კალაძის საეჭვო რუსული და მაფიოზური კავშირები

მისი პოლიტიკური გემოვნება ისე ირყევა, როგორც ლერწამი. დიახ, თუ კარგად დავაკვირდებით, მთელი ცხოვრება პოლიტიკურ კონიუნქტურას ემორჩილება, ანუ მისთვის მთავარი ღირებულებები არა, მთავარია, თავს კარგად გრძნობდეს. კარგი პოლიტიკური ალღო აქვს. ასე რომ არ იყოს, მაშინ 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიხეილ სააკაშვილის „ფანკლუბის“ წევრი არ გახდებოდა, სულ რაღაც სამი-ოთხის წლის შემდეგ კი, როცა მიხვდა, რომ „ნაციონალების“ სახელისუფლებო გემი იძირებოდა, მაშინდელი ოპოზიციის ბანაკში არ გადახტებოდა და „ოცნების“ გულშემატკივარი არ გახდებოდა.

ამის გახსენება, შეიძლება, არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისის მერის, კახა კალაძის ბეგრაუნდი იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ის მყარი პოლიტიკური პარტნიორი არ არის და თუ დაინახა, რომ მის ბიზნესებს საფრთხე ექმნება, ზავი, შესაძლოა, ეშმაკსაც დაუდოს. სხვანაირად, ალბათ, არ აიხსნება მისი ტრანსფორმაცია _ წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს აქებდა და ადიდებდა, ამის წყალობით მისი ბიზნესიც წარმატებას წარმატებაზე აღწევდა და მოულოდნელად, ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი გახდა.
ადამიანები, რომლებიც კალაძეს იცნობენ, ამბობენ, რომ მისი სახეცვლილება სწორედ ბიზნესის დაკარგვის შიშით არის განპირობებული. რა ბიზნესები აქვს თბილისის მერს და, ზოგადად, როგორ გახდა გავლენიანი პოლიტიკური მოთამაშე ერთი სამტრედიელი ბიჭი?
„ქრონიკა+“ დღეს შეეცდება, კალაძის მინი ბიზნეს-დოსიე შეადგინოს, დოსიე, რომელიც კომპრომატების ნაკლებობას დიდად არ განიცდის.
1978 წლის 27 თებერვალს, როცა კარლო კალაძეს პირველი ვაჟი შეეძინა, ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ გავიდოდა წლები და მისი გვარის გამგრძელებელი ქართული პოლიტიკური და ბიზნესთამაშების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდებოდა. უფროსი კალაძე, რომელიც, თავის დროზე, სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტი იყო, ბევრი-ბევრი, ალბათ, იმას ფიქრობდა, რომ მისი შვილი მამის კვალს გაჰყვებოდა და ფეხბურთელი გამოვიდოდა.
ასეც მოხდა _ 11 წლის კახამ ფეხბურთის თამაში დაიწყო და სამტრედიის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდული გუნდის ფორვარდიც გახდა. ხუთი წლის მერე, 16 წლის კალაძე, თბილისის „დინამოში“ გადადის და ყურადღებასაც იქცევს _ 82-ე საჩემპიონატო მატჩში გოლიც გააქვს. ზოგადად, გოლები კალაძის სუსტი წერტილია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ორი ავტოგოლის ავტორი გახდა.
1998 წელს მომავალი მერი საქართველოსა და იტალიის ნაკრებების შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც ფრედ დასრულდა. (ანგარიში _ 0:0). ზუსტად ეს მატჩი იქცა კალაძის ტრამპლინად _ მისით კიევის „დინამო“ დაინტერესდა და სამტრედიელმა ბიჭმაც დიდი ფულის გემო გაიგო _ 1998 წელს კიეველებმა ის 280 000 ევროდ იყიდეს. კიევის „დინამოში“ 4-წლიანი თამაშის დროს კალაძემ სულ 71 საჩემპიონატო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა, ოღონდ მაშინ ავტოგოლები არ ხიბლავდა და ბურთი, როგორც წესი, მოწინააღმდეგის კარში გაჰქონდა.
