„ოცნების“ აქტივისტები გაუბედურებულ ხალხს დასცინოდნენ!“

ზუსტად ორი წლის წინ, 2017 წლის 30 იანვარს, ათეულობით ადამიანის ცხოვრება მოულოდნელად ჯოჯოხეთად იქცა _ სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო“ ცეცხლის ალში გაეხვია. მეხანძრე მაშველები ხანძარს 8 საათის განმავლობაში აქრობდნენ…

რამ გამოიწვია ხანძარი? _ ამის შესახებ თავიდანვე რამდენიმე ვერსია გავრცელდა. ითქვა ისიც, რომ ცეცხლი, შესაძლოა, ვიღაცამ განზრახ გააჩინა. ეს ვერსია, მოგვიანებით, ექსპერტიზის დასკვნამაც დაადასტურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ სავაჭრო ობიექტზე მასშტაბური ხანძარი დიდი რაოდენობით ნავთობპროდუქტების განზრახ აალებას უნდა გამოეწვია.
საქმის მასალებიდან ისიც გახდა ცნობილი, რომ „ბავშვთა სამყაროში“ სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო. ექსპერტების განმარტებით, უსაფრთხოების ნორმები დაცული რომ ყოფილიყო, დაცვა შეტყობინებას დროულად მიიღებდა და შესაბამისი რეაგირებაც მოხდებოდა.
მასშტაბური ხანძრიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოძიებამ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი და შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა. მიუხედავად ამისა, დაზარალებულები, რომლებიც ორი წელია, პერმანენტულ აქციებს მართავენ, მიიჩნევდნენ და მიიჩნევენ, რომ გამოძიება არასწორად მიდის. ადამიანები, რომლებმაც აურაცხელი ზარალი ნახეს, ითხოვენ, რომ ყველამ , ხანძრის შემკვეთებმა და შემსრულებლებმაც, პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს. მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ სახელმწიფომ კომპენსაცია დაზარალებულთა მხოლოდ ნაწილს გადაუხადა. ამის გამო, უკომპენსაციოდ დარჩენილებმა თბილისის მერიისა და საკრებულოს წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყეს. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ ხანძრის შედეგად დაზარალებულთა სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ანუ სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა იმ პირს, ვისი სარჩელიც სასამართლომ განიხილა, მერიამ და საკრებულომ, კომპენსაციის სახით, ერთჯერადად, 3000 ლარი უნდა გადაუხადოს. სხვათა შორის, თბილისის მერიასა და საკრებულოს შეუძლია, სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრონ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, კალაძის უწყება ამ უფლებას გამოიყენებს თუ არა.

რა ეტაპზეა „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის გამოძიება? რას ითხოვენ დაზარალებულები? მფარველობს თუ არა ხელისუფლება დამნაშავეებს და ვის არ აწყობს ობიექტური გამოძიების ჩატარება?
„ქრონიკა+“ ხანძრისგან დაზარალებულთა ადვოკატს, მარიკა არევაძეს ესაუბრა.

_ მარიკა, როგორც ცნობილია, „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებმა თბილისის მერიასა და საკრებულოს სასამართლო მოუგეს. შეგიძლიათ, განგვიმარტოთ, დაზარალებულები რას ითხოვდნენ და სასამართლომ მათი რა მოთხოვნა დააკმაყოფილა?
_ ამ საქმეში დავა რამდენიმე მიმართულებით გვაქვს.
_ კერძოდ?
_ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვის ნაწილში გამოძიების შედეგებს ველოდებით, რაც ამდენი დროის გასვლის მიუხედავად, დღემდე დაუდგენელია.
ასევე ველოდებით სისხლის სამართლის საქმეზე საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებას და სასამართლო განაჩენს, რომ ამის მიხედვით გავაგრძელოთ დავა სამოქალაქო წესით და ზიანის ანაზღაურება მოვითხოვოთ.
ამ ორი მნიშვნელოვანი მიმართულების გარდა ასევე გვაქვს დავა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიასთან. პარალელურად, აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დარღვეულ უფლებაზე საჩივარი გავგზავნეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, 2017 წლის 30 იანვრის შემდეგ დაზარალებულები ითხოვდნენ დახმარებას, მათ მიმართ კი იმდენად დიდი უყურადღებობა იყო, რომ იძულებულნი გახდნენ, პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის _ შიმშილობისთვის მიემართათ. რამდენიმედღიანი უშედეგო პროტესტის შემდეგ მათ ასევე აქცია-მანიფესტაციები ჩაატარეს თბილისის საკრებულოსთან.
_ დაზარალებულები რას მოითხოვდნენ?
