„რაც დეკემბერში ვნახეთ, ეს იყო სრული დაბნეულობა და ქაოსი“

H1N1 ტიპის ვირუსი საქართველოშიც ელვის სისწრაფით ვრცელდება. გარდაცვლილთა რაოდენობამ გასულ წელს პიკს მიღწია და მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე დაავადებამ ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა“, _ ამბობს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე.

რა ხარვეზები არსებობს ჯანდაცვის პოლიტიკაში და ხვდება თუ არა მომზადებული თებერვალ-მარტში გრიპის ვირუსის მოსალოდნელი აფეთქების მომდევნო ტალღას საქართველოს მთავრობა?

„ქრონიკა+“-ს სერგო ჩიხლაძე ესაუბრება:
_ ბატონო სერგო, თქვენ მწვავედ გააკრიტიკეთ საქართველოს მთავრობა. რატომ ფიქრობთ, რომ ვირუსული გრიპის სეზონს ჯანდაცვის სამინისტრო მოუმზადებელი შეხვდა?
_ მსგავსი სეზონური გრიპის შემოტევებისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს და მზადება, ბუნებრივია, უნდა ხდებოდეს სეზონური გრიპის დაწყებამდე. რაც დეკემბერში ვიხილეთ, ეს იყო სრული დაბნეულობა და ქაოსი, როგორც მოსახლეობაში, ასევე _ ჯანდაცვის სისტემაში. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა საჭირო ვაქცინებისა და ანტივირუსული წამლების მარაგი. „ტამიფლუ“ ხელმიუწვდომელი იყო ან გაორმაგებულ ფასად იყიდებოდა და მთავრობის გადაწყვეტილება _ ანტივირუსული წამალი გაცემულიყო უფასოდ, განხორციელდა მაშინ, როდესაც ვირუსის გავრცელების პიკი დაბლა წამოვიდა. სამი კომპონენტი რომ ავიღოთ, _ პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, _ ჩვენს ქვეყანაში ყველა ეს პროცესი წარიმართა სერიოზული ხარვეზებითა და ჩავარდნით. სამინისტროს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, _ რას აკეთებს ასეთ პერიოდებში? ეს სტრატეგია 2009 წელს შემუშავდა. რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება დახვეწა. არ ვარ დარწმუნებული, ჯანდაცვის სისტემაში ზუსტად იცოდნენ ასეთი სტრატეგიის არსებობის შესახებ. სახელმწიფო გვეუბნება: გვაქვს 41 000 ვაქცინა და კიდევ 15 000 მოგვაწოდა კერძო სექტორმა. ჯამურად _ 56 000 ვაქცინა. ეს მარაგი საკმარისია საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2%-ზე ნაკლებისთვის.
გადავხედოთ სხვა ქვეყნებს: ამერიკის შეერთებულ შტატებში სეზონური გრიპისთვის მზადება გაცილებით ადრე დაიწყო და, შესაბამისად, 160 მილიონ ვაქცინაზე მეტი შეიძინეს, რაც მათი მოსახლეობის თითქმის 60%-ზე მეტისთვის საკმარისია. საქართველოში კი ვნახეთ გადავსებული ამბულატორიები, ერთმანეთში ირეოდნენ დავირუსებული და ჯანმრთელი ადამიანები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, _ ეს არის სამედინო პერსონალის ვაქცინაცია და მომზადება. აქაც სრული ჩავარდნა იყო. სამედიცინო პერსონალის დატრენინგება და გადამზადება არ მომხდარა.
_ თებერვალ-მარტში კიდევ გველის სეზონური გრიპის ახალი ტალღა. პარალელურად გააქტიურებულია წითელას ვირუსიც. რა უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ?
_ სეზონური გრიპების აფეთქებას ტალღური მიმდინარეობა ახასიათებს და თუ სტატისტიკას დავუბრუნდებით და წარსული წლების გამოცდილებას გავიზიარებთ, გეტყვით: თებერვალ- მარტის ვირუსული გრიპის აფეთქება, სავარაუდოდ, იმაზე მეტი არ იქნება და არც იმაზე უარესი, რაც უკვე დეკემბერში დაფიქსირდა. მოსახლეობამ და მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ან საქართველოს ჯანდაცვის უწყებებმა გასცა.
