საზოგადოების წარმომადგენელთა მილოცვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად გამორჩეულ მიტროპოლიტს, უნეტარეს ეპიფანეს (დუმენკო)

„აჰა, ესერა, რაჲმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკჳდრებაჲ ძმათა ერთად? (ფსალმ. 132,1).
თქვენო უნეტარესობავ, კიევისა და სრულიად უკრაინის ღვთივდაცული ეკლესიის მიტროპოლიტად არჩეულო ეპიფიანე!
დღეს, თქვენთან ერთად, თქვენდამი ქრისტესმიერ მეგობრული, ძმური თუ შვილობრივი სიყვარულით აღვსილნი, ვადიდებთ და ვმადლობთ ყოვლადწმიდა სამებას და გულითადად ვდღესასწაულობთ უკრაინის წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიასა და დამაშვრალი უკრაინელი მრევლის _ „რომელნი სდგათ სახლსა უფლისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა“ (ფსალმ. 134,2), ჩვენი ძმებისა და დების მიერ ნანატრ სულიერ და ადმინისტრაციულ თავისუფლებას! საწყისშივე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სულიერი მართლმკვეთელობა და ზნეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელნი და ობიექტურნი და უყურადღებოდ არ დავტოვოთ მართლმადიდებლურ სამყაროში დაბადებული პოზიტიური ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ძმათა არნახულ ბედნიერებასთან. სულიწმინდის მადლითა და თქვენი დაუცხრომელი მეცადინეობით აღსრულდა და დამტკიცდა საღვთო სამართალი თქვენს ღვთივკურთხეულ მიწაზე იქ, სადაც ჯერ კიდევ ანდრია მოციქულმა, ჩვენმა საერთო განმანათლებელმა და მომაქცევარმა, იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელიც კიევის-რუსის დროს 988 წელს თავადმა ვლადიმირმა განამტკიცა. რომ არა ჟამთა სიავე და ისტორიული ქარტეხილები, ალბათ არ მოხდებოდა კონსტანტინოპოლის შვილობილი კიევის მიტროპოლიის 1686 წლის იძულებითი შეთანხმება მოსკოვის საპატრიარქოსთან, რომელიც, თავის მხრივ, დროებითი აქტი იყო და არა სამარადჟამო, რაც იმ დროის ოფიციალურ დოკუმენტებშიც ხაზგასმით აღინიშნა. ახლა კი, როცა 333-მა წელმა განვლო, სუვერენულ ერსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოში მომწიფდა თვითგამორკვევის პროცესი, რისი ლოგიკური დაგვირგვინებაც აუცილებლად უნდა გამხდარიყო კიევისა და სრულიად უკრაინის დატყვევებული ეკლესიის განთავისუფლება, რაც სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიო საპატრიარქოს გულმოწყალებით (ტომოსის გადმოცემით) იზეიმეთ კიდეც. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი უნეტარესობის _ საპატიო პატრიარქ ფილარეტის (დენისენკო) განსაკუთრებული ღვაწლი და დაუღალავი ბრძოლა თქვენი ხალხის განთავისუფლების საქმეში, რომელსაც უდიდესი პატივისცემითა და ქებით ეკიდება ყოველი ჩვენგანი. ჩვენ, როგორც საქართველოს სამოციქულო ავტეკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის შვილნი, ჩვენივე პროფესიული კეთილსინდისიერების გათვალისწინებით, ვაცხადებთ, რომ ზედმიწევნით ობიექტურად, ღვთივსულიერ კანონიკურ ნორმებთან შესაბამისობაში, სახარებისეული პრინციპების სრული დაცვითა და წმინდა მამათა განწესებით წარიმართა ტომოსის გადმოცემის იურიდიული პროცედურა. ჩვენთვის, ჩვენივე წარსული გამოცდილების შუქზე (როცა 1811 წელს რუსეთის იმპერიამ გაგვიუქმა მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალია), ორმაგად უფრო ნაცნობი და ახლობელია თქვენი ეკლესიის დიდხნიანი ტანჯვა და ტკივილები. 