_ სანამ ზიანი ანაზღაურდებოდა, მათთვის ერთჯერადი დახმარება გაეცათ. ორთვიანი პროტესტის შემდეგ ქალაქ თბილისის მერიამ და საკრებულომ გამოიჩინა ნება და მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარება გაცემულიყო, მაგრამ ეს დახმარება ყველა დაზარალებულზე არ გაცემულა და სწორედ ეს გახდა ჩვენ შორის დავის დაწყების მიზეზი.
არსებითად ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფ პირებს განსხვავებულად მოეპყრენ, რაც დაუშვებელი და დისკრიმინაციულია. თავის დროზე, ამ ადამიანების სახელით წერილობით მივმართე მუნიციპალიტეტს, თუმცა პასუხიც კი არ გაგვცა, რის შემდეგაც კანონით დადგენილ ვადაში, მივმართეთ სასამართლოს და ამ ადამიანებისთვისაც ერთჯერადი დახმარების გაცემა მოვითხოვეთ.
პირველ ინსტანციაში საქმეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე იხილავდა, რომელმაც გაიზიარა მოსარჩელეების არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ ნამდვილად იყო უთანასწორო მოპყრობა და, შესაბამისად, სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი. ამის შემდეგ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამაც და საკრებულობაც გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. სააპელაციო ეტაპზე საქმე განიხილა მოსამართლე ნინო ქადაგიძემ, რომელმაც ასევე გაიზიარა მოსარჩელეებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაცია და აპელანტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ახლა ველოდებით, ისევ გაასაჩვრებს თუ არა მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო ამ გადაწყვეტილებას, თუ დროულად უზრუნველყოფს ამ ადამიანებისთვის ერთჯერადი დახმარების გაცემას?
_ „ბავშვთა სამყაროს“ დაწვით სულ რამდენი მოვაჭრე დაზარალდა და, თავის დროზე, კომპენსაცია შერჩევით რატომ გაიცა?
_ ვერ გეტყვით, სულ რამდენი მოვაჭრეა დაზარალებული _ ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია პროკურატურას ექნება, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 240-მდე დაზარალებულიდან ერთჯერადი დახმარება 32-ს არ ჰქონდა მიღებული.
თავდაპირველად სიებს საინიციატივო ჯგუფები წარდგენდა და ამ სიებში ეს ადამიანებიც იყვნენ, მაგრამ მერე სიები იცვლებოდა, ფორმირდებოდა და ბოლოს, როგორც საკრებულოს წარმომადგენელი აცხადებენ, დაზარალებულების სიები გამოითხოვეს სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე არსებული ბიზნეს სუბიექტებისგან, ანუ იმ შპს-ებისა და ინდმეწარმეებისგან, ვისთანაც ეს დაზარალებულები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ, თუმცა გაუგებარია, ეს სიები საქართველოს პროკურატურამ რატომ არ გამოითხოვა, მით უმეტეს, რომ სწორედ ეს ორგანო ადგენდა პირებს დაზარალებულებად და გასცემდა შესაბამის დადგენილებას.
_ ე. ი., დაზარალებულებზე ზუსტი მონაცემები და სიებიც პროკურატურას ჰქონდა?
_ დიახ.
_ თქვენი აზრით, თბილისის საკრებულომ და მერიამ მთავარ პროკურატურას რატომ არ მიმართა?
_ ალბათ, იმიტომ, რომ პრობლემის ლოკალურად მოგვარებას (იმ დროისთვის არსებული პროტესტის შეწყვეტას) შეეცადნენ, სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, ყველა დაზარალებული ერთსა და იმავე მდგომარეობაში რატომ არ ჩააყენეს და ერთჯერადი დახმარება ყველა მათგანზე რატომ არ გასცეს?
_ ხანძრიდან ორი წელი გავიდა. გამოძიებამ თუ დაადგინა, რეალურად, რა მოხდა, _ დაუდევრობა იყო თუ შენობა ვინმემ განზრახ დაწვა?
_ დიახ, 30 იანვარს ორი წელი გადის, მაგრამ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა, თუ რამ გამოიწვია ხანძარი _ წინასწარ განზრახვამ თუ შემთხვევითობამ? ანუ დღემდე არ ვიცით, დაიწვა თუ დაწვეს სავაჭრო ცენტრი და ამდენი ადამიანის ქონება.
სამაგიეროდ, გამოძიებამ დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრში არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და სწორედ ამ ეპიზოდში აქვს ბრალი წაყენებული სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს. ბრალის ფარგლებში საქმის განხილვა უკვე რამდენიმე თვეა, ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს და განაჩენს ველოდებით.