სკოლებში, ბაღებში, სასწავლებლებში, სადაც დახურული სივრცეა და თავშეყრის მეტი ადგილია, პროფილაქტიკისთვის ძალიან მარტივი ღონისძიებები უნდა გატარდეს: ოთახის, შენობის განიავება, რეკომენდებულია ხელის ხშირად დაბანა, ასევე ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ გარკვეული პასუხისმგებლობა და თუ მათ გრიპის ნიშნები აქვთ, რასაც ჩვენ გაციებას ვეძახით, ასეთ შემთხვევაში არაფერი დაშავდება, თუ სახლში დარჩებიან. ზოგადი ღონისძიებები უნდა დავიცვათ, თუმცა ყველაზე ეფექტიანი მაინც ვაქცინაციის ჩატარებაა. განსაკუთრებით ეს ეხება რისკ-ჯგუფებს (ორსული ქალები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, 18 წლამდე დიაბეტის მქონე ბავშვები, c პეპატიტის მკურნალობაზე მყოფი ადამიანები, და სხვ.)
სახელმწიფომ აქტიური კამპანია უნდა გაატაროს. კამპანია არ გულისხმობს, მინისტრი ან რომელიმე მაღალჩინოსანი გამოვიდეს ტელევიზიით და განცხადება გააკეთოს, რომ აუცილებლად უნდა აიცრან. საინფორმაციო კამპანია არის მიზანმიმართული მუშაობა! განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებთან, ეს ექიმები კი ავტომატურად უკვე მუშაობენ თავიანთ პაციენტებთან და საჭიროებები უნდა გამოვლინდეს აუცრელ ადამიანებსა ან ოჯახებზე. სამწუხაროდ, პირველადი ჯანდაცვა სრულიად გაუმართავია ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი ეს არის კომპლექსური ღონისძიებები, რომელიც მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში არ უნდა იწყებოდეს.
_ ოპონენტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გპასუხობთ, რომ წინა წლებში საერთოდ არ ხდებოდა მოსახლეობის გრიპზე ვაქცინაცია. მისი თქმით, 2013 წლის შემდეგ დღევანდელი ხელისუფლება მოსახლეობას დიდი რაოდენობით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას სთავაზობს. ასევე 2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებულო გახდა, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში აცრების მიმართ გარკვეული შიშია.
_ დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მთავარი პრობლემა არის მისი პოლიტიკა და ის ხალხი, ვინც ამ პოლიტიკას განაგებს. ახლანდელ პრობლემებზე ვსაუბრობთ და სულ არ მაინტერესებს, რა ხდებოდა წინა ან იმის წინა მთავრობების დროს! არც ერთი მთავრობის წევრი არ ვყოფილვარ, მაგრამ ოპონენტებს 2003-2012 წლების ზოგიერთ მიღწევებს შევახსენებ ჯანდაცვაში:
• ჯანდაცვის დაფინანსება ბიუჯეტიდან გაიზარდა 380%-ით 74 მლნ დოლარიდან (2003) 281 მილიონ დოლარამდე (2012);
• თითქმის 700%-ით გაიზარდა სამედიცინო სექტორში დასაქმებულების ხელფასი _ 76 ლარი 2003 წელს და 712 ლარი 2012 წელს.
• მოეწყო და მოწესრიგდა სამედიცინო ინფრასტრუქტურა. განახლდა და აღიჭურვა უახლესი აპარატურით 150-ზე მეტი კლინიკა. სამედიცინო ინფრასტრუქტურის გასაახლებლად მოზიდულია 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია;
• ორჯერ შემცირდა 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა (24,9-2000, 13-2013);
• ორჯერ შემცირდა დედათა სიკვდილიანობა (49,2 2000 წელს და 22,9 2012-ში);
• ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მფლობელთა რიცხვი გაიზარდა 40 000-დან 450 000-მდე (ათჯერ);
• მწყობრში ჩადგა და მოწესრიგება დაიწყო სავალდებულო აცრების სიტემამ. დაინერგა იმ დროისთვის ინოვაციური შეტყობინების სისტემა აცრების შესახებ სატელეფონო შეტყობინებების სახით;
• პირველად საქართველოში დაინერგა ჯანდაცვის სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა, რომლითაც 2012 წლის ბოლოსთვის უკვე მოცული იყო 900 000-მდე ადამიანი.