ამ და, ალბათ, სხვა ფაქტორების გათვალისწინებითაც, კალაძისადმი ინტერესი ევროპულ ფეხბურთშიც გაჩნდა _ 2001 წელს იგი „მილანმა“ კიევის „დინამოსგან“ 16-მილიონ ევროდ იყიდა. 2002-2003 წლების სეზონზე, „მილანის“ შემადგენლობაში, ის 46 მატჩს ატარებს. ზუსტად ამ დროს „მილანი“ იტალიის თასს და ასევე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგას იგებს. მართალია ფინალში, პენალტების სერიაში, კალაძე პენალტს აფუჭებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, იმ ეტაპისთვის ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
2006 წლის 4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კალაძემ „მილანთან“ კონტრაქტი ხუთი წლით, ანუ 2011 წლამდე გაახანგრძლივა. ამ დროს საქართველოში უკვე „ნაციონალური მოძრაობაა“ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და კალაძეც „ნაციონალების“ მიმდევარია. ამავდროულად, დადის ხმა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს იტალიის მაშინდელ პირველ პირთან, სილვიო ბერლუსკონისთან. იმასაც ამბობენ, რომ სამტრედიელ ბიჭს საქართველოს გარეთ ბიზნესის აწყობაში სწორედ ბერლუსკონი ეხმარება. სხვათა შორის, ის, რომ იტალიის ყოფილ პრემიერს კალაძის მიმართ პოლიტიკური სენტიმენტები ჰქონდა და აქვს, ირიბად 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების მერეც დადასტურდა _ სილვიომ კალაძეს თბილისის მერად არჩევა მიულოცა და ამის შესახებ საგაგებო ნიუსი _ არც მეტი, არც ნაკლები _ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო:
„სატელეფონო საუბრისას სილვიო ბერლუსკონიმ კახა კალაძეს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ იგი თბილისის გამორჩეული მერი იქნება“.
ბურთის თამაშისა და ბიზნესის კეთების პარალელურად, თბილისის მომავალმა მერმა ფოტომოდელობაშიც სცადა ბედი _ საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა მისმა ფოტოებმა მსოფლიო მედია ააჭრელა. მაშინ კალაძეს პოლიტიკური ამბიციები არ ჰქონდა, თორემ ფოტოკამერის წინ უხერხული პოზით პოზიორობისგან, ალბათ, თავს შეიკავებდა, თუმცა ის, რომ კალაძე ერთგვარი მეტროსექსუალია, ახლაც ჩანს _ მოდას ფეხს უწყობს ან ცდილობს, აუწყოს და ხან ვარდებიანი ქურთუკით იმოსება, ხან კუბოკრულ შარვლებს იცვამს და ხანაც ეპატაჟურ ქუდს იხურავს, ანუ კალაძეს უნდა, რომ გავლენიანი პოლიტიკოსიც იყოს და მოდის მოყვარულებიც მას ბაძავდნენ. ეს ხშირად არ გამოსდის, რადგან მისი ჩაცმა-დახურვა სოციალურ ქსელში დიდი განსჯა-განხილვის საგანი ხდება ხოლმე.
ამას გარდა, კალაძე დარწმუნებულია, რომ „იუმორის მეფეც“ არის და ამის დასტურად ერთ-ერთი ბოლო ფრაზა მოჰყავს, როცა ოპოზიციას მთაწმინდიდან გამოქანება შესთავაზა, მაგრამ აქაც ფიასკო განიცადა _ მისმა იუმორმა კრიტიკის ქარცეცხლს ვერ გაუძლო და ბევრმა „გამოქანების ეპიზოდი“ „სიგოიმის მწვერვალად“ აღიქვა, თუმცა ჩვენ ამჯერად ამ კუთხით არ ვაპირებთ მსჯელობას. კვლევის საგანი კალაძის პოლიტიკური კარიერა, უფრო სწორად, ის არის, თუ როგორ იყენებს პოლიტიკას და გავლენიან პოლიტიკურ ფიგურებთან ურთიერთობას პირადი ბიზნესების ასაწყობად.
ერთ-ერთი პირველი, ვინც თავის დროზე თბილისის მერის ბიზნესპარტნიორად დასახელდა, ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი გახლდათ. კალაძე-ნოღაიდელის გადაკვეთის მთავარი წერტილი, საბანკო სექტორის გარდა, ენერგეტიკაც იყო.