_ მახსოვს, თავის დროზე, დაზარალებულები არ გამორიცხავდნენ, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად შესაძლოა, ევროსასამართლოსთვის მიემართათ. ეს ალბათობა ისევ არსებობს?
_ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას გამოვიყენებთ და ყველა უფლებამოსილ სუბიექტს მივმართავთ ამ ადამიანების უფლებების დასაცავად, მათ შორის, ყველა სადავო საკითხზე წავალთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუ დავინახავთ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს დაზარალებულების უფლებების დაცვას ქვეყნის შიგნით.
სხვათა შორის, ერთ-ერთ საქმეზე უკვე გავხდით იძულებულნი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საჩივარი გაგვეგზავნა.
_ ეს რომელი საქმეა?
_ ალბათ გახსოვთ დაზარალებულების რამდენიმეთვიანი პროტესტი საქართველოს მთავარ პროკურატურასთან. მაშინ ეს ადამიანები გამოძიების დროულ დასრულებასა და პასუხისმგებელი სუბიექტების გამოვლენას ითხოვდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იმხანად „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის გაჩენიდან 10 თვე იყო გასული, პროკურატურამ საქმე ეფექტიანად და სწრაფად მაინც ვერ გამოიძია. სწორედ ამიტომ, დაზარალებულები აქციით აპროტესტებდნენ პროკურატურის უმოქმედობას და საქმის სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას მოითხოვდნენ. ბოლოს, დაზარალებულებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ კარავი გაეშალათ და ამ ფორმით გაეგრძელებინათ პროტესტი. დაზარალებულები მჯდომარე აქციის გამართვას აპირებდნენ, მათი მხრიდან კარვის გაშლა კი კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგებოდა და პროტესტის გამოხატვის ფორმაში სრულად ჯდებოდა, შესაბამისად, არც უნდა აღეკვეთათ. მით უფრო, რომ ერთი პატარა კარავი უნდა დაედგათ, რომელიც არც ერთი კანონის მოთხოვნას და არც ვინმეს უფლებას არღვევდა.
ყველაფერ ამის მიუხედავად, შსს-ს თანამშრომლებმა დაზარალებულებს ამის უფლება არ მისცეს და უკვე გაშლილი კარავი, პრაქტიკულად, გაიტაცეს, რა დროსაც ერთ-ერთი დაზარალებული დაზიანდა _ ის კლინიკაში გადაიყვანეს. შსს-ს თანამშრომლების ეს ქმედება სასამართლოში გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ, დაზარალებულებისთვის აზრის გამოხატვისას ხელი არ შეეშალათ და კარვის განთავსების ნება დაერთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი კანონის სრული დაცვით მოქმედებდა და მიუხედავად იმისა, რომ ვერც შსს-მ დაასაბუთა, თუ რა იყო უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, ლეგიტიმური მიზანი და ამ უფლებაში ჩარევით რა სიკეთე გადაარჩინეს, არც ერთმა ინსტანციამ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს განჩინების შემდეგ იძულებული გავხდით, ევროსასამართლოსთვის მიგვემართა.
_ ისე, ჩვენი ხელისუფლება კარვებთან ბრძოლაში დაოსტატებულია _ კარვების გაშლის უფლებას კარგა ხანს არც შვილმოკლულ მამებს აძლევდა.
სხვათა შორის, დაზარალებულებმა არაერთი აქცია ივანიშვილის სახლთანაც გამართეს. მარიკა, თქვენ, როგორც ადვოკატი, რას ფიქრობთ, ივანიშვილი ამ ხანძართნ რა კავშირშია, ანუ ხალხი მისგან რას ითხოვს?
_ ბევრს ჰგონია, რომ ეს ადამიანები ივანიშვილისგან ან ხელისუფლებისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ, მაგრამ ასე არ არის. ამ არასწორ ინფორმაციას განზრახ ავრცელებდნენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ, რათა დაზარალებულების მიმართ სოლიდარული არ ყოფილიყო. სინამდვილეში, ეს ადამიანები ითხოვდნენ და დღემდე ითხოვენ სწრაფ მართლმსაჯულებას, ანუ გამოძიებისა და სასამართლო პროცესების დროულ დასრულებას.
რაც შეეხება ზიანს, ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ სავაჭრო ცენტრისგან.