რომ არა ეს წინსვლა, ვერც ერთი დღეს არსებული სამედიცინო პროგრამა ვერ იარსებებდა. ყველას გვახსოვს 90-იანი და 2000-იანი წლების დასაწყისში დანგრეული საავადმყოფოები, პალატებში მორბენალი ვირთხები, სიცივე, სამედიცინო მასალების კრიტიკული დეფიციტი, აპარატურის არარსებობა და „გაყინული ხელფასები“. ვსვამ კონკრეტულ კითხვებს: რა მდგომარეობაშია მარაგები და რა მზაობა გვაქვს? ზუსტად ვიცი, რა მზაობა იყო 10 წლის წინათ ღორის გრიპის შემოტევის დროს: 2009-2010 წლების ანგარიშებს გადავხედე და მარაგები ასეთი იყო: სამინისტროს მიერ შესყიდული ოსელტამივირ ფოსფატი (დაუფასოებელი ფხვნილის სახით) _ 105 000 სამკურნალო დოზა, რელენზა (ზანამივირი) _ 26 470 სამკურნალო დოზა, WHO-ს მიერ გადმოცემული ტამიფლუ _ 20 000 კოლოფი (სამკურნალო დოზა); პრეპარატების გაცილებით დიდი მარაგი იყო შესყიდული, ვიდრე დღეს _ 10 წლის შემდეგ.
ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ პრობლემაზე, არ ვამბობთ,რომ დღესვე ისეთი ჯანდაცვის სისტემა უნდა გვქონდეს, როგორიც აქვს ფინეთს, ნორვეგიას ან საფრანგეთს. ბუნებრივია, ვერ გვექნება. მილიარდ ლარზე მეტი მარტო ჯანდაცვაზე იხარჯება და თუ ჯანდაცვის სამინისტროს ავიღებთ, საერთო ჯამში, 4 მილიარდამდე იხარჯება! ეს ქვეყნის ბიუჯეტის 35%-ია.
_ შევეხოთ საყოველთაო ჯანდაცვას. ერთი შეხედვით, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი ადამიანი პოზიტიურად უყურებს მთავრობის მიერ შემოთავაზებულ აღნიშნულ პროგრამას, თუმცა, წლებთან ერთად, პრობლემებმაც იჩინა თავი. კონკრეტულად რა ხარვეზები დაინახეთ და რატომ ფიქრობთ, რომ მთავრობის ეს ინიციატივა ჩავარდა?
_ ეს არ არის საყოველთაო დაზღვევა კლასიკური გაგებით. ვისაც სამედიცინო სფეროსთან ურთიერთობა აქვს, მიხვდება, რომ სულ საყოველთაო ჯანდაცვა სხვა რამეს გულისხმობს. „საყოველთაობას“ „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ მიერ საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნები აქვს. პირველივე დღიდან ცხადი იყო ჯანდაცვის პროგრამაში ფინანსური ხარვეზები. გამოყოფილი ბიუჯეტი ყოველ წელს არსაკმარისი გახლდათ. 2013 წელს 40 მილიონი გადაიხარჯა, შემდეგ _ 70, მერე _ 105 და შარშანაც, დაახლოებით, 40 მილიონით გადაიხარჯა. არ ხდება ზუსტი გაანგარიშება და, სამწუხაროდ, სამინისტრო შემდეგი პრინციპით მოქმედებს: თუ დააკვირდებით, ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტი იზრდება იმდენით, რამდენიც დააკლდათ წინა წელს. ფიქრობენ, თუ წელს 100 მილიონი დამაკლდა, მომდევნო წელს გავზრდი და მეყოფა. არ გეყოფა, რადგან მთავარ პრობლემას ვერ ხედავ და ის აუცილებლად შეგახსენებს თავს. ეს პრობლემები არის: პირველადი ჯანდაცვის გაუმართაობა; პროგრამების არასწორი დიზაინი და დაგეგმარება; ცუდი ფინანსური და პროგრამული მენეჯმენტი; ელექტრონული ჯანდაცვის გაუმართაობა და კონკურენტული სადაზღვევო სქემების არარსებობა. პროგრამა ეტაპობრივად უნდა ფართოვდებოდეს და იხვეწებოდეს. ის წლიდან წლამდე სულ უფრო იზღუდება და სერვისები იკლებს. 2017 წლის ცვლილებების შემდეგ მილიონ-ნახევარზე მეტი დაბალშემოსავლიანი მოქალაქე საერთოდ ამოვარდა ამბულატორიული სერვისებით სარგებლობიდან. აღარაფერს ვამბობს სერვისების ხარისხზე, სახელმწიფოს მხრიდან რამდენიმეთვიან დავალიანებებზე სამედიცინო დაწესებულებების მიმართ და სხვა პრობლემებზე.