1917 წელს, 106-წლიანი დამცირების შემდეგ, ქართველმა სამღვდელოებამ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გამოაცხადა (აღიდგინა) ავტოკეფალია, რომელსაც იმდროინდელი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არც ერთი ადგილობრივი ეკლესია არ გამოეხმაურა, რამაც, ერთი შეხედვით, ლეგიტიმაციის პრობლემა შექმნა, თუმცა ვერავინ იკადრებს და იტყვის, რომ წმ. კირიონ II მღვდელმოწამის, წმ. ამბროსი აღმსარებლისა და მიტროპოლიტ ლეონიდეს ბრძოლა იყო უსამართლო და უწმინდური. მათ თავიანთი ცრემლით, ოფლითა და სისხლით დაამოწმეს მათივე ბრძოლის ლეგიტიმურობა და მსხვერპლად შეეწირნენ იმპერიალისტური თუ კოლონიალისტური აგრესიის დამპყრობლურ ძალმომრეობას და შიშველი ხელებითა და წმინდა შრომით მოუპოვეს ქართველ ერს საეკლესიო დამოუკიდებლობა. ამდენად, შეუძლებელია გულაჩუყებისა და ძმური აღელვების გარეშე რეტროსპექტულად პარალელი არ გავავლოთ ჩვენსავე ისტორიულ სინამდვილესთან, უახლოეს წარსულთან და იმ უძვირფასეს პერიპეტიებთან, რომლის მეშვეობითაც ჩვენმა სულიერმა თუ ხორციელმა წინაპრებმა საერთო ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სპექტრის კონსოლიდირებული ნებით შეძლეს და გამოაცხადეს (დაიბრუნეს) ავტოკეფალიურობა ივერიის მრავალტანჯული ეკლესიისა. ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, ისე ვგრძნობთ თქვენს მაჯისცემასა და განწყობას. ჩვენც, მსგავსად წმ. კირიონ II-ის სიტყვებისა: „ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია“, ვაფიქსირებთ ჩვენს მოკრძალებულ შეფასებასა და მხარდაჭერას კრემლის იდეოლოგიზებული მანქანის მარწუხებისგან განთავისუფლებაზე და გილოცავთ ერთიანი და გაძლიერებული უკრაინის ეკლესიის ჩამოყალიბებას! გამოვთქვამთ იმედს, რომ სულ მალე საქართველოს ეკლესიაც შეუერთდება ევქარისტიულ ერთობას თქვენს ეკლესიასთან და დაემორჩილება უფლის სიტყვას- „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე. და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ“ (იოანე 17, 21-22). გვიგულეთ თქვენს ერთგულ გულშემატკივრებად. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მეგობრობა და გულთბილობა, ჩვენივე ცხონების შესაძლებლობაა, „რომელსა უყვარდეს ძმაი თვისი იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა“.
ისპოლა ეტი დესპოტა!
მრავალჟამიერ, თქვენს მაღალმეუფებას, ამინ!
პატივისცემით:
გიორგი ტიგინაშვილი, თეოლოგი;
ზვიად ცაბაძე, თეოლოგი;
ლადო ნარსია, თეოლოგი;
ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი;
გოჩა ბარნოვი, თეოლოგი;
გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგი;
დავით თინიკაშვილი, პროფესორი;
ლადო წითლიძე, თეოლოგი;
გიორგი გეგუჩაძე, თეოლოგი;
სანდრო ხაჯალია, თეოლოგი;
ბესარიონ ლიპარტელიანი, თეოლოგი;
ვლადიმერ ჩიქობავა, თეოლოგი;
ოთარ სხილაძე, საღვთისმეტყველო საგნების მასწავლებელი;
გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი;
ბესიკ მაშავა, ქრისტიანული ფილოსოფიის მაგისტრი.