სწორედ იმიტომ, რომ დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილს იმ დროისთვის სახელმწიფოს არაფორმალურ მმართველად მიიჩნევდნენ, მისთვის ხმის მიწვდენას ცდილობდნენ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დაზარალებულების პრობლემა გაეთავისებინათ და მათთვის ყურადღება მიექციათ, ხელისუფლება სრულიად ინდიფერენტული იყო. არასდროს დამავიწყდება, რა ხდებოდა დედაქალაქის ამჟამინდელი მერის, კახი კალაძის წინასაარჩევნო პერიოდში _ როდესაც ეს ხალხი ყურმოკვრით გაიგებდა, რომ კონკრეტულ უბანში აპირებდა მერობის კანდიდატი კალაძე მისვლას და მოსახლეობასთან შეხვედრას, თავად მიდიოდა, რომ პირადად შეხვედრა მოეხერხებინა, მაგრამ „ოცნების“ აქტივისტები, როგორც კი დაზარალებულებს დაინახავდნენ, საშინელ სიძულვილს აფრქვევდნენ, ამ გაუბედურებულ ხალხს დასცინოდნენ და ეუბნებოდნენ, ეს ჩვენი უბანია და აქ რატომ ხართო? იქვე ერთმანეთს ეტრაბახებოდნენ, _ ხომ მაგრად ვეჩხუბეო და ა. შ. შეხვედრის დასრულების შემდგომ კი ვითომ იმ უბნების მცხოვრებელები ჩასხდებოდნენ მანქანებში და წავიდოდნენ. დაზარალებულების მიმართ ასეთი უსამართლობის ფონზე, საღამოს სოციალურ ქსელში, კანდიდატის გვერდზე, ლამაზი სურათები იდებოდა ისე, ვითომც არაფერი მომხდარიყო.
მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ადამიანები არიან გმირები, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის და ამ ბრძოლაში არიან მარტო, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე, არადა, მათ ეს ძალიან სჭირდებათ.
_ ერთია კომპენსაცია, მეორეა დაუსჯელობის განცდა _ საბედნიეროდ, ბოლო თვეებში მასშტაბური ხანძარი აღარ ყოფილა, მაგრამ მომხდარზე პასუხი არავინ უნდა აგოს? „ბავშვთა სამყაროს“ ხანძარზე გამოძიება რა ეტაპზეა და, თქვენ, როგორც ადვოკატს, ხომ არ გაქვთ განცდა, რომ სამართალდამცველები რეალურ დამნაშავეს ან დამნაშავეებს ხელს აფარებენ?
_ მართალია, ბოლო თვეებში მსგავსი უბედურება არ მომხდარა, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს, რამდენი ბაზრობა გადაიწვა. რომელიმე შემთხვევა გახსენდებათ, როცა გამოძიებამ რამე დაადგინა ან ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისრა? ეს, ალბათ, ჩვენი სამწუხარო რეალობაა, როდესაც ამხელა უბედურება ხდება, როდესაც ამდენი ადამიანის ქონება ნადგურდება და ამაზე პასუხისმგებელი არასდროს არავინ არის.
ასე მოხდებოდა „ბავშვთა სამყაროს“ შემთხვევაშიც, რომ არა ამ ადამიანების უდიდესი ბრძოლის უნარი, თუმცა არც ჩვენს საქმეზე აქვს გამოძიებას დადგენილი _ დაწვეს თუ დაიწვა ქონება?! თუ დაწვეს, ვინ დაწვა და რატომ?
ერთადერთი, რაც გამოძიებამ დაადგინა, ის არის, რომ სავაჭრო ცენტრში არ იყო დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.
ხანძრიდან პირველ დღეებში სამართალდამცველებიც გულგრილად იქცეოდნენ. რამდენიმე დაზარალებული იმასაც ამბობდა, გამოკითხვისას ხელს გვაწერინებენ, რომ პრეტენზიები არ გვაქვსო. თუმცა როდესაც სამართლებრივი ბრძოლა დავიწყეთ და, პარალელურად, დაზარალებულების პროტესტი მიმდინარეობდა, საქმე ჯერ ქალაქის პროკურატურას, ბოლოს კი მთავარ პროკურატურას გადაეცა.
ამჟამად სავაჭრო ცენტრის ქონება (მიწა, სადაც სავაჭრო ცენტრი იყო განთავსებული) დაყადაღებულია და როგორც გითხარით, წარდგენილი ბრალის ნაწილში სასამართლოს განაჩენს ველოდებით, რის შემდეგაც დავას ზიანის ანაზღაურებაზე გავაგრძელებთ.
_ სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება დაზარალებულებისთვის რეალური შეღავათია?
_ დაზარალებულების ზიანი გაცილებით დიდია, ვიდრე ეს ერთჯერადი დახმარებაა. შესაბამისად, ეს რეალური შეღავათი ვერ იქნება. ამ ადამიანების პრობლემების დიდი ნაწილი მას შემდეგ მოგვარდება, რაც ზიანი ანაზღაურდება.