_ c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა კიდევ ერთ გამარჯვებად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა აღნიშნული პროგრამის მიმართაც არსებობს კითხვის ნიშნები. კონკრეტულად, რა ხარვებზე მიანიშნებთ?
_ c ჰეპატიტის პროგრამა ძალიან კარგია. თუმცა ამ პროგრამაში სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს დამსახურება არის ნული. ეს პროგრამა სრულად დააფინანსა და მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ, ასევე ამერიკულმა კომპანია „გილეარდმა“. ქართული მხარის ერთადრთი ვალდებულება არის პაციენტების მოძიება და აღნიშნულ პროგრამაში მათი ჩართვა. სამწუხაროდ, სწორედ ამ ვალდებულებაში არის სერიოზული ჩავარდნა, რადგან სათანადოდ ვერ სრულდება პროგრამით გათვალისწინებული პირობები. რას გულისხმობს c ჰეპატიტის ელიმინაცია? ელიმინაციას რომ მიაღწიო, ფაქტობრივად, უნდა დაამარცხო ეს ინფექცია და აღმოფხვრა იგი. ამისთვის საჭირო იყო, 120 000 ადამიანს ემკურნალა. სამ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც პროგრამა დაიწყო და 50 000-ზე ცოტა მეტი ადამიანი ჩაერთო პროგრამაში. პროგრამის მიხედვით სახელმწიფომ 2020 წლამდე უნდა უზრუნველყოს კიდევ 70 000 ადამაიანის მკურნალობა. ეს რომ ვეღარ მოესწრება, უკვე გასაგებია. ვერ მოხერხდა გამოვლენა და მკურნალობაში ადამიანების ჩართვა. სწორედ ეს იყო საქართველოს ვალდებულება. თავისთავად, პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე საჭიროა და ბევრმა ადამიანმა ისარგებლა მისით. ეს უდავოდ მიღწევაა, თუმცა პროგრამული ინდიკატორები, რაზედაც ჯანდაცვის სამინისტროა პასუხისმგებელი, ვერ სრულდება და თანხებიც აუთვისებელი რჩება. შეგახსენებთ ასევე წინა წელს 2000 სამკურნალო დოზის გაფუჭებისა და ვადის გასვლის ფაქტს. ამ თემაზე გამოძიებაც კი დაიწყო. არ დაგვავიწყდეს, რომ 1 სამკურნალო დოზის ღირებულება, დაახლოებით, 80 000 ამერიკული დოლარია.
_ წამლების ფასები მტკივნეული საკითხია ჩვენი მოსახლეობისთვის. თქვენი შეფასება როგორია, საქართველოში რატომ ღირს უფრო ძვირი მედიკამენტები სხვა ქვეყნებთან შედარებით?
_ მედიკამენტების ფასები, მეზობელი ქვეყნებისგან გასხვავებით, ჩვენთან გაცილებით მაღალია. აქტიური გამოყენების მედიკამენტებზეც, ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებითაც კი, სადაც უფრო მაღალი ცხოვრების დონეა და ფასებიც მაღალია, საქართველოში რეკორდულად დიდი ფასებია. არაფერს ვამბობ მეზობელ თურქეთზე, სადაც ძალიან ბევრი მედიკამენტი ორჯერ და სამჯერ უფრო იაფი ღირს.
ჩვენთან არ არსებობს წამლის პოლიტიკა. წამლისა და ფასების პოლიტიკა არ გულისხმობს ბიზნესზე რაიმე სახის ზეწოლას, როგორც ამას ზოგჯერ ოპონენტები განმარტავენ. ევროკავშირის ნებიმისერ ქვეყანაში არსებობს მედიკამენტებზე ფასის განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდი. მარტივად რომ ვთქვათ 5 ლარი თუ გიჯდება წამლის წარმოება ან შემოტანა, სახელმწიფო არ გაძლევს უფლებას, 50 ლარად გაყიდო. ჩვენთან გარკვეულ წამლებზე ფასნამატი არის 400-500%-ის მოგებით. ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში ხდება. ბოლო კვლევით ევროპაში ყველაზე დიდი საშუალო ფასდანამატი 40%-ია, საქართველოში კი 100%-ზე მეტი დაფიქსირდა. არ მგონია, რომელიმე ევროპული ფარმაცევტული კომპანია წუწუნებდეს, რომ სახელმწიფო რეგულაციები ახრჩობს და ბიზნესს კლავენ. საქართველოში როგორც კი ახსენებ მედიკამენტების პოლიტიკას ფასებთან დაკავშირებით, ფარმაცევტული კომპანიები მაშინვე აცხადებენ, _ ეს არის ბიზნესში ჩარევა! საქართველოში ფარმაცევტულ კომპანიებზეა მორგებული ყველაფერი და, ბუნებრივია, ამას სერიოზული ლობისტები ჰყავს მთავრობასა და პარლამენტში… წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, გაურკვეველი იქნებოდა, ამდენი წელი რატომ ვერ წყდება საკითხი. აუღებელი ციხე-სიმაგრეა აღნიშნულ სფერო. ეს არის ვერტიკალური მონოპილიები, როდესაც ერთი მფლობელობის ქვეშ არის ბანკი, წარმოება, დისტრიბუცია, კლინიკები, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიები. რასაკვირველია, ასეთ პრობლემებთან ბრძოლა და მათთან დაპირისპირება სახელმწიფოს კეთილი ნების პირობებშიც საკმაოდ ძნელი იქნება.