მიიჩნევა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კალაძე ზუსტად ამ ნიშნით შეირჩა ენერგეტიკის მინისტრად.
რამდენიმე წლის წინ საინფორმაციო სააგენტო „თაიმერმა“ კალაძე-ნოღაიდელის ბიზნესინტერესების თაობაზე შემდეგი სახის წერილი გამოაქვეყნა _ „გაზპრომი“ „პროგრესბანკს“ ყიდულობს?“, რომელშიც ნათქვამია:
„საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და, ამავე დროს, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ამის თაობაზე მედიაში მწირი ოფიციალური ინფორმაცია გავრცელდა. „ვენაში ჩატარდა მორიგი სამუშაო შეხვედრა „გაზპრომის“ წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის. მოლაპარაკების საგანი არ შეცვლილა და სამუშაო პროცესი მხარეებისათვის მისაღები პირობების შეთანხმების მიზნით გრძელდება“, – ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში, თუმცა „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო ამ შეხვედრის სკანდალურ დეტალებს ჰყვება.
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ, პერიოდულად, ოფიციალური ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე, მაგრამ ის, რაც მე ვიცი, არასოდეს არავის უთქვამს. ახლა, არ ჩამეკითხოთ, თუ საიდან ვიცი, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერი ეს კერძო ინტერესებს უკავშირდება და იცით, ამის თქმის საფუძველს რა მაძლევს? – ამ მოლაპარაკებებში მხოლოდ კალაძე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი კი არა, კერძო პირებიც მონაწილეობენ. ეს კერძო პირები კი ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი და ყოფილი დეპუტატი ლევან პირველი არიან… იმაში ახალი და სკანდალური არაფერია, რომ კალაძესა და ნოღაიდელს ბიზნესინტერესები აკავშირებთ. მათი ურთიერთობა, ჯერ კიდევ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.
კალაძისა და ნოღაიდელის პარტნიორობის სფერო თავიდანვე ენერგეტიკა იყო და, როგორც მსმენია, ისინი „ენერგოპროშიც“ იკვეთებიან. მათ საერთო ინტერესები საბანკო სფეროშიც ჰქონდათ… კალაძე, პრინციპში, ღიად ახდენს იმის აფიშირებას, რომ ბერლუსკონისთან არის დაახლოებული. ცნობილია, რომ ბერლუსკონის რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ნოღაიდელზეც არაერთხელ თქმულა, რომ მის, უკან, შესაძლოა, კრემლის გავლენიანი ფიგურები იდგნენ. თუ ამ კულუარულ ინფორმაციებს გარკვეულ ლოგიკაში მოვაქცევთ, შეიძლება, იქამდე მივიდეთ, რომ მათი დაახლოება სწორედ ჩრდილოეთში მოხდა… არსებობს გარკვეული სიგნალები, რომ რუსულმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ საქართველოში შეიძლება, ერთ-ერთი მოქმედი ბანკის სრული აქტივები იყიდოს. ამ სიგნალების მიხედვით, ეს ბანკი შეიძლება, კალაძე-ნოღაიდელთან ასოცირებული „პროგრესბანკი“ იყოს“, – უყვებოდა მაშინ „თაიმერს“ კონფიდენციალური წყარო.
რაც შეეხება კალაძის საბანკო ვნებებს, ამის თაობაზე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, „აიფაქტმა“ ვრცელი ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2007 წელს კახა კალაძემ „პროგრესბანკი“ დააფუძნა, რომელსაც თავის გარემოცვასთან ერთად 2016 წლის სექტემბრამდე მართავდა. სექტემბერში კი „პროგრეს ბანკის“ აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი „თიბისი ბანკის“ ხელში გადავიდა.
ამავე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „პროგრეს ბანკმა“ თავისი 9-წლიანი ისტორიის მანძილზე, 354,000-ლარიანი მოგებით, მხოლოდ 2010 წელი დაასრულა, დანარჩენი 8 წლის განმავლობაში კი, საერთო ჯამში, 5.4 მილიონი ლარი დაკარგა.