იცით, რატომ ვამბობ, პრობლემების დიდი ნაწილი-მეთქი? _ იმიტომ, რომ ამ ადამიანების ნაწილმა, საბანკო ვალდებულებების ფარგლებში, უკვე დაკარგა საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ვეღარ დაიბრუნებს. ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ დახმარებას, არაერთხელ მივმართეთ ეროვნულ ბანკსაც, რომ რეალური საშეღავათო პირობები დაწესებულიყო. პირადად მე წერილობით მივმართე თითოეულ გამსესხებელს, მაგრამ, სამწუხაროდ, საბანკო-საკრედიტო ვალდებულებების ნაწილში რეალური შეღავათები არ გაუწევიათ, ერთი-ორი ინდივიდუალური გამონაკლისის გარდა. არადა, საბანკო სისტემისთვის ეს მძიმე ტვირთი არ იქნებოდა.
_ არსებობს იმის შანსი, რომ თბილისის მერია და საკრებულო სასამართლოს არ დაემორჩილოს და თუ მოვლენები ასე განვითარდა, დაზარალებულები საკუთარ უფლებებს როგორ დაიცავენ?
_ ამ ეტაპზე მერიასა და საკრებულოს კიდევ აქვს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. თუ ამ უფლებას გამოიყენებენ, მაშინ კიდევ რამდენიმე თვე დატოვებენ ამ ხალხს დახმარების გარეშე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, აპელაციისა თუ კასაციის ეტაპზე, როდესაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, იგი აღსრულდება. თუ არადა, მაშინ იძულებითი აღსრულების გზით მოგვიწევს წასვლა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით ამოვიღებთ თანხას.
ვვარაუდობ, რომ აღსრულება არ დაგვჭირდება და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მუნიციპალიტეტი დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებს.
_ 3 ათასი ლარი ზარალის შესატყვისი თანხაა?
_ რა თქმა უნდა, არ არის. ამ ადამიანებს გაცილებით დიდი ზიანი მიადგა და თითოეულს განსხვავებული ოდენობა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს ადამიანები მერიასა და საკრებულოს არ ედავებიან ზიანის ანაზღაურებას, მათთან დავა გვაქვს ერთჯერად დახმარებაზე.
_ დღეს ეს მოვაჭრეები სად საქმიანობენ?
_ დაზარალებულთა ნაწილმა სხვადასხვა ბაზრობაზე გააგრძელა საქმიანობა, ნაწილი იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო, ნაწილი კი უმუშევარი და შესაბამისად, შემოსავლის გარეშე დარჩა. არადა, ეს ადამიანები იყვნენ თვითდასაქმებულები, ასე არჩენდნენ საკუთარ თავებს, ოჯახებს და სხვა ადამიანებსაც ასაქმებდნენ. ცხოვრობდნენ ისე, რომ სხვისი დახმარება არ სჭირდებოდათ, მაგრამ, ერთ დღესაც, მათგან დამოუკიდებელი მიზეზით, მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა და ძალიან დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
_ დაზარალებულებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან რამდენიმე დღის წინათაც გამართეს აქცია და დამნაშავეთა დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს. ხალხის ვერსიით, მომხდარში ვინ არის დამნაშავე?
_ ხალხში ვერსიები არის, თუმცა ამ ვერსიებზე საუბრისგან თავს შევიკავებ.
_ საერთოდ, ხანძრებსა და სხვა მსგავს მოვლენებზე, რომლითაც ხალხი ზარალდება, ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს?
_ ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა იმაზე უნდა აიღოს, რომ კანონი სრულდებოდეს. ხანძრების მაგალითზე თუ განვიხილავთ, გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს _ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმებს და ასევე სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების ვალდებულებას აწესებს, რომ ობიექტებზე ასეთი ნორმების არსებობა შეამოწმონ. თუ აღმოჩნდება, რომ სადმე რამე არ არის წესრიგში, აკონტროლოს უწესრიგობის დროული აღმოფხვრა.
შესაბამისად, თუ ვიწრო ჭრილში განვიხილავთ, ბუნებრივია, კერძო პირებს შორის ურთიერთობებით წარმოშობილ ზიანზე სახელმწიფო პასუხისმგებელი არ არის, მაგრამ, ფართო გაგებით, სახელმწიფო პასუხისმგებელია, უზრუნველყოს კანონის მოქმედება, კონტროლი, აღსრულება, დროული გამოძიება და სხვ.
ყველაფერ ამას რომ სახელმწიფო ჯეროვნად ასრულებდეს, გაცილებით უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებდით!

გიორგი აბაშიძე