_ ექიმების კვალიფიკაცია და განათლების ხარისხი პაციენტებისთვის საფრთხედ იქცა საქართველოში. თითქმის არ არსებობს რესერტიფიცირების სისტემა. რა ძირეული ცვლილებები და რეფორმებია გასატარებელი სამედიცინო პერსონალზე, რომელსაც ჩვენს სიცოცხლეს ვანდობთ?
_ როცა ვსაუბრობთ ექიმების კვალიფიკაციაზე, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. რესერტიფიცირებაში იგულისხმება დიპლომის შემდგომი უწყვეტი განათლება მედიცინის სფეროში. რესერტიფიცირება 2007 წელს გაუქმდა. იმ ფორმით, რაც არსებობდა, ის ნამდვილად გასაუქმებელი იყო, რადგან ფორმალური გახლდათ. ზოგი 50 ლარს ჩაუკუჭავდა ჯიბეში ვიღაცას და სერტიფიკატს მისცემდნენ. უკეთეს შემთხვევაში იყო 200-300 ტესტი, დაიზეპირებდი და ხელში გეჭირა სერტიფიკატი. 10 წელზე მეტი გავიდა, რაც გაუქმდა და არაფრით არ ჩანაცვლებულა. შეიძლება, იყო კარგი სტუდენტი, წარჩინებით დაამთვრო უნივერსიტეტი და დიპლომიც მიიღო, მაგრამ როდესაც უნივერსიტეტი 10-20 წლის წინათ დაამთავრე და მის მერე არც ერთი კურსი არ გაგივლია, წარმოდგენა არ გაქვს ახალ მეთოდებზე _ ეს უკვე კატასტროფაა. მედიცინა ბოლო ათ წელიწადში ძალიან სწრაფად განვითარდა. ამბულატორიაზე როცა ვსაუბროთ, შარშანწინდელი აუდიტის დასკვნის მიხედვით, ექიმების 26%-ს საერთოდ არანაირი გადამზადება არ გაუვლიათ. წარმოიდგინეთ, 20 წლის წინ აიღო დიპლომი და იმის შემდეგ წიგნი აღარ გადაუშლია. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება. ჩვენ ძალიან კარგი ექიმები გვყავს, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. კვალიფიკაციის ამაღლების, სწორი სისტემის აწყობისა და სწორი ინფრასტრუქტურის გამართვის შემთხვევაში, გვაქვს შანსები და შესაძლებლობა, რეგიონის ჯანდაცვის ჰაბი გავხდეთ. მთავარ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, გავიმეორებ, რომ აუცილებელია ექიმების დიპლომის შემდგომი სავალდებულო განათლების დანერგვა. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მეთოდით: ქულების დაგროვებით, სემინარებზე დასწრებით, პერიოდულად გამოცდების ჩაბარებით, კონფერენციებზე დასწრებით, ნაშრომების გამოქვეყნებით… შეფასების მეთოდოლოგია სხვადასხვაა და შესაძლებელია შეჯერება. როდესაც ეს ვალდებულება გაჩნდება და ექიმს მოტივაციას აუმაღლებ, რომ მეტი წაიკითხოს, მეტ სემინარს დაესწროს, ახალი მეთოდების შესახებ გაიგოს და იგი პრაქტიკაში გამოიყენოს, მეორე მხრივ, ეს სიახლე დამსაქმებელსაც აიძულებს, ხელი შეუწყოს მასთან დასაქმებულ პერსონალს დიპლომის შედგომი განათლების მიღებაზე.

ლევან ქემოკლიძე