ცნობისთვის: თბილისის მერი „პროგრეს ბანკის“ 100 პროცენტს 5 წელი ფლობდა. სხვა წლებში კი მისი პარტნიორები იყვნენ: რუსულ-ამერიკული წარმოშობის მილიონერი მაიკ ზოი, რომელსაც ავტორბოლა იტაცებს; რუსი ბანკირი ილია გავრილოვი, რომელიც, თავის მხრივ, დიმიტრი მედვედევის პარტნიორი გახლდათ; საქართველოს ყოფილი პრემიერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც კალაძის ბანკის აქციების 21.79 პროცენტი 2012 წლის იანვარში შეიძინა და 2016 წლის ოქტომბრამდე ზემოხსენებულ გავრილოვთან ერთად ფლობდა.
კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს, კერძოდ, 2015-2016 წლებში, „პროგრესბანკის“ საკონტროლო პაკეტი გავრილოვის ხელში იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოსულ გავრილოვს, უფრო სწორად, მის „ფედერალურ სადეპოზიტო ბანკს“ რუსეთში საბანკო საქმიანობის ლიცენზია საეჭვო გადარიცხვებისა და კანონთან შეუსაბამო საკრედიტო პოლიტიკის გამო შეუჩერეს.
2015 წელს პატარა ჩრდილოკავკასიურმა ბანკმა „რაზვიტიემ“ 12 მილიონი აშშ დოლარი „პროგრესბანკში“ დეპოზიტზე განათავსა. 2016 წლის ოქტომბერში ბანკმა ლიცენზია დაკარგა და, როგორც ზემოხსენებულ ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი, ფულის მითვისებასა და განზრახ გაკოტრებაში შესაძლოა, დამნაშავედაც ცნონ.
ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა „პროგრესბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია შეუჩერა.
„კალაძე, ჯერ კიდევ, საფეხბურთო კლუბ „მილანის“ ფეხბურთელი იყო, როდესაც 12-მილიონი ლარი „პროგრესბანკში“ ჩადო და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და იტალიელი ლორენცო ჩიპრიანი აირჩია. ჩიპრიანი კალაძის სახელით საფეხბურთო კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ანუ მისი სპორტული აგენტი იყო.
საერთოდ, ცნობილია, რომ მდიდარი ადამიანებისთვის საბანკო სფერო მიმზიდველია, რადგან მათ, საკუთარი ბანკის გახსნით, ფულის გადარიცხვისას თანხების დაზოგვა შეუძლიათ.
2007 წელი საქართველოში ბიზნესის დასაწყებად არცთუ სახარბიელო დრო იყო. 2008 წლის რუსეთთან ომმა კი ქვეყნის ეკონომიკას მძიმე დარტყმა მიაყენა.
პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც კალაძის მიერ დაფუძნებულ „კალაკაპიტალს“ უნდა განეხორციელებინა, არსენალის მთაზე მინიქალაქის გაშენება გახლდათ. გეგმის მიხედვით, კომპანიას 80 ჰექტარ მიწაზე 10 წლის განმავლობაში საცხოვრებელი და სამთავრობო კომპლექსი, საოფისე და კომერციული ფართები, სათამაშო მოედნები და გასართობი ცენტრები უნდა აეშენებინა. ამ მიზნით კომპანიას 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა მოეზიდა და 25 ათასი ადამიანი დაესაქმებინა, მაგრამ უძრავი ქონების შესახებ დაწყებულმა დავამ, რომელშიც საქართველოს საპატრიარქო მონაწილეობდა, პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა და ამის გამო კალაძემ, მინიმუმ, 19 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა _ მიწაში გადახდილი თანხა.
ნოღაიდელმა „პროგრესბანკი“ 2009 წელს დატოვა, კალაძემ კი _ 2013 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ კალაძემ საკუთარი აქციები გაასხვისა, მისი გარემოცვა კვლავ ბანკის მმართველ გუნდში დარჩა:
კალაძის სპორტული აგენტი, იტალიელი ლორენცო ჩიპრიანი სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო ბანკის არსებობის ბოლო დღემდე; 2014 წლიდან კომერციული დირექტორის თანამდებობა ჯერ კალაძის სიმამრს, ბადრი არეშიძეს ეკავა; შემდეგ იმავე თანამდებობას მერობის კანდიდატის ბიზნესპარტნიორი, ილია კეჭაყმაძე იკავებდა;
აკაკი კორძაძეს, რომელიც დღემდე კალაძის სიმამრის ბიზნესპარტნიორია, 2016 წლის ივნისამდე „პროგრესბანკის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, ივნისიდან კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნა.
2013 წელს, კალაძემ ბანკის აქციები (78.29 პროცენტი) კვიპროსის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანია Webion Investments Limited-ს გადასცა, რომელსაც იმ დროს მაიკ ზოი ფლობდა.
ზოი კალაძის ქართულ ბიზნესში, ჯერ კიდევ, 2007 წელს გამოჩნდა, როცა სს „კალა დეველოპმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ზოი რუსულ-ამერიკული წარმოშობის მილიონერია, რომელსაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ინტერესები აქვს. იგი ფულს ტრადიციულ და ალტერნატიულ ენერგეტიკაში აბანდებს, მაგალითად, გიგანტური ბატარეის შექმნაში, რომლის ენერგია პატარა ქალაქსაც კი ეყოფოდა. მისი კიდევ ერთი კომპანია 3D კომპიუტერულ გრაფიკას აწარმოებდა, მოგვიანებით, ნავთობისა და გაზის მომპოვებელ კომპანიად გადაიქცა და რუსეთში განაგრძო საქმიანობა. ზოი ახლა „ფორმულა 1“-ის მარკეტინგითა და პიარითაა დაინტერესებული.
2011 წლის ბოლოსა და 2012 წლის იანვარში „პროგრესბანკის“ 21.71 პროცენტი ივანიშვილმა შეიძინა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 2015 წელს მაიკ ზოიმ კალაძისგან მიღებული აქციების 78.29% პანამის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ Pintex Group-ს გადასცა. „პროგრესბანკის“ ანგარიშების მიხედვით, Pintex Groupის მფლობელი ილია გავრილოვი იყო.
ილია გავრილოვი თურქმენეთიდან წამოსული ბანკირია. გავრილოვის „ფედერალური ბანკი“ 1994 წლიდან მოსკოვში საქმიანობდა. 2010-ანი წლების ბოლოს „ფედერალური ბანკი“ ესპანეთის საგამოძიებო სამსახურების მიერ იყო ეჭვმიტანილი მაფიის წევრი ორგანიზაციების მიერ ფულის რუსეთიდან გატანაში.
2001 წელს გავრილოვი, დავით იაკობაშვილთან ერთად, იმ კომპანიის შექმნაში მონაწილეობდა, რომელიც დღემდე ორ მაღაროს ფლობს კემეროვოს რეგიონში. იაკობაშვილი კი ივანიშვილის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორია. ივანიშვილმა სწორედ მას გადასცა თავისი რუსული წილების ნაწილი 2012 წელს, როდესაც თავად საქართველოს პრემიერის თანამდებობა ეკავა.
გავრილოვის სახელი რუსულ პრესაში 2017 წლის აპრილში გამოჩნდა. ამჯერად საქმე უძრავი ქონების მიღების სანაცვლოდ დიმიტრი მედვედევის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოქრთამვას ეხებოდა. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გავრილოვის ბიზნესპარტნიორი ამ გარიგების მონაწილე იყო.
„პროგრესბანკის“ კიდევ ერთი პარტნიორი იყო ყარაჩაი-ჩერქეზეთში რეგისტრირებული მცირე ზომის ბანკი „რაზვიტიე“. 2015 წლის განმავლობაში „პროგრესბანკის“ სადეპოზიტო ანგარიშზე „რაზვიტიემ“ 12.1 მილიონი აშშ დოლარი განათავსა.
„რაზვიტიეს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წლის 10 ოქტომბერს ჩამოერთვა, გაკოტრებულად კი თვე-ნახევრის შემდეგ გამოცხადდა. 2017 წლის იანვარში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. ცენტრალურმა ბანკმა მტკიცებულებები იპოვა, რომ „რაზვიტიემ“ ქონების მითვისების მიზნით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ფიქტიური სესხები გასცა, ბანკის მიერ აღებული ვალები არასათანადოდ გადაიხადა, თანხები სავალდებულო სადეპოზიტო სადაზღვევო ფონდიდან მოიპარა, რამაც ბანკი მიზანმიმართულად მიიყვანა გაკოტრებამდე.
„რაზვიტიესგან“ განსხვავებით, 2015 წელი „პროგრესბანკისთვის“ წარმატებული იყო _ გაიხსნა 5 ფილიალი და წლის ბოლოსთვის ბანკს ქვეყნის მასშტაბით 8 ოფისი ჰქონდა.
„პროგრესბანკი“ მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს კლიენტთა ხარჯზე“, _ ამბობდა, თავის დროზე, ბანკის დირექტორი, აკაკი კორძაძე, თუმცა ამ განცხადებიდან 10 თვის შემდეგ, „პროგრესბანკი“ ბაზრიდან ბურუსით მოცულ ვითარებაში გაქრა. მისი პორტფელი (აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილი) და ბანკ „რესპუბლიკის“ საკონტროლო პაკეტი „თიბისიმ“ შეიძინა, თუმცა თავდაპირველად „რესპუბლიკის“ ყიდვა „ჰუალინგ ჯგუფს“ სურდა. დღემდე გაურკვეველი მიზეზების გამო, ეს გარიგება მოლაპარაკების საბოლოო ეტაპზე ჩაიშალა.
ცნობისთვის: „ჰუალინგ ჯგუფი“ ჩინური კონგლომერატი და საქართველოსთვის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორიცაა. კომპანია ქვეყანაში ფლობდა „ბაზისბანკს“ და 2016 წელს ბანკ „რესპუბლიკის“ შესყიდვაც გადაწყვიტა. ამგვარად, „ჰუალინგი“ ქართულ საბანკო სფეროში მესამე მსხვილი მოთამაშე გახდებოდა. მათსა და „რესპუბლიკას“ შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ, „სოსიეტე ჟენერალის“ წევრი ბანკი „თიბისიმ“ იყიდა. ამავე გარიგების ნაწილი გახდა „პროგრესბანკის“ 108-მილიონი ლარის აქტივი და 108 მილიონის ვალდებულებებიც.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „პროგრესბანკის“ ლიკვიდიაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და „პროგრესბანკის“ კლიენტების უდიდესი ნაწილი „თიბისი ბანკის“ კლიენტი გახდა.
„პროგრესბანკის“ პორტფელის გაყიდვიდან 9 დღეში, 2016 წლის 22 სექტემბერს, ახალი კომპანია შპს „პროგრეს კაპიტალი“ დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის საქმიანობა უცხოური ვალუტით ვაჭრობასთან, სესხების მიღებასა და გაცემასთანაა დაკავშირებული. „პროგრეს კაპიტალის“ წილებს აკაკი კორძაძე („პროგრესბანკის“ ყოფილი გენერალური დირექტორი) და კალაძის სიმამრი, ბადრი არეშიძე ფლობენ“, _ ნათქვამია „აიფაქტის“ მიერ 2017 წელს ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში.
კალაძის ბიზნესინტერესები მხოლოდ ქართული საბანკო და ენერგო სექტორებით არ შემოიფარგლება. ცნობილია, რომ თბილისის მერი მილანში მდებარე რესტორან „ჯიანინოს“ ფლობს. ეს რესტორანი, როგორც „ქრონიკა+“-მა გაარკვია, 1899 წელს დაარსდა.
ამას გარდა, კალაძეს ბიზნესები აქვს უკრაინასა და ყაზახეთშიც.
რაც შეეხება კალაძის საერთო ქონებას, 2016 წლის მონაცემებით, Rolls Royce Phantom მსუბუქი ავტომობილის გაყიდვით, კალაძის შემოსავალი 230 000 ევრო იყო. ქალაქ კიევის გოლოსევსკის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ინფორმაციით კი, 2004 წლიდან 2016 წლამდე კალაძის შემოსავალმა 430 000 აშშ დოლარი და 215 000 ევრო შეადგინა.
2016 წლისთვის კახა კალაძე „ბანკი ქართუს“ მიმდინარე ანგარიშზე 1189,95 აშშ დოლარს ფლობდა. „ინტეზა სან პაოლოს“ ანგარიშზე _ 900 000 ევროსა და 3 800 000 აშშ დოლარს, „ბანკ ფინანსურ ინიციატივაში“ _ 20 000 აშშ დოლარს, ჯიულიუს ბაერ-ის ანგარიშზე კი _ 4 000 000 ევროს.
თბილისის მერის უძრავი ქონების ჩამონათვალი კი ასეთია: თბილისსა და კიევში ფლობს ორ-ორ ბინას, დაბა წყნეთში ორ, სამტრედიაში კი ერთ საცხოვრებელ ფართს. კალაძის სახელზე, საქართველოს მასშტაბით, შვიდი, უკრაინაში კი მიწის ერთი ნაკვეთი ირიცხება.
მოძრავი ქონების სახით კახა კალაძის მფლობელობაში ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის სამ-სამი ფერწერული ტილოა. ამასთან, კალაძე „მერსედეს-ბენცის“, ერთი „ფერარისა“ და ერთი „ბენტლის“ მარკის ავტომობილებისა და მოტოსატრანსპორტო საშუალება „ჰარლი დევიდსონის“ მესაკუთრეა.
ის, რომ კალაძე უმდიდრესი ადამიანია, ზოგისთვის გასაკვირი სულაც არ არის და ამას იმით ამართლებს, რომ მან ქონება საკუთარი შრომით იშოვა, თუმცა აქ საინტერესო ის არის, რომ კალაძის პარტნიორებად საეჭვო რეპუტაციის ადამიანები გვევლინებიან. ამასთან, ისიც თვალში მოსახვედრია, რომ კალაძის ფინანსური იმპერიის საყრდენი, უმეტესად, რუსული „ბოძებია“. მეტიც, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთიდან გამოძევებულმა ჟურნალისტმა გიგა ლიპარტელიანმა ქართველ ჟურნალისტებს სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა და კალაძესთან მიმართებით იტალიელი ნარკოდილერი საფეტ ალტიკი ახსენა. ამ დროისთვის უკვე გამოქვეყნებული იყო ალტიკის სატელეფონო საუბრები, მათ შორის, კალაძესთანაც.
„ყველაფერს აკონტროლებს შუა აზიური კლანის წევრი, „კანონიერი ქურდი“, დაჯგუფება „სოლნცევოს“ ხელმძღვანელი, ჯემალ ხაჩიძე, რომელიც „როსიისკი კრედიტში“ ივანიშვილს „კრიშავდა“. ის არის ალტიკის „კრიშაც“. ხაჩიძე ანისიმოვისა და უსმანოვის ახლობელია… ალტიკი-კალაძის დიალოგებს წლების განმავლობაში იწერდნენ, მაგრამ კალაძე ძალიან უყვარდა ბერლუსკონის, მაფიის ნათლიმამას. კალაძე დღეს ივანიშვილთანაა…
„კალაძე და ივანიშვილ არის მეგობრების _ პუტინისა და ბერლუსკონის, ორი ყველაფერზე წამსვლელი კაცის _ გამოჩეკილი ფეხბურთელი და ბიზნესმენი“, _ ამბობდა 2012 წელს, ქართული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში ლიპარტელიანი.
კალაძის ბიზნესიმპერიაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ამჯერად წერტილს აქ დავსვამთ და აღარაფერს ვამბობთ „ყაზტრანსგაზში“ თბილისის მერის ინტერსებზე, რადგან ამ თემაზე ვრცელი მასალა „ქრონიკა+“-ის წინა ნომერში გამოქვეყნდა. დღევანდელი დოსიე კი უფრო ცხადს ხდის, თუ რა ამოძრავებდა კალაძეს მაშინ, როცა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო _ პოლიტიკოსის სტატუსი მისთვის, როგორც უმდიდრესი ადამიანისთვის, შესაძლოა, ჯავშანი გამხდარიყო და ამ დრომდე ასეა, თუმცა რა იქნება მომავალში, არავინ იცის!

გიორგი აბაშიძე