია და რეალურად სულ სხვა მიზეზები აქვს ამ კონფლიქტს.
_ ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ასეა და ბესელიას არანაირი სასამართლო არ აღელვებს. ან თვითონ სხვების დანიშვნა სურდა და იმიტომ ჩხუბობდა, ან, უბრალოდ, მას და მის გარემოცვას რაღაც კორუფციული „კარმუშკა“ გადაუკეტეს და მაგიტომ აყვირდა.
_ ეგ გასაგებია, მაგრამ თვითონ ივანიშვილი რატომაა ასე დაინტერესებული, მაინცდამაინც, მათი და არა, ვთქვათ, სხვისი დანიშვნით?
_ დავსვათ კითხვა: რატომ არიან ეს ჩინჩალაძე და მურუსიძე ასეთი საკვანძო ფიგურები და ტიპები? ძალიან მარტივი მიზეზის გამო! _ ივანიშვილი ჩინჩალაძე-მურუსიძეს მთელ სასამართლო სისტემაზე ზეგავლენის ბერკეტად იყენებს! როცა ბიძინა ხარ, შენთვის ძალიან მარტივი და კომფორტულია, როდესაც მთელ სისტემას ერთი პირი გიკონტროლებს. მას აძლევ დირექტივას და ის უშენოდ აგვარებს მოსაგვარებელს. ეს რომ ასე არ იყოს, ბიძინას ყველა მოსამართლესთან სათითაოდ მოუწევდა რეკვა და ღლიჭინი, ვისთანაც კი მისთვის მნიშვნელოვანი საქმე მოხვდებოდა განსახილველად. ამიტომაც იბრძვის ბიძინა და ამიტომაც იხევენ კალთებს მათ მოსაყვანად!
_ ზემოთ სამართლიანობის განცდაზე ვსაუბრობდით. რომელ სამართლიანობის განცდაზეა ლაპარაკი, როდესაც კირკიტაძე ავტობუსზე შეხტომის გამო პატიმარია და გეგეშიძე, რომელმაც ჯაჭვით სცემა მოჭიდავეს, „სვაბოდაზეა“ _ დაიჭირეს და გამოუშვეს.
_ დიახ და ეს ორივე ფაქტი კამერებმა გადაიღო, საპროტესტო აქციის დროს ავტობუსზე გვერდიდან როგორ ძვრება კირკიტაძე და ეს ქმედება არავის აზიანებს, და ვხედავთ, საჭიდაო ტურნირის მსვლელობისას გეგეშიძე როგორ უხეთქავს თავს ჯაჭვით, მუხანათურად სპორტსმენ ბიჭს, როგორ ასისხლიანებს მას. კირკიტაძე ციხეშია, გეგეშიძე _ თავისუფლებაზე იმიტომ, რომ პირველი „ქოცია“, მეორე _ „ნაციონალი“! ესაა „ქოცური“ სამართალი: „ინ ექშნ“! წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი როგორ განცდას აჩენს იმ 900 ათას ადამიანში ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი? შეიძლება, ეს კარგი იყოს ბიძინა ივანიშვილისთვის? ვინმე ხელისუფალისთვის კარგია, როდესაც მის სახელმწიფოში ადამიანს განცდა უჩნდება, რომ უსამართლობას საზღვარი არ აქვს?
_ საინტერესოა, მართლა რას აძლევთ კირკიტაძის პატიმრობაში ყოლა? რატომ წავიდნენ ამაზე?
_ არაფერს კარგს არ აძლევს, პირიქით, სწორედ ასეთი ქმედებები უთხრის ძირს, ასუსტებს და აზიანებს „ოცნებას“ და სწორედ ამგვარი ქმედებების შედეგია ის, რაც მიიღეს არჩევნებზე. პირველ ტურში, პრაქტიკულად, წააგეს არჩევნები, მეორე ტურში რაც იკადრეს, რა რესურსებიც ჩართეს, რა თანხებიც ხარჯეს და როგორც დააშინეს ამომრჩეველი, ყველამ ვიცით და გაყალბების მასშტაბებიც ყველასთვის ცნობილია. ვიცით, როგორც „გაიმარჯვეს“, თუ ამას გამარჯვება ჰქვია. გაათრიეს და დადეს ეს ქალი პრეზიდეტად. გინდ ყოფილა, გინდა _ არა, პრეზიდენტის მაგივრად დევს თოჯინა. მარგველაშვილი ქსოვდა მაინც, მიდიოდა, მოდიოდა, სხვაგან თუ არა, დუშეთში მაინც, კარტოფილი მოჰყავდა… ნულია, ფიგურა კი არა, არაფერი არის, ამბობს კიდეც, პოლიტიკოსი არ ვარო. თქვენს კითხვას დავუბრუნდები: კირკიტაძის პატიმრობაში ყოლით მაგრად იზიანებენ თავს, თუმცა, ამავდროულად, ისინი ჩაკეტილი არიან თავის „ქოცურ“ ნაჭუჭში, სადაც ყველას უხარია კირკიტაძის დაჭერა.
_ თუმცა კირკიტაძის დაჭერა არც ისე უხარია ვინმეს და არც იმდენს უხარია, როგორც ეს, თავის დროზე, ბაჩო ახალაიას თუ ვანო მერაბიშვილის დაჭერისას. მაშინ სხვა განწყობები იყო საზოგადოებაში და ახალაიას, მერაბიშვილის დაჭერა, მათ განეიტრალებასთან ერთად, გარკვეული ხარკის მოხდაც გახლდათ იმ საზოგადოებრივი განწყობებისთვის.
_ დიახ, გეთანხმებით, მაშინ უფრო ფართო ნაჭუჭში ტრიალებდნენ, „ქოცური“ ამომრჩევლის ნაჭუჭში, ახლა მთლად სახელისუფლებო „ქოცურ“ ნაჭუჭში შეიკეტნენ, სადაც უხარიათ კირკიტაძის დაჭერა, და იმის იქით აღარ იყურებიან და არც ინტერესდებიან, რამდენად გამაღიზიანებელია ეს ყველასთვის. კირკიტაძის დაჭერა, რა თქმა უნდა, უხარიათ ბობოლა „ქოცებს“, დეპუტატებს, მინისტრებს, მაგრამ როგორც კი გარეთ გაიხედავ, უკვე იმ მასშტაბის ხარკის მოხდა, რა თქმა უნდა, აღარ არის. იმის მეათედიც არ არის, რასაც ესენი თავიდან აკეთებდნენ. პოლიტიკურ დაჭერებს მაგიტომაც ახორციელებდნენ, რომ ვიღაცებისთვის ესიამოვნებინათ. ახლა კი ეს უკვე კომიკურია! არაფრის გამო კაცი ციხეშია გამოკეტილი.
_პეტრე, ეს მთავრობა აწესებს და აწესებს ახალ-ახალ რეგულაციებს, თანაც ხშირად იმდენად სულელურს, რომ როდესაც ამ დღეებში ვიღაცამ ფეიკი გაავრცელა, ზამთარში ბანაობას კრძალავენო, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არც გაიკვირვა და დაიჯერა კიდეც. ბოლო არ უჩანს ამათ სულელურ რეგულაციებს, ახლა 140 კილოგრამამდე პირუტყვის ექსპორტი იკრძალება.
_ სოციალისტური ტიპის მემარცხენე მთავრობებს ახასიათებთ ბევრი რეგულაციის შემოღება, რატომღაც, ჰგონიათ, რომ ყველაფერი ხალხზე უკეთესად იციან. ესენი ხომ თავისი სულით და არსით მემარცხენეები არიან. კვირიკაშვილი კი გაიძახოდა, მემარჯვენე ვარო, მაგრამ ივანიშვილი დეკლარირებულად მემარცხენეა, მემარცხენეა საპარლამენტო უმრავლესობაც. საბოლოო ჯამში, რა იყო ან ის მთავრობა ან ეს მთავრობა რა არის, დღემდე არავინ იცის, მაგრამ ინსტინქტები იმ მიმართულებით აქვთ, საითაც ბიძინას _ მარცხნივ არიან. სწორედ მემარცხენეებს სჩვევიათ ამდენი რეგულაციის შემოღება: გაიხსენეთ, ახალმოსულზე რა კანონებს იღებდნენ? პრეზერვატივებზე, მეხრეებზე, რომ ძროხებმა საით მხარეს უნდა იარონ გზებზე და მწყემსი რომელი მხრიდან უნდა დაჰყვებოდეს პირუტყვს გადარეკვისას და ა. შ. აი, ეს მავნებლური და არაფრისმომცემი რეგულაციები შემოჰქონდათ და შემოაქვთ. შემოიღეს ტექდათვალიერება დიდ მანქანებზე _ ავტობუსი იქნება ეს „მარშუტკა“, თუ სატვირთო მანქანები და ქუჩაში რამე შეიცვალა? ეს დათვალიერება ხომ უკვე რამდენიმე თვეა, მოქმედებს? ყველაზე მეტს ეგენი ხრჩოლავენ და ბოლავენ. გეკითხებით, რას უმოწმებენ? ბოლავს, ხრჩოლავს, ხალხს წამლავს, ქალაქს წამლავს, ჰაერს წამლავს, ამას არ უმოწმებენ და იქ ბოლტი მოჭერლი გაქვს თუ არა, ვითომ იმას უმოწმებენ?
_ ამდენი რეგულაცია შემოაქვთ და რაც მართლა დასარეგულირებელია იმას არც ეხებიან. გაზმა გაჟონა და კორპუსი აფეთქდა. კალაძე გვეტყლარჭება, _ კორპუსებში გაზი, წყალი, დენი ჩვენ არ გვეხება და პასუხს არ ვაგებთო. აბა, რაღაზე აგებს პასუხს, ქუდის ფერზე? რასაც უნდა არეგულირებდეს და აკონტროლებდეს სახელმწიფო, იმას არ აკონტროლებენ და ძროხებს დასდევენ, წონიან. როდესაც გაზზე, ელექტროენრგიის რეგულაციაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ უსაფრთხობის კონტროლს, რაც ხორციელდებოდა კიდეც წინა ხელისუფლების დროს: 2010 წელს პირადად ჩემთან მოვიდნენ შესაბამისი უწყებიდან და მწყობრიდან გამოსული წყლის გამათბობელი („კალონკა“) ისე დამილუქეს, არც მკითხეს, _ ჩვენ ვაგებთ პასუხს თქვენს უსაფრთხოებაზეო.
_ ასე უნდა მუშაობდეს სისტემა, ესენი კი ვინ როგორ მსუქან ძროხას გაყიდის, იმას დასდევენ. ეგაა ამათი უნიათობაც და მავნებლობაც. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბიუჯეტო თანხებს ვერ ითვისებენ. არ აქვთ საამისო შნო, ტემპი, ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, რომ გამოაცხადონ ტენდერები, აითვისონ ეს თანხები, აშენონ გზები, ხიდები, გვირაბები, განავითარონ ქვეყანა. ანაკლიის პორტზე რომ ლაპარაკობენ, დიდი ალბათობით, რის გამოც დასდევენ მამუკა ხაზარაძეს,

_ თქვენი პოსტი იყო: „რა ხარისხით უნდა „გაქოცდე“, ბიძო რომ არ შეგეხოს?! TBC მაინც გადასარჩენია!“
_ დიახ, ეგ „თიბისიზე“ ვთქვი, არ შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის ჩამოშლა და მისი ხელმძღვანელობის დევნა. როგორც ქოცები აკეთებენ, ასე არაფერი გამოვა. როდესაც ჩვენ ამას ვაპირებდით, სრულიად სხვა რეალობა იყო, საუბარი იყო ავღანეთიდან მომდინარე ტვირთებზე, სხვა საინვესტიციო გარემო გახლდათ, რეალურად, ფულს ჩადებდნენ, ქალაქი აშენდებოდა, ჩინურ ინვესტიციებს მოვიზიდავდით, ჩინეთის დიდ _ „ბელთ ენდ როუდის“ პროექტში ჩავერთვებოდით, რასაც ესენი ასცდნენ. როცა ნახეს, რა ჩაქოცილიცაა ხელისუფლება, საქართველოზე აღარ გამოიარეს. ამ პროექტთან თუ იქნებოდა ინტეგრირებული, მეტი ტვირთის მიღების საშუალება თუ იქნებოდა, გადამზიდავი კომპანიებიც უფრო დაინტერესდებოდნენ. სულ სხვა რეალობა და ბიზნესმოცემულობა იქნებოდა, ეს პორტიც აშენდებოდა, მაგრამ ქოცურ რეალობაში ვერ შენდება და ეს მამუკა ხაზარაძის ბრალი კი არა, ამ რეალობის ბრალია. ფული უნდა ჩადოს ვინმემ, თორემ თვითონ ხაზარაძემ ყველაფერი რომც გაყიდოს, მარტო მაინც ვერ ააშენებს მაგ პორტს.
_ უნიათობა ახსენე და რამდენიმე დღის წინ მედიაში საინტერესო ცნობა გამოქვეყნდა: პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა, ევროკავშირმა საქართველოს 3,4 მილიარდი ევრო გამოუყოო. მადლობებიც უხადა ამისთვის ევროკავშირს. გაირკვა, რომ ევროკავშირს ეს თანხა არ გამოუყვია საქართველოსთვის და ამ ვაჟბატონს რაღაც არასწორად გაუგია.
_ ეგ იმის ბრალია, რომ ბახტაძე არაა რეალური პრემიერ-მინისტრი, რომელიც აკონტროლებს, რას აკეთებს ფინანსთა სამინისტრო, რაზე ველაპარაკებით ევროკავშირს, რა პროექტებს ვახორციელებთ და ა. შ. ამას რომ აკეთებდეს, ასეთ შეცდომას არც დაუშვებდა, მაგრამ მას ამის ნაცვლად ბიძოს კონსიერჟობა, მდივნობა ევალება და იმითია დაკავებული, ვინ დასაჭერია, ვის ბიზნესი აქვს წასართმევი, მიწა რომ ერთ ლარად გამოსაყოფია, ხე მოსათხრელი და გადასატანია, პინგვინი, ზებრა გამოსაკვებია და ა. შ. ამეების კურატორი კაცი რომ ხარ და ამაზე ხარჯავს მთელ დროს და თან რომ გამოუცდელი ხარ, მოგივა ასეთი იაღლიში, აბა, რა იქნება? მაგრამ გადაამოწმე მაინც, სანამ მადლობების ხდას დაიწყებ. მართლაც ძალიან შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, როდესაც ეს ბახტაძე, სალომე ზურაბიშვილზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ ხვდებიან უცხოეთის ქვეყნების რეალურ ლიდერებს. იმათ ხომ იციან, ესენი სინამდვილეში ვინ არიან, უბრალოდ, დიპლომატიური ეტიკეტის გამო ხვდებიან, იმიტომ რომ ერთს „პრემიერ-მინისტრი“ უწერია „ვიზიტკაზე“ და მეორეს _ „პრეზიდენტი“. ვისაც რეალური ძალაუფლება აქვს, იმ თავის შუშის სასახლეშია შემძვრალი და მხოლოდ საქმეების გასარჩევად თუ გამოვა თვეში ერთხელ.
_ „რუსთავი 2-მა“ საერთაშორისო ძებნილს მიაგნო, რომელიც თვითონ ჩაბარდა პოლიციას… ეს რა ფენომენია, ქვეყანაში 10 თვე არხეინად ცხოვრობდა ძებნილი _ დადიოდა ღამის კლუბებში, ქალაქში, მეგობრობდა თურმე ჩინოვნიკებთანაც კი…
_ ტურისტად იყო რა… არ გუგლავდნენ… დარწმუნებული ვარ, აქ სამსახურსაც ეძებდა და როცა მიხვდა, აქ ქართველებიც ვერ შოულობენ სამსახურს, მერე გადაწყვიტა ჩაბარება. იმასაც მიხვდა, დედამიწის ზურგზე მეორე საქართველოს ვერ იპოვიდა, სადაც ასე არხეინად ივლიდა და არ დაიჭერდნენ. ეს რომ ასე არ იყოს, წავიდოდა სხვა ქვეყანაში და არც ჩაბარდებოდა. მოკლედ, აქ მშიერად ყოფნას და სხვა ქვეყანაში დაჭერას ისევ ჩაბარება ამჯობინა… რაც ჰქონდა დაეხარჯა, ჩაიქნია ხელი და ჩაბარდა, თან _ „რუსთავი 2-ს“.
_ ე. წ. საპენსიო რეფორმა დაიწყეს და ძალით გვახდევინებენ ფულს ჩვენც და დამსაქმებლებსაც. 40 წელს ზემოთ ვინც ვართ, შეგვიძლია, აპრილიდან გამოვეთიშოთ ამ საპენსიო სქემას, მაგრამ რასაც ამ სამ თვეში ჩამოგვაჭრიან, ჩვენც და დამსაქმებელსაც, კანონი იმ თანხის დაბრუნებაზე დუმს, არ აკონკრეტებს, ახლავე უნდა დაგვიბრუნდეს თუ მერე. ფაქტია, ათეულობით ათასი მოქალაქე გამოეთიშება ამ სქემას და სქემიდან გამოთიშულების ფულს ჯიბეში ჩაიდებენ. ეს ჰქონდათ მიზნად, თორემ თავიდანვე შეიძლებოდა, რომ ნებაყოფლობითი ყოფილიყო.
_ დიახ, რომ გეკითხა, 40 წლის მერე ნებაყოფლობითიაო და აღმოჩნდა, რომ ეს პირველი 3 თვე ყველასთვის სავალდებულო ყოფილა. ძალიან ბევრი გამოეთიშება ამ სქემას და ყველამ ახლავე უნდა მოითხოვოს დაბრუნება, თორემ რომც არ ჩაიდონ ეს სამი თვის თანხა ჯიბეში და 20 წლის მერე დაგიბრუნონ, რაღა იქნება? _ არაფერი. ვინც დარჩება ამ სქემაში, ან იმას რას დაუბრუნებენ? ფული ხომ განიცდის ინფლაციას, გადათვალე ოც წელზე ეგ ინფლაცია და მიხვდები, რა ფულიც ედებათ 20-30 წლის მერე.
ეს ე. წ. რეფორმა არის გზა არსაითკენ. იგი სახელმწიფოს ვერ გაათავისუფლებს საპენსიო ტვირთისგან და მაინც მოუწევთ პენსიის ბიუჯეტიდან ხდა, რადგან, საბოლოდ, სისტემაში 200-300 ათას კაცზე მეტი არც დარჩება.
დღეს, რეალურად მიმდინარე გადასახადი გაუჩინეს ბიზნესსაც, ადამიანსაც და თვითონ ბიუჯეტსაც! 700 ადამიანისთვის ცალკე აქვს მისაცემი ბიუჯეტს პენსია და ცალკე კიდევ ამ 2%-ის და 1%-ის ხდა დაემატა ტვირთად. თუ უნდოდათ, რომ ბიუჯეტს ეს საპენსიო ტვირთი შემსუბუქებოდა და მოსახლეობასაც ღირსეული პენსია ჰქონოდა, სულ სხვანაირად უნდა გაეკეთებინათ: გარკვეული ტიპის შეღავათი უნდა მიეცათ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თავისი კომპანიის შიგნით დანერგავდნენ ამა თუ იმ ტიპის საპენსიო სქემას თავისი თანამშრომლებისთვის. რაც მთავარია, ეს უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი.
_ თუ ნებაყოფლობითი იქნებოდა, პრობლემა არც ამ რეფორმასთან ექნებოდა ვინმეს, თუ ვინმე ენდობა ამ სახელმწიფოს, ამ ხელისუფლებას და ყველა მომდევნო ხელისუფლებას პენსიაზე გასვლამდე და მერე, სიცოცხლის ბოლომდე, ენდოს და მოიტეხოს კისერი, თუ უნდა. ენდოს, ვისაც უნდა, მაგრამ ყველას ნუ გვაძალებენ.
_ დიახ, ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო და ადამიანს უნდა ჰქონოდა ალტერნატივა, არჩევანის უფლება, თვითონ ეზრუნა და თვითონ გადაეწყვიტა, სად შეეტანა ფული, სახელმწიფო თუ კერძო საპენსიო ფონდში, თუ არსად.
_ აქ მთელი ამბავი ისაა, რომ ვიდრე სახელმწიფო ამ ჩვენგან ამოღებულ ფულს პენსიებად დაარიგებს, ეს ფული უნდა ჩადოს და ატრიალოს ბიზნესში. საპატრნიორო ფონდმა ამხელა წაგებით დაასრულა წელი, აი, ამ ბიზნეს მარიფათის პატრონი სახელმწიფო მეუბნება, რომ ფულს მომგებიანად დააბანდებს ბიზნესებში…
_ ყველა სახელმწიფო კორპორაცია წაგებაზეა, არადა, 2012 წლამდე ეს კორპორაციები მომგებიანები იყვნენენ… იმედია, ვიღაცას ამ „ქოცებში“ ტვინი გაუნათდება და მიხვდება, რომ თვითონ არ ცადონ ფული ბიზნესებში, თვითონ არ აწარმოონ ამ ფულის მენეჯმენტი და ეს საქმე რომელიმე უცხოურ საინვესტიციო ბანკს, ფონდებს მიანდონ. ვამბობ, იმედია, მიხვდებიან-მეთქი, თორემ არანაირი გარანტია არაა, რომ ამას ვინმე „ქოცი“ მიხვდეს.

რეზო შატაკიშვილი