„დეპრესიის დროს 7 ათას 777-სტროფიანი პოემა დავწერე“

ხელოვანთა ოჯახში დაიბადა. ოჯახში ყველა მღერის _ დედა, მამა, პაპა და ძმა. გამონაკლისი არც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტია, რომელიც ბავშვობიდან ეზიარა მუსიკასა და ხელოვნებას, თუმცა კლასიკის განხრით. ყოველთვის ოცნებობდა, რომ ოპერის მომღერალი გამოსულიყო. ჩააბარა კონსერვატორიაში, მაგრამ რატომ და რამ შეუშალა ხელი ამ სურვილის ახდენაში, ამას „ქრონიკა+“-ის მკითხველს მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი და რეჟისორი გიორგი შალვაშვილი უყვება.

ვერასდროს წარმოედგინა თუ ესტრადის მომღერალი გახდებოდა, თუმცა დღეს ის ქართველი ემიგრანტებისა და არამარტო, საყვარელი მომღერალია. გულგრილად ვერ მოუსმენ მის შესრულებულ სიმღერას და წაკითხულ ლექსს, რომ ცრემლი არ სდევდეს თან. გზა, რომელიც დღემდე გამოიარა, ეკლიანი აღმოჩნდა, თუმცა დიდი ძალისხმევის, შრომისა და მონდომების შედეგად კვლავ ფეხზე დადგა, წელში გაიმართა და ცხოვრებას ბრძოლა გამოუცხადა, გაჭირვება დაამარცხა. ამბობს, რომ ამქვეყნად ერთხელ მოდიხარ და ყველაფერი სიყვარულით უნდა აკეთოო.
„სულ ხალხის სიყვარულში ვცხოვრობ, მიყვარს ყველა ფენის ადამიანი, თუმცა მათ ფენებად არასდროს ვყოფ… ვინმე თუ ძლიერი მომღერალია, სხვა ძლიერი ხელოსანია, სხვა კი კარგი მდუმარე… არ არსებობს ვინმე, ვინმეზე მეტი ან ნაკლები…
დამცინავი მზერები და ხალხის აბუჩად აგდება ყველაზე დიდი სულმდაბლობაა… ერთხელ ტელევიზორში გამოჩენილ ადამიანს სიყვარულით რომ მოიკითხავს ადამიანი და არ პასუხობს, არ მიიჩნევს ღირსად, რა ჰქვია ამას? არ პასუხობს, რადგან ფიქრობს, რომ მასზე მაღლა დგას, სწორედ ამ დროს არის საცოდავი და ამ დროს გდია ქვესკნელში, საიდან ამოსვლასაც საშველი აღარ აქვს… არავისზე მეტი არ ვარ, არავინ არ ხართ მეტნი ჩემზე, მე მე ვარ, რომელსაც საკუთარი მე გამაჩნია და მომიტევეთ, თუ ჩემი საკუთარი მე, რომელიც თქვენს თავს უკიდეგანოდ მაყვარებს, თქვენზე მეტად მიყვარს…“, _ გვითხრა გიორგი შალვაშვილმა.

ოპერა VS ესტრადა

_ ჩემს ოჯახში ყველა მღერის. მამა, დედა, პაპა და ცხონებული ბებიაჩემიც გენიალურად მღეროდა, მეც ბავშვობიდან ვმღერი. დაახლოებით სამი წლის ვიყავი, როცა პირველი ლექსი დავწერე, რომელიც პირველად რადიო „საქართველოს ხმის“ პირდაპირ ეთერში წავიკითხე: „ჩამოვარდა რკო, ღორმა წაიღო, ამ ღორს თოფით მოკლავს, ჩემი მამიკო“…
გავიდა წლები, გავიზარდე, ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და კონსერვატორიაში, სადაც არაჩვეულებრივი მაესტრო მყავდა, ქალბატონი ნანა ჭონქაძე, ხოლო მასტერკლასებს მაესტრო ნოდარ ანდღულაძესთან გავდიოდი. ჩემი ოცნება იყო, რომ ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი. ვიყავი ერთ-ერთი წამყვანი ბარიტონი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ყოფამ ყველაფერი არია. მაშინ ოპერა არავის აინტერესებდა, ოპერაში ციოდა, არაფერი კეთდებოდა და სხვა უამრავი პრობლემა არსებობდა… შესაბამისად, ორი კურდღლის მადევარი ვერ ვიქნებოდი, თეატრალურშიც ხელი მეშლებოდა. არჩევანის წინაშე როცა დავდექი, თეატრალური ინსტიტუტიდან წამოვედი, თუმცა თეატრალური საქმიანობა არ შემიწყვეტია. დღეს ერთ-ერთი არაჩვეულებრივი თეატრის, „თბილისი არტ-ჰოლის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავართ, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „თბილისი არტ-ჰოლის“ დირექტორს, ქალბატონ ნანა გოდერძიშვილს. ასევე მაქვს ერთი მსახიობის თეატრი, სადაც მოღვაწეობს ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი მსახიობი იოანე ქართველი. ახლა ვდგამთ ახალ სპექტაკლს, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობს“, რომლის პრემიერაც სულ მალე შედგება.
რაც შეეხება სიმღერას, საესტრადო მომღერლობა არასოდეს მინდოდა. ოპერა მიყვარდა და მიყვარს ძალიან, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს სურვილი ვერ განვახორციელე, თუმცა მიმაჩნია, რომ არც ახლაა გვიან და თუ ადამიანს რამის გაკეთება უნდა, იმას აუცილებლად გააკეთებს. დღეს ესტრადას ვერ დავანებებ თავს, რადგან სრულიად საქართველო და ემიგრაცია მისმენს. მაქვს გასტროლები, ტურნეები და ბედნიერი ვარ, რომ ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტისა თუ არაემიგრანტის გულს ვათბობ. ემიგრანტებისგან იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ ძალიან დიდი დანაშაული და უპასუხისმგებლობა იქნება, რომ ასე ავდგე და ესტრადა დავტოვო.
ძალიან შეძლებული ოჯახი მყავდა, თუმცა ერთ დღესაც ფუფუნება დასრულდა და ყველაზე ღარიბები გავხდით. სწორედ იმ რთულ პერიოდში სიმღერას ოჯახი ვარჩიე და გეტყვით, რატომ. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ჩემმა მსმენელმა არ იცის და პირველად ამ ამბავს თქვენი გაზეთის მეშვეობით შეიტყობენ: გაჭირვების დროს კულინარობა დავიწყე, თუმცა ეს ძალიან ბევრმა არ იცოდა, რადგან საძმაკაცოს ვუმალავდი. რატომღაც, ტორტის გამოცხობა „გრეხად“ ითვლებოდა. დედაჩემი შეკვეთებს იღებდა და მე ვაცხობდი. არ იყო გაზი, შუქი და ყველაფრის გაკეთება ხელით მიწევდა. 24 საათის განმავლობაში მეღვიძა. ქუჩაში მეკითხებოდნენ, რატომ გაქვს ვანილის სუნიო, ეს ყველაფერი გამოვიარე… საკუთარი თავისა და ოჯახის ფასი ვისწავლე. მახსენდება, როგორ მეძინა დივანზე შტეფსელში შეერთებული ჩართული მიქსერით, რადგან დენი რომ მოვიდოდა, მისი ხმა გამაღვიძებდა. ტორტის გამოცხობის პროცესშიც კი სულ ვმღეროდი. ოპერას ვისმენდი… სხვათა შორის, კულინარიით შევაგროვე ის თანხა, რისი მეშვეობითაც მოძრავი თოჯინების თეატრი გავხსენი და თბილისის მასშტაბით ბაღებში ვატარებდით სპექტაკლებს. ვიყავი თეატრის დრამატურგი, დეკორატორი, კომპოზიტორი, ვდგამდი სპექტაკლებს, ვახმოვანებდი და აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებდი. ეს თეატრი დღესაც მოქმედებს „თბილისი არტ-ჰოლში“. ამის მერე ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ცვლილებები მოხდა…

და სიყვარულო შენგან მივდივარ…

„მეწვია სიყვარული… არ გამიმართლა, აღარ მყავს. სიყვარული, რომელიც წავიდა, მაგრამ არა სადმე, არამედ სამუდამოდ. დეპრესია დამეწყო და წერა დავიწყე პროფესიონალურ დონეზე. 17 წლის ასაკში დავწერე ლექსი:
„მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება,
მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება,
ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა
და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა,
არ მემეტები, მაგრამ რა ვქნა? _ არც შენ დამინდე,
არც ერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე,
მე ქარავნებით მოგიზიდე ლამაზი ბედი,
შენ კი შავ-თეთრად შემიღებე ცხოვრების ხედი,
მე ვოცნებობდი, დაეხატე უფუნჯოდ მხატვარს,
რომელიც ჩემში იმალება და მხოლოდ შენ გხატავს
სულ ის მინდოდა მოსულიყო შენთვის ზამთარი
რომ ჩემს სხეულში მომეძებნე სადღაც გამთბარი,
სულ ის მინდოდა მიყვარხარო, ჩემთვის რომ გეთქვა
და ამ სიტყვებით ჩემი გრძნობა რომ დაგესეტყვა,
ბევრი მინდოდა ალბათ ბევრი, რაც არ მერგება
რაც არ მეკუთვნის, ის ხომ მაინც არ შემერგება
შენ არ გამტყუნებ, ყველაფერი ჩემი ბრალია,
რომ არ გიყვარდი ჩემთვის ხომ არ დაგიმალია,
მე ვარ ასეთი, შენ რას გერჩი ყველას ხიდი ვარ,
ყველა ზედ მივლის, მაგრამ თავად საით მივდივარ?
ჩემთვისაც არის სადღაც გზები, მაგრამ ვერ ვხედავ,
ან ბრმა ვარ ანდა სხვაგან წასვლას კიდევ ვერ ვბედავ
მე რომ წავიდე მერე რა ვქნა, ვის მიგაბარო?
ნუთუ არ სჯობდა, ერთხელ გეთქვა, რომ მიყვარხარო?
ალბათ არ სჯობდა, რადგან ენა არ აგიმღერდა,
ალბათ სხეულში შენი გული ვერ მიმიღებდა,
ალბათ დაგღალე და ამიტომ აღარ გინდივარ
სწორედ ამიტომ სიყვარულო, შენგან მივდივარ!..
დეპრესიის დროს ოთახში ჩავიკეტე და გარეთ არ გამოვდიოდი, არავინ მაინტერესებდა. შვიდი დღე-ღამის განმავლობაში უჭმელ-უსმელი ვიყავი და სწორედ ამ დროს 7 ათას 777-სტროფიანი პოემა დავწერე „ვეფხისტყაოსნის“ ენაზე, რის შემდეგაც თითქოს რაღაც ტვირთი მომეხსნა, გამოვედი არენაზე, მივუჯექი პიანინოს და დავიწყე სიმღერების წერა. სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს, რომელი იყო ჩემი პირველი სიმღერა. კოლეგებისგან მსმენია, რომ არ შეიძლება, კომპოზიტორმა დღეში 2-3 სიმღერა დაწეროსო და ძალიან მაინტერესებს, ვინ დააწესა ეს წესები? რამდენჯერაც გრძნობ, იმდენჯერ შეგიძლია დაწერო. მქონდა პერიოდი, როცა დღეში სამ, ოთხ, ხუთ სიმღერას ვწერდი. არ შემიძლია გრძნობების გარეშე ცხოვრება. ერთხელ იბადები და დალოცვილი უფლისგან ერთხელ გეძლევა შანსი, რომ იცხოვრო, რატომ უნდა იყო მარტო? ნუთუ, ისეთი უსუსური ხარ, რომ მილიონობით ადამიანში ერთიც არ არსებობს ისეთი, რომელიც შენ გვერდით იქნება? ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან დეპრესიაშიც კი რომანტიკას ვხედავ. დეპრესია მაძლევს სწორედ აზროვნების საშუალებას. დეპრესიის დროს საკუთარ მესთან მარტო რჩები და საკუთარ მესთან საუბარი ყველაზე დიდი აკადემიაა. მთლიანობაში 170-მდე სიმღერა დავწერე, ხოლო რაც შეეხება ლექსებს, მათი რაოდენობა არ მახსოვს, რადგან ძალიან ბევრია. როდესაც გიორგი შალვაშვილი შეყვარებულია, ყველაზე ძლიერია. ყველა ნაბიჯს სიყვარულით ვდგამ, ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ“, _ გვითხრა მომღერალმა.
სიმღერის ერთი მოსმენით ხვდება, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ის პუბლიკისთვის, მომღერლის პოპულარობაც სწორედ მაცაცო თოხაძესთან ჩაწერილმა დუეტმა განაპირობა. სიმღერას კი ზუსტად ერთ კვირაში მთელი საქართველო მღეროდა.
„გიგა კუხიანიძის სტუდიაში ზაზა გოჩიტაშვილს ვესტუმრე და მითხრა, რომ ერთ-ერთმა არაჩვეულებრივმა ადამიანმა ერთი სიმღერა მოიტანა და ნახე, თუ მოგეწონებაო. როგორც კი მელოდიას მოვუსმინე, მაშინვე ვუთხარი, _ ეს უკვდავი ჰიტია თქო ამ სიმღერის ავტორმა მაცაცო თოხაძემ სურვილი გამოთქვა, რომ ჩემთან ჩაეწერა დუეტი: „შენ ხარ ჩემი საკუთარი ბედნიერება“. ზუსტად ერთ კვირაში სრულიად საქართველომ ზეპირად იცოდა ეს სიმღერა. მაცაცო გენიალური პიროვნებაა. შემდეგ ისე მოხდა, რომ მიგვიწვიეს გადაცემაში „100 გრადუსი ცელსიუსი“ და ხალხისგან ძალიან დიდი პოზიტივი წამოვიდა, ბევრი მიმოწერა და ძალიან დადებითი შეფასებები მოგვდიოდა.
ჩემს ოჯახში ყველაზე ძლიერი მომღერალი ჩემი ძმაა. ჩემი ძმის ნამღერის შემდეგ მერიდება, რომ ვიმღერო. ოჯახში გვეზრდება პატარა მომღერალი, ჩემი ძმისშვილი, 2 წლისა და 7 თვის ვაჩე შალვაშვილი, ძალიან კარგი სმენა აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ლაპარაკი არ იცის, ლამაზად მღერის. საახალწლო ნაძვის ხესთან დადგა და მღეროდა: „ალილო, ალილო, შობა თენდება, ახალი წლის სიხარულს რა შეედრება“… გავგიჟდით, არავის გვისწავლებია, ეტყობა, ტელევიზორში მოუსმინა და დაიმახსოვრა. ჩემი ძმა სიმღერას არ გაჰყოლია, ფეხბურთს თამაშობდა, მერე მენისკი გაუწყდა და ფიზიკურად ვეღარ გააგრძელა თამაში. ამჟამად სხვა საქმანობას ეწევა, პაპაჩემის პროფესიას გაჰყვა , _ ამბობს გიორგი.
მრავალფეროვანი რეპერტუარის მიუხედავად, მომღერლის სავიზიტო ბარათად მაინც სიმღერა „საკუთარი ბედნიერება“ ითვლება, რადგან ეს არის ის პირველი ნამუშევარი, რომელიც ხალხმა განსაკუთრებულად შეიყვარა. ეს სიყვარული საქართველოს ფარგლებს გასცდა და ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ ემიგრანტებში. უამრავი მიწვევა აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან. სულ ახლახან ათენიდან დაბრუნდა და ემოციები „ქრონიკა+“-ის მკითხველს გაუზიარა.
„ჩემი სავიზიტო ბარათი მაინც სიმღერა „საკუთარი ბედნიერებაა”, ძველით ახალ წელს, რამდენიმე მომღერალთან ერთად, ათენში ვიყავი. როგორც კი ამ სიმღერის შესრულება დავიწყე, მთელი დარბაზი დაინგრა. ჩემთვის საყვარელი სიმღერაა „დედა“, თუმცა ვერასდროს ვუსმენ, რადგან, ზოგადად, ეს სიმღერა მანგრევს. საუკეთესო სიმღერაა. დედაჩემს სასწაული რეაქცია ჰქონდა, ძალიან ბედნიერია. იმაზე მაგარი არაფერია დედამიწის ზურგზე, რომ დედა გყავს ბედნიერი. დედაჩემი ცოტა სიტყვაძუნწია და ძალიან გამიკვირდა, როდესაც მისი კომენტარი შემთხვევით წავიკითხე ათენის კონცერტზე, _ მე შენით ვამაყობო. არასოდეს უთქვამს ეს სიტყვები და არც არასოდეს მეტყვის.
პირველი გასვლა ემიგრანტებთან იტალიაში მქონდა, სადაც რამდენიმე კონცერტი ჩატარდა. ამ ყველაფრის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანა დაინტერესდა ჩემით. მერე იყო ავსტრია, გერმანია, ბულგარეთი, ისრაელი, ესპანეთი და რა ვიცი, ძალიან ბევრი ქვეყანა. ყოველთვის მინდოდა ათენში ჩასვლა და ჩემს ძვირფას ემიგრანტებთან შეხვედრა, მაგრამ ვერ ხერხდებოდა. ზუსტად ექვსჯერ ჩაიშალა ჩემი კონცერტი ათენში. კითხვა იბადება, _ რატომ? _ ძალიან ცუდი ორგანიზატორები იყვნენ და იმიტომ. ბევრი წერილი მომდიოდა, თუ რატომ არ ჩავდიოდი ათენში, მაგრამ მარტო ჩემი ჩასვლით რა იქნებოდა? ამ ყველაფერს სჭირდებოდა ორგანიზატორი, რომ კონცერტი შემდგარიყო, თუმცა ამასობაში გამოჩნდა ავთანდილ კაკაბაძე, რომელიც დამიკავშირდა და შემომთავაზა, რომ ძველით ახალ წელს ჩავსულიყავი ათენში და ჩავედი. ჩემთან ერთად კონცერტში მონაწილეობდა პაატა თედიაშვილი, ნიკა არაბიძე, ვახო ბიჭიკაშვილი და გიორგი წიკლაური. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ავთოს იმისთვის, რომ ასე მაღალ დონეზე გაუკეთა ამ ყველაფერს ორგანიზება და ასევე ძალიან დიდი მადლობა ზურაბ ბოხუას, რომელმაც ყველაფერი უმაღლესი ხარისხით გააკეთა. იმდენად წარმატებით ჩაიარა კონცერტმა, რომ ათენმა ჩემი სოლო კონცერტი მოითხოვა, რომელიც გაზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ამ კონცერტის ორგანიზატორები, ისევ და ისევ, ავთო კაკაბაძე და ზურაბ ბოხუა გახლავან.
ათენამდე იყო სალონიკი, სადაც დაუვიწყარი საღამო ჩატარდა, იქაც დაუსრულებელი ემოციები დამხვდა და კიდევ მოითხოვეს ჩემი სოლო კონცერტი“,ეს სითბო და სიყვარული არ მავიწყდება.

გიორგი